ძველი და ახალი ხიდი
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მცხეთის ახლო, სადაც მტკვარის
მორევია დიდი,
ძველისძველი დაჰყურებს წყალს
ხავსიანი ხიდი,
ხიდი დაბერებულია,
აღარ უჭრის თვალი.
ნატახტარზე აწ აიღეს
სხვა გეზი და კვალი.
გააუქმეს ძველი ხიდი,
ღიმი არ სდევს ბაგეს.
ახალ ხიდის ძლიერება
უერთდება ზაგესს.
თუმც ბებერ ხიდს ძველებურად
სახე უჩანს მშვიდი,
ხედავს, მაგრამ ვერა ხედავს:
დგას ახალი ხიდი.
ხედავს, მაგრამ არ სჯერა, რომ
გაჰყავთ ახლად შროშა
და ფრიალებს თავისუფლად
შრომის მტკიცე დროშა.
ხედავს, ხედავს ეს მოხუცი,
არ სჯერა კი, რომა
კიდევ მრავალ გზასა და ხიდს
შექმნის მძაფრი შრომა.
მაგრამ როცა ზაჰესს ანთებს
ელვარება დიდი,
ცისარტყელად იყურება
ახალ ხანის ხიდი.
ჩემს პატარა ბიჭობაში
მივლია ამ ხიდით.
ამხანაგო! ჩვენ ყველანი
წიგნებით აქ ვვლიდით,
ჩვენ ყველანი ალებს ვკვესდით,
ვკვესდით, როცა ბნელა...
„კომუნისტურ მანიფესტით“
ვიზრდებოდით ყველა.
მოვიტანეთ ასე მრთელი
მოგონება კარგზე -
ყრმობის დღეთა დროინდელი
ენგელსი და მარქსი.
თან გამოგვყვა სიხალისე,
გამჭრიახი თვალი,
ჩვენთვის წიგნად ისევ ისე
დარჩა „კაპიტალი“.
ვისაც უნდა, ისე ხარჯოს,
გაჰყვეს თავის ტყეებს,
მაგრამ იმ დროს გაუმარჯოს,
იმ გაფრენილ დღეებს!..
მე არ ვიცი, როგორ შეზრდის
დღე სხვა დღეებს რიგით -
„კომუნისტურ მანიფესტის“
მღელვარების იქით.
ეს სხვა იყო, ეს ალური
იყო ანათემა,
ჩვენი არალეგალური
ყოფნის განათება.
ამ წიგნიდან კლასის სრული
ხმა გვიძღოდა ბასრი.
წრფელი იყო ჩვენი გული
და ნათელი - აზრი,
აქ არ იყო შეცოდება
მოკამათე ტოლის,
იყო მხოლოდ მოწოდება
დაუნდობელ ბრძოლის.
და ამ მტკიცე ბრძოლის ხმამდე
ასე მძაფრად, კმარა,
კლასი კლასის წინააღმდეგ
არასდროს არ მდგარა.
ვინ არის, რომ გზას არ შესცდეს,
როს წვიმაა, ქარი, -
„კომუნისტურ მანიფესტის“
იხსნის თითო პწკარი.
სხვა რომელი, საბჭოს გარდა,
როცა ცეცხლი ღვივის,
ყველა ქვეყნის პროლეტართა
შეერთებას ჰყივის?
იქ სხვა სტაცებს მუშას სარჩოს,
თუმც გრძნობს შიშს და ძრწოლას.
მედგარ ბრძოლას გაუმარჯოს,
კომუნისტურ ბრძოლას!
1930