პა-დე-კალე
პა-დე-კალე, სადაც ერთხელ
თვითმფრინავით მდევთა-მდევი,
გადმოვარდა და განერთხო
მილიონებს ხელის მრევი -
ჯერ არ იცნობს ულევ ტორცებს,
ჩვენში რომ ჰკვეთს მარჯვე მაჯა.
ორასსამოცდა რვა პროცენტს
მიუდგა და გაიმარჯვა.
მაღაროდან ამონატანს
შავქვისას სდგამს მთელ გორაკებს.
ეს მშრომელი უყვარს მადანს
და ამ მშრომელს საქმე აქებს.
პა-დე-კალე, სად დაეცა
მილიონებს ხელის მრევი,
სულ სხვაგვარი ხურავს ზეცა,
სულ სხვაგვარი აქვს მორევი.
პა-დე-კალე მშვენიერი!
არვინ იცის, თუ რას ჰგონებს.
სულ სხვადასხვა აქვთ იერი
ჩვენსა და მის მილიონებს.
1930