ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ულევი, უანგარიშო 

ულევი, უანგარიშო,
შიშისგან ჟრჟოლით ამტანი,
შენს არემარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფეშანტანი!

ღამე თრთის, ვით კორმორანი,
ნისლის იშლება ჯეჯილი.
სფინქსებთან ჩხავის ყორანი
ბრმა, კოჭლი, ხმაჩახლეჩილი.

პოეტი ზოგი შხამიანს
ხმას - აღმოჩენას ადარებს,
მაგრამ, თქვი, ბრმა ადამიანს
ამნაირს რა შეგვაყვარებს?!

ულევი, უანგარიშო,
შიშით  და ჟრჟოლით ამტანი,
შენს არემარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფეშანტანი!

1935

??????