ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * აი, გეგმაც... 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

აი, გეგმაც: აბა, მიდი,
სუფთა ხელთათმანით!
წყნარზე წყნარი, მშვიდზე მშვიდი
თეთრი პირის კანით.
ციფრი - სვეტი, ციფრი - ფერი,
ციფრი, ციფრი ქარის,
ამ ციფრებში ყველაფერი
თავის რიგზე არის.
მოდიოდა სუფთა, თეთრი
და უეცრად, შემდეგ
გზაზე შეხვდა მას შემხვედრი
მქუხარე ხმით: შესდეგ!
აბა დადექ და მიჩვენე
ეგ შენა და ეგ მე.
შევადაროთ ეხლა ჩვენი
საწარმოო გეგმა.
შეადარეს, შეასწორეს
იქვე სიახლოვეს
პირველსა და შემდეგს შორის
განსხვავება ჰპოვეს.
არ ვარგაო, ამბობს მხვედრი,
ეს სიგრძე და განი,
არ მომწონსო ასე თეთრი
შენი ხელთათმანი.
მეტი თუჯი, მეტი სისქე,
არის უმჯობესი.
საწარმოო თათბირისკენ,
აბა ვნახოთ გეზი.
და შემხვედრმა შეცვლილ ნირით
შესძრა გეგმა - რიგი.
შემოიბა და ბუქსირით
წაიყვანა იგი.

1930

??????