ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ძმურად შევკავშირდეთ 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

რაც გაკეთდა და კეთდება,
უფრო ენამჭევრია,
მაგრამ საქმის კეთებასთან
ხელის შეშლაც ბევრია.
საგმობია შოვინისტი,
ის მწამლავი შხამია,
იგი ყველგან
ცნობილია,
როგორც კაციჭამია.
მისი ბრძოლის
მეთოდები -
პროგრესი, წინმსვლელობა.
ძველისძველი,
რუტინული
მისი მსოფლმხედველობა,
ეროვნული
საკითხები
დღიდან-დასაბამიდან
დუღს და
გადმომდინარეობს
მხოლოდ კაცის ჭამიდან.
მაგრამ კერძი
ამ თამადას
თვით გაუხდეს შხამადა,
კაცის ჭამამ
ვერ ივარგოს,
ვერ გამოდგეს ჭამადა!
უთხრეს: ამას
ნუ მივიღებთ
წესადა და ადათად:
მეზობელი
მეზობლად ვცნოთ -
არა სუკის მწვადადა.
თუ ყვითელი
ქადაგება
მარტოოდენ შუღლია,
მასთან შებმა
უნდობარი
ბრძოლის ერთი მუხლია.
ასე ამბობს:
სულ ერთია
ჩვენი მთა და სერები,
ერთად,
ძმურად შევკავშირდეთ
კავკასიის ერები.
არ ვართ ბრმები,
მოქალაქე,
შენში ნუთუ ეჭვია,
რომ კულტურა
კაცის ჭამას
უკვე გადაეჩვია.
დამშეულხარ,
ასეთ მშიერს
ველურიც რომ აჰყვება,
ორივემ თუ
გაიცინა,
ავ თვალს არ ენახვება.
თუ ასეთი
ბრიყვი კაცი
უშვი თავი ნებაზე,
თვით სატანა
ახარხარდეს
ასეთ გაცინებაზე.
ნუ უყურებ,
მოქალაქე,
სხვების ცას მოკამარეს -
შოვინისტი
თავის კბილით
ითხრის თავის სამარეს!

1930

??????