ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

თვალწინ ზღვა აღიმართა 

წინ, თავის ლურჯ ბურუსში
თვალწინ ზღვა აღიმართა,
წამოვიდა ნისლიდან
და ნაპირებს მიმართა.
აგე, ზღვის ნაპირიდან
მოსჩანს მწვანე კალთები,
ზედ ჰკიდიათ სახლები,
ვით თეთრი ხომალდები.
აგე, მთები სამხრეთის,
ვრცელი იალაღები,
მთის მხურვალე ველები,
დაბურული ბაღები.
ცისაკენ აისრულნი,
სივრცის არ-დამრიდები,
მაღალ ალვის ხეების,
დგანან პირამიდები.
დადგა ყოველივე ეს,
და ხვალეს მიუტია
უდიდეს სიმფონიის
მხოლოდ პრელიუდია.

1940

??????