ქარის პირდაპირ
ის, რაიც წელთა სვლაში ჩაერთო,
ის, რამაც ჩაჰკლა ყრმობის არია,
ის მოღრუბლული სემინარია,
ის დღე, უშუქო და უხავერდო,
ის სევდიანი რხევა ჰაერთა,
ის, რაც დაგვმართა საერთო ჩაგვრამ -
შენაც გეხება თანაბრად. მაგრამ
სთქვი: აწ მე და შენ რა გვაქვს საერთო?
კვლავ ჩემთვის - ზევით - უგულო ცაა,
და წინ, არარა ნუგეშის მცემი...
გემიც დაიძვრის, აჰა, საცაა,
აჰა, საცაა დაიძვრის გემი!
დაიმსხვრა გემთა სხვათ წინაერდო.
გვირგვინი ზეცის არ გაბარია:
მეფე მეფეთა - ეს ზღაპარია,
ოცნებათ სხვათა და სხვანაირთა.
შენ უდაბნოებს აჩენდი, ღმერთო...
გათავდა! აწი ვერავის დაჰკრავ,
ჯვარზე იმგვარად ვეღარ გააკრავ...
ბედო, მე და შენ რა გვაქვს საერთო?
არა სასტიკი და გულდამწყვეტი
არის შეხვედრა შენი და ჩემი.
გათავდა! დადგა დრო გადამწყვეტი:
აჰა, საცაა დაიძვრის გემი.
მაშინ ჯამბაზთა, მაშინ გაერთა
ყალბი შუშები სჩანდა მინანქრად.
რისთვის გაშალე საომარ აფრად
უნელებელი რბევა შაირთა?
ჩაშლილი ხიდი რამ შეაერთა?
წინაშე ყველა კაცთა და ერთა
მოგხვდა? იგრძენი? ხომ მოგხვდა მაგრად?
ეხლა მე და შენ რა გვაქვს საერთო?
ეხლა რას მისდევ გემს ნაპირ-ნაპირ,
სად ლურჯი კლდეა და მწვანე თხემი?
ქარის პირდაპირ, ქარის პირდაპირ,
ქარის პირდაპირ სწევს ჩემი გემი!
1940