მოგონება მშობლიური მხარის
მისცემია ძილს ბრეტანი,
ალივლივებს ზვირთებს მთვარე...
ნამეტანი, ნამეტანი
შორი გზები მოვიარე.
მისცემია ძილს ბრეტანი...
მე კი მახსოვს მსხმოიარე
ჩვენი მთა და მოედანი,
მშობლიური არემარე.
იქ ჭაობი იყო. გაჰქრა
უამური, სიმწრის ჯაფა,
შფოთიანი ძველი გაყრა,
უმკაცრესი პაპისპაპა...
ოციათას ჰექტარ მინდორს -
ციტრუსების გვინდა ვარდი,
მილიონი კი არ გვინდა,
მილიარდი, მილიარდი!
ასეთ მიღწევაზე ჰქუხდა
ხანისწყალი და რიონი,
და ძვირფასად აზურმუხტდა
ხე მრავალი მილიონი...
გრეიპფრუტი, მსგავსი მთვარის,
მისი ფერი და ამინდი,
გრეიპფრუტი კი არ არის -
ყუმბარაა, დინამიტი!
1935