კოღო - ანოფელესი
ერთხელ ლელიან-ჭაობიან
მწვანე ღელეზე
მძლე ერისთავად იჯდა კოღო-
ანოფელესი.
მისით უმწეო, უილაჯო
და დამსხვრეული,
უდროოდ მიწას ბარდებოდა
კაცი სნეული.
ციებ-ცხელებით კანკალებდა
ყოველი ნივთი -
ეხლა შეხედეთ: ჰყვავის დაფნა
და ევკალიპტი.
სურნელოვანი ნიავი აქ
მიაგავს მაისს,
ლიმონს, ფორთოხალს აგროვებენ
და ჰკრეფენ ჩაის.
ქვეყანა გახდა მუდმივი მზე
და გაზაფხული,
დაბა-სოფელი ყვავილებში
არის ჩაფლული.
მწვანე ბუჩქებით ოქროსფერი
მოღვივის ალი:
ისევ იგივე ლიმონები,
და ფორთოხალი,
მტრედისფერ ცისქვეშ ველს მოერტყა,
ვით ალყა ფრთხილი,
თუთუნი, ტუნგო, გერანები
და ზეთისხილი.
დიდმა კავშირმა შრომისა და
მეცნიერების
აღმოაჩინა წყაროები
ბედნიერების.
აქ, ბნელი ღამით, ასწლოვანი
სად სდგას მუხები,
გლეჯდა თავის მსხვერპლს ტურა-მგელი
ხელშეუხები.
გამოჩნდნენ კაცნი, გზით გააპეს
უღრმესი თაღი,
აფეთქებული გადმოინგრა
მთების წიაღი.
და გადმოდინდა საგანძური
უცხო მანამდის -
გადმოსკდა მძიმე შადრევნები
ძვირფასი ნავთის,
რომ დაიღვაროს ქვეყანაზე
ცეცხლად და ნათლად,
მძლავრ ენერგიით მოტორებში
სცემდეს პირნათლად,
სოფლად, ქალაქად უბრწყინვალეს
მიეცეს თოვა,
აამოძრაოს დიზელების,
გემების გროვა,
მისცეს სისწრაფე, აზრის მსგავსად,
ლაჟვარდში მბრწყინავს,
ოცნების მსგავსი სიმსუბუქე
მისცეს თვითმფრინავს.
მძლავრი ტექნიკა წინწევაა
ჩვენი მარადი,
ჩვენი თავდაცვა, ჩვენი ფარი
და მუზარადი -
იქ, სად ლელიან-ჭაობიან
მწვანე ღელეზე
მძლე ერისთავად იჯდა კოღო-
ანოფელესი.
1941