ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ისტორიის ბორბლების რიტმი მიგვაქანებს რიონჰესისკენ! 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მატარებელი მიგვაქროლებს
(ვილაპარაკოთ უბრალოდ).
მისი ბორბლები გრიალებენ
ტიტანიურ ჰიმნს -
მისი ბორბლების რიტმი არის
ერთი სიტყვა: წინ!!
რიონჰესისკენ!
აქ რკინისგზა და რიონჰესი
ხვდება ერთმანეთს
ამხანაგური, დანდობილი,
გულწრფელი გრძნობით.
ეუბნება რკინისგზა რიონჰესს...
არასდროს მე შენ არ გნატრობდი
ისე, როგორც დღეს.
გარშემო მინდვრებია
და ლურჯი ყანები.
„დღეს ჩვენი დღეა“ -
ამბობენ რიონჰესზე
გადაფრენილი
ჰაეროპლანები.
თქვენ მშვენიერი
ხართო პროზა, ამხანაგებო.
ჩვენ ლაჟვარდებში
ასროლილი ვართ სანაქებოდ.
უფრო პროზაში,
უფრო ნათელ
სინამდვილეში -
ამბობს რიონჰესი:
კეთილშობილურად,
ჩვენთა თანაბართა
ვნახე სიმხურვალე.
ეხლა ვამაყობ
სრულის შეგნებით,
დღევანდელი დღის
დიდ გამარჯვებით.
მთაზე მდგარი
ძველი კოშკი ჩაფიქრებულა;
იგი ფიქრობს, თუ
ვით შეიტანს მემატიანე
თანამედროვე ამ ამბებს
ფოლიანტებში:
ახსენებს თუ არ მისი გულის
აბობოქრებას.
მილიონწლოვან ადგილიდან
მოწყვეტილი
უზარმაზარი კლდე
გრიალებს, რომ
საქართველოზე
სამუმი გადაიარს.

1930

??????