ქარი
თავგანწირული
მოჰქროდა ქარი
სისინით, შხამით.
კოკისპირული
წვიმა და ღვარი
მოვარდა ღამით.
მივდივარ. მკრთალი
სანთელი გაჰქრა
ჯერ ისევ გზაში;
ელვამ კლდეებზე
სინათლე გაჰკრა
და ჩაჰქრა მთაში.
იქ საარაკო
ქოხის საბური
ხომ არა სჩანდა?
არა! გორაკი
რამ უდაბური,
ელვამ გალანდა.
შორეულ სახელს
მე ვიჭერ სმენით,
ხმამ მიმიტაცა.
ვიღაც მეძახის
მშობლიურ ენით,
მეძებს ვიღაცა.
მაგრამ, ო, არა,
ეს მგლოვიარე
ქარი ცახცახებს.
მედგრად იარე,
აქ შენ არავინ
არ დაგიძახებს.
კოკისპირული
წვიმა და ღვარი
გადივლის ღამით.
თავგანწირული
ჩადგება ქარი,
ჰგრძნობდე სიამით!
1935