ნავთიანი ადგილის ბურღვა
მიწას რომ ბურღვენ მეტრით სამასით
და ბურღილიდან ამოხეთქს ნავთი,
ინდუსრტიალურ იმ სილამაზით
ლექსით მოვიდა სხვა არგონავთი.
სიტყვის ფენასაც სჭირდება ბურღვა,
დიდი ტეხნიკა, ტემპები, დაზგა,
თავდადებული შრომის მოთმენა,
დღითა და ღამით, დღითა და ღამით.
თავი და თავი არის ხარისხი,
როგორც პოეტის, ისე მასალის,
სიყალბისადმი ერთია ზიზღი
მზის, პოეზიის, მარქსის, ლასალის.
რას შევაჩვიე მე ჩემი სიყრმე?
იმასვე, რასაც მბურღავთა დასი!
სამი ათასი იქ მეტრი სიღრმე,
აქ ჩემი ლექსი სამი ათასი.
არც სილაჟვარდე მოსჩანდა ზეცის,
არც დედამიწად ქარის მოდება
და რეაქციის აშკარა მხეცი,
რომელიც თან გძულს, თან გეცოდება.
მასზე ცრემლებით გული ვერ დალბეს,
გზად ვერ გაშუქდეს ნათელი სვეტი,
ვერ გადალეკდა დროის სიყალბეს,
ვერარა ძალა სიკვდილის მეტი!
დაეშვი ფარდავ - ვფიქრობდი მსვლელი -
თუ არ დაინდობს არვინ არავის,
ბარემღა აქტი უკანასკნელი
დასრულდეს დრამის გულშემზარავის!
1930