ტყვარჩელი
როგორც მფლობელი
ფასუდებ ტახტის,
ამაყად ჩადის
ქვათა მნგრეველი
იქ, სადაც დუმილს
წარბშეკრულ შახტის
სძრავს სიმღერის ხმა
დაუძლეველი.
აქ მიწის გულის
ქანაობს ღელვა,
მადიდებელი
გულთა კავშირის,
იმ უშავესთა
ფენათა ყელვა -
ბრწყინავდა ელვა
იმ ქვანახშირის.
გზა აცხოველებს
ჟამთა სიახლეს,
როგორც სარკეში
სხივების მტვრევა,
მაღაროების
იდუმალ გრიალს
სდევს ქვანახშირის
მონგრევა, ნგრევა.
შენ გაოცდები,
რომ ამოდენა
განძის მიწაში
ხმა ცასაც ესმის,
რომ ქვანახშირის
ზეამოტანა,
ამოტანაა
დღის უახლესის.
და იტვირთება
რკინიგზა ქვითა,
ლიანდაგები
იცვლება კვანძით,
ასეთნაირი
ქვებით დატვირთვა,
დატვირთვა არის
ძვირფასი განძით.
სანგრევი მნგრეველს
რომ აგრე ელის,
ელექტრომავლით
მიწის ქვეშ, ჩქარა,
გასაბრწყინვებლად
ახალ ტყვარჩელის
მოდის ქვეზანი
და აკარმარა!
1941