ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სადღაც კი... 

სადღაც კი ჰყვავის ბროწეული,
ნუში და ვაშლი,
და პოეზიის არ იქნება
გადავიწყება.
თუ მომეძალა მწუხარება -
გიოტეს გავშლი,
იქ მშვენიერი ერთი ლექსი
ასე იწყება:
"შენ იცი მხარე, სად იზრდება
დაფნა და ტვია,
ღრმაა და სუფთა ლაჟვარდები
ცათა კამარის,
სადაც ლიმონსა და ფორთოხალს
ოქრო ატყვია,
ხშირ სიმწვანის ქვეშ მხურვალება
უცხო რამ არის.
„იცი, ეს მხარე? ო, ძვირფასო,
იქ, იქ, ნეტავი,
გადაგვაფრინა, შევაფაროთ
მე და შენ თავი.
იცი მწვერვალი, სად ბილიკით
ცხენი ეშვება
და სალ კლდეების ბურუსებში
დაეხეტება,
სად მთათა მოდგმა დასადგურდა,
გარდაქეშანი.
სად წყალვარდნილის და ზვავის ხმა
ხევებს ედება?
იცი შენ ის გზა? იქ ჩვენი გზაც
ჭაობთა ზემო
გაკვალულია. იქ წავიდეთ,
მფლობელო ჩემო.
შენ იცი სახლი მარმარილოს
სვეტებით თლილით.
ბრწყინავს დარბაზი და გუმბათი
მაღალ სხივითა.
გჭვრეტენ ქანდაკნი მწუხარებით
სავსე დუმილით,
საბრალო ბავშვო, რა გაწუხებს,
რა მოგივიდა?
იცი ის სახლი? რა ტკბილია
ის სამფლობელო...
იქითკენ, ჩქარა, იქ წავიდეთ,
ჩემო მშობელო!“

1935

??????