მისი ბრწყინვალება სანთებელა
პრინცი ქორწინდებოდა და ირგვლივ ერთი ჟრიამული იდგა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა სადედოფლო, რომელსაც მთელი წელი ელოდებოდა ნეფე. იგი იყო ქალიშვილი რუსეთის მეფისა და ფინეთიდან მოემგზავრებოდა ირმებშებმული ჩრდილოური ეტლით. ვეება, ოქროთი დაფერილი გედის მსგავსი იყო ეს ეტლი, ხოლო შიგნით იწვა მეფის ქალი. მას წვივებამდე დაგრძელებული სიასამურის მანტია ემოსა და ვერცხლისფერი ბერეტი უმშვენებდა პატარა თავს. სახე ისეთი მკრთალი ჰქონდა, ვით თავისი თოვლის სასახლე. ყველა განცვიფრებული იყო მისი ასეთი უჩვეულო ფერგამკრთალობით. როცა იგი ქუჩაში მოდიოდა, „თეთრი ვარდია მართლაც!“ — იძახდა ხალხი და აივნებზე გადმომდგარნი ყვავილებს ესროდნენ მომავალს.
პრინცი სასახლის ალაყაფიდანვე მიეგება საცოლეს. მას ოცნებისდარი ლურჯი თვალები ჰქონდა და ოქროსფერი თმები. მეფის ასული რომ დაინახა, მის წინაშე მუხლებზე დაეშვა და აკოცა ხელზე.
— მშვენიერი ხართ სურათში, — დაიჩურჩულა მან, — მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო მშვენიერი ყოფილხართ. — და ამ სიტყვებზე პატარა მეფის ასულს ლოყები შეუფაკლდა.
— თეთრი ვარდის მსგავი იყო პრინცესა, — გადაულაპარაკა ერთმა ახალგაზრდა მსახურმა მეორეს, — და ახლა წითელი ვარდი შეიქნა.
მეფის დარბაზი აღაფრთოვანა ამ ნათქვამმა. მთელი სამი დღის განმავლობაში დიდი და პატარა იძახდა: თეთრი ვარდი, წითელი ვარდი, თეთრი ვარდი, წითელი ვარდი. მსახურს ჯამაგირი გაუორკეცდა ხელმწიფის განკარგულებით. თუმცა ეს მაინცდამაინც დიდ ჯილდოდ ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან მსახურს საერთოდ არ გააჩნდა ჯამაგირი. მიუხედავად ამისა, ყველას აზრით მას დიდი ყურადღება ხვდა წილად და ამაზე შემდგომ სახელმწიფო გაზეთიც წერდა საგანგებოდ.
ჯვრისწერა სამიოდე დღის შემდეგ მოხდა. მართლაცდა მომხიბვლელ სანახაობას წარმოადგენდა იგი. პრინცს ხელკავი გამოედო პრინცესასათვის და ასე მიჰყავდა მოფარდაგულის ქვეშ, ხოლო ფარდაგები ერთიანად უწითლესი ატლასისაგან იყო ნაქსოვი და მოციმციმე მარგალიტებით მშვენი. ამის მერე სასახლეში ოთხსაათიანი მეფური პურობა გადაიხადეს. სუფრის თავში პრინცი და პრინცესა დაესვათ, რომელნიც ბროლის მჭვირვალე ჭიქებით სვამდნენ. ამ ჭიქებიდან სასმელს მხოლოდ უანგარო შეყვარებულები თუ დალევდნენ, ვინაიდან მაცდურის თითის მიკარებაზე ისინი იცრიცებოდნენ, იბურებოდნენ.
— მათი სიყვარული ცხადია, — წარმოთქვა ახალგაზრდა მსახურმა, — იგი ისეთივე წმინდაა, ვით თავად ის ბროლი! — და, მეფის ბრძანებით, მას ისევ გაუზარდეს ხელფასი.
— რაოდენი დაფასებაა! — იძახდნენ სხვა მსახურები.
დიდ პურობას მეჯლისი უნდა მოჰყოლოდა, სადაც ვალსს შეასრულებდნენ ახალშეუღლებულნი, ხოლო მეფე თავის მხრივ ყველას ქნარზე დაკვრას შეჰპირდა. მართალია, მისი დაკვრა მეტისმეტად მდარე იყო, მაგრამ ვინ შეჰკადრებდა მას, მეფეს, რაიმეს თქმას. მიუხედავად იმისა, რომ ორად-ორი მელოდია თუ იცოდა, და იმასაც ერთმანეთში ურევდა ხოლმე, არავის ამისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, ყველა ყვიროდა: „რა წარმტაცი რამაა, რა წარმტაციო“.
ნაშუაღამევს იწყებოდა ბოლო წარმოდგენა — ბრწყინვალე ფოიერვერკი. პრინცესას არასოდეს ეხილა, რა იყო იგი და სასახლის ყველა პიროტექნიკოსს ერთად მოუყარეს თავი ხელმწიფის ბრძანებით.
— რა არის ფოიერვერკი? — ჰკითხა პრინცესამ პრინცს ერთ დილით, როცა ისინი სასახლის პარმაღზე მიმოდიოდნენ.
— ეს დაახლოებით იგივეა, რაც პოლარული ციალი, — მიუგო მეფემ, დაჩვეული რომ იყო ყველას მაგივრად თვითონ ეპასუხა, — თუმც ბევრად უკეთესია. ჩემი ფიქრით იგი ვარსკვლავთა ბრწყინვალებასაც სჯობია, იმიტომ, რომ ვიცი ყოველთვის, რომელი სანთებელა როდის განათდება და ჩაქრება. ეს საოცრებაა, ისევე, როგორც ჩემი ქნარზე დაკვრა, ამიტომ დღეს აუცილებლად უნდა დატკბეთ მისი ყურებით. უზმარმაზარი სტენდი დადგეს სასახლის ბაღში და მისი აღჭურვილობა შესაბამისად გააწყვეს და გამართეს პიროტექნიკოსებმა.
სხვადასხვა სანთებელებმა მაშინვე მუსაიფი გააბეს ერთმანეთში.
— სამყარო მართლაცდა მშვენიერი რამ არის, — წამოიძახა პაწია ტკაცუნამ, — ეს ქარვისფერი ღიღილოები ნახეთ ერთი. თვით ნამდვილი სანთებელებიც კი ვერ შეედრებიან სილამაზეში. როგორ მიხარია, რომ მეღირსა ქვეყნის შემოვლა. გამოცდილება ამდიდრებს გონებას და აძევებს ბრმა წარმოდგენებს.
— მეფის ბაღი მთელი ქვეყანა როდია, გულუბრყვილო ტკაცუნავ, — უთხრა რომიდან ჩამოტანილმა გრძელმა სანთებელამ. — მასზე ვრცელია ეს სამყარო და მის მთლიანად შემოვლას მთელი სამი დღე მოუნდები.
— იქნებ მთელ სამყაროს ის ადგილი ნიშნავდეს შენთვის, რომელიც გიყვარს, — წარმოთქვა ფიქრიანმა ალის რგოლმა, სიყრმეში რომ ნაძვის ყუთში ბინადრობდა და უიმედოდ იყო მასზე გამიჯნურებული. — ტრფობა აღარაა ახლა მოდაში, მგოსნებმა მოკლეს ის თავიანთი უსულგულო ლაყაფით. აღარავინ დარჩა, რომ სიყვარულის სწამდეს და ეს ბუნებრივიცაა. ნამდვილი შეყვარებული უხმოდ უნდა იტანჯებოდეს, ვით მე ერთ დროს, თუმცა ახლა სულ ერთია. რომანტიკა მოკვდა.
— ჩმახავ, — მიუგო რომის სანთებელამ, — რომანტიკა არასოდეს კვდება. სიყვარული უკვდავია, ვითარცა მთოვარე და მასავით მარადიული. მაგალითისთვის, რა ძლიერ უყვართ ერთურთი პრინცსა და პრინცესას. მათი ტრფობის ყოველი წვრილმანი მუყაოს ხვეულმა მასრამ მიამბო დღეს, ალიონზე. იგი ჩემს ყუთში მოხვდა სულ შემთხვევით და ქორწილის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით უწყოდა. ალის რგოლი მაინც ჯიუტად აქნევდა თავს.
— რომანტიკა მოკვდა, მოკვდა, — ბუტბუტებდა ის. ალის რგოლი იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა სიმართლედ მიიღებს ნათქვამს, თუ მას მრავალჯერ გაიმეორებ. მოულოდნელად ახლოს ვიღაცამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩახლეჩილი ხმით ჩაახველა. ირგვლივ მოატარა ყველამ თვალი. ეს იყო მაღალი, მედიდურად მხედი სანთებელა, ბოლოდ გრძელი ჩხირი რომ ჰქონდა. ის ყოველთვის ახველებდა ხოლმე, როცა რაიმეს თქმას დააპირებდა, — მისკენ საყოველთაო ყურადღების მიქცევის მიზნით.
— ა-ჰა, ა-ჰა, — ხელახლა ჩაახველა მან და ყველა დამუნჯდა, მხოლოდ ალის რგოლს ჩაეკიდა საცოდავად თავი და კვლავ ბუტბუტებდა: — რომანტიკა მოკვდა.
— ყურადღებას მოვითხოვ! — ხმამაღლა წარმოთქვა სანთებელამ. ყველაფრიდან ჩანდა, ის პოლიტიკოსი იყო და ყველა საპარლამენტო ტერმინი ათვისებული ჰქონდა. გარდა ამისა, მას ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდა ადგილობრივ საარჩევნო კამპანიაში.
— მოკვდა, — უკანასკნელად ჩაიკრუსუნა ალის რგოლმა და რული მოერია.
ირგვლივ სრული დუმილი ჩამოწვა, სანთებელამ კვლავ ერთხელ დაახველა და საუბარს შეუდგა. გეგონებოდათ, საკუთარ მოგონებებს აწერინებსო ვინმეს, ისე აუჩქარებლად და გარკვევით მეტყველებდა. თან არასდროს უყურებდა იმას, ვისაც ელაპარაკებოდა. ჭეშმარიტად ღირსშესანიშნავი თვისებები გააჩნდა მას.
— რაოდენ ბედნიერია პრინცი, — თქვა მან, — რომ მისი დაქორწინების დღე ჩემი გატყორცნის დღეს დაემთხვა. თუმც დარწმუნებული ვარ, წინასწარ მოისაზრეს ამგვარად. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც კი შეეძლოთ მისთვის მიეძღვნათ. ასეა, პრინცები მუდამ იღბლიანნი არიან.
— ღმერთო ჩემო! — წარმოთქვა პაწია ტკაცუნამ, — მე სულ პირიქით ვფიქრობდი. მეგონა, ეს ჩვენთვის იყო დიდი პატივი პრინცის ქორწილზე გასროდა.
— თქვენთვის შეიძლება ასეც იყოს, — უპასუხა მას სანთებელამ, — შეიძლება კი არა, მართლაც ასეა, მაგრამ მე ხომ სხვა ვარ, ბრწყინვალე სანთებელა გახლავართ, ბრწყინვალე წარმომავლობის დედ-მამა მყავდა. წარსულში გამოჩენილი ალის რგოლი იყო დედაჩემი და არავის შეეძლო მისებრ ნარნარი ცეკვა. მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა მის ცხრამეტ ბრუნს და თითოეულ ბრუნზე ირგვლივ შვიდი იისფერი ვარსკვლავის მიმოფანტვას. სამი ფუტი დიამეტრისა იყო იგი, იშვიათი ფთილისგან ჩამოსხმული. რაც შეეხება მამაჩემს, იგი ჩემსავით ფრანგული წარმომავლობის სანთებელა გახლდათ. ერთხელ ისე მაღლა ატყორცნეს, მაყურებლები შეშფოთდნენ, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ იმდენად შემბრალე გული ჰქონდა, — დაბრუნდა მბრწყინავ ოქროვან ნათელში ბურვილი. პრესამ დითირამბები უძღვნა მას, მეფის გაზეთმა მამაჩემის ნომერს პოლიტექნიკის სასწაული უწოდა.
— პიროტექნიკის, თქვენ გინდოდათ გეთქვათ, — გაუსწორა ბენგალიურმა ალმა, — ზუსტად ვიცი, პიროტექნიკა ჰქვია, რადგან ასე ვნახე წარწერილი ჩემს თუთიის კოლოფზე.
— პილოტექნიკის, ვთქვი მე, — მიუგო კოპებშეკრულმა სანთებელამ, და საბრალო ბენგალიური ალი პაწია ტკაცუნებს დაერია, რათა დაემტკიცებინა, რომ ისევ რაღაცას წარმოადგენდა.
— ჰო, იმას ვიძახდი, — გააგრძელა სანთებელამ, — იმას ვიძახდი... ჰო, რას ვამბობდი?
— თქვენს წარმომავლობაზე ლაპარაკობდით, — დინჯად შეახსენა რომანულმა სანთებელამ.
— ცხადია. ვიცოდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე ვსაუბრობდი, სანამ ესოდენ ხეპრულად შემაჩერებდნენ. ოჰ, როგორ მეზიზღება უზრდელობა, გაუთლელობა... ეს იმიტომ, რომ მეტად ღრმა, შთაბეჭდილებიანი პიროვნება ვარ. ამქვეყნად არავინ იქნება ჩემებრ მგრძნობიარე, ამაში დარწმუნებული გახლავართ.
— რას ნიშნავს მგრძნობიარე? — ჰკითხა რომანულ სანთებელას პატარა ტკაცუნამ.
— ყველა ამგვარი მგრძნობიარე სხვას ფეხს აბიჯებს იმ მიზეზით, რომ თავად ტერფებზე წყლულები აქვს. — წასჩურჩულა რომანულმა სანთებელამ და პატარა ტკაცუნას ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
— რა გაცინებს? — მკაცრად ჰკითხა სანთებელამ, — მე არ ვიცინი.
— მე კი მიხარია და ამიტომაც ვიცინი, — მიუგო ტკაცუნამ.
— ეს ფრიად ეგოისტური საფუძველია სიცილისათვის, — წარმოთქვა კოპებშეკრულმა სანთებელამ, — ვინ მოგცათ თქვენ სიხარულის უფლება? მუდამ სხვაზე უნდა ზრუნავდეთ, ვთქვათ, ჩემზე. თავად მე ჩემს თავზე ვზრუნავ ყოველთვის და იმავეს ვითხოვ სხვებისგანაც.
ეს არის ჭეშმარიტი თანალმობა და მოყვასის სიყვარული. ამ უნარით ცოტანი არიან ცხებულნი და ერთ-ერთი მე ვარ. ახლაც ვფიქრობ, რა საყოველთაო უბედურება დატრიალდებოდა, მე რომ დღეს, ვთქვათ რამე დამმართვოდა. პრინცი და პრინცესა სამუდამოდ გაუბედურდებოდნენ და ბედითად გაუკუღმართდებოდა მათი სიცოცხლე. ჩვენს ხელმწიფეს, ეჭვიც არ მეპარება, დარდი იმსხვერპლებდა. ცრემლები მადგება თვალებზე, როდესაც ვიხსენებ საკუთარი პიროვნების დიდმნიშვნელოვანებას.
— თუ გსურთ ყველანი გვასიამოვნოთ, — მიმართა რომანულმა სანთებელამ, — ცრემლებს ნუ დაიდენთ.
— რასაკვირველია, — ბენგალიური ალიც დაეთანხმა მას. იგი კარგ ხასიათზე მოსულიყო უკვე. — ეს უბრალო ჭეშმარიტებაა.
— უბრალო ჭეშმარიტებაა! — გაჯავრებით შეჰყვირა ბრწყინვალე სანთებელამ. — როგორ მიკავშირებთ მე სიტყვა „უბრალოს“! გავიწყდებათ, რომ მე ვარ ბრწყინვალე წარმომავლობის სანთებელა. უბრალო ჭეშმარიტებანი ყველამ უწყის, მაგრამ ყველას როდი აქვს ფანტაზიის ნიჭი. ასეთი ნიჭი გამაჩნია მე, ვინაიდან სამყაროს სულ სხვაგვარად აღვიქვამ, ვიდრე იგი არის სინამდვილეში. რაც შეეხება ცრემლებს, ეტყობა, თქვენ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებთ მგრძნობიარე პიროვნების გაგებას. რა სასიხარულოა, რომ თქვენი დაბალი დონე მე სრულებით არ მაწუხებს. ერთი რამ აკეთილშობილებს ჩემს ცხოვრებას, — საკუთარი სიდიადის განცდა სხვათა წინაშე. ყოველთვის ვესათუთებოდი ამ განცდას ჩემს გულში. აი, თქვენ კი არ გაგაჩნიათ გული, არცერთს. ყველანი ხარხარებთ და ზეიმობთ, მიუხედავად იმისა, რომ პრინცი და პრინცესა ეს-ესაა შეუღლდნენ.
— რატომ არ უნდა ვიზეიმოთ — შეჰყვირა პაწია ბუშტმა, — ეს ჭეშმარიტად მშვენიერი მოვლენაა. გადავწყვიტე, მნათობებს მოვუყვე ამის შესახებ, როცა მაღლა ამტყორცნიან. დარწმუნებული ვარ, მნათობებს ბრწყინვა მოემატებათ, როცა პატარძლის სილამაზეს აღვუწერ მათ.
— რა ბანალური აზრებია! — შენიშნა სანთებელამ. — სხვა რა იყო მოსალოდნელი თქვენისთანასაგან, ფუყე და ქარაფშუტა არარაობავ. ვთქვათ, პრინცმა და პრინცესამ ბინა დაიდეს ღრმა მდინარის ნაპირზე, რომელიმე სოფელში. დედოფალს გაუჩნდა ბავშვი, მამასავით ოქროსკულულებიანი ლურჯთვალება ბიჭი. მერე ეს ბიჭი გამდელმა სასეირნოდ წაიყვანა ერთ დილით; ვთქვათ, გამდელმა წათვლიმა მუხის ჩეროში, პრინცის ვაჟი კი მდინარეში გადავარდა და დაიხრჩო. რა საშინელება მოხდება მაშინ! საცოდავი, მხოლოდშობილი ძის დამკარგავი პრინცი და პრინცესა! ღმერთო ჩემო, მე ალბათ იმ ბიჭის დარდი მიმსხვერპლებს კიდევაც.
— კი მაგრამ, ჯერ ხომ არაფერი მომხდარა, ჯერ არავინ დამხრჩვალა, — წყნარად შენიშნა რომანულმა სანთებელამ, — არანაირი საშინელება არ სწვევიათ მათ.
— ეწვიათ-მეთქი, არ მითქვამს, — შეეპასუხა ბრწყინვალე სათებელა, — შეიძლება რომ ეწვიოთ. უკვე რომ შემთხვეოდათ რაიმე, სჯა-ბაასს აზრი აღარ ექნებოდა. მეზიზღებიან ყველა ისინი, რომელნიც უკვე მომხდარზე მსჯელობენ სინანულით. როცა კი გავიფიქრებ, რომ შესაძლებელია პრინცსა და პრინცესას მხოლოდშობილი ძე დაეღუპოთ, ლამის ავტირდე.
— ნუ იზამ მაგას, — შეჰყვირა ბენგალიურმა ალმა, — თქვენ ჭეშმარიტად ყველაზე გულჩვილი პიროვნება ყოფილხართ ამქვეყნად.
— თქვენ კი, თქვენ, ყველაზე უზრდელი და ხეპრე. — უპასუხა ბრწყინვალე სანთებელამ, — ვერასოდეს ამაღლდებით პრინცის მიმართ ჩემს სენტიმენტალურ განცდებამდე.
— კი მაგრამ, თქვენ ხომ არც კი იცნობთ პრინცს, — ხმადაბლა შენიშნა რომანულმა სანთებელამ.
— განა როდისმე ვთქვი, ვიცნობ-მეთქი? — მიუგო ბრწყინვალე სანთებელამ. — შეიძლება არც გამჩენოდა მისდამი ამგვარი გრძნობები, რომ ვიცნობდე. მეგობრობა ფრიად საშიში რამაა.
— გეთაყვა, ფრთხილად, არ დანამიანდეთ, — უთხა პაწია ბუშტმა, — ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
— ეგ მხოლოდ თქვენთვის, მოწყალეო ხელმწიფევ, — მიმართა ბრწყინვალე სანთებელამ, — მე კი, თუ ვინებე, ავტირდები კიდევაც, — და უცებ იგი მართლაც აქვითინდა. ღაპა- ღუპით, სათითაოდ ჩამოცურდნენ მის ჯოხის ტანზე ნამდვილი ცრემლები და ორ პაწია კალიას დაეცნენ ზურგზე, რომელთაც იქვე სიმშრალეში თავი შეეფარებინათ.
— ო, გამოუსწორებელი რომანტიკოსი უნდა იყოს ეს სანთებელა, — წარმოთქვა ალის რგოლმა, — სატირალი არაფერი მომხდარა და ქვითინებს კი. — და მას ისევ თავისი მიჯნური გაახსენდა და საბოლოოდ ამოიხვნეშა. ბენგალიური ალი და რომანული სანთებელა კი დრტვინავდნენ: „სისულელეა, სისულელეა“. მათ სისულელედ მიაჩნდათ ყველაფერი, რაც რეალისტური არ იყო, რადგან თავად რეალისტები იყვნენ. მალე მთვარეც ამოცურდა ცის კაბადონზე და აელვარდა, ვით მოვერცხლილი ფარი. შემოეგზნენ ირგვლივ მნათობები და სამეფო სასახლეში მუსიკა აჟღერდა. ვარდის ვალსს ცეკვავდნენ პრინცი და პრინცესა. ისეთი ნარნარი იყო მათი ცეკვა, რომ წერწეტა სპეტაკი ზამბახები სარკმლებიდან იყურებოდნენ დარბაზში, ხოლო ველზე მოღაღანე სისხლისფერმა ყაყაჩოებმა გვირგვინები ააყოლეს მუსიკის ჩქერს. კოშკმა ათი საათი დარეკა, შემდეგ თერთმეტი და თორმეტი. ყველანი სასახლის პარმაღზე გამოვიდნენ და ხელმწიფემ თავისთან იხმო პიროტექნიკოსები.
— დავიწყოთ ფოიერვერკი. — ბრძანა.
პიროტექნიკოსთა უფროსმა მეფეს თაყვანი სცა და განკარგულების აღსასრულებლად გაეშურა ბაღის ბოლოში. ექვსი დამხმარე კალდაკვალ მისდევდა გაჩაღებული ასანთებით ხელში. მალე თვალისმომჭრელი სურათი გადაიშალა ყველას თვალწინ.
— ბზუუ, — თვალის დახამხამებაში დაბზრიალდა ალის რგოლი. ბამ! — გატყორცნეს რომანული სანთებელა. პატარა ტკაცუნები ფარფატით აიჭრნენ ჰაერში და სივრცე წითლად შეიღება ბენგალიური კოცონისაგან. პაწია ბუშტუკამ აღტაცებით დაიყვირა — „ნახვამდის!“ — ცაში აიჭრა და ლურჯ წერტილებად გაიშალა. ბახ! ბუხ! — ერთიმეორის მიყოლებით სკდებოდნენ ჭარბი სიამოვნებისაგან გაბადრული ტკაცუნები. ყველა წარმატებულად გამოვიდა ფოიერვერკზე, მხოლოდ ტრაბახა ბრწყინვალე სანთებელა ისე დაელტო ქვითინს, — ცეცხლი ვერ მოეკიდა ცვილზე. მთლად ჩალპობოდა ფითილი, მის სიამაყეს რომ წარმოადგენდა და აღარაფრად ვარგოდა. იგი რომ დასცინოდა, ის წვრილ-წვრილი სანთებელებიც კი ელვარე, ალმურადენილ მოოქროვილ ვარდებად გადაიშალნენ ცაში. ვაშა!
— გაჰყვიროდა წამდაუწუმ ხელმწიფის სახლეული და სიხარულისაგან თრთოდა პრინცესა, გულიანად მოცინარი. — დარწმუნებული ვარ, რაღაც დიადისთვის მამზადებენ, — დინჯად წარმოთქვა სანთებელამ, — ეს უდავოა, — მან კიდევ უფრო ამაყად მიმოიხედა ირგვლივ. მსახურები მოვიდნენ გამთენიისას ბაღის მოსასუფთავებლად „უეჭველია. დელეგატები არიან, — გაუელვა სანთებელას, — ისე მივიღებ, როგორც მეკადრება“. და მყის საქმიანი იერი მიიღო, შუბლი შეიკრა და დაფიქრებული მზერა მოატარა ირგვლივ. თუმცა იგი ვერც შენიშნეს მსახურებმა, საქმეს შეუდგნენ. მხოლოდ წასვლის დროს ერთმა სანთებელა დაინახა.
— შეხედეთ, — თქვა, — გამოუსადეგარი სანთებელა! — მსახურმა ხელი დაავლო მას და კედელთან გათხრილ არხში გადაუძახა.
— გამოუსადეგარი? გამოუსადეგარიო? — შეჰყვირა სანთებელამ, როდესაც მაღლა აისროლეს, — მომეყურა. მედგარიო, ასე მიწოდა მგონი. გამოუსადეგარი და მედგარი ერთურთის მსგავსად ჟღერს და ხანდახან ერთის ნაცვლად მეორე ესმით. სანთებელა ტლაპოში ჩავარდა.
— ცოტა არ იყოს, უხერხული სასუფეველია, — თქვა მან, — მაგრამ უდავოა, რომელიმე კომფორტაბელურ სანატორიუმში გამომგზავნეს შერყეული ჯანმრთელობის აღსადგენად. ცხადია, ჩემი ნერვები დაწყვეტაზეა და მოსვენება აუცილებელია.
ანაზდად მას ცურვით მიუახლოვდა ბაყაყი, თვალები სველი ალმასებივით რომ ეწყო თვალბუდეში და ზურმუხტისფრად მოხატული კანი უბზინავდა.
— აქ პირველად ბრძანდებით, ჩანს, — წარმოსთქვა მან, — ტლაპოს ვერანაირი სხვა ადგილი ვერ აჯობებს ამ ქვეყნად. სრული განცხრომისათვის მყოფნის თქეში და ტალახიანი არხი რომელიმე. ნეტა გაწვიმდება შუადღეზე თუ არა? ვიმედოვნებ, გაწვიმდება, მიუხედავად იმისა, რომ ზეცა მოწმენდილია და აუმღვრეველი, სამწუხაროდ.
— ა-ჰა, ა-ჰა, — ძველებურად ჩაახველა სანთებელამ.
— რა საუცხოო ტენორი გაქვთ. — შეჰყვირა ბაყაყმა. — იცით, როგორღაც ყიყინს მივამსგავსე და ყიყინზე მელოდიური, მოგეხსენებათ, არაფერია სამყაროში. თქვენ გერგოთ ბედნიერება გახდეთ მსმენელი ჩვენი ერთობლივი ქოროსი ამ ღამეს. ბაყაყები ყოველთვის თავს ვიყრით ხოლმე ბატების რუსთან, ფერმერის ქოხის მახლობლად და ვიწყებთ გალობას ნათელ ღამეში. მშვენიერია გალობა ჩვენი, ყველანი ყურს გვიგდებენ, ვერ იძინებენ. წუხელ თავად ვაყურადებდი, როგორ ეუბნებოდა ფერმერის მეუღლე დედამთილს, ბაყაყების ყიყინმა მთელი ღამე არ დამაძინაო. ბედნიერებაა, როცა ასე უყვარხარ ყველას.
— ა-ჰა, ა-ჰა, — ბრაზიანად გაიმეორა სანთებელამ. იგი აღშფოთებული იყო, რომ ერთი ფრაზაც ვერ ჩააკერა ლაპარაკში.
— ო, თქვენ მომხიბლავი ხმა გაგაჩნიათ, — გააგრძელა ბაყაყმა, — ვიმედოვნებ, დაესწარით ბატების რუში ჩვენს ქოროს. ახლა დროა წავიდე, ჩემი გოგოები ვიპოვო. იცით, ექვსი უმშვენიერესი გოგონა მყავს და ნემსიყლაპიას ვუფრთხი ძალიან, ვაითუ სადმე წააწყდეს ეს ამაზრზენი საფრთხობელა ჩემს ასულებს და დაუფიქრებლად გადაყლაპოს ისინი. ნახვამდის, ფრიად სასიამოვნო იყო თქვენთან ბაასი.
— ბაასი, დიახ, — მიუგო სანთებელამ, — მხოლოდ თქვენ ისაუბრეთ. ეს რა ბაასია.
— ერთ-ერთი ხომ უნდა იყოს მსმენელი, — თქმა ბაყაყმა, — საერთოდ კი დიალოგის ავან-ჩავანი მუდამ მე ვარ ხოლმე. ასე დროც იზოგება და შეკამათების საფრთხეც აღარ არსებობს.
— ჰო, მაგრამ, მე ძლიერ მომწონს დებატები, — თქვა სანთებელამ.
— მართლა? — ბაყაყმა გულუბრყვილოდ გაიკვირვა, — დებატები მეტად ხეპრული თვისებაა საზოგადოებისა. უმაღლეს წრეში ჩვეულებრივ ყველანი ერთ აზრს უნდა ადგნენ.
კვლავ გემშვიდობებით კეთილი სურვილებით. აი, იქით ჩემს გოგონებსაც ვხედავ. — ბაყაყი ცურვით განერიდა სანთებელას.
— ფრიად თავმომაბეზრებელი ვინმე კი ყოფილხართ, — წარმოთქვა დინჯად სანთებელამ, — უზრდელი მასთან ერთად. ვერ ვიტან ისეთებს, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ლაყბობენ თქვენსავით და არ აცლიან საუბარს სხვას, უკეთ რომ იმჭევრებს საკუთარ თავზე, ვით მე. ეს თავკერძობად მიმაჩნია, თავკერძოება საძაგელი თვისებაა ჩემნაირი არსების თვალთახედვით. ჩემი შემბრალებლობა და სხვაზე მზრუნველობა ვის არ მოეხსენება. ყველამ მე მომბაძეთ ამ მხრივ, ვითარცა მაგალითს. ამჟამად ფრიად გაგიმართლათ, რომ აქ აღმოვჩნდი, მაგრამ ისევ ხელმწიფის სახლეულს დავუბრუნდები მალე. იქ ყველას ვუყვარვარ მეტისმეტად. პრინცი და პრინცესა წუხელ დაქორწინდნენ კიდეც ჩემს პატივსაცემად. თუმცა, ამგვარ ჩამორჩენილთ საიდან ეცოდინებათ ეს ყველაფერი.
— მასთან ბაასმა უკვე დაკარგა ყოველგვარი აზრი, — უთხრა კალიამ, მუქი ბამბუკის გრძელ ღეროზე რომ იყო დასკუპებული, — უკვე დაკარგა, რადგან ის წავიდა.
— ვაი მას და არა მე, თუ წავიდა, — თქვა სანთებელამ, — არც მომსვლია ფიქრად საუბრის შეჩერება მარტო იმისათვის, რომ მას აღარ ესმის ჩემი. მე შეყვარებული ვარ საკუთარ მონოლოგებზე და მათი მოსმენა ერთ-ერთ უდიდეს ნეტარებას წარმოადგენს ჩემთვის.
რამდენჯერ გამიბამს ხანგრძლივი მუსაიფი საკუთარ თავთან, რომელშიც ესოდენი სიბრძნე ლივლივებს. ასე გასინჯეთ, ხანდახან არც ერთი სიტყვა არ მესმის ხოლმე ჩემივე თქმულიდან.
— ო, თქვენ უეჭველად ფილოსოფიის ლექტორი იქნებით, — მიუგო კალიამ და თავის ლამაზ, წვრილი ბადის მსგავს ფრთათა შრიალით განშორდა სანთებელას.
— რა სულელია, დარჩენილიყო აქ, — ჩაილაპარაკა სანთებელამ, — ჩემი ღრმა რწმენით, განებივრებული არ უნდა იყოს გონების განვითარებისათვის ასეთი ხელსაყრელი შემთხვევებით. მაგრამ ჩემთვის სულერთია. ჩემგვარი ტალანტი, დრო მოვა, საკადრის მსმენელს მოიხვეჭს. — სანთებელა ტლაპოში უფრო ღრმად ჩაწვა. მცირე ხნის შემდეგ ვეება თეთრი იხვი ცურვით მიუახლოვდა სანთებელას. ნარინჯისფერი ტერფების, აპკით გადაბმული თითების და მობაჯბაჯე სიარულის გამო ულამაზესის სახელი ჰქონდათ გავარდნილი.
— კვაქს, კვაქს, კვაქს, — თქვა მან, — რა საოცარი ფორმა გაქვთ. ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ — ასეთი დაიბადეთ, თუ რომელიმე კატასტროფაში მოყოლამ გამოიწვია ეს?
— თქვენ, ჩანს, საკუთარი სოფლის მეტი არა იცით-რა, — მიუგო სანთებელამ. — წინააღმდეგ შემთხვევაში მიცნობდით, ვინ ვარ და რა ვარ. ამჯერად შეგინდობთ ბრიყვობას, ყველას ვერ ეტყვი, ისეთივე ბრწყინვალე იყავი, როგორიც მე ვარო. თქვენ, რასაკვირველია, განცვიფრდებით, მაგრამ მე ძალმიძს ფრენა სივრცეში და მერე მიწაზე მოსვლა ოქროვან ელვარე თქეშად.
— ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს, — უპასუხა იხვმა, — ვერ გამიგია, ვის რაში სჭირდება ოქროვანი თქეში. სხვა საქმე იქნებოდა, მიწას რომ ამუშავებდეთ, — როგორც ხარი, ეტლს შეიბამდეთ, როგორც ცხენი, ფარას იცავდეთ, როგორც ძაღლი. მაშინ გექნებოდათ რაღაც ღირებულება.
— ძვირფასო ჩემო, — შეჰყვირა რისხვით სანთებელამ — უმარტივესთა ფენას განეკუთვნებით, დავრწმუნდი. საჭიროების დაკმაყოფილება არაა ისეთი სიმაღლის არსების საქმე, როგორიც მე ვარ. მე და ჩემნაირნი დაჯილდოებულნი გახლავართ აუხსნელი თანდაყოლილი ხიბლით, რაც სავსებით კმარა. შავი სამუშაოს შესრულება კი არაოდეს მომეპრიანება, მით უმეტეს ისეთის, თქვენ რომ აღნიშნეთ. ადრეც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ძნელ შრომას მხოლოდ ისინი ჰკიდებენ ხელს, რომლებსაც მაღალი მოწოდება არა აქვთ.
— კარგი, კარგი, გეთანხმებით, — უთხრა იხვმა. იგი მეტად დამთმობი იყო და ჩხუბი არ უყვარდა. — გემოვნებაზე არ დაობენ. მაინც მოხარული ვიქნები, თუკი აქ დასახლდებით.
— ღმერთმა დამიფაროს! — მიუგო სანთებელამ. — მე ოდენ სტუმარი გახლავართ აქაურობისა, ბრწყინვალე სტუმარი. საერთოდ კი აქაურობას ფრიად მოსაწყენი ელფერი დაჰკრავს, ჩემის ფიქრით. აქ არაა მაღალი წრე, სადაც შეგეძლება განმყუდროება. ჯოჯოხეთია მოკლედ. ვვარაუდობ კვლავ ხელმწიფის პალატებს დავუბრუნდე, სადაც აღვასრულებ კიდევაც ჩემს დანიშნულებას — სენსაციის მოხდენას ქვეყანაზე.
— ადრე თავად ვაპირებდი საზოგადო მოღვაწედ გახდომას, — თქვა იხვმა, — რადგან ახლა ყველაფერი გარდაქმნას საჭიროებს. ჩვენს ყრილობაზე სიტყვა წარმოვთქვი მცირე ხნის წინ და გავაკრიტიკე საზოგადოების ყველა უარყოფითი, მანკიერი მხარე. თუმც ამაო აღმოჩნდა ეს ყოველივე. ახლახან დავოჯახდი კიდეც და ჩემი ძირითადი საქმიანობა ოჯახზე ზრუნვაა.
— ო, პირადად მე საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებისთვის ვარ გაჩენილი, — წარმოთქვა ამაყად სანთებელამ, — ისე, როგორც ყველა ჩემს გვარში უკანასკნელი გამოუცდელის ჩათვლით. ჩვენი ხალხში გამოჩენა და ყურადღების ცენტრში მოქცევა ერთია.
მართალია, თავად მე ჯერჯერობით არსად გამიბრწყინია, მაგრამ ოდესმე გავბრწყინდები და ეს საოცარი სანახაობა ერთ რამედ ეღირება. დაოჯახების შესახებ კი ვიტყოდი, რომ იგი უდროოდ აბერებს და ღირებულ კატეგორიებზე აზროვნების უნარს აჩლუნგებს.
— ო, ღირებული კატეგორიები! რა მშვენიერია. — მიუგო იხვმა, — მართლა: ამაზე გამახსენდა — ძალიან მშია. — და იგი რუს მდინარებას დაუყვა ცურვით, თან კვაქს, კვაქს-ს გაიძაოდა.
— მობრუნდი, მობრუნდი, — ყვირილი დაუწყო სანთებელამ, — მობრუნდი, კვლავ მრავალი რამ უნდა მოგითხრო, — მაგრამ იხვს აღრ ესმოდა. — ძალიანაც კარგი, რომ მოშორდა, — საკუთარ თავს უთხრა სანთებელამ, — მეტად მწირი ინტელექტის პატრონი ჩანდა. — სანთებელა ტლაპოში უფრო ღრმად ჩაწვა და დიდი ტალანტების ობლობაზე დაფიქრდა.
ანაზდად იქვე გაჩნდა ორი პატარა ბიჭუნა, თეთრი მაისურები ეცვათ. ყმაწვილებმა არხს მოაშურეს, თან ხელთ სათლი და შეშა ეკავათ.
— ნამდვილად დელეგატები არიან, — თქვა სანთებელამ და სახეზე მედიდური გამომეტყველება აღიბეჭდა.
— შეხედე! — ბიჭთაგან ერთმა შეჰყვირა, — ეს ძველი ჯოხი ნახე ერთი. საიდან გაჩნდა აქ?
— ბიჭმა ხელი დაავლო სანთებელას.
— ძველი? ძველიო? — თქვა სანთებელამ, — მომეყურა. მან თქვა, — ქველი. ქველი სწორედ რომ შესაფერისი სიტყვაა: ამ ბიჭმა ვინმე დიდგვაროვან არისტოკრატად მიმიჩნია.
— ცეცხლს შევუკეთოთ, — უთხრა მეორე ბიჭმა პირველს, — სამხარი მზად გვექნება.
შეშის დაწყობას შეუდგნენ ყმაწვილები, ბოლოს სანთებელაც დაამატეს შეშის გროვას და გააჩაღეს კოცონი.
— შესანიშნავია, — შესძახა სანთებელამ, — ისინი გამტყორცნიან დღის შუქზე, რათა მიხილოს მთელმა ქვეყანამ.
— ახლა შეგვიძლია წავთვლიმოთ კიდეც, — თქვეს ყმაწვილებმა, — სამხარი მზად დაგვხვდება გაღვიძებულებს. — ისინი განერთხნენ მოლზე და რული მოერიათ.
სანთებელა მეტად დასველებულიყო, ალი ვერ მოიკიდა კარგა ხანს. ბოლოს და ბოლოს შემოეგზნო ცეცხლი.
— ცოტა კიდევ და გავიტყორცნები! — დაიძახა მედიდურად გაჯგიმულმა. — ვიცი, ცის მნათობებს ავცილდები, მზეს და მთვარეს. გავფრინდები მაღლა, მაღლა... — ვზუუ, ვზუუ, — იგი მართლაც აიჭრა ჰაერში. — ო, ეს საოცრებაა! — იძახდა სანთებელა, — ასე ვიფრენ მუდამ.
როგორი გამარჯვება მელოდა თურმე!
მაგრამ თვალის მოკვრითაც ვერავინ იხილა იგი.
უეცრად სანთებელას როგორღაც უცნაურად გააძაგძაგა.
— ოჰ, აფეთქება ახლოვდება, — შეჰყვირა მან, — მე შევძრავ სრულიად დედამიწას და ავალაპარაკებ ყველას, დიდი თუ პატარა მხოლოდ ჩემზე ილაპარაკებს მთელი წელიწადის მანძილზე. — მართლაც, სანთებელამ იფეთქა. ბახ! ბუხ! — გაუდიოდა ფითილს. უთუო იყო, მან მართლა იფეთქა. თუმც ვერავინ გაიგონა ეს, გულისძილით მძინარე ყმაწვილების ჩათვლით. ერთადერთი მონარჩენი სანთებელასი — წვრილი ჯოხი იხვს დაეცა გავაზე, არხთან მოსიარულეს.
— უფალო შემიწყალეო! — შეჰყვირა იხვმა, — ჯოხები გაწვიმდა! — და მან სასწრაფოდ მიაშურა რუს.
– ხომ ვთქვი, საოცრებას დავატრიალებ-მეთქი, — ჩაიჩურჩულა სანთებელამ და მიინავლა.