ხულიგანი
ჰგვის სველი ცოცხით ტირიფის ფოთლებს
ეს წვიმა მინდვრად. — დაე, წარიღოს,
ქარო, ნაფურთხი მიდამოს მოსდე,
ხულიგანი ვარ, შენი არ იყოს.
მე მიყვარს, როცა ლურჯ ტყეში ხარნი
მსხვილი მუცლებით, მავალნი მძიმედ,
აღრევენ ფოთლის გროვებს ტლანქ ტანით,
მუხლისთავებით სვრიან ხის ძირებს.
ჰე, აი ჩემი ნახირი ჟღალი!
ვით ამღერებდა ის ასე სხვა გულს!
ვჭვრეტ — მწუხრნი ცაზე ჩამონაშალნი
ადამიანის ლოკვენ ნაფეხურს.
შენ, გაუთლელო მხარევ რუსეთის!
გიგალობს სული შენი პოეტის,
ჩემი ცხოველი ლექსების სევდას
მე შენი პიტნით ვასაზრდოებდი.
ამოდი, მწუხრო, მთვარის ხელადავ,
აღმოსვი არყის ხეთა ამო რძე,
ღამე ლამობს, როს თვისი ხელებით
ვიღაც მიახრჩოს სასაფლაოზე.
ბოროტ შხეფებით ივსება ბაღი,
ნაბიჯით ქურდის და ბელზებელის,
ეს თავად მე ვარ იგი ყაჩაღი
და სტეპის ცხენთა გამტაცებელი.
რომელს გინახავთ, ველურ ბლის რიგი
ვით დუღს მთვარიან ნათელ ღამეში,
მომწყურდა ანცი ბავშვობა იგი,
ხელჯოხით ცისფერ მწუხრში თამაში.
ჩამოდგა ჟამი კულულთა ჭკნობის,
გიზგიზებს გულში სიმღერის ალი,
სასჯელად მაძევს კატორღა გრძნობის
და პოემების წისქვილთ ტრიალი.
მიდამოს მოსდე, ქარო, ნახველი,
სადაც ქროლვაა, ბედიც იქ არის,
ვერ შემცვლის მგოსნის მშვიდი სახელი,
ჩემს სიღერებშიც ვარ ხულიგანი.