ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

თავდადებულთა მილიონები 

სამშობლოსათვის თავდადების დრონი მეფობენ.
იგი გვეძახის - ბევრის მოწმე, ბევრის მგონები.
მოახლოებულ გამარჯვების დიდებას გრძნობენ
ადამიანთა პატიოსანთ მილიონები.

კავკასიონი, ლაჟვარდების მაღალ ცარცივით -
მზეზე ელვარებს და ოცნებობს თავის არწივით -
რგოლებს რომ ხაზავს და ტრიალებს ამაყად, ფართოდ,
ის მეომრის ფიქრს მოუწოდებს ცად სანავარდოდ.

აიწევს მაღლა, უფრო მაღლა, აჰა, ეშვება,
კვლავ მილივლივებს, მაგრამ ღრუბლებს არ მოეშვება,
დარწმუნებული სილაღეში, სიძლიერეში,
სწორია მისი ფრთის სიმშვიდე თუ იერიში.

ქვევით ქვემეხთა გრიგალია, დაცხრნენ სიონი -
ქვეყნებს უსივრცოს გადასცქერის კავკასიონი.
ძალით, სიცოცხლით, გატაცებით, მკლავით, გონებით
ადამიანთა მღელვარებენ მილიონები.

ელვარებს ქურა, აქ მზადდება ისრები სხივის -
აჩქარებული მონათება ალისფრად ღვივის.
შეიმოსება, აზღვავდება რკინის კონებით
ადამიანთა თავდადებულთ მილიონები.

მტერს სურს ტევტონურ ციხე-კოშკში დამარხოს ჩვენი
თავისუფლება, ფიქრთ საგანი, ნათეს-ნაშენი,
სურს, რომ ჩააქროს სიმართლის და სინათლის ალი,
ფერფლად აქციოს ჩვენი აწმყო და მომავალი.

აღსდგნენ მომხდურის წინააღმდეგ არა მონები -
სამშობლოსათვის თავდადებულთ მილიონები:
გლეხი ნამგალით მკლავზე იწვენს თავთავს მონაქუჩს,
გამძაფრებული სცემს მშრომელი უმძიმეს ჩაქუჩს,

რომ მეომართა გამოსჭედოს ხმალთა წკრიალი -
„მუსრი მტარვალებს!“ და ტანკების მიდის გრიალი.
გმირებს ვერ ითვლის ჩვენი მხარე, ურიცხვს და ულევს,
ისინი ჰქმნიან, რომ არ ჰქმნილა იმ სასწაულებს -

გზებს რომ ჰკაფავენ ნარ-ეკლიანს, ახშობენ ოდეს
უნდობელ მტერთა ძალადობას და სიბოროტეს.
გმირი სიცოცხლეს თვისას სწირავს სამშობლოს მზიანს,
ვაშა გამბედავს, ვაშა სულით მძლავრ ადამიანს!

გზა ისტორიის გულზე იწერს გმირთა სიმარჯვეს -
ვაშა და ვაშა! ხალხის გულში მათ გაიმარჯვეს!
ქებათა ქება მათი ქვეყნად ჰქუხს, არ დაცხრება,
მათგან რისხვაებრ თავს დაატყდეს მტერს დამარცხება.

1941

??????