ქალი ქვიშაში
პირველი ნაწილი
1
აგვისტოს ერთ დღეს დაიკარგა კაცი; მან გადაწყვიტა, შვებულება სანაპიროზე გაეტარებინა (იქამდე მატარებლით ნახევარი დღის სავალი იყო) და მას შემდეგ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. არც პოლიციის ძებნას, არც გაზეთებში გამოცხადებას შედეგი არ მოჰყოლია.
ადამიანთა გაქრობა საერთოდ არც თუ იშვიათი მოვლენაა. სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ცნობა ქვეყნდება უგზო-უკლოდ დაკარგულთა შესახებ. და რარიგ უცნაურიც უნდა იყოს, დაკარგულთა ერთობ მცირე პროცენტია ნაპოვნი. მკვლელობებს და უბედურ შემთხვევებს სამხილი რჩებათ; როცა ვინმეს იტაცებენ, ამის მოტივები ყოველთვის შეიძლება დადგინდეს, მაგრამ თუ გაქრობას სხვა რაიმე მიზეზი უდევს საფუძვლად, დაკარგულის კვალის მიგნება ძალზე ძნელია. ისე, საკმარისია გაქრობას გაქცევა დაარქვან, რომ გაქრობის ბევრ შემთხვევას, ალბათ, სწორედ ამ ჩვეულებრივ გაქცევას მიაწერენ მაშინვე.
ახლაც, რაიმე კვალი რომ არ არსებობდა, აქ უჩვეულო არაფერი იყო. დაახლოებით იცოდნენ ადგილი, საითაც კაცი გაემგზავრა, მაგრამ იქიდან არ უცნობებიათ გვამი აღმოვაჩინეთო. მისი სამუშაო სრულიადაც არ გახლდათ გასაიდუმლოებული, რის გამოც შეიძლებოდა მოეტაცათ. არც მის მოქმედებას, ქცევას ეტყობოდა რაიმე, რომ გაეფიქრათ, გაქცევას აპირებსო.
თავდაპირველად ყველამ, ბუნებრივია, დაასკვნა, აქ ქალის ხელი ურევიაო. როცა პოლიციის მოხელეებმა და კაცის თანამოსამსახურეებმა ცოლისგან გაიგეს, მწერების შესაგროვებლად წავიდა, თავისი კოლექციის შევსება უნდოდაო, ცოტა გული გაუტყდათ კიდეც. მართლაც, კალიუმციანიდიანი ქილა და მწერების დასაჭერი ბადე გეთრია, თანაც მხოლოდ ქალთან ერთად გაქცევის შესანიღბად, ეს დიდზე დიდი თვალთმაქცობა იქნებოდა. მთავარი კი ისაა, რომ სადგურის მოსამსახურის ცნობით იმ დღეს S სადგურზე მატარებლიდან გადმოვიდა კაცი, რომელიც ტანსაცმლით ალპინისტს ჰგავდა, მხრებზე გარდიგარდმო ეკიდა ხის ყუთი, მხატვრებს რომა აქვთ იმდაგვარი და მათარა. მოსამსახურეს ზუსტად ახსოვდა, რომ კაცი მარტოკა იყო. ამრიგად ქალთან ერთად გაქცევის ვარაუდი გაქარწყლდა.
გაჩნდა ვერსია, თითქოს თავი მოიკლა მიზანთროპიის ნიადაგზე. ეს ვერსია გამოთქვა დაკარგულის თანამოსამსახურემ, ფსიქოანალიზის დიდმა მოყვარულმა. ფსიქოანალიზის მოყვარულის აზრით, თვით ფაქტი, რომ მოწიფულ კაცს ისეთი გამოუსადეგარი საქმე იტაცებს, როგორიცაა მწერების კოლექციის შეგროვება, უკვე მის ფსიქიკურ არასრულფასოვნებას ამტკიცებს. როცა ბავშვიც კი მეტისმეტ მიდრეკილებას ამჟღავნებს მწერების კოლექციის შეგროვების მიმართ. ეს ხშირად მიუთიტებს მის ოიდიპოსის კომპლექსზე. ბავშვი დაუკმაყოფილებელი სურვილის საზღაურად სიამოვნებით არჭობს ქინძისთავს დაღუპულ მწერს, რომელიც ისედაც ვერსად გაიქცევა, და თუ მან მოწიფულობაში ამგვარი რამ არ მიატოვა, ეს უეჭველი ნიშანი იქნება იმისა, რომ ავადმყოფური მდგომარეობა გაუუარესდა. აკი საკმაოდ ხშირად ენტომოლოგები ძებნის მანიით არიან შეპყრობილნი, უაღრესად გულჩახვეულნი გახლავთ, კლეპტომანია, პედერასტია სჭირთ. აქედან კი მიზანთროპიის შედეგად გამოწეულ თვითმკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. უფრო მეტიც, ზოგ კოლექციონერს საკუთარი ქილების კალიუმციანიდი უფრო იზიდავს, ვიდრე თვით კოლექციის შეგროვება და ვერაფრით ვერ ეხსნება ამ ამბავს... და განა ის, რომ დაკარგულს არასდროს გასჩენია სურვილი გულახდილად ეამბნა თავისი გატაცების შესახებ, არ ამტკიცებს, რაოდენ სამარცხვინოდ მიაჩნდა თავადაც ეს გატაცება?
მაგრამ რადგანაც გვამი ჯერ აღმოჩენილი არ იყო, ყველა ამ, ერთი შეხედვით აგრერიგად დალაგებულ, დასკვნას საფუძველი გამოეცალა.
ამრიგად, ნამდვილი მიზეზი კაციშვილმა ვერ გაიგო. გავიდა შვიდი წელი და სამოქალაქო კოდექსის ოცდამეათე მუხლის თანახმად დაკარგული გარდაცვლილად მიიჩნიეს.
2
ერთხელ, აგვისტოში, ნაშუადღევს S სადგურის ბაქანზე გამოჩნდა კაცი; ნაცრისფერი პიკის პანამა ეხურა, მხრებზე გარდიგარდმო ეკიდა ხის დიდი ყუთი და მათარა. შარვლის ტოტები წინდებში ჩაეტნია, გეგონებოდათ, მთაში აპირებსო წასვლას. მაგრამ იმ არემარეში არც ერთი მთა არ ჩანდა, რომ ზედ ასვლა ღირებულიყო. ამიტომ სადგურის მოსამსახურემ, რომელიც გასასვლელში ბილეთებს ამოწმებდა, მას ეჭვით გააყოლა თვალი. კაცი შეუყოყმანებლად ავიდა სადგურთან მდგომ ავტობუსში და უკან დაჯდა. ავტობუსი მთების საწინააღმდეგო მხარეს მიდიოდა.
კაცი ბოლო გაჩერებამდე გაჰყვა ავტობუსს. ავტობუსიდან გადმოსულმა დაინახა, რომ აქ მაღლობები და ღრმულები უსასრულოდ ენაცვლებოდა ერთმანეთს. დაბლობები მთლიანად ვიწრო ზოლებად დაყოფილ ბრინჯის ნათესებს დაეფარა. ზოლებს შორის პატარა კუნძულებივით ამოზიდულიყო ხურმის მომცრო წარაფები. კაცი გასცდა სოფელს და სანაპიროსკენ გაემართა. ნიადაგი სულ უფრო ღია ფერისა და მშრალი ხდებოდა.
მალე სახლები გაქრა, მხოლოდ კანტიკუნტად ასვეტილიყო ფიჭვის კორომები. მყარი ნიადაგი თანდათან იქცა სილად, რომელიც ფეხებს ეკვროდა. აქა-იქ მუქად ილანდებოდა ხმელი ბალახის კუნძულები, ჩანდა ამ ადგილებში თითქოსდა შემთხვევით გამომტყვრალი ერთი ბეწო ნაკვეთები დამჭკნარი ბადრიჯნების. ირგვლივ კი სულიერი არ ჭაჭანებდა. წინ, ეტყობოდა, ზღვა იყო. კაცი სწორედ იქით მიემართებოდა.
ბოლოს გაჩერდა, მიმოიხედა, სახიდან ქურთუკის სახელოთი მოიწმინდა ოფლი, აუჩქარებლად გახსნა ხის ყუთი, ზედა სარქველიდან ჯოხების შეკვრა ამოიღო, ჯოხები შეაერთა და მწერების საჭერი ბადე მიიღო. შემდეგ გზა განაგრძო ჯოხით სწევდა აქეთ-იქით კანტიკუნტად შეხვედრილ ბალახის ბურჩხებს. სილას ზღვის სუნი ასდიოდა.
გადიოდა დრო, ზღვა კი არა და არ ჩანდა. შესაძლოა, ეს დაღარული ადგილი უშლიდა ხელს, დაენახა რა ხდებოდა წინ, მაგრამ თვალის მისაწვდენზე ლანდშაფტი არ იცვლებოდა. მოულოდნელად მის წინაშე პატარა სოფელი ამოიზარდა. ეს იყო ჩვეულებრივი ღატაკი სოფელი: სახანძრო კოშკის ირგვლივ ყავრის სახურავები მიჭუჭყულიყო, რომლებზეც პატარა ქვები ეწყო. რამდენიმე სახლს შავი კრამიტი ეხურა, ზოგს კი წითლად შეღებილი თუნუქი. სოფლის ერთადერთი გზაჯვარედინის კუთხეში მდგომი თუნუქის სახურავიანი სახლი, ეტყობოდა, მეთევზეთა არტელის გამგეობა იყო.
სოფლის გადაღმა, ალბათ, ზღვაც იქნებოდა და დიუნებიც. სოფელი რატომღაც მეტისმეტად ფართოდ გაშლილიყო. ირგვლივ რამდენიმე ნაყოფიერი ნაკვეთი ერტყა, დანარჩენი მიწა სულ ქვიშნარი იყო. ჩანდა მიწათხილისა და კარტოფილის პატარ-პატარა ყანები. ზღვის სუნი საქონლის სუნს ერეოდა. გაქვავებული თითქოსდა ქვიშისა და თიხისგან დაცემენტებული გზის პირზე დამტვრეული ნიჟარების თეთრი გორები აღმართულიყო. ვიდრე კაცი გზაზე მიდიოდა, არტელის გამგეობის წინ, გაშლილ ადგილას მოთამაშე ბავშვებიც, ბადის მკერავი მოხუციცა და სოფლის ერთადერთ საწვრილმანოსთან თავშეყრილი გაწეწილი ქალებიც წამით ირინდებოდნენ და გაკვირვებით აყოლებდნენ თვალს. კაცი მათ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მას მხოლოდ დიუნები და მწერები აინტერესებდა.
მაგრამ მარტო სოფლის სიდიდე როდი იყო უცნაური. გზა უცებ მაღლა წავიდა. ესეც სრულიად მოულოდნელი გახლდათ. აკი, თუ ზღვისკენ მიდიოდა, ბუნებრივია, დაღმა უნდა დაშვებულიყო. კაცი იქნებ შეცდა, როცა რუკას დასცქეროდა? მან სწორედ ამ დროს გზად შემოხვედრილ ქალიშვილს მიდამოს შესახებ ჰკითხა. ქალიშვილმა კი თვალები დახარა და ჩაუარა, ისეთი გამომეტყველება გამოეხატა, თითქოს კითხვა არ გაუგონია. კეთილი, განვაგრძობთ გზას, რაც უნდა თქვა, ქვიშის ფერიც, სათევზაო ბადეებიცა და ნიჟარების გორებიც - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ზღვა ახლოსაა. ერთი სიტყვით, საწუხარი არაფერია.
გზა სულ უფრო ციცაბოვდებოდა, ირგვლივაც უკვე ქვიშის გარდა არა ჩანდა რა.
მაგრამ უცნაურია, ის ადგილი, სადაც სახლები იდგა, სულაც არ მაღლდებოდა. მხოლოდ გზა მიდიოდა ზემოთ, თვით სოფელი კი თითქოსდა დაბლობში რჩებოდა. არა, არა მარტო გზა, სახლებს შორის არსებული სივცრცეც გზასთან ერთად მაღლდებოდა. ამიტომ ისე ჩანდა, თითქოს მთელი სოფელი აღმა მიდიოდა და მარტოოდენ სახლები რჩებოდა ერთ დონეზე. რაც უფრო წინ, დიუნის წვერისკენ მიიწევდა კაცი, ეს შთაბეჭდილება სულ უფრო უძლიერდებოდა და მალე მოეჩვენა, რომ სახლები ქვიშაში ამოთხრილ ვეება ორმოებში იდგა. ბოლოს გზა, რომელზეც მიაბიჯებდა, და სახლებს შორის არსებული შუალედები სახურავების მაღლა აღმოჩნდა, სახლები კი სულ უფრო ღრმად იძირებოდა ქვიშის ორმოებში.
ფერდობი მოულოდნელად თითქმის შვეული გახდა. ახლა კაცს სახურავთა წვეროებიდან ოციოდე მეტრი აშორებდა. „აბა,იქ რა ცხოვრება უნდა იყოს?“ -გაიფიქრა, როცა ძრწოლით იყურებოდა ღრმა ორმოში. უცებ შმაგად დაუბერა ქარმა და სუნთქვა შეუკრა. იგი ორმოს ნაპირს გაეცალა და მოულოდნელად ქვემოთ, შორს თვალი ჰკიდა მღვრიე აქაფებულ ზღვას. ზღვა ნაპირის ქვიშას ლოკავდა. კაცი დიუნის თხემზე იდგა, სწორედ იქ, საითაც მოისწრაფვოდა.
ზღვის მხარეს მიმართული დიუნის ფერდობი, იმ მხარეს, საიდანაც მუსონები ქრიან, ციცაბო და შიშველი გახლდათ. სამაგიეროდ უფრო დამრეც ადგილებში ვიწროფოთლიანი ბალახის ბურჩხები ამოწვერილიყო. კაცმა უკან მოიხედა და დაინახა, რომ ვეება ორმოები, რომლებიც დიუნის თხემის ახლო და ახლო სულ უფრო ღრმად ჩანდნენ, სოფლის ცენტრისკენ რამდენიმე იარუსად მიიწევდნენ და გაჭრილ სკას მოგაგონებდათ. სოფელი, ეტყობოდა, დიუნზე ადიოდა. მაგრამ იქნებ თვითონ დიუნი ადიოდა სოფელზე? ასეა თუ ისე, სოფლის ხედი კაცს გულს უმძიმებდა, აღიზიანებდა.
სამაგიეროდ სასურველ დიუნებამდე მოაღწია და ახლა ყველაფერი რიგზე იყო. მათარიდან წყალი მოსვა, ღრმად ამოისუნთქა, და ჰაერმა, რომელიც აგრერიგად სუფთა ჩანდა, ყელი ამოუწვა, თითქოს ზუმფარა გამოუსვესო.
კაცს უნდოდა თავისი კოლექცია ქვიშის ბინადარი მწერებით შეევსო.
ქვიშის მწერები მომცრონი, უფერულნი არიან, მაგრამ კოლექციის შეგროვების მანიით შეპყრობილ კაცს ხასხასა ფერის ფრთებით შემკობილი პეპლები ან ჭრიჭინობლები როდი იზიდავს. ასეთი ადამიანები არ ისწრაფვიან თავიანთი კოლექცია რომელიმე ეგზოტიკური ნიმუშებით დაიმშვენონ. არ აინტერესებთ მეტადრე სისტემატიზაცია, არც ნედლეულს ეძიებენ, რათა ჩინურ მედიცინაში ხმარებული წამლები დაამზადონ. ენტომოლოგს გულუბრყვილო და უშუალო სიხარულს ჰგვრის ახალი სახეობის აღმოჩენა. თუ ეს მოხერხდა, ენტომოლოგიურ ატლასში ხელახლა ნაპოვნი მწერის გრძელი მეცნიერული ლათინური სახელწოდების გვერდით შენი სახელიც გაჩნდება და გამორიცხული არ არის, იქ საუკუნოდ დარჩეს. ხოლო თუ შენს სახელს, თუნდაც მწერის სახელწოდებასთან დაკავშირებულს, ადამიანთა მეხსიერება შემოინახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მუყაითობა ამაოდ არ გამოგივლენია.
თვალით თითქმის შეუმჩნეველ მწერთა უამრავი სახეობა უზღვავ შესაძლებლობას იძლევა ახალი და ახალი აღმოჩენებისთვის ესოდენ საძულველ ჩვეულებრივ სახლის ბუზებსაც კი. ბუზების სახეობანი საოცრად მრავალრიცხოვანია, მაგრამ ვინაიდან ყველა ენტომოლოგის აზრი დაახლოებით ერთი კალაპოტით მიიმართება, მათ თითქმის დაასრულეს ამ სახეობათა უმრავლესობის შესწავლა იაპონიაში აღმოჩენილი უიშვიათესი მერვე მუტანტის ჩათვლით: შესაძლოა ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანთა ცხოვრება ერთობ მჭიდროდ უკავშირდება ბუზების ცხოვრებას.
უმჯობესია თავდაპირველად ყურადღება მივაქციოთ გარემოს. იქნებ სახეობათა მრავალრიცხოვნობა ბუზების შეგუების უნარით აიხსნება? კაცი ამ აღმოჩენამ ისე გაახარა, შეხტა კიდეც. ჩემი აზრი არც ისე სულელურია. სწორედ ბუზების ესოდენ დიდი შეგუების უნარით აიხსნება ის, თუ რატომ იტანენ ისინი ადვილად ყველაზე არახელსაყრელ პირობებს რომლებშიც სხვა მწერებს არსებობა არ შეუძლიათ. აი, მაგალითად, უდაბნოში ცხოვრებასაც კი შეეგუენ, სადაც ყველა სულდგმული იღუპება...
ამ აღმოჩენის შემდეგ კაცი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქვიშების მიმართ. შედეგმაც არ დააყოვნა. ერთხელ სახლის მახლობლად ღელეს დამშრალ კალაპოტში პაწაწა მოყვითალო მწერი დაინახა. მწერი მოგაგონებდათ ესპანეთის ბუზს, ანუ ესპანურას, რომელიც ხეშეშფრთიანთა ოჯახს მიეკუთვნება. როგორც ცნობილია, ესპანურები სულ სხვადასხვა ფერისა და ზომისა არიან, მაგრამ მათი წინა ფეხები ფრიად უმნიშვნელოდ განსხვავდებიან. სწორედ წინა ფეხები გახლავთ კლასიფიკაციის საყურადღებო კრიტერიუმი, ვინაიდან წინა ფეხების ფორმათა განსხვავება ნიშნავს სახეობრივ განსხვავებასაც. კაცის მიერ დანახული მწერის წინა ფეხების მეორე სახსარს მართლა ჰქონდა ყურადსაღები თავისებურება.
ესპანურების გვარის მწერთა წინა ფეხები ჩვეულებრივ წვრილია, შავი და ერთობ მოძრავი, ამ ბუზს კი მრგვალი, მსხვილი, თუთქოსდა მტკიცე ჯავშნით დაფარული, მკვეთრი ყვითელი ფერის ფეხები ჰქონდა. შესაძლოა ზედ ყვავილის მტვერი მიეწება? იქნებ მწერს ყვავილის მტვრის შესაგროვებლად განსაკუთრებული სამარჯვიც კი აქვს ვთქვათ, ბეწვების მაგვარი რაღაც? თუ კაცს ბუზზე დაკვირვებისას შეცდომა არ დაუშვია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი რამ აღმოუჩინა.
სამწუხაროდ მწერი ვერ დაიჭირა. მეტისმეტად აღელვებული იყო, ბუზიც როგორღა საოცრად უჩვეულოდ ფრინავდა, ბოლოს სულ გაფრინდა. შემდეგ დაბრუნდა და კაცის მიახლოებას დაუწყო ლოდინი, ოღონდ ის არ უთქვამს „ბიჭი ხარ და დამიჭირეო“. როცა კაცი მინდობილად მიუახლოვდა, ისევ გაფრინდა. ისევ დაბრუნდა და ისევე დაუწყო ლოდინი. თითქოსდა აღიზიანებდა. ბოლოს სულ დაიმალა ბალახში.
ასე დაატყვევა კაცი ესპანურამ, რომელსაც წინა ფეხები ყვითელი ჰქონდა.
კაცმა ყურადღება მიაქცია ქვიშნარ ნიადაგს და კიდევ უფრო მეტად ირწმუნა თავისი ვარაუდი. ესპანურა ხომ უდაბნოს ტიპიური მწერია. ერთი თეორიის თანახმად, ამ ბუზების უჩვეულო ფრენა მხოლოდ მახეა, სოროებიდან პატარა ცხოველების გამოსატყუებელი. მათ მიერ ამგვარად მოხიბლული თაგვები, ხვლიკები თავიანთი სორეოებიდან შორს მირბიან უდაბნოში და იქ შიმშილი და დაღლილობა ღუპავთ. ესპანურები ამასღა ელოდებიან და დაღუპულ ცხოველებს ჭამენ. მათ იაპონურად მშვენიერი სახელი „წერილების დამტარებელი“ ჰქვიათ. და თუმცა ერთი შეხედვით ლამაზნი ჩანან, სინამდვილეში ბასრი ყბების პატრონნი და ისეთი სისხლმწყურვალნი არიან, ერთმანეთსაც ჭამენო. ისე, ეს თეორია სწორია თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ კაცი ნამდვილად მოხიბლა ესპანურას იდუმალმა ფრენამ.
ბუნებრივია, კაცს მეტი ინტერესი გაუჩნდა ესპანურას საარსებო პირობების შემქმნელი ქვიშის მიმართ. დაიწყო ლიტერატურის კითხვა და რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ქვიშა ძალზე საინტერესო მოვლენა იყო. თუ მაგალითად, ენციკლოპედიაში ქვიშის შესახებ დაბეჭდილ სტატიას ჩავხედავდით, შემდეგს წავიკითხავდით:
„ქვიშა დაშლილი მთის ქანის გროვაა. ზოგჯერ შეიცავს მაგნიტურ რკინაქვას, კასიტერიტს, უფრო იშვიათად ოქროვან სილას. მისი დიამეტრი ორიდან ერთი მეთექვსმეტედი მილიმეტრია“.
რაოდენ ნათელი განსაზღვრაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვიშა წარმოიქმნება დაშლილი მთის ქანისაგან და რაღაც საშუალოს წარმოადგენს წვრილ კენჭებსა და თიხას შორის. მაგრამ ქვიშისთვის შუალედური პროდუქტის დარქმევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ განმარტება ამომწურავია. სამ ელემენტს - ქვას, ქვიშასა და თიხას - შორის, რომელთა რთული შეერთების შედეგად იქმნება მიწა, რატომ მაინცდამაინც ქვიშას შეუძლია იზოლირებულად იყოს და უდაბნო და ქვიშნარი ადგილები წარმოქმნას? ქვიშა რომ უბრალოდ შუალედურ პროდუქტს წამოადგენდეს, მაშინ შიშველ კლდეებსა და თიხის არეებს შორის ეროზიის წყალობით შეიძლებოდა აღმოგვეჩინა ურიცხვი შუალედური პროდუქტი, წარმოქმნილნი კლდეებისა და თიხის არეთა ურთიერთშეღწევის გზით. მაგრამ აკი სინამდვილეში არსებობს ქანების მხოლოდ სამი აშკარად განსხვავებული სახეობა: კლდოვანი, ქვიშნარი და თიხნარი. ისიც გასაკვირია, აგრეთვე რომ ქვიშის მარცვლის სიდიდე ყოველთვის ერთნაირია. გინდაც კუნძულ ენოსიმის სანაპიროს ქვიშისა იყოს და გინდაც გობის უდაბნოსი, მისი დიამეტრი საშუალოდ ერთ მერვედ მილიმეტრს უდრის და ვრცელდება ჰაუსის მრუდს მიახლოებული მრუდით.
ერთ გამოკვლევაში მეტად გაუბრალოებულად განმარტავდნენ ეროზიის შედეგად ნიადაგის დაშლას: მსუბუქი ელემენტები დიდ მანძილზე გადადისო. მაგრამ სრულებით არ ხსნიდნენ ქვიშის მარცვლის სიდიდის, ერთი მერვედი მილიმეტრი დიამეტრის თავისებურებას. მეორე შრომაში, გეოლოგიის საკითხებზე დაწერილ შრომაში, საწინააღმდეგოს ამბობდნენ:
„წყლის ნაკადებიცა და ჰაერისაც ტურბულენციას წარმოქმნიან. ტურბულენციის ტალღის უმცირესი სიგრძე ექვივალენტურია უდაბნოს ქვიშის დიამეტრისა. ამ თავისებურების წყალობით ნიადაგს სცილდება მხოლოდ ქვიშა, თანაც სცილდება ნაკადთან შექმნილი სწორი კუთხით. თუ ნიადაგის ცალკეული კომპონენტების შეჭიდულობის ძალა მცირეა, ქვიშა შეიძლება ჰაერში ნიავმაც კი აიტაცოს, რომელსაც ქვებისა და თიხის ატაცება არ შეუძლია. შემდეგ ქვიშა ქარის მოძრაობის მიხედვით ისევ ეშვება მიწაზე. ალბათ ქვიშის თავისებურებანი აეროდინამიკამ უნდა განიხილოს“.
განვაგრძოთ ზემოთ მოყვანილი განსაზღვრება:
„...ესე იგი დაშლილი მთის ქანების ნაწილაკები ისეთი სიდიდისაა, მისი მეოხებით ისინი ყველაზე მოძრავნი არიან“.
ვინაიდან მიწაზე ყოველთვისაა ქარი და წყლის ნაკადები, ქვიშა უსათუოდ წარმოიქმნება. და მანამ, სანამ იქროლებენ ქარები, იდენენ მდინარეები, ზღვები თავიანთ ტალღებს ააზავთებენ, მიწას ქვიშის სულ უფრო მეტი მასები მოწყდება და, ცოცხალი არსების მსგავსად, ყველგან გადაცოცდება. ქვიშამ დასვენება არ იცის. იგი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუპოვრად იტაცებს და შლის მიწას...
მარად მოძრავი ქვიშის ეს სურათი აუწერლად აღელვებლდა და როგორღაც აჩქარებდა კაცს. ქვიშის უნაყოფობა, როგორიცაა იგი ჩვეულებრივ, აიხსნება არა სიმშრალით, არამედ უწყვეტი მოძრაობით, რასაც ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გაუძლებს. რარიგ ჰგავს ეს უხალისო ცხოვრებას ადამიანებისას, რომელნიც განუწყვეტლივ ებღაუჭებიან ერთმანეთს.
დიახ, ქვიშა არც ისე ვარგისია სიცოცხლისათვის, მაგრამ განა სიმყარე მეტისმეტად აუცილებელია არსებობისათვის? ნუთუ მთელ ამ საზიზღარ მეტოქეობას სიმყარის განმტკიცების სწრაფვა არ წარმოშობს? თუ სიმყარეზე ხელს ავიღებთ და ქვიშის მოძრაობას დავემორჩილებით, მეტოქეობასაც მოეღება ბოლო. სინამდვილეში უდაბნოშიც ხომ ხარობს ყვავილები, ცხოვრობენ მწერები და ცხოველები. ეს ყოველივე ცოცხალი არსებებია, რომლებმაც შეგუების უნარის უდიდესი ძალის წყალობით მეტოქეობის ჩარჩოს თავი დააღწიეს. აი, მისი ესპანურები როგორ...
კაცი გონებაში ხატავდა ქვიშის მოძრაობას და უკვე ჰალუცინაციები ეწყებოდა - თავის თავსაც ამ უსასრულო ნაკადში ჩართულს ხედავდა.
3
კაცმა თავი დახარა და ისევ წავიდა წინ, დიუნის თხემს გაჰყვა. დიუნი ნახევარმთვარესავით ერტყმოდა სოფელს, ციხე-სიმაგრის მიწაყრილის მსგავსად. კაცი ყურადღებას თითქმის არ აქცევდა, რაც შორს ხდებოდა. ენტომოლოგისთვის მნიშვნელოვანია მთელი გულისყური თავისი ფეხების ირგვლივ სამი მეტრი რადიუსის მქონე სივრცეზე გადაიტანოს. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესია - მზისკენ ზურგშექცეული არ დადგეს. თუ მზე უკან მოექცა, მწერი შეიძლება საკუთარი ჩრდილით დააფრთხოს. ამიტომ მწერებზე მონადირეებს შუბლსა და ცხვირზე მზე ისე ეკიდებათ, ლამის უშავდებათ.
კაცი დინჯად და ნელა მიიწევდა წინ. ფეხის ყოველი დადგმისას ქვიშა წაღებზე ეფრქვეოდა. ირგვლივ ცოცხალი არა ჭაჭანებდა რა, გარდა აქა-იქ გართხმული ბალახის ბურჩხებისა, რომელნიც თუნდაც ახლავე აყვავდებოდნენ, ოდნავ მეტი სინოტივე რომ ჰქონდათ. აქ თუკი რამ მფრინავი გამოჩნდებოდა, ეს იქნებოდა ადამიანის ოფლის სუნზე მოფრენილი კუს ბაკანივით შეფერილი ბუზები. მაგრამ იმედები ხშირად სწორედ ასეთ ადგილზე მართლდება ხოლმე. თუმცა ესპანურებს გუნდ-გუნდად ცხოვრება არ უყვართ და არის ზოგჯერ შემთხვევები, როცა ერთი ბუზი ირგვლივ მთელ კილომეტრებს ედება. რას იზამ, შეუპოვრად უნდა განაგრძო ძიება.
უცებ კაცი შეჩერდა. ბალახში რაღაც შეინძრა. ეს იყო ობობა. ობობები არაფრად სჭირდებოდა და სიგარეტის გასააბოლებლად ჩაცუცქდა. ზღვიდან განუწყვეტლივ უბერავდა ქარი. ქვემოთ დამსხვრეული თეთრი ტალღები დიუნს ძირს უღრღნიდნენ. იქ, სადაც დიუნის დასავლეთი კიდე ქრებოდა, ზღვაში პატარა კლდოვანი მაღლობი ამოზიდულიყო. მაღლობს წალესილი ნემსების კონასავით ეფრქვეოდა მზის სხივები.
ასანთი არა და არ ინთებოდა. ათი ღერი გაჰკრა და სულ ამაოდ. გადაგდებული ასანთის ღერების გასწვრივ თითქმის წამის ისრის სისწრაფით მოძრაობდა ქვიშის წვრილი ნაკადები. კაცმა ქვიშის პატარა ტალღა შენიშნა და, როგორც კი ტალღამ მისი წაღის ქუსლამდე მოაღწია, ზეზე წამოდგა. შარვლის ნაკეცებიდან ქვიშა ჩამოეყარა. გადააფურთხა და ისეთი შეგრძნება დარჩა, პირში თითქოს სახეხელა გაუტარეს.
ისე აქ ძალზე ცოტა ხომ არაა მწერები? იქნებ ქვიშა ერთობ სწრაფად მოძრაობს? არა, გულის გატეხა ჯერ კიდევ ადრეა. თეორიულად შეუძლებელია ამ ადგილებში მწერები არ იყოს.
დიუნის წვერი უფრო სწორი გახდა. იგი ალაგ-ალაგ ძალზე ცილდებოდა ზღვას. კაცს იმის შეგრძნებამ, რომ ნადავლი ელოდა, წინ უბიძგა და დამრეც ფერდობზე დაეშვა. აქა-იქ ქვიშის დასამაგრებელი ბამბუკის ლასტების ნარჩენები ამოშვერილიყო, ცოტათი ქვემოთ ტერასა ჩანდა. კაცმა გზა განაგრძო. კვეთდა ქვიშის ნახჭებს, რომელნიც ქარს ისეთი სიზუსტით გამოეყვანა, მანქანის გაკეთებული გეგონებოდათ. ანაზდად ყველაფერი გაქრა კაცის მხედველობის არედან და მან დაინახა, რომ ღრმა ორმოს ნაპირზე იდგა.
ორმო უსწორო, ოვალური მოყვანილობისა იყო, ოც მეტრზე მეტი სიგანისა. მისი მოპირდაპირე კედელი შედარებით დამრეცი ჩანდა, ხოლო ის კედელი, სადაც კაცი იდგა, თითქმის - შვეული. ფაიფურის ფინჯანივით ამოზნექილი, გლუვ და სრიალა ნაპირზე ფეხი ცურდებოდა. კაცმა ცალი ფეხი ზედ ფლატის პირს დააბჯინა და ფრთხილად ჩაიხედა ქვემოთ. ახლაღა მიხვდა, რომ თუმცა ირგვლივ სინათლე იდგა, უკვე საღამოვდებოდა.
პირქუშ სიღრმეში, ორმოს ფსკერზე დუმილით მოცული ქოხი იდგა. სახურავის ერთი კიდე ქვიშის დამრეც კედელში შეჭრილიყო. „მთლად ისე, როგორც ხანმანწკის ნიჟარა, -გაიფიქრა კაცმა. -რაც გინდა ქნა, ქვიშის კანონს ვერ შეეწინააღმდეგები...“
ის იყო ფოტოაპარატის მომარჯვება დაიწყო, რომ მის ფეხქვეშ ქვიშა შხრიალით ჩაცურდა. შეშინებულმა სწრაფად გასწია ფეხი, მაგრამ ქვიშა ერთხანს ისევ მიედინებოდა ქვემოთ. რარიგ უმდგრადია ქვიშის ეს წონასწორობა! მღელვარებისგან სულშეგუბებულმა სველი ხელისგულები შარვალზე შეიწმინდა.
კაცის ზურგს უკან ვიღაცამ ჩაახველა. გვერდით ედგა, თითქმის მხარზე ეხებოდა, საიდანღაც გამომტყვრალი მოხუცი, ყველაფერზე ეტყობოდა, სოფლელი მეთევზე. მოხუცმა ფოტოაპარატს შეავლო თვალი, შემდეგ ორმოს ფსკერს ჩახედა, მოთრიმლული პირი ღიმილით დაემანჭა. ჩასისხლიანებული თვალების კუთხეებში რაღაც წებოვანი ჩაუდგა.
-რაო, გამოკვლევაა?
ხმა ქარმა წარიტაცა, ყრუდ, უფერულად ჟღერდა, თითქოს გადასატანი მიმღებიდან ისმოდა, მაგრამ ნათქვამი ნათელი იყო, ადვილად გაიგებდი.
-გამოკვლევაო? -კაცმა ობიექტივს დაბნეულად დააფარა ხელისგული და მწერების საჭერ ბადეს გასწორება დაუწყო, რომ მოხუცს შეენიშნა. –რის თქმა გინდათ? რაღაც არ მესმის... მე, იცით, მწერების კოლექციას ვაგროვებ. ჩემი სპეციალობა მწერებია, რომლებიც აი, ასეთ ქვიშებში ბინადრობენ.
-რაო? -მოხუცმა თითქოსდა ვერაფერი გაიგო.
-მწე-რე-ბის კო-ლექ-ციას ვა-გრო-ვებ! - გაიმეორა კაცმა ხმამაღლა, - მწე-რე-ბის, გესმით? მწე-რე-ბის! მე მათ ვიჭერ!
-მწერების? - აშკარად ჩანდა, მოხუცმა არ დაუჯერა, თვალი მოაშორა და გადააფურთხა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ტუჩზე ლეზვი ჩამოეკიდა. ლეზვი ქარის დაქროლვაზე გრძელი ძაფივით გაიწელა. ასე მაინც რა აწუხებდა?
-კი, მაგრამ ამ რაიონში რაიმე გამოკვლევა მიმდინარეობს?
-ო, არა, თუ თქვენ გამომკვლევი არა ხართ, აკეთეთ, რაც გინდათ, ჩემთვის სულერთია.
-არა, არა მე ინსპექციიდან არა ვარ.
მოხუცს თავიც არ დაუკრავს, ზურგი შეაქცია და ნელა გაუყვა დიუნას თხემს, ჩალის სანდლების ჭინტებით ქვიშას მიიხვეტავდა.
ორმოცდაათი მეტრის დაშორებით სამი ერთნაირად ჩაცმული კაცი ჩაცუცქულიყო. ეტყობოდა, მოხუცს ელოდნენ. მერედა, როდის გაჩნდნენ აქ? ერთ მათგანს, როგორც ჩანდა, ბინოკლი ჰქონდა და სულ მუხლებზე ატრიალებდა. მოხუცი მათთან მივიდა და ოთხივემ რაღაცაზე დაიწყო ბჭობა, ერთმანეთს გააფთრებით აცლიდნენ ფეხქვეშ ქვიშას: ალბათ, ცხარე კამათი გააჩაღეს.
კაცი უკვე თავისი ბუზების ძებნის გაგრძელებას აპირებდა, რომ კვლავ მოირბინა აქოშინებულმა მოხუცმა.
-მოიცათ, თქვენ მართლა არა ხართ პრეფექტურიდან?
-პრეფექტურიდან?.. ო, არა, სხვაში შეგეცვალეთ.
აბა, კმარაო, - გადაწყვიტა კაცმა და აბეზარ მოხუცს თავისი სადარბაზო ბარათი გაუწოდა. მოხუცი ტუჩების ცმაცუნით დიდხანს კითხულობდა მას.
-ა-ა, თქვენ სკოლის მასწავლებელი ხართ...
-იცით, მე არაფითარი კავშირი არა მაქვს პრეფექტურასთან.
-უჰუ, მაშასადამე, მასწავლებელი ხართ...
დაადგა საშველი, მგონი, გაერკვა მოხუცი თავისიანებისკენ გაემართა. თვალმოჭუტულს გაწვდილ ხელში სადარბაზო ბარათი ეჭირა. ასე მივიდა თანასოფლელებთან. ისინი სადარბაზო ბარათმა თითქოს დააკმაყოფილა. წამოდგნენ და წავიდნენ.
მოხუცი კი ისევ მობრუნდა.
-ჰო, მაგრამ ახლა რის გაკეთებას აპირებთ?
-მწერებს მოვძებნი.
-მერედა, უკანასკნელ ავტობუსზე ხომ დაგაგვიანდათ?
-აქ ვერსად გავათევ ღამეს?
-ღამეს? ამ სოფელში? -მოხუცს სახეზე რაღაც შეუტოკდა.
-ჰო, თუ აქ არ შეიძლება, მეზობელ სოფელში წავალ.
-წახვალთ?..
-მე საერთოდ მაინცდამაინც არსად მეჩქარება.
-არა, არა, აბა რისთვის უნდა გაიძნელოთ საქმე... - მოხუცი უცებ თავაზიანი გახდა და ენად გაიკრიფა: -თავად ხედავთ, სოფელი ღარიბია, არც ერთი წესიერი სახლი არ მოგვეძევება, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, დაგეხმარებით ერთ-ორ სიტყვას შეგაწევთ.
მოხუცი თითქოს ცუდს არაფერს იძრახავდა. მის თანასოფლელებს, ალბათ ვიღაცის ეშინოდათ. შეიძლება პრეფექტურის ჩინოვნიკს ელოდნენ, რომელიც შესამოწმებლად უნდა მოსულიყო. ახლა შიში გაუქრათ და კვლავ უბრალო, ალერსიან მეთევზეებად იქცნენ.
-დიდად მადლიერი ვიქნები... ვალში არ დაგრჩებით, რასაკვირველია... მე საერთოდ ძალიან მიყვარს, აი ასეთ გლეხის სახლებში ღამის გათევა.
4
მზე ჩაესვენა, ქარი ცოტათი დაწყნარდა. კაცი მანამ დაეხეტებოდა დიუნზე, ვიდრე ქარის მიერ ქვიშაზე მოხაზულ ნახჭების დანახვა შეიძლებოდა.
ცოტა რამ მოაგროვა: ეს იყო სწორფრთიანთა რაზმის ჭრიჭინა, თეთრულვაშა ყურბელა, ჯარისკაცები და კიდევ ერთი მწერი, რომლის ზუსტი სახელწოდება არ ახსოვდა, მაგრამ ისიც ჯარისკაცების სახეობას ეკუთვნოდა.
ხეშეშფრთიანთაგან, რომელთაც ის ეძებდა, მხოლოდ ცხვირგრძელები და რძელფეხა წერილის დამტარებლები იპოვა.
სამაგიეროდ არ შეხვედრია არც ერთი ეგზემპლარი იმ ბუზების ოჯახიდან, რომელთა გულისთვისაც აქ გამოემგზავრა. იქნებ ხვალინდელ ნადავლს გაეხარებინა?..
დაღლილობისგან თვალწინ სინათლის რაღაც მქრქალი ათინათები უკრთოდა. უცებ უნებლიეთ, შეჩერდა და დაბინდული დიუნის ზედაპირს ჩააცქერდა. აქ უკვე ვერას გააწყობდი: ყველაფერი, რაც კი მოძრაობდა, ესპანურად ეჩვენებოდა.
მოხუცი დაპირებისამებრ არტელის გამგეობასთან ელოდა.
- გთხოვთ მომიტევოთ...
- ო, რას ბრძანებთ. ოღონდ მოგეწონოთ და...
გამგეობაში, ეტყობოდა, რაღაცაზე ბჭობდნენ. ოთხი თუ ხუთი კაცი წრიულად ისხდა, ისმოდა სიცილი. პარმაღის თავზე დიდი ტილო გაეკრათ, რომელზეც ეწერა: „უერთგულე სამშობლოს სიყვარულის სულს“. მოხუცმა კაცებს რაღაც წაუბურტყუნა და სიცილი მაშინვე შეწყდა. იგი თითქოსდა უგულოდ გაემართა წინ, კაცი უკან მიჰყვა, ნიჟარებით დაფარული გზა ჩამოწოლილ ბინდში თეთრად ქათქათებდა.
ბოლოს მოადგნენ ზედ დიუნის თხემთან მდებარე ერთ-ერთ ორმოს. სოფელი აქ მთავრდებოდა.
კაცმა და მოხუცმა მარჯვნივ, ვიწრო ბილიკზე გადაუხვიეს, რომელიც თხემიდან ქვემოთ ეშვებოდა. ერთხანს მიდიოდნენ, შემდეგ მოხუცი სიბნელეში ჩაიმალა, ტაში შემოჰკრა და ხმამაღლა იყვირა:
- ჰეი, დედაკაცო, სადა ხარ?
ქვემოთ, ზედ ფეხებთან, უკუნეთში ფარანი გამოჩნდა და გაისმა პასუხი:
- აქა ვარ, აქა... კიბე ტომრების გვერდითაა.
მართლაც ამ ფლატესთან უკიბოდ ვერას გახდებოდი. ქვემოთ მდებარე სახლის ოდენა სამი სახლი ერთმანეთზე რომ შეგედგა, იმსიმაღლე იქნებოდა. იქ ჩაღწევა კიბითაც გაჭირდებოდა. ფერდობი თითქმის შვეული იყო, დღისით კი, კაცს ეს ნათლად ახსოვდა, სრულიად დამრეცად გამოიყურებოდა. კიბე არასაიმედო ჩანდა. სხვადასხვა თოკისგან გაეკეთებინათ და, თუ წონასწორობას დაკარგავდი, სადღაც შუაზე აიბურდებოდა. აქ ცხოვრება ბუნებრივ ციხეში ცხოვრებას ნიშნავდა.
- არაფერზე არ შეწუხდეთ, დაისვენეთ... - უთხრა მოხუცმა კაცს. იგი ქვემოთ არ ჩასულა, ერთხანს ზემოთ იდგა, შემდეგ წავიდა.
კაცი თავიდან ფეხებამდე ქვიშას დაეფარა. უცებ მოეჩვენა, თითქოს ბავშვობა დაუბრუნდა. ქალს, რომელიც ფარნით შემოხვდა, წეღან დედაკაცი უწოდეს, და უკვე წარმოიდგინა, რომ იგი ბებრუხანა იყო: მაგრამ მასპინძელი სასიამოვნო, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ოცდაათი წლის, ტანმორჩილი ქალი აღმოჩნდა. ეტყობოდა, პუდრს ისვამდა. ზღვის პირას მცხოვრებ ქალთან შედარებით სახე მეტისმეტად თეთრი ჰქონდა. ერთი სიტყვით კაცი მადლიერი დარჩა მისი, რამეთუ ალერსიანად, გულწრფელი სიხარულით შემოხვდა.
თუმცა, თბილად რომ არ შეხვედროდნენ, თავს ვერ აიძულებდა ამ ქოხის ზღურბლზე გადმოებიჯებინა. იფიქრებდა მასულელებენო, და მაშინვე გაიქცეოდა. ქოხის კედლები დამსკდარი იყო, ფუსუმას ნაცვლად ჭილოფები ეკიდა. სახურავს შედგმული საბჯენები გადაფერდებულიყო. ფანჯრები ფიცრებით ამოეჭედათ, იატაკზე დაფენილი ჩალის ჭილობები აგერ-აგერ დაიშლებოდა. ფეხის დადგმისას ისეთ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს სველ ღრუბელზე მიაბიჯებდით. ყოველივე ამასთან ირგვლივ შემცხვარი ქვიშის საზიზღარი, რაღაც აშმორებული სუნი იდგა.
მაგრამ ყველაფერი ხომ გუნება-განწყობილეზეა დამოკიდებული. კაცი ქალის გულთბილობამ განაიარაღა. არაფერია, - ეუბნებოდა თავს, - ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. და თუ გაგიმართლა, რომელიმე საინტერესო მწერს შეხვდები. ყოველ შემთხვევაში მწერები ასეთ გარემოში ცხოვრობენ და ხარობენ.
კაცს წინათგრძნობამ არ უმტყუნა. ვერ მოასწრო კერასთან შეთავაზებულ ადგილას დამჯდარიყო (კერა პირდაპირ სოხანეში ამოჭრილ ორმოში გაეკეთებინათ), რომ რაღაც ბგერა შემოესმა, თითქოს ირგვლივ წვიმის წვეთები ცვივოდა. ამ ბგერას რწყილების გროვა გამოსცემდა. მაგრამ მას ამით ვერ შეაშინებდი. ენტომოლოგი ყოველთვის მზადაა ასეთი მოულოდნელი შემთხვევებისთვის. საჭიროა მხოლოდ ტანსაცმლის შიგაპირს დდტ მოაყარო, ხოლო სხეულის შიშველი ნაწილები ძილის წინ მწერების საწინააღმდეგო მალამოთი დაიზილო.
- მე საჭმელს ვამზადებ, ამიტომ ჯერჯერობით... - ქალი დაიხარა და ლამპა აიღო, -ცოტა მოითმინეთ სიბნელეში,
- კი მაგრამ, ერთი ლამპა გაქვთ?
- დიახ, სამწუხაროდ...
ქალმა დამნაშავესავით გაიღიმა და მარცხენა ლოყაზე ფოსო დააჩნდა. თუ მისი თავალების გამომეტყველებას ყურადღებას არ მიაქცევ, ძალზე მიმზიდველი სახე აქვს, - გაიფიქრა კაცმა, - მაგრამ იქნებ თვალები სტკივა და ამიტომ იყურება ასე? ქუთუთოების ანთებას პუდრიც კი ვერ დამალავს. ძილის წინ თვალის წვეთების ჩაწვეთება არ უნდა დაავიწყდეს...
- ჰო, მაგრამ ჭამამდე დაბანა მინდოდა.
- დაბანა?..
- რაო, შეუძლებელია?
- ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ზეგამდე მოგიწევთ ცდა.
- ზეგამდე? ზეგ ხომ უკვე აქ არ ვიქნები, - უნებლიეთ ხმამაღლა გაიცინა კაცმა - ნუთუ?..
ქალი შებრუნდა, მხრები აუთრთოლდა, ალბათ, გუნება წაუხდა. ეს სოფლის მცხოვრებნი სულაც არ ცდილობენ თავი სხვანაირად მოგაჩვენოთ. კაცმა უხერხულობა იგრძნო და შეცბუნებით გაიღეჭა ტუჩები.
- რაკიღა დაბანა არსად შეიძლება, საკმარისია უბრალოდ წყალი გადვივლო, თორემ მთლად ქვიშითა ვარ დაფარული...
- წყალი, ბოდიში, მაგრამ ერთი ვედრო დამრჩა...ჭა ხომ ძალზე შორსაა.
რარიგ საცოდავ შესახედაობა აქვს. კეთილი, მეტს აღარაფერს ვეტყვი. მაგრამ კაცი მალე დარწმუნდებოდა, რომ აქ დაბანას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
ქალმა მოხარშული თევზი და მოლუსკების წვნიანი, ერთი სიტყვით ზღვის სანაპიროს საჭმელი მოიტანა, სულ არაობას სჯობდა. როგორც კი კაცმა ჭმა დაიწყო ქალმა მის თავზემოთ ქაღალდის დიდი ქოლგა გაშალა.
- რა საჭიროა ეს? ალბათ რაღაც ადგილობრივი წეს-ჩვეულებაა.
- უამისოდ საჭმელიში ქვიშა ჩაცვივა.
- რატომ? - კაცმა გაკვირვებით შეხდა ჭერს, მაგრამ იქ ნახვრეტის ნასახი ვერ დალანდა.
- ქვიშა, იცით... - ქალმაც შეხედა ჭერს,- ყოველი მხრიდან მოფრინავს... ერთი დღე არ გაგვი და სამი თითის დადება დაგროვდება.
- იქნებ, სახურავი დაძველდა?
- ო, არა, როცა ახალი იყო, ქვიშა მაშინაც შემოდიოდა...ამ ქვიშაზე საშინელი ნამდივილად არაფერია. რკილზე უარესია.
- რკილზე?
- ეს ისეთი ხოჭოა ხე ხრავს.
- ალბათ, ტერმიტებია, არა?
- არა, ეგეთბია, იცით, მაგრები.
- ა- ა, მაშინ ხის მჭრელი ხოჭებია.
- ხის მჭრელები?
- მოწითალონი, გრძელულვაშიანები?
- არა, არა, ბრინჟის მარცვლებს ჰგვანან და ყავისფერნი არიან.
- თურმე რა ყოფილა. მაშინ ეს ცისარტყელასებრი ხოჭოა.
- თუ ხელს ჩაიქნევ თვალს არ მიადევნებ, აი ამოდენა დირეს ხელად დაალპობს.
- რა, ცისარტყელასებრი ხოჭო?
- არა, ქვიშა.
- რატომ?
- ქვიშა ყველაფერში ატანს. ხოლო, როცა ქარი ცუდი მხრიდან უბერავს, სხვენზე უცებ იმდენ ქვიშას მოყრის, თუ არ მოაცილე, ლამფის ფიცრები ვერ გაუძლებს.
- ჰო, სხვენზე ქვიშის დაგროვება არ ვარგა... მაგრამ არ გეუცნაურებათ იმის თქმა, რომ ქვიშას დირეს დალპობა შეუძლია?
- რატომ, დაალპობს, მაშ.
- აკი ქვიშა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ძალზე მშრალია?
- სულ ერთია დაალპობს... გეუბნებით დადევთ ახალი გეტები, ქვიშა არ გადაწმინდოთ და ნახევარ თვეში მათგან არაფერი დარჩება.
- არ მესმის, რატომ.
- ხე ლპება და მასთან ერთად ქვიშაც... აბა, სცადეთ, ლამფის ფიცრები მოაცილოთ ქვიშაში ჩამარხულ სახლს. იქ ისეთი პოხიერი მიწა დაგხვდებათ, კიტრი რომ დათესოთ, მოგივათ.
- სისულელეა! - ზიზღით შეიჭმუხნა კაცი. მოეჩვენა თითქოს ქალის უმეცრება ქვიშაზე წარმოდგენას უბღალავდა.- მე ხომ თვითონაც ზოგი რამ ვიცი ქვიშის შესახებ...მოგეხსენებათ, სწორედ ეს ქვიშა მთელი წელი ეგრევე მოძრაობს... მოძრაობაა მისი სიცოცხლე... ქვიშას უბრალოდ არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერდეს...წყალში იქნება თუ ჰაერში, თავისთვის მოძრაობს...აი, რატომ ვერ ცხოვრობს ჩვეულებრივი ცოცხალი არსებები ქვიშაში... ეს ეხება ლპობის გამომწვევ ბაქტერიებსაც... ქვიშას შეგვიძლია სისუფთავის განსახიერება ვუწოდოთ. იგი შესაძლოა ლპობასაც კი უშლის ხელს და იმის თქმა, ხეს ალპობსო, პირდაპირ უაზრობაა...თქვენ იმასაც ამბობთ, თვითონ ლპებაო... ჯერ ერთი, ქვიშა ყოვლად წესიერი მინერალია.
ქალი დაბნეული დუმდა. ქოლგა ისევ ისე ეჭირა. კაცს მეტად სიტყვა აღარ დაუძრავს, აჩქარებით ამთავრებდა სადილს. ქოლგა ქვიშის ისეთი თხელი ფენით დაიფარა, ზედ თითით წერა შეიძლებოდა.
პირდაპირ აუტანელი სინესტეა. არა, ქვიშა კი არაა ნესტიანი, თვით სხეულია გაჟღენთილი სინესტით.
სახურავზე ქარი ზუზუნებდა. კაცმა სიგარეტისთვის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ჯიბე ქვიშით აღმოჩნდა სავსე. მოეჩვენა თითქოს თამბაქოს სიმწარე სიგარეტის მოკიდებამდე იგრძნო.
კალიუმციანიდიანი ქილიდან მწერებს ამოვიღებ, ვიდრე ჯერ კიდევ არ გამხმარან, ქინძისთავებით დავამაგრებ და ფეხებს მაინც გავისწორებ. ისმის, როგორ რეცხავს ქალი ჭურჭელს, სახლის გადმოხურულში. ეტყობა, აქ მის მეტი არავინ ცხოვრობს.
ქალი დაბრუნდა და მდუმარედ დაიწყო ლოგინის გაშლა ოთახის კუთხეში. მე თუ აქ დავწექი, თვითონ სადღა დაიძინებს? რა თქმა უნდა, ჭილოფის იქეთ, იმ მოშორებულ ოთახში; სხვა ოთახები თითქოს არაა. მაგრამ როგორღაც უცნაურია, სტუმარი გასასვლელ ოთახში დააწვინო, საიდანაც კარი გარეთ გადის, თვითონ კი მოშორებულ ოთახში დაიძინო. მაგრამ იქ, იქნებ, მძიმე ავადყოფი წევს, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია?.. დიახ, ეს, მგონი, სწორი აზრია. ყოველ შემთხვევაში ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა სწორედ ასე მეფიქრა. ჯერ ერთი საეჭვოა მარტოხელა ქალი პირველივე შემხვედრს გაუარშიყდეს...
- აქ კიდევ არის ვინმე?..
- ვინმე?..
- ოჯახის წევრთაგანი...
- არავინ, სულ მარტო ვარ, - ქალმა, თოთქოს მისი აზრები ამოიკითხაო, მოულოდნელად შეცბუნებით გაიცინა, - ამ ქვიშამ ყველაფერი დაანესტიანა, საბანიც კი...
- თქვენი ქმარი?..
- შარშან ტაიფუნში... - ქალი ისევ და ისევ ასწორებდა და აბუებდა დაგებულ ლოგინს, მოკლედ სრულიად ზედმეტ საქმეს აკეთებდა. - ჩვენში ხომ საშინელი ტაფუები იცის... ქვიშა წყალვარდნილივით გრიალით გავწყდება. უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ, რომ საღამოს განმავლობაში ერთ ძიოს მოყრის, ან ორსაც კი.
- კი, მაგრამ ორი ძიო ხომ ექვსი მეტრია...
- ასეთ დროს რამდენიც არ უნდა ხვეტო ქვიშა, ვერ აუხვალ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ქმარმა დამიძახა, საქათმე საფრთხეშიაო, და ქალიშვილთან ერთად - ქალიშვილი უკვე საშუალო სკოლაში დადიოდა - სახლიდან გავარდა. მე თვითონ კი სახლიდან გასვლა არ შემეძლო - თვალ-ყურს ვადევნებდი, სახლი მაინც გადარჩენილიყო უვნებლად... - ბოლოს რობირაბო დადგა, ქარი ჩადგა და გარეთ გამოვედი. საქათმე თითქოს მიწას ჩაეყლაპა, აღარც იცინი ჩანდნენ...
- ქვიშამ დამარხა?
- ჰო, პირწმინდად.
- შემაზრზენია... საშინელი ამბავია. ქვიშა და ასეთი... შემაძრწუნებელია...
უეცრად ლამპა აპარპალდა.
- ისევ წამოვიდა ქვიშა.
ქალი ოთხზე დადგა, ხელი გაიწოდა და სიცილით სტაცა თითები პატრუქს. ლამპა მაშინვე აკაშკაშდა. ქალი არ ამდგარა, ისევ ოთხზე დგომი დაჟინებით მიაცქერდა სინათლეს, სახეზე დასწავლილი ღიმილი შეეყინა ალბათ, განზრახ იღიმოდა ასე, რომ ლოყის ფოსო ეჩვენებინა. კაცი უნებლიეთ ერთიანად დაიძაბა, მოეჩვენა, რომ ქალი ერთობ ცინიკოსი იყო - აკი ეს-ესაა თავისიანების დაღუპვის ამბავი მოუყვა?
- ჰეი, კიდვ ერთისთვის მოვიტანეთ ნიჩაბი და ბიდონები.
ხმა მკაფიოდ გაისმა, თუმცა იგრძნობოდა, რომ ლაპარაკობდნენ შორიდან - ალბათ, რუპორით. ამ ხმამ გაფანტა ქალსა და მაამკაცს შორის ჩამდგარი უხერხულობა. შემდეგ მოისმა ძირს ჩამოყრილი თუნუქის საგნების რახუნი. ქალი მუხლებზე წამოიწია, რომ მოლაპარაკისათვის ეპასუხა.
კაცმა იგრძნო გაღიზიანება: მის ზურგს უკან გაუგებარი რამ ხდებოდა.
- რა მოხდა? მაშასადამე, აქ კიდევაა ვიღაც!
- არ გინდათ, გთხოვთ... - ქალი მთლად მოიკუნტა თითქოს შეუღიტინესო.
- აკი ვიღაცამ ამ წუთში თქვა, კიდევ ერთისათვისო.
- აა-ა. ეს... ეს თქვენზე თქვეს.
- ჩემზე?.. მე რა საქმე მაქვს ნიჩაბთნ?..
- არაფერია, არაფერი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას...ისინი ნიადაგ სხვის საქმეში ყოფენ ცხვირს...
- ალბათ, უბრალოდ შეცდნენ, არა?
ქალმა არ უპასუხა, მუხლებზე შემობრუნდა და ადგა.
- ლამპა კიდევ გჭირდებათ?
- მე მგონი, უიმისოდაც იოლას გავალ... თქვენ კი იქ დაგჭირდებათ?
- ო, არა, ეს ჩემთვის ჩვეული სამუშაოა.
- ქალმა დიდი ჩალის ქუდი დაიხურა, რითაც ჩვეულებისამებრ მინდორში მუშაობენ, და სიბნელეში გავიდა.
კაცმა ახალ სიგარეტს მოუკიდა. ირგვლივ რაღაც აუხსნელი ხდებოდა.ზეზე ადგა და ჭილოფის იქეთ გაიხედა. იქ მართლა ოთახი იყო, მაგრამ შიგ საწოლი ვერ დაინახა. საწოლის მაგივრად კედლის ხვრელიდან შემოყრილი ქვიშის გორაკი ჩანდა. კაცი სახტად დარჩა... ეს სახლიც თითქმის მკვდარია... მისი შიგა ნაწილი უკვე საანახევროდ შეუჭამია თავისი საცეცებით ყოვველი მხრიდან გაუწყვეტლივ შემომავალ ქვიშას... ქიშას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ფორმა, გარდა ერთი მერვედი მილიმეტრის ოდენა საშუალო დიამეტრისა... ამის მიუხედავად ვერაფერი აღუდგება წინ ამ უფორმო, გამანადგურებელ ძალას... იქნებ სწორედ ფორმის უქონლობაა ძალის უმაღლესი გამოვლინება?..
კაცი სწრაფად დაუბრუნდა სინამდვილეს. მოიცა, თუ ამ ოთახის გამოყენება არ შეიძლება, მაშინ სადღა უნდა დაიძინოს ქალმა? იგი ახლა წინ და უკან დადის ფიცრის კედლის იქეთ.(მაჯის საათი ცხრის ორ წუთს აჩვენებდა). რა უნდა იქ ასეთ დროს?
კაცმა სოხანეზე წყალს დაუწყო ძებნა. ავზში წყალი ფსკერზეღაა და შიგ ჟანგი დაცურავს. მაგრამ ასეთი წყალიც კი უკეთესია, ვიდრე პირში ქვიშა გქონდეს. კაცმა წყლის ნარჩენი სახეზე შეისხა, კისერი გაიწმინდა და მაშინვე გამხნევდა.
სოხანეზე ცივი ქარი ქშუოდა. გარეთ ამ ქარს, ალბათ, უფრო გაუძლებდა ადამიანი. კაცმა გაჭირვებით გააღო ქვიშამოყრილი კარი და სახლიდან გავიდა. ქარი გზის მხრიდან უბერავდა; იგი მართლაც გაცილებით გრილი აღმოჩნდა. ქარმა კაცის ყურთასმენამდე პიკაპის თხრახთრახი მოაქროლა. თუ გაყურადდები, შეიძლება ადამიანთა ხმა გაარჩიო. იქნებ მოჩვენებაა? მაგრამ იქ, მაღლა ახლა უფრო მეტი გამოცოცხლებაა, ვიდრე დღისით. იქნებ ეს ზღვის ხმაურია? ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.
ლამპის შუქის დანახვაზე ქალი შემობრუნდა.იგი მარჯვედ ხმარობდა ნიჩაბს და ნავთის დიდ ბიდონში ქვიშას ყრიდა. მის უკან ქვიშის შავი კედელი აღმართულიყო. ეს დაახლოებით ის ადგილი გახლდათ, სადაც კაცი დღისით მწერებს იჭერდა. ქალმა ბიდონები აავსო. უცებ ორივეს დასწვდა და კედლისაკენ გაემართა. კაცის გვერდით ჩავლისას თვალები ასწია და ხრინწიანი ხმით თქვა: „ ქვიშა...“ ქალმა ბიდონები დაახლოებით იმ ადგილის მახლობლად დაცალა, სადაც თოკის კიბე ეკიდა, ზემოთ კი ამ ორმოსკენ მომავალი ბილიკი იყო. ქალმა სახიდან ხელის გვერდით ოფლი მოიწმინდა. მის მიერ აქ გადმოზიდული ქვიშა საკმაოდ დიდ გორად იდგა.
- ქვიშას ხვეტავთ?
- რამდენიც უნდა ხვეტო, სულ ერთია ბოლო არა აქვს.
ქალმა, როცა კაცს ცარიელი ბიდონებითურთ ჩაუარა, თავისუფალი ხელი გვერდში ჰკრა, თითქოს მოუღიტინაო. კაცი მოულოდნელობისაგან გვერდზე გახტა, ლამპა კინაღამ გაუვარდა ხელიდან. ლამპა ისევ სჭეროდა, თუ ძირს დაედო და ასევე ეპასუხა? არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, შეყოყმანდა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, ჩემი ეს მდგომარეობა ხელსაყრელიაო, სახეზე ღიმილისმაგვარი რაღაც გამოეხატა, რის მნიშვნელობა თვითონაც არ ესმოდა, ლამპითურთ უგერგილოდ გაემართა ქალისაკენ, რომელმაც ისევე მოჰკიდა ხელი ნიჩაბს. როცა ახლოს მივიდა, ქალის ჩრდილმა მთელი ქვიშის კედელი დაფარა.
- არაა საჭირო, - თქვა ისე, რომ არ შემობრუნებულა. იგი ქშინავდა. - ვიდრე ქვიშის წასაღებ კალთებს ჩამოუშვებდნენ, კიდევ ექვსი ბიდონი უნდა გადავიტანო.
კაცი შეიჭმუხნა. არ ესიამოვნა, რომ თითქოსდა საგანგებოდ გაუქრეს საერთოდ ნაძალადევი მხნე განწყობილება. მაგრამ მისდა უნებურად რაღაც შეეჭრა ვენებში. იფიქრებდი, კანს მიკრულმა ქვიშამ იქ შეაღწია და შიგნიდან ჩაუქრო აგზნებაო.
- იქნებ ცოტათი დაგეხმაროთ?
- არაფერია... არ შეიძლება პირველივე დღესვე გაიძულონ მუშობა, თუნდაც ცოტათი.
- პირველივე დღესვე?.. თქვენ ისევ თქვენსას ამბობთ... მე აქ მხოლოდ ამ ერთ ღამეს გავათევ!
- ჰო?
- რა თქმა უნდა, აკი ვმუშაობ... მომეცით, ნიჩაბი!
- თქვენი ნიჩაბი აგერ, იქა დევს, მაგრამ, იქნებ, საჭირო არაა...
მართლაც, სახლის გადმოხურულში, შესასვლელის მახლობლად, ცალკე იდო ნიჩაბი და სახელურებმიბმული ორი ნავთის ბიდონი. ნიჩაბი და ბიდონები ნამდვილად ამას წინათ გადმოყარეს, როცა ყვიროდნენ „ კიდევ ერთისთვისო“. ყველაფერი მეტისმეტი გულმოდგინებით იყო მომზადებული და კაცს იმის შთაბჭდილებაც კი შეექმნა, თითქოს განზრახვას მიუხვდნენ. მაგრამ მაშინ თვითონაც ხომ არ იცოდა, რომ მუშაობას მოისურვებდა? და მაინც ასეთი საქციელი ადამიანს ამცირებს, - გაიფიქრა და გუნება გაუფუჭდა. ნიჩბის სახელური მსხვილი იყო, დაკორძილი, დიდიხნის ხმარებისაგან გაშავებული - პირდაპირ ხელის მოკიდების სურვილს გიკლავდა.
- ვაი, კალათები უკვე მეზობელთანაა! - წამოიძახა ქალმა, თითქოს კაცის ყოყმანი არც შეუმჩნევიაო. ხმა მხიარული და მიმდობი ჰქონდა, ადრინდებულს სულ არ უგავდა. ამ დროს ადამიანთა გაცხოველებული ხმები, უკვე კარგა ხანია შორიდნ რომ აღწევდა, სულ ახლოდან მოისმა. თანმიმდევრობით მეორდებოდა რიტმული წამოძახილები, რომელთაც შიგადაშიგ ხან წყნარი ჩურჩული წყვეტდა, ხან დახშული სიცილი. მუშაობის რიტმა კაცი მოულოდნელად გაამხნევა. ამ უბრალო, პაწია სამყაროში, ალბათ, მაინცდამაინც დიდ რამედ არ მიჩნიათ, რომ სულ ერთი ღამის გასათევად დარჩენილი სტუმარი ნიჩაბს ჰკიდებს ხელს. უფრო მეტიც, მისი ყოყმანი უცნაურობად მოეჩვენებათ. ლამპა არ წაქცეულიყო, კაცმა ქუსლით ქვიშა ჩააღრმავა და შიგ ჩადგა.
- თხრა, მგონი, ყველგან შეიძლება, ოღონდაც თხარო, ხომ მართალია?
- ო, არა, ყველგან არ შეიძლება...
- აბა, აქ?
- აქ შეიძლება, ოღონდ ეცადეთ კედელს ძირი არ გამოუთხაროთ.
- მთელ სოფელში ამ დროს ხვეტენნ ქვიშას?
- მაშ, ღამით ქვიშა ტენიანია და სამუშაოდ ადვილი... ისე, როცა ქვიშა მშრალია... - ქალმა მაღლა აიხედა, - ვერასოდეს გაიგებ რომელ ადგილას და როდის ჩამოიქცევა.
მართლაც ფლატის ნაპირას თოვლის ნაყარივით წამოშვერილიყო ქვიშის გაბერილი წინაფარა.
- კი, მაგრამ ეს ხომ საშიშია?
- ე-ე, არაფერია, - დამცინავად და ოდნავ კეკლუცურად მიუგო ქალმა. - შეხედეთ, ნისლი მაღლა იწყებს ასვლას.
- ნისლი?..
ვიდრე ისინი ლაპარაკობდნენ, ცაზე ვარსკვლავები შემეჩხერდნენ და თანდათან მქრქალდებოდნენ. ცისა და ქვიშის კედლის ზღვარზე უწესრიგოდ იბოლქვებოდა რაღაც დაბინდული საბურველი.
- ეს იმიტომ, რომ თვითონ ქვიშა იწოვს ძალზე ბევრ ნისლს... ხოლო როცა ქვიშა ნისლით იჟღინთება, სახამებელივით დაჭიმული ხდება.
- როგორ შეიძლება...
- მართალს გეუბნებით... აი, სწორედ ამიტომ ის ლავგარდანი ღამით იზრდება... ხოლო დღისით, როცა ქარი ცუდი მხრიდან უბერავს, მართალია, მართალი, ისე გადმოეკიდება, აი, როგორც სოკოს ქუდი... დღისით ქვიშა გაშრება და მთელი ეს გადმონაშვერი ჩამოიქცევა. ხოლო თუ უხეიროდ დაეცა, ვთქვათ იქ სადაც სახურავის საბჯენი ბოძები წვრილია, ან კიდევ სხვა, მოგჭამათ ჭირი.
ქალს უაღრესად შეზღუდული თვალთახედვა აქვს. ოღონდ, როგორც კი საკუთარ ცხოვრებაზე მიდგება საქმე, ისე ცოცხლდება ვერ იცნობ. ალბათ სწორედა აქაა მისი გულის გასაღები .
კაცს ეს გასაღები მაინცდამაინც არ იზიდავდა, მაგრამ ქალის სიტყვებში ისეთი ნაღვერდალი ენთო, სურვილს უღვიძებდა უხეში სამუშაო ტანსაცმლით დაფარული ისი სხეული შეეგრძნო.
კაცი მუშაობას შეუდგა, დაკბილულ ნიჩაბს მთელი ძალით, გამალებით არჭობდა ქვიშაში.
6
როცა კაცმა ნავთის ბიდონები მეორეჯერ წაათრია, ადამიანთა ხმები მოისმა და ზემოთ, გზაზე, ფარანი აქანავდა.
- კალათები მოიტანეს! აქ კმარა, იქ მომეხმარეთ! - თქვა ქალმა ისეთი კილოთი, შეიძლება უხეშიც კი მოგჩვენებოდათ.
- კაცი ახლაღა მიხვდა, რა დანიშნულება ჰქონდა ზემოთ, კიბის მახლობლად დაწყობილ ქვშიან ტომრებს: მთაზე სრიალებდა თოკი, როცა კალათებს მაღლა სწევდნენ ან ქვევით უშვებდნენ. თითოეულ კალათას ოთხი კაცი ემსახურებოდა. ასეთი ჯგუფი ორი თუ სამი იყო. ძირითადად ესენი, როგორც კაცს მოეჩვენა, ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სწრაფად და მარჯვედ მუშაობდნენ. ვიდრე ერთი ჯგუფის კალათი ივსებოდა, მეორე კალათი უკვე თავის რიგს ელოდებოდა. ექვს გზობაზე ქვიშის გროვა უკვალოდ გაქრა ორმოდან.
- ო, რა ბიჭები არიან, პირდაპირ ცეცხლი უკიდიათ!
კაცმა პერანგის სახელოთი მოიწმინდა ოფლი, მისი კილო გულითადობით იყო აღსავსე. იგი სიმპატიურად განეწყო ყმაწვილების მიმართ, რომლებიც, ეტყობოდათ, მთელი გატაცებით მუშაობდნენ და მის დახმარებაზე არც ერთი დამცინავი სიტყვა არ დასცდენიათ.
- დიახ, ჩემთან მკაცრად იცავენ აღთქმას: „ უერთგულე სამშობლოს სიყვარულის სულს“.
- კი, მაგრამ რა სულია ეს?
- იმ ადგილის სიყვარულის სული, სადაც ცხოვრობ.
- ეს ძალიან კარგია!
კაცმა გაიცინა. მას ქალიც აჰყვა, მაგრამ ქალმა, ეტყობოდა, თვითონ არ იცოდა წესიერად, რა აცინებდა.
შორიდან პიკაპის თრახთრახი მოისმა. პიკაპი მიდიოდა.
- რაო, შევისვენოთ?..
- არ შეიძლება. როცა ისინი ყველას ჩამოივლიან, მაშინვე დაბრუნდებიან თავიანთი კალათებით...
- არა უშავს, დანარჩენი ხვალაც შეიძლება აზიდონ...
კაცმა ხელი ჩაიქნია, ადგა და სახლისაკენ გაემართა, მაგრამ ქალს უკან გაყოლა არც უფიქრია.
- ასე არ ივარგებს. სახლს ერთხელ მაინც უნდა შემოუარო ნიჩბით.
- ირგვლივ?
- ჰო, განა შეიძლება ქვიშას სახლი დავანგრევინოთ?.. ქვიშა ხომ ყოველი მხრიდან ცვივა...
- მაშინ ჩვენ ასე დილამდე ვიცოდვილებთ.
ქალმა თითქოს არაფრად ჩააგდო კაცის ნათქვამი, მსწრაფლ შებრუნდა და გაიქცა. ალბათ ფლატესთან დაბრუნებას და მუშაობას გააგრძელბას აპირებდა. ზედ გამოჭრილი ესპანურაა, - გაიფიქრა კაცმა. - ყველაფერი გასაგებია. ახლა ანკესზე აღარ წამოვეგები.
- საშინელებაა! მერე და ასე მთელი ღამე?
- ქვიშა არც თვითონ ისვენებს და არც ჩვენ გვასვენებს... კალათებიცა და პიკაპიც მთელი ღამე მოძრაობს.
- ჰო, ეტყობა, ასეა...
დიახ, ეს უთუოდ ასეა. ქვიშა არასდროს ისვენებს, არც სხვას ასვენებს. კაცი დაიბნა ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უცებ აღმოაჩინა, რომ გველი, რომელიც პატარა, უწყინარი ეგონა და კუდზე დაუფიქრებლად დაადგა ფეხი, მოულოდნელად ვეება აღმოჩნდა და მისი შხამიანი თავი უკანიდან ემუქრებოდა.
- რაღა გამოდის? მხოლოდ იმისთვის ცხოვრობთ, რომ ქვიშა ხვეტოთ!
- კი, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ადგე და ღამით გაიქცე.
კაცი შეძრწუნებული იყო. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ასეთ ცხოვრებას ზიარებოდა.
- არა, შეიძლება!.. განა ძნელია? ყველაფერს მოახერხებ, თუ კი მოინდომებ!
- არა, არ შეიძლება... - ქალი ნიჩბის დარტყმის კვალად სუნთქავდა და გულგრილი კილოთი განაგრძობდა: - სოფელს ჯერ კიდევ როგორღაც შეუძლია ასე თუ ისე არსებობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დაუღალავად ვხვეტავთ ქვიშას და ამით სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ... ხოლო თუ მუშაობა შევწყვიტეთ, ათი დღეც არ გავა, სოფელს ქვიშა დაფარავს და მისი ნიშან-კვალიც გაქრება... შემდეგ კი... ოჰ-ოჰ, კლათებმა მგონი უკვე მეზობლებთან მოაღწია.
- საინტერესო ამბისთვის ერთობ მადლობელი ვარ... კალათების მზიდავნი ამავე მიზეზით მუშაობენ ასე გულმოდგინეთ?
- დიახ, მაგრამ გამგეობისგან რაღაცას ღებულობენ დღიურად...
- თუ სოფელს ამდენი ფული აქვს, ქვიშისგან თავდასაცავად რატომღა არ რგავს ტყის ზოლებს?
- რომ ვიანგარიშთ, ეს წესი ალბათ გაცილებით იაფი უჯდება... - წესი? განა ეს წესია? - კაცი უცებ გაბრაზდა, გაბრაზდა იმათზე, ვინც ქალს ეს ადგილი შეაყვარა, და თვითონ ქალზე რომელმაც აქაურობა შეიყვარა. - თუ კი ასეა, რატომღა ებღაუჭებით სოფელს. მიზეზი არ მესმის... ქვიშა არც ისეთი უმნიშვნელო რამაა. დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რო თქვენი ჯახირით წინ აღუდგებით ქვიშას. უაზრობაა!.. ამ სისულელეს ბოლო უნდა მოეღოს... უნდა მოეღოს ერთხელ და სამუდამოდ. თანაგრძნობაც კი არ შემიძლია გამოგიცხადოთ!
კაცმა ნიჩაბი შორიახლო დაყრილი ბიდონებისკენ მოისროლა და ყურადრება აღარ მიუქცევა ქალის სახის გამომეტყველებისათვის, ისე შევიდა სახლში.
ძილი არ ეკარებოდა. ქალის საქმიანობას აყურადებდა და ცოტა არ იყოს რცხვენოდა: ვაითუ ჩემი საქციელის საბოლოო ანგარიშით გამოხატავდეს ეჭვს იმისადმი, რაც ქალს აქ აკავებს, იძულებას - მიატოვოს სამუშაო და მალულად ჩამიწვეს ლოგინში? მართლაც ის, რასაც კაცი მძაფრად შეიგრძნობდა უბრალოდ ქალის სისულელით გამოწვეული აღშფოთება კი არ გახლდათ, არამედ გაცილებთ ღრმა რაღაც. საბანი სულ უფრო და უფრო ნოტიოვდებოდა, ქვიშა სულ უფრო ძლიერ ეკვროდა სხეულს, რა უსმართლობაა ეს, რა აღმაშფოთებელი! ამიტომაც თავს ვერ გაიმტყუნებს, რომ ნიჩაბი გადააგდო და სახლში დაბრუნდა. ასეთ პასუხისმგებლობას ვერ იკისრებს. უამოსოდაც საკმარისზე მეტი ვალდებულებანი აქვს. ისიც, რომ ქვიშამ და მწერბმა გაიტაცა, ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ცდა იყო, თუნდაც დროებით გაქცეოდა უფერული არსებობის სამძიმო მოვალეობებს.
არაფრით არ ეძინება.
ქალი შუსვენებლად მიდი-მოდის წინ და უკან. რამდენჯერმე მოახლოვდა და შემდეგ ისევ შორს გასიმა ჩამოშვებული კალათების ხმაური. თუ ასე გაგრძლდა ხვალ კაცს მუშოაბა აღარ შეეძლება. ხვალ ხომ დილაბნელზე უნდა ადგეს და მთელი დღე ხეირიანად გამოყენოს. რაც უფრო მეტად ცდილობს დაძინებას, მით უფრო ფხიზლდება. თვალები ასტკივდა - ეცრემლებოდა, ეხამხამებოდა, მაგრამ ისინი ვერ უმკლავდებოდნენ განუწყვეტლივ მომდინარე ქვიშას. კაცმა პირსახოცი გაშალა და სახელზე დაიფარა. სუნთქვა გაუჭიდა, მაგრამ ასე მაინც შვება იგრძნო.
სხვა რამზე ვიფიქრებ. დახუჭავ თვალებს და რაღაც გრძელი ძაფები ლიცლიცს იწყებენ. ეს დიუნზე მიმქროლავი ქვიშის ნახჭებია.ნახევარი დღეა თვალ მოუშორებლად ვუცქერდი მათ და, ალბათ, თვალის ბადურაზე აღიბეჭდნენ. ქვიშის ასეთი ნაკადები მარხავდნენ, შთანთქავდნენ აყვავებულ ქალაქებსა და დიდ იმპერიებს. ამას, დიახ, ზუსტად, რომის იმპერიის საბულიაციას უწოდებდნენ... ახლა იკითხე ომარ ხაიმის მიერ ხოტბა შესმული ქალაქები?.. მათ ჰქონდა სამკერვალები, საყასბოები, ბაზრები, გარს ერტყა ერთმანეთს გადაქსელილი გზები, რომელთაც თითქოს ვერაფერი აღგვიდა პირისაგან მიწისა. რამდენი წელი უნდა ებრძოლათ ხელისუფლებთან, რომ თუნდაც ერთ-ერთი გზის მიმათულება შეეცვალათ... იკითხეთ ძველი ქალაქები, რომელთა ურყევობა კაციშვილს არ ეეჭვებოდა... მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათაც ვერ გაუძლეს ერთი მერვედი მილიმეტრი დიამეტრის მქონე მოძრავი ქვიშის კანონს.
ქვიშა...
თუ ქვიშას პრიზმით დავაკვირდებით, ფორმის მქოონე ყველა საგანი არარეალურია. რეალურია მხოლოდ მოძრაობა ქვიშისა, რომელიც ყოველგვარ ფორმას უარყოფს. მაგრამ იქ, ცალფიცრიანი თხელი კედლის იქით, ქალი ქვიშის თხრას განაგრძობს. აბა, რა უნდა ჰქნას ასეთი ნაზი, უღონო ხელებით? გინდ ზღვიის ამოხაპვა გიცდია და გინდ ამ ადგილას სახლის აშენება. როცა ხომალდს წყალში უშვებ, უნდა იცოდე, რას წარმოადგენს ეს წყალი.
ამ აზრმა კაცს მოულოდნელად გულდამძიმებულობის გრძნობა გაუქარვა, გრძნობა, გამოწვეული ქალის მიერ ქვიშის თხრისას წარმოქმნილი შხრიალით. თუ ხომალდი წყლისთვის ვარგა, ქვიშისთვისაც უნდა გამოდგეს. თუ უძრავი სახლის ხელფეხშემკვრელი იდეისგან გათვისუფლდებით, ქვიშასთნ ბრძოლა აღარ იქნება აუცილებელი... ქვიშაზე მცურავი თავისუფალი ხომალდი... მცურავი სახლები... უფორმო სოფლები და სახლები...
ქვიშა, ბუნებრივია, სითხე არაა. ამიტომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ზედაპირზე რაიმე დაიჭერს. თუ, მაგალითად, ქვიშაზე დავდებთ საცობს რომელსაც ნაკლები ხვდერითი წონა აქვს, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაიძირება. ქვიშაზე გასაცურად ხომალდს ჩვეულებრივი თვისებებისგან განსხვავებული სულ სხვა თვისებები უნდა ჰქონდეს. მაგალითისთვის ავიღოთ კასრის ფორმის სახლი, რომელსაც გორვით შეუძლია გადაადგილება... თუ ასეთი სახლი თუნდაც ოდნავ იბრუნებს, შეძლებს ზედ დაყრილი ქვიშა მოიშროს და კვლავ ამოვიდეს ზედაპირზე... რა თქმა უნდა, მთელი სახლის განუწყვეტელი ბრუნვისას შიგ მცხოვრებნი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ვერ იგრძნობენ... ალბათ საჭირო იქნება გამოვიჩინოთ გამჭრიახობა - ვათქვათ, თუნდაც ერთი კასრი მეორეში ჩავდოთ... ისე გავაკეთოთ, რომ შიგა კასრის სიმძიმის ცენტრი უცვლელი დარჩეს და იატაკი ყოველთვის ქვემოთ იყო... შიგა კასრის იატაკი უძრავი იქნება და მხოლოდ გარეთა იბრუნებს. ვეება საათის ქანაქარასავით მერხევი სახლი...სახლი - აკვანი... ქვიშების ხომალდი...
სოფლები და ქალაქები განუწყვეტლივ მოძრაობენ, ამ ხომალდების გროვას წარმოადგენენ.
კაცმა ისე ჩათვლიმა ვერ გაიგო.
7
მამლის ყივილზე გაიღვიძა. ეს ყივილი დაჟანგებული საქანელების ჭრიალს ჰგავდა. გაიღვიძა მშფოთვარემ, უსიამოვნოდ. თითქოს ახლახან ინათლა, საათის ისრები კი თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთს აჩვენებდა. მზე მართლაც ისე ანათებდა, როგორ შუადღისას, ხოლო ბინდი იმიტომ იდგა, რომ აქ ორმოს ფსკერი იყო და მზის სხივებს ჯერ კიდევ არ ჩამოეღწია.
კაცი აჩქარებით წამოხტა. სახიდან, თავიდან, მკერდიდან შხრიალით ჩამოეყარა ქვიშა. ტუჩებსა და ცხვირის ირგვლივ ოფლისაგან გამაგრებული ქვიშა მიკვროდა. ქვიშას ხელის ზურგით იწმენდდა და დაბნეულად ახამხამებდა თვალებს. ანთებული თვალებიდან შეუჩერებლივ სდიოდა ცრემლი, თითქოსდა ქუთუთოებზე ხორკლიანი რამ გადაუსვესო. მაგრამ მარტო ცრემლი არ კმაროდა თვალების კუთხებში შექუჩებული ქვიშის ჩამოსარეცხად.
კაცი სოხანეზე დადგმული ავზისკენ გაემართა, რომ თუნდაც ცოტაოდენი წყალი ამოეხაპა, და უცებ ქალი შეაჩნია. იგი კერის გვერდით ფშვინავდა. კაცს ტკივილი დაავიწყდა და სული გაკმინდა.
ქალი დედიშბილა იწვა.
თვალებზე გადაკრულ ცრემლის ბისტში ქალი ბუნდოვან, მქრქალ ლანდად მოეჩვენა. დიასახლისი ჭილოფზე იწვა გულაღმა, ქვეშ არაფერი ეგო, მთლელი სხეული, თავის გარდა, თითქოსდა გამოემზეურებინა. მარცხენა ხელი ძლივს უფარავდა მუცლის ქვედა ნაწილს. სხეულის ის ნაწილები, რომელთაც ადამიანები ჩვეულებრივ მალავენ, შიშველი ჰქონდა, მხოლოდ სახე შეეხვია პირსახოცით, მაგრამ სახის გამოჩენა ხომ არავის ერცხვინებოდა? სახე, რა თქმა უნდა, იმიტომ შეეხვია,რომ ქვიშისგან დაეცვა თვალები, პირი, ცხვირი და მაინც ამგვარ კონტრასტს უფრო მეტად ამკვეთრებდა მისი სიშიშვლე.
მთელ სხეულს ქვიშის მსუბუქი, თხელი ნაფხვენი ეფინა. ქვიშამ დეტალები დაფარა და ხაზი გაუსვა ნაკვთების ქალურობას. ქალი ქვიშით მოვარაყებულ ქანდაკებას ჰგავდა. მოულოდნელად კაცს ენის ქვემოდან მწებვარე ნერწყვი წამოუვიდა, მაგრამ გადაყლაპვა ვერ შეძლო. პირში, ტუჩებსა და კბილებს შორის დაგროვილმა ქვიშამ ნერწყვი შეიწოვა და მთელ პირს გაეტყლაპნა. კაცი სახონესაკენ შემობრუნდა და ქვიშაარეული ნერწყვის გადმოფურთხება დაიწყო, მაგრამ რამდენსაც არ აფურთხებდა, პირში ორკლიანობის შეგრძნება არა და არ უქრებოდა. რანაირად არ იწმენდდა პირს, ქვიშა კი მაინც რჩებოდა შიგ, თითქოს კბილებშუა განუწყვეტლივ იქმნებოდა ახალ-ახალი გროვა.
საბედნიეროდ ავზი კვლავ პირამდე იყო სავსე. კაცმა პირში წყალი გამოივლო, სახე დაიბანა და იგრძნო, რომ ცხოვრებას უბრუნდებოდა. ესოდენ მძაფრად არასოდეს განუცდია წყლის სასწაულმოქმედება. ისევე როგორც ქვიშა, წყალი მინერალია, მაგრამ იმდენად სუფთა, გამჭვირვალე არაორგანული ნივთიერებაა, სხეულს გაცილებით ადვილად უთვისდება, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი ორგანაზმი... კაცმა წყალი ნელ-ნელა ჩაისახა ყელში და ქვისმჭამელი ცხოველის შეგრძნება გაუჩნდა.
კაცი კვლავ შემობრუნდა და შეხედა ქალს, ოღონდ მიახლოება არ მოესურვა. ქვიშადაფრქვეული ქალის ცქერა საამოა, მაგრამ შეხება საეჭვოა სასიამოვნო იყოს.
ღამინდელი აგზნება და ბრაზი ახლა, დღის სინათლეზე, დაუჯერებლად ეჩვენებოდა. ო, რამდენი მოსაყოლი ექნება! თითქოსდა იმისთვის, რომ ყოველი ნანახი მეხსიერებაში აღებეჭდებოდა, კიდევ ერთხელ მიმოეხედა ირგვლივ და საჩქაროდ შეუდგა წასასვლელად მზადებას. პერანგასა და შარვალს იმდენი ქვიშა დაყროდა, ვერ ასწევდი. ასეთი უბრალოდ რამისთვის აღლვება არ ღირდა, მაგრამ ტანსაცმელიდან ქვიშის ჩამოფერთხვა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ქერტლის ჩამოვარცხნაა.
წაღებსაც ქვიშა ეყარა.
წასვლამდე ქალს, ალბათ, რაღაც უნდა უთხრას, არა?.. მეორე მხრივ, რომ გააღვიძოს, მძინარეს ხომ შერცხვება? დიახ, მაგრამ რა უყოს ღამის ქირას?.. იქნებ, სჯობს იქითობისას არტელის გამგეობაში შეიაროს და ფული იმ მოხუცს გადასცეს, რომელმაც გუშინ აქ მოიყვანა?
კაცი ცდილობდა არ ეხმაურა, ჩუმად გავიდა სახლიდან.
მზე მდუღარე ვერცხლისწყალივით შეეხო ქვიშის კედლის კიდეს და ნელ-ნელა მოედო ორმოს ფსკერს. კაცს სახეში მოულოდნელად დამაბრმავებელი შუქი ეცა, რამაც შეაკრთო და თვალები მოახუჭვინა. მაგრამ მომდევნო წამებში ყველაფერი დაავიწყდა და უკვე დაბნეულდა უცქეროდა მის წინ ამართულ ქვიშის კედელს.
დაუჯერებელია! თოკის კიბე, რამით რომ აქ ეკიდა, სადღაც გამქრალიყო.
სანახევროდ ქვიშა ჩაყრილი ტომრები, რომლებიც კაცმა გუშინ შეამჩნია, ძველ ადგილას ეწყო. მაშასადამე, იგი არ ცდებოდა. იქნებ მხოლოდ კიბე დაიმალა ქვიშაში?.. კედელს ეცა და ხელებით დაუწყო გაქექვა. ქვიშა წინააღმდეგობას არ უწევდა, იშლებოდა და ქვემოთ ცვივოდა. მაგრამ ის ხომ ნემსს არ ეძენდა, და თუ მაშინ ვერაფერი იპოვა, რამდენიც უნდა ეთხარა, ხელცარიელი დარჩებოდა... კაცს სრულად მზარდი მღელვარება დაეოკებინა, გაცბუნებულმა კვლავ დაუწყო თვალიერება ქვიშის ფლატეს.
არის თუ არა ისეთი ადგილი, სადაც ასვლა შეიძლება? კაცმა რამდენჯერმე შემოუარა სახლს. თუ ზღვისკენ მიქცეულ ჩრდილოეთის კედელთან სახურავზე ავალ, აქედან ყველაზე ახლოა ორმოს ნაპირი, მაგრამ მანძილი ათ მეტრი მაინც იქნება, შეიძება მეტიც, ამასთანავე, კედელი ყველაზე დახურულია. გარდა ამისა, ჩამოწოლილია ქვიშის ერთობ მძიმე, შესახედავად ძალზე საშიში ქუდი.
შედარებით უფრო დამრეცი ჩანს დასავლეთით კედელი, კონისის შიდა ნაწილივით მოხრილი. ყველაზე ოპტიმისტური გაანგარიშებით აქ დახრილობა ორმოცდაათი, სულ მცირე ორმოცდახუთი გრადუსია. საცდელად ფრთხილად უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. კაცმა ერთი ნაბიჯით აწია და ნახევარი ნაბიჯით ქვევით ჩამოცურდა. მაგრამ მაინც, თუ ეცდები, ასვლა შეიძლება.
პირველ ხუთ-ექვს ნაბიჯზე ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ვარაუდობდა. შემდეგ ფეხები ქვიშაში ეფლობოდა. ვერც კი მოასწრო რიგიანად გაეგო, წინ წავიდა თუ არა, რომ მუხლამდე ჩაეფლო ქვიშაში. უკვე ძალა არ შესწევდა გზა განეგრძო. ოთხზე დამდგარი გაბობღდა, ცდილობდა ასე აევლო ფერდობი, ცხელი ქვიშა ხელისგულებს უწვავდა. ოფლად გაიღვარა, ოფლზე ქვიშა მიეკრა, თვალები ამოელესა. შემდეგ კი ფეხები გაუკავდა და უკვე მოძრაობა აღარ შეეძლო.
დასასვენებლად და სულის მოსასვენებლად შეჩერდა. ეგონა, საკმაოდ წაიწია წინ და თვალი გაახილა, მაგრამ რაოდენ შეძრწუნდა, როცა შენიშნა, რომ ხუთი მეტრიც ვერ გაევლო. მერედა რისი გულისთვის წვალობდა მთელი ეს დრო? ფერდობიც ორჯერ ფრიალო იყო, ვიდრე ზემოდან ჩანდა, ხოლო ის, რაც თავზე გადმოსცქეროდა, უფრო საშინლად გამოიყურებოდა. იგი ზემოთ უნდა აბობღებულიყო, მაგრამ ამის მაგივრად მთელი ძალა, ეტყობა, იმაზე დახარჯა, რომ ქვიშის კედელში ჩაფლულიყო წინ პირდაპირ გადმოწოლილი ქვიშის შვერილი გადაღობებოდა.
კაცმა ხელი შეახო თავზე გადმოწოლილ გამომშრალ შვერილს. იმავე წამს ფეხთქვეშ ქვიშა გამოეცალა. იდუმალმა ძალამ ქვიშიდან ამოაგდო და ორმოს ფსკერზე დასცა. მარცხენა მხარში რაღაცამ ტკაცუნი აიღო, თითქოს საჭემელი ჩხირი გადატყდაო, მაგრამ განსაკუთრებული ტკივილი არ უგვრძნია. ერთხანს სილა შხრიალით ჩამორბოდა ფერდობზე, თითქოს ცდილობდა, მისთვის მიყენებული ტკივილი დაეყუჩებინა. საბედნიეროდ დიდი არაფერი დაშავებია.
სულიერად დაცემა ჯერ ადრე იყო.
ძლივს იკავებდა თავს, რომ არ დაეყვირა. ნელ-ნელა დაბრუნნდა სახლში. ქალს ისევ ისე ეძინა. მას თავდაპირველად წყნარად დაუძახა, შემდეგ სულ უფრო ხმამაღლა დაუწყო ძახილი. ქალი პასუხის ნაცვლად მუცელზე გადაბრუნდა, თითქოს უკმაყოფილებას გამოხატავსო.
ქალს სხეულიდან ქვიშა ცვიოდა და ალაგ-ალაგ ოდნავ გაუშიშლდა მხრები, ხელები, გვერდები, წელი. მაგრამ კაცს საამისოდ არ სცხელოდა. მივიდა და თავიდან პირსახოცი მოაცილა. ქალის რაღაც ლაქებით ერთიანად დაფარული სახე უსიამოვნო და უხეში ჩანდა, ვიდრე ქვიშადაფიფქული სხეული.
ქალის სახის უცნაური სითეთრე, წუხელ ლამპის შუქზე ესოდენ რომ განაცვიფრა, უეჭველად პუდრის ბრალი იყო. ახლა პუდრი გადაცლოდა და მხოლოდ ალაგ-ალაგ შერჩენოდა. ამის დანახვაზე კაცს გაახსენდა იაფფასიანი, უკვერცხოდ გაკეთებული კატლეტები, რომელსაც თეთრ ლაქებათ აჩნია პურის ფქვილი.
ბოლოს ქალმა თვალი ოდნავ გაახილა, მაგრამ კაშკაშა შუქზე ეჭუტებოდა. კაცმა მხრებში ჩაავლო ხელი, მთელი ძალით ანჯღრევდა და მუდარით, სხაპასხუპით ეუბნელოდა:
- მომისმინეთ, კიბე არა! როგორ ავიდე მაღლა? აქედან წასვლა უკიბოდ ხომ შეუძლებელია!
ქალმა დაბნეულად სტაცა ხელი პირსახოცს და რამდენიმეჯერ მიირტყა სახეზე, შემდეგ კაცს ზურგი აქცია და გულდაღმა დაეცა ჭილოფზე. იქნებ, დაირცხვინა? შეუძლია ეს დარცხვენა სხვა დროისთვის გადადოს. კაცს თითქოს მოთმინების ძაფი გაუწყდაო, იღრიალა:
- ეს ხუმრობა არაა! თუ კიბეს ეხლავე არ მომცემ, საქმე ცუდად წაგივა! მეჩქარება! რა უყავი კიბე, დაგლახვროს ეშმაკმა? ხუმრობას თავაისი საზღვარი აქვს! ახლავე მოიტა!
ქალი არ პასუხობდა. ისევ ისე იწვა, მხოლოდ ოდნავ აქნევდა თავს აქეთ-იქით.
უცებ კაცმა თავი რაღაცნაირად დახარა, თვალები ჩაეფერფლა, ყელში კრუნჩხვამ დაუარა, თითქოს სული შეუგუბდა. მიხვდა, რომ ამ დაკითხვას არავითარი აზრი არ ჰქონდა. კიბე ხომ თოკისა იყო... თოკის კიბეს არ შეუძლია თვითონ იდგეს... თუნდაც ხელში გეჭიროს ხელში ვერ მოიმარჯვებ. მაშასადამე, ქალმა კი არ აიღო, სხვა ვიღაცამ, ვინც ზემოთ, გზაზე იყო... კაცს ქვიშიანი გაუპარსავი სახე საცოდავად დაეღმიჭა.
ქალის ქცევა, დუმილი წარმოუდგენლად ავისმომასწავლებელი გახდა. არა უშავს,- ფიქრობდა კაცი, მაგრამ სულის სიღრმეში ესმოდა, რომ ყველაზე საშინელი შიში აუცხადდა: კიბე წაიღეს, ეტყობა, ქალის ნებართვით და, რაღა თქმა უნდა, მისი სრული თანხმობით. იგი უეჭველად ბოროტების თანამონაწილეა. და იქცევა ასე არა სირცხვილის გამო, არამედ იმიტომ, რომ ორჭფულ მდგომარეობაშია. ეს უთუოდ დამნაშავის ქცევაა, შესაძლებელია მსხვერპლისაც, რომელიც მზადაა ნებისმიერი სასჯელი იტვირთოს. მეც გავები რაღა ამ წყეულ მახეში. ნდობით მოვეკიდე ესპანურას, მან კი უდაბნოში შემიტყუა, საიდანაც თავს ვერ დავაღწევ; ზუსტად შიმშილისაგან სულთმობრძავ თაგვს ვგავარ...
კაცი წმაოხტა, კარს ეცა და კიდევ ერთხელ გაიხედა. გარეთ ქარი უბერავდა. მზე თითქმის ორმოს ცენტრს გადმოდგომოდა. გახურებული ქვიშიდან ზემოთ ცხელი ჰაერის ტალღები მიიწევდა და ნეგატივის სველი აფსკებივით ბზინავდა. ქვიშის კედელი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა. ამ კედელმა დიახაც იცოდა ყველაფერი და კაცის კუნთებს და ძვლებს თითქოს ეუბნებოდა, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობააო. კაცს სხეულში ცხელი ჰაერი შეეჭრა. სიცხე სულ უფრო აუტანელი ხდებოდა.
კაცი მოულოდნელად გიჟივით აყვირდა. რაღაც უაზრო სიტყვებს იძახდა, რადგან არ მოიძევებოდა ჩვეულებრივი სიტყვები, რომლებიც მის სასოწარკვეთილების გადმოცემას შეძლებდა. იგი ღრიალებდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა. ეჩვენებოდა თითქოს, ამ საშინელ სიზმარს ყვირილის შეეშინდებოდა, დაეხსნებოდა, თავისი უნებლიე უხეში ხუმრობისთვის ბოდიშს მოიხდიდა და ქვიშის ორმოდან ამოაგდებდა. მაგრამ კაცი ყვირილს არ იყო ნაჩვევი და წვრილი, სუსუტი ხმა ჰქონდა. ამას გარდა, მის ხმას ქვიშა შთანთქავდა, ქარი ფანტავდა და საეჭვოა, შორს გაეგონათ.
უცებ შემაძრწუბელი გრუხუნი გაისმა, კაცმა ხმა გაწყვიტა. ქალის გუშინდელი წინასწარმეტყველებისამებრ ჩრდილოეთის კედელზე გამოწოლილი ქვიშის ლავგარდანს ტენი მოაკლდა და ჩამოიქცა. მთელმა ხალხმა შესაბრალისად დაიკვენესა, გეგონებოდათ, რომელიღაც იდუმალმა ძალამ შეკრაო, და თითქოს მის ტანჯვას ხაზს უსვამსო, ლავგარდანსა და კედელს შორის ღრეჩოებში შხრიალით დაიწყო დენა ნაცრისფერმა სისხლმა. კაცს პირი ნერწყვით აევსო, ძაგძაგებდა, თითქოს დარტყმა თვითონ იგემა...
ეს მაინც წარმოუდგენელია. ყოვლად გაუგონარი ამბავია. განა შეიძლება ადამიანი თაგვივით ან მწერივით შეამწყვდიო მახეში, ადამიანი, რომელიც დაოჯახებულ ნუსხაშია შეტანილი, აქვს სამუშაო, იხდის გადასახადბს და სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურების უფლებით? დაუჯერებელია. აქ ალბათ რაღაც შეცდომაა. დიახ, შეცდომაა. მეტი რა ჩარა იყო, კაცს ეს ამბავი შეცდომად უნდა მიეჩნია.
უწინარეს ყოვლისა, ის, რაც მათ გამიკეთეს, სისულელეა. მე ხომ არც ცხენი ვარ, არც ხარი და ჩემი ნება-სურვილის გარეშე ვერავინ მაიძულებს ვიმუშაო. ხოლო რაკი სამუშაო ძალად არ ვვარგივარ, აღარავითარი აზრი არ აქვს ქვიშის ამ კედლებში ჩამწყვდევას. რად უნდა დამსვან ქალის კმაყოფაზე?
კაცი მაინც რატომღაც გულდაჯერებული ვერ იყო... მან ყოველი მხრიდან შემომდგარ ქვიშის კედელს შეხედა და გაახსნდა (თუმცა ეს ერთობ უსიამოვნო იყო), როგორ მოეცარა ხელი ზედ ასვლისას... თავიც რომ მოგეკლა, კედელთან ვერაფერს გააწყობდი. უსუსურობის გრძნობა კაცს ფარხმალს აყრევინებდა... როგორც ჩანდა, აქ ქვიშის მიერ დაბეჩავებული რაღაც განსაკუთრებული სამყარო არსებობდა, რომელსაც ჩვეულებრივი კრიტერიუმები არ მიუდგებოდა... თუ დაეჭვდებოდი, საამისოდ რამდენიც გნებავდა, იმდენი საბაბი გამოიძებნებოდა... მაგალითად, თუ ბიდონები და ნიჩბები საგანგებოდ მართლა მისთვის მოამზადეს, მაშინ თოკის კიბეც მართლა განზრახ წაიღეს. შემდეგ, განა კაცის საშიშ მდგომარეობაზე არ მეტყველებდა ის, რომ ქალს კრინტი არ დაუძრავს და მისთვის არ აუხსინია თუ რა მოხდა, მაგრამ განწირულის მორჩილებით, ადვილად და მდუმარედ ნებდებოდა თავის ბედს? იქნებ გუშინდელი სიტყვებიც, რომელთაგან შეიძლებოდა ის აზრი გამოგვეტანა, რომ კაცი დიდი ხნით ჩარჩა აქ, უბრალოდ არ წამოცდენია?
ქვიშის კიდევ ერთი პატარა ზვავი ჩამოშვავდა.
შეშინებული კაცი სახლში შებრუნდა. პირდაპირ ქალთან მივიდა, რომელიც წინანდებურად პირქვე იწვა ჭილოფზე, და ხელი ბოროტად მოეღერა. თვალებში უზომო სიძულვილი ჩაუდგა, ტკივილად მოედო სხეულში, მაგრამ უცებ ძალა გამოეცალა, მწოლარეს არც შეხებია, ისე დაეშვა ძირს მოღერებული ხელი. ქალს მართლა გაასილაქებდა, მაგრამ ვაითუ მას სწორედ ამის იმედი ჰქონდა? რა თქმა უნდა, ქალი ცემას ელოდა. დასჯა ხომ იმის აღიარებაა, რომ დანაშაული გამოსყიდულია.
კაცმა ზურგი შეაქცია ქალს, ძირს დავარდა, თავზე ხელები მოივლო და წყნარად აკვნესა. პირი ნერწყვით ჰქონდა გამოვსებული, სცადა გადაეყლაპა და ვერ შეძლო, ყელში გაეჩხირა ლორწოვანი გარსი, ეტყობა, ქვიშის გემოსა და სუნის მიმართ ერთობ მგრძნობიარე გაუხდა და რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო აქ, ქვიშას ვერ შეეჩვეოდა.
ნერწყვი ტუჩების კუთხეებში დაუგროვდა და წაბლისფერ შენადედად ექცა. როცა გადმოაფურთხა, კიდევ უფრო ძლიერ იგრძნო პირში დარჩენილი ქვიშის სიმქისე. სცადა ეს ქვიშაც მოეცილებინა, ამიტომ ტუჩების შიგა მხარეს ენის წვერით ილოკავდა და ფურთხებას განაგრძობდა, მაგრამ საშველი არ იყო. მხოლოდ პირი გამოუშრა და ასტკივდა, თითქოს ანთება დაემართა.
კეთილი. რა იზამ. უთუოდ მოველაპარაკები ქალს და ვეცდები ყველაფერი დაწვრილებით ვაამბობინო. თუ მდგომარეობა სავსებით ნათელი გახდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიპოვი გამოსავალს. წამოუდგენელია მოქმედების გეგმა არ გქონდეს. განა შეიძლება ასეთ სულელურ მდგომარეობას შეურიგდე?.. მაგრამ ქალმა რომ არ მიპასუხოს?.. ეს ნამდვილად ყველაზე საშინელი პასუხი იქნება. ამგვარი რამ კი სულაც არაა გამორიცხული. რა ჯიუტად დუმს!.. მერედა რატომ წევს მუხლმოხრილი, ისე, თითქოს უმწეო მსხვერპლიაო?..
პირქვე მწოლიარე შიშველი ქალის პოზა მეტისმეტად უხამსად გამოიყურებოდა. მასში რაღაც ცხოველური გამოსჭყვიოდა. ქალი თითქოს იმწამსვე ზურგზე გადმობრუნდებოდა, როგორც კი კაცი შეეხებოდა. მარტო ამის გაფიქრებაზე კაცს სირცხვილისგან სული შეუგუბდა. მაგრამ მოულოდნელად შენიშნა, რომ ქალის მტანჯველი ჯალათი იყო, თავისი თავი მის აქა-იქ ქვიშით მოფიფქულ სხეულზე წარმოიდგინა და მიხვდა... ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა... მოხდებოდა და მაშინ აღარაფრის თქმის უფლება არ ექნებოდა...
უცებ კაცს მუცლის ქვემოთ მწვავე ტკივილმა დაუარა. საშარდე ბუშტი გასკდომაზე ჰქონდა და გათავისუფლებას ითხოვდა.
8
კაცმა მოშარდა და შვება იგრძნო, იდგა და მქისე ანაორთქლს ისუნთქავდა... იმის იმედი არ ჰქონდა, რაიმე საშველი გამოჩნდებოდა. უბრალოდ არაფრით არ შეეძლო თავი აეძულებინა სახლში შეედგა ფეხი. ქალისაგან მოშორებული უფრო ნათლად ჩაწვდა, რა საშიში იყო მის გვერდით ყოფნა. არა, მთავარი უთუოდ გახლდათ არა თვით ქალი, არამედ ის, თუ როგორ იწვა, მისი პოზა. კაცს არასდროს ენახა ასეთი ურცხვი ქალი. არასგზით არ დავბრუნდები სახლში. ქალის პოზა მეტისმეტად საშიშია.
არსებობს გამოთქმა: ცოცხალ-მკვდარი. ესაა ერთგვარი დამბლა, რომელიც ემართება მწერებისა და ობობების ზოგიერთ სახეობას, როცა მათ მოულოდნელად დაესხმებიან თავს... დამსხვრეული გამოსახულება... აეროდრომი, სადაც სადისპეჩერო გიჟებმა იგდეს ხელთ... უნდოდა ერწმუნა, რომ უმოძრაობა, რაც მას დაეუფლა, ყოველ მოძრაობას შეაჩერებდა სამყაროში, ისევე როგორც ზამთრის პირქუშს მიცემული ბაყაყებისთვის ზამთარი არ არსებობდა.
ვიდრე კაცი ოცნებობდა, მზემ უფრო დააცხუნა. კაცი ცხრად მოიკაკვა თითქოს იმისთვის, რომ მწველი სხივები აერიდებინა. შემდეგ მკვირცხლად დახარა თავი, პერანგის საყელოზე ხელი იტაცა და მაგრად ჩამოსწია. სამი ზედა ღილი აწყდა. საყელოს შიგნით ჩაყრილ ქვიშას როცა იფერთხავდა, კვლავ გაახსენდა ქალის სიტყვები, ქვიშა არასოდეს არაა მშრალი, ყოველთვის საკმაო ტენი აქვს, რათა ირგვლივ ნელ-ნელა დაალპოს ყველაფერი. კაცმა პერანგი გაიძრო და ქამარი მოაშორა, რომ შარვალში ცოტათი ქარს გაევლო. ასე კი საერთოდ საეჭვოა, ამდენი მშფოთვარების გამომჟღავნება აუცილებელი ყოფილიყო. უგუნებობა როგორც უეცრად დაეუფლა, ასევე სწრაფად გაუქრა. ეტყობა, ქვიშის ტენი თავის ჯოჯოხეთურ ძალას მაშინვე კარგავს, რა წამს ჰაერს შეეხება.
ამ დროს კაცს აზრად მოუვიდა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ქალის სიშიშვლის ჩემეული ახსნა ერთობ ცალმხრივია. რა თქმა უნდა, იმას ვერ იტყვი, თითქოს ქალს არ ჰქონდა იდუმალი სწრფვა მახეში გავები, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ეს იყო მხოლოდ ჩვეულება, იმ პირობებით ნაკარნახვი, რომელშიც თვითონ ცხოვრობს. ცხადია, იგი მხოლოდ განთიადზე წვება დასაძინებლად. ძილში ადამიანი ადვილად იოფლება. თუ დღისით გიწევს ძილი, თანაც ქვიშის გავარვარებულ თასში, სავსებით ბუნებრივია, გაშიშვლების სურვილი გაგიჩნდეს. ქალის ადგილზე მეც გავშიშვლდებოდი, თუ ამგვარი შესაძლებლობა მომეცემოდა...
ამ აღმოჩენამ როგორღა მაშინევ გაუქრო მძიმე გრძნობა, ისევე როგორც ნიავი მკაფიო საზღვარს ავლებს სხეულზე ქვიშასა და ოფლს შორის. აზრი არა აქვს კიდევ უფრო გააძლიერო შენი შიში. ნამდვილი მამაკაცი, რამდენიც გნებავთ იმდენ ფოლადისა და რკინა-ბეტონის კედელს დალეწავს და გაიქცევა. არ შეიძლება სასოწარკვეთილება დაგეუფლოს საკეტის პირველი დანახვისთანავე, როცა არ იცი, არის თუ არა მისი გასაღები... კაცი ნელა გაემართა სახლისაკენ, ფეხები ქვიშაში ეფლობოდა... ამჯერად ვილაპარაკებ მშვიდად და ქალისაგან გავიგებ ყველაფერს, რაც კი მჭირდება... ქალი მართალი იყო, კრინტი რომ არ დაძრა, როცა თვითონ ყვირილით მივარდა... მაგრამ იქნებ იმიტომ დუმდა, უბრალოდ შერცხვა: არ უზრუნია იმაზე, რო კაცს შიშველი არ ენახა.
9
სახლის გარეთ გავარვარებული ქვიშის თვალის მომჭრელ ელვარებას ოთახში ბინდი, სიცივე და სინოტივე შეენაცვლა. დახშულ, ცხელ ჰაერს ობის სუნი დაჰკრავდა. კაცს უცებ მოეჩვენა, თითქოს ჰალუცინაციები ეწყებოდა.
ქალი არსად ჩანდა. კაცი წამით გაშეშდა.
კმარა გამოცანები! საერთოდ კი არავითარი გამოცანები არ არსებობს. ქალი, ქალი რა თქმა უნდა, აქაა.
დიასახლისი თავდახრილი, მდუმარედ იდგა პირსაბანთან დადგმული ავზის წინ, კაცისკენ ზურგშექცეული.
ქალს უკვე ჩაეცვა. მის ტანსაცმელს - კიმონოსა და შარვალს, რომელთა მკრთალი სიმწვანე ხასხასა ფერის ნახჭებს ეხამებოდა, - თითქოსდა პიტნის ბალზამის გამაცოცხლებელი სურნელი ასდიოდა. აქ უკვე ვეღარაფერს იტყოდი. კაცი ისევ ერთობ ბევრს ფიქრობდა ქალზე. არცაა საკვირველი: ამას სავსებით დაუჯერებელ პირობებში, თანაც როცა წესიერად არც გამოუძინებია, შეუძლებელია წარმოსახვა არ გამძაფრებოდა.
ქალი ცალი ხელით ავზს ეყრდნობოდა, შიგ იცქირებოდა და წყალზე თითით ნელ-ნელა ხაზავდა წრეებს. კაცი ქვიშისა და ოფილსაგან გაყვითლებყლ პერანგს ენერგიულად იქნევდა და იგი მჭიდროს დაეხვია ხელზე.
ქალმა მიმოიხედა, ყურადღება დაძაბა. მისი სახე ისე უშუალოდ გამოხატავდა უსიტყვო კითხვას, ვედრებას, გეგონებოდათ, მთელი თავისი დღეები სწორედ ამ გამომეტყველებით იცხოვრაო. კაცს უნდოდა შესაძლებლობისამებრ ისე დაეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდარა.
- ცხელა, ხომ მართალია?.. ამგვარ სიცხეში პირდაპირ სურვილი გიქრება პერანგის ჩაცმისა.
- ქალი წინანდებურად უნდობლად, კითხვის გამომხატველი მზერით, წარბშეკრული უცქერდა. ბოლოს გაუბედავი, ნაძალადევი სიცილით, ჩამწყდარი ხმით თქვა:
- ჰო... მართალია... როცა ჩაცმული ოფლიანდები, მთლად ქვიშის გამონაყარით იფარები...
- ქვიშის გამონაყარით?
- ჰო... კანი წითლდება, ისეთი ხდება, როგორიც დამწვრობის შემდეგ, და ძვრება.
- ჰმ, ძვრება?.. მე მგონი უბრალოდ ლპება სინოტივისგან.
- შეიძლება, ამიტომ... - ქალი თითქოს ცოტათი გათამამდა, თანდათან ენას იდგამდა. - როგორც კი ოფლი მოგვადგება, ვცდილობთ ყველაფერი მოვიცილოთ, რის მოცილებაც შეიძლება... ხომ ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ, აქ არ გეშინია, რომ ვინმეს თვალში მოხვდები...
- ჰო რა თქმა უნდა... მერწმუნეთ, მეუხერხულება, მაგრამ მაინც მინდა ამ პერანგის გარეცხვა გთხოვთ.
- კარგი, ხვალ სწორედ წყალს მოიტანენ.
- ხვალ?.. ხვალ, მგონი, ცოტა გვიან იქნება... - კაცმა ამოიბზმუილა. მან მარჯვედ მოახრეხა საუბარი საჭირო გზით წარემართა. - სიტყვამ მოტანა და, ბოლოს და ბოლოს როდის ამიყვანენ მაღლა?.. ჩემთვის ეს ყველაფერი უაღრესად უხერხულია... ჩემისათანა ჩვეულებრივი მოსამსაუხურისთვის დადგენილი წესის დარღვევას ნახევარი დღითაც კი შეიძლება ფრიად სერიოზული შედეგები მოჰყვეს... არც ერთი წუთის დაკარგვა არ მინდა... ხეშეშფრთიანები ის მწერები გახლავთ, რომლებიც ზედ მიწის პირას დაფრინავენ... ქვიშნარ ადგილებში ძალზე ბევრნი არიან, იცით, როგორებია?.. მინდოდა სწორედ ამ ჩემი შვებულების დროს მეპოვა მათი თუნდაც რომელიმე ახალი სახეობა...
ქალი ტუჩებს აცმაცუნებდა, მაგრამ არაღაფერს ამბობდა. ეტყობოდა, თავისთვის იმეორებდა უცნობ სიტყვას - „ხეშეშფრთიანებს“. კაცმა შეუცდომლად იგრძნო, რომ მან კვლავ დაიხშო გული, ამიტომ, თითქოს შემთხვევით, საუბრის თემა შეცვალა.
- ნუთუ არავითარი საშუალება არ მოგეძევებათ სოფლის სხვა მცხოვრებლებთან კავშირის დასამყარებლად?.. რა იქნება, მაგალითად, რომ ნავთის ბიდონები ავბრახუნოთ?
ქალმა არ უპასუხა. წყალში ჩავარდნილი ქვის სისწრაფით კვლავ თავისი მხსნელი დუმილი მოიშველია.
- ერთი მითხარით, რა მოხდა?.. რატომ დუმხართ? - კაცს ლამის მოთმინების ძაფი გაუწყდა, ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეღრიალა. - არ მესმის, რა მოხდა... თუ ეს შეცდომაა, მივიჩნიოთ შეცდომად და ყველაფერი რიგზე იქნება... რაც იყო, იყო, აურზაურის ატეხვას მე არ ვაპირებ. ამიტომ დუმილი იმაზე უარესია, რის გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. კარგი, არიან ზუსტად ასეთივე მოსწავლეები, რომელთაც ყოველთვის ვეუბნები: რაც უნდა გვაჩვენებდეთ თავს, დანაშულს თავად ვკისრულობთო, ეს ყველაზე ლაჩრული საქციელია - მეთქი... თუ გნებავთ თქვენი ქცევა გაამართლოთ, უცებ თქვით, რა მოხდა!
- ჰო, მაგრამ... - ქალმა თვალები მოარიდა, მისმა ხმამ კი მოულოდნელად მტკიცედ დაიჟღერა. -ალბათ, უკვე თვითონაც მიხვდით.
- მივხვდი? - კაცი არც ცდილა ელდა დაემალა.
- ჰო, ვფიქრობდი, ალბათ, უკვე მიხვდა-მეთქი.
- არაფერსაც არ მივმხვდარვარ! - კაცმა მაინც იყვირა,. - როგორ უნდა მივხვდე! განა შეიძლება მივხვდე როცა არაფერს ამბობენ?
- კი, მაგრამ ქალს ასეთ ცხოვრებაში მართლადა რა ძალუძს შიშველი ხელებით...
- მერედა ჩემთან რა კავშირი აქვს ყოველივე ამას?
- ჰო, ალბათ, მე ვარ დამნაშავე თქვენ წინაშე...
- რას ნიშნავს „დამნაშავე“?.. - კაცს მღელვარებისგან ენა დაება. - მაშ აქ შეთქმულება მოაწყვეს?.. ხაფანგში სატყუარა დადეს... ფიქრობდნენ ძაღლივით, ან კატასავეთ შევვარდებოდი, ოღონდ შიგ ქალი დაესვათ?..
- სწორია, მაგრამ მალე ხომ ჩრდილოეთის ქარები და ქვიშის ქარიშხლები დაიწყება - მათი ძალიან გვეშინია... - ქალმა წამიერად გახედა ყურთამდე ღია კარს. მის ერთფეროვან, წყნარ ხმაში უდრტვინველი რწმენა იგრძნობოდა.
- ეს ხუმრობა როდია! უაზრობასაც თავისი საზღვარი აქვს! ეს იგივე უკანონო დატუსაღებაა... ნამდვილი დანაშაულია... თითქოსდა არ შეიძლებოდა ძალადობა არ გამოგეყენებინათ: ვთქვათ, მაგალითისთვის, დღიური ქირით აგეყვანათ უმუშევრები. უმუშევრები კი თავზე საყრეალადაა!
- მაგრამ ხომ ძალინ ცუდი იქნება, რომ გაიგებენ, როგორ ცხოვრობთ.
- სამაგიეროდ მე რომ გავიგებ, ეს საშიში არაა?.. უაზრობაა!.. ძალიანაც ცდებით!.. რარიგ სამწუხაროც უნდა იყოს, მაწანწალა როდი გახლავართ! გადასახადსაც ვიხდი და მუდმივი საცხოვრებელიც მაქვს... მალე განცხადებას შეიტანენ ჩემ მოსაძებნად და მაშინვე აქ ყველას მოგხვდებათ! ნუთუ გასაგები არაა? ასეთი უბრალო რამეც კი?.. საინტერესოა, როგორ აპირებთ თავის მართლებას?.. აბა, ერთი დამნაშავეს დაუძახე... მე მას კა-ა-ა-რგად ავუხსნი, რა სულელური საქმე წამოიწყო!
ქალმა თვალები დახარა და ჩუმად ამოიოხარა. მხრები ჩამოუცვივდა, მაგრამ არც კი განძრეულა. ზუსტად უბედური ლეკვივით იქცეოდა, რომლესაც მეტად ძნელი ამოცანა მისცეს. კაცი ამან უფრო გააშმაგა.
- აბა, რას ზოზინებ, ვერ გაგიბედავს?.. აქ საკითხი მარტო მე როდი მეხება. მაშასადამე, შენც ჩემისთანა მსხვერპლი ხარ? რაო, არა? ახლახან თვითონ არ თქვი, თუ იქ გაიგებენ, როგორ ვცხოვრობთ, ცუდი იქნებაო... განა ეს არ ამტკიცებს, რომ თავად აღიარებ, ამგვარად ცხოვრება არ შეიძლებაო. მოიშორე ეს ყოვლისმიმტევებელი გამომეტყველება - შენ ხომ ისე გექცევიან, როგორც მონას! არავის ჰქონდა შენი აქ ჩასმის უფლება!.. აბა, სწრაფად დაუძახე ვინმეს! იცოდე, აქედან თავს დავაღწევთ!.. აჰა, მესმის... გეშინია, ხომ?.. სისულელეა!.. რის გეშინია!.. მე ხომ შეთან ვარ... მეგობრებიც მყავს, რომელნიც გაზეთში მუშაობენ... ყოველივეს ისე წარმოვადგენთ, როგორც სოციალურ პრობლემას... აბა, რაო? რას დუმხარ?.. ხომ გეუბნები, შესაშინებელი არაფერი გჭირს-მეთქი!
- გავაკეთო სადილი?
10
კაცი მალულად, ცალი თვალით უცქერდა, როგორ თლიდა ქალი კარტოფილს და ტანჯვით ფიქრობდა: უნდა ვჭამო თუ არა საჭმელი, რომელსაც იგი ამზადებს?
ახლა სწორედ სიმშვიდე და გულცივობაა საჭირო... ქალის ზრახვები ნათელია და ყოველგვარი ყოყმანი უნდა დასძლიო. ფუჭი იმედებით კი არ უნდა ინუგეშო თავი, სინამდვილეს თვალი გაუსწორო და აქედან თავდასაღწევად რეალური გეგმა შეიმუშაო. უკანონო მოქმედების ბრალდება მომავლისთვის გადავდოთ... შიმშილი კი მხოლოდ თრგუნავს ნებისყოფას... ხელს უშლის ძალის მოკრებას. სამაგიეროდ, მეორეს მხრივ, თუ კატეგორიულად არ შეურიგდები ახლანდელ მდგომარეობას, ალბათ უარი უნდა თქვა საჭმელზე. სასაცილო იქნებოდა ერთსა და იმავე დროს ბრაზობდე და ჭამდე. ძაღლიც კი, როცა აჭმევენ, კუდს ამოიძუებს.
მაგრამ ნუ ვიჩქარებთ... რა საჭიროა ასეთი თავდაცვითი პოზიციის დაკავება, როცა არ იცი, რამდენად შორს აპირებს ქალი შეტოპვას... ლაპარაკიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ მუქთად მოგცემს რაიმეს, არავითარ წყალობას არ გაიმოიმეტებს!.. საჭიროა წესიერად გადაიხადო მთელი საჭმელის ფული... და თუ ფული გადახდილია, არ იგრძნობ, რომ ვალი გაქვს, სულაც არ იგრძნობ... კრივის სატელევიზიო კომენტატორსაც ბევრჯერ უთქვამს, იერიში თავდაცვის საუკეთესო სახეაო.
ამრიგად, კაცმა მშვენიერი საბაბი გამონახა საჭმელზე უარის სათქმელად და შევებით ამოისუნთქა. უეცრად თითქოს და ერთად თვალი აეხილა, იპოვა იმ აზრის ძაფი, რომელიც ნიადაგ უსხლტებოდა. ქვიშა ხომ არაა მისი მთავარი მტერი? და თუ ისაა, არა ღირს ამაოდ დაისახოს რაღაც გადაუჭრელი ამოცანები, ვთქვათ, მაგალითად, ფოლადის ურდულების გაგლეჯა, ანდა რაღაც ამდაგვარის გაკეთება. რაკიღა თოკის კიბე აღებულია, შეიძლება გააკეთო ხისა. რაკიღა ქვიშის კედელი ერთობ ციცაბოა, შეიძლება მოთხარო, რომ დამრეცი გახდეს... თუ ოდნავ მაინც გაანძრევ ტვინს, ყველაფერი გადაწყდება... იქნებ ეს მეტისმეტად უბრალო რამაა. მაგრამ თუ მიზანს პასუხობს, რაც უფრო უბრალოა, მით უფრო უკეთესია. როგორც კოლუმბიის კვერცხის ამბავი გვიჩვენებს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრალოდ გამოიყურება, სისულელე გეგონება. თუ სიძნელეების არ შეგეშინდება, თუ კი კაცურად იბრძოლებ... მაშინ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული...
ქალმა კარტოფილის თლა დაამთავრა, დაჭრა, დაუმატა ფოთლებთან ერთად, დანამცეცებული ბოლოკი და კერაზე ჩამოკიდებულ რკინის ვეება ქვაბში ჩაყარა. პოლიეთინის პარკიდან გულდასმით ამოიღო ასანთი, ცეცხლი გააჩაღა, ასანთი ისევ ჩადო თავის ადგილას, შეახვია და რეზინი შემოუჭირა. შემდეგ საწურში ბრინჯი ჩაყარა და წყალი დაასხა, ალბათ ქვიშის მოსაცილებლად. ქვაბში შეჭამანდმა თუხთუხი დაიწყო, დადგა ბოლოკის უსიამოვნო სუნი.
- წყალი, მართალია, ცოტა დარჩა, მაგრამ შეგიძლიათ პირიც დაიბანოთ.
- ო, არა, პირის დაბანას მირჩევნია დავლიო...
- ოჰ, მაპატიეთ... დასალევი წყალი სხვა ადგილასაა. - ქალმა პირსაბანის ქვემოდან პოლიეთილენში გახვეული დიდი კარდალა გამოიღო. - ძალზე ცივი არაა, მაგრამ სამაგიეროდ დიდხანს ვადუღე, რომ დალევა შეიძლებოდეს.
- კი, მაგრამ ავზში ცოტა წყალი თუ ჩატოვე, ჭურჭელს რით გარეცხავ.
- ჭურჭელს ქვიშით ვწმენდ და ძალიან სუფთავდება.
ამის თქმის თანავე ქალმა ფანჯარასთან ერთი მუჭა ქვიშა აიღო, დაყარა თეფშზე, რომელიც ხელში ეჭირა, თეფშს ქვიშა რამდენჯერმე წრიულად გაუხახუნა და კაცს უჩვენა. კაცმა წესიერად ვერ გაარჩია, თეფში გასუფთავდა თუ არა, მაგრამ გადაწყვიტა, ალბათ გასუფთავდაო. ყოველშემთხვევაში ქვიშის გამოყენებაზე ზუსტად ასეთი წარმოდგენა ჰქონდა თვითონაც დიდი ხნის წინათ.
კაცი ისევ ქოლგის ქვეშ ჭამდა. მოხარშული ბოსტნეული, გამხმარი თევზი... ყველაფერი ოდნავ ქვიშით იყო შენელებული... შეგვეძლო ერთად გვეჭამა, ქოლგა რომ ჭერზე ეკიდოს, - გაიფიქრა კაცმა, მაგრამ შეეშინდა: ქალი ამას ისე გაიგებს, ჩემთან დაახლოებას ცდილობსო. დაბალი ხარისხის ჩაი, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ჩანდა მაგარი, თითქმის უგემური იყო.
როცა კაცმა ჭამა დაამთავრა, ქალი პირსაბანთან დაჯდა, თავზე პოლიეთილენის ნაჭერი გადაიფარა და ნელა დაიწყო ჭამა. ახლა რომელიღაც მწერს ჰგავს, - გაიფიქრა კაცმა, - ნუთუ მთელი სიცოცხლე ასე ცხოვრებას აპირებს?.. თუ ორმოს სხვა თვალით შევხედავთ, იგი ვეებერთელა მიწის პაწაწინა ნაგლეჯია, მაგრამ მისი ფსკერიდან მარტოოდენ უნაპირო ქვიშა და ცა მოჩანს... აქ ერთფეროვანია ცხოვრება, თვალებში სამუდამოდ ჩაბეჭდილ თითქოსდა გაყინულ სურათს ჰგავს... და ასე ერთფეროვნებით ცხოვრობს ქალი, მოსაგონარიც კი არა გააჩნია რა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი კეთილი სიტყვა არ მოუსმენია. ალბათ ქალიშვილივით აუტოკდა გული, როცა ხაფანგში გამაბეს და, როგორც განსაკუთრებული წყალობა, ჩემი თავი უბოძეს... ო, რარიგ მეცოდება...
კაცს სურვილი გაუჩნდა, რაღაც ეთქვა ქალისთვის, და საუბრის ძაფი რომ გაება, გადაწყვიტა სიგარეტი მოეწია.
აქ პოლიეთილენი მართლაც პირველი საჭიროების საგანი იყო. უამისოდ ვერას გახდებოდი, აი რამდენ ხანს ეჭირა, ანთებული ასანთი სიგარეტთან და ვერაფრით მოუკიდა. პაპიროსს მთელი ძალით ქაჩავდა, ისე რომ ლოყები კბილებშუა ექცეოდა, მაგრამ მარტოდენ კვამლის გემოს შეიგრძნობდა. ეს სქელი ნიკოტინიანი კვამლი მხოლოდ აღიზიანებდა ენას და აღარაფრით არ ცვლიდა მოწევას. კაცს გუნება გაუფუჭდა, არათუ რაიმე ძაფი გაუბამს, საერთოდ გაუქრა ლაპარაკის სურვილი.
ქალმა ჭუჭყიანი ჭურჭელი მოკრიბა, სოხანეზე ერთმანეთს მიაწყო და აუჩქარებლად შეუდგა ზედ ქვიშის დაყრას.
- იცით... დროა სხვენიდან ქვიშა გადმოიყაროს, - აშკარად ძალისძალად, გაუბედავად თქვა მან.
- ქვიშა გადმოიყაროს? ა-ა, რა გაეწყობა, კი ბატონო - მიუგო კაცმა და გუნებაში გულგრილად გაიფიქრა: - მერედა მე რა შუაში ვარ? გაუშვი დალპეს დირეები, დაილეწოს საბჯენები, რა ჩემი საქმეა?
- თუ ხელს გიშლით იქნებ სჯობდა სადმე წავსულიყავი?
- ბოდიში, გეთაყვა, მაგრამ...
რა საჭიროა თავის სხვად მოჩვენება! ქალმა ხომ ესეც არ ისურვა, სული კი თითქოს ღრძო აქვს... ძალზე ჩვეული მოძრაობისათვის ნიშანდობლივი სისწრაფით სახის ქვედა ნაწილი ორად გაკეცილი პირსახოცით აიხვია, ცოცხი და ფიცრის ნატეხი ამოიღლიავა და განჯის თაროზე აძვრა. განჯისა მარტო საგდული შერჩენოდა.
- მართალი რომ გითხრათ, თუ ჩემი აზრი გნებავთ, ასეთი სახლი უმჯობესია დაინგრეს!..
კაცი თვითონ დააბნია თავისმა მოულოდნელმა გაღიზიანებამ, რითაც ეს ფრაზა იყვირა, ქალი კი უფრო მეტად დაბნეული, შემობრუნდა მისკენ. ერთი შეხე, თითქოს ჯერ კიდევ საბოლოოდ არ ქცეულა მწერად...
- არა, არ იფიქროთ, თითქოს მხოლოდ თქვენზე ვბრაზობ განსაკუთრებულად... გატყობთ აქ ყველას გგონიათ, რომ ადამიანი უკვე ჯაჭვით დააბით. ასეთი ინტრიგები არ მეჭაშნიკება, გასაგებია? გასაგებიც რომ არ იყოს, ჩემთვის სულ ერთია. გინდათ, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით... დიდი ხნის ამბავია. დაქირავებულ ოთახში ყოვლად უვარგისი ქოფაკი მყავდა... საოცრად ხშირბეწვიანი. ბეწვი ზაფხულშიაც არ სცილდებოდა... ყოველთვის ისეთი პირქუში შესახედაობა ჰქონდა, გადავწყვიტე გამეკრიჭა... და აი, როცა კრეჭა დავამთავრე და ბეწვის გადაყრას ვაპირებდი, არ ვიცი რა მოელანდა, უცებ აყმუვლდა, ბეწვის გუნდას პირი დაავლო და თავის კუთხეში გაიქცა... შეიძლება ჩამოპარსული ბეწვი თავისი სხეულის ნაწილად მიიღო და განშორება დაენანა. - კაცმა მალულად შეხედა ქალს, როგორ მიიღებს ამ ამბავსო. მაგრამ განჯინის თაროზე არაბუნებრივად მოკუნტულ ქალს პოზა არ შეუცვლია, ისიც კი არ უცდია, კაცის მხარეს მიტრიალებულიყო. - ჰო, კარგი... ყოველი ადამიანი თავისებურად სჯის... ქვიშის თხრას ეხება საქმე თუ ნებისმიერ სხვა რამეს... გეთაყვა, მიეცით თქვენი ნება-სურვილისამებრ. მე კი ამას არამც და არამც არ მოვითმენ. კმარა! კიდევ ცოტაც და მერე მიაყარონ კაკალი... თქვენ ტყუილა არ მაფასებთ ჯეროვნად... თუ მოვინდომე, გავიქცევი კიდეც, თანაც ადვილად... აი, სწორედ სიგარეტები გამითავდა...
- სიგარეტები. - ქალის მიამიტობა ლამის სულელურად მიგეჩნიათ. - სიგარეტები მოგვიანებით იქნება, როცა წყალს მოიტანენ...
- სიგარეტები?.. სიგარეტებიც?.. - კაცმა თავისდა მოულოდნელად ჩაიფრუტუნა. საქმე ეგ კი არა, ჩამოპარსული ბეწვია, ჩამოპარსული ბეწვი... ნუთუ ვერ გაიგებთ, მინდა ვთქვა, ჩამოპარსული ბეწვისთვის არ ღირს დავიდარაბის ატეხვა-მეთქი.
ქალი დუმდა, არ ეტყობოდა, რომ თავის გასამართლებლად რაიმეს თქმას აპირებდა. ცოტა ხანი იცადა და, როცა დარწმუნდა, კაცმა ლაპარაკი დაამთავრაო, აღუშფოთველი იერით განაგრძო შეწყვეტილი საქმიანობა. განჯინის მაღლა სხვენზე ასასვლელი სახურავი გადასწია, წელამდე შეძვრა შიგ, იდაყვებს დაეყრდნო და ზევით ასვლა დაიწყო, რის დროსაც ფეხებს უგერგილოდ აქანავებდა. აქა-იქ წვრილ ძაფებად დაეშვა ქვიშა. კაცმა გაიფიქრა, სხვენზე ალბათ რაღაც უჩვეულო მწერი ბინადრობსო... ქვიშა და დამპალი ხე... არა, კმარა, უჩვეულო ისედაც თავსაყრელადაა!
შემდეგ ჭერიდან ხან ერთ ადგილას, ხან მეორე ადგილას ქვიშის უამრავი ლენტი ჩამოგრძელდა. ძალზე უცნაური იყო, რომ ეს ბარაქიანი ნაკადი თითქმის უხმაუროდ ეშვებოდა. იატაკზე დაფარებულ ჩალის ჭილოფზე თვალის დახამხამებაში ბარელიეფად აღიბეჭდა ფიცრის ლამფა ხვრელებითა და ნუჟარების ადგილას გაჩენილი ნახვრეტებით. ქვიშამ ცხვირი ამოავსო, თვალებს ჭამდა. კაცი საჩქაროდ გავარდა გარეთ.
პირველ წამს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს კოცონში შევარდა და ტერფები უკვე უდნებოდა. მაგრამ სადღაც შიგნით რჩებოდა ყინულის პატარა ცილინდრული ნატეხები, რომელიც ასეთ სიცხესაც კი უძლებდა. სადღაც შიგნით სირცხვილი ფუთფუდებდა... ეს ქალი ცხოველს ჰგავდა... მისთვის არც გუშინდელი დღე არსებობს, არც ხვალინდელი, დღევანდელი დღით ცხოვრობს... აქ, ამ სამყაროში, ბატონობს რწმენა, თითქოს ადამიანი შეიძლება პირწმინდად წარხოცო, როგორც ცარცი გრიფელის დაფიდან... სიზმარშიც არ მოგელანდება, რომ ჩვენ დროს შეიძლება სადღაც კიდევ ბუდობდეს ასეთი სიველურე. მაგრამ კარგი... თუ ამას იმის ნიშნად მივიჩნევთ, რომ კაცმა ელდას თავი დააღწია და ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე ეუფლება, ეს სირცხვილი არც ისე ცუდია.
ისე კაცს დრო რად დაეკარგა უქმად. ჯობდა დაღამებდამდე მოეთავებინა საქმე. კაცმა თვალები მოჭუტა და მზერით აზომა სიმაღლე ქვიშის დატალღული კედლისა, რომელსაც გამდნარი მინის მაგვარი თხელი საბურველი გადაკვროდა. რაც უფრო მეტს უყურებდა კედელს უფრო მაღალი ეჩვენებოდა. რა თქმა უნდა, ძნელი ბუნებას წინააღმდეგობა გაუწიო და დამრეცი ფერდობი ციცაბიოდ აქციო, მაგრამ მას ხომ სწორედ ციცაბო ფერდობის ქცევა უნდა დამრეცად. განსაკუთრებული მიზეზები უკან დასახევად თითქოს არ არსებობს.
ყველაზე სწორი იქნებოდა, თხრა ზემოდან დაეწყო. ხოლო ვინაიდან ეს შეუძლებელია, ქვემოდან უნდა შეუდგეს საქმეს. სხვა გამოსავალი არაა. ჯერ კედლის ძირს გამოთხრის რამდენზეც საჭიროა და მაღლიდან ქვიშის ჩამოშვავებას დაელოდება, შემდეგ კიდევ გამოთხრის და მაღლიდან ისევ ჩამოშვავდება ქვიშა... ამას ზედიზედ რომ გააკეთებს, სულ მაღლა და მაღლა აიწევს და ბოლოს ზემოთ აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია შვავები, ქვიშის ნაკადებიც ქვემოთ ჩამოაგდებს. მაგრამ, თუმცა ამათ ნაკადებს უწოდებენ, ქვიშა მაინც წყალი არაა. თავის დღეში არ სმენია, ქვიშაში ვინმე დამხრჩვალიყოს.
ნიჩაბი ბიდონებთან ერთად იდგა გარეთ, კედელთან. ნიჩბის ნახევარწრიულად წამახული პირი ფაიფურის ნატეხივით ბზინავდა. ერთხანს შეუსვენებლად თხრიდა, თვადავიწყებით მუშაობდა. ქვიშაზე მუშაობა ხომ ერთობ ადვილია. საქმეც სწრაფად მიიწევდა წინ. ნიჩბის ყოველი ჩაჭრა ქვიშაში, ყოველი ამოხვნეშა დროს აღნუსხავდა. მალე ხელებმა სულ უფრო ჯიუტად დაუწყეს დაღლილობის შეხსენება, ეჩვენებოდა, თითქოს საკმაოდ დიდხანს თხრიდა, შედეგი კი რატომღაც არ შეიმჩნეოდა. მხოლოდ გამონათხარის ზემოდან იშლებოდა დატკეპნილი ქვიშის პატარ-პატარა მონაკვეთები. ეს ყოველივე ძლიერ განსხვავდებოდა მის მიერ ბუნებაში მოხაზული უბრალო გეომეტრიული სქემისგან.
შფოთვა ჯერ კიდევ ადრე იყო და გადაწყვიტა, სული მოეთქვა, ორმოს მოდელი გაეკეთებინა და თავისი გაანგარიშებანი შეემოწმებინა. მასალა საბედნიეროდ, რამდენიც გინდოდა, იმდენი იყო. ადგილი სახლის ლავგარდანის ქვეშ, ჩრდილში შეარჩია და ორმოცდაათი სანტიმეტრი სიმაღლის ორმოს თხრა დაიწყო. ყველაზე დიდი ორმოცგრადუსიანი კუთხე იყო... როგორიც თავისკენ გაფართოებულ როდინს აქვს.
როცა ამ თვაისი ორმოს ძირში სცადა ქვიშის მოთხრა, გვერდებიდან ქვიშა ჩამოცვივდა, თვით გვერდები კი უცვლელი დარჩა. ქვიშა თითქოს რაღაც მყარი კუთხე ჰქონდა. ქვიშის მარცვლის წონა და წინააღმდეგობა, ეტყობა, პროპორციულია. ხოლო თუ ასეა, მაშინ კედელსაც, რომლის გადალახვასაც აპირებს, დახრის იგივე კუთხე ექნება.
არა, ეს შეუძლებელია... იქნებ თვალი მატყუებს? აჰ, არა, ასე არ ხდება... რომელ ფერდობსაც არ უნდა უცქირო ქვემოდან, ყოველთვის უფრო ციცაბო მოგეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.
და საერთოდ, იქნებ, საჭიროა ეს ყველაფერი ისე განვიხილოთ, როგორც რაოდენობის საკითხი?.. თუ რაოდენობა განსახვავდება, ბუნებრივია, განსხვავდება წნევაც. თუ განსხვავდება წნევა, მაშინ წონის პროპორციაც და წინააღმდეგობანიც უსათუოდ იცვლება. შესაძლებელია, აქ როლს თამაშობს ქვიშის მარცვლის აგებულებაც. ავიღოთ მაგალითად, წითელი თიხა. წითელი თიხა ბუნებრივ მდგომარეობაში და უკვე ამოღებული წითელი თიხა წნევას სულ სხვადასხვა სიდიდის წინააღმდეგონას უწევენ. თანაც მხედველობაში უნდა მივიღოთ სინოტივე... ამრიგად, მოდელი შეიძლება სრულიად სხვა კანონებს დაექვემდებაროს.
მიუხედავად ამისა, ცდა უსარგებლო არ ყოფილა. კაცი მიხვდა, რომ კედლის დახრის კუთხე ზემყარია. მარტო ამის გაგებაც კი უდიდესი მიღწევაა და საერთოდ არც ისე ძნელია ზესიმყარის გადაქცევა ჩვეულებრივ სიმყარედ.
საკმარისია მხოლოდ ოდნავ შეანჯღრიო ზედმეტად გაჯერებული ხსნარი, რომ კრისტალები დაილექოს და იგი გაჯერებულ ხსნარად გადაიქცეს.
უცებ კაცმა იგრძნო რომ იქვე ვიღაც იყო და შემობრუნდა. ზღრუბლზე მდგომი ქალი ყურადღებით იცქირებოდა მისკენ. კაცს არ გაუგია, როდის გამოვიდა იგი. ქალის ანაზდეულმა მოსვლამ დააბნია და უკან დაიხია, თან გონებაგაფანტული იხედებოდა აქეთ-იქით. აი, სწორედ ამ დროს დაინახა, რომ აღმოსავლეთ მხრიდან ქვიშის ფლატის კლდეს სამი თავი გადმოსდგომოდა. მაყურებლებს პირსახოცები შემოეხვიათ, რომელთა ბოლოები სახის ქვედა ნაწილს უფარავდათ, ამიტომ კაცი დარწმუნებული არ იყო, ესენი გუშინდელი მოხუცები იყვნენ თუ არა. თითქოს ისინი იყვნენ. კაცი წამით გაშტერდა, მაგრამ მაშინვე მოერია თავას და გადაწყვიტა მაყურებელთათვის ყურადღება არ მიექცია, მუშაობა განაგრძო. მათმა ცქერამ უფრო ააჩქარა.
ოფლი ცხვირის წვერიდან წვეთავდა, თვალებს უვსებდა. მოწმენდის დრო არ ჰქონდა და თვალებდახუჭული განაგრძობდა მუშაობას. ხელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაესვენებინა. როცა სოფლელები დაინახავდნენ, რა მარჯვედ მუშაობდა, მიხვდებოდნენ, რაოდენ გონბაშეზღუდულნი, რაოდენ სულმდაბლნი იყვენენ თავად.
კაცმა საათს დახედა. ქვიშადაყრილი მინა შარვალზე გაიწმინდა. ჯერ მხოლოდ სამის ათი წუთი იყო. ასევე სამის ათი წუთი იყო მაშინაც, როცა უკანასკნელად დახედა საათს. წამსვე გაუქრა რწმენა, რომ სწრაფად მუშაობდა. თუ ლოკოკინას თვალებით გავზომავდით, მზე ალბათ ბეიზბოლის ბურთის სიჩქარით მოძრაობდა. კაცმა ნიჩაბს ხელი მოუჭირა და კვლავ ეძგერა ქვიშის კედელს.
უეცრად ქვიშის ზვავი ჩამოშვავდა. ისეთი დახშული ხმა დაისმა, თითქოს რეზინი ჩამოვარდა, და რაღაც მთელი ძალით ეძგერა გვერდში, იმის გასაგებად, თუ რა მოხდა, თავი ასწია და ზევით აიხედა, მაგრამ ვერ შეძლო განესაზღვრა, სად იყო ზედა მხარე. ორად მოხრილი საკუთარ ნერწყვში იწვა, ირგვლივ კი რაღაც მქრქალი, რძისფერი შუქი იდგა.
მეორე ნაწილი
11
ძინ, ძინ, ძინ, ძინ
ეს რა ბგერაა?
ზანზალაკის ბგერა.
ძინ, ძინ, ძინ, ძინ.
ეს რა ხმა არის?
ეშმაკის ხმა
ქალი ძლივს გასაგონად ღიღინებს რაღაცას. დაუღავალად იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას და ავზიდან ნალექს იღებს.
სიმღერა მიწყდა. შემდეგ ისმის, როგორ ნაყავს ქალი ბრინჯს. კაცი წყნარად ოხრავს, გვერდს იბრუნებს და მოუთმელობისაგან დაჭიმული ელოდება მას... ქალი საცაა შემოვა, ალბათ წყლიან წყალს შემოიტანს, რომ ტანი გაუწმინდოს. ქვიშისა და ოფლისაგან კაცს კანი ისე გაუღიზიანდა, აგერ-აგერ ანთება გაუჩნდება. მარტო ცივი, სველი პირსახოცის გახსენებაზე ერთიანად იკუმშება.
მას შემდეგ, რაც ქვიშიამ ქვეშ მოიქცია და გონება დაკარგა, სულ იწვა. პირველ ორ დღეს დიდი სიცხე, თითქმის ოცდაცხრამეტი გრადუსი სიცხე და შეუჩერებელი პირღებინება ტანჯავდა, მაგრამ შემდეგ ტემპერატურამ დაუკლო, ნელ-ნელა მზის გულზე შეუჩვეველმა ხანგრძლივმა მუშაობამ გახადა ავად, ვიდრე ჩამოშვავებულმა ქვიშამ. საერთოდ კი სერიოზული არაფერი სიჭირდა.
იქნებ ამიტომ კაცი ჩქარა გამოკეთდა. მეოთხე დღეს ფეხებისა და და წელის ტკივილმა გაუარა. მეხუთე დღეს ცოტა ხნის წინანდელი ავადმყოფობის აღარავითარი ნიშან-კვალს არ გრძნობდა, თუ არ ვიგულისხმევთ, ერთგვარ სისუსტეს. მაგრამ საწოლიდან არ დგებოდა და თავი ისევე მძიმე ავადმყოფივით ეჭირა. საამისოდ, რა თქმა უნდა, ჰქონდა მიზეზები. მას გაქცევა სულაც არ გაუფიქრებია.
- უკვე გაიღვიძეთ?
ქალის ხმას გაუბედავობა ეტყობოდა. კაცი ქუთუთოებდახრილი მიაცქერდა შარვლში გამოკვეთლ მის მრგვალ მუხლებს და მიმკვდარებული კვნესით უპასუხა. ქალმა ნელ-ნელა გაწურა პირსახოცი სპილენძის დაჭყლეტილი ტაშტის ზემოთ და ჰკითხა:
- როგორ გრძნობ თვას?
- ისე რა...
- გაგიწმინდოთ ზურგი?..
კაცი მორჩილად ნებდებოდა ქალს არა მარტო იმიტომ, რომ ავადმყოფის მდგომარეობით სარგებლობდა, არამედ იმიტომაც, რომ სიამოვნებდა. ვგონებ, ლექსს ამბობდა იმაზე, თუ ციებ-ცხელებიან ბიჭს როგორ ესიზმრა, ვითომ გრილ ვერცხლის ქაღალდში ხვევდნენ. ოფლისა და ქვიშის ფენის ქვეშ შეხუთული კანი კაცს თანდათან უგრილდებოდა, იწყებდა სუნთქვას. ქალის სხეულის სუნი თითქოს აღწევდა მის გაცოცხლებულ კანში, ოდნავ აღელვებდა.
და მაინც ბოლომდე არ აპატიას. ეს სხვა ამბავია, ის კიდევ სხვა და საჭირო არაა მათი ერთმანეთში არევაო. სამდღიანი შვებულება დიდი ხანია დაუმთავრდა. ახლა აჩქარება მაინც და მაინც არ ღირდა. თავდაპირველად გეგმა - ფლატის ძირის გამოთხრა და ციცაბო ფერდობის დამრეცად ქცევა - ჩაფუშვით კი არ ჩაუფუშვია, უბრალოდ საკმაოდ არ ჰქონდა მომზადებული. გაუთვალისწინებელ გარემოებებს - იმავე მზის დაკვრას - რომ ხელი არ შეეშალა, ყველაფერი მშვენივრად მოეწყობოდა. თუმცა ქვიშის თხრა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდა. ეს ჯოჯოხეთური შრომა იყო და ახლა ყველაფერი იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, უფრო ხელმისაწვდომ საშუალებას გამოძებნიდა თუ არა. აი, სწორედ ამ დროს მოუვიდა აზრად თავი მოეავადმყოფებინა.
როცა გამოფხიზლდა და დაინახა, რომ ისევ იქ, ქალის სახლში იწვა, საშინლად გაბრაზდა. სოფლელები თანაგრძნობის გამოხატვასაც არ უპირებდნენ. ეს მისთვის სრულიად ნათელი გახდა და მაშინვე მოუმწიფდა გადაწყვეტილება. სოფლელები რომ მიხვდენენ, ავადმყოფობა საშიში არ იყო, ექიმს არ დაუძახეს. ახლა თვითონ ისარგებლებდა ამით და მათ ანანებდა უსულგულობას: ღამით, როცა ქალი იმუშავებდა, თვითონ დაიძინებდა. სამაგიეროდ დღისით, როცა ქალს უნდა დაესვენა, დაძინების საშუალებას არ მისცემდა, აუტანელ ტკივილებზე იწუწუნებდა.
- გტკივა?
- აბა რა, მტკივა... ხერხემალი, ალბათ, სადღაც დაზიანდა...
- იქნებ, დაზელა ვცადო?
- არავითარ შემთხვევაში! განა შეიძლება ეს არასპეციალისტს მიანდო? ასე კაცს ადვილად ავნებ. ზურგის ტვინი ხომ სიცოცხლის არხია. ჰოდა, უცებ რომ მოვკვდე? თქვენ ხომ ყველას შავი დღე დაგადგებათ. დაუძახეთ ექიმს! მტკივა... აუტანლად მტკივა... თუ არ იჩქარეთ, გვიან იქნება!
ქალი დიდხანს ვერ გაუძლებდა ასეთ რამეებს და არაქათი გამოეცლებოდა. მისი შრომისუნარიანობა დაიკლებდა და სახლი საფრთხეში აღმოჩნდებოდა. ეს კი სოფლისათვის პატარა ამბავი როდი გახლდათ. საკუთარი სისულელით, დამატებითი მუშახელის შეძენის ნაცვალად, ახალ ტვირთს აიკიდებდნენ და, თუ ახლავე არ მოიშორებდნენ, მერე ეყარათ კაკალი.
მაგრამ არც ეს გეგმა მიიწევდა წინ შეუფერხებლად, როგორც თვითონ ვარაუდობდა. ღამე დღეზე უფრო გამოცოცხლებული იყო. კედლის იქეთ ისმოდა ნიჩბის ჩხარა-ჩხური... ქალის ქშინვა... შეძახილ-შემოძახილი კაცებისა, რომელთაც ქვიშიანი კალათები აჰქონდათ მაღლა... ამას გარდა, ქარი შორიდან მოაქროლებდა პიკაპის თრახთრახს, ძაღლების ყეფას... რანაირად არ ცდილობდა დაძინებას, არაფერი გამოსდიოდა - ნერვები მეტისმეტად ჰქონდა დაძაგრული და თვალებს ვერ ხუჭავდა.
ღამით ცუდად ეძინა, ამიტომ იძულებული ხდებოდა დღისით მოეთავებინა ძილი. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ სულ უფრო მეტად კარგავდა მოთმინებას: თავს ირწმუნებდა, ეს გეგმაც თუ ჩაიფუშა, სულ ერთია, რამდენიც გინდა, გაქცევის იმდენი საშუალება მოიძებნებაო. აქ მოსვლის დღიდან უკვე კვირა გავიდა. სწორედ დრო დადგა განცხადება მიეცათ ძებნის შესახებ. პირველი სამი დღე მისი კანონიერი შვებულება იყო მაგრამ შემდეგ დღეებს სამსახურში გაუფრთხილებლად გამოუცხადებლობად ჩაუთვლიდნენ. თანამშრომლებს, რომლებიც ყოველგვარი საბაბის გარეშე ეჭვნეულად ადევნებდნენ თვალს, თუ რას აკეთებდნენ თავიანთი ამხანაგები, დუმილით არ აუვლიდნენ გვერდს ასეთ ამბავს. ალბათ, ერთ საღამოს რომელიმე კეთილმოსურნემ მის სახლში შეიხედა. ბიჭოს, ნაშუადღევის მზით გახურებული, დახუთული ოთახი გამოკაცრიელებულია, ცხადია, მასპინძელი შინ არაა! სტუმარი, ალბათ, უნებლიე შურს იგრძნობს ბედნიერი მასპინძლის მიმართ, რომელმაც ამ ჯურღმულს თავი დააღწია. მეორე დღეს კი ჩუმჩუმად დაიწყებენ ძვირის თქმას, საზიზღარ ჩურჩულს, გამკილავად წარბების შეჭმუხვნას, თითების ორაზროვან ტრიალს. და სავსებით მართებულად... სულის სიღრმეში კაცი ადრეც გრძნობდა, რომ ეს უჩვეულო შვებულება თანამშრომელთა სწორედ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა. არც იყო გასაკვირი, მასწავლებლები ხომ თავისებურად, შურის სოკოთი მოწამლულნი ცხოვრობენ... მათ გვერდით წლითიწლობით მდინარის წყლებივით მიედინებიან და მიცურავენ მოსწავლეები, თვითონ კი ღრმად ჩაფლული ქვებივით იძულებულნი არიან ამ მდინარის ფსკერზე დარჩნენ. სხვებს ელაპარაკებიან იმედებზე, თავად კი ვერ ბედავენ იმედი იქონიონ თუნდაც სიზმარში... საკუთარი თავი უსარგებლო ნაყარნუყარად მიაჩნიათ, ან მაზოხური სიმარტოვე ეუფლებათ, ან პურისტები ხდებიან, სხვებს ეჭვის თვალით უცქერიან და ბრალს სდებენ ორიგინალობისთვის. ისე წუხან მოქმედების თავისუფლებაზე, რომ არ შეუძლიათ არ სძულდეთ თვით ეს მოქმედების თავისუფლება.
... ალბათ, უბედური შემთხვევაა? არა, უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო, როგორმე შეგვატყობინებდნენ... იქნებ თვითმკვლელობაა?.. მაშინ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პოლიციას ეცოდინებოდა!.. რა საჭიროა გადაჭარბებით შევაფასოთ ეს ჭკუამოკლე ყმაწვილი!.. დიახ, დიახ, უგზოუკლოდ დაიკარგა თავისი ნებით და ზედმეტია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა... მერედა უკვე ხომ თითქმის კვირა გავიდა... აბა რა კაცია, აუცილებლად უნდა შეაწუხოს ადამიანები; ისე ვინ გაიგებს, რა უტრიალებს თავში...
საეჭვოა, თანამშრომლები გულწრფელად შეწუხებულიყვნენ მისი გულისთვის. მათი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, უბრალოდ, ხეზე თავის დროზე მოუწყვეტავი ხურმასავით ნამეტანი გადამწიფდებოდა. შემდგომ მოვლენები ასეთნაირად განვითარდებოდა: უფროსი მასწავლებელი პოლიციაში მივიდოდა, რომ გაეგო რანაირი განცხადება უნდა დაწერილიყო ძებნის შესახებ. მისი დაძმარებული სახის მიღმა უდიდესი კმაყოფილება იქნებოდა მიმალული... „გვარი და სახელი: ნიკი ძიუმპეი. ასაკი: 31 წელი, სიმაღლე 1მ და 58 სმ. წონა 54 კგ. თმა: თხელი, უკან გადავარცხნილი, ბრიოლინს არ ხმარობს. მხედველობა: მარჯვენა თვალი - 0,8, მარცხენა - 1,0 კანი - შავგვრემანი, ნიშნები: მოგრძო სახე. ოდნავ ელამი. მოკლე ცხვირი. კვადრატული ყბები, მარცხენა ყურის ქვეშ შესამჩნევი ხალი, სხვა განსაკუთრებული ნიშნები არაა. სისხლის ჯგუფი: AB. ლაპარაკობს ჩახრინწული ხმით, ენა ოდნავ ებმება. გულისყურიანია, ჯიუტია, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ შეუძლია. ტანსაცმელი: ალბათ ისეთი ტანსაცმელი აცვია, რომელიც ენტომოლოგიური მუშაობის დროს იხმარება. ზემოთ მოთავსებული ფოტოსუფათი გადაღებულია წინიდან ორი თვის წინათ“.
რა თქმა უნდა, სოფლის მცხოვრებლებმა აუცილებელი ზომები მიიღეს, რაკი ასე მტკიცედ განაგრძობენ ამ უაზრო ავანტიურას. ერთი-ორი სოფლის პოლიციელის გაცურებას რა უნდა. სოფლელებმა უთუოდ იზრუნეს, რომ პოლიციელები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სოფელში არ მოსულიყვნენ. მაგრამ კვამლის ამგვარი ფარდა მიზანშეწონილია და აუცილებელი მანამ, სანამ თვითონ კაცი ჯანმრთელია და ქვიშის გადახვეტა შეუძლია. და უაზრობაა საკუთარი თავი საფრთხეში ჩააგდო - დამალო მძიმე ავადმყოფი, რომელიც უკვე მთელი კვირა ლოგინში აგდია. თუ გადაწყვეტენ, რომ იგი არაფრად სჭირდებად, მაშინ ყველაზე კეთილგონივრულია, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ, ვიდრე ათასგვარი გართულება იჩენდეს თავს. ჯერჯერობით კიდევ შეიძლება რომელიმე სიმართლის მსგავსი ვერსიის მოფიქრება, მაგალითად, გამოაცხადონ, თითქოს მოსული თვითონ ჩავარდა ორმოში და შერყევის შედეგად რაღაც უცნაური ჰალუცინაციები დაეწყო. ამ განმარტებას უფო დაიჯერებდნენ, ვიდრე მის ფანტასტიკურ მტკიცებას - ეშმაკობით დამმალეს ორმოშიო.
დაიბღავლა ძროხამ. ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდათ, ყელში მისთვის სპილენძის საყვირი ჩაუდგამთო. სადღაც მამალმა იყივლა. ქვიშის ორმოში არც მანძილი იგრძნობა, არც მიმართულება. მხოლოდ იქ, გარეთა ჩვეულებრივი, ნორმალური სამყარო, სადაც გზის პირის ბავშვები კლასობანს თამაშობენ, დანიშნულ დროს დგება განთიადი და მისი ფერები მოთუხთუხე ქვაბში ჩაყრილი ბრინჯის სურნელს ერევა.
ქალი გულმოდგინედ, ერთობ გულმოდგინეთაც კი უწმენდს ზურგს. შემდეგ სველ პირსახოცს ისე წურავს, იგი ფიცარივით ხევდება; ახლა უკვე გაწურული პირსახოცით წმენდს მონდომებულად, თითქოს გაორთქლილ მინას აპრიალებსო. თვალგახელილი დილის ბგერებისა და ამ რიტუალის ბიძგებისგან კაცს ძილი ერევა.
- დიახ, სხვათა შორის... - კაცი იოკებს მთქნარებას, რომელიც თითქოსდა მაშებით, ძალით ამოაცალეს შიგნიდან. - იქნებ როგორმე... დიდი ხანია გაზეთის წაკითხვა მინდა. არაფრით არ მოხერხდება?
- კარგი, ვკითხავ, მოგვიანებით.
კაცი მაშინევე მიხვდა, რომ ქალს უნდოდა თავისი გულწრფელობა ეჩვენებინა. დიასახლისს დამორცხვებულ, მორიდებულ ხმაში ეტყობოდა მონდომება, იგი არ გაენაწყენებინა. მაგრამ ამ კაცს უფრო გააბოროტა.. „ვკითხავ“?! მაშ, უნებართვოდ გაზეთის კითხვაც არ შემიძლია?.. კაცმა ბურტყუნით მოიშორა ქალის ხელი. ერთი სული ჰქონდა, ტაშტი თავის წყლიანად გადაეყირავებინა.
მაგრამ მის მდგომარებობაში მყოფს ნამეტანი ბობოქრობა არ არგებს - ამით შეიძლება ნთელი გეგმები ჩაეფუშოს. მძიმე ავადმყოფი ხომ საეჭვოა აგრე აღელდეს რაღაც უბრალო გაზეთის გულისთვის. ავადმყოფს, რა თქმა უნდა, სურს დახედოს გაზეთს. თუ პეიზაჟი არაა, სურათი მაინც ნახოს - ეს ხომ ესოდენ ნიშანდობლივია ადამიანისთვის. ადრე რომლიღაც წიგნში ამოიკითხა, რომ პეზაჟური ფერწერა მწირბუნებოვან ადგილებში განვითარდა, გაზეთებმა კი ფრთები ყველაზე სამრეწველო რაიონებში გაშლა, სადაც ადამიანთა შორის ურთიერთობა შესუსტდა. ამას გარდა, გაზეთში შეიძლება წააწყდეს განცხადებას - ესა და ეს უგზო-უკვლოდ დაიკარგაო, ხოლო თუ გაუმართლა, გამორიცხული არაა, სოციალური საკითხებისთვის გამოყოფილ კუთხეში მის გაქრობაზე დაწერილი სტატია აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, საეჭვოა სოფლელებმა მისცენ გაზეთი, რომელშიც ამგვარი სტატია იქნება, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია მოთმინება.
ავადმყოფად თავის მოჩვენება არც ისე სასიამოვნოა. ეს იგივეა, ხელს უჭერდე ასავარდნად გამზადებულ დაჭიმულ ზამბარას. ასეთ ზამბარას დიდხანს ვერ დაიჭერ. ისიც არ შეიძლება, ყევლაფერი იმგვარად წარიმართოს, როგორც მიდის ეს ტიპები ყოველი ღონით უნდა მიახვედროს, რაოდენ სამძიმოა მათთვის უცხო კაცის აქ ყოფნა. აი, დღეს ყოველნაირად უნდა ეცადოს ქალს თვალის მოხუჭის საშუალება არ მისცეს.
(არ დაიძინო... დაძინება არ შეიძლება!)
კაცი მოიკრუნჩხა და თვალათმაქცურად დაიკვნესა.
12
ქალის ჩამოკიდებული ქოლგის ქვეშ ზღვის წყალმცენარეებისგან შეკმაზულ ბოსტნეულისა და ბრინჯის სქელ წვნიანს ხვრეპდა და პირს ითუთქავდა. ჯამის ფსკერზე ქვიშის ლექი დარჩა.
მაგრამ აქ მოგონებანი წყდება და შემდეგ ყველაფერი რაღაც გრძელ, გულის დამამძიმებელ კოშმარში ინთქმება. სიზმარში საჭმლის ძველ, მოტკაცუნე ჩხირებზე შემჯდარი უცნაურ, უცნობ ქუჩებში დაფრინავს. ჩხირებით ისე დაქრის, თითქოს სკუტერზე ზის. ეს არც თუ ცუდია, მაგრამ როგორც კი ყურადღება ოდნავ მოდუნდება, გული მაშინვე დედამიწისკენ მოუწევს. ქუჩა ახლოდან აგურისფერი ჩანს, შორს კი მწვანე ფოშფოშში იკარგება. ან ფერების გამას მშფოთვარების გამომწვევი რაღაც აქვს. ბოლოს ყაზარმის მაგვარ ხის გრძელ შენობასთან მიფრინდა. იქ იაფფასიანი საპნის სუნი დის. ჩაჩოჩებული შარვლის წევა-წევით კიბეზე ადის და ცარიელ ოთახში შედის, სადაც მხოლოდ ერთი გრძელი მაგიდაა. მაგიდის ირგვლივ შემომსხდარი ათი კაცი და ქალი გატაცებით თამაშობს რაღაცას. ცენტრში მჯდომი კაცი კარტს არიგებს. კარტის დარიგებისთანავე უკანასკნელ ქაღალდს უნებლიეთ ართმევს და ხედავს, რომ ეს წერილია. წერილი საოცრად რბილი აღმოჩნდა და, როცა თითები ოდნავ მოუჭირა, იქიდან სისხლმა იფეთქა. მან იყვირა და გაეღვიძა.
რაღაც ჭუჭყიანი საბურველი მზერას უშლის. შეინძრა, ისმის მშრალი ქაღალდის შრიალი. სახეზე თურმე გაშლილი გაზეთი ეფარა. დალახვროს ეშმაკმა, ისევ ჩამძინებია!.. გაზეთი მოისროლა. გაზეთიდან ქვიშის წვრილი ნაკადები დაქანდა. ქვიშის რაოდენობის მიხედვით კარგა დიდი დრო გასულა. კედლის ხვრელში გამოტანებული მზის სხივების მიმართულება მეტყველებს, რომ უკვე დაახლოებით შუადღეა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს რა სუნია? ახალი სასტამბო საღებავი?.. შეუძლებელია, - გაიფიქრა კაცმა და რიცხვს დახედა. თექვსმეტი, ოთხშაბათი... მაშ ეს დღევანდელი გაზეთია! არ სჯეროდა, მაგრამ სინამდვილეში სად გაექცეოდა. მაშასადამე, ქალმა თხოვნა შეუსრულა?
კაცი იდაყვით დაეყრდნო ოფლით ერთიანად გაჟღენთილ ლეიბს და წამოიწია. თავში მაშინვე გრიგალივით დაუტრიალდა ათასგვარი აზრი. ხელში გაჭირვებით ჩაგდებულ გაზეთს ზერექვერედ დაუწყო თვალიერება, წამდაუწუმ სხვა რამეზე გადადიოდა მისი ფიქრი.
„შევსებულია იაპონია-ამერიკის გაერთიანებული კომიტეტის დღის წესრიგი...“
...მაინც როგორ იშოვა ქალმა გაზეთი?.. ვითომ ამ ტიპებმა იგრძნეს, რომ ჩემთან დაკავშირებით რაღაც ვალდებულებანი აკისრიათ?.. ჰო, მაგრამ იმის მიხედვით, რაც აქამდე იყო, ყოველგვარი კავშირი გარე სამყაროსთან ნასაუზმევს წყდება. უეჭველად ორში ერთია: ან ქალს შეუძლია ჩემთვის უცნობი საშუალებით დაუკავშირდეს გარე სამყაროს, ანდა თვითონ გააღწია აქედან და გაზეთი იყიდა.
„ტრანსპორტის ერთ წერტილზე გაყინვის საწინააღმდეგო ქმედითი ღონისძიებანი!“
კი, ბატონო... ვთქვათ ქალმა აქედან გააღწია... თოკის კიბის გარეშე ეს წარმოუდგენელია. არ ვიცი, როგორ მოახერხა გაღწევა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - თოკის კიბე აქვს გამოყენებული... ხოლო თუ ასეა... კაცის გონება გააფთრებით ამუშავდა. პატიმარი, რომელიც მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობს, სხვაა, მაგრამ ქალი, სოფლის მცხოვრები, ხომ ვერ მოითმენს, ორმოდან თავისუფლად ასვლის შესაძლებლობა მოუსპონ? კიბის აღება მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა ჩემს აქ ჩასამწყვდევად და მეტი არაფერი... მაშასადამე, თუ განვაგრძობ მათი სიფხიზლის მოდუნებას, ასეთი შესაძლებლობა ადრე თუ გვიან მეც გამიჩნდება.
„თავიან ხახვში ატომური რადიაციის შედეგების სამაკურნალო ეფექტური ნივთიერებებია“.
ეტყობა, ავადმყოფობის მოგონების ჩემეულ სტრატეგიას გაუთვალისწინებელი გარემოებანი მოატყევდა. ჯერ კიდევ ძველი ხალხები ძალზე სწორად ამბობდნენ: თუ ბედს სძინავს, ელოდეო... მაგრამ კაცის გულს რატომღაც სულ არ უნდოდა ლოდინი. რაღაც მოუსვენრად იყო... ნუთუ ამ საშინელი, მშფოთვარე და უცნაური სიზმრის გამო?.. კაცს ტვინს ურევდა საშიშ წერილზე ფიქრი. წერილი რატომ იყო საშინელი, თვითონაც არ ესმოდა. რას მოასწავებდა ასეთი სიზმარი?
მაგრამ საქმე ის როდია, გულთან ასე ახლოს მიიტანო ჩვეულებრივი სიზმარი. ნებისმიერ შემთხვევაში დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.
ქალს ჩვეულებისამებრ კერის მახლობლად იატაკზე ეძინა და წყნარად ფშვინავდა. ცუდი რეცხვით ჩაყვითლებულ კიმონოში მთლიანად გახვეულიყო, მოკუნტულიყო, ხელები მუხლებზე მოეხვია. იმ დღის შემდეგ კაცს არასდროს ჩვენებია შიშველი, მაგრამ, ეტყობოდა, კიმონოს ქვეშ არაფერი ემოსა.
კაცმა სწრაფად ჩაათვალიერა სოციალური საკითხებისათვის მიძღვნილი გვერდი, ადგილობრივი ცხოვრების სვეტები. რა თქმა უნდა, ვერც სტატია ნახა თავის გაქრობის შესახებ და ვერც განცხადება - კაცი უგზოუკლოდ დაიკარგაო. ასეც ვარაუდობდა და ამიტომ მაინცდამაინც არ წყენია. წყნარად ადგა და სოხანეზე ჩავიდა. არაფერი ეცვა, გარდა ხელოვნური აბრეშუმის გრძელი ნიფხვისა. ასე უკეთესი იყო. ქვიშა იმ ადგილას გროვდებოდა, სადაც რეზინი წელზე უჭერდა, და კანი მხოლოდ აქ უწითლდებოდა და ექავებოდა.
ზღურბლზე დადგა და ქვიშის კედელს ახედა. თვალებში სინათლე ეძგერა და ირგვლივ ყველაფერს თითქოს ყვითელი ცეცხლი მოედო. იმ არემარეზე სულიერი არ ჭაჭანებდა. რა თქმა უნდა, არც კიბე ჩანდა. აქ გასაკვირი არაფერი გახლდათ. უნდოდა მხოლოდ სინამდვილეში დარწმუნებულიყო. მიდამოს არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა, რომ კიბე ჩამოუშვეს. თუმცა ასეთ ქარში ხუთი წუთიც არ გავა, რომ ყოველგვარი კვალი გაქრება. იქვე კართან დაუსრულებლად გამოდიოდა ქვიშის ზედა ფენა, გეგონებოდათ, ქვიშას ტყავს აძრობენო.
კაცი სახლში შემობრუნდა და დაწვა. ოთახში ბუზი დაფრინავდა, პატარა ყავისფერი დროზოფილა. ალბათ სადღაც რაღაც ლპებოდა. კაცმა სასთუმალთან დადგმული, პოლიეთილენში გახვეული კარდალიდან წყალი მოსვა, ყელში გამოივლო და ქალს დაუძახა:
- მისმინეთ, ამდგარიყავით...
ქალი შეკრთა და წამოხტა. ალბათ ჩამოუცურდა და მკერდი გამოუჩნდა. ოდნავ მომჩვარულ, მაგრამ ჯერ კიდევ სავსე მკერდზე ცისფერი ძარღვები აჩნდა. ფაციფუცით, გაუბედავი მოძრაობით მოიხურა ხალათი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ჯერ მთლად არ გამოფხიზლებულაო.
კაცი შეყოყმანდა. კიბის შესახებ მწყრალად და პირდაპირ ჰკითხოს?.. თუ სჯობს მადლობა უთხრას გაზეთის მოტანისთვის და იმავე დროს მშვიდი, კეთილმოსურნე კილოთი დაუწყოს გამოკითხვა? თუ ქალი მხოლოდ იმიტომ გააღვიძა, რომ ძილი გაეწყვეტინებინა, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნება, თავი აგრესიულად ეჭიროს. შარის მიზეზი რამდენიც გინდა, იმდენია. მაგრამ ამით შეიძლება მთავარი მიზანი - მძიმე ავადმყოფად თავის მოჩვენება - გამოააშკარავოს. ვერაფრით დაამტკიცებს, რომ ასეთი ქცევა ერთობ ჰგავს ხერხემალდაზიანებული ადამიანის ქცევას. რაც მას მართლა სჭირდება, არის შემდეგი: სოფლელები უნდა დაარწმუნოს, რომ სრულიად შესაძლებელია მისი სამუშაო ძალად გამოყენება და ნებისმიერი საშუალებით მოადუნოს მათი სიფხიზლე. სოფლელებს გული უკვე იმ ზომაზე მოულბა, გაზეთი მისცეს, ახლა იმგვარად უნდა მოეწყოს საქმე, წინააღმდეგობის უნარი წაერთვათ.
უეცრად კაცს ყველა წარმტაცი იმედი დაემსხვრა. ქალმა კითხვაზე მიუგო:
- ო, არა, გასვლით არსად გავსულვარ. ჩვენი არტელის ერთ-ერთმა წევრმა დიდი ხნის შეპირებული ხის ლპობის საწინააღმდეგო საშუალება მოიმტანა... ჰოდა, გაზეთი მას ვთხოვე... აქ სოფელში გაზეთს სულ ოთხი-ხუთი ოჯახი ღებულობს... ამიტომ იძულებული გახდა საგანგებოდ წასულიყო ქალაქში და იქ ეყიდა.
ასეთი დამთხვევა სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩაკეტილია გალიაში, რომლის კლიტეს გასაღებს ვერ მოარგებს? ადგილობრივი მცხოვრებნი თუნდაც შეურიგდნენ ამგვარ პატიმრობას, ქვიშის ციცაბო კედლები სახუამრო საქმე არაა.
კაცს სასოწარკვეთილება დაეუფლა, მაგრამ თავი მოთოკა.
- ნუთუ?.. მისმინეთ... თქვენ ხომ ამ სახლის დიასახლისი ხართ, ა? და არა ძაღლი... ხომ შეუძლებელია, თავისუფლად არ გადიოდეთ აქედან და მაშინ არ ბრუნდებოდეთ, როცა გნებავთ! თუ ისეთი რამ ჩაიდინეთ, თანასოფლელებს თვალებში ვერ უყურებთ?
ქალს ისე გაუკვირდა, ნამძინარევი თვალები დაჭყიტა. სისხლით აევსო, თითქოს გაუვარვარდაო. კაცს ისიც კი მოეჩვენა, რომ ოთახში მეტი სინათლე ჩამოდგა.
- აბა რას ამბობთ. თვალებში ცქერა არ შეგიძლიაო. რა სისულელეა!
- კარგი, მაგრამ მაშინ ასეთი მფრთხალი არ უნდა იყოთ!
- აქედან რომც გავიდე, რა უნდა ვაკეთო...
- შეგიძლიათ ისეირნოთ!
- ვისეირნო?..
- ჰო, ისეირნოთ... წახვიდეთ აქეთ, იქით, განა ეს ცოტაა?.. მე თქვენ გეკითხებით, აი, ჩემს მოსვლამდე აქედან თავისუფლად გადიოდით, როცა გინდოდათ?
- უსაქმოდ სიარული ხომ ამაო დაღლაა...
- არ გეხუმრებით! კარგად ჰკითხეთ თქვენსავე თავს, აუცილებლად მიხვდებით ნათქვამს!.. ძაღლიც კი გაგიჟდება, გალიაში რომ დიდი ხნით ჩავკეტოთ!
- დიახ, ვსეირნობდი! - წამოიძახა ქალმა დახშული, ერთფეროვანი ხმით. - კი, უფლებას მაძლევდნენ, რამდენიც მინდოდა, იმდენი მესეირნა... ვიდრე აქ არ მოვხვდი... დიდხანს ვსეირნობდი, ხელში ბავშვი მეჭირა... გამტანჯა ამ სეირნობამ...
კაცი ასეთ რამეს არ მოელოდა. რა უცნაურად ლაპარაკობს დიასახლისი. როცა ეს ქალი აგრერიგად უცქერის, ძალა არ შესწევს უპასუხოს.
დიახ, სწორია... ათი წლის წინათ, როცა ყველაფერი ირღვეოდა, სუყველა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, წასვლა არსად დასჭირვებოდა. ამგვარი ესახებოდათ თავისუფლება. მაგრამ შეიძლება თქვა, ახლა მათ მოყირჭებული აქვთ ეს თავისუფლებაო?.. შენც აქ, ქვიშის მხარეში, იქნებ სწორედ იმან შემოგიტყუა, რომ ამ მოჩვენებითი თავისუფლების ძიებამ არაქათი გამოგაცალა... ქვიშა... ერთი მერვედი მილიმეტრი დიამეტრის უსასრულო მოძრაობა... ესაა ნეგატივის აფსკზე გამოსახული უკუღმა გადმობრუნებული ავტოპორტრეტი, რომელიც ერთ ადგილას ფეხმოუცვლელად ცხოვრების თავისუფლებაზე გვიამბობს. აკი სეირნობაზე თავგადაკლული ბავშვიც კი ტირის, როცა გზა ებნევა?
უცებ ქალმა მკვეთად შეცვალა კილო:
- როგორ გრძნობთ თავს? ყველაფერი რიგზეა?
აბა, რას მომჩერებიხარ ცხვარივით! კაცი გაბრაზდა. ტყავს გაგაძრობ და მაინც გაღიარებინებ, რომ ყველაფერი შენი ბრალია! მარტო ამის გაფიქრებაზე კაცს ჟრუანტელმა დაუარა. ტკაცატკუციც კი მოეყურა, ვითომდა კანზე მომხმარ წებოს აცლიდნენ. მისი კანი თითქოს „ტყავის გაძრომასთან“ დაკავშირებულ ასოციაციებს შეიგრძნობდა. უცებ ქალი ფონიდან გადასულ სილუეტად იქცა. ოცი წლის მამაკაცს აზრები აგზნებს, ორმოცი წლისას - კანი, ხოლო ოცდაათი წლის ადამიანისთვის ყველაზე საშიშია, როცა ქალი სილუეტად გადაიქცევა... კაცს შეუძლია ისევე ადვილად მოეხვიოს სილუეტს, როგორც საკუთარ თავს... მაგრამ ქალის ზურგს უკან უამრავი თვალია... თვით ქალი კი მხოლოდ თოჯინაა, რომელსაც ამ თვალთა ისრებით დაატარებენ... საკმარისია მოეხვიო და ახლა უკვე შენ დაგიწყებენ თვალთა ისრებით ტარებას... ჰოდა, ხერხემალი რომ დაზიანებული გაქვს, ეს სიცრუე ერთ წამში გაიჭრება გარეთ. მერედა, შეგიძლია ამნაირ ადგილას ხაზი გადაუსვა მთელ შენს წარსულ ცხოვრებას!
ქალი გვერდულად მიუახლოვდა, მრგვალი მუხლები ბარძაყზე მიაბჯინა. უცებ იქაურობას მოედო ქალის პირიდან, ცხვირიდან ყურებიდან, იღლიებიდან, მთელი სხეულიდან ამომავალი მძაფრი სუნი დაგუბებული ამყრალებული წყლისა. მისი ცეცხლივით გიზგიზა თითები მფრთხალად, გაუბედავად აცურდა და დაცურდა კაცის ხერხემალზე. კაცი ერთიანად დაიძაბა.
უცებ თითები კაცის გვერდებს შეეხო.
- მეღიტინება! - შეჰყვირა კაცმა.
ქალს გაეცინა. იგი ცოტათი კეკლუცობდა და ცოტაც ფრთხებოდა. ეს ყველაფერი კაცისთვის მეტისმეტად მოულოდნელი გახლდათ და ჯერჯერობით არ იცოდა, რა ექნა: ნეტავ რა უნდა ამ ქალს?.. განზრახ იქცევა ასე, თუ თითები უბრალოდ ჩაუცურდა? ეს-ესაა თვალებს აფახურებდა, ყოველნაირად ცდილობდა გაეღვიძა... მაგრამ პირველ საღამოსაც ხომ ასე უცნაურად იცინოდა, რომ გვერდით ჩასვლისას გვერდში მიბიძგა?.. იქნებ თავის მოქმედებაში რაღაც განსაკუთრებულ აზრს აქსოვს?.. შესაძლებელია, სულის სიღრმეში არ სჯერა ჩემი ავადმყოფობისა და ასე იმიტომ იქცევა, რომ თავისი ეჭვები შეამოწმოს?.. არაა გამორიცხული... დოყლაპიობა არ შეიძლება. ქალის მაცდუნებლობა ყველაზე ჩვეულებრივი მახეა, ბოლოს და ბოლოს ზუსტად ისეთივე, როგორიცაა მწერების მჭამელი მტაცებელი მცენარეების თაფლის ტკბილი სურნელი. თავდაპირველად პროვოკაციას მომიწყობს, ძალას მატანდაო, ამით საქვეყნოდ მომჭრის თავს, შემდეგ კი ხელფეხშეკრული აღმოვჩნდები შანტაჟის ბორკილებით.
13
კაცი გაიხვითქა და სანთელივით იწყო დნობა. პორებიდან ოფლი მოჟონავდა. საათი გაჩერდა და აღარ იცოდა ზუსტად რა დრო იყო. იქ, ზემოთ, შესაძლოა ჯერ კიდევ შუადღე ჩახჩახებდა, ოცი მეტრის სიმაღლე ორმოში კი უკვე ბინდი იდგა.
ქალს მაგრად ეძინა. ხელ-ფეხი ნერვულად უტოკავდა, ალბათ რაღაც ესიზმრებოდა. კაცს უნდოდა მისთვის ძილი გაეწყვიტებინა, მაგრამ მაინცდამაინც არ ღირდა, ქალი სულ ერთია უკვე გამოძინებული იყო.
კაცი წამოდგა, სხეული ქარს მიუშვირა. ძილში გადაბრუნებისას პირსახოცი სახიდან ჩამოვარდნოდა და ყურების უკან, ცხვირის მახლობლად, პირის კუთხეებში იმდენი ქვიშა მიწებებოდა, ეშმაკი ვერ აფხეკდა. თვალებში წამალი ჩაიწვეთა და პირსახოცის ბოლოებით დაიფარა. ეს რამდენჯერმე გაიმეორა, ბოლოს როგორც იქნა თვალები წესიერად გაახილა. კიდევ რამდენიმე დღე და თვალის წვეთები გაუთავდებოდა. სხვა რომ არაფერი, მარტო ამისთვის სურდა, რაც შეიძლება ჩქარა დასრულებულიყო ყოველივე. სხეული ისე დაუმძიმდა, ეგონა რკინის საჭურველით იწვა მაგნიტზე.
მხედველობა ყოველი ღონით დაძაბა, მაგრამ კარიდან შემომავალ მკრთალ შუქში გაზეთის იეროგლიფები მაინც მკვდარი ბუზების გაქვავებულ ფეხებს ჰგავდნენ.
რასაკვირველია, ქალისთვის ჯერ კიდევ დღისით კარგად უნდა ეთხოვა - გაზეთი წამიკითხეო. გაზეთის კითხვით ქალს დაძინებაშიც შეუშლიდა ხელს. ერთი გასროლით ორ კურღელს მოკლავდა. მაგრამ სამწუხაროდ თვითონ დაიძინა ადრე. რარიგ მოწადინებული იყო და მაინც ყველაფერი წაახდინა.
აი, ახლაც ეს აუტანელი უძილობა გატანჯავდა. ცდილობდა სუნთქვის რიტმზე ასიდან უკან-უკან ეთვალა, გონებაში ნაბიჯ-ნაბიჯ გაევლო ჩვეული გზა სახლიდან სკოლამდე, ნაცნობი მწერები სახეობებისა და ოჯახების მიხედვით დაეჯგუფებინა და გარკვეული რიგის მიხედვით დაესახელებინა. მაგრამ როცა მიხვდა, ამაო იყო ყოველი ცდა, უფრო მეტად ანერვიულდა ორმოს ნაპირზე ქარის დახშული ქშუტუნი... ნიჩბის ღრჭიალი, შრეებად რომ ჭრის ნოტიო ქვიშას... ძაღლების შორეული ყეფა... სანთლის ალივით მოპარპალე ოდნავ გასაგონი ხმები... გაუთავებლად ჩამომდინარე ქვიშა, რომელიც ზუმფარასავით ხეხავს ნერვების დაბოლოებებს... აი, რისთვის უნდა გაეძლო.
არა უშავს, როგორმე გაუძლებს. მაგრამ იმ წამს, როცა ორმოს ნაპირებიდან ძირს ცინცხალი ცისფერი სხივები ჩამოსრიალდა, ყველაფერი პირიქით მოხდა - ჭიდილი დაუწყო ძილს, რომელიც ისე ერეოდა, როგორც წყალი უჯდება ღრუბელს. და თუ ეს ბიწიერი წრე სადმე არ გაწყდებოდა, ქვიშის მარცვალს ვაითუ არა მარტო საათი, თვით დროც შეეჩერებინა?
გაზეთში სულ ერთსა და იმავე წერილებს ნახავდი. ამის კვალსაც ვერ გაარჩევდი, რომ ერთი კვირის შუალედი მაინც არსებობდა. თუ გაზეთი გარე სამყაროს ფანჯარაა, მაშინ ეტყობა, მას მინები მქრქალი ჰქონია.
„გადასახადებთან დაკავშირებით მექრთამეობა კერძო კომპანიებიდან ქალაქის ხელისუფლებას გადაედო...“ „საუნივერსიტეტო ქალაქები ინდუსტრიის მექად ვაქციოთ“... „წარმოებები ერთი მეორის მიყოლებით ჩერდება. ახლოვდება პფოფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომა; თვალსაზრისი გამოქვეყნდება“... „დედამ მოკლა ორი შვილი, თვითონ კი თავი მოიწამლა“... „ავტომანქანების გახშირებული გატაცება ცხოვრების ახალი სტილია თუ დანაშაულის ახალი სახეობა?..“ „უცნობ ქალიშვილს უკვე სამი წელია ყვავილები მიაქვს პოლიციელის ჯიხურთან“... „თოკიოს ოლიმპიური ბიუჯეტის სიძნელენი“... „დღეს მოჩვენებამ ისევ გამოჭრა ყელი ორ ქალიშვილს“... „სტუდენტები ნარკოტიკებით იღუპავენ თავს“... „აქციების კურსს შემოდგომის ქარმა დაჰკრა“... „იაპონიაში ჩამოდის ცნობილი ტენორი ბლიუ ჯეკსონი“... „კვლავ მღელვარებაა სამხრეთ აფრიკის კავშირში; 280 მკვდარი და დაჭრილია“... „ქურდების უფასო სკოლა, ჩათრეულია ქალები; დამთავრებისას ატესტატს აძლევენ იმას, ვინც გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს“.
აქ ვერ იპოვიდი ვერც ერთ წერილს, გამოტოვება დაგენანებოდა. ეს იყო სანათურებიანი მოჩვენებითი კოშკი, ასევე მოჩვენებითი აგურებით აგებული. მაგრამ ქვეყნად რომ მარტო ის არსებულიყო, რის გამოტოვებაც დასანანი იქნებოდა, სინამდვილე მინის მყიფე ნაკეთობად იქცეოდა, რომლისთვისაც ხელის შეხება საშიშია. მაგრამ ცხოვრება იგივე საგაზეთო წერილებია. ამიტომ ყველას ესმის მისი უაზრობა და კომპასის ცენტრს თავის სახლში ათავსებს.
უცბად კაცს გასაოცარი წერილი მოხვდა თვალში.
„თოთხმეტში, დაახლოებით დილის რვა საათზე, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო უბანზე (იოკოკავას ქუჩა, ოცდაათი), ხინოხარას კომპანიაში მომუშავე მეექსკავატორე ტოსირო ცუტომუ (ოცდარვა წლისაა) ჩამოშვავებული ქვიშის ქვეშ მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. იგი უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მალე გარდაიცვალა. იოკოკავას საპოლიციო უბნის გამოძიების თანახმად უბედური შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ ტოსირო ცუტომუმ ათმეტრიან ბორცვს დანგრევის მიზნით ქვემოდან ძალზე ბევრი ქვიშა გამოაცალა“.
გასაგებია... სოფლელებმა განგებ შემომჩხირეს ეს წერილი. თხოვნას ტყუილუბრალოდ არ შემისრულებდნენ. კიდევ კარგი, წერილი წითელი მელნით არ შემოხაზეს. ნამეტანი მოჩხუბრებისთვის შეიძლება შავი ჯეკიც მოვიმარქაფოთო...ქიშელას ქვიშით ავსებენ და იმით რკინის ან ტყვიის ჯოხზე ნაკლებ როდი უმასპინძლდებიან მოწინააღმდეგეს... რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ქვიშა მიედინებაო, ქვიშა წყლისგან მაინც განირჩევა... წყალზე შეიძლება იცურო, ქვიშა კი მარხავს ადაიმანს, კლავს თავისი სიმძიმით...
ერთობ წარმტაცი კი მეჩვენებოდა მდგომარეობა.
14
მაგრამ ტაქტიკის შეცვლას სერიოზული მერყეობა ეღობებოდა. დიდი დრო დასჭირდა. თითქმის ოთხმა საათმა განვლო მას შემდეგ, რაც ქალი ქვიშის სათხრელად წავიდა. დროის მიხედვით ქვიშის მზიდავებს ქვიშიანი კალათები უკვე მეორეჯერ უნდა ჰქონოდათ ატანილი, სამუშაო - დამთავრებული და პიკაპისკენ ყოფილიყვნენ წასულნი. კაცმა სმენა გაამახვილა და როცა დარწმუნდა, ქვიშის მზიდავები არ დაბრუნდებიანო, ნელ-ნელა ადგა და ჩაიცვა. ქალი ლამპიანად წასულიყო, ამიტომ კაცი იძულებული გახდა, ყველაფერი ალალბედზე ეკეთებინა. წაღები ქვიშას აევსო. კაცმა შარვლის ტოტები წინდებში ჩაიტანა, გეტრები აიღო და ჯიბეში ჩაიდო. გადაწყვიტა კართან დაეწყო, რომ შემდეგ ადვილად მიეგნო. სოხანე ქვიშის ხალიჩას დაეფარა და შეეძლო ფეხაკრეფით არ ევლო - ნაბიჯის ხმა სულ ერთია არ ისმოდა.
ქალი მუშაობით იყო გართული. ადვილად ხმარობდა ნიჩაბს, ადვილად არჭობდა ქვიშაში... სუნთქავდა თანაბრად, ძალუმად... მის ფეხებთან მდგარი ლამპის შუქზე გრძელი ჩრდილი როკავდა... კაცი სახლის კუთხეში გაიტრუნა, სული განაბა. პირსახოცის ბოლოებს ხელები ჩაავლო და მაგრად გაჭიმა. ათამდე დავითვლი და აქედან გავვარდები... საჭიროა უცებ დავეცე თავს იმ დროს, როცა წელში მოხრილი ქვიშის აღებას დაიწყებს ნიჩბით.
რასაკვირველია, შეუძლებელია ამტკიცო არავითარი საფრთხე არ არისო. ისიც უნდა ითქვას, რომ სოფლელთა დამოკიდებულება მისდამი შესაძლოა რაღაც ნახევარ საათში მკვეთრად შეცვლილიყო. აკი არსებობდა პრეფექტურის ჩინოვკინი. მოხუცმა თავდაპირველად შემთხვევით როდი მიიღო ამ ჩინოვნიკად. სოფლები, ეტყობა, ელიან, რომ სადაცაა მათ შესამოწმებლად მოვლენ. ხოლო თუ ასეა, გამორიცხული არაა, რომ შემოწმებისას სოფელში აზრი გაიყოს, უცხო კაცის აქ ყოფნის დაფარვა შეუძლებელი აღმოჩნდება და სოფლელები ბოლოს და ბოლოს უარს იტყვიან იგი დამწყვდეული ჰყავდეთ. თუმცა რა გარანტიაა ეს ნახევარი საათი ნახევარ წელიწადად და უფრო მეტადაც არ იქცეს. ნახევარი საათი იქნება თუ წელი - შანსები თანაბარია. კაცი ახლა ნაძლევს არ დადებდა.
მაგრამ თუ წარმოიდგენ, რომ საცაა მოგეშველებიან, გაცილებით ხელსაყრელია ავადმყოფად თავის მოჩვენება. კაცი გონებაში სწორედ სულ ამ საკითხს უბრუნდებოდა. რაკი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც კანონი და წესრიგი არსებობს, ბუნებრივია, დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. ადამიანებს, რომელნიც იდუმალების ბურუსით იბურებოდნენ, სიცოცხლის არავითარ ნიშანს არ იძლეოდნენ და უგზო-უკლოდ დაკარგულთა რიცხვში ხვდებოდნენ, უმრავლეს შემთხვევაში თავად სურდათ ეს. გარდა ამისა, თუ არაფერი მიუთითებს დანაშაულზე, ადამიანის გაქრობას განიხილავენ, არა როგორც სისხლის სამართლის საქმეს, არამედ როგორც სამოქალაქოს და მას პოლიცია განსაკუთრებულად არ უკვირდება. ორმოში მოხვედრილის ამბავი სულ სხვაა. მას სწყურია დახმარება, ყველას ევედრება, მიშველეთო, და სულ ერთია ვინ დაეხმარება. იმ ადამიანისთვისაც კი, ვისაც კაცი არასდროს უნახავს, მისი ხმა არ გაუგონია, ყველაფერი უმალ გახდება ნათელი, როგორც კი თუნდაც თვალს შეავლებს უპატრონოდ დარჩენილ მის სახლს. წაუკითხავი წიგნი, იმ გვერდზე გადაშლილი, რომელზეც თვითონ დატოვა... იმ კოსტუმის ჯიბეებში ჩატოვებული ხურდა, სამსახურში რომ იცვამდა. ჩეკის წიგნაკი, თუმცაღა უმნიშვნელო ოდენობის თანხისა, რისთვისაც ბოლო ხანებში ხელი არ უხლიათ... ყუთი, ჯერ კიდევ გაუმხმარი და დაულაგებელი მწერებითურთ... მწერებისათვის განკუთვნილი ახალი ქილების მარკადაკრული, გასაგზავნად დამზადებული შეკვეთა... ყველაფერ ამას მოუმთავრებლობის კვალი ატყვია და მიუთითებს, რომ სახლის პატრონი დაბრუნებას აპირებს. სტუმარმა, უნდა ეს თუ არა, შეუძლებელია არ შეისმინოს ვედრება, რომელიც სწორედ რომ ისმის ამ ოთახებში.
დიახ... ოღონდაც ის წერილი არ ყოფილიყო... ნეტავ არ ყოფილიყო ის სულელური წერილი... მაგრამ იყო... სიზმარმა სიმართლე უთხრა, ახლა კი თვითონ კვლავ ცდილობს, რაღაცაში დარწმუნდეს. რისთვის? კმარა იწილო-ბიწილო, რაც დაიკარგა, დაიკარგა, დაიკარგა, მან თავი უკვე კარგა ხანია საკუთარი ხელებით მოიშთო.
ყველაფერს, რაც შვებულებას ეხებოდა, ფრიად საიდუმლოდ ინახავდა და განზრახ არ ეუბნებოდა თანამშრომლებს, სად მიდიოდა. გარდა იმისა, რომ დუმდა, შეგნებულად ცდილობდა გამგზავრება იდუმალების საბურველში გაეხვია. ეს იყო შესანიშნავი საშუალება - უკეთესს ვერც მოიფიქრებდი, - გაეღიზიანებინა ადამიანები, რომელნიც საკუთარი ყოველდღიური უფერული ცხოვრების წყალობით სულით ხორცამდე უფერულნი გახდნენ. ახლა თავს იმცირებდა, როგორც კი გაიფიქრებდა, რომ მთელ ამ უფერულობაში თვითონ კი არა, რა თქმა უნდა, სხვები შეიძლებოდა სხვა ფერისაც ყოფილიყვნენ, მაგალითად: წითელი, ცისფერი, მწვანე...
თვალისმომჭრელი მზით მოჩახჩახე ზაფხული ხომ მარტო რომანებსა და კინოფილმებშია. ცხოვრებაში ეს გახლავთ: პატარა უბრალო კაცის კვირა დღეები, კაცისა, რომელიც ქალაქგარეთ გავიდა, სადაც მწველი კვამლის იგივე სუნი დგას, პოლიტიკისადმი მიძღვნილ გვერდებზე გადაშლილი გაზეთი გაფინა და ზედ წამოწვა... მაგნიტურჭიქიანი თერმოსი და დაკონსერვებული წვენი... რიგში დიდი ხნის დრომის შემდეგ საათში ასორმოცდაათ იენად დაქირავებული ნავი... სანაპირო, სადაც მკვდარი თევზებით სავსე ზვირთების ტყვიისფერი ქაფი მოგორავს. შემდეგ კი საშინლად დაღლილი ადამიანებით გაჭედილი ელექტრომატარებელი... ყველას ჩინებულად ესმის ყველაფერი, მაგრამ არ სურთ საკუთარი თავის გამაპამპულავებელი ბრიყვის სახელი გაუვარდეთ და უფერულ ტილოზე გულმოდგინედ ხატავენ ზეიმის მსგავს რაღაცას. საცოდავი პირგაუპარსავი მამები უკმაყოფილო შვილებს გულს უწყალებენ და აიძულებენ დაუდასტურონ, რა მშვენივრად გაატარეს კვირა დღე... ამგვარი სცენები ყველას ერთხელ მაინც უნახავს ელექტრომატარებლის კუთხეში... შეუმჩნევია თითქმის გულის ამაჩუყებელი შური სხვისი მზის მიმართ...
მაგრამ მთავარი მხოლოდ ეს რომ ყოფილუყო, გულთან ყველაფრის ეგზომ ახლოს მიტანა არ ეღირებოდა. იმ ერთ თანამშრომლებს რომ ყოველივე იმგვარი რეაგირება არ მოეხდინა, როგორსაც დანარჩენი თანამშრომლები ახდენდნენ, საეჭვოა კაცი აგრერიგად გაკერპებულიყო.
კაცი მხოლოდ ამ თანამშრომელს ენდობოდა განსაკუთრებულად. თანამშრომელს ნათელი, მართალი თვალები ჰქონდა, სახე ყოველთვის ახალდაბანილს უგავდა. ძალზე აქტიურად მონაწილეობდა პროფკავშირულ მოძრაობაში. ერთხელ კაცმა სცადა სერიოზულად და გულწრფელად გაეზიარებინა მისთვის იდუმალი აზრები, რომელსაც სხვებს უმალავდა.
- ასე გგონია?.. მე უბრალოდ მტანჯავს ცხოვრებით გამაგრებული განათლების პრობლემა...
- რას ნიშნავს „გამაგრებული“?
- აი, საერთოდ ისეთ განათლებას, რომელიც ილუზიებს ემყარება, გაიძულებს არარსებული არსებულად აღიქვა. ავიღოთ, მაგალითად, ქვიშა. იგი მყარი სხეულია, მაგრამ იმავე დროს საკმაოდ აქვს ჰიდროდინამიკური თვისებები. სწორედ ეს აღმიძრავს დაუოკებელ ინტერესს...
თანამშრომელი გაოგნდა. კატასავით მოკუზული კიდევ უფრო მოიკუკა, მაგრამ სახის გამომეტყველება, როგორც ყოველთვის, გულღია ჰქონდა. არაფრით გამოუმჟღავნებია, რომ იდეა ეზიზღებოდა. ვიღაცამ ერთხელ თქვა, თანამშრომელი მიობიუსის ლენტს მაგონებსო. მიობიუსის ლენტი გახლავთ ერთხელ გადაგრეხილი და ბოლოებით შეერთებული, ამ გზით სიბრტყედ ქცეული ქაღალდის ზოლი. ასეთ სიბრტყეს არც წინა მხარე აქვს, არც - უკანა. შესაძლოა მეტსახელი გამოხატავდა აზრს, რომ თანამშრომელმა მიობუსის ლენტივით შეანივთა თავისი პროფკავშირული მოღვაწეობა და პირადი ცხოვრება? ისე, მეტსახელში მცირეოდენ გაქირდვასთან ერთად მოწონებაც გამოსჭვივოდა.
- რეალისტური განათლება ხომ არა გაქვს მხედველობაში?
- არა, აიღე ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი... განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არ ჰყავს?.. ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს... სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა... ამაზე უკეთ ვერ აგიხსნი...
- მეც ასე გავიგე. სწავლების პრაქტიკა ხომ რელატივიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს მოიცავს.
- არა, ეს ასე არ გახლავს. თვით მე ვიქცევი ქვიშად... ყველაფერს ქვიშის თვალით დავინახავ... რაკი ერთხელ მოკვდები, ზედმეტია იმაზე წუხილი, რომ ისევ მოკვდები...
- შენ იდეალისტი ხომ არა ხარ, ა?.. შენ ხომ, მგონი შენი მოწაფეების გეშინია, სწორია?
- იმიტომ, რომ ჩემი ფიქრით მოწაფეებიც რაღაცით ქვიშას ჰგვანან...
თანამშრომელმა გაიცინა და თეთრი კბილები გამოაჩინა, არაფრით გამოუმჟღავნებია, რომ არ ეჭაშნიკებოდა საუბარი, რომელიც ჩვენ საერთო ვერა ვპოვეთ რა. ისედაც პატარა თვალები მთლად ჩაეკარგა სახის ნაოჭებში. მგონი, პასუხად მეც გავიღიმე. ის ნამდვილად მიობიუსის ლენტი იყო კარგი მხრითაც და ცუდითაც. ღირდა მისთვის პატივი გეცა თუნდაც ამ კარგი მხარის გამო.
მაგრამ „მიობიუსის ლენტიც“ ისევე, როგორც დანარჩენი თანამშრომლები, აშკარად ავლენდა უფერულ შურს კაცის შვებულების მიმართ. ამით უკვე სულაც არ ჰგავდა მიუბიუსის ლენტს. თანამშრომელს შურდა და უხაროდა კიდეც ერთსა და იმავე დროს. საყოველთაოდ ცნობილი სათნოება ხშირად აღიზიანებს ადამიანს. ამიტომაც კაცს თანამშრომლის გაღიზიანება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
ამ დროს ეს წერილიც... ჩასული კარტი, რომელსაც ვერასდროს დაიბრუნებ... გუშინდელი კოშმარი არაფრით არ შეიძლება უმიზეზოდ მიიჩნიო.
სიცრუე იქნებოდა იმის თქმა, რომ კაცსა და იმას, სხვა ქალს, შორის, არავითარი სიყვარული არ არსებობდა. ჰქონდათ რაღაც უღიმღამო, თითქოს ბუნდოვანი ურთიერთობა და კაცმა არასოდეს არ იცოდა, რას შეიძლებოდა მოლოდებოდა ქალისგან. მაგალითად, საკმარისი იყო, ეთქვა, ქორწინება არსებითად ყამირის დახვნას ჰგავსო, და ქალი გადაჭრით, ბოროტად შეაწყვეტინებდა, ქორწინება უნდა ნიშნავდეს ოჯახის გაფართოებას, რომელიც ვიწრო გახდაო. კაცი თუ საწინააღმდეგოს იტყოდა, ქალი ამაზეც უეჭველად შეედავებოდა. ეს იყო თამაში - ვინ ვის დასძლევს, რომელიც დაუსრულებლად, აგერ უკვე ორი წელი და ოთხი თვე გრძელდებოდა. იქნებ სწორი ყოფილიყო იმის თქმა, რომ მათ სიყვარული ამდენად კი არ დაკარგეს, რამდენადაც ბოლოს და ბოლოს გაყინეს, ვინაიდან მეტისმეტად აიდეალებდნენ.
აი, სწორედ ამ დროს კაცს მოულოდნელად მოუმწიფდა გადაწყვეტილება - წერილი დაეტოვებინა და ქალისთვის ეცნობებინა, რამდენიმე ხნით მარტო მივდივარო, მაგრამ სად მიდიოდა, არ ეთქვა. საიდუმლოს, რომელშიც გახვია თავისი შვებულება და რომელიც ასე დაუბრკოლებლად ზემოქმედებდა თანამშრომლებზე, შეუძლებელია ქალზეც არ მოეხდინა გავლენა. მაგრამ უკანასკნელ წუთს, როცა მისამართი დაწერა და მარკა დააწება, გადაწყვიტა, ეს სისულელეაო, და წერილი მაგიდაზე დატოვა.
უწყინარმა ხუმრობამ კი ითამაშა როლი ავტომატური საიდუმლო კლიტისა, რომლის გაღებაც მხოლოდ სეიფის მფლობელს შეუძლია. წერილი უსათუოდ ვინმეს მოხვდებოდა თვალში და, რა თქმა უნდა, მიიჩნევდნენ განზრახ დატოვებულ საბუთად, რომ მისი დამწერი საკუთარი ნება-სურვლით გაქრა. ამიტომ კაცი დაემსგავსა უჭკუო დამნაშავეს, რომელიც უაზრო სიჯიუტით სპობს თითების ანაბეჭდებს, თუმცა დანაშაულის ადგილას ნახეს, და ამით მხოლოდ ამტკიცებს თავის დანაშაულებრივ ზრახვებს.
ტყვეობიდან თავდახსნის შესაძლებლობა შორს გადაიწია და ახლა, მართალია იმედს არ კარგავდა, მაგრამ იმ იმედს უშთობდა შხამი, რითაც თვითონ მოწამლა იგი. ამჟამად ერთი გზა რჩებოდა - არ უნდა დალოდებოდა ვინმეს მიერ კარის გაღებას, თავად გაეღო იგი და გაჭრილიყო აქედან, თუნდაც ძალით. ახლა არავითარი მერყეობის გამართლება არ შეიძლებოდა.
კაცმა სხეულის მთელი სიმძიმე ფეხების თითებზე გადაიტანა ისე, რომ ისინი მტკივნეულად ჩაეფლო ქვიშაში, და გადაწყვიტა, ათამდე დათვლის შემდეგ დაძრულიყო... მაგრამ ცამეტამდე დათვალა და მაინც ვერ გაბედა. ბოლოს, კიდევ ოთხი ამოსუნთქვა დათვალა და საფარიდან გამოვიდა.
15
კაცი ძალზე ნელა მოძრაობდა, მისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად კი მეტი სისწრაფე იყო საჭირო. ქვიშა მთელ ძალ-ღონეს აცლიდა. უცებ ქალი შემობრუნდა, ნიჩაბს დაერყდნო და განცვიფრებით მიაშტერდა.
ქალს რომ ნამდვილად მოენდომებინა წინააღმდეგობის გაწევა, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. მაგრამ კაცი მოულოდნელობაზე ამყარებდა იმედს და გაუმართლდა. ერთობ ნერვულად კი მოქმედებდა, მაგრამ ქალიც ისე შეძრწუნებული იყო, თითქოს დამბლა დაეცა. თავში არ მოსვლია, კაცი ხელში ჩაბღუჯული ნიჩბით უკუეგდო.
- ყვირილი არ ატეხო!.. არაფერს გიზამ... ჩუმად!.. - ჩამწყდარი ხმით ჩასჩურჩულებდა კაცი და პირში დაუდევრად უტენიდა პირსახოცს. ქალი არც ცდილობდა მის უგერგილო, ბრმა მოძრაობას შეწინააღმდეგებოდა.
კაცმა იგრძნო ქალის პასიურობა და ბოლოს თავი დაიოკა, პირიდან პირსახოცი გამოსტაცა, მჭიდროდ შემოახვია თავზე, მაგრად გაუკვანძა უკან. შემდეგ წინასწარ მომზადებული გეტრით ხელები მთელი ძალით გაუკრა ზურგზე.
- ახლა კი სწრაფად შედი სახლში!
მთლად გაშტერებული ქალი სავსებით ემორჩილებოდა არამარტო მის მოქმედებას, სიტყვებსაც. რა მტრობა, რის მტრობა, ერთი ბეწო წინააღმდეგობას არ უწევდა. ეტყობა, ჰიპნოზის მაგვარი მდგომარეობა დაეუფლა. კაცი არ ფიქრობდა, რას აკეთებდა, არც იცოდა, აკეთებდა თუ არა იმას, რაც საჭირო იყო, მაგრამ ქალს, როგორც ჩანს, სწორედ უხეშმა ძალადობამ წაართვა წინააღმდეგობის უნარი... კაცმა იგი აიძულა სოხანედან მაღლა ამოსულიყო. მეორე გეტრით ფეხები შეუკრა კოჭებთან. ყველაფერს სრულ სიბნელეში, ალალბედზე აკეთებდა. გეტრის შემორჩენილი ნაწილი ფეხებზე კიდევ ერთხელ შემოახვია გულის შესაჯერებლად.
- ახლა კი მშვიდად იჯექი, გასაგებია?.. თუ კარგად მოიქცევი, არაფერს გიზამ... მაგრამ იცოდე, ჩემთან ხუმრობა არ გარგებს...
კაცი უკან-უკან წავიდა კარისკენ, თან იმ მხარეს იხედებოდა, საიდანაც ქალის სუნთქვა ისმოდა, შემდეგ სწრაფად გავარდა გარეთ, ლამპას და ნიჩაბს ხელი სტაცა და მაშინვე შემობრუნდა. ქალი გვერდზე დაეცა. ხშირ-ხშირად და მძიმედ სუნთქავდა და სუნთქვის ტაქტზე სწევდა და ზირს უშვებდა თავს. შესუნთქვისას ყბას ჭიმავდა, ალბათ იმისთვის, რომ ჭილოფიდან ქვიშა არ შეესუნთქა. ამოსუნთქვისას კი პირიქით შვრებოდა, რომ ნესტოებიდან ამოსულ ჰაერს მთელი ძალით გადაეწმინდა ქვიშა სახიდან.
- კარგი, ცოტას მოითმენ. მოიცადე, ვიდრე კალათებიანი კაცები დაბრუნდებიან. აქ ჩემ მიერ გადატანილი ყოველივეს შემდეგ გირჩევნია ხმა არ ამოიღო. ამას გარდა, ფულს გადაგიხდი იმ დღეებისთვის, რაც აქ დავყავი... რა თქმა უნდა, იმას, რასაც შეიძლება ხარჯები უწოდო, თვითონ მიანგარიშებ... მეთანხმები?.. არა?! სიმართლე რომ ითქვას, არაფრის გადახდა არ მჭირდება, მაგრამ უბრალოდ მიყვარს, ყველაფერი პატიოსნად იყოს. ამიტომ გინდა თუ არა, ფულს სულ ერთია მოგცემ.
კაცმა ხელი ყელზე მოივლო, თითქოს სუნთქვას იმსუბუქებსო და დაძაბულად, მშფოთვარედ მიაყურადა გარეთ რაღაც ხმაურს. ჰო, უმჯობესია ლამპა ჩავაქრო. კაცმა ლამპის შუშა ასწია და ალისთვის უკვე სული უნდა შეებერა... არა, კიდევ ერთხელ შევამოწმებ, რას შვრება ქალი, ფეხები საკმაოდ მაგრადა აქვს შეკრული - თითს ვერ ჩაუყოფ. ხელებიც რიგზეა - მაჯები გასწითლებია, ძირებამდე გადატეხილი ფრჩხილები ძველი გასქელებული მელნისფერი გახდომია.
ქალს პირში ჩაჩრილი ჩვარიც ჩინებულად ჰქონდა. უკეთესს ვერ ინატრებდი. ისედაც უფერული ტუჩები ისე დაჭიმვოდა, წვეთი სისხლი არ შერჩენოდა - პირდაპირ მოჩვენებას ჰგავდა. პირიდან ჩამომდინარი ნერწყვი ჭილოფზე, ზუსტად ლოყის ქვეშ შავ ლაქას ქმნიდა. ლამპის მოპარპალე შუქზე იქიდან, სადაც ქალი იწვა, თითქოს ქვითინი ისმოდა.
- რას იზამ. თვითონ აურ-დაურიე ყველაფერი... - კაცის აჩქარებით წამოსროლილ სიტყვებში ნერვულობა გამოსჭვივოდა. - ჩვენ ვცდილობდით ერთანეთი მოგვეტყუებინა. ბარი ბარსა ვართ? მე ხომ მაინც კაცი ვარ, არ შეიძლება აი, ასე პირდაპირ ჯაჭვით დამაბან ძაღლივით... ყველა იტყვის, რომ ეს პატიოსნური, კანონიერი თავდაცვაა.
ქალმა მოულოდნელად თავი მოაბრუნა, ცდილობდა მოჭუტული თვალის კიდით დაეჭირა მისი მზერა.
- რაო?.. გინდა რამე მითხრა?
ქალმა რაღაც არაბუნებრივად გააქნია თავი; ეს თითქოსდა დასტურსაც ნიშნავდა და უარსაც. კაცმა ლამპა სახესთან მიუტანა, ცდილობდა მის თვალებში სათქმელი ამოეკითხა. თავდაპირველად კაცმა არ დაიჯერა: ქალის თვალებში არც სიბოროტე შეიმჩნეოდა, არც სიძულვილი, უსაზღვრო სევდა და თითქოს რაღაცის ვედრება იხატებოდა.
შეუძლებელია... ალბათ, მეჩვენება... „თვალების გამომეტყველება“ მხოლოდ ლამაზი თქმაა და მეტი არაფერი... განა შეიძლება თვალებს რაღაც გამომეტყველება ჰქონდეთ, როცა თვალის კაკალს კუნთები არ გააჩნია? მაგრამ კაცი მაინც შეყოყმანდა და ის-ის იყო ხელი გაიწოდა, რათა ქალისთვის სახეზე გადაჭერილი პირსახოცი მოეშორებინა.
გაიწოდა და მაშინვე უკან გასწია, აჩქარებით ჩააქრო ლამპა. ახლოვდებოდა ქვიშიანი კალათების მზიდავთა ხმები, ჩამქრალი ლამპა რომ ადვილად მოეძებნა, იატაკის ამაღლებული ნაწილის ნაპირას დადგა, პირსაბანის ქვემოდან წყლიანი კარდალა გამოიღო, ტუჩებით მიეკრა და ხარბად დაიწყო სმა. შემდეგ ხელი სტაცა ნიჩაბს და კართან გაინაბა. იგი ოფლად გაიღვარა. აი, ახლა... კიდევ ხუთი-ათი წუთი მოთმინება... გაბედულად მიიჩოჩა ყუთი, რომელშიც მწერების კოლექცია ჰქონდა.
16
- ჰეი, - დაირხა ჩახრინწული ხმა.
- რას აკეთებთ მანდ? - ექოსავით გაისმა მეორე ხმა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ახალგაზრდული კილო.
ორმო ისეთ უკუნ წყვდიადს მოეცვა, თითქოს შეიძლებოდა ხელის შეხებით შეგეგრძნო. გარეთ კი ალბათ უკვე მთვარე ამოვიდა, ვინაიდან ქვიშისა და ცის მიჯნაზე გადღაბნილი ლაქასავით შავად ჩანდა ადამიანთა ერთმანეთს შერწყმული ჯგუფი.
კაცი ორმოს ფსკერზე გახოხდა. მარჯვენა ხელში ნიჩაბი ეჭირა.
მაღლა უხამსად ჩაიცინეს. ქვევით ბიდონების ასაწევად დაეშვა კაკვგამობმული თოკი.
- დედია, დაუჩქარე!
ზამბარასავით დაჭიმული კაცი იმავ წუთს ეცა ტოკს, უკან ქვიშის კორიანტელი ააყენა.
- ჰეი, ასწიე! - იღრიალა და ორივე ხელით ისე ჩააფრინდა ხორკლიან თოკს, თოკი ქვა რომ ყოფილიყო, მისი თითები მაინც ჩაესობოდა. - ასწიე! ასწიე! სანამ არ ამწევთ. ხელს არ გავუშვებ... ქალი შებოჭილი აგდია სახლში! თუ გინდათ დაეხმაროთ, ჩქარა ასწიეთ თოკი! მანამდე კი არავის მივუშვებ მასთან!.. ვინც აქ ცხვირის შემოყოფას მოინდომებს, ნიჩბით გავუხეთქავ გოგრას... სასამართლო იქნება და საქმეს მე მოვიგებ! შეწყნარებას არ ელოდოთ!.. აბა, რას ზოზინებთ? თუ ახლავე ამწევთ, სასამართლოში საქმეს არ ავღძრავ, კრინტს არ დავძრავ... უკანონო დაპატიმრება დიდი დანაშაულია!.. აბა, რას შვრებით მანდ? ჰა, ამწიეთ!
მაღლიდან ჩამომავალი ქვიშა სახეში სცემს. პერანგქვეშ, კისრიდან ქვემოთ უსიამოვნო, მწებვარე რაღაც მოცოცავს. ტუჩებს ცხელი ამონასუნთქი უწვავს.
ზემოთ თითქოს ბჭობენ, უცებ კაცმა ძლიერი ბიძგი იგრძნო და თოკი მაღლა აცოცდა. მისი ჩამოკიდებული სხეული გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდა, ხელი უსხლტებოდა. გაორმაგებული ძალით ჩაეჭიდა თოკს... მუცელში თითქოსდა შეკავებული სიცილისგან გამოწვეულმა კრუნჩხვამ დაუარა. პირიდან მარაოსებრ წასკდა შხეფები... მთელი კვირის მანძილზე გაჭიანურებული საშინელი სიზმარი უკვე იმსხვრეოდა და ქრებოდა... კარგია... კარგია... ახლა გადარჩენილი ვარ!
ამ არამზადებმა თოკი მოუშვეს!.. კაცი ჰაერში გადატრიალდა და უხერხულად დაეცა ქვიშაზე. მის ქვეშ საზიზღარი ტკაცანი გაადინა მწერების ყუთმა. შემდეგ ლოყაზე რაღაც შეეხო და გაფრინდა. ალბათ თოკს გამობმული კაკვი იყო. რას აკეებენ ეს არამზადები! კიდევ კარგი, არ წამომედო. მოისინჯა გვერდი, რომლითაც ყუთზე დაეცა, თითქოს განსაკუთრებულ ტკივილს არსად გრძნობდა. მაღლა ასროლილივით წამოხტა და თოკს დაუწყო ძებნა. მაგრამ უკვე ზემოთ აეწიათ.
- სულელებო!
კაცმა არაბუნებრივი ხმით იღრიალა:
- სულელებო! იცოდეთ, ინანებთ!
ღრიალს არავითარი პასუხი არ მოჰყოლია, მხოლოდ წყნარი ჩურჩული თითქოსდა კვამლივით მიიწევდა, სიტყვებს ვერ გაარჩევდი. რა იხატებოდა ამ ჩურჩულში, მტრობა თუ დაცინვა, ვერ გაიგებდი, ესეც აუტანელი იყო.
ბრაზმა და დამცირებამ ფოლადის სალტეებივით შეუბოჭეს სხეული. ყვირილი ატეხა და ხელები ისე დამუშტა, ფრჩხილები სველ ხელისგულებში ჩაესო.
- კიდევ ვერ გაიგეთ?! გეტყობათ, სიტყვები არ გესმით, მაგრამ მე ხომ ისეთი რამეც გავაკეთე, თქვენც კი გაიგებთ! არ გეუბნებოდით, ქალი შეკრულია-მეთქი?.. ვიდრე ზემოთ არ ამიყვანთ ან კიბეს არ ჩამოუშვებთ, ხელ-ფეხს არ შევუხსნი!.. არც არავინ მოხვეტავს ქვიშას... აბა, მოგწონთ?.. კარგად დაფიქრდით... თუ აქ ყველაფერს ქვიშა დაფარავს, თქვენთვის ხომ ცუდი იქნება, მართალი ვარ?.. ქვიშა ორმოს გადაუვლის და სოფლისკენ დაიძვრება!.. მაშინ რაღას იზამთ? რატომ არ მიპასუხებთ?!
ქვიშის მზიდავებს არ უპასუხნიათ, ისე წავიდნენ, კალათებს ქვიშაზე მიაფხიკინებდნენ.
- რატომ? რატომ მიდიხათ უპასუხოდ?
კაცის საცოდავი გოდება მის გარდა უკვე აღარავის ესმოდა. მთელი სხეული უკანკალებდა. დაიხარა და ალალბედზე დაიწყო მწერების საკოლექციო ყუთიდან გადმოცვენილი ნივთების მოგროვება. სპირტიანი ბოთლი ეტყობა გაიბზარა: როცა ხელი მოჰკიდა, თითებს შორის სასიამოვნო სიგრილე მოედო. კაცი უხმოდ ატირდა. ისე მაინც და მაინც არ წუხდა. ეჩვენებოდა კიდეც, რომ ვიღაც სხვა ტიროდა.
ქვიშა ეშმაკი მხეცივით მოცოცავდა მის კვალდაკვალ. თვითონ უკუნეთში მილასლასებდა, ძლივს ადგამდა ფეხს, გაჭირვებით მიაღწია კარს. სახურავმომტვრეული ყუთი ალალბედზე დადო კერის გვერდით. ჰაერს ქარის ღმუილი კვეთდა. კერასთან დადგმული ცარიელი ქილიდან პოლიეთილენში შეხვეული ასანთი ამოიღო და ლამპა აანთო.
ქალი ისევ ისე იწვა, ცოტათი მეტად დახრილიყო იატაკისკენ. ახლა თავი ოდნავ მოაბრუნა კარისკენ, ეტყობოდა, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა გარეთ. შუქზე თვალები აახამხამა და მაშინვე მაგრად დახუჭა. როგორ აღიქვა სისასტიკე და უხეშობა, რომელნიც კაცმა ეს-ესაა განიცადა?.. ტირილი უნდა - იტიროს, სიცილი უნდა - იცინოს... ჯერ კიდევ დაკარგული არაა ყველაფერი. მე,სწორედ მე მიჭირავს ფალია დაყოვნებული მოქმედების ნაღმთან.
კაცმა ქალის ზურგს უკან ჩაიჩოქა და ცოტა ყოყმანის შემდეგ პირზე მოჭერილი პირსახოცი შეუხსნა. ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ უცებ სინდისის ქენჯნა იგრძნო. არც, რა თქმა უნდა, სიბრალულის ან თანაგრძნობის გამო გაუკეთებია.
უბრალოდ ძალა გამოეცალა და უკვე ვეღარ იტანდა ამ გაუთავებელ დაძაბულობას. ჩვარი სინამდვილეში სულაც არ იყო საჭირო. ქალს მაშინ რომც ეყვირა - მიშველეთო, ამით შეიძლება პირიქით კაცის მტრები დაებნია და აეძულებინა სწრაფად გადაეწყვიტათ საქმე.
ქალს ნიკაპი დაეჭიმა და ქშინავდა. ქვიშასთან არეული მისი ნერწყვისგან პირსახოცი მიმღძვალი თაგვივით უფერული და მძიმე გამხდარიყო. პირსახოცის ლურჯი ნაკვალევი თთქოს არასდროს არ გაუქრებოდა. გამხმარი თევზივით გამაგრებული, გახევებული ლოყების ასამოძრავებლად წამდაუწუმ ანძრევდა ქვედა ყბას.
- უკვე დროა... - კაცმა ორი თითით აიღო პირსახოცი და სოხანაზე მოისროლა. - დროა ბჭობა დაამთავრონ. ახლა თოკის კიბეს მოარბენინებენ. თუ ყველაფერი ძველებურად დარჩა, თვით მათთვის ხომ უარესი იქნება? დიახ, იქნება ამას წყალი არ გაუვა... არ უნდოდათ ჭირი? მაშ საგანგებოდ რად შემომიტყუეს ამ მახეში?
ქალმა ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩები მოილოკა.
- მაგრამ... - ენას ჯერ კიდევ წესიერად ვერ აბრუნებდა და ისე ლაპარაკობდა, თითქოს პირში კვერცხი ედო. - ცაზე ვარკვლავები გამოჩნდა?
- ვარსკვლავები?.. რა შუაშია აქ ვარსკვლავები?
- ვთქვათ, რომ არ გამოჩნდეს...
- მერე რა, რომ არ გამოჩნდეს?
ქალს ძალა გამოეცალა და ისევ გაჩუმდა.
- რა მოხდა? რაკი ლაპარაკი დავიწყეთ, შუა გზაზე რად გავჩერდეთ? ჰოროსკოპის შედგენას ხომ არ აპირებთ? თუ ეს აქაური ცრურწმენაა?.. ახლა იმას იტყვით, უვარსკვლავო ღამეს კიბის ჩამოშვება არ შეიძლებაო?.. ასეა, ხომ? ოჰ ვერ გამიგია, რატომ დუმან ხოლმე!.. თუ გნებავთ, ვარსკვლავების გამოჩენამდე მოიცადოთ და ილაპარაკოთ, ეს თქვენი საქმეა... მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენს ცდაში ტაიფუნი ამოვარდა? საჭირო აღარ იქნება ვარსკვლავებზე წუხილი!
- ვარსკვლავები... - ქალი თითქოს წრიტავდა სიტყვებს ნახევრად ცარიელი ტუბიდან. - რაკი ვარსკვლავები ჯერ არ გამოჩენილა, განსაკუთრებით ძლიერი ქარი არ იქნება.
- რატომ?
- ვარსკვლავების გამოჩენას ხომ ნისლი უშლის ხელს.
- იტყვით რაღა. განა ახლა წინანდებურად არ ქრის ქარი?
- არა, მაშინ გაცილებით ძლიერი იყო. გესმით, ცხოვრება...
შეიძლება ქალი მართალია. ვარსკვლავენი ჩაბჟუტული იმიტომ ჩანს, ქარს ძალა არ ჰყოფნის ჰაერში მყოფი ანაორთქლები გაფანტოს. ამ ღამით საეჭვოა ძლიერი ქარი ამოვარდეს... მაშასადამე, სოფელშიც გადაწყვეტილების მიღებას არ დაეშურებიან... და ის, რაც კაცს თავდაპირველად სისულელედ, აბდაუბდად მოეჩვენა, მოულოდნელად გონივრული პასუხი აღმოჩნდა.
- მართლაც... მაგრამ მე სავსებით დამშვიდებული ვარ... რაკი სოფლელები ასე იქცევიან, მეც შემიძლია მოვიცადო. სადაც ერთი კვირაა, იქ ათი დღეც, თხუთმეტი დღეც იყოს, დიდი არაფერი სხვაობაა.
ქალმა მაგრად მოკეცა ფეხის თითები და ისინი საწოვარებს დაემსგავსა. კაცს გაეცინა და იგრძნო, რომ საცაა გული აერეოდა.
აბა რას იწვალებ თავს?.. შენს მტრებს სუსტი ადგილი ხომ უპოვე?.. რატომღა არ მშვიდდები, არ უკვირდები ყოველივეს?! აკი, როცა ბოლოს და ბოლოს მშვიდობით დაბრუნდები შინ, უთუოდ ყველაფერი უნდა აღწერო, რაც განიცადე?
...ოო! განცვიფრებულნი ვართ. როგორც იქნა რაღაცის დაწერა გადაწყვიტეთ. მართლაც ბევრი რამ გადაგიტანიათ. მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვსწავლობთ - ჭიაყელაც ხომ არ გაიწელება, თუ კანს არ გავუღიზიანებთ... მადლობა. მე მართლაც ბევრი ვიფიქრე. სათაურიც მაქვს უკვე შერჩეული... ო! მერედა რა სათაური?.. „დიუნების ეშმა“ ან „ჭიანჭველათა ჯოჯოხეთის საშინელება“... დიახ, საინტერესო სათაურებია. ოღონდ რაღაც არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ხომ არ სტოვებენ?.. ასე მიგაჩნიათ?.. რარიგ საშინელიც უნდა იყოს განსაცდელი, აზრი არა აქვს მოვლენის მხოლოდ გარეგანი სახის დახატვას. ამას გარდა, ტრაგედიის გმირი ხომ იქ მცხოვრები ადამიანებია და თუ ნაწერში თუნდაც მონიშნული არ იქნება პრობლემების გადაჭრის გზა, მაშინ ყველა ამ თქვენმა მძიმე განსაცდელმა ჭირი მოგჭამათ... უსინდისობაა!.. რაო?..
დიახ, იქნებ, სადღაც წყლის ჩასადენ თხრილს წმენდენ? თუ დერეფანში დეზინფექციისა და თქვენი პირადი ამომდინარე ნივრის სუნს შორის რაღაც განსაკუთრებული ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს?.. რაო?.. არა უშავს, არა უშავს, ნუ წუხდებით, გეთაყვა. რამდენიც უნდა ვწერო, ვხედავ, მწერლად არ ვვარგივარ... ეს ისევ და ისევ სრულიად ზედმეტი თავმდაბლობაა. თქვენ არ შეგშვენით. მე მგონი, მწერლებს ისე არ უნდა ვუყუროთ, როგორც რაღაც გასაკუთრებულ ვინმეებს. რაჯუ წერ, მაშასადამე, მწერალი ხარ... არსებობს დაზუსტებული აზრი, რომ წერა ყველაზე მეტად მასწავლებლებს უყვართ, ოღონდ კი ამის ნება მიეცით. ალბათ იმიტომ, რომ პროფესიულად შედარებით ახლოს არიან მწერლებთან... ეს იგივე შემოქმედებითი სწავლებაა? თანაც მიუხედავად იმისა, რომ თვითონ წვრილმანების კოლოფის გაკეთებაც კი არ შეუძლიათ... წვრილმანების კოლოფი, უმორჩილესი მადლობა. განა მარტო ის, რომ საკუთარ თავს დაგანახვებენ, მშვენიერი შემოქმედება არაა?.. და ამის გამო მაიძულებენ განვიცადო ახალი შთაბეჭდილებანი. რომელნიც ახალ ტკივილს მაგრძნობინებენ... მაგრამ იმედსაც!... თან არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობენ, ეს იმედი გამართლდება თუ არა... თუ თითოეული თავდაპირველადვე არ ირწმუნებს საკუთარ ძალებს... აბა, კმარა საკუთარი თავის ცდუნება. არც ერთ მასწავლებელს არ ეკადრება ასეთი მანკი... მანკი?.. მე ამას მწერლობაზე ვამბობ. მწერლად გახდომის სურვილი ყველაზე ჩვეულებრივი ეგოიზმია: სწრაფვა, გახდე თოჯინების წინამძღოლი და ამით გამოეყო სხვა თოჯინებს. ზუსტად ის, რისთვისაც ქალის კოსმეტიკას მიმართავენ... მეტისმეტი სიმკაცრე ხომ არაა? მაგრამ თუ თქვენ სიტყვა „მწერალს“ ასეთი აზრით ხმარობთ, მაშინ იქნებ მართლა უნდა განვასხვავოთ ერთგვარად მწერლად გახდომა და უბრალოდ წერა. ... იქნებ სწორედ ამიტომ მინდოდა მწერალი გავმხდარიყავი! თუ ამას ვერ შევძლებ, წერაც არ ღირს!.. სიტყვამ მოიტანა და, როგორ გამოიყურება ბავშვი, რომელსაც დანაპირები არ მისცეს?
17
გარედან ფრთების ფართქუნის მსგავსი ბგერები მოისმა. კაცმა ლამპას ხელი სტაცა და გარეთ გავარდა. ორმოს ფსკერზე ჭილოფში შეხვეული რაღაც ეგდო. ზემოთ ადამიანიშვილი არ ჩანდა. კაცი შეხვეულს არ შეხებია, ისე დაიყვირა ხმამაღლა. პასუხი არავის გაუცია. მან შეხვეულს შემოჭერილი თოკი შეხსნა. პაკეტი, რომელშიც არ იცი რა დევს, ასაფეთქებელი ნივთიერებაა, რომელთანაც მიტანილია ფალია, სახელად ცნობისმოყვარეობა. კაცს ძალაუნებურად სულის სიღრმეში იმედი აუკიაფდა: იქნებ ორმოდან ასაძრომი რაიმე მოწყობილობააო... სოფლელებმა ყოველივე აუცილებელი რამ ჩამოყარეს და საჩქაროდ გაიქცნენ.
მაგრამ აქ იყო მხოლოდ გაზეთის ქაღალდში შეხვეული პატარა პაკეტი და დაახლოებით ლიტრის ტევადობის ბოთლი, რომელსაც ხის საცობი ეხურა. პაკეტში სამი კოლოფი სიგარეტი „სინსეი“ ეწყო, თითოეულ კოლოფში - ოც-ოცი ღერი პაპიროსი. ეგ იყო და ეგ, გინდ დაგეჯერებინა და გინდ არა. კაცმა ჭილობი კიდევ ერთხელ ასწია ცალი კიდით და დაბერტყა, მაგრამ ქვიშის მეტი არაფერი ჩამოცვენილა... ბარათი მაინც უნდა იყოს, - ისევ იმედოვნებდა კაცი. არც ბარათი აღმოჩნდა. ბოთლში ესხა საზიზღარი არაყი, რომელსაც ბრინჯის ამჟავებული კვერის სუნი ასდიოდა.
რას ნიშნავს ეს ყოველივე? რაიმე გარიგებას მოასწავებს? კაცს ოდესღაც გაეგონა, რომ ინდიელები მეგობრობის ნიშნად ჩიბუხებს ცვლიდნენ. არაყიც ყველგან ზეიმის ნიშანია. ამრიგად, შეიძლება სრულიად საფუძვლიანად ივარაუდო, რომ სოფლელები ასეთნაირად გამოხატავენ შეთანხმების წადილს.
სოფლის მცხოვრებლებს ჩვეულებრივ რცხვენიათ თავიანთი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. ამ მხრივ ერთობ მიამიტნი არიან.
მაგრამ ჯერ განზე გადავდოთ ყოველგვარი შეთანხმება - ჯერ სიგარეტები. მთელი კვირა როგორ გაძლო უიმათოდ? კოლოფს ჩვეული მოძრაობით რომ ახევდა კუთხეს, ქაღალდის პრიალა ზედაპირი შეიგრძნო. კოლოფს ბოლოში წკიპურტი ამოჰკრა და სიგარეტი ამოაგდო. თითები მოავლო. თითები ოდნავ უკანკალებდა. პაპიროსს ლამპაზე მოუკიდა, ნელა, ღრმად მოქაჩა და მთელ სხეულში ჩამოცვენილი ფოთლების სურნელმა დაუარა, ტუჩები გაუშეშდა, მის თვალთა წინ ხავერდის მძიმე ფარდა ჩამოეშვა, თითქოს დაჰკრესო, თავბრუ დაეხვა და შეამცივნა.
ბოთლი ჩაიხუტა და ნელა გაემართა სახლისკენ. ძლივს იცავდა წონასწორობას. ფეხები არ ემორჩილებოდა, თავი ისევ უბრუოდა. ზედ თითქოს გვერგვი ჰქონდა ჩამოცმული. უნდოდა იქით გაეხედა, სადაც ქალი ეგულებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით აბრუნებდა. ქალის სახე, რომელიც გეზად დალანდა, საოცრად პატარა მოეჩვენა.
- საჩუქარი, ხედავ... - კაცმა ბოთლი მაღლა ასწია და შეარხია. - მაგრად მოისაზრეს, ხომ მართალია? მათთვის მადლობა მოგვიხსენებია, ახლა შეგვიძლია წინასწარ ვიზეიმოთ ყველაფერი... უსიტყვოდაც ნათელია... იმთავითვე მივხვდი ყოველივეს... რაც იყო, იყო... აბა, იქნებ შემომიერთდეთ, ერთი სირჩა გადაჰკრათ?
ქალმა პასუხის ნაცვლად მაგრად დახუჭა თვალები. შესაძლოა ბრაზობდა, რომ კაცმა ხელ-ფეხი არ გაუხსნა? სულელი ქალი. ერთ კითხვაზე რომ წესიერად ეპასუხა, მაშინვე გაუხსნიდა. იქნებ უბრალოდ ნაწყენია? იმიტომ, რომ არ შეუძლია ასეთი გაჭირვებით ხელთ ჩაგდებული კაცი შეინარჩუნოს და იძულებულია - აქ უკვე ვერაფერს გააწყობს - გაუშვას? რაღაც საფუძვლები თითქოს აქვს... დაახლოებით ოცდაათი წლისაა, ქვრივია. კოჭების უკან რაღაც უცნაური, ნათლად გამოკვეთილი ღრმულები აქვს (კაცს ისევ მოეწადინა უმიზეზო სიცილი). რატომ აქვს ასეთი საოცარი ფეხები?
- გინდათ გააბოლოთ? მოგიკიდებთ.
ქალმა თავი გააქნია და წყნარად მიუგო:
- არა, არ მინდა, პირი ისედაც მიშრება...
- იქნებ, დალიოთ?
- ო, არა.
- ნუ გრცხვენიათ. ეს ხომ იმიტომ კი არ გაგიკეთეთ, თითქოს სწორედ თქვენდამი მაქვს რაღაც განსაკუთრებული ბოღმა. თავად უნდა მივდეთ, რომ სტრატეგიის თვალსაზრისით აუცილებელი იყო. აი, ახლა სოფლელებმა თითქოს უკან დაიხიეს...
- იქ სადაც კაცებია, კვირაში ერთხელ არაყს და თამბაქოს იძლევიან.
- იძლევიან?.. - დიდ ბუზს, რომელსაც ჰგონია, რომ მიფრინავს, სინამდვილეში კი თავს მინას ახლის... მეცნიერულად ასე ჰქვია: Muscina stabulans… ბინდგადაკრული თვალები საგნებს ნამსხვრევებად ქცეულს ხედავენ... კაცი არც კი ცდილობდა დაბნეულობა დაეფარა და მშფოთვარედ იკითხა: - კი, მაგრამ რად იწუხებენ თავს ჩვენი გულისთვის?! განა უკეთესი არაა ადამიანებს შესაძლებლბა მისცენ, თვითონ იყიდონ რაც სჭირდებათ?
- სამუშაო ძალზე მძიმეა და ბევრი - დრო სხვა რამისთვის აღარ რჩებათ... ამგვარი წესი სოფლისთვისაც ხელსაყრელია: ხარჯების ერთ ნაწილს ლიგა იხდის.
თუ ასე იყო, ყველაფერი ნიშნავდა არა შეთანხმებას, არამედ სრულიად საწინააღმდეგო რამეს - წინადადებას იძლეოდნენ დაგვნებდითო!.. ო, არა, ეს თითქოს უარესია. იქნებ თავად კაცი ერთ-ერთ გორგალაჭად იქცა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამოძრავებს, და ყველა ნუსხაში, როგორც გორგოლაჭი, ისეა შეტანილი?
- ჰო, აი, კიდევ რა მინდოდა სისწორისათვის მეკითხა: მე პირველი ვარ, ვისაც აქ ამგვარი რამ შეემთხვა?..
- არა. ჩვენ ხომ მუშახელი გვაკლია... კარ-მიდამოს პატრონებიცა და ღარიბებიც, ყველამ ვისაც მუშაობა შეუძლია, ერთი მეორის მიყოლებით მიდის სოფლიდამ... ღატაკი სოფელი, ცარიელა ქვიშაა...
- როგორ... - კაცის ხმამაც კი დამცავი შეფერილობა - ქვიშის ფერი მიიღო. - ჩემ გარდა დაგიჭერიათ კიდევ ვინმე?
- კი, შარშან შემოდგომის დამდეგს... მებარათე...
- მებარათე?
- ჰო, ერთი კომპანიის აგენტი. ეს კომპანია ტურისტებისთვის ღია ბარათებს უშვებს. აგენტი კავშირის აქაურ ხელმძღვანელს სტუმრად ეწვია... საუცხოო პეიზაჟიაო, ამბობდა, ქალაქის მცხოვრებთათვის რეკლამის გაკეთება უნდოდა...
- ისიც დაიჭირეთ?
- სწორედ ერთ სახლში, ჩვენს გვერდით, მუშა-ხელი აკლდათ.
- მერე?
- მგონი მაშინვე მოკვდა... არა, იმთავითვე არცთუ მაგარი იყო... ამ დროს კიდევ, თითქოს ჯიბრზე, ტაიფუნების ჟამი იდგა, ჰოდა, ზედმეტად გაისარჯა...
- დაჭერისთანავე რად არ გაიქცა?
ქალმა არაფერი უპასუხა. ყველაფერი ისე ნათელი იყო, რაღა უნდა ეპასუხა. არ გაიქცა იმიტომ, რომ არ შეეძლო... მთავარი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეგ გახლდათ.
- კი, მაგრამ მის გარდა კიდევ დაიჭირეთ?
- ჰო... წლის დამდეგს აქ ერთი სტუდენტი იყო, მგონი წიგნებს ყიდდა.
- ფეხზე მოვაჭრე ხომ არა?
- რაღაც წიგნაკები ჰქონდა, ათ-ათ იენად ყიდდა. მათში ვიღაცის საწინააღმდეგო ეწერა...
- სამშობლოში დაბრუნების მოძრაობის მონაწილე სტუდენტი... ისიც დაიჭირეთ?
- ის, ალბათ, ახლაც ცხოვრობს აქედან მესამე სახლში.
- თოკის კიბე იქიდანაც აღებულია?
- ახალგაზრდობა ვერაფრით ვერ ეჩვევა აქაურობას... ქალაქში უკეთეს გასამრჯელოს იძლევიან. თანაც იქ კინო და რესტორნები ყოველდღე ღიაა...
- კი, მაგრამ ხომ შეუძლებელია, ვინმეს არ გაეღწიოს აქედან?
- რატომაც არა: იყო ერთი ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებმა გზას ააცდინეს და ქალაქში გაიქცა... იქ ვიღაცას დანა ჩასცა, გაზეთებიც კი სწერდნენ ამის შესახებ... ახალგაზრდას პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ უკან დააბრუნეს და ალბათ მშვიდად ცხოვრობს მშობლების ჭერქვეშ...
- ამის შესახებ კი არ გეკითხები! იმათზე, ვინც გაიქცა და აღარ დაბრუნებულა!
- ეს დიდი ხნის წინათ იყო... მახსოვს, მთელი ოჯახი მოხერხებულად გაიპარა ღამით... სახლში დიდხანს არავინ ცხოვრობდა და ეს ძალზე საშიში გახდა, მაგრამ უკვე ვერაფერს გააწყობდი... მართალია, ძალზე საშიშია... აქ ერთი ადგილიც რომ ირღვევა, კაშხალში ბზარის გაჩენას ნიშნავს...
- ამის შემდეგ არავინ წასულა?
- მგონი, არა...
- რაღაც აბსურდია! - კაცს კისერზე ძარღვები დაებერა, სუნთქვა შეეკრა.
უცებ ქალი ისე მოიხარა ორად, იფიქრებდით კრაზანა კვერცხებს დებსო.
- რა მოხდა?.. გტკივა?
- ჰო, მტკივა...
კაცი ქალის გათეთრებულ ხელს შეეხო. შემდეგ თითები კვანძებს შუა შეუყო და მაჯისცემა გაუსინჯა.
- გრძნობთ? მაჯისცემა სრულიად კარგი გაქვთ... ჩემი აზრით სერიოზული არაფერია... მესმის, რომ ცუდად ვიქცევი, მაგრამ მეც მჭირდება, მიჩივლოთ იმათთან, სოფლელებთან, რომელთაც ბრალი მიუძღვით ყველაფერში.
- უკაცრავად, კისერს ვერ მომფხანთ იქ? ყურს უკან?
მოულოდნელობისგან შემცბარმა კაცმა უარი ვერ უთხრა ქალს კანსა და ქვიშის ქერქს შუა ოფლის სქელი ფენა გასჩენოდა, რომელიც გატყაპულ ზეთს მოგაგონებდათ. კაცს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფრჩხილებს ატმის კანსი ასობდა.
- უკაცრავად... აქედან მართლა არავის გაუღწევია?..
უეცრად კარის მოხაზულობა უფერილ, ბუნდოვან ხაზად იქცა და გაქრა. ეს იყო მთვარე. მქრქალი სინათლის ნაკუწები ჭიანჭველას ფრთები გეგონებოდათ. იმის მიხედვით, თუ როგორ ეჩვეოდა თვალები, ქვიშის თასის მთელი ფსკერი ისეთ მბზინვარებას იძენდა, როგორიც აქვს წვნიან დოყდოყ ფოთლებს...
- რას იზამ, არ გაუღწევია და მე გავაღწევ პირველი!
18
ლოდინი გულს ამძიმებდა. დრო გველის ხვეულებივით დაუსრულებელ მარყუჟებად იწვა. წინ ისე ვერ წახვიდოდი, თუ სხეულებს არ გაუვლიდი. ყოველ მათგანში სრულიად სხვადასხვა სახის ეჭვი ბუდობდა, თითოეული მათგანი თავის საკუთარ იარაღს მალავდა და ძალიან ჭირდა წინსვლა, როცა ამ ეჭვებს ედავებოდი, უგულვებელყოფდი ან უკუაგდებდი.
მტანჯველ ლოდინში გავიდა ღამე. ირიჟრაჟა. ფანჯარაში დილა იცინოდა, კაცის შუბლსა და ცხვირზე ლოკოკინას თეთრი მუცელივით მოცოცავდა.
- უკაცრავად, იქნებ წყალი...
რა მოხდა? ალბათ, რაღაც ერთი წამით ჩათვლიმა. პერანგი და შარვლის მუხლისთავი უცებ დასველებოდა. ოფლს მიკრული ქვიშა ფერითაც და ხელის შეხებითაც ზუსტად გამოუმცხვარ ხორბლის კვერს მოგაგონებდათ. კაცს სახის დაფარვა დავიწყებოდა. ამიტომ ცხვირი და პირი ისე გამოშრობოდა, როგორც ბრინჯის ყანამ იცის ზამთარში.
- უკაცრავად, ძალიან გთხოვთ...
თავიდან ფეხებამდე ქვიშით დაფარული ქალი ციებ-ცხელებიანივით კანკალებდა. მისი ტანჯვა თითქოს მავთულებით გადაეცემოდა კაცსაც. მან კარდალას პოლიეთილენი მოაცილა და ჯერ თვითონ ხარბად მიიკრა ტუჩებზე, პირში ცოდაოდენი წყალი ჩაიგუბა გამოსავლებად, მაგრამ ერთხელ, ან თუნდაც ორჯერ წყლის გამოვლება არ კმაროდა. სულ ქვიშის კოშტებს აფურთხებდა. კაცმა ხელი ჩაიქნია და ქვიშა წყალთან ერთად გადაუშვა ყელში. ეს იგივე იყო, ქვები ჩაგეყლაპა.
შესმულმა წყალმა მაშინვე ოფლად გამოჟონა. ანთებული კანი ბეჭებიდან, ლავიწებიდან მოყოლებული მთელ ზურგზე, მკერდზე, გვერდებზე, წელამდე ისე ტკიოდა, თითქოს ფენა-ფენა აძრობდნენ.
ბოლოს წყალი დალია და კარდალა ქალს დამნაშავის სახით მიუტანა პირთან. ქალმა კარდალას კბილები ჩაავლო და პირში არ გამოუვლია, ისე დაიწყო სმა, თან მტრედივით კრუშკრუშებდა. ფარდალა სამი მოსმით გამოაცარიელა. კაცისკენ მიპყრობილი ქუთუთოებშესიებული თვალები პირველად აღევსო ულმობელი გმობით. დაცარიელებული კარდალა შემსუბუქდა, თითქოს ქაღალდისგან იყო გაკეთებული.
დანაშაულის უსიამო გრძნობა რომ განერიდებინა, კაცმა ქვიშა ჩამოიბერტყა და სოხანაზე ჩადგა ფეხი. ქალისთვის იქნებ სახე მაინც გაეწმინდა სველი პირსახოცით? რა თქმა უნდა, ეს უფრო ჭკვიანურია, ვიდრე ოფლით მისი დახრჩობა. მიაჩნიათ, რომ ცივილიზაციის დონე კანის სისუფთავის ხარისხის პროპორციულია. თუ ადამიანს სული აქვს, იგი უსათუოდ კანში ბინადრობს. საკმარისია წყლის შესახებ გაიფიქროთ და ჭუჭყიანი კანი წყლის შესაწოვად გამზადებულ ათი ათასობით საწოვარით დაიფარება. ყინულივით ცივი და გამჭვირვალე, ბუმბულივით რბილი კანი სულის შესანიშნავი სათავსია... კიდევ ერთი წუთი და კაცს მთელ სხეულზე კანი შემოალპება და ჩამოვარდება.
კაცმა ავზში ჩაიხედა და უცებ შემაზრზენად იყვირა!
- ავზი ცარიელია!.. მთლად ცარიელი!
მან ავზში ხელი ჩაყო. ავზის ფსკერზე დაგროვებულმა შავმა ქვიშამ მხოლოდ თითის წვერები დაუსვარა. წყალს დანატრებულ კანქვეშ მირიადი დაჭრილი მრავალფეხა აფუთფუთდა.
- ვიგინდარები, წყლის მოტანა დაავიწყდათ!.. იქნებ მოგვიანებით აპირებენ მოტანას?
კაცს მშვენივრად ესმოდა, რომ ამით თავის დამშვიდება უნდოდა. პიკაპი ყოველთვის რირაჟზე ამთავრებდა მუშაობას და სოფელში ბრუნდებოდა. ამ არამზადების ჩანაფიქრი გასაგები იყო. ეტყობა, გადაწყვიტეს, წყალი არ მოეტანათ და ასე გაეშმაგებინათ იგი. კაცს უცებ გაახსენდა: სოფლელებმა მშვენივრად იციან, რაოდენ საშიშია ქვიშის ფლატის ძირის მოთხრა, მაგრამ საჭიროდ არც კი მიიჩნიეს გავეფრთხილებინე მათ. სულაც არ ფიქრობენ, რამე არ შემემთხვეს. ალბათ, მართლა არ აპირებენ აქედან ცოცხალი გაუშვან ადამიანი, ვინც ასე ღრმად ჩაწვდა მათ საიდუმლოს, და რაკი ამ გზას დაადგნენ, ბოლომდე მიჰყვებიან კიდეც.
კაცი ზღურბლზე გაჩერდა და ცას ახედა. დილის მზის სხივთა მიერ ცას მოფენილ წითელ ფერში ძლივს განირჩეოდა კრძალული ფუმფულა ღრუბლები... ცას წვიმის ნიშან-პირი არ ეტყობოდა. სხეული ყოველ ამოსუნთქვაზე თითქოს წყალს კარგავდა.
- ნეტა რა ჩაიფიქრეს?! ჩემი მოკვლა ხომ არ უნდათ?!
ქალი წინანდებურად მდუმარედ კანკალებს. შეიძლება იმიტომ, რომ მშვენივრად იცის ყველაფერი. მოკლედ რომ ვთქვათ, დანაშაულის მონაწილეა და თავი ისე უჭირავს თითქოს მსხვერპლია. დაიტანჯე!.. შენი ტანჯვა მხოლოდ სამართლიანი მისაგებელია.
მაგრამ ქალის ტანჯვას რა აზრი აქვს, თუ სოფლელი არამზადები ვერ გაიგებენ. ისე კი არავითარი იმედი არაა, რომ გაიგებენ. ამას გარდა, თუ დასჭირდათ, სავსებით შესაძლებელია, ქალი უსირცხვილოდ გაიღონ მსხვერპლად. იქნებ, ქალს ამიტომაც ეშინია აგრერიგად. მხეცი ერთობ გვიან მიხვდა, რომ ხვრელი, რომელშიც შეძვრა და რომლითაც გაქცევას იმედოვნებდა, გალიის შესასვლელი აღმოჩნდა... თევზმა აკვარიუმის მინაზე ცხვირით მრავალგზის დაჯახების შემდეგ გაიგო, რომ ეს მინა გადაულახავი ზღუდე ყოფილა... კაცი მეორეჯერ დარჩა პირში ჩალაგამოვლებული. იარაღი ახლაც სოფლელების ხელთ იყო.
მაგრამ შესაშინებელი არაფერი სჭირს. დასაღუპავად განწირულ გემზე მყოფ ადამიანებს უფრო იმის შიში ღუპავთ, რომ საჭმელი და სასმელი არ ეყოფათ, და არა შიმშილ-წყურვილი. საკმარისია გაიფიქრო, წავაგეო, და იმავე წამს დაიწყება დამარცხება. ცხვირის წვერიდან ოფლის წვეთები ჩამოვარდა. თუ ყურადღებას მიაქცევ, რამდენი კუბური სანტიმეტრი ტენი დაიკარგა, ეს იმას ნიშნავს, მტრის ანკესზე წამოეგო. უნდა იფიქრო, რამდენი დრო სჭირდება ჭიქა წყლის აორთქლებას. ზემდეტი მღელვარება ხომ ამ ჯაგლაგს - დროს ვერ დააჩქარებს.
- იქნებ, ხელ-ფეხი შეგიხსნათ, ა?
ქალი უნდობლად გაყუჩდა, გაინაბა.
- არადა ჩემთვის სულ ერთია... თუ გინდათ, შეგიხსნით... მაგრამ ერთი პირობით... ნიჩაბს უნებართვოდ ხელი არ მოჰკიდოთ... აბა, პირობას მაძლევთ?
- ძალიან გთხოვთ, გეთაყვა! - ქალი, მოთმინებით, ძაღლივით რომ იტანდა ყველაფერს, მოულოდნელად, თითქოს ქარის მიერ ამოტრიალებული ქოლგააო, საცოდავად შეევედრა: - რასაც მეტყვით, აღგითქვამთ! ძალიან გთხოვთ, გეთაყვა... გეთაყვა!..
თოკებმა ქალს მუქი წითელი ნაჭდევები დაუტოვა. ზემოდან ნაჭდევებს უფერული აფსკი ფარავდა. ქალი წინანდებურად, გულაღმა იწვა, კოჭებს ერთი მეორით იზელდა. შემდეგ თითებით მაჯების დაზელა დაიწყო. რომ არ ეკვნესა, კბილი კბილს დააჭირა. სახეზე ოფლმა გამოჟონა. აი, ნელა გადაბრუნდა, ჯერ დადგა. ბოლოს გაჭირვებით ასწია თავი. ერთხანს ასე იყო, ოდნავ ირხეოდა.
კაცი წყნარად იჯდა იატაკის ამაღლებულ ნაწილზე. პირში ნერწყვს აგროვებდა და ყლაპავდა. რამდენიმე ყლუპის შემდეგ ნერწყვი წებოსავით მწებვარე გაუხდა და ყელში ჩარჩა.დაძინება არ უნდოდა, მაგრამ დაღლილობისგან ცნობიერებაში ყველაფერი ეტყლაპნებოდა, ისე, როგორც მელანმა იცის ნოტიო ქაღალდზე. თვალწინ რაღაც მქრქალი ლაქები და ხაზები უკრთოდა, თითქოს იდუმალ სურათს ხედავსო. არის ქალი... არის ქვიშა... არის წყლის ცარიელი ავზი... არის ლეზვჩამოკიდებული ცხოველი... არის მზე... და სადღაც - ხოლო სად თვითონ არ იცის - არის, რა თქმა უნდა, დაბალი ატმოსფერული წნევის რაიონიც და გარღვევის ხაზიც. რომელი მხრიდან უნდა მიუდგე ამ მრავალუცნობიან განტოლებას?
ქალი წამოდგა და ნელა გაემართა კარისკენ.
- სად მიდიხარ?
კაცის თავიდან მოსაშორებლად ქალმა რაღაც წაიბურტყუნა. კაცმა ნათქვამი ვერ გაარჩია. მაგრამ მიხვდა, რატომ იყო ქალი ცუდად მთელი ამ დროის მანძილზე. ხის კედლის მიღმა მაშინვე მოისმა შარდის წყნარი ჩხრიალი და კაცს ყველაფერი საოცრად უსაზმნო ეჩვენა.
19
დრო რომ უცებ არ იწყებს ცხენივით დაოთხებას, ერთობ სწორია, მაგრამ არც ხელის ურიკაზე ნელა მიჩაქჩაქებს, დილის სიცხემ თანდათან უმაღლეს წერტილს მიაღწია, თვალები და ტვინი აადუღა, შიგნეულობა გაალღო, დასწვა ფილტვები.
ქვიშა ღამით შეწოვილ ტენს ანაორთქლის სახით უშვებს ატმოსფეროში... სინათლის გარდატეხის წყალობით ქვიშა სველი ასფალტივით ბრწყინავს... მაგრამ სინამდვილეში ეს ტაფაზე შემწვარ ფქვილზე უფრო მშრალი, სრილიად უნარევო ერთი მერვედი მილიმეტრია.
და აი, ქვიშის პირველი ზვავი... ჩვეული ხმაა, ურომლისოდაც არც ერთი დღე არ იწყება, მაგრამ მაინც კაცმა უნებურად ქალს გადახედა. ქვიშა ერთი დღე არ მოუხვეტავთ. რა შედეგი მოჰყვება ამას?.. დიდი არაფერიაო, - გაიფიქრა კაცმა, მაგრამ მაინც შეშფოთდა. ქალს თვალები დაუხრია, დუმს. მთელი თავისი შესახედაობით ამბობს - თვითონ იშფოთე რამდენიც გინდაო. აბა, რაკი ასეა, ჯანდაბას ყოველივე, კაცი აღარ გამოკითხავს არაფერს. ქვიშის ნაკადი ის იყო ძაფივით დაწვრილდა, მაგრამ კვლავ გაიზარდა, იქცა ობიდ. ასე განმეორდა რამდენჯერმე და ბოლოს დაიშრიტა.
საერთოდ საშიში არაფერია. კაცმა შვებით ამოისუნთქა. უეცრად ლოყამ ფეთქვა და წვა დაუწყო. იაფფასიანმა არაყმა, რომლის დავიწყებასაც იგი აქამდე ცდილობდა, უცებ ანდამატივით მიიზიდა წყვდიადში მოკიანთე ლამპარივით. რაც უნდა იყოს, ყელი რომ გაისველო, რა უჭირს. არადა სხეულიდან მთელი სისხლი აორთქლდება. კაცს მშვენივრად ესმოდა, რომ არყის დალევით მომავალ ტანჯვათა თესლს თესავდა და შემდეგ ინანებდა, მაგრამ უკვე აღარ შეეძლო სურვილი დაეძლია. ბოთლს საცობი მოხსნა, პირზე მიიყუდა და სმა დაიწყო. მაგრამ ენა ჯერ კიდევ ერთგულ ძაღლივით დარაჯად ედგა: იგი მოულოდნელმა თავდასხმამ შეაშინა და ასხმარტალდა. კაცს სული შეუგუბდა, თითქოსდა ზედმეტი ჟანგბადისგან. მან საცთურს ვერ გაუძლო და მესამედაც მოსვა არაყი. სვამდა რაღაც საშინელის პატივსაცემად...
კაცმა ქალსაც შესთავაზა არაყი. ქალმა, რა თქმა უნდა, გადაჭრით იუარა, თან ისეთი სახით, თითქოს საწამლავი დალევას სთავაზობდნენ. კაცს, როგორც თვითონაც შიშობდა, კუჭში მოხვედრილი ალკოჰოლი მაგიდის ჩორბურთის ბურთივით თავში აუვარდა და კრაზანასავით ბზუილი დაუწყო ყურებში. კანი ღორის ტყავივით უხეშეშდებოდა, სისხლი ეხრწნებოდა... სისხლი უორთქლდებოდა!
- რაღაც უნდა გაკეთდეს! ალბათ თვითონაც შავ დღეში ხარ. თოკები ხომ შეგხსენი. ახლა რაიმე მოიმოქმედე!..
- კარგი... მაგრამ რომელიმე სოფლელს რომ წყლის მოტანა არ ვთხოვო...
- განა არ შეიძლება თხოვო?!
- მხოლოდ მაშინ, თუ მუშაობას დავიწყებთ...
- დაეხსენი ხუმრობას!.. აბა, მითხარი... განა ვინმეს აქვს ამის უფლება?!
ქალმა თავი დახარა და მაგრად მოკუმა ტუჩები. აბა, რას იზამ? კარის სულ ზემოთ მჩინარი ცის ნაგლეჯის მკვეთრი ცის ფერი ზღვის ნიჟარის შიგა ნაწილივით მბრწყინავ მოთეთრო ფერად იქცა. ვთქვათ, მოვალეობა ადამიანის პასპორტია, კი, ბატონო, მაგრამ მასზე რატომ უნდა დაასმევინო ვიზა ამ ტიპებს!.. ადამიანის ცხოვრება ქაღალდის მიმოფანტული ნახევები როდია... დახურული, კარგად აკუნძული დღიურია... პირველივე გვერდი სავსებით კმარა დღიურის ერთი ეგზემპლარისთვის... და ზედმეტია შენი მოვალეობა აღასრულო იმ გვერდებზე, რომლებიც აღარ გაგრძელდება... როცა ახლობლები შიმშილით იხოცებიან, თუ ყველას დასაფლავებაში მონაწილეობას მიიღებ, არავითარი დრო არ გეყოფა... დალახვროს ეშმაკმა, როგორ მინდა დალევა!.. მერედა რამდენი იხოცება წყურვილით. ყველა რომ შენი დასამარხი გახდეს, რამდენი ხელიც არ უნდა გქონდეს, მათ სულ ერთია არ გასწვდება.
დაიწყო ახალი ზვავი.
- მუშაობა არ გაბედო! აკი, აღმითქვი? - უთხრა კაცმა.
- არა, საბანს გადავბერტყავ...
- საბანს?
- თუ არ წაიძინეთ...
- თუ დაძინებას მოვინდომებ, თვითონ გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა!
სახლი მოულოდნელმა ბიძგმა შეარყია, თითქოს მიწა ინძრაო. ჭერიდან ჩამოცვენილი ქვიშა წამით კვამლივით გადაეფარა თვალებს. აი, ბოლოს და ბოლოს ქვიშის გადაუხვეტელობის შედეგი. რაკი გზა არ ჰქონდა, ძირს ჩამოშვავდა. სახლის დირეებმა და სვეტებმა, რომლებიც ქვიშის იერიშს აკავებდნენ, საცოდავად დაიჭრაჭუნეს. მაგრამ ქალი დაჟინებით მისჩერებოდა კარის ზედა წირთხლს და განსაკუთრებულ მშფოთვარებას არ ამჟღავნებდა. ალბათ იმიტომ, რომ დაწოლას ჯერჯერობით მხოლოდ საძირკველი განიცდიდა.
- არამზადები, ვიგინდარები... აბა რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს?.. მათ ეტყობა, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ...
როგორ ცემს გული... საცაა შეშინებული კურდღელივით მოკურცხლავს... ძალა არ შესწევს თავის ბუდეში გაჩერდეს, მზადაა, სადაც მოხვდება, იქ მიიკუნჭოს, თუნდაც პირში, ყურში, ნაწლავებში. ნერწყვი უფრო მწებვარე გახდა. ყელი უფრო გამოშრა, ალბათ იმიტომ, რომ კაცმა არაყი დალია და ოდნავ დათვრა. მაგრამ როგორც კი ალკოჰოლი გამონელდება, ყელს ცეცხლი მოეკიდება. და ცეცხლი დაფერფლავს.
- ასეთი რამ გააკეთეს... და უხარიათ... იმიტომ, რომ თაგვის ტვინიც არ გააჩნიათ... რა შავ ქვას იზამენ, მე რომ აქ ჩავძაღლდე?!
ქალმა თავი ასწია, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ისევ დადუმდა. ალბათ გაიფიქრა, პასუხის გაცემა არ ღირსო. მისი დუმილი თითქოსდა ადასტურებდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა, რომ პასუხი შეიძლებოდა მხოლოდ ცუდი ყოფილიყო. კარგი... თუკი ბოლო ერთია, რატომღა არ უნდა სცადოს კაცმა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია?
კაცმა ბოთლიდან კიდევ მოსვა არააყი, მხნეობა მოიკრიბა და გარეთ გავარდა. თვალებში გავარვარებული ტყვიის ნაკადი ეძგერა და დაბარბაცდა. მის ნაკვალევში მაშინვე დატრიალდა ქვიშის მორები. ღამით აი, იქ ეცა ქალს და შეკრა... იქ, სადღაც ნიჩაბიც უნდა ყოფილიყო დალული. ზვავი თითქოსდა შეჩერდა, მაგრამ ზღვისკენ მიქცეული ფლატედან განუწყვეტლივ ცვივოდა ქვიშა. დრო და დრო, თითქოს ქარის მიზეზით, ქვიშის ეს ნაკადი კედელს სცილდებოდა და ჰაერში ტილოს ნაჭერივით იშლებოდა. კაცმა წაღის ჭვინტით ფრთხილად დაიწყო ქვიშის ქექვა, აკვირდებოდა, ამით ახალი ზვავი არ გამოეწვია.
ზვავი წეღან ჩამოწვა, მაშასადამე, ნიჩაბი უფრო ღრმად უნდა ეძებნა, მაგრამ ფეხი არავითარ წინააღმდეგობას არ წასწყდომია. მზის პირდაპირ სხივები აუტანლად იკბინება. თვალის გუგების წერტილებივით დაწვრილდა... კუჭი მედუზასავით კანკალებს... მწვავე ტკივილი მუხრუჭებს უჭერს შუბლს... უკვე წვეთი ოფლის დაკარგვა არ შეიძლება... ეს ზღვარია. დიახ, მაგრამ სად ჯანდაბაში გაქრა ჩემი ნიჩაბი?.. მანდვილად ხელში მეჭირა, ვაპირებდი იარაღად გამომეყენებინა, მაშასადამე, სადღაც იქ ქვიშამ დაფარა... კაცმა ორმოს ფსკერის თვალიერება დაიწყო და მაშინვე დაინახა, რომ ქვიშა ერთ ადგილას ნიჩბისმაგვარად მაღლდებოდა.
კაცმა გადაფურთხება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა: ყველაფერი, რაც კი თუნდაც მისხალ ტენს შეიცავს, ორგანიზმში უნდა შეინახოო. შეეცადა კბილებსა და ტუჩებს შუა ქვიშა ნერწყვისგან გამოეცალკევებინა და მხოლოდ ის მოიწმინდა თითით, რაც კბილებზე მიეკრა.
ქალი ოთახის კუთხეში კედლის პირშექცეული იდგა და თავის კიმონოს რაღაცას უშვრებოდა. იქნებ სარტყელი მოიფომფლა და შიგნით ჩაყრილ ქვიშას იფერთხავდა? კაცმა ნიჩბის ტარს შუაში ჩაავლო ხელი, მხრის სისწორეზე ასწია და, როგორც კი კარის სიახლოვეს გარეთ კედელს დაუმიზნა...
ზურგს უკან ქალის ყვირილი მოესმა. კაცმა კედელს ნიჩაბი ჰკრა და მთელი სიმძიმით მიაწვა. ნიჩაბი ადვილად შევიდა კედელში, გეგონებოდა, ვაფლის ცომს შეურჭვესო. გარედან ქვიშით დაფარული კედელი ახალივით გამოიყურებოდა, სინამდვილეში მთლად დამპალი იყო.
- რას აკეთებთ?!
- კედელს დავამტვრევ და კიბის მასალა მექნება.
კაცმა სხვა ადგილი აირჩია, კიდევ ერთხელ მოსინჯა კედელი. იგივე ამბავი განმეორდა. ეტყობა, ქალი მართალი იყო, როცა ამბობდა, ქვიშა ხეს ალპობსო. თუ ეს მზის მხარეს მყოფი კედელიც დამპალია, მაშინ შეიძლება წარმოიდგინო, როგორიღა იქნება დანარჩენები. მაინც რანაირად დგას კიდევ ეს დაქონქილი... გვერდზე გადაბრეცილა, თითქოს ცალ მხარეს დამბლა დასცემიაო... შეიძლება სულ უკანასკნელ ხანს, როცა ქაღალდისა და პლასტიკის სახლების შენება დაიწყეს, გაჩნდა კონსტრუქციები, რომლებიც ეშმაკმა არ იცის, როგორ დგას...
- რას იზამ, რაკი ფიცრები არ ვარგა, განივ დირეებს ვსინჯავ.
- არ შეიძლება! ნუ შვებით, თქვენი ჭირიმე!
- მოგცლიათ ერთი, ქვიშა სულ ერთია საცაა ჩამოამზღვლევს.
კაცს ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ნიჩაბი მოიქნია, რომ დირესთვის დაეკრა, მაგრამ ქალი ყვირილით გამოიჭრა წინ და ხელზე ჩამოეკიდა. კაცმა იდაყვი გამოსტაცა, შეტრიალდა, სცადა მოცილება, მაგრამ ეტყობა, ვერ მოზომა და იმის ნაცვლად რომ ქალი წაექცია, თვითონ წაიქცა. მაშინვე წამოხტა და ქალს ეცა, მაგრამ ქალმა გააფთრებით ჩაბღუჯა ნიჩაბი. რა მოხდა... ქალმა ხომ ძალით ვერ უნდა აჯობის... ისინი რამდენჯერმე გადაკოტრიალდნენ სოხანეზე, და იმ მოკლე ჟამს, როცა კაცს უკვე ეგონა, ქალს მოვერიე და იატაკს მივაკარიო, ქალმა (იგი ნიჩაბს ფარივით ხმარობდა) ადვილად მოიშორა. რას იზამ!.. ალბათ არაყი რომ დავლიე, ამის ბრალია... კაცი უკვე აინუნში არ აგდებდა, რომ მოწინააღმდეგე ქალი ჰყავდა, და მოხრილი მუხლი მთელი ძალით ჩაჰკრა მიცელში.
ქალმა შეჰკივლა და მაშინვე მოეშვა. კაცს წუთი არ დაუკარგავს, ქალს ზემოდან დააწვა. ქალს მკერდი გაუშიშვლდა და კაცის ხელები მის გაოფლილ შიშველ ყელზე ჩამოცურდა.
უცებ ორივე გაშეშდა, როგორც ხდება კინოში, როცა კინოპროექტორი გაფუჭდება. კიდევ წუთი და ნიჩბისთვის ჩხუბი შეიძლება სულ სხვა რამედ გადაქცეულიყო. მაგრამ ქალმა უცებ ჩახრინწული ხმით უთხრა:
- ქალაქელი ქალები სუყველა ლამაზები არიან, ხომ მართალია?
- ქალაქელი ქალები?.. - კაცი უცებ შეცბა... და მოეშვა... საფრთხემ თითქოსდა გაიარა... ვერ წარმოედგინა, რომ მელოდრამა შეიძლებოდა აქაც, ამ ქვიშებშიც ყოფილიყო. მაგრამ, ეტყობა, არ არსებობს ქალი, რომელსაც არ სჯეროდეს (მაშინაც კი როცა მუხლებს აშორიშორებს), რომ მამაკაცი ღირსეულად შეაფასებს მას, ოღონდაც თუ მელოდრამა გათამაშდება, ქალს სწორედ ეს ამაღელვებელი და მიამიტური ილიზია აქცევს ცალმხრივი სულიერი ძალადობის მსხვერპლად... ქალის მიამიტობა კაცს მის მტრად გარდაქმნის.
20
უხეში თოთქოსდა გახამებული სახე, გრიგალის სისწრაფით სუნთქვა, დამწვარი შაქრის გემოს მქონე ნერწყვი... ენერგიის საშინელი ხარჯვა. ოფლად გამოდინდა არანაკლებ ჭიქა ტენი. ქალმა თავი დახარა, ნელა წამოდგა. ქვიშით დაფარული სახე კაცის თვალების სისწორეზე ჰქონდა. მოულოდნელად ცხვირი თითებით მოიხოცა და ხელი ქვიშით გაიწმინდა. შემდეგ დაიხარა და შარვალი ძირს ჩამოუცურდა.
კაცმა გაღიზიანებულმა მოარიდა თვალი. თუმცა „გაღიზიანების“ თქმა მთლად სწორი არ იქნებოდა. ენაზე დარჩა რაღაც უცნაური შეგრძნება, მაგრამ წყურვილი კი არა, სხვა რამ...
კაცი ბუნდოვნად შეიგრძნობდა, რომ არსებობს სქესობრივი სწრაფვის ორი სახე. მაგალითაც, „მიობიუსის ლენტის“ ტიპის ადამიანები ქალიშვილთან არშიყობას, როგორც წესი, იწყებენ კვებასა და გემოზე გამართული ლექციით. ავიღოთ მშიერი კაცი, - მსჯელობენ ისინი, - მისთვის არსებობს მხოლოდ საჭმელი საერთოდ, ყველაფერს ერთი გემო აქვს - კობეს ძროხის ხორცსაც და ხიროსიმას ხამანწკებსაც... მაგრამ როგორც კი გაძღება, მაშინვე დაიწყებს საჭმლის გემოს გარჩევას... ასეა სქესობრივი სწრაფვის შემთხვევაშიც: არსებობს სქესობრივი სწრაფვა ზოგადად და უკვე შემდეგ ჩნდება სქესობრივი სწრაფვა კერძოდ. სექსიც არ შეიძლება განვიხილოთ ზოგადად. ყველაფერი ადგილსა და დროზეა დამოკიდებული: ზოგჯერ საჭიროა ვიტამინები, სხვა შემთხვევაში - ბრინჯიანი გველთევზა. ეს გახლდათ სრულყოფილი, საფუძვლიანად მოფიქრებული თეორია, მაგრამ რარიგ სამწუხაროც უნდა იყოს, ჯერჯერობით არც ერთი ქალიშვილი არ გამოძებნილა, რომელიც „მიობუსს“ საკუთარ თავს შესთავაზებდა, რათა ამ თეორიის შესაბამისად განეცადა სქესობრივი სწრაფვა ზოგადად თუ კერძოდ. სავსებით ბუნებრივიცაა. შეუძლებელია მამაკაცს თუ ქალს მარტო თეორიის დახმარებით გაუჩნდეს ლტოლვა. ამ უკიდურესაც გულწრფელ „მიობიუსსაც“ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერი ძალადობა ეზიზღებოდა, ღია კარის მტვრევას განაგრძობდა.
კაცი თვითონაც არ იყო, რა თქმა უნდა ისეთი რომანტიკული პიროვნება, სპეტაკ სქესობრივ ურთიერთობებზე ეოცნება. ამდაგვარი ურთიერთობანი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა უკვე ცალი ფეხი სამარეში გიდგას... ხმობადაწყებული ბამბუკი ნაყოფის გამოღებას ჩქარობს... შიმშილისგან მომაკვდავი თაგვები მიგრაციის დროს გამწარებით წყვილდებიან... ტუბერკულოზით დაავადებულთ, უკლებლად ყველას მომეტებული აგზნებადობა ტანჯავთ... კოშკში მცხოვრები მეფე ან გამგებელი, რომელთაც კიბეზე ჩამოსვლის მეტი არაფერი შეუძლიათ, ჰარამხანის აშენებაზე არიან გადაგებულნი.
საბედნიეროდ, ადამიანს ყოველთვის როდი ემუქრება სიკვდილი. იმას, ვისაც არ სჭირდება ზამთრის წინაშე შიში გამოსცადოს, შეეძლო სიყვარულის სეზონური პერიოდებიც განერიდებინა. მაგრამ როცა ბრძოლა მთავრდება, იარაღი ტვირთად იქცევა ხოლმე. მოვიდა ის, რასაც წესრიგი ჰქვია, ადამიანს ბუნების მაგიერ ეშვების, ბრჭყალებისა და სქესის კონტროლის უფლება მისცა. ამიტომ სქესობრივი ურთიერთობა დაემსგავსა საგარეუბნო მატარებლში სეზონურ ბილეთს, რომლის კომპოსტირებაც ყოველი მგზავრობისას სავალდებულოა, თანაც აუცილებლად უნდა დარწმუნდე, ყალბი ხომ არაა. ეს შემოწმება ზუსტად შეესაბამება დადგენილი წესრიგის აჩონჩხილობას და წარმოუდგენლად ძნელია. საჭიროა ათასგვარი დოკუმენტი: ხელშეკრულებები, ლიცენზიები, პირადობის მოწმობა, საშვი, წოდების მოწმობა სარეგისტრაციო საბუთი, საწევრო ბილეთი, დაჯილდოების საბუთები, თამასუქები, სასესხო ვალდებულებანი, დაზღვევის პოლისი, განცხადება შემოსავლის შესახებ, ქვითრები და საგვარეულო ნუსხაც კი - საერთოდ აუცილებელია თავი მოუყარო ყველა ქაღალდს, რაც კი შეიძლება ადამიანს მოაფიქრდეს.
ამის გამო სქესობრივი ურთიერთობანი პეპელა მეტომრიას მატლებივით აღმოჩნდება დამარხული ზღვა საბუთების ქვეშ. მაგრამ ამას რა უშავს, საქმე რომ ამით მთავრდებოდეს. იქნებ ქაღალდები შემოდგომაცაა საჭირო?.. კიდევ ხომ არა დაგვავიწყდა რა?.. კაცსაც და ქალსაც გული პირქუში ეჭვებით აქვთ გამოღრღნილი, მოწინააღმდეგე მხარე არასაკმარისი გულმოდგინებით აგროვებდა საბუთებსო... და აი, თავიანთი პატიოსნების დასამტკიცებლად სულ ახალ-ახალ საბუთებს იგონებენ... და არავინ უწყის სადაა ეს უკანასკნელი საბუთი... ზღვარი არა აქვს ამ საბუთებს...
(ის ქალი მაბრალებდა, ზედმეტად შარიანი ხარო, მაგრამ მე არ ვშარიანობ, ეს ასეა!)
- მერედა, განა ასეთი არის სიყვარულის მოვალეობანი?
- არავითარ შემთხვევაში! სიყვარულია ის, რაც გამორიცხვის მეთოდით აკრძალვაზე უარის თქმის შემდეგ რჩება. თუ ეს არ გჯერა, მაშასადამე, არაფერი გჯერა.
რა თქმა უნდა, უმართებულო იქნებოდა ცუდ რაღაცებს შევგუებოდით: ყოველივე ის, რაც სქესთანაა დაკავშირებული, ნაბოძვარად მიგვეჩნია. მოდი ყოველ დილით გულმოდგინედ ვაუთოოთ სიყვარული... ის ოდნავ თუა გაცვეთილი, ძველდება... მაგრამ ნაკეცებს გაასწორებ და კვლავ ახალს დაემგავსება... როგორც კი ახალი გახდება, მაშინვე დაიწყებს დაძველებას... განა ვინმე ვალდებულია სერიოზულად მოისმინოს მსგავსი უხამსობა?
რასაკვირველია, წესრიგი რომ გარანტიას იძლეოდეს სიცოცხლე შეუნარჩუნოს მისსავე დამცველებს, მაშინ დათმობაზე წასვლას აზრი ექნებოდა. მაგრამ სინამდვილეში საქმე როგორაა? სიკვდილის ეკლები ზეციდან ცვივა. დედამიწაზეც ათასნაირი სიკვდილია. იგივე შეიგრძნობა ბუნდოვნად სქესობრივ ცხოვრებაში. ხელთ თითქოს ფიქტიური თამასუქი გიჭირავს. სწორედ მაშინ იწყება სეზონური ბილეთის გაყალბება, როცა ერთი მხარე დაუკმაყოფილებელია. რას იზამ, ეს საკითხისადმი საქმიანი მიდგომაა. ანდა მიაჩნიათ, რომ ვითარცა გარდაუვალი ბოროტება, აუცილებელია სულიერი ძალადობა. უამისოდ თითქმის არცერთი ქორწინება არ იქნებოდა შესაძლებელი. დაახლოებით ამგვარად იქცევიან ისინიც, ვინც თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს. თავისუფალი სიყვარულის მქადაგებელნი გარეგნულად საპატიო საბაბით მხოლოდ უკიდურესად რაციონალურს ხდიან ურთიერთძალადობას. თუ ამ ურთიერთძალადობას მართებულად მივიჩნევთ, მან ალბათ შეიძლება გარკვეული სიამოვნება მოგვანიჭოს. მაგრამ თავისუფლება, რომლის დროსაც ნიადაგ ვწუხვართ ცუდად ჩამოწეულ ფარდებზე, მხოლოდ ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.
ისე ჩანდა, ქალი ზედმიწევნით შეიცნობდა კაცის გრძნობებს. თითქოსდა გადაიფიქრა სარვლის ზონრის შეკვრა. მოშვებული ზონრის ცალი ბოლო თითებშუა ეკიდა. მან თავისი ბოცვრის თვალებით შეხედა კაცს. თვალები ბოცვრის თვალებს მარტო გაწითლებული ქუთუთოების გამო როდი მიუგავდა. კაცმა პასუხად ისე შეხედა, მის მზერაში დრო გაიყინა. ქალის ირგვლივ მძაფრი სუნი იდგა: ასეთი სუნი ძარღვებიანი ხორცის ხარშვისას დგება ხოლმე.
ქალს წინანდებურად ხელებით ეჭირა ზონარი, როცა კაცს გვერდით ჩაუარა; ავიდა ოთახში და შარვლის გახდა დაიწყო. შარვალს ისე ძალდაუტანებლად ბუნებრივად იხდიდა, თითქოს უბრალოდ ადრე დაწყებული საქმის კეთებას განაგრძობდა. ეს ხომ ნამდვილი ქალია, - გაუელვა კაცს თავში, და გაბედა. რეგვენო, კიდევ ცოტას დააყოვნებ და ყველაფერი დაიღუპება. კაცმა სწრაფად მოუშვა ქამარი.
ჯერ კიდევ გუშინ კაცი, ალბათ, გადაწყვეტდა, ლოყაზე დაჩნეული ფოსოსა და მაშინდელი მორცხვი სიცილის არ იყოს, ეს, ალბათ, ქალის მიერ მოწყობილი მორიგი სპექტაკლიაო. იქნებ, ასეც იყო. მაგრამ არ უნდოდა ამდაგვარი ეფიქრა. უკვე გავიდა დრო, როცა შეეძლო ქალი ვაჭრობის საგნად გამოეყენებინა... ახლა ყველაფერს მხოლოდ ძალა თუ გადაწყვეტდა... უკვე ყველა საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, საჭირო არაა ვაჭრობაო, ჩვენი დამოკიდებულება ურთიერთნდობას დაემყარებაო...
ქალს ცალ ფეხზე ჩაეჩოქა და დაგრეხილი პირსახოცით ქვიშას იწმენდდა კისრიდან. უეცრად ახალი ზვავი ჩამოშვავდა. სახლი შეტოკდა და დაიჭრაჭუნა. ახლა ხელის შეშლა იქნებოდა!.. ქალს თავი თვალის დახამხამებაში თეთრი პუდრით დაეფარა. ქვიშა ნისლივით ცურავდა ჰაერში. მხრებსა და ხელებსაც ასევე ქვიშის თხელი ფენა გადაეკრა. ქალი და კაცი ერთმანეთს გადახვეულნი ელოდნენ ზვავი დამთავრებას.
ტანზე მიკრული ქვიშა ოფლით იჟღინთებოდა, ზემოდან კი ახალი და ახალი ქვიშა ცვივოდა... ქალს მხრები უცახცახებდა, კაცსაც ცეცხლი ეკიდა, საცაა ხანძრად დაიგზნებოდა... და მაინც გაუგებარია, ეგზომ ანდამატივით რად იზიდავდა ქალის თეძოები?.. თანაც ისე, მზად იყო ნერვი ნერვზე ამოეცალა და მათთვის შემოეხვია... ეს ჰგავდა მტაცებელი ნადირის ღორმუცელობას. კაცის მთელი არსება დაგრეხილი ზამბარასავით ძალას დაემუხთა... იმ პირველ ქალთან ამგვარი რამ არასდროს განუცდია...
ზვავი შეწყდა. კაცი თითქოს ამას ელოდაო, ქალს ტანიდან ქვიშის ჩამოწმენდაში მიეშველა. ქალი ხრინწიანად იცინოდა. კაცის ხელები მკერდიდან იღლიებისკენ, იქედან თეძოებისკენ მოძრაობდა, თანაც სულ უფრო მეტი დაჟინებით. ქალის თითები მთელი ძალით ჩააფრინდა კაცის კისერს. შიგადაშიგ ქალი ხმადაბლა კიოდა.
კაცმა ქალს ქვიშა ჩამოწმინდა, ახლა ქალის ჯერი დადგა - კაცისთვის მას უნდა ჩამოეწმინდა ქვიშა. კაცმა თვალები მოჭუტა, იცდიდა და თმას უწეწდა ქალს. თმა სქელი და ხეშეში იყო.
კრუნჩხვა... ისევ იგივე მეორდება... კაცს კრუნჩხვა უვლიდა ყოველთვის, როცა რაღაცაზე ოცნებობდა და სხვა საქმეს აკეთებდა: ჭამდა, დადიოდა, სძინავდა, ასლოკინებდა, ყვიროდა თუ ქალთან ცხოვრობდა...
21
ეტყობოდა, ცოტა ხნით ჩათვლიმა, მოუსვენრად ტრიალებდა, მთლად ოფლითა და ლეზვით იყო დაფარული. ლეზვი ამძაღებულ თევზის ქონს მოაგონებდათ. კაცი სიზმარს ხედავდა. ესიზმრებოდა გატეხილი ჭიქა, იატაკდაფარღარალებული გრძელი დერეფანი, განავალით სავსე უნიტასიანი საპირფარეშო, სააბაზანო, რომელსაც ვერაფრით ვერ აგნებდა, თუმცა სულ ესმოდა წყლის ჩხრიალი. გვერდით ვიღაც მათარიანმა კაცმა ჩაურბინა. სთხოვა, ერთი ყლუპი წყალი დამალევინეო. მათარიანმა ბოროტად შეხედა და კუტკალიასავით ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა.
როცა გაიღვიძა, ენას რაღაც წებოვანი და ცხელი უწვავდა. გაორკეცებით მოსწყურდა... მწყურია!.. მოკიანთე ანკარა წყალი... ჭიქის ფსკერიდან ამომავალი ჰაერის ვერცხლისფერი ბუშტუკები... თვითონ კი მიტოვებული, ნახევრად დანგრეული სახლის წყალსადენი მილია, მტვრით დაფარული, აბლაბუდა მოდებული, წყლიდან ამოგდებული თევზივით სულშეგუბებული...
წამოდგა. ხელ-ფეხი წყლით სავსე რეზინის ბალიშებივით დამძიმებოდა... სოხანეზე დაგდებული კარდალა აიღო, გადმოაპირქვავა და პირთან მიიტანა. ოცდაათიოდე წამის შემდეგ ენის წვერზე ორი სამი წვეთი დაეცა. ენამ ისინი საშრობი ქაღალდივით შეისრუტა. ყელი კი, ეგზომ რომ ელოდა ამ წვეთებს, კრუნჩხვით იკუმშებოდა, ამაოდ ცდილობდა მათ ჩაყლაპვას.
კაცი წყალს ეძებდა და პირსაბანის ახლომახლო ყველაფერს ქექავდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა. ქიმიურ შენაერთებს შორის წყალი ყველაზე მარტივია. არ შეიძლება იგი არ იპოვო, ისევე როგორც არ შეძილება მაგიდის უჯრაში ათიანიანი მონეტა არ ეგდოს. აჰა, წყლის სუნია. სწორედ, წყლის სუნია. კაცმა ავზის ფსკერიდან სწრაფად მოხვეტა ნოტიო ქვიშა და პირი გამოიტენა. გული აერია. დაიხარა, მუცელში კრუნჩხვამ დაუარა, ნაღველი ამოანთხია და ცრემლები წამოსცვივდა.
თავის ტკივილი ტყვიასავით ჩამოაწვა თვალებში... ფიზიკურმა სიახლოვემ საბოლოო ანგარიშით მხოლოდ დაღუპვის გზა შეუმოკლა. უცებ ოთხზე დადგა და სოხანეზე ძაღლივით დაიწყო ქვიშის ქექვა. იდაყვის სიმაღლე ორმო ამოთხარა და შეამჩნია, რომ ქვიშა მუქი ნოტიო გახდა. ორმოში თავი ჩაყო, ანთებული შუბლი ქვიშას დააყრდნო და ხარბად დაიწყო ქვიშის სუნის შესუნთქვა. თუ ასე რიგიანად ისუნთებდა, კუჭში ჟანგბადი და წყალბადი უთუოდ შეერთდებოდა.
- დალახვროს ეშმაკმა, რა ჭუჭყიანი მაქვს ხელები! - ხელის გულებს ფრჩხილებით ჩააფრინდა და ქალისკენ შემობრუნდა. - აბა, რა ვქნათ ბოლოს და ბოლოს?! წყალი მართლა აღარსადაა?!
ქალმა კიმონო ფეხებზე გადაიხურა, მოიკრუნჩხა და წაიჩურჩულა:
- არა, სულ არაა...
- არაა? რაო, ამ „არას“ მეტი არაფერი იცი?! აქ ხომ ადამიანი ხელად ჩაღძუვდება... ძაღლო მამაძაღლო! ჩქარა იშოვე სადაც გინდა!.. გთხოვ... გესმის?.. გთხოვ-მეთქი, გეუბნები.
- საკმარისია მუშაობა დავიწყოთ და მაშინვე...
- კეთილი, ფარ-ხმალს ვყრი!.. გზა არსაითაა, ხელები ამიწევია, არ მსურს გამხმარ ქაშაყად ვიქცე... ასე არაფრის გულისთვის ამომხდეს სული. ეს კაპიტილაცია ხომ წრფელი გულით არაა ნაკარნახევი. წყალი რომ იშოვო, შეიძლება მაიმუნის ცეკვაც კი შეასრულო. დაე მიცქირონ. ფარ-ხმალს ვყრი. პატიოსან სიტყვას ვიძლევი... მაგრამ ნურას უკაცრავად, წყლის მოტანის ჩვეულებრივ დროს დაველოდები. ჯერ ერთი, ასე გამომშრალ-გამომხმარნი მუშაობასაც ვერ შევძლებთ, სწორია? როგორც გინდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდი სოფლელებს... შენც ალბათ ყელი გამოგიშრა, არა?
- თუ მუშაობას დავიწყებთ, მაშინვე გაიგებენ... სახანძრო კოშკიდან ვიღაც ყოველთვის იცქირება ბინოკლით.
- სახანძრო კოშკიო?
ადამიანს რკინის ჭიშკარი, ყრუ კედლები კი არა, კარებში გაკეთებული პატარა საჭვრეტი აგრძნობინებს ყველაზე მეტად, რომ საპატიმროშია. კაცი მოიკუნტა და გონებაში მოათვალიერა არემარე. ჰორიზონტზე ცისა და ქვიშის მეტი არაფერია... არც არავითარი სახანძრო კოშკია. ხოლო ის თუ აქედან არ ჩანს, საეჭვოა იქიდან დაგვინახონ...
- თუ ფლატის იმ კედლიდან გაიხედავთ, მაშინვე მოხვდებით ყველაფერს...
კაცი სწრაფად დაიხარა და ნიჩაბს დასწვდა. ახლა საკუთარ ღირსებაზე ფიქრი იგივე იყო, რაც ტალახში ამოგანგლული პერანგის გულმოდგინედ გაუთოება. ისე გავარდა გარეთ, თითქოს უკან მისდევდნენ.
ქვიშა ცეცხლზე შემდგარი ცარიელი ტაფასავით გახურებულიყო. სიცხისაგან სუნთქვა ჭირდა. ჰაერს საპნის სუნი დაჰკრავდა. მაგრამ უნდა ევლო წინ. მხოლოდ ასე შეიძლებოდა წყალს მიახლოვდებოდა. როცა ზღვის მხარეს მდებარე ფლატესთან გაჩერდა და მაღლა აიხედა, მართლა გაარჩია შავი კოშკის წვერი, ასე ნეკის წვეროს ოდენა, ხოლო ზედ მჩინარი პაწანწკინტელა შვერილი შეიძლება მეთვალყურე იყო. მეთვალყრემ ალბათ უკვე შეამჩნია. ის ალბათ მოუთმენლად ელოდა ამ წუთს.
კაცი შავი შვერილისაკენ შებრუნდა, ნიჩაბი ასწია და ენერგიულად დაუქნია მეთვალყურეს. ცდილობდა ნიჩაბი ისე სჭეროდა, მეთვალყრეს მისი ალესილი კიდე შეემჩნია... თვალები ცხელი ვერცხლისწყლით ევსებოდა... რას აკეთებს ქალი იქ? მოსულიყო და დახმარებოდა...
უცებ ორმოს ფსკერს სველი ცხვირსახოცივით დაეფინა ჩრდილი: ეს იყო ჩრდილი ჩამოვარდნილი ფოთოლის ოდენა ღრუბლისა, რომელსაც ქარი ცის განაპირას მიაქანებდა. დასწყევლოს ეშმაკმა, გაწვიმდეს მაინც, ყოველივე ამის გაკეთება აღარ მოუწევდა... ხელებს გაიწვდიდა და წყლით აევსებოდა... ფანჯრის მინაზე წყლის ღვარები დაეშვებოდა... ღარიდან ნაკადი გადმოჩქეფდა... ასფალტზე წვიმის შხეფები აბოლდებოდა...
ესიზმრება თუ მოჩვენება გაცხადდა: უეცრად მის ირგვლივ ერთი ხმაური შეიქმნა. როცა გონს მოეგო, დაინახა, რომ ქვიშის ზვავის შუაში იდგა. იგი სახლის გადმოხურულისაკენ გაიჭრა და კედელს მიეკრა. ძვლები დაკონსერვებული თევზის ფეხებივით დაურბილდა. წყურვილი უკვე სადღაც საფეთქლებში ურაკუნებდა, მისი პატარ-პატარა ნამსხვერევები სადღაც ცნოებიერების ზედაპირზე მუქ ლაქებად მიმოეფანტა. კაცმა ნიკაპი წინ გამოსწია და ხელები მუცელზე დაიწყო, ცდილობდა პირღებინება შეეკავებინა.
გაისმა ქალის ხმა. ფლატისაკენ შეტრიალებული ქალი რაღაცას ყვიროდა. კაცმა გაჭირვებით ასწია დამძიმებული ქუთუთოები და იქეთ გაიხედა. სწორედ ის მოხუცი, რომელმაც აქ მოიყვანა, ქვიშის ფერდობზე თოკით ფრთხილად უშვებდა ვედროს. წყალი!.. როგორც იქნა მოიტანეს!.. ვედრო გადაიხარა და ქვიშის ფერდობზე სველი ლაქა გაჩნდა. ეს იყო ნამდვილი, ნამდვილზე ნამდვილი წყალი!.. კაცმა იყვირა და ვედროსკენ გაიჭრა.
როცა ვედრო იმ სიმაღლეზე ჩამოეშვა, რომ მიწვდომა შეიძლებოდა, კაცმა ქალს ხელი ჰკრა, ფეხები გაჩაჩხა და ორივე ხელი ფრთხილად შეაშველა. შემდეგ თოკი შეხსნა, მოუთმენლობით ატაცებულმა სახე ვედროში ჩაყო და მთელი სხეული ტუმბოდ ექცა. თავს სწევდა, სულს ითქვამდა და ისევ აცხრებოდა წყალს. როცა მესამეჯერ მოსცილდა ვედროს, ცხვირიდან და ტუჩებიდან უკვე წყალი სდიოდა, სული ეხუთებოდა. მუხლები მოეკეცა, თვალები დაეხუჭა. ახლა ქალის ჯერი იყო. იგი კაცს არ ჩამორჩენია: ერთ წამში შესვა ნახევარი ვედრო, თან ისეთ ბგერებს გამოსცემდა მისი სხეული რეზინის დგუში გეგონებოდათ.
ქალმა ვედრო აიღო და სახლში დაბრუნდა, მოხუცმა თოკის აწევა დაიწყო. ამ დროს კაცი თოკს ჩამოეკიდა და საცოდავად დაიწყო:
- მოიცადეთ! მინდა მომისმინოთ, მხოლოდ მომისმინოთ. გთხოვთ, მოიცადოთ!
მოხუცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, შეჩერდა. კაცი დაიბნა, თვალები აახამხამა, მაგრამ სახეზე გამომეტყველება თითქმის არ შეცვლია.
- ვინაიდან წყალი მოიტანეთ, გავაკეთებ იმას რაც უნდა გავაკეთო. ამას აღგითქვამთ და მინდა მომისმინოთ. თქვენ უაღრესად ცდებით... მე სკოლის მასწავლებელი ვარ... მყავს მეგობრები, პროპკავშირი, პედაგოგიური საბჭო, პედაგოგებისა და მშობლების ასოციაცია და სუყველა მე მიცდის... რაო, გგონია საზოგადოებრიობა დუმილით შეხვდება ჩემს გაქრობას?
მოხუცმა ზედა ტუჩზე ენის წვერი მოისვა და გულგრილად გაიღიმა, არა, ეს ღიმილი თითქოს არც იყო - მოხუცმა უბრალოდ თვალები მოჭუტა, რომ ქართან ერთად მქროლავი ქვიშა არ ჩაცვენოდა.
- რაო?.. განა არ გესმით, რომ ლამის დანაშაულს ჩადიხართ?
- რა თქვით? მას შემდეგ უკვე ათი დღე გავიდა, პოლიციიდან კი ბაიბური არ ისმის... - მოხუცი დინჯად, გარკვევით ლაპარაკობდა, - ხოლო რაკი ათი დღის შემდეგ არაფერი გამოჩნდა, რაღას უნდა...
- ათი დღის კი არა ერთი კვირის!
მოხუცმა არ უპასუხა. ასეთ საუბარს მართლაც არავითარი შედეგი არ მოჰყვება.. კაცმა მღელვარება ჩაიხშო და შეეცადა ხმა მშვიდი ჰქონოდა:
- კეთილი, ეს არსებითი როდია... იქნებ სჯობდეს, აქ ჩამოხვიდეთ, მშვიდათ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ? არაფერს დაგიშავებთ. რომც მინდოდეს, სულ ერთია ვერ შევძლებ. თქვენს წინააღმდეგ ბრძოლის ძალა არ შემწევს. .. სიტყავას გაძლევთ.
მოხუცი წინანდებურად დუმდა. კაცი აქშინდა.
- მესმის რა მნიშვნელობა აქვს სოფლისთვის ქვიშის გახვეტას... რაც უნდა თქვა, ეს სასიცოცხლო საკითხია... ძალზე მწვავე საკითხი... მშვენივრად მესმის... ჩემთვის რომ ძალა არ დაეტანებინათ, იქნებ თვითონ, საკუთარი თაოსნობით მოენდომებინა თქვენთან ერთად ... გარწმუნებთ! საკმარისია აქაური ცხოვრება ნახონ და სუყველა უბრალო კაცობის გამო მოინდომებს თქვენ დახმარებას. მაგრამ განა ის, რასაც მე ვაკეთებ, ნამდვილ დახმარებად შეიძლება მივიჩნიოთ?.. მეეჭვება.. რატომ არ იფიქრეთ თანამშრომლების სხვა უფრო მისაღებ საშუალებებზე?.. ადამიანები გონივრულად უნდა განაწესო... ადამიანს დახმარების უკეთილესი სურვილი განუქარდება, თუ შესაფერის ადგილს ვერ იპოვის... ხომ მართალია?.. განა არ შეიძლებოდა ჩემი გამოყნების უკეთესი საშუალება მოგეძებნათ და აგრერიგად საშინლად სახიფათო საქმისთვის არ მოგეკიდათ ხელი?
მოხუცმა თავი მიაბრუნა და იმგვარად შეინძრა თითქოს თამაშით გატაცებულ ცინგალს იშორებდა, თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ვერ გაიგებდით, უსმენდა თუ არა. იქნებ კოშკზე მყოფი მეთვალყურე აფიქრებდა? იქნებ მის დასანახად საუბრის გამართვა ეშინოდა?
- დამეთანხმეთ... ქვიშის გახვეტა მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა... მაგრამ ეს საშუალებაა და არა მიზანი... მიზანი გახლავთ სიცოცხლის რამენაირად დაცვა საშინელი საფრთხისგან... ხომ მართალია? საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი გიმუშავიათ ქვიშის კვლებაზე.ძალიან მაინტერესებდა ეს საკითხი. ამიტომაც მოვედი აქ. დიახ, რაც უნდა თქვა, ქვიშა დღეს ადამიანს იზიდავს და ამ ამბით შეიძლება წარმატებით ისარგებლო... აქაური ადგილები ახლო ტურისტულ რაიონად აქციოთ... ქვიშა ისე გამოყენოთ, წინააღმდგეობა კი არ გაუწიოთ, მიჰყვეთ.. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა ეცადოთ და გადაჭრით გარდაქმნათ თქვენი აზროვნება...
მოხუცმა თვალები ასწია და გულგრილი თვალებით თქვა:
- რომელ ტურისტულ რაიონზე ლაპარაკობ, როცა აქ ცხელი წყაროები არაა... თანაც ყველამ იცის, რომ ტურიზმით მხოლოდ ვაჭრები და ჩამოსულები მდიდრდებიან...
კაცს მოხუცის სიტყვებში დაცინვა მოეჩვენა და მაშინვე გაახსენდა ქალის ნაამბობი, თუ როგორ ჩამოვიდა აქ მებარათე, რომელიც მასსავით დაიჭირეს, როგორ გახდა ავად და გარდაიცვალა.
- დიახ... რა თქმა უნდა, ის, რაც ვთქვი, მაგალითისთვის ვთქვი. გიფიქრიათ ქვიშის თვისებებს შეგუებულს საგანგებო სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე?.. საერთოდ სულაც არაა აუცილებელი ყოეველი ღონით ჩაეჭიდო ძველ ცხოვრებას...
- ჩვენ აქ ათასგვარ რამეს ვცდილობთ. მაგალითად, ვცდილობთ მიწათხილიცა და ბოლქვებიანი მცენარეებიც... ერთი განახათ, როგორ ხარობს ტიტები...
- მერედა, როგორ მიმდინარეობს ქვიშებისაგან დაცვის ამჟანინდელი სამუშაოები... ერთი ჩემი ამხანაგი კორესპონდენტად მუშაობს... გაზეთის დახმარებით მოხერხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა. აქ შეუძლებელი არაფერია.
- რამდენიც არ უნდა ვეცოდებოდეთ თქვენ საზოგადოებრივ აზრს, მას აზრი არ ექნებოდა, თუ ფულად დახმარებას არ მივიღებთ.
- მეც სწორედ ასეთი სუფსიდიების მისაღებად კამპანიის დაწყებას გთავაზობთ.
- ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქარის მიერ მოტანილი ქვიშები სტიქიურ უბედურებად არ ცნოს და ზარალს არ გინაზრაურებს.
- უნდა ვაიძულოთ!
- განა ჩვენს ღატაკ პრეფექტურაში რაიმეს მიაღწევ... გული გამიტყდა... რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ყველაზე იაფია... ხელისუფლების იმედზე რომ ვიყოთ, ვიდრე ისინი თავს მოიფხანენ, ქვიშა დაგვფარავს...
- კი მაგრამ მე ხომ, სავსებით გარკვეული მდგომარეობა მაქვს! - იყვირა კაცმა, რაც კი ძალა და ღონე ჰქონდა ფილტვებში. - აი, განა თქვენ მშობელი არა ხართ? შეუძლებელი არ გესმოდეთ მასწავლებლის მოვალეობა!
სწორედ ამ დროს მოხუცმა თოკი ასწია. მოულოდნელობისგან შემცბრმა კაცმა თოკს ხელი უშვა. რა არის ეს?.. ნუთუ მოხუცი თავს ისე იჭერდა, თითქოს უსმენდა, და მხოლოდ იმისთვის, რომ დრო ეხელთა და თოკი ხელიდან გამოეგლიჯა?.. დაბნეული კაცი გაწვდილ ხელებს ჰაერში ატრიალებდა.
- გიჟები ხართ... არანორმალურები... მაიმუნსაც ხომ შეუძლია ქვიშის გადახვეტა, თუ კი ასწავლით... მე უფრო მეტი რამის გაკეთება შემიძლია... ადამიანი ვალდებულია სრულად გამოიყენოს თავის შესაძლებლობანი...
- უჰ... დაუდევრათ თქვა მოხუცმა; იგი მთელი თავისი შესახედაობით ამბობდა - მომწყინდა ეს ყბედობაო. - ჰო, კარგი, ბოდიში, თუ რამე ისე არაა. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გაგიკეთებთ...
- მოიცადეთ! ხუმრობას მოეშვი! ჰეი, დაიცადეთ, თქვენი ჭირიმე! ინანებთ! თქვენ ხომ ჯერ კიდევ ვერაფერი გაიგეთ! გთხოვ... დაიცადეთ რა!..
მოხუცს ერთხელაც არ შემოუხედავს მოიკუზა, თითქოს მხრებზე დიდი ტვირთი ადევსო, წამოდგა და წავიდა. სამი ნაბიჯის შემდეგ მისი მხრები გაქრა, ხოლო მეოთხეს შემდეგ მთლად მიეფარა თვალს.
კაცი ღონემიხდილი მიეყრდნო კედელს, ხელები და თავი ქვიშაში შეყო. ქვიშა კისერში დაეყარა და ბალიშივით გამოებერა იმ ადგილას, სადაც შარვლის ქამარი პერანგს უჭერდა. ახლახან დალეულმა წყალმა მთლიანად ოფლად გამოჟონა, ოფლი და ქვიშა შეერთდა და კანზე მაგრად მიკრული მდოგვის საფენის მსგავსი რაღაც წარმოექმნა. კანი შეუშუპდა და რეზინის გატკეცილ ლაბადას დაემგვანა.
ქალი უკვე მუშაობას შედგომოდა. კაცმა უცებ იეჭვიანა, დარჩენილი წყალი მთლიანად ხომ არ შესვაო, და ზარდაცემული შევარდა სახლში.
წყალი ხელუხლებული დახვდა. სულმოუთქმელად სამი- ოთხი ყლუპი და კვლავ გააოცა ამ გამჭვირვალე მინერალის გემომ. იგი მშფოთვარებას ვერ მალავდა: საღამომდე ეს სამი ყლუპი არაფრით არ მეყოფა, საჭმლის გასაკეთებლადაც წყალი, რა თქმა უნდა, არამც და არამც არ იკმარებს. ამ ტიპებმა თითქოს ყველაფერი იანგარიშეს. წყურვილის შიში სადავეებია, რომლებითაც თავიანთ ხუშტურზე სიარულს მიპირებენ.
კაცმა ზედ თვალებზე ჩამოიფხატა ჩალის დიდი ქუდი და დამდუღრულივით გაიჭრა გარეთ. წყურვილის წინაშე მისი აზრები და დასკვნები ცხელ შუბლზე დაცემულ უბადრუკ ფიქრებად იქცნენ. თუ ათი ჭიქა წყალი გულის ამასუყებელი სიროფია, ერთი ჭიქა მათრახია.
- აბა, სადაა ნიჩაბი?..
ქალმა გადმოხურულქვეშ მიუთითა, უღონოდ გაიღიმა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა სახელოთი. თუმცა ერთიანად დამტვრეული იყო, წამით არ დავიწყებია, სად ეწყო იარაღები. ასეთია ქვიშებში მცხოვრები ადამიანის მიერ ბუნებრივად შეძენილი აზროვნების უნარი.
ნიჩბის აღებისთანავე კაცს დაღლილი ძვლები დასაკეცი სამფეხასს ფეხებივით დაუმოკლდა. ალბათ, იმის გამო, რომ წუხელ ღამე თითქმის თეთრად გაათენა. ეტყობა, ნებისმიერ ვითარებაში უპირველეს ყოვლისა საჭიროა ქალთან აუცილებლად შესასრულებელ მინიმალურ სამუშაოზე მოლაპარაკება. მაგრამ ახლა მას უბრალოდ უჭირად ლაპარაკი. შეიძლება იმიტომ, რომ მოხუცთან საუბრისთვის იმდენი ძალა დასჭირდა, სახმოს სიმები შემპალი ნართივით გაეწელა.
კაცი ქალის გვერდით ავტომატივით დადგა და ნიჩაბი აამოძრავა.
ისინი ქვიშას თხრიდნენ და შეთანხმებულდა მიიწევდნენ წინ ფლატესა და სახლს შორის, თითქოს ერთმანეთზე არიან გადაბმულნიო. ბრინჯის გამოუმცხვარი კვერივით რბილი ფიცრის კედლები სოკოების საჩითილეთ იქცა. ბოლოს ქვიშა ერთ ადგილას მოაქუჩეს. შემდეგ ბიდონებში ყრიდნენ და გაწმენდილ ადგილას გადაჰქონდათ. წაღება რომ მოათავეს ისევ შეუდგნენ თხრას.
კაცი უგულისყუროდ, თითქმის ავტომატურად მოძრაობდა. პირი უმიცილის მაგვარი დუჟით აევსო. დუჟი ნიკაპზე ჩამოდიოდა და მკერდზე ეწვეთებოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა.
- იცით, ნიჩაბს მარცხენა ხელი აი, ასე მოუჭირეთ, ოდნავ ქვემოთ... - წყნარად შენიშნა ქალმა. - ჰოდა, მარცხენა ხელი შეიძლება არ ამოძრაოთ, მარჯვენა კი ბერკეტივით გექნებათ და გაცილებით ნაკლებ დაიღლებით.
დაიყრანტალა ყვავმა. უეცრად ყვითელი შუქი ცისფრად იქცა. ტკივილი, თითქოსდა მსხვილი პლანითაა გადაღებული გარემომცველ ლანდშაფტში განზავდა. სანაპიროს გასწვრივ დაბლა-დაბლა გაიფრინა ოთხმა ყვავმა. მათი ფრთების ბოლოები მუქ მწვანედ ბზინავდა და კაცს რატომრაც მწერების ქილების კალიუმციანიდიანი გაახსენდა. ჰო, სანამ არ დამვიწყებია, ქილები სხვა კოლოფში უნდა გადავაწყო და პოლიეთილენი შემოვახვიო, თორემ სიცხისაგან ხელად დაიშლება...
- დღეისთვის მგონი კმარა... - თქვა ქალმა და ფლატეს წვერს შეხედა. სახე მთლად გამოშრობოდა და, თუმცა ქვიშის ფენით დაფარვოდა, კაცი მიხვდა, რომ გაცრეცილი ჰქონდა. ირგვლივ ყველაფერი ჩამუქდა, თითქოს ჟანგმა დაფარაო. კაცმა ხელის ცეცებით, დაბინდული ცნობიერების გვირაბით, როგორც იქნა, გაზინთულ საწოლს მიაღწია. როდის დაბრუნდა ქალი, აღარ გაუგია.
22
თუ კუნტებშუა შუალედებში თაბაშირს ჩავასხამთ, ალბათ დაახლოებით ასეთივე სულიერი განწყობილება შეგვექმნება. თვალები თითქოსდა ღია მაქვს, მაგრამ რატომ ბნელა ასე?.. სადღაც თაგვი რაღაცას მიათრევს სოროში... ყელი მწვავს, თითქოს ჭოპოსანი გამიტარეს... პირიდან ისეთი სუნი ამომდის, როგორც სანაგვე ორმოდან... პაპიროსის მოწევა მინდა... არა, ჯერ, მგონი, სჯობს მოვსვა... წყალი!.. კაცი მაშინვე უბრუნდება სინამდვილეს... თურმე რა ყოფილა. ეს თაგვი კი არ ფხაკურობდა, ქალს დაეწყო მუშაობა!.. რამდენიმე ხანი ეძინა?.. ადგომა სცადა, მაგრამ რაღაც საშინელმა ძალამ ისევე ლეიბზე დააგდო... უცებ მიხვდა და პირიდან ქათქათა, თითქოსდა ჟილეტში გამოტანებული შუქი შემოდიოდა. ღამე ისევე ჩამოდგა შეუმჩნევლად.
საწოლთან კარდალა, ლამპა და არყიანი ბოთლი იდგა. სწრაფად წამოიწია იდაყვებზე და პირში წყალი გამოივლო. წყალი მოშორებით, კერისაკენ გადმოაფურთხა. ნელა, დაგემოვნებით გადაყლაპა რამდენიმე ყლუპი. ლამპის გვერდით ხელი მოაფათურა, რბილი შეკრულა მოსინჯა - ასანთი და სიგარეტები აღმოჩნდა. ლამპა აანთო, ცეცხლი სიგარეტებთან მიიტანა. ბოთლიდან ცოტა არაყი მოსვა. დანაკუწებულმა ცნობიერებამ თანდათან ერთ მთლიან რაღაცად დაიწყო დალაგება.
შეკრულაში საჭმელიც იყო. ბრინჯისა და ფქვილის ჯერ კიდევ თბილი სამი კვერი, მზეზე გამოყვანილი ორი ქაშაყი, გამომშრალი, დამჭკნარი, მწნილად ჩადებული ბოლოკი და ცოტაოდენი მოხარშული, მწარე გემოს ბოსტნეული, მგონი, იმავე ბოლოკის გამხმარი ფოთლები. მარტო ქაშაყი და კვერი კმაროდა. კუჭი რეზინის ხელთათმანის ოდენად იკუმშებოდა.
როცა წამოდგა, სახსრები აუტკაცუნდა, როგორც თუნუქის სახურავმა იცის ქარში. შიშთ ჩაიხედა ავზში. ავზი კვლავ გაპიპინებული იყო. პირსახოცი დაასველა და სახეზე მიიდო. მთელი ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ისე როგორც ნაპერწკალი დაუვლის დღის სინათლის ნათურას. კისერი და გვერდები გაისუფთავა, თითებშუა ქვიშა გამოწმინდა. იქნებ სწორედ ასეთი წამებით უნდა განსაზღვრო ცხოვრების აზრი.
- ჩაი არ გინდათ?- კარში ქალი იდგა.
- არ ღირს... მუცელი კასრივითა მაქვს წყალით გაბერილი.
- კარგად გეძინათ?
- როცა დგებოდით, მეც უნდა გაგეღვიძებინეთ...
ქალმა თავი დახარა და უთხრა:
- ღამით სამჯერ ავდექი, სახეზე პირსახოცი გაგისწორეთ, - ხმაში სიცილი ერია, თითქოს უღიტინებდნენ.
ეს იყო სამი წლის გოგონას კეკლუცობდა, რომელმაც ბოლოს ძლივს ისწავლა დიდების სიცილისთვის მიებაძა. ქალის დაბნეული შესახედაობა აშკარად მეტყველებდა, რომ არ იცოდა, უკეთ როგორ გამოეხატა უსაზღვრო სიხარული. კაცმა პირქუშად მოარიდა მზერა.
- თხარში მოგეხმაროთ?.. თუ სჯობს ბიდონები ვზიდო?
- უკვე ხომ... დროა. საცაა კალათები უნდა ჩამოუშვან.
კაცს მუშაობის დაწყებისას გაუკვირა, რომ მოსალოდნელი შინაგანი წინააღმდეგობა არ უგრძვნია. რა არის ამ ცვლილების მიზეზი? უწყალოდ დარჩენის შიში თუ მოვალეობის გრძნობა ქალის წინაშე? თვით შრომის ბუნება ხომ არა? დიახ, შრომა ეხმარება ადამიანს მსრბოლავ დროს შეურიგდეს მაშინაც კი, როცა უმიზნოდ მიქრის.
ერთხელ კაცი „მიობიუსის ლენტმა“ რომელიღაც ლექციაზე შეათრია. ადგილი, სადაც ლექცია მიმდინარეობდა, დაბალი დაჯანგული ცხაურით იყო შემოღობილი. ცხაურს გადაღმა იმდენი ქაღალდის ნაგლეჯი, ცარიელი ქილები, გაუგებარი დანიშნულების ჩვრები ეყარა, მიწა სრულებით არ ჩანდა. დამპროექტებელს რად მოუვიდა თავში აქ ღობის გაკეთება? თითქოს კაცის ამ გაოცებული კითხვის პასუხად ვიღაც გაცვეთლპიჯაკიანი კაცი რკინის ღობეზე გადაიხარა და მონდომებით დაუწყო ფხოჭნა. „მიობიუსის ლენტმა“ კაცს უჩურჩულა, გაცვეთლპიჯაკიანი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელიაო. ჭერზე წვიმის ყავისფერი ნაჟონები გადღაბნილიყო. ასეთი ვეებერთელა ნაჟონები კაცს არასდროს ენახა. ამ ვითარებაში ლექტორი ამბობდა: „შრომაზე თვით შრომის მეშვეობით უნდა ავმაღლდეთ. სხვა გზა არ არსებობს. თავისთავად ფასი აქვს არა თვით შრომას, არამედ შრომის დაძლევას შრომით... შრომის ჭეშმარიტი ფასი მისი თვითუარყოფაა.“
გაისმა მკვეთრი სტვენა. ვიღაცას პირში თითები ჩაეწყო და პირობით ნიშანს იძლეოდა. უდარდელი წამოძახილები, ქვიშიანი კალათების აწევისა რომ ისმოდა, თანდათან ყუჩდებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდ მათ ორმოს ქვიშის მზიდავნი. აქ კი კალათები უკვე სრულ სიჩუმეში ჩამოუშვეს. კაცი გრძნობდა, რომ უთვალთვალებდნენ, მაგრამ კედლის მისამართით ყვირილი ახლა წინანდელზე მეტი უაზრობა იქნებოდა. როცა საჭირო რაოდენობის ქვიშა მშვიდობიანად ასწიეს მაღლა, დაძაბულობა გაქრა, ატმოსფერო თითქოსდა განიმუხტა. არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს აუცილებელი ურთიერთგაგება მიღწეული იყო.
ქალის ქცევასაც შესამჩნევი ცვილილება დაეტყო.
- შევისვენოთ... ჩაის მოვიტან...
ქალის ხმაშიც და მძრაობაშიც სიმხნევე იგრძნობოდა. იგი მთლად გაკეკლუცდა და არც ცდილობდა ამის დამალვას. კაცს გული ჰქონდა მოყირჭებული, თითქოს შაქრით ამოიყორაო, მაგრამ მაინც, როცა ქალი გვერდით ჩაუვლიდა, ხელს უთათუნებდა უკანალზე. ძაბვის მეტისმეტად გაზრდისას მცველი იწვება ხოლმე. არავითარ შემთხვევში არ შეიძლება ქალის ასე მოტყუება. მას როგორმე მოვუყვები მოჩვენებითი ციხე-სიმაგრის გუშაგთა ამბავს.
იყო ერთი ციხე-სიმაგრე... არა, აუცილებლად ციხე-სიმაგრე კი არა, ვთქვთ, იყო ქარხანა, ბანკი, სათამაშო სახლი - მნიშვნელობა არა აქვს, რომელი და გუშაგთა ნაცვლად, სავსებით შესაძლებელია, ედგა მცველი ანდა უბრალოდ დარაჯი. გუშაგი ნიადაგ ელოდა მტრის თავდასხმას და ყოველთვის ფხიზლად გახლდათ. ბოლოს, მოვიდა მტერი, რომელსაც ამდენს ელოდა. მაშინვე ჩაჰბერა ბუკს, მაგრამ რა უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, მთავარი ძალები არ გამოპასუხებია. ცხადია, მტერმა ადვილად, ერთი დარტყმით ჩამოიცილა გუშაგი. უკანასკნელ წუთებში გუშაგი ბუნდოვნად ხედავდა, რომ მტერს წინ არავინ ეღობებოდა და იგი ჰაერივით იჭრებოდა ჭიშკრებში, კედლებზე, სახლებში. სინამდვილეში ჰაერი მტერი კი არ იყო, არამედ ციხე- სიმაგრე. გუშაგი, უდაბურ მინდორში ასვეტილი ხმელი ხესავით მარტოსული, მთელი სიცოცხლე იცავდა მოჩვენებას...
კაცი ნიჩაბზე დაჯდა და პაპისროსის მოკიდება დაიწყო. ასანთის მესამე ღერი გაჰკრა და ბოლოს მოუკიდა. დაღლილობა წყალში შერეული ტუშივით წრეებად იშლებოდა, მედუზასავით იტყლაპნებოდა, უცნაურ ორნამენტად, ატომგულების სქემებად იქცეოდა და ბოლოს განიმქრა. ღამის ფრინველმა მინდვრის თაგვი შენიშნა და საზიზღარი ხმით მოუხმო თავის მეგობარს. დახშული ხმით ყეფს რაღაცით შეშფოთებული ძაღლი. მაღლა ცაში ერთმანეთს ეჯახებიან დაზუზუნებენ ჰაერის ნაკედები. მიწაზე კი მძაფრი ქარი, ქვიშას დანასავით ფენა-ფენა აცლის თხელ კანს.
კაცმა ოფლი მოიწმინდა, ცხვირი თითებით მოიხოცა, თავიდან ქვიშა ჩამოიბერტყა. მის ფეხებთან ქვიშის ნახჭები ერთბაშად გაქვავებული ტალღების ქოჩრებს ჰგავდა.
ესენი რომ ბგერითი ტალღები რომ ყოფილიყვნენ, ო, რა მუსიკას მოიყოლებდნენ? ადამიანს თუნდაც ცხვირზე საკეცე მოეჭირა, ყურები სისხლის ლეკერტით ამოევსო, კბილები ერთიმეორეს მიყოლებით დაეძრო, ალბათ მაინც შეძლებდა ამ ჰანგის გამეორებას... მაგრამ ასეთი რამ მეტისმეტი სისასტიკეა, და, მიუხედავად სისასტიკისა, ეს ის ჰანგი მაინც არ იქნეოდა.. უცებ კაცს მოეჩვენა თითქოს მისი თვალები მაღლა ცაში ფრინველებივით აიჭრნენ და იქიდან ყურადღებით ჩამოსცქეროდნენ. და არათუ სხვა, სწორედ თვითონ, კაცი, რომელიც მთელი ამ ამბების უცნაურობაზე ფიქრობდა, ერთობ უცნაურად ცხოვრობდა.
23
Got a one – way ticket to the blues, woo, woo…
(მე ვიყიდე ცის ერთ მხარეს წასასვლელი ბილეთი, უუ, უუ)... გინდა სიმღერა, იმღერე, გენაცვა, სინამდვილეში, ადამიანი, ვისაც მხოლოდ ერთი გზობის ბილეთი შეაჩეჩეს, ასე არაფრის გულისთვის არ იმღერებს. მარტოოდენ ერთი გზობის ბილეთის მქონე ადამიანთა ფეხსაცმლის ლანჩები ძალზე თხელია, ამიტომ ისინი პატარა კენჭზე დაბიჯების დროსაც კი ვაი-ვაის იძახიან. შემდგომ ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამენ. აი, ისინი მოისურვებდნენ აქეთობის და იქითობის ბილეთზე ბლუზი ემღერათ. ერთი გზობის ბილეთი ესაა ნაწილ-ნაწილ დაშლილი ცხოვრება, რომლის გუშინდელ დღესა და დღევანდელ დღეს, დღევანდელსა და ხვალინდელ დღეს კავშირი არა აქვს და მხოლოდ იმას, ვისაც აქეთობის ბილეთი ჩაუბღუჯავს, მხოლოდ იმას შეუძლია ოდნავ ნაღვლიანი სიმღერა იმღეროს ერთი გზობის ბილეთზე. ამას წყალი არ გაუვა. სწორედ ამიტომ ნიადაგ შფოთავს, ეშინია უკან წამოსასვლელი ბილეთი არ დაიკარგოს ან არ მოპარონ; ყიდულობს აქციებს, აზღვევს სიცოცხლეს, ორპირობს პროფკავშირებსა და უფროსებთან. ყურებს იცობს, რომ არ გაიგონოს წყალსადინარი თხრილებიდან და ნაგავსაყრელი ორმოებიდან ამომავალი შემზარავი ყვირილი - გვიშველეთო, იმათი ყვირილი, ვისაც ერთი გზობის ბილეთი შეხვდა. რომ არ იფიქროს, მთელი სიმძლავრით რთავს ტელევიზორს და მთელი ხმით მღერის ბლუზს ერთი გზობის ბილეთზე. და შეიძლება დარწმუნებული იყო რომ ყოველი ტუსაღი იმღერებს იქითობის და აქეთობის ბილეთზე.
როგორც კი კაცი თავისუფალ დროს მოიხელთებდა, მალულად თოკს აკეთებდა. მან ზოლ-ზოლად დახია პერანგი, ზოლები გადააბა, მათ ქალის გარდაცვლილი ქმრის კიმონოს სარტყელი მიუმატა და ხუთი მეტრი თოკი გააკეთა. მოვა დრო და თოკს ბოლოში ძველ დაჟანგულ მაკრატელს გამოაბამს. მაკრატელი ნახევრად იქნება გახსნილი. ამისთვის პირში ნაფოტს ჩაუდებს და მიამაგრებს. თოკი ჯერ მოკლეა. საჭირო სიგრძის რომ გახდეს, ჩალის თოკსაც გამოიყენებს, რომელიც სოხანეს მაღლაა გაჭიმული და ზედ თევზი და მარცვლეული შრება; მას სარეცხის თოკსაც მიაბამს.
თოკის გაკეთების იდეა სავსებით მოულოდნელად გაუჩნდა. ისე სრულიადაც არაა აუცილებელი, მხოლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მონაფიქრები გეგმები განახორციელო. რამდენადაც შეუძლებელია შეცნობა გზისა, რომელზეც მოძრაობს აზრი გეგმის გამომუშავების ჟამს, გონების ასეთი მოულოდნელი გამონათების საფუძველი ამ გამონათებაშივეა. მოულოდნელ გადაწყვეტილებებს გაცილებით მეტი წარმატება მოჰყვება ხოლმე, ვიდრე, იმათ, რომელთაც დაუსრულებლად უკირკიტებენ და წონიან.
ახლა დასადგენი იყო მხოლოდ ერთი საკითხი - გეგმის განხორციელების დრო. ორმოდან ამოსვლა ყველაზე უპრიანია დღისით, სანამ ქალს სძინავს. ეს გადაწყვეტილია. მაგრამ სოფელში დღისით გავლა არაფრით არ შეიძლება. ალბათ უმჯობესია ასე გავაკეთო: ზუსტად ქალის გაღვიძების წინ ავიდე მაღლა, საიმედო ადგილას დავიმალო, მზის ჩასვლას დაველოდო და სოფლიდან გავიდე. მთვარის ამოსვლამდე სიბნელით ვისარგებლებ და საკმაოდ ადვილად მივაღწევ შარაგზამდე, სადაც ავტობუსები დადის.
მთელი ამ დროის მანძილზე კაცი ცდილობდა ქალისგან ადგილის რელიეფი და სოფლის მდებარეობა გაეგო. როგორ უძღვება მეურნეობას სოფელი, რომელსაც არც ერთი მეთევზის ნავი არა აქვს, თუმცა ზღვის ნაპირზე მდებარეობს?.. როდიდან აღმოჩნდა ასეთი მდგომარეობაში?.. სულ რამდენი სული ცხოვრობს აქ?.. ვის და სად მოჰყავს ტიტები?.. რომელი გზით დადიან ბავშვები სკოლაში?.. სოფლის შესახებ ამნაირად მიღებული არაპირდაპირი ცნობები იმ ერთადერთი დღის ბუნდოვან მოგონებებს შეურწყამ როცა სოფელი იხილა, და გონებაში დაახლოებით მოხაზა ადგილის გეგმა.
გაქცევა, რა თქმა უნდა, იდეალურად მოეწყობა, თუ სოფელში კი არ გაივლის, გვერდს აუქცევს მას. მაგრამ დასავლეთით გზას ეღობება ხრამიანი კონცხი. მართალია კონცხი არც ისე მაღალია, მაგრამ ტალღებმა, უხსოვარი დროიდან რომ ღრღნიდნენ მას, ციცაბო კლდეების გროვად აქციეს. იქ ბევრი ბილიკია, რომელზეც ფიჩხის მოსაგროვებლად გამოსული სოფლელები დაბობღავენ, ოღონდ ბარდები ფარავს და არც ისე ადვილი მოსაძებნია. მეტისმეტად აბეზარ კითხვებს შეიძლებოდა ქალისთვის ეჭვი აღეძრა. სოფლის აღმოსავლეთით ხმელეთში ღრმად, ათ კილომეტრზეა შეჭრილი უკაცური დიუნებით შემოსაზღვრული უბე. იგი მკვეთრად უხვევს და თითქმის ზედ სოფლის დასაწყისს ადგება. ამგვარად სოფლელი თითქოს ქვიშის ტომარაშია მოქცეული, ხოლო ამ ტომრისთვის ციცაბო კლდეებსა და უბეს ყელში წაუჭერიათ ხელი. ამიტომ გაცილებით უხიფათოა შეუპოვრად გაარღვიო ცენტრი, ვიდრე ხეტიალში დაკარგო დრო ამ ტიპებს დადევნების შესაძლებლობა მისცე.
მაგრამ ეს ყოველივე არ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას. გავიხსენოთ თუნდაც ამ თარს სახანძრო კოშკზე მყოფი მეთვალყურე. ამას გარდა, საშიშია, ქალმა გაქცევის შემჩნევისთანავე ხმაური არ ატეხოს და სოფლის გასასვლელი უფრო ადრე არ გადაკეტონ, ვიდრე კაცი მას გასცდებოდეს. შეიძლება ეს ორი პრობლემა საბოლოო ანგარიშით ერთ პრობლემაზე დავიყვანოთ. ქვიშის პირველ მზიდავებს წყალი და ყველაფერი აუცილებელი რამ ყოველთვის მზის ჩასვლიდან კარგა ხნის შემდეგ მოაქვთ და, თუ ქალი მოინდომებს კაცის გაქცევა სოფელს მათ მოსვლამდე შეატყობინოს, ამას მხოლოდ სახანძრო კოშკზე მყოფი მეთვალყურის მეშვეობით შეძლებს. ამიტომ დგება საკითხი, რა მოუხერხდეს მეთვალყურეს.
საბედნიეროდ ამ ადგილას, ალბათ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო, მზის ჩასვლამდე დაახლოებით ოცდაათი წუთი, ზოგჯერ კი მთელი საათი მიწას ფოშფოში ეფინება. ეს იმიტომ ხდება, ქვიშაში არსებული მცირე თბოტევადობის მქონე კაჟბადმჟავა სწრაფად კარგავს დღის განმავლობაში მიღებულ სითბოს. თუ კოშკიდან გადმოვიხედავთ. შევამჩნევთ, რომ მთელი ეს მიდამო კოშკის მიმართ სინათლის არეკვლის კუთხით იმყოფება, ამიტომ უმცირესი ნისლიც კი მეთვალყურესთვის სქელ თეთრ საბურველად იქცევა და იგი ვერაფერს დაინახავს. კაცი კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში გუშინწინ. ზღვის მხარეს მყოფი ფლატის ძირას ერთხანს აქნია პირსახოცი, თითქოსდა რაღაც ნიშანს იძლევაო, მაგრამ როგორც ვარაუდობდა, ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია.
კაცმა გადაწყვიტა თავისი გეგმა მისი მოფიქრების მეოთხე დღეს განეხორციელებინა. აირჩია შაბათი საღამო, როცა დასაბანი წყალი მოჰქონდათ. გაქცევის წინა ღამეს გადაწყვიტა, თავი ისე დაეჭირა თითქოს გაცივებული იყო, უნდოდა წესიერად გამოეძინებინა. სიფრთხილის გამო იმდენი ქნა, ძალით დაალევინეს ასპირინი. ტაბლეტებს მთლად გადასვლოდა ფერი, ეტყობა, დიდხანს ეყარა საწვრილმანოს რომელიღაც კუთხეში. კაცმა ორი ტაბლეტი გადაყლაპა, არაყი დააყოლა და შედეგმაც არ დააყოვნა. ვიდრე ქალმა მუშაობა არ დაამთავრა და სახლში არ დაბრუნდა, არავითარი ხმა არ გაუგონია - მხოლოდ ერთხელ მოეყურა ქვიშიანი კალათების აწევის ხმაური.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ ქალს ისევ მოუწია მარტო მუშაობამ და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა. ვიდრე უკვე ისედაც დაგვიანებულ საჭმელს ფაციფუცით აკეთებდა, კაცი ზანტად როშავდა ათასგვარ რაღაცას. მაგალითად ამბობდა, კარგი იქნებოდა ეს დიდი ხანია გაფუჭებული პირსაბანი შევეკეთებინაო. ქალი სიბრაზეს არ იმჩნევდა, ეშინოდა კაცის ჯანმრთელობისთვს არა ევნო რა; კაცის ეგოიზმი ალბათ იმის დამამტკიცებლად მიაჩნდა, რომ მან უკვე მოიკალათა აქ. მუშაობის შემდეგ ორივეს უნდოდა ხოლმე დაბანა, მაგრამ კაცს ახლა განსაკუთრებით აღიზიანებდა ძილის დროს გაოფლილ კანზე მიკრული ქვიშა... დღეს სწორედ დასაბანი წყლის მოტანის დღე იყო, ქალსაც სიამოვნებდა კაცის დაბანა, ასე რომ დღეს ალბათ უარს არაფერზე იტყოდა.
ვიდრე ქალი ბანდა, კაცს მოულოდნელად სურვილმა მოუარა და ქალს კიმონო მოაგლიჯა, ქალის დაბანა მოინდომა. დაბნეული, მოლოდინად ქცეული ქალი გაირინდა. შემდეგ პროტესტის ნიშნად ასწია ხელი, მაგრამ გაურკვეველი იყო, კერძოდ რას ეწინააღმდეგებოდა. კაცმა აჩქარებით გადაასხა ერთი ციცხვი ცხელი წყალი და უნეჭოდ, საპნიანი ხელებით დაუწყო ტანის ზელვა. ხელები სრიალებდა კისრიდან ნიკაპისკენ, მხრებზე, ერთმა მკერდსაც ჩააღწია. ქალმა შეჰკივლა და მიეკრა. ქალი ელოდა, მაგრამ კაცი აყოვნებდა. მისი ხელები ისევ ისე დაღოღიალებდნა ქალის ტანზე.
ქალის გზნება ბოლოს კაცსაც გადაედო, მაგრამ უცებ რაღაც გაურკვეველი სევდა დაეუფლა. ქალი ერთიანად ასხივებდა შიგნიდან, თითქოს მასში ციცინათელები ანათებდა. ახლა მისთვის ღალატი იგივე იქნებოდა, სიკვდილმისჯილისთვის გაქცევის საშუალება მიგეცა და ზურგში ტყვია დაგეხალებინა... კაცი მძვინვარედ ეცა, ახლად გაღვიძებულ სურვილს ასწრაფებდა, მაგრამ ყოველ ვნებას თავისი საზღვარი აქვს. ქალი, რომელიც ეგზომ ელოდა ალერსს, კაცის მძვინვარებამ თავდაპირველად შეაშინა. კაცსაც ხალისი დაეკარგა, თითქოს სურვილი უკვე დაიკმაყოფილა. შემდეგ კვლავ დაიწყო თავის აგზნება - წარმოსახვას ათასგვარი სახიფათო სიტუაციებით იფორიაქებდა, მკერდს უკოცნიდა ქალს, უჯიჯგნიდა სხეულს, რომელიც საპნის, ოფლისა და ქვიშის გამო რკინის ნაქლიბში არეული მანქანის ზეთით დაფარული გეგონებოდათ... მზად იყო ასე თუნდაც ორი საათი გაეგრძელებინა, მაგრამ ქალმა ტკივილისგან ბოლოს კბილებიც კი დააკრაჭუნა და ჩაცუცქდა. კაცი ეძგერა... ერთ წამში ყველაფერი დამთავრდა. კაცი ქალს წყალს ასხამდა, რომ საპონი ჩამოერეცხა, შემდეგ ძალით დაალევინა არაყი, რომელშიც ასპირინის სამი ტაბლეტი იყო გახსნილი. ახლა ქალი მაგრად იძინებდა თვით მზის ჩასვლამდე, ხოლო თუ კაცს გაუმართლებდა, იძინებდა მანამდე, ვიდრე ქვიშის მზიდავთა ყვირილი არ გააღვიძებდა.
ქალი ძილში ქშინავდა, თითქოს ცხვირი ქაღალდის საცობით ჰქონდა დაცული... სუნთქავდა ღრმად. კაცი ოდნავ შეეხო ქუსლზე, მაგრამ არც განძრეულა... ეს იყო ცარიელი ტუბი, რომლიდანაც ვნება გამოწურეს. კაცმა სახეზე დაფარებული პირსახოცი გაუსწორა, თოკივით დაგრეხილი ზევით აფშეკილი კიმონო მუხლებისკენ ჩამოიწია. საბედნიეროდ კაცი უკანასკნელი სამზადისით იყო გართული და გადაჭარბებული მგრძნობიარობისთვის არ ეცალა. როცა ძველ მაკრატელთან ჯადოქრობა მოათავა, ზუსტად საჭირო დრო დადგა. უკანასკნელად შეხედა ქალს და, როგორც თავადაც ელოდა, იგრძნო, რომ გული შეეკუმშა.
ორმოს კედლებს ზემოდან, დაახლოებით მეტრის სიღრმეზე, სუსტი შუქი ეფინებოდა. გაანგარიშების მიხედვით შვიდის ნახევარი, შვიდის ორმოცი წუთი იქნებოდა. ზედგამოჭრილი დრო იყო. კაცმა ხელები მთელი ძალით წაიღო უკან და კისერი რამდენჯერმე შეანძრია, რათა დაბუჟებული ზურგი გაემართა.
ჯერ სახურავზე ასვლა იყო საჭირო. სჯობდა მაკრატელი ორმოცდახუთგრადისიანი კუთხით ესროლა. უნდოდა სახურავზე თოკის დახმარებით ასვლა ეცადა, მაგრამ ვერ გაბედა სახურავზე მაკრატელის დაცემის ხმას შეიძლებოდა ქალი გაეღვიძებინა. ამიტომ უკეთესი იყო უარი ეთქვა ასეთ ექსპერიმენტზე, გადაწყვიტა, სახლის ირგვლივ შემოევლო და ზედ ასულიყო ნახევრად დანგრეული გადმოხურულიდან, რომლის ქვეშ ოდესღაც თეთრეულს აშრობდნენ. წვრილი, ოთხწახნაგოვანი ლარტყები თითქმის დამპალიყო და ეს აფრთხობდა, ყველაზე საშიში რამ კი წინ ელოდა. ჰაერში მქროლავი ქვიშის მიერ გაპრიალებული ყავრის სახურავი ახალივით თეთრად ბრწყინავდა, მაგრამ ზედ რომ ავიდა, ბისკვიტივით რბილი აღმოჩნდა. აი, სეირი ის იქნებოდა, შიგ რომ ჩავარდნილიყო. იგი სახურავზე გაიშხვართა და ფრთხილად გაფოფხდა წინ. ბოლოს თავხეს მიაღწია, გადააჯდა და მუხლებზე დადგა. უკვე სახურავის წვერო ჩრდილში იყო და ორმოს დასავლეთი მხარის კიდეზე ჩაშაქრებული, თაფლისფერი, მკვეთრად მჩინარი ქვიშის მარცვლები იმაზე მიუთითებდა, რომ ნისლი იწყებდა ჩამოწოლას. ახლა კოშკის მეთვალყურის შიში არ უნდა ჰქონოდა.
კაცმა თოკს მაკრატლიდან დაახლოებით მეტრზე ხელი ჩაავლო და თავზემოთ დაატრიალა. სწორედ იმ ტომრებს უმიზნებდა, რომელთაც ჭოჭონაქების ნაცვლად იყენებდნენ ქვიშიანი კალათების აწევის დროს. თუ ტომრები თოკის კიბეს გაუძლებდა, ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ საკმაოდ მკვიდრად ეწყო. კაცი სულ უფრო სწრაფად ატრიალებდა თოკს, შემდეგ ტომრებს დაუმიზნა და ესროლა. თოკი სხვა მხარეს გაფრინდა. ეტყობა, არასწორად იანგარიშა. მაკრატელს წრეწირის შემხებზე უნდა ეფრინა. ამიტომ კაცს თოკისთვის იმ წამს უნდა ეშვა ხელი, როცა მიზანთან მართკუთხედს შექმნიდა, ანდა ერთი წამით ადრე. დიახ, ამას წყალი არ გაუვიდოდა!.. დასანანია, ამჯერად მაკრატელი ფლატეს შუაგულში მოხვდა და ძირს ჩავარდა. ეტყობოდა, ბრუნვის სიჩქარე და ამაღლების კუთხე არასაკმაო იყო.
კაცმა მრავალგზის ისროლა მაკრატელი და ბოლოს როგორც იქნა ზუსტად განსაზღვრა მანძილი და მიმართულება. თუმცა წარმატება ჯერ სად იყო! მოხარული იქნებოდა, იმედის მომცემი თუნდაც უმცირესი ნიშანი შეენიშნა, მაგრამ ეს ნიშანი ჯერჯერობით არ ჩანდა. შეცდომები არ მცირდებოდა, პირიქით, დაღლილობისა და ნერვიულობის გამო უფრო დიდ შეცდომებს უშვებდა. დიახ, ყველაფერი ეს გაცილებით ადრე მარტივად ჰქონდა წარმოდგენილი. ახლა ნერვიულობდა, ბრაზობდა, ლამის ატირებულიყო, თუმცა არც არავის მიუცია რაიმე იმედი.
მაგრამ აკი ალბათობის კანონი, რომლის თანახმად შესაძლებლობა ცდების რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია, თითქოს არცთუ მცდარია. ჰოდა, როცა კაცმა, ეშმაკმა არ იცის უკვე მერამდენედ, უბრალოდ, სრულიად იმედგაწყვეტილმა ისროლა თოკი, მაკრატელი პირდაპირ ტომრებს მოხვდა. კაცმა პირი დააღო და გაშეშდა. პირში დაგუბებული ნერწყვი გადმოედინა, მაგრამ სიხარული ნაადრევი იყო... ხელში ჯერჯერობით მხოლოდ ფული ეჭირა ლატარიის ბილეთის საყიდლად... ბილეთი მოიგებდა თუ არა, მომავალი გვიჩვენებდა. მისი ყოველი ნერვი თითქოს თოკზე იყო გამობმული: თოკი ფრთხილად მოსწია, გეგონებოდათ, აბლაბუდის ძაფით ვარსკვლავს იწევსო.
კაცმა წინააღმდეგობა იგრძნო. თავდაპირველად ძნელი იყო დაჯერება, მაგრამ თოკი მართლა არ შერხეულა. უფრო ძლიერ მოწია... დაიძაბა, ელოდა აგერ-აგერ მოგჯებაო... მაგრამ უკვე ეჭვს არაფერი იწვევდა. კაუჭად ქცეული მაკრატელი მტკიცედ ჩარჭობოდა ტომრებს. როგორ გაუმართლა!.. წარმოუდგენლად გაუმართლა!.. ამ წუთიდან ყველაფერი კარგად წარიმართებოდა! უსათუოდ!
კაცი სწრაფად ჩამოძვრა სახურავიდან, თოკისკენ გაიქცა, რომელიც ახლა მშვიდად ჩამოწვდილიყო ძირს და ქვიშის კედელს კვეთავდა. აი, იქ, იქ მიწის ზედაპირია... თანაც ისე ახლოსაა, პირდაპირ არ გჯერა... სახე დაეძაბა, ტუჩები უთრთოდა. კოლუმბის კვერცხი უთუოდ მაგრად იყო მოხარშული, მაგრამ თუ მას უფრო მაგრად მოხარშავდა ყველაფერს წაახდენდა.
კაცი თოკს ჩაეჭიდა და, მთელი სიმძიმით ჩამოეკიდა. თოკი მაშინვე გაიწელა, თითქოს რეზინისა იყო. კაცი შიშისგან ოფლად გაიღვარა. საბედნიეროდ თოკი მხოლოდ ოცდაათ სანტიმეტრამდე გაიწელა. კაცი ისე დაეკიდა ზედ. ამჯერადაც საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა. კაცმა ხელისგულებზე დაიფურთხა, თოკს ფეხები შემოაჭდო და მაღლა აცოცება დაიწყო. ისე მიიწევდა, თითქოს სათამაშო მაიმუნი სათამაშო პალმაზე ადიოდა. შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა, შეიძლება მღელვარების გამო. კაცი ცდილობდა ქვიშა ზედ არ დაცვენოდა, ისე მიცოცავდა, მხოლოდ თოკს ეჭიდებოდა, რის გამოც მისი სხეული ბრუნავდა. ყველაფერი გაცილებით ნელა კეთდებოდა, ვიდრე ვარაუდობდა. დედამიწის მიზიდულობა მართლაც საშინელებაა. ეს კანკალიც საიდან გამოტყვრა? ხელები თავსით მოძრაობდა, კაცი საკუთარ თავს თითქოსდა თვითონ ისროდა ზემოთ. აქ უცნაური არა იყო რა, თუ გავიხსენებთ შხამით აღსავსე ორმოცდაექვს დღეს. როცა ერთ მეტრზე აიწია, ორმოს ფსკერი ასი მეტრით დაბლა მოეჩვენა, როცა ორ მეტრზე ავიდა, ორასი მეტრით დაბლა. ორმოს სიღრმე სულ უფრო იზრდებოდა და ბოლოს თავბრუდამხვევი გახდა... აგერ უკვე ზედაპირი გამოჩნდა... გამოჩნდა მიწა, დაქსელილი გზებით, რომლებითაც თავისუფლად გაუტევს საითაც უნდა, თუნდაც ცხრა მთას გადაღმა... როცა ზედაპირს მიაღწევს, ყველაფერი, რაც აქ დატრიალდა, უბის წიგნაკის ფურცლებშუა სამახსოვროდ გამხმარ პატარა ყვავილებად იქცევა... და ყველა ეს ყვავილი - შხამიანებიცა და ავხორცულნიც - ფერადი ქაღალდის თხელ, ნახევრად გამჭვირვალე ნაგლეჯებად გარდაისახება. თავის სახლში, ჩაის სმისა, ამ ნაგლეჯებს სინათლეზე რომ გახედავს, სიამოვნებით მოჰყვება ყველაფერს, რაც მათთანაა დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ ყოველგვარი სურვილი გაუქრა ქალის გამტყუნებისა. შეიძლება თავდებად დაუდგე, რომ ქალი არც პატიოსანი ყოფილა და არც მეძავი. თუ სარეკომენდაციო წერილები იქნა საჭირო, სიხარულით მივცემ რამდენიც უნდა, თუნდაც ათს. მაგრამ რა სულელია, მხოლოდ ის შეეძლო, რომ ჩემთან ერთად ჩაჭიდებოდა აქეთობის და იქითობის ერთსა და იმავე ბილეთს. აკი ბილეთი თუნდაც ერთი და იგივე იყოს, როცა გამგზავრების ადგილები საპირისპირო მხარესაა, ბუნებრივია საპირისპირო იქნება დანიშნულების ადგილიც. ამიტომ სრულებით არაა გასაკვირი, რომ ჩემი უკან წამოსასვლელი ბილეთი მისი იქით გასამგზავრებელი ბილეთი იქნება.
ვთქვათ, ქალმა რაღაც შეცდომა დაუშვა... მაგრამ შეცდომა ხომ შეცდომაა და მეტი არაფერი.
...არ იცქირო ძირს! არ შეიძლება ქვემოთ ყურება!
საკმარისია ქვემოთ ჩაიხედოს და მაშინვე დაშავდეს ალპინისტი იქნება ეს თუ ფანჯრების მრეცხავი, სატელევიზიო კოშკზე ასული მონტიორი, ტრაპეციაზე მყოფი ცირკის ტანმოვარჯიშე თუ ელექტროსადგურის მაღალ ბოძზე აფოფხებული ბოძის მწმენდავი.
24
ყველაფერი რიგზეა.
ხელებგადატყაული კაცი ფრჩხილებით ჩაეჭიდა ტომარას და ორმოდან ამოფოფხდა. აი, მაღლაა! ახლა უკვე ნუ გეშინია, რომ, თუ თითებს გაშლი, დაეცემი. თითებს კი ჯერ გაშლის ძალა არ შესწევდათ, ისევ მაგრად ჩაფრენოდა ტომარას.
ორმოცდამეექვსე დღეს მოპოვებული თავისუფლება ძლიერი, მძაფრი ქარით შეხვდა. როცა გაფოფხდა, სახესა და კისერში მტკივნეულად ეძგერა ქვიშის მარცვლები. ეს საშინელი ქარი გათვალისწინებული არ ჰქონია!.. ორმოში მხოლოდ ზღვის ხმაური ეჩვენებოდა ჩვეულებრივზე ბევრად ძლიერი. მაგრამ ახლა ხომ ზუსტად საღამოს წყნარი ამინდის დადგომის დრო იყო. თუ წყნარი ამინდი არ იქნა, არავითარი იმედი არაა, რომ ნისლი ჩამოწვება. იქნებ ცა მონისლული მხოლოდ მაშინ ჩანდა, როცა ორმოდან უცქეროდა? თუ ჰაერში ღრუბლებივით მქროლავი ქვიშა მიაჩნდა ნისლად? ასეა თუ ისე, მარგი არაფერი იყო მოსალოდნელი.
თავი არ აუწევია, ისე მიმოიხედა შიშნეულად. მქრქალ შუქში სახანძრო კოშკი ოდნავ გადაფერდებული ჩანდა. რაღაც საცოდავად გამოიყურებოდა და იქამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო. მაგრამ კოშკიდან ბინოკლით იმზირებოდნენ, ამიტომ მანძილის იმედი არ უნდა ჰქონოდა. საინტერესოა, უკვე დაინახეს თუ არა?.. ალბათ არა, თორემ მაშინვე აახმიანებდნენ ზარს.
ქალმა ერთხელ ასეთი რამ უამბო:
ნახევარი წლის წინათ ღამით ქარიშხალი ამოვარდა, სოფლის აღმოსავლეთ მხარეს ერთი ორმოს კედელი ჩამოიქცა და სახლი ნახევრად ქვიშაში ჩამარხული აღმოჩნდა. შემდეგ გაწვიმდა, სველი ქვიშა უფრო დამძიმდა და სახლი ასანთის კოლოფივით დაინგრა. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. დილით სახლის ბინადრები შეეცადნენ ორმოდან ამოსულიყვნენ. მაშინვე ატყდა ზარის რეკვა და ხუთი წუთიც არ გასულა, რომ მოისმა მოხუცის ტირილი, რომელსაც უკანვე მიათრევდნენ... ამბობენ, ამ ოჯახს რაღაც მემკვიდრეობითი ტვინის ავადმყოფობა სჭირსო, - ნათქვამს ეშმაკურად დაურთო ქალმა...
მაშ, კარგი, დაყოვნება ზედმეტია. კაცმა თამამად ასწია თავი. მოწითალო ფერის ქვიშის ტალღების გასწვრივ გრძელი ჩრდილები გაწვა. ქარის მიერ ერთი ჩრდილიდან ატაცებული ქვიშის საბურველი შემდეგ და შემდეგ საბურველებს შეერწყა. იქნებ ამ მფრინავი ქვიშის საბურველის წყალობით ვერ შეამჩნიონ?.. მიმოიხედა, რათა შეემოწმებინა სინათლე მაგრად სცემდა თუ არა თვალებში, და გაკვირვებისგან გაქვავდა. თურმე ჩამავალი მზე მარტო მფრინავი ქვიშის გამო ჩანდა ფერადი ფანქრებით შეფერილი, ირგვლივ ყველაფერს რძისფერი ფოშფოში ეხურა. მიწიდან აქა-იქ მაღლა იწევდნენ ნისლის ნაფლეთები. ერთ ადგილას გაფანტულნი სხვაგან გადადიოდნენ, შემდეგ ისევ ძველ ადგილზე იბოლქვებოდნენ. ორმოში თვითონ ირწმუნა, რომ ქვიშა ტენს იწოვდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, თუ ასე ძლიერ იწოვდა... ეს ყველაფერი მოგაგონებდათ მეხანძრეების წასვლის შემდეგ დარჩენილ ნახანძრალს... მართალია, ნისლი თხელი იყო და დიდად არ შეიმჩნეოდა, ვინაიდან შუქი კაცს უკნიდან სცემდა, მაგრამ მაინც საკმაო საფარს წარმოადგენდა მეთვალყურის თვალთაგან დასამალავად.
კაცმა ქამარზე დაკიდებული წაღები ჩაიცვა, თოკი დაახვია და ჯიბეში შეინახა. მაკრატელი იარაღად გამოადგებოდა, თუ რამე მოხდებოდა. უნდა გაქცეულიყო დასავლეთისკენ (მეთვალყურეს იქიდან სინათლე სცემდა თვალებში და ამიტომ ვერ დაინახავდა) და ისეთი ადგილი მოეძებნა, სადაც მზის ჩასვლამდე დაიმალებოდა.
აბა, ჩქარა რაღა!.. მოიხარე და გაიქეცი, ჩადაბლებულ ადგილებს გაუყევი!.. ახლა არ დაიბნე... იჩქარე, მაგრამ ირგვლივ კარგად იცქირე... აგერ იმ ღარტაფში ჩავწვები!.. ეს რა საეჭვო ბგერაა?.. ცუდი ნიშანია?.. იქნებ არა... ავდგები და გავიქცევი. მაინცდამაინც მარჯვნივ ნუ წახვალ... მარჯვენა ფერდი ერთობ დაბალია, შეუძლიათ უკვე მის შუა ადგილას შეგამჩნიონ...
ყოველ ღამე ქვიშიანი კალათების გადაზიდვის წყალობით ორმოებს შორის ღრმა პირდაპირი სასვლელებია გატკეპნილი. სასვლელების მარჯვენა მხარე აქა-იქ ჩამოქცეულა და დამრეცი გამხდარა. ქვემოთ ძლივს ჩანს ორმოებში ჩამალული მეორე რიგის სახლების სახურავების წვეროები. მათ ზღვასთან ყველაზე ახლოს მყოფი სახლების რიგი ეფარება. ამის გამო აქ ორმოებიც გაცილებით პატარაა და ქვიშისგან დამცველმა ტყრუშულმა შეიძლება თავისი საქმე გააკეთოს. ცხადია, სოფლის მხარეს თავისუფლად გახვალ ამ ორმოებიდან. კაცს რომ ოდნავ წამოეწია თავი, თითქმის მთელ სოფელს დაინახავდა. ტალღოვანი დიუნების ძირას მარაოსავით გაშლილი კრამიტის, თუთიის, ყავრის სახურავები აჩხორილიყო... ჩანდა აგრეთვე ფიჭვის კორომი, თუმცაღა მეჩხერი, და ტბორის მსგავსი რაღაც. აი, ამ უბადრუკი მიწის ნაგლეჯის დასაცავად სანაპიროს რამდენიმე ათეული ოჯახი მონური შრომისთვის იყო განწირული.
მონების ეს ორმოები ახლა გზის მარცხენა მხარეს მიიწევდა... აქა-იქ სასვლელების განშტოებანი მიემართებოდა. განშტოებანი კალათების თრევის შედეგად გაკვალულიყო. მათ ბოლოს ეწყო ქვიშიანი ტომრები, რომელთა მიხედვით შეიძლებოდა განგესაზღვრათ, სად იწყებოდა ორმო... ორმრების ცქერაც კი გულს გატკენდათ. ზოგან ტომრებზე თოკის კიბეები არ იყო მიმაგრებული, ისე კი თითქმის ყველგან ჩანდა. ეტყობა, ამ ორმოების ბინადრებმა გაქცევა უკვე გადაიფიქრეს.
ახლა კაცს ადგილად შეეძლო წარმოედგინა, რომ საერთოდ ასეთი ცხოვრებაც ყოფილა შესაძლებელი. სამზარეულოები, ღუმელები, რომლებშიც ცეცხლი ანთია, საწერი მაგიდის ნაცვლად სახელმძღვანელოებით სავსე ვაშლის კალათები; სამზარეულოები, ღუმელებიმ სოხანეში ამოთხრილი კერები, ლამპები, ღუმელები, რომლებშიც ცეცხლი ანთია, გატეხილი გასაწევი ტიხრები, სამზარეულოს გაჭვარტლული ჭერი, მომუშავე საათები და გაჩერებული სააათები, მოღრიალე მიმღებები და დამტვრეული მიმღებები, სამზარეულოები და ღუმელები, რომლებშიც ცეცხლი ანთია... და ყოველივე ამაში, როგორც ჩარჩოში, ჩასმულია იაფფასიანი სამკაულები, საქონელი, ბავშვები, ფიზიკური სწრაფვა, სავალო ვალდებულებანი, ღალატი, გუნდრუკის კმევა, სამახსოვრო ფოტოსურათები... ერთი და იმავეს საშინლად უცვლელი განმეორება... მართალია, ეს განმეორება იყო, ცხოვრებაში გარდაუვალი განმეორება, ისევე გარდაუვალი, როგორიც გულის ფეთქვაა, მაგრამ გულის ფეთქვა ხომ ერ კიდევ არაა მთელი ცხოვრება.
დაწექი!.. ო, არა, არაფერია. ჩვეულებრივი ყვავია... კაცს არასდროს დაეჭირა ყვავი და მისგან ფიტული არ გაეკეთებინა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადამიანი სვირანგებზე, მედლებზე, ორდენებზე მხოლოდ მაშინ იწყებს ოცნებას, როცა წარმოიდგენელ სიზმრებს ხედავს.
თითქოს სოფლის ნაპირს მიაღწია. გზა დიუნის თხემზე ავიდა, მარცხნივ ზღვა გამოჩნდა. ქარმა ზვირთცემის მწარე სუნი მოაქროლა. კაცს ყურებსა და ნესტოებში ჟღრიალი დაეწყო, თითქოს ბზრიალები დაუტრიალდნენო. თავზე წაკრული პირსახოცის ბოლოებს ქარი უფარფალებდა და სახეში სცემდა. აქ უკვე ნისლიც ძალას კარგავდა, მაღლა ვერ ადიოდა. ზღვას ადუღებული რძის ნაღებივით წვრილწვრილად დანაოჭებული ტყვიის სქელი ფურცლები გადაკვროდა. ბაყაყის ქვირითის მაგვარი ღრუბლებივით გაჭეჭყილი მზე გაშეშდა, ჩასვლა არ ეწადა. ჰორიზონტზე შავი წერტილივით გაქვავდა ხომალდი. ვერ გაარჩევდით, რამოდენა იყო და რა მანძილით იდო იქამდე.
კაცის წინ თვით კონცხამდე დაუსრულებელ ტალღებად იწვა დამრეცი დიუნები. გზის ასე გაგრძელება მართლაც საშიში იყო. კაცმა გაუბედავად მოიხედა უკან. სახანძრო კოშკს საბედნიეროდ ქვიშის დაბალი ბორცვი ეფარებოდა და იქიდან ვერ დაინახავდნენ. ნელ-ნელა აიწია ფეხის წვერებზე და ქვიშის ფერდობის ჩრდილში თითქმის სახურავამდე ქვიშაში ჩაფლული წაფერდებული ქოხი დაინახა. ქოხს მხოლოდ იმ ადგილიდან თუ შეამჩნევდით, სადაც ის იდგა. საქარე მხარეს თითქოსდა კოვზით ამოხაპული ღრმა ღრმული ჩანდა.
მშვენიერი ადგილია დასამალავად... ქვიშის ზედაპირი ნიჟარის შიგა მხარესავით მოსწორებულია და არსად არაფერი მიუთითებს, რომ აქ ადამიანებს უვლიათ... მაგრამ რა უყოს საკუთარ ნაკვალევს?.. კაცი უკან გაჰყვა თავის კვალს და დაინახა, რომ დაახლოებით ოცდაათი მეტრის იქით სრულიად გამქრალიყო... აქვე ფეხებთანაც კი ნაკვალევი თვალდათვალ ჯდებოდა და ფორმას იცვლიდა... კაცს რაღაცაში ქარიც კი გამოადგა.
უკვე ქოხის შემოვლას აპირებდა, რომ უცებ იქიდან რაღაც შავი გამოძვრა. ის რაღაც ღორივით მსუქანი წითური ძაღლი აღმოჩნდა. საშიში არაფერია. მოწყდი აქედან! ძაღლი კაცს ჩააშტერდა, წასვლას არც აპირებდა. ცალი ყური გაგლეჯილი ჰქონდა, არაპროპორციულად პატარა თვალებით ბოროტად იცქირებოდა, სუნავდა მას. დაყეფებას ხომ არ აპირებს? აბა ერთი სცადე... კაცმა ხელი ჯიბეში ჩაიყო და მაკრატელს მოუჭირა... როგორც კი დაიყეფებს, ამით გავუხვრეტ გოგრას! ძაღლი ისევ ბოროტად უცქეროდა კაცს, მაგრამ ხმას არ იღებდა. იქნებ ველურია?.. ბალანი გაბურძგვნია, ბღუჯა-ბღუჯა ჰკიდია... რაღაც სჭირს თუ რა არის, მთელი დინგი დაფუფხული აქვს... ამბობენ, ძაღლი, რომელიც არ ყეფს, საშიშიაო... დასწყევლოს ეშმაკმა! რაიმე საჭმელი უნდა მომემარაგებინა... დიახ, საჭმელი, ოჰ, კალიუმციანიდის წამოღება დამვიწყებია... მაგრამ არა უშავს, ისეთ ადგილას დავმალე, ქალი მაინცდმაინც ვერ იპოვის... კაცმა წყნარად დაუსტვინა და ხელი გაიწოდა, უნდოდა ძაღლის გული მოენადირებინა... ძაღლმა პასუხად თხელი ლაშები გაწელა და დაკრიჭა ყვითელი ეშვები, რომლებზეც ქვიშა მიეკრა... არა, ასეთ ძაღლს საეჭვოა, ჩემი შეეხარბოს... რა საზიზღარი გაუმაძღარი ცხოველის შესახედაობა აქვს... კარგი იქნება ისე ჩაჰკრა, ერთი დარტყმით სული გააფრთხობინო.
მოულოდნელად ძაღლი შებრუნდა, თავი დახარა და, თითქოს არაფერი მომხდარაო, ზანტად წაძუნძულდა. ალბათ კაცის საშიშმა შესახედაობამ დააფრთხო. რაკი ველური ძაღლი გააქცია, მაშასადამე, სულიერად ჯერ კიდევ ძლიერია. კაცი ჩადაბლებულ ადგილას ჩაცურდა, მაგრამ არ წამომდგარა, ისევ იწვა. ახლა ქარი აღარ ხვდებოდა და შეიძლება ამიტომ შვება იგრძნო. ქარის ქროლვაზე მობარბაცე ძაღლი ჰაერში მოტრიალე ქვიშის საბურველს მიღმა თვალს მიეფარა. ამ ქოხმახში ძაღლის დაბინავება უეჭველად ამტკიცებდა, რომ ადამიანები აქ ფეხსაც არ აკარებენ... და ვიდრე ძაღლი არტელის გამგეობაში დასასმენად არ წავა, კაცს საფრთხე არ ელის. კაცს ისიც კი სიამოვნებს, რომ ტანზე წურწურით წამოუვიდა ოფლი. რა სიწყნარეა!.. კაცი თითქოს ჭურჭლის ფსკერზე დააწვინეს და ზემოდან ჟელატინი დაასხეს... ხელში საათის მექანიზმიანი ბომბი უჭირავს, აფეთქების დრო უცნობია, მაგრამ ეს მაღვიძარას ტიკტიკზე უფრო როდი აშინებს... მის ადგილას რომ „მიობუსის ლენტი“ იყოს, მაშინვე გაანალიზებდა მდგომარეობას და ეტყოდა:
- შენ, ჩემო მეგობარო, ტიპიური ნიმუში ხარ ადამიანისა, რომელსაც სიამოვნებას ჰგვრის საშუალების მიზნად ქცევა.
- სავსებით სწორია, - დაეთანხმებოდა კაცი, - მაგრამ განა საჭიროა ასე გავმიჯნოთ საშუალება და მიზანი?.. ისინი ჯეროვნად, საჭიროების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ...
- ო, ეგ არაფრად ვარგა. ხომ არ შეიძლება დრო ვერტიკალურად განვლოთ. დრო ისეთი რამაა, ჰორიზონტალურად მიედინება. ეს საყოველთაოდ ცნობილია.
- კი, მაგრამ რა იქნება, რომ ვცადოთ ვერტიკალურად განვლოთ?
- მუმიად გადაიქცევი. არა თუ?
კაცმა გაიცინა და წაღების გახდა დაიწყო. ჰო, მაგრამ დრო ხომ მართლა ჰორიზონტალურად მიედინება. წაღებში ქვიშა ჩაყროდა და ოფლს შერეოდა - მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. წინდები ძლივს გაიხადა და ქარს მიუშვირა. იქ, სადაც ცხოველი ბინადრობს, რატომაა ასეთი საზიზღარი სუნი?.. კარგი იქნებოდა, ცხოველებს ყვავილების სუნი ასდიოდეთ... ო, არა, თურმე ჩემი ფეხები ყარს... რარიგ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ აზრმა რატომღაც სიამოვნება მოჰგვარა... ვიღაც ამბობდა, რა სჯობს შენი ყურის გოგირდს, ყველაზე უფრო გემრიელიაო... ჰო, შეიძლება ამგვარად არა, მაგრამ საკუთარი დამპალი კბილების სუნსაც აქვს რაღაც მიზიდველი - გინდა დაუსრულებლად ისუნთქო და ისუნთქო...
ქოხის შესასვლელი ნახევარზე მეტად ქვიშას დაეფარა. კაცმა მაშინვე მოახერხა შიგ შეხედვა. იქნებ ეს ძველი ჭის ნანგრევია? გასაკვირი სულაც არაა, ჭის თავზე სახლი დაეშენებინოთ, რომ შიგ ქვიშა არ ჩაყრილიყო. თუმცა, საეჭვოა აქ წყალი აღმოჩნდეს... კაცმა ისევ სცადა ქოხში შეხედვა და ამ დროს ცხვირში ძაღლის ნამდვილი სუნი ეცა. ცხოველის სუნი ფილოსოფიაზე ძლიერი გახლავთ. ერთი სოციალისტი ამბობდა, ჩემთვის კორეელის სული მახლობელია, მაგრამ მისი სუნის ატანა არ შემიძლიაო... მაშ, კარგი, თუ დრო ჰორიზონტალურად მიმდინარეობს, მაშინ მიჩვენოს რაოდენ სწრაფად შეუძლია დინება!.. იმედი და მშფოთვარება... თავისუფლების გრძნობა და მოუთმენლობაა... ესენი ტაჯვაა, ყველაზე აუტანელი ტანჯვა. კაცმა სახეზე პირსახოცი დაიფარა და ზურგზე დაწვა. ეს მგონი მისივე სუნი იყო და, რა დიდი სურვილიც უნდა ჰქონოდა საკუთარი თავისთვის ქათინაურის თქმისა, მას სასიამოვნო სუნს ვერ უწოდებდა.
ფეხზე რაღაც მიცოცავს... სიარულის მიხედვით ეს ესპანურა არ უნდა იყოს... უფრო ხოჭოა, რომელიც ძლივს მიჩოჩავს თავისი ექვსი სუსტი ფეხით... კაცს დაზუსტება არ სურდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ ეს თუნდაც ესპანურა აღმოჩენილიყო, დაჭერა მაინც და მაინც არ მოუნდებოდა. ყოველ შემთხვევაში ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გასცემდა.
ქარმა სახიდან პირსახოცი გადააცალა და თვალი ჰკიდა დიუნის ოქროსფრად მოელვარე თხემს. მაღლა ნება-ნება ამავალი ფერდობი ამ ოქროსფერ ხაზამდე აღწევდა და შემდეგ მკვეთრად წყდებოდა ჩრდილში. სივრცის ასეთ აგებულებაში რაღაც ენით უთქმელი დაძაბულობა გამოსჭვივოდა და კაცი შეაძრწუნა კიდეც ადამიანებზე ფიქრით მოგვრილმა უზომო სევდამ. (დიახ, მართლაც რომანტიკული ლანდშაფტია... უკანასკნელ ხანებში სწორედ ასეთი ლანდშაფტი იზიდავს ახალგაზრდა ტურისტებს... საიმედო აქციები... როგორც გამოცდილ კაცს, შემიძლია ამ რაიონის მომავალი განვითარების სრული თავდებობა ვიკისრო. მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეკლამა! ურეკლამოდ ბუზებიც კი არ მოფრინდებიან... არ იცოდე ნიშნავს, არ გქონდეს... ფლობდე ძვირფას ქვას და იგი მიწაში ჩამარხო. მაშ რა ვქნათ? მარჯვე ფოტოგრაფს მხატვრული ღია ბარათების დამზადება დავავალოთ. ძველად მხატვრულ ღია ბარათებს უკვე მას შემდეგ აკეთებდნენ, როცა ღირსშესანიშნავი ადგილი ფართოდ ცნობილი გახდებოდა... ახლა კი - ჯერ ღია ბარათები, ხოლო შემდეგ უკვე ღირსშესანიშნავი ადგილის შექმნა. ამჟამად ასეთი წესი ჩვეულებრივი გახდა. აქ რამდენიმე ნიმუშია, გადაათვალიერეთ გეთაყვა). საბრალო მებარათე სხვებს უპირებდა მახის დაგებას და თვითონ გაება შიგ, შემდეგ კი დაავადდა და გარდაიცვალა. საეჭვოა, განსაკუთრებული მჭერმეტყველება ჰქონოდა... ალბათ უდიდეს იმედებს ამყარებდა აქაურ ადგილებზე და საქმეში მთელი თავისი სახსრები დააბანდა... მაინც რა არის ამ მშვენიერების ჭეშმარიტი არსი?.. იქნებ ფიზიკური ჰარმონია და სიზუსტე, რასაც ბუნება ფლობს, ანდა პირიქით, ბუნების დაუნდობელი წინააღმდეგობა ადამიანის მიერ მისი შეცნობის ცდების მიმართ.
გუშინდლამდე პირდაპირ გულს ურევდა ამ პეიზაჟზე ფიქრიც კი და გულისწყრომით ფიქრობდა, რომ ორმო მართლაც სავსებით შესაფერისი ადგილი იყო მებარათესთანა ყალთაბანდისთვის.
მაგრამ იმავე ორმოში ცხოვრებასა და პეიზაჟზე ფიქრისას რა საჭიროა ეს ცხოვრება და პეიზაჟი ერთმანეთს დაუპირისპირო? სულაც არაა სავალდებულო ლამაზი პეიზაჟი დიდსულოვანი იყოს ადამიანის მიმართ.
ბოლოს არც ისე სულელურია მისი ძირითადი იდეა - ქვიშა განიხილოს როგორც სტაბილურობის უარყოფა. ერთი მერვედი მილიმეტრის მოძრაობა. სამყარო, სადაც არსებობა მდგომარეობათა ჯაჭვს წარმოადგენს... სხვა სიტყვებით, სამყაროს მშვენიერება სიკვდილის კუთვნილებაა. სიკვდილის მშვენიერება სამყაროს ვეება დამანგრეველი ძალის, მის მიერ დატოვებული ნანგრევების დიდებულებას მოიცავს... არა, მოიცა. ასე შეიძლება კაცი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს, თუ ეტყვიან, სწორედ ამიტომ სწვდი და ხელიდან არ უშვებ აქეთობის და იქითობის ბილეთსო. მხეცებზე, ომზე გადაღებული ფილმების მშვენიერება სწორედ ისაა, რომ თუმცა სინამდვილესთან სიახლოვით შეიძლება გულის შეტევა დაგმართონ, კინოდან გამოსულს დღევანდელი დღე, გუშინდელი დღის გაგრძელება გელოდება... აბა, რომელ სულელს ნახავ, კინოში ნამდვილი ვაზნებით დატენილი შაშხანა მიჰქონდეს?.. ვის შეუძლია უდაბნოში ცხოვრებას შეეგუოს? თაგვების ზოგიერთ სახეობას, წყლის მაგივრად თავიანთ შარდს რომ სვამენ, აყროლებული ხორცის მჭამელ მწერებს, და კიდევ ალბათ მომთაბარეებს, რომელთაც მხოლოდ ერთი გზობის ბილეთის არსებობა იციან. თუ იმთავითვე დარწმუნებული იქნები, რომ ბილეთი ყოველთვის ერთი გზობისაა, შეგიძლია მშვიდად იცხოვრო, უნაყოფოდ არ სცადო ცოდვა კლდეს მიტყეპებული ხამანწკასავით ქვიშაზე გაკრულმა. მაგრამ ამ მომთაბარეებმა ხომ სახელიც კი შეიცვალეს და ახლა მესაქონლეები ჰქვიათ...
დიახ, ყოველივე ამის შესახებ, ალბათ, ქალისთვის უნდა ეამბნა... მისთვის ემღერა ქვიშების სიმღერა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს აქეთობის და იქითობის ბილეთთან, მერე რა თუ მოტივს ცოტაოდენ დაამახინჯებდა... უკეთეს შემთხვევაში საცოდავი მიმბაძველი იქნებოდა ქალების იმ გულთდამპყრობისა, ქალის წამოგებას რომ ცდილობს სხვა, განსაკუთრებული ცხოვრებით მოციალე ანკესზე. თავიდან ფეხებამდე ქვიშით დაფარული, ილაჯგამოცლილი კაცი ქაღალდის პარკში ჩასმულ კატას ჰგავდა.
უეცრად დიუნის თხემი ჩაქრა... ირგვლივ ყველაფერი სიბნელეში შთაინთქა. ქარი ჩადგა და ნისლმა ახალი ძალები მოიკრიბა, უკან მობრუნდა. შეიძლება მზე სწორედ ამიტომ ჩავიდა ასე სწრაფად.
...აბა, ახლა გზას გავუდგეთ.
25
სოფელი მანამ უნდა გაიარო, ვიდრე კალათების მზიდავნი მუშაობას შეუდგებიან. კიდევ დაახლოებით ერთი საათი რჩება, დიდი სიფრთხილისთვის ვიტყვით - ორმოცდახუთი წუთი. კონცხი, რომელიც თითქოსდა სოფელს ევლება, ღრმად უხვევს და სოფლის აღმოსავლეთით მდებარე უბემდე აღწევს. ამიტომ სოფელზე მხოლოდ ერთი ვიწრო გზა გადის. მაგრამ იქ უკვე მთავრდება, სწორდება კონცხზე აჩხორილი შვეული კლდეები და მათ დაბალი ქვიშის დიუნები ენაცვლება. თუ ფოშფოშში მოციმციმე სოფლის სინათლეებს ხელმარჯვნივ მოიტოვებ და პირდაპირ განაგრძობ გზას, სწორედ ამ ადგილას მოხვდები. მანძილი... ორი კილომეტრი; აქ თავდება სოფელი, კანტიკუნტად შეგხვდება მიწათხილის ნათესები, კვლავ ქვიშა, საცხოვრისი კი არავითარი. როცა ბორცვს გადახვალ, შეიძლება გზაზეც იარო. ესაა გატკეპნილი თიხნარი გზა, და თუ მთელი ძალით ირბენ, თხუთმეტ წუთში გზატკეცილზე გახვალ. გზატკეცილზე კი უკვე ყველაფერი წესრიგშია. ავტობუსებიც დადის და ხალხიც ნორმალურია.
ოცდაათი წუთი რჩება სოფლის გასასვლელად. ქვიშაზე საათში ოთხი კილომეტრის გავლა ძნელია, არა იმიტომ, რომ ქვიშნარ ნიადაგში ფეხები იფლობა, არამედ ზედმეტი ძალა გადგება სიარულისას, ხოლო თუ გარბიხარ, უფრო მეტ ძალას ხარჯავ ტყუილ-უბრალოდ. მგონი, უმობესია ფართო ნაბიჯებით იარო. მაგრამ ქვიშა თუმცა ძალას გართმევს, სანაცვლოდ ნაბიჯების ხმას ახშობს. მიდიოდე და ნაბიჯების ხმის არ გეშინოდეს, ამას თავისი უპირატესობა აქვს, დიახ, სწორედ უპირატესობა.
ძირს იყურე!.. დაცემა საშიში არაა. მაგრამ რაღაც პაწია კოლბოხზე ან ღრანტეზე წაიბორძიკებ და მუხლს დაიშავებ. მარტო მუხლის დაშავება არაფერია, ოღონდ უცებ რომ ქვიშის ახალ ორმოში ჩავარდე, მაშინ?!
ირგვლივ წყვდიადი იდგა, თვალის მისაწვდენზე ქვიშის უწესრიგოდ გაქვავებული ტალღები ჩანდა. ვეება ტალღებს უფრო პატარა ტალღები ღარავდნენ, მათ კი თავის მხრივ თითქოსდა ქვიშის ჭავლი მოსდებოდა. სოფლის სინათლეები, რომლებიც ორიენტირად უნდა გამოეყენებინა, ამ დაუსრულებელი ტალღების ქოჩრებს ეფარებოდა და მხოლოდ ხანდახან ხვდებოდა მხედველობის არეში. გუმანით უნდა მიჰყოლოდი სწორ მიმართულებას და ასე გევლო წინ. მაგრამ ყოველთვის ირკვეოდა, რომ კაცს საოცრად დიდი შეცდომა მოსდიოდა. მას სინათლეების დანახვის სწრაფვა შეუცნობლად აიძულებდა მაღალი ადგილები ეძებნა და ალბათ ამიტომ უშვებდა შეცდომას.
აი, კვლავ აცდა გზას! საჭიროა უფრო მარცხნივ იაროს!.. ასე რომ ევლო, მალე პირდაპირ სოფელში ამოყოფდა თავს... უკვე სამი ვეება დიუნი გადაიარა, სინათლეები კი თითქმის არ მოახლოებულა... თითქოს წრეს უვლის. თვალებში ოფლი ჩასდის... ერთი სული აქვს წამით შედგეს და გულიანად ჩაისუნთქოს ჰაერი.
ქალმა ალბათ უკვე გაიღვიძა... რა გაიფიქრა, როცა თვალი გაახილა და ვერ დამინახა?.. თუმცა საეჭვოა მაშინვე გავხსენებოდი... ალბათ გაიფიქრა, სახლის უკან გავიდა საჭიროების მოსასტუმრებლადო... ამ საღამოს დაიღალა... გაუკვირდა, რომ დაღამებამდე იძინა და საჩქაროდ გამოძვრა საბნიდან... ჯერ კიდევ კოცნაგაუნელებელმა სხეულმა დილით ჩვენ შორის მომხდარი ამბავი მოაგონა... და ხელის ფათურით ლამპას რომ ეძებდა, ალბათ გაიღიმა...
მაგრამ მაინც მიზეზი არა მაქვს, თავი ისე ვიგრძნო, თითქოს დავალებული ვარ ქალისგან, ან პასუხს ვაგებ მისი ღიმილისთვის. რას დაკარგავს ქალი ჩემი გაქრობით? მხოლოდ და მხოლოდ პაწია ნაწილს სიცოცხლისას. ჩემს მაგივრობას რადიო და სარკე გაუწევს.
„თქვენ ხომ ჩემთვის მართლაც დიდი შეწევნა ხართ... ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მარტო არა ვარ. დილდილობით შემიძლია მშვიდად, აუჩქარებლად ვაკეთო საქმე, სამუშაოსაც ახლა ორი საათით ადრე ვამთავრებ... ვფიქრობ, მალე შევძლებ, არტელს შინგასაკეთებელი რაღაც სამუშაო მოვთხოვო... და ბოლოს იქნებ სარკე ან კიდევ სხვა რაღაც ვიყიდო...“
რადიო და სარკე... რადიო და სარკე (რაღაც აკვიატებული იდეაა, თითქოს ადამიანის მთელი ცხოვრება ამ ორი საგნისგან შედგებოდეს. დიახ, რადიოს და სარკეს მართლაც აქვთ რაღაც საერთო: ისინი აკავშირებენ ადამიანებს. ხოლო შესაძლოა გამოხატავენ მწვავე სურვილს ადამიანის არსებობის არსში წვდომისას. კეთილი, როგორც კი აქედან თავს დავაღწევ, მაშინვე ვიყიდი მიმღებს და გავუგზავნი. მთელ ჩემს ფულს დავხარჯავ და მაინც ვუყიდი ყველაზე უკეთეს ტრანზისტორს.
აი, სარკე კი არ ვიცი, ღირს აღვუთქვა თუ არა. აქ სწრაფად გაფუჭდება... ნახევარ წელიწადში ამალგამა მოცილდება, ხოლო ერთ წელიწადში ჰაერში ნიადაგ მქროლავი ქვიშა გაამქრქალებს... გაფუჭდება ისევე, როგორც ის სარკე, რომელიც ახლა აქვს: თუ მასში ცალ თვალს ხედავ, მაშინ ვერ ხედავ ცხვირს, თუ ცხვირს ხედავ, ვერ ხედავ პირს. არა, საქმე მარტო ის კი არაა, რომ სარკე მალე გაფუჭდება, იგი რადიოსგან განსხვავდება: კავშირის საშუალება რომ გახდეს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა კაცი, ვინც ქალს შეხედავს. აბა, რისი მაქნისია სარკე, თუ ქალს ვერავინ დაინახავს?
მოიცა, უნდა მიაყურადოს!.. ეს კაცი რაღაც ძალზე ბევრს დადის თავის საქმეზეო... იქნებ?.. ხედავ ამ თაღლითს, მაინც გაიქცაო... საინტერესოა, ქალმა ატეხა თუ არა ხმაური?.. განცვიფრებულია, სულდამძიმებული?.. იქნებ სულაც წყნარად ტირის?.. რასაც უნდა აკეთებდეს, ეს უკვე ჩემი ბრალი არაა... აკი თვითონ თქვა, სარკე აუცილებელია არააო.
- ... სადღაც წავიკითხე ამის შესახებ... ახლა თითქოს ძალზე ხშირად მიდიან სახლიდან... ჩემი ფიქრით იმიტომ, რომ ცხოვრება ერთობ მძიმეა, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ამიტომ არ მიდიან... იქ სწორედ ერთი ასეთი საკმაოდ შეძლებული გლეხის ოჯახზე წერდნენ. ამ ოჯახმა მიწაც იყიდა დამატებით, მანქანებიც შეიძინა, მეურნეობასაც თითქოსდა კარგად უძღვებოდა, მაგრამ უფროსმა შვილმა მაინც დატოვა სახლი. ძალიან დადებითი, შრომისმოყვარე ჭაბუკი იყო. მშობლები თავს იმტვრევდნენ - ნეტა სად წვიდაო! სოფლის ხალხს უკეთ აქვს შეგნებული თავისი მოვალეობა, ისინი კარგი სახელის შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ამიტომ მემკვიდრე ალბათ რაღაც განსაკუთრებული მიზეზების გამო წავიდა...
- დიახ, რა თქმა უნდა... მოვალეობა მოვალეობაა...
- ჰოდა, ჭაბუკი თითქოს რომელიღაც ნათესავმა იპოვა და სცადა გაეგო მისი წასვლის მიზეზი. თურმე არც ქალთან ერთად გაქცეულა, არც სასიყვარულო თავგადასავლებს გამოუდევნია სახლიდან, არც ვალებს. ერთი სიტყვით, არავითარი განსაკუთრებული მიზეზი არ არსებულა. მაშ, რაღა მოხდა?.. იმას, რაც ჭაბუკმა თქვა, უბრალოდ არავითარი აზრი არა აქვს. თვითონაც არ იცოდა, როგორ აეხსნა თავისი საქციელი. მხოლოდ ეს თქვა, მეტის მოთმენა არ შემეძლოო.
- სწორიცაა, ხომ არიან ამქვეყნად ბოთეები...
- მაგრამ თუ დავფიქრდებით, შეიძლება ჭაბუკს გავუგოთ. რა არის გლეხი? როცა მთელი ძალ-ღონით შრომობს და მიწის ნაკვეთს ზრდის, ამით მხოლოდ ახალ სამუშაოს იმატებს... ბოლოს და ბოლოს მის მძიმე შრომას ზღვარი არა აქვს და ერთადერთი, რასაც იძენს, გახლავთ კიდევ უფრო მძიმე შრომა... თუმცა ნაშრომი ბრინჯისა და კარტოფილის სახით უკან უბრუნდება. მეტი რაღა უნდა? გლეხის მუშაობა და ქვიშასთან ჩვენი ჯახირი რა შესადარებელია. ეს ხომ იგივეა, ქვესკნელში მდინარეზე ქვების საგუბარი ააგო - მივლენ ეშმაკები და ქვებს სულ ერთია მიყრი-მოყრიან.
- მერედა რით დამთავრდება ქვესკნელის მდინარის ამბავი?
- არაფრით... და რომ არაფრით მთავრდება, სწორედ ესაა სასჯელი ცოდვების წილ!
- კი, მაგრამ რა მოუვიდა შემდეგ იმ ჭაბუკს, მემკვიდრე რომ უნდა გამხდარიყო?
- ყველაფერი წინასწარ მოიფიქრა, თანაც უთუოდ ჯერ კიდევ შინიდან წასვლამდე, და სამუშაოზე მოეწყო.
- მერე?..
- მერედა მუშაობა დაიწყო.
- შემდეგ რა მოხდა?
- შემდეგ? ხელფასის დღეს, ალბათ, თავის ფულს იღებდა, ხოლო კვირაობით სუფთა პერანგს იცვამდა და კინოში დადიოდა.
- შემდეგ?
- ძნელი სათქმელია, სანამ თვით ჭაბუკს არ ჰკითხავ.
- კი, მაგრამ, როცა ფული დააგროვა, ალბათ რადიო იყიდა...
...აჰა, ააღწია როგორც იქნა. თუმცა ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა თუ ექნება გავლილი... არა, შეცდა... აქ სწორი ადგილია... დიახ, მაგრამ სადღა გაქრა სინათლეები?.. გზა უკვე სრულიად გულშეძრულმა განაგრძო... ეტყობა, ეს უზარმაზარი დიუნის მწვერვალია... მაშ აქედან რატომღა არ ჩანს სინათლეები? უბედურება შემემთხვაო, - გაივლო გულში და მუხლები მოეკეცა. იზარმაცა და აჰა, სამაგიეროც მიეზღო. ციცაბო ფერდობზე ისე ჩამოეშვა, ზუსტი მიმართულება არ იცოდა. ღარტაფი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა, და არა მარტო ღრმა, ფართოც იყო. ამასთანავე ფსკერზე უწესრიგოდ აჩორჩხილიყო ქვიშის მრავალიარუსიანი ტალღები, რომლებიც სწორი მიმართულების არჩევაში ხელს უშლიდა. მაგრამ სულ ერთია, ვერაფრით მოისაზრებ, რატომ არ ჩანს სოფლის სინათლეები... თუ გზას აცდა კიდეც, შეიძლება დიდი-დიდი ნახევარი კილომეტრით აცდენოდა, ან იქით წასულიყო, ან აქეთ. სვლით სულ მარცხნივ მიდიოდა, ალბათ იმიტომ, რომ სოფლის ეშინოდა. გრძნობდა, რომ სინათლეებთან მისაახლოებლად მარჯვნივ უნდა ევლო... მალე ნისლი გაიფანტება, ვარსკვლავები გამოაჭყეტენ თვალს... ერთი სიტყვით, რაც უნდა ყოფილიყო, ყველაზე უკეთესი და უსწრაფესი საშუალება მიდამოს დასათვალიერებლად ის გახლდათ, რომ უნდა ასულიყო დიუნზე, სულ ერთია რომელზე, ოღონდაც სხვებზე მაღალ დიუნზე...
მაინც გაუგებარია... სრულიად გაუგებარი, რას ჩაციებია ქალი ამ ქვესკნელის მდინარეს... აკი, როცა სამშობლოს სიყვარულზე, მოვალეობაზე ლაპარაკობენ, ასეთ ლაპარაკს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მათზე უარის თქმით, თუ მათთვის ზურგის შექცევით რაღაცას კარგავ. ქალს კი რა ჰქონდა დასაკარგი?
(რადიო და სარკე... რადიო და სარკე...)
მიმღებს, რა თქმა უნდა, გამოვუგზავნი... მაგრამ ამას უკუ შედეგი ხომ არ მოჰყვება: ქალმა უფრო მეტი ხომ არ დაკარგა, ვიდრე იძენს? ბოლო მოეღო, მაგალითად, ჩემთვის აბაზანის მომზადების ცერემონიას, აგრერიგად რომ უყვარდა მას. რეცხვაზეც კი იღებდა ხელს და ყოველთვის იტოვებდა წყალს, რათა დაბანა შემძლებოდა. ჩემს ფეხებშუა თბილ წყალს ათქაფუნებდა და მოკრუნჩხული ხმამაღლა იცინოდა, თითქოს მას ბანდნენ. ახლა ასე ვეღარ იცინებს.
არა, მოეშვი ილუზიებს... მე და შენ თავიდანვე არავითარი ხელშეკრულება არ გვქონია. ხოლო ხელშეკრულება რაკი არ ყოფილა, მაშასადამე, არც დარღვეულა. ამასთანავე არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყვოელივე მეც არ შემხებია. იგულისხმება, მაგალითად, სუნი თითქოსდა ნეხვისგან გამოწურული იაფფასიანი არაყისა, რომელსაც კვირაში ერთხელ ვღებულობდით... შენი დაძაგრული კუნთებისგან მოწნული დაუოკებელი ბარძაყები... სირცხვილის გრძნობა, როცა ნერწყვით დასველებული თითით შემცხვარი რეზინის მაგვარ ქვიშას ვარჩევდი... და ბევრი სხვა. ყველაფერი რომ ერთად ჩამოთვალო, ცოტა როდი გამოვა. გინდ დაიჯერე, გინდ არა, ფაქტი ფაქტად რჩენა. კაცი ქალზე უფრო მეტად აძლევს ხოლმე მნიშვნელობას წვრილმანებს.
ხოლო თუ იმას გავიხსენებ, რა დღე დამმართა სოფელმა, მაშინ ჩემთვის მოყენებული ზარალის აღნუსხვაც კი შეუძლებელია. ამასთან შედარებით ჩემი და ქალის დამოკიდებულება რას წარმოადგენს.
მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან კაცი სოფელს მთლიანად გადაუხდის სამაგიეროს... თუმცა ჯერ კიდევ არ იცის, როგორი დარტყმა აგემოს, რომ მეტი ტკივილი აგრძნობინოს... შეიძლება ცეცხლი წაუკიდოს, ან მოწამლოს ჭები, ან მახეები დააგოს და ქვიშის ორმოებში სათითაოდ ჩაყაროს ყველა, ვისაც კი ბრალი მიუძღვის მის უბედურებაში. კაცი ასე მიამიტად აღაგზნებდა წარმოსახვას და აგულიანებდა თავს. მაგრამ ახლა, როცა ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევა მიეცა, უკვე არ შეეძლო ამ ბავშვურ ოცნებებს აჰყოლოდა. მერედა რა ექნა ერთ კაცს? კანონისთვის მიემართა. სხვა გზა არ არსებობდა. თუმცა ამ შემთხვევაში არც ის იყო გამორიცხული, რომ კანონი მომხდარი ამბის არსს ვერ ჩასწვდებოდა... კეთილი, დროს არ დავკარგავ და თავდაპირველად თუნდაც ადგილობრივ პოლიციას ვაცნობებ ყველაფერს.
დიახ, დაბოლოს იყო კიდევ ერთი რამ...
მოიცა! ეს რა ხმა მესმის?.. არა, ირგვლივ სიწყნარეა... იქნებ უბრალოდ მომეჩვენა? მაინც სად გაქრა სოფლის სინათლეები? მაღალი დიუნების იქითაც რომ არ ჩანან, სულ ერთია, საშინელებაა. შეიძლება წარმოიდგინო, რა მოხდა: ჩემს საჭეს ჩვეულებად აქვს მარცხნივ აიღოს გეზი, მეც ერთობ შორს წავედი კონცხის მხარეს და ახლა სოფელს რაღაც მაღალი კლდე ეფარება... დაგვიანება არ ეგების... გადავწყვიტე, ვცდი, მარჯვნივ ვიარო.
...დაბოლოს, არ მინდოდა ერთი რამეც დაგვიწებოდა. გახსოვს, არა და არ მიპასუხე კითხვაზე. მაშინ ორი დღე გადაბმულად წვიმდა. ორი დღე წვიმის დროს საშიშია მეწყერი, სამაგიეროდ ჰარში ქვიშა თითქმის არ დაფრინავს, პირველ დღეს ჩვეულებრივზე ცოტა მეტი ვიმუშავეთ, ამიტომ მეორე დღეს სულის მოთქმა შევძელით. დიდი ხნის ნანატრი დასვენებით ვისარგებლე და გადავწყვიტე, როგორმე ჭეშმარიტებისთვის მიმეკვლია. ჯიუტად, თითქოს სხეულიდან ფუფხს ვიძრობდი, გულში ჩავიბეჭდე, რადაც უნდა დამჯდომოდა სიმართლე გამომეაშკარავებინა, გამეგო, რატომ აღმოჩნდი ამ ორმოში. თვითონ განმაცვიფრა ჩემმა სიჯიუტემ. თავდაპირველად მხიარულად იდექი წვიმაში გაშიშვლებული, ბოლოს კი, როცა იძულებული გახდი გეპასუხა, ატირდი და თქვი: ორმოდან მხოლოდ იმიტომ არ შემიძლია წასვლა, რომ აქ ქმარი და ბავშვი დამეღუპა, ტაიფუნის დროს საქათმესთან ერთად დაიმარხნენო. თუ ასე იყო, შენთვის შეძლებოდა მართლა გამეგო, მიზეზი სავსებით სარწმუნოა და ნათელი, აქამდე რატომ გაურბოდი ამაზე ლაპარაკს. მინდოდა შენთვის დამეჯერებინა. ამიტომ გადავწყვიტე, მეორე დღესვე ძილისთვის ცოტა დრო წამეგლიჯა და დაღუპულები მეძებნა.
ორი დღე ვთხრიდი შენ მიერ ნაჩვენებ ადგილას, მაგრამ არა თუ ნეშტის ნასახი, დანგრეული საქათმის კვალიც კი ვერ ვიპოვე. შენ მეორე ადგილი მიჩვენე. იქაც ვერაფერი აღმოვაჩინე. მერე სულ ახალ და ახალ ადგილებზე მიგყადი. ხუთ სხვადასხვა ადგილას ცხრა დღე ამაოდ ვეძებდი დაღუპულებს. და კვლავ დაიწყე თავის მართლება, საცაა ტირილი წაგსკდებოდა. თქვი, სახლი ალბათ სხვა ადგილას იდგაო, ქვიშის განუწყვეტელმა წნევამ იქნებ ადგილიდან დაძრა და შემოაბრუნაო, ან კიდევ თვით ორმო გადაადგილდაო. შეიძლება, საქათმეცა და ქმარ-შვილის ნეშტებიც შენი და მეზობლის სახლების გამყოფი ქვიშის სქელი კედლის ქვეშაა მოქცეული, ისიც ძალზე შესაძლებელია, რომ ახლა მეზობლის ორმოში არიან მოხვედრილნი. თეორიულად ეს არაა გამორიცხული, მაგრამ შენი უბედური სული დამამძიმებელი შესახედაობა აშკარად მეტყველებდა, რომ გულში ჩემი მოტყუება კი არ გედო, იმთავითვე არ გინდოდა სიმართლე გეამბნა. დაღუპლნი მხოლოდ მოიმიზეზე, ეგ იყო და ეგ. მე უკვე უბრალოდ ძალა არ შემწევდა გავბრაზებულიყავი და გადავწყვიტე, თავი აღარ მემტვრია იმის გასარკვევად, ვინ ვისგან იყო დავალებული. მგონი, შენც უნდა გაგეგო ეს...
რა არის ეს!.. კაცი შიშნაჭამი დაეცა მიწაზე... ყველაფერი ელვის უსწრაფეს მოხდა, იგი ვერაფერს მიხვდა... წინ მოულოდნელად ამოეზარდა სოფელი!.. ეტყობა, პირდაპირ სოფლის მომიჯნავე დიუნის წვერისკენ მიდიოდა... და აი იმ წამს, როცა თვალწინ მთელი პანორამა გადაეშალა, დაინახა, რომ სოფელში იმყოფებოდა... გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, და გვერდით, ტყრუშულის გადაღმა ძაღლის ყეფა გაისმა. ამ ძაღლს მეორე აჰყვა, მეორეს კიდევ მესამე, მეოთხე და ყეფა ჯაჭვური რეაქციასავით მოედო მიდამოს. უკუნეთში მისკენ კბილებდაღრჭენილი მოიწევდა ერთ მუშტად შეკრული ხროვა. მაკრატელმიბმული თოკი ამოიღო და გაიქცა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ისღა დარჩენოდა უმოკლესი გზით გაერბინა სოფელი.
26
გარბოდა კაცი.
მქრქალი სინათლეებით მოკიაფე სახლები ხან გზას უხსნიდნენ, ხან დაბრკოლებად ეღობებოდნენ წინ. ყელის ვიწრო ხვრელში ზუზუნით შეჭრილი ქარის გემო... ჟანგის გემო... საშიში ნომერი თხელ მიწაზე, რომელიც ლამის ნამსხვრევებად იქცეს. ახლა იმის იმედი არაა, რომ ქვიშის მზიდვნი შინიდან არ არიან გამოსულნი, არც იმის იმედია, რომ უკვე სანაპიროს მიაღწევს. პიკაპს თითქოსდა ჯერ არ ჩაუვლია. შეუძლბელია კილომეტრის დაშორებით არ გაგეგონა ორტაქტიანი ძრავას ჯოჯოხეთური თრახთრახი. საზიზღარი მდგომარეობაა.
მოულოდნელად წყვდიადიდან შავი გუნდა გამოჭრა. ქნეშაზე ეტყობოდა, დიდი ძაღლი უნდა ყოფილიყო. ძაღლი თითქოს თავსასხმას არ იყო ნაჩვევი და, ვიდრე კაცს ეცემოდა, ხმამაღლა ყეფას მოჰყვა. კაცმა მაკრატელმობმული თოკი მოუქნია და მოარტყა. ძაღლი საცოდავი წკავწკავით მიიმალა სიბნელეში. საბედნიეროდ კაცს მხოლოდ შარვლის პატარა ნაკუწი მოაგლიჯა. კაცი ერთობ ცქაფად ამოძრავდა, მაგრამ ფეხები აებლანდა, წაიქცა და მიწაზე გაგორდა. იგი მაშინვე წამოხტა და გაიქცა.
თურმე ის ძაღლი მარტო არ დასხმია თავს. სულ ხუთნი თუ ექვსნი ყოფილიყვნენ. პირველის მარცხით შეშინებულნი კაცს ახლა ხმამაღალი ყეფით არტყამდნენ ალყას და ხელსაყრელ წამს უცდიდნენ, რომ დაძგერებოდნენ. მათ შეიძლება სწორედ ის დანგრეული ქოხიდან გამოსული წითური ძაღლი ასისინებდა უკნიდან. კაცმა თოკს ბოლოდან ორმოცდაათ სანტიმეტრზე ჩაავლო ხელი და მთელი ძალით დაატრიალა თავზემოთ. ძაღლებისაგან ასეთნაირად დაიცვა თავი, დამტვრეული ნიჟარების გროვას გადაევლო, ტყრუშულებს შორის ვიწრო გასასვლელი გაირბინა, შემდეგ რომელიღაც ეზო გადაჭრა, სადღაც მიწაზე ჩალა შრებოდა, და ბოლოს ფართო გზაზე გაიჭრა. ცოტაც და სოფელი დამთავრდებოდა.
გზის გაყოლებაზე ვიწრო ნარვალი მიდიოდა. იქიდან უცებ ორი ბავშვი ამოძვრა, თითქოსადა და-ძმა. კაცმა ძალზე გვიან შეამჩნია ისინი, თოკი მოსწია, რომ მაკრატელი ბავშვებს არ წამოსდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და სამივე ნარვალში ჩაცვივდა. ნარვალში ღარი ყოფილიყო ჩადებული. გაისმა ფიცრის ჭახანი და ბავშვებიც აღრიალდნენ... ნეტა ასე რა აბღავლებთ ამ ეშმაკის მოციქულებს!.. კაცმა მათ მთელი ძალით ჰკარა ხელი, ზემოთ ამოძვრა და სამაგიეროდ ჩამწკრივებული ფარნების შუქმაც გზა გადაუჭრა.
დაჰკარა ზარმა. ბავშვები ხამამაღლა ტიროდნენ... ძაღლები ყეფას განაგრძნობდნენ... ზარის ყოველ დაკვრაზე გული მტკივნეულად ეკუმშებოდა. გახსნილი პორებიდან ბრინჯის მარცველებივით ურიცხვი მწერი გამოუცოცდა. ერთ-ერთ ფარანს ეტყობა სინათლის თავამოყრის მოწყობილობა ჰქონდა - მისი შუქი ხან იშლებოდა, ხან გავარვარებული ნემსივით ეძგერებოდა.
ამათ პირადპირ ხომ არ ეცეს და კინწის კვრით ხომ არ მიყარ-მოყაროს?.. თუ თავი დააღწია, სოფლის იქით აღმოჩნდება... ინანებს, არ ინანებს, ყველაფერი ამ წუთზეა დამიკიდებული... აბა, კმარა, ზოზონი!.. თორემ გვიან იქნება...კიდევ ცოტაც და მდევრებს შეუძლიათ უკან მოექცნენ - მაშინ მოგჭამა ჭირი ყველაფერმა!
ვიდრე კაცი ყოყმანობდა, ფარნებმა ალყის შემორტყმა დაუწყეს მარჯვნიდან და მარცხნიდან, სულ ამცირებდნენ და ამცირებდნენ მანძილს. კაცმა უფრო ჩაბღუჯა თოკი და ერთიანად დაიძაგრა, მაგრამ ვერაფრით გაბედა მოქმედება. ფეხის წვერები უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა რბილ ნიადაგში. ფარნებს შორის თანდათან გაზრდილი სივრცე ადამიანთა ჩრდილებმა შეავსეს. რამდენნი არაინ? გზის პირას ორმოს მოხაზულობის მაგვარი რაღაცაა, აჰა, არა, ეს პიკაპია. წინ რომც გაიჭრას, უკნიდან სტაცებს ხელს. ზურგს უკან გაქცეული ბავშვების ფეხების ბარგუნი მოესმა. ბავშვები აღარ ტიროდნენ. წამით საშინელმა აზრამა გაუელბვა: ხელი ეტაცა მათთვის და ფარად გამოეყენებინა! ბავშვები მძევლად ეყოლებოდა და ამ არამზადებს მოახლოების ნებას არ მისცემდა! მაგრამ როცა ბავშვების დასაჭერად შემობრუნდა, ახალი მოდარჯე სინათლეები დაინახა. გზა მოჭრილი იყო.
კაცი გაშვებული ზამბარასავეთ გაიჭრა უკან, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იმავე გზით, რომლითაც აქ მოაღწია. თითქმის შეუცნობლად მოიმოქმედა ეს, იმედოვნებდა, ისეთი ადგილი ეპოვა, სადაც გადაკვეთდა დიუნს, კონცხის გაგრძელებასავით რომ ჩანდა. ლამის მთელი სოფელი მოსდეევდა ღრიალით. მეტისმეტი დაძაბულოისაგან ფეხები დაუსუსტდა. თითქოსდა მყესები ამოაცალესო. იქნებ იმიტომ, რომ მდევრები მოულოდნელობისაგან სახტად დარჩნენ, ჯერ კიდევ ახერხებდა საკმაო დისტანციის შენარჩუნებას, რაც საშუალებას აძლევდა დროდადრო მოეხედა და დაენახა, სად იყვნენ ისინი.
რა მანძილი გაირბინა?.. უკვე რამოდენიმე დიუნი გადაიარა და, რაც უფრო მეტ ძალას ხარჯავდა, მით უფრო მეტად ეჩვენებოდა, როგორც სიზმარში. მაგრამ ეხლა იმის განსჯის დრო არ გახლდათ, რაოდენ ეფექტურად ხარჯავდა ძალას. პირში თაფლში არაეული სისხლის გემო გაუჩნდა. უნდოდა გადმოეფურთხებინა, ნერწყვი კი მწებვარე იყო და არაფრით არ შორდებოდა. იძულებული გახდა თითით გამოეღო.
ზარი ისევ რეკავდა, მაგრამ უკვე კარგა მანძილით იყო დაცილებული და მისი ხმა დროდადრო მთლად წყდებოდა ხოლმე. ძაღლებიც ჩამორჩნენ, ახლა სადღაც შორს ყეფდნენ. კაცს მხოლოდ საკუთარი სუნთქვის ხმიანობა ესმოდა, რომელიც ლითონზე ქლიბის ხრაჭუნს მოგაგონედათ. მდევართა ფარნები - სამივენი - წინანდებურად შარივით გაწალიკებულიყვნენ და ზემოთ-ქვემოთ ირხეოდნენ, თითქოს არც ახლოვდებოდნენ, მაგრამ არც უკან რჩებოდნენ. დევნილსაც და მდევრებსაც ერთნაირად უჭირდათ სირბილი. ახლა, ის გაიმარჯვებდა ვინც მეტ ხანს გაძლებდა. შეიძლება ერთობ დაძაბულობის შედეგად ნებისყოფა წაერთვა, შეეპარა სისუსტე - სურვილი იმისა, რომ ძალა სწრაფად გამოლეოდა? საშიში ნიშნია... მაგრამ ვიდრე ამ საშიშროებას გრძნობს. ჯერ კიდევ არა უშავს რა...
წაღები ქვიშითა აქვს სავსე, თითები ტკივა. მოიხედა. მდევრები სამოცდაათი-ოთხმოცი მეტრით ჩამორჩნენ, ოდნავ მარჯვნივ არიან. რატომ გადავიდნენ განზე? ალბათ, ცდილობენ აღმართებს მორიდებოდნენ, და აი, განზე აღმოჩნდნენ. ეტყობა, თვითონაც გვარიანად დაიღალნენ... აკი ამბობენ, მდევარი უფრო ჩქარა იღლებაო. კაცმა წუთში გაიხადა ფეხზე და ფეხშიშველა გაიქცა... წაღები ჯიბეში რომ ჩაეწყო, ხელს შეუშლიდა. ამიტომ ქამარში გაირჭო. მუხლებში ქარი ამოიღო და ერთი სულის მოთქმით აათავა სამკაოდ ციცაბო აღმართი... საქმე თუ ასე წავიდა, იქნებ, თავი დაეღწია ამ ქვემძრომებისთვის...
მთვარე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ვარსკვალავების შუქმა ირგვლივ ყველაფერი მუქ-ნათელი ლაქებით გადააჭრელა და მაკაფიოდ გამოჩნდა შორეული დიუნების თხემები. კაცი თითქოს კონცხისაკენ მირბოდა. აი, კვლავ მარცხნივ იღებს გეზს. ის-ის იყო მიმართულების შეცვლა დააპირა და უცებ მოისაზრა, რომ ამით მანძილს შეამცირებდა თავის თავსა და მდევრებს შორის. სწორედ ამ წუთს ჩაწვდა მათ გეგმას და შეშინდა.
დიახ, მდევრების მიერ ერთი შეხედვით უხეირო გზა სინამდვილეში კარაგდ მოფიქრებული აღმოჩნდა. ცდილობდნენ ლტოლვილი ზღვასთან მიეღწიათ. ლტოლვილმა ეს არ იცოდა და გამუდმებით მათ ხელში იყო. როცა დაფიქრდა, მიხვდა, ჯიბის ფარნებით მე მიჩვენებდნენ თუ სად იმყოფებოდნენო. მაშასადამე, სულ ერთი და იმავე მანძილით რომ იყვნენ მისგან დაცილებული, არც უახლოვდებოდნენ და არც შორდებოდნენ, ესეც განზრახ იყო.
არა, დანებება ჯერ კიდევ ადრეა, სადღაც კლდეებზე ასასვლელი გზა უნდა იყოს და თუ სხვა გამოსავალი არ იქნა, შეიძლება ზღვით, ცურვით შემოუაროს კონცხს. საჭიროა ყოველგვარი მერყეობა დაძლიოს, ამისთვის საკმარისია წარმოადგინოს, როგორ დაიჭერენ და უკან ორმოში მოათავსებენ.
გრძელი დამრეცი აღმართის იქით ციცაბო დაღმართია...ციცაბო აღამართს იქით - გრძელი დამრეცი დაღმართია... ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი - თითქოს მძვებს ერთმანეთის მიყოლებით ასხამდაო; ეს მოთმინების შემოწმებაა. რომელიღაც წამს ზარი გაჩუმდა. შეუძლებელია იმის გარკვევა, რა ესმის - ქარის ზუზუნი, ზღვის ხმაური თუ უბარლოდ ყურები უჟღრიალებს. ერთ-ერთ მაღლობზე ასულმა უკან მოიხედა: სინათლეები აღარ ჩანდა. მცირე ხანს ელოდა, მაგრამ იცინი არ გამოჩენილან.
ბიჭოს. ნუთუ მათ თავი დააღწია?
იმედმა გულს ბაგაბუგი აუტეხა. თუ მართლა ასეა, ახლა დასვენება მით უმეტეს არ შეიძლება... აბა, კიდევ ერთხელ მოითქვას სული და გასწიოს წინ, მოდევნო დიუნამდე!
სირბილი რატომღაც ძალიან უჭირდა, ფეხები დაუმძიმადა. სიმძიმეც რაღაც უჩვეულო იყო. მას უბრალოდ კი არ გრძნობდა, ფეხები მართლა ეფლობოდა ქვიშაში. თითქოს თოვლში მივდივარო, გაიფიქრა; წვივები უკვე ნახევრად ქვიშაში ჰქონდა ჩაფლული. შეშინდა. სცადა ცალი ფეხი ამოეწია, მაგრამ მეორე მუხლამდე ჩაეფლო. ეს რა ხდებოდა?.. გაგონილი ჰქონდა, რომ არსებობდა ქვიშები, რომლებიც ადამიანებს ნთქავდნენ... მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ქვიშისთვის თავი დაეღწია, მაგრამ რაც უფრო წვალობდა, მით უფრო ღრმად იფლობოდა. უკვე თითქმის ბარძაყამდე ჩაიფლო.
იქნებ, ეს უბარლოდ მახეა?! მდევრები სწორედ აქეთ მოერეკებოდნენ და არა ზღვისკენ!.. უნდათ ისე მოსპონ, ძალა არ დახარჯონ მის შეპყრობაზე!.. ეს ყველზე ნაღდი მოსპობაა... ასე მარჯვედ მეფოკუსეც კი ვერ მოაწყობდა, საქმეს თავისი ხელმანდილით. ქარი ერთს დაუქროლებს და მთლიანად დაიფარება ქვიშით... ჰოდა, ვეღარც პოლიციელის ძაღლი მოძებნის, კონკურსში პირველი პრემია რომ აქვს მინიჭებული... ეს არამზადები აწი არ გამოჩნდებიან!.. არაფერი გვინახავს, არაფერი გაგვიგონიაო... ვიღაც ჩამოსულს თვითონ დაებნა გზა და დაიღუპაო... არამზადები საქმეს ისე აწყობენ, ხელსაც არ ისვრიან...
ვიხრჩობი... ვიხრჩობი... უკვე წელამდე ვარ ქვიშაში... რა ვიღონო?.. თუ ქვიშასთან შეხების ფართობის გადიდებას მოახერხებს, სხეულის წნევა ყოველ წერტილში შემცირდება და მეტად აღარ ჩაიფლობა... ხელები გაშალა და მკერდით გაწვა ქვიშაზე... მაგრამ უკვე გვიანი იყო. მუცლით კი იწვა, მაგრამ სხეულის ქვედა ნაწილი ვერტიკალურად ჰქონდა. მას წელი სტკიოდა, ამიტომ მართი კუთხით დგომაც უკვე აღარ შეეძლო. ასეთ მდგიმარეობაში დიდხანს ვერც სხვა გაჩერდებოდა, თუნდაც ნავარჯიშევი სპორტსმენი ყოფილიყო.
მერედა, როგორ ბნელა... მთელმა სამყარომ თვალი დაიბრმავა და სმენა დაიხშო... აგერ სული გაძვრება და შენკენ კაციშვილი არ იხედება! უცებ სადღაც ყელის სიღრმეში მიმალული შიში გარეთ გამოჭრა. კაცმა პირი დააღო და ცხოველივით დაიღმუვლა:
- მიშველეთ!
გაცვეთილი სიტყვაა!.. იყოს მერე გაცვეთილი... დაღუპვის პირას მისულს რა ეორგინალება. რაც უნდა იყოს, უნდა იცოცხლოს, თუნდაც მისი სიცოცხლე ზუსტად დაემსგავსოს სხვებისას, როგორც ერთასა და იმავე ყალლიბში გამომცხვარი იაფფასიანი ნამცხვარი! მალე ქვიშა მკერდამდე ააღწევს, ნიკაპამდე, ცხვირის წვერამდე... კმარა! კმარა!
- მიშველეთ!.. ყველაფერს გპირდებით, რა გინდათ!.. გევედრებით, მიშველოთ!.. გეევდრებით!..
ვეღარ გაძლო. პირველად მარტო სლუკუნებდა, შემდეგ გულამოსკვნით აქვითინდა. ძრწოლით მიხვდა, რომ ყველაფერი დაიღუპა. ახლა სულ ერთია, მას ვერავინ ხედავს... დასანანია, რა თქმა უნდა, რომ ეს ყოველივე ამგვარ შემთხვევებაში აუცილებელი პროცედურის გარეშე ხდება... როცა სიკვდილმისჯილი კვდება, შეუძლია წერილი დატოვოს... აქ კი რამდენიც უნდა იღრიალო... ყურადღებას არავინ მოგაქცევს. ცუდია!
კაცს მაინც და მაინც არ გაკვირვებია, როცა უცებ უკნიდან ხმები შემოესმა. იგი დამარცხებული იყო. სირცხვილის გრძნობა ჩანავლებოდა და ფერფლად ქცეოდა ჭრიჭინას დამწვარი ფრთასავით.
- ჰეი, ხელი ჩაავლე!
ქვემოთ გრძელი ფიცარი ჩამომცურდა და გვერდში მიებჯინა. სინათლის სხივმა სიბნელეში წრე მოხაზა, შემდეგ ფიცარი გაანათა. კაცმა შებოჭილი სხეული ძლივს მოაბრუნა იმ მხარეს, საიდანაც ხმები ისმოდა და საცოდავად ითხოვა:
- უკაცრავად, იქნებ ამ თოკით ამომიყვანოთ...
- ო, რას ამბობთ, თქვენ ხომ კუნძი არა ხართ, რომ ამოგაგდოთ.
უკან გაიცინეს. ზუსტად ვერ გაარკვევდი, მაგრამ იქ ხუთი-ექვსი კაცი მაინც იქნებოდა.
- ცოტაც მოითმინეთ, უკვე ნიჩბების მოსატანად წავიდნენ... ფიცარს ინდაყვებით დაებჯინეთ და ყველაფერი რიგზე იქნება...
ისიც იდაყვებით დაეყრდნო ფიცარს და თავი ხელისგულებზე დაუშვა. თმა ოფლმა დაუსველა. არაფერს გრძნობდა, უნდოდა მხოლოდ რაც შეიძლება ჩქარა დაეღწია თავი ამ დამამცირებელი მდგომარეობისათვის.
- იცით... გაგიმართლათ, რო უკან მოგდევდით. აქ ისეთი საფლობებია ძაღლებიც არ ეკარებიან სიახლოვეს... დიდ საფრთხეში იყავით. არც კი ვიცი, რამდენი ადამიანი შემოხეტებულა ამ მიდამოში ისე რომ არაფერი ეჭვი არ ჰქონია, და უკან აღარ დაბრუნებულა... აქ, მთების გადმოღმა, მყუდრო ადგილია, ჰოდა, ქვიშა იყრება და იყრება... როცა ზამთარი დგება, ქვიშას ათოვს, თოვლს ისევ ქვიშა ეფინება... შემდეგ ისევ თოვლი და ასეა ეს ასი წელი, ქვიშა და თოვლი გამოუცხობელი ფენომენი ვაფლივით ხდება... ამას გვეუბნებოდა არტელის ყოფილი თავჯმდომარის ვაჟი, აი, ის, ქალაქს რომ წავიდა სასწავლებლად... საინტერესოა, არა?.. თუ ფსკერამდე გათხრას ეცდები, შეიძლება ფასეული რამე იპოვო.
რისთვის ამბობ ყოველ დღე ამინს?! თანაც ისეთი გამომეტყველებით, თითქოს სპეტაკია და ბრალი არაფერში მიუძღვის. მოათავოს რაღა ყბედობა... ახლა უფრო ლაზღანდარობა მარტო დატოვოს ამ ჩემი დამსხვრეული იმედებითურთ...
რაღაც გამოცოცხლებაა, ეტყობა ნიჩბები მოიტანეს. სამმა კაცმა ლანჩებზე ფიცრები დაიმაგრა და კაცის გარშემო გარკვეულ მანძილზე თხრა დაიწყო. ფიცრებზე ძლივს იცავდნენ წონასწორობას. ბელტს ბელტზე იღებდნენ: ოცნებებიც, სირცხვილიცა და სასოწარკვეთილებაც სულ ამ ქვიშაში იყო ჩამარხული. არც გაკვირვებია, როცა მხრებში ხელი ჩაავლეს. რომ ებრძანებინათ, შარვალს ჩაიხდიდა და მდევრების თვალწინ დაიწყებდა მოსაქმებას. ცას შუქი მოეფინა. უკვე ალბათ მთვარე გამოანათებდა. როგორ შემხვდება ქალი?.. რა მნიშვნელობა აქვს როგორ? ახლა შეუძლიათ როგორც ნებავთ, ისე წკეპლონ, მან კი უნდა მოითმინოს.
27
კაცს იღლიებში თოკი შემოახვეს და კვლავ ორმოში ჩაუშვეს ტვირთით. არავის სიტყვა არ დაუძრავს, თითქოს მის დასაფლავებაზე იყვნენ მოსულნი. ორმო ღრმაა და ბნელი. დიუნებს თხელი მბზინვარე აბრეშუმივით დაეფინა მთვარის შუქი; ქარის მიერ მოხაზული ნახჭები, ნაფეხურებიც კი შუქმა ნახჭებად გაქვავებულ, მბრწყინვ მინად აქცია. მხოლოდ ორმოს არ სურდა პეიზაჟს შერთვოდა და წყვიადში იყო გახვეული. მაგრამ კაცს სულ არ აღელვებდა ეს ყოველივე. როცა თავი ასწია და მთვარეს შეხედა, იმ წამსვე იგრძნო, რომ გული ერეოდა და თავბრუ ესხმოდა, ისე საშინლად დაიღალა.
ამ უკუნეთში ქალი უფრო მრუმე ლაქასავით გამოჩნდა. კაცი მისი დახმარებიღ ძლივს მილასლასდა საწოლამდე, მაგრამ თვით ქალს იგი რატომღაც ვერ ხედავდა და არა მარტო მას ვერ ხდავდა, ირგვლივ ყველაფერი თითქოდა ნისლში გატყაპნილიყო. მაშინაც კი, როცა ლეიბზე დაეცა, ისევ და ისევ ქვიშაზე გარბოდა... სიზმარშიც გარბოდა. ეძინა მოუსვენრად. ნათლად ახსოვდა ძირს დაშვბული და ზემოთ ამავალი კალათების ხმაური, ძაღლების შორეული ყეფა. იცოდა, რომ ქალი შუაღამისთვის მოვიდა საჭმლისთვის მოვიდა და მის საწოლთან დადგმული ლამპა აანთო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მაშინ გაიღვიძა, როცა წყლის დასალევად ადგა. ქალს რომ მუშაობაში დახმარეობოდა, ამის ძალა აღარ შესწევდა.
ლამპა აანთო და სიგარეტს მოუკიდა. შემდეგ დაბნეულად მიიხედ-მოიხედა. მსუქანმა, მაგრამ ცქვიტმა ობობამ ლამპის ირგვლივ სირბილი დაიწყო. ეს რომ ფარავანა ყოფილიყო, კაცს არ გაუკვირდებოდა, მაგრამ სინათლე ობობას იზიდავდეს, - უცნაურია. უნდოდა სიგარეტით დაეწვა და გადაიფიქრა. ობობა წამის ისრის სიზუსტით, თხუთმეტი-ოცი სანტიმეტრის დაშორებით ტრიალებდა ლაპმის ირგვლივ. იქნებ მარტო სიბნელე არ იზიდავდა? არა, იგი სხვა რამეს ელოდა და ლამპის სინათლეზე მოფრინდა კიდეც ფარვანა. ფარვანა რამდენჯერმე მიეჯახა ლამპის შუშას და მისი ჩრდილი დიდად აღიბჭდა ჭერზე; შემდეგ ფარვანა ლითონის სადგამზე დაეცა და აღარც განძრეულა. რაღაც უცნაური ფარვანა იყო, ერთობ საზიზღარი. კაცმა სიგარეტი მიაჭირა. ფარვანას ბერვული ცენტრები დაუდამბლავდა; ჯერ კიდევ იკრუნჩხებოდა, რომ კაცმა ობობა სარბენ ბილიკზე დააგდო. გათამაშდა მის მიერ ნათამაშევი დრამა. ობობა წამში მივარდა და ჯერ კიდევ ცოცხალ ფარვანას ეძგერა. შემდეგ ისევ დაიწყო ტრიალი, თან თავის უკვე უძრავ მსხვერპლს მიათრევდა. ეტყობა, წინასწარ ტკბებოდა, თუ როგორ შთანთქავდა მსუყე ფარვანას.
კაცმა არც კი იცოდა, რომ ასეთი ობობები არსებობდნენ. რა ჭკვიანურად გამოიყენა ლამპა ქსელის მაგივრად. ქსელის მოქსოვის შემდეგ უნდა ელოდოს, როდის გაემბმება შიგ რომელიმე მწერი, ლამპის დახმარებით მსხვერპლი კი შეიძლება თვითონ შეაცდინო. ამისათვის საჭიროა, მხოლოდ სინათლის შესაფერისი წყარო. სამწუხაროდ ბუნებაში ამგვარი წყაროები არ მოიძევება. მთვარე ან ტყის ხანძრები საამისოდ საეჭვოა გამოდგეს. შეიძლება ეს ობობა რაღაც ახალი სახეობაა, რომელმაც ადამიანის კვალად ევლოუცია განიცადა და თავისი ინსტიქტები გამოიმუშავა... არც ცუდი განმარტებაა... მაგრამ ის როგორღა ავხსნათ, რომ სინათლე ფარვანებს იზიდავს?..ფარვანა ობობა როდია. საეჭვოა ლამპის სინათლე ხელს უწყობდეს ამ წერთა დაცვას. თანაც ეს მოვლენა ხელოვნური სინათლის აღოჩენის შემდეგ აღმოცენდა. დამამტკიცებელ საბუთათ შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ ფარვანები არ შეგროვილან და მთვარისკენ არ გაფრენილან.
კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ მსგავსი ინსტიქტი მწერთა რომელიღაც ერთ სახეობას ჰქონოდა. მაგრამ ეს ინსტიქტი ხომ საერთოა ყველა ფარვანასთვის, რომელთა სახეობა ათი ათასამდეა. მაშასადამე, აქ რაღაც გარკვეული უცვლელი კანონია: ფრთების ბრამა, გამალებული რხევა, გამოწვეული ხელოვნური შუქით, იდუმალი კავშირი სინათლეს, ობობებსა და ფარვანებს შორის... თუ კანონი შეიძლება ასე უგუნურად გამოვლინდეს, მაშინღა რაღა უნდა ირწმუნო?
კაცმა თვალები დახუჭა... წინ მქრქალალი ათინათები გაუცურდა...
როცა ათინათების დასაჭერად ხელს იწვდიდა, ისინი აქეთ-იქით აწყდებოდნენ და უჩინარდებოდნენ... როგორც ესპანურას ჩრდილები ქვიშაზე...
კაცი ქვითინმა გააღვიძა.
- რა გატირებს?
ქალმა სცადა დაბნეულობა დაეფარა და სწრაფად წამოდგა.
- უკაცრავად... მინდოდა თქვენთვის ჩაი ამედურებინა...
ქალის ცრემლნარევმა ჩამწყდარმა ხმამ კაცი საგონებელში ჩააგდო. როცა ქალი დაიხარა და პატარა ღუმლის ანთება დაიწყო, ზურგი რაღაც უცნაურად უძაგძაგებდა და კაცი დიდხანს ვერ მიხვდა საქმის ვითარებას. იგი გაჭირვებით აზროვნებდა, თითქოსდა უხალისოდ ფურცლავდა ობმოდებულ წიგნს, მაგრამ კიდევ კარგი, ფურცლების გადაშლა შეეძლო, უეცრად საშინლად შეებრალა თავი.
- არ მოხერხდა...
- დიახ...
- და ყველაფერი ასე სულელურად ჩაიფუშა.
- კი, მაგრამ ხომ არავის მოუხეხებია... არც ერთხელ...
ქალი ტრილით ლაპარაკობდა, მაგრამ მის ხმაში გულდაჯერებლობა გამოსჭყვიოდა, თითქოს ამრათლებდა და ხსნიდა კაცის მარცხს. რაც გინდა თქვი და გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობაა. მეტისმეტი უსამართლობა იქნებოდა, რომ არ გამოხმაურებოდი.
- მაინც დასანანია... მე ხომ გადავწყვიტე, გაქცევის კეთილად დამთავრებისთანავე მიმღები მეყიდა და გამომეგზავნა...
- მიმღები?
- შემ ხომ დიდი ხანია მასზე ოცნებობ.
- ო, არა უშვას, რა საჭიროა... - ქალი გაუბედავად ლაპარაკობდა, თითქოს ბოდიშობსო. - თუ საჭიროებისამებრ ვიმუშვებ, აქც ვიყიდი... განვადებით გამოტანა რომ მოვინდომო, პირველი შესატანი ფული ალბათ, მექნება.
- ჰო, რა თქმა უნდა, განვადებით რომ მოინდომო...
- როცა წყალი გათბება, ვიბანაოთ?
უცებ კაცს ალიონივით უფერული სევდა შემოაწვა... საჭიროა ერთმანეთს ჭრილობები აულოკონ. მაგრამ თუ დაუსრულებლად ლოკე დაუსრულებლად შეუხორცებელი ჭრილობები, ენისაგან აღარაფერი დარჩება.
- ჰო, კარგი, ნუგეში რა საჭიროა... ცხოვრება ისეთი რამ როდია, ნუგეშისცემით გალიო... იქ სხვანაირი ცხოვრებაა, აქ - სხვანაირი და ყოველთვის გგონია, თითქოს სხვისი ცხოვრება უფრო ტკბილია... ყველაზე საზიზღარი ამის ფიქრია: რა იქნება, რომ ცხოვრება სწორედ ასე წარიმართოს?.. ეს რა ცხოვრებაა? ეგ ხომ არავინ იცის... ეჰ, უმჯობესია ყელამდე სამუშაოში იყო ჩაფლული და არ იფიქო ყოველივე ამაზე...
- ვიბანაოთ?..
ქალმა ეს თითქოს კაცის გასამხნებებლად თქვა, რბილად, დამამშვიდებლად. კაცმა ნელა დაიწყო პერანგების ღილების გახსნა, შარვლის გახდა. იგი თავით ფეხებამდე ქვიშით იყო დაფარული. (რას აკეთებს ახლა ის, მეორე ქალი?) ყველაფერი, რაც გუშინდლამდე იყო, შორეული წარსულივით გამოიყურებოდა.
ქალმა პირსახოცის გასაპნა დაიწყო.
მესამე ნაწილი
28
ოქტომბერი.
ზაფხული, რომელსაც არა და არ სურდა გუდა-ნაბადი აეკრა, მთელი დღის მაძილზე ისე ახურებდა ქვიშას, ზედ ფეხშიშველა ხუთი წუთიც ვერ გაძლებდი. მაგრამ მზის ჩასვლისთანავე დაჩვრეტილ კედლებში ნესტიანი სიცივე იჭრებოდა და დანოტიოებული ნაცარი კერის ანთებამდე უნდა გაგეშრო. უქარო ამინდში ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის გამო დილა-საღამოს მღვრიე მდინარის მაგვარი ნისლი დგებოდა.
კაცმა სახლს უკან ყვავების დასაჭერი მახე გააკეთა და „იმედი“ უწოდა. მან ქვიშის თვისება გაითვალისწინა და მახე ძალზე მარტივად მოაწყო: ამოთხარა საკმაოდ ღრმა ორმო, შიგ ხის პატარა კასრი ჩადგა. კასრს ასანთის ღერის ოდენა სამი სამსჭვალვით მასზე ოდნავ მომცრო სახურავი დაამაგრა. სამსჭვალებს წვრილი ძაფები გამოაბა. ძაფები სახურავის ცენტრში გაკეთებულ ნახვრეტში გადიოდა და გარეთ დაყენებულ მავთულზე მაგრდებოდა. მავთულს ბოლოზე სატყუარა - გამხმარი თევზი ჩამოაცვა. ეს ყველაფერი გულმოდგინედ დაეფარა ქვიშით. ჩანდა მხოლოდ პატარა ღრმულში მოთავსებული სატყუარა. როგორც კი ყვავი სატყუარას ეცემოდა, სამსჭვალეები იმწამსვე ამოცვივდებოდა, სახურავი კასრის ფსკერზე დავარდებოდა, ქვიშა ჩაიმზღვლელოდა და ყვავი ცოცხლად დაიმარხებოდა... კაცმა რამდენიჯერმე გამოსცადა თავისი მოწყობილობა და დარწმუნდა, რომ შეუფერხებლად მუშაობდა... უკვე ნათლად ხედავდა იმ უბედურ ყვავს, რომელიც ისე სწრაფად დაფარა ქვიშამ, ფრთების დაქნევაც ვერ მოასწრო.
... თუ გაუმართლა და ყვავი დაიჭირა, შეიძლება წერილი დაწეროს და თათზე მიაბას... რა თქმა უნდა, მთავარია თუ გაგიმართლა. ჯერ ერთი, ძალზე მცირე იმედი უნდა გქონდეს, რომ განთავისუფლებული ყვავი მეორეჯერ მოხვდება ადამიანის ხელში... თან ვერც გაიგებ, საით გაფრინდება... როგორც წესი, ყვავების ფრენის რაიონი უაღრესად შემოსაზღვრულია... არც ისაა გამორიცხული, რომ სოფლელები მიხვდნენ განზრახვას, თუ ერთმანეთს შეუპირისპირეს ორი ფაქტი: ყვავის გაქცევა და ყვავების გუნდში ისეთი ყვავის გამოჩენა, რომელსაც ფეხზე თეთრი ქაღალდის ნაგლეჯი ექნება მიბმული... ჰოდა, ასე გულდაგულ მოფიქრებული, ეგზომ მოთმინებით განხორციელებული საქმე სულ წყალში ჩაიყრება...
მარცხით დამთავრებული გაქცევის შემდეგ კაცი ერთობ ფრთხილად იქცეოდა. შეეგუა ორმოში ცხოვრებას, თითქოს ზამთრის ძილს მიეცაო, და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, სოფლის მცხოვრებთა ეჭვნეულობა გაეფანტა. ამბობენ, ერთი და იმავეს გაუთავებული განმეორება ყველაზე საუკეთესო შენიღბვააო, და თუ ისე იცხოვრებს, ნიადაგ ერთსა და იმავეს გაიმეორებს, შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს დაივიწყონ.
განმეორებას, იქნებ, ასეთი სასარგებლო რამეც მოჰყვეს. მაგალითად, ორ უკანასკნელ თვეს ქალი ყოველდღე თავაუღებლად ასხამდა მძივებს და მუშაობამ ისე გაიტაცა, სახეც კი დაუსივა. გრძელი ნემსი ბრწყინავდა, როცა მუყაოს კოლოფში ჩაყრილ ლითონისფრად მბზინვარე მძივებს მის წვეთს მოსდებდა. ქალის დანაზოგმა თითქმის ორი ათას იენს მიაღწია. კიდევ ნახევარი თვეც რომ ემუშავა ასე, თანხა მიმღების პირველი შესატანისათვის ეყოფოდა.
მძივებიანი კოლოფის გარშემო მოტრიალე ნემსში ისეთი დიდმნიშვნელოვანი რამ გამოსჭყვიოდა, თითქოს კოლოფი სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. განმეორება ალამაზებდა ამწყოს, ბადებდა იმის შეგრძნება, რომ გარემო რეალური იყო.
კაცმაც გადაწყვიტა, მთელი არსებით მოეკიდა ხელი ერთფეროვანი ფიზიკური შრომისთვის. სხვენიდან ქვიშის გადმოხვეტა, ბრინჯის გაცხრილვა გარეცხვა - ეს ყველაფერი მის ყოველდღიურ მოვალებად იქცა. როცა მუშაობდა ( მუშაობისას ღიღინებდა ხოლმე), დრო ყოველ შემთხვევაში უფრო სწრაფად გადიოდა. საკუთარი სიამოვნებისთვის პოლიეთილენისაგან პატარა მიჩიგდანი გააკრთა, რათა ძილის დროს ქვიშა არ დაცვენოდათ, მოიგონა აგრთვე ცხელ ქვიშაში თევზის მოსახარში მოწყობილობა...
გუნება რომ არ მოშხამვოდა, იმ ამბის შემდეგ გაზეთებს არ კითხულობდა. ერთი კვირა რომ მოითმინა, კითხვის სურვილი თითქმის აღარ ჰქონდა, თვის შემდეგ კი სულ დაავიწყდა გაზეთების არსებობა. ოდესღაც იგი ერთი გრავიურის რეპროდუქციამ გააოცა. გრავიურას „სიმარტოვის ჯოჯოხეთი“ ერქვა. ზედ გამოსახული კაცი უცნაური პოზით მიცურვდა ცაზე. დაჭყეტილ თვალებში შიში ჩადგომოდა. მის გვერდით მთელი სივრცე გარდაცვლილთა ნახევრად გამჭვირვალე ლანდებს აევსო. კაცს უჭირდა ლანდების დუნდგოში გაღწევა. გარდაცვლილნი ერთმანეთს უბიძგებდნენ, ხელებს იქნევდნენ და განუწყვეტლივ ელაპაარკებოდნენ მას. რატომ იყო ეს „სიმარტოვის ჯოჯოხეთი“? მაშინ გაიფიქრა, ალბათ სახელწოდება აურიესო. ახლა კი ნათლად ხვდებოდა სათაურის არსს. სიმარტოვე - ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.
სწორედ ამიტომ იკვნეტენ ფრჩხილებს, როცა გულისცემა აღელვებთ, ეწევიან თამბაქოს, როცა აზროვნების რიტმი არ მოსწონთ, ნერვიულად ძაგძაგებენ, როცა სქესობრივი აქტი არ აკმაყოფილებთ. და სუნთქვაც, სიარულიც, კუჭ-ნაჭლავის პერისტალტიკაც, ყოველდღიური განრიგიც, ყოველ მეშვიდე დღეს დამდგარი კვირა დღეც, ყოველ ოთხ თვეში მოწყობილი სასკოლო გამოცდებიც - ეს ყველაფერი არა თუ ამშვიდებდა, პირიქით, ახალი და ახალი განმეორებისაკენ უბიძგებდა კაცს. მალე მის მიერ მოწეული სიგარეტების რაოდენობა გაიზარდა, ნახულობდა საზარელ სიზმრებს, რომელშიც ვიღაც ფრჩხილებჭუჭყიან ქალთან ერთად უცხო თვალისაგან მოფარებულ, მყუდრო კინჭულებს ეძებდა და, როცა თავს ბოლოს და მოლოს მოწამვლის ნიშნები შეატყო, მაშინვე ფიქრით მიმართა ცას, მარტივი ციკლური, ელიფსური მოძრაობა რომ იკავებს, ქვიშის დიუნებს, სადაც ერთი მერვედი მილიმეტრის სიგრძის ტალღები ბატონობს.
კაცს ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა ქვიშასთან გაუთავებელი ბრძოლა, მისთვის გაკვეთილად ქცეული ყოველდღიური შრომა, მაგრამ ვერ იტყოდი, ეს წმინდა წყლის თვითგვემაა. არ გაუკვირდებოდა, რომ ამ ბრძოლა-შრომაში გამოჯანსაღების გზა ეპოვა. ერთ დილას კი პროდუქტებთან ერთად (პროდუქტები გეგმა ზომიერად მოჰქონდათ) მის ხელთ აღმოჩნდა კარიკატურების ჟურნალი. თვითონ ჟურნალი დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ. ყდა დაგლეჯილი ჰქონდა, სულ ჭუჭყიანი თითებით იყო დასვრილი. ნამდვილად რომელიღაც მეძველმანეს გამოართვეს. მართალია უშნო შესახედავი ჩანდა, მაგრამ შეიძლებოდა სოფლის მცხოვრებთა ზრუნვის გამოვლინებად მიგვეჩინა. კაცი ყველაზე უფრო იმან შეაფიქრიანა, რომ ჟურნალის კითხვისას სიცილით იატაკზე გორავდა, ფეხებს აბრაგუნებდა, თითქოს კრუნჩხვები დაეწყოო.
კარიკატურები მეტად სულელური, უაზრო, უხამსი, ცუდად დახატული გახლდათ. კაცისთვის რომ გეკითხათ, რა ნახე მათში სასაცილოო, ვერ გიპასუხებდათ. სასაცილო იყო მხოლოდ ერთი კარიკატურა: ცხენს ძონძროხა კაცი აბობღებოდა, რის გამოც ფეხები მოკეცოდა და წაქცეულიყო. ცხენს დრუნჩი მართლა სასაცილო ჰქონდა, მაგრამ ორმოში მოხვედრილი ადამიანის მდგომაერობაში მყოფს განა შეიძლებოდა გეცინა? გრცხვენოდეს. შეგუებას გარკვეული ზღვარი აქვს. თანაც იგი საშუალება უნდა იყო და არამც და არამც მიზანი. კარგია ზამთრის ძილზე ლაპარაკი, მაგრამ განა შეიძლება თხუნელად იქცე და სამუდამოდ ჩაიკლა სინათლეზე გამოსვლის სურვილი?
მართალია, თუ ჩაუფიქრდებით არავითარი იმედი არ არის, შემთხვევა გამოხდეს და აქედან ოდესმე თავი დაღწიო, მაგრამ ხომ შეიძლება უბრალოდ შეეჩვიო მოლოდინს, ყოვლად უმიზნო მოლოდინს, ხოლო როცა ზამთრის ძილის ჟამი გავა, აღმოჩნდება, რომ სინათლემ დაგაბრმავა და გარეთ გასვლა არ ძალგიძს. აკი ამბობენ: სამი დღით მათხოვარი, სულ მუდამ მათხოვარიაო... შინაგანი ჟანგი საოცრად სწრაფად ჩნდება... კაცი ღრმად დაფიქრდა, მაგრამ როგორც კი ცხენის სასაცილო დრუნჩი გაახსენდებოდა, მაშინვე სულესური სიცილი აუტყდებოდა. ქალმა (იგი ჩვეულებისამებრ თავისი საკირკიტო საქმით - მძივების ასხმით იყო გართული) თავი ასწია და მიამიტად გაუღიმა. კაცმა, რომელსაც ძალა არ შესწევდა საკუთარ მუხანათობას შერიგებოდა, ჟურნალი მოისროლა და გარეთ გავიდა. ორმოს თავზე რძისფერინისლი იფოფრებოდა. ილანდებოდა ღამის ნარჩენები - ჩრდილების მიმოფანტული ნაფლეთები... გავარვარებული ლითონის ძაფივით მოელვარე ნაფლეთები... ორთქლის მბრწყინავ წვეთებად ქცეული მცურავი ნაფლეთები... და ჩრდილების ეს ზღაპრული შეხება ბადებდა ოცნებას, დაუსაბამო ოცნებას. კაცი უყურებდა და ცქერით ვერ ძღებოდა. ყოველი წამი აღსავსე იყო ახალი და ახალი აღმოჩენებით. აქ იყო ყველაფერი - სინამდვილეში არსებული სახეებიცა და ფანტასტიკური, მისთვის სრულიად უცნობი საახეებიც.
კაცი ჩრდილების ამ მორევისაკენ შებრუნდა და შეემუდარა:
- ბატონო სასამართლოს თავმჯდომარევ, გამაცანით ბრალდების შინაარსი! მითხარით, რა არის ასეთი განაჩენის მიზეზები?! ბრალდებული ფეხზე მდგომი ელოდება თქვენს პასუხს!
ნისლიდან მოისმა ხმა. იგი ნაცნობი ეჩვენა. ხომ იყო დახშული, თითქოს ტელეფონის ყურმილში ისმისო.
- ასიდან ერთი ბოლოს და ბოლოს...
- რაო?..
- იაპონიში ასი კაციდან ერთი შიზოფრენიით დაავადებულია - მეთქი.
- უკაცრავად, რაზე ლაპარაკობთ?
- სიტყვამ მოიტანა და კლეპტომანიც ას კაცზე ერთი მოდის...
- კი, მაგრამ რაზე ლაპარაკობთ?
- თუ მამაკაცებს შორის ერთსქესოვანი სიყვარულით ერთი პროცენტია შეპყრობილი, ბუნებრივია, ქალთა შორისაც ასეთი სიყვარული ერთ პროცენტსაც უნდა ჰქონდეს. და თუ ამგვარად გავყვებით - ერთი პროცენტი ცეცხლის წამკიდებლები, ერთი პროცენტი ლოთები, ერთი პროცენტი ფსიქიკურად ჩამორჩენილნი, ერთი პროცენტი სქესობრივი მანიაკები, ერთი პროცენტი განდიდების მანიით შეპყრობილნი, ერთი პროცენტი გამოუსწორებელი თაღლითები, ერთი პროცენტი იმპოტენტები, ერთი პროცენტი ტერორისტები, ერთი პროცენტი შეშლილები...
- გთხოვთ, კმარა ეს აბდაუბდა.
- კარგი, მშვიდად მისმინე. ამას დავუმატოთ სიმაღლის შიში, სიჩქარის შიში, ნარკომანია, ისტერია, მკვლელობის აზრით შეპყრობილნი, სიფილისიანები, გონნაკლულნი... ესენიც თითო-თითო პროცენტი ვიანგარიშოთ და მივიღებთ ოც პროცენტს... და თუ შეგვიძლია ამგვადრვე ჩამოვთვალოთ კიდევ 80 პროცენტი ანომალია... ხოლო ეჭვი არაა, ამის გაკეთება შეიძლება... მაშასადამე, სრულიად ზუსტია, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა ასი პროცენტი არანორმალურია.
- აბა ეს რა სისულელეა! რომ არ იყოს ნორმალურობის რაიმე ეტალონი, შეუძლებელი იქნებოდა არანორმალურობის დადგენაც!
- ეგ რა საჭიროა, მე ხომ უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა...
- დაცვა?..
- კი მაგრამ, შენ თვითონ ხომ საეჭვოა დაიჟინო დამნაშავე ვარო?
- რა თქმა უნდა, არ დავიჟინებ!
- მაშინ უფრო დამყოლი იყავი. რარიგ განსაკუთრებული მდგომარეობა უნდა გქონდეს, არავითარი აზრი არა აქვს თავის ტანჯვას. ადამიანები ვალდებულები არა არიან უცნაური მუხლუხი გადაარჩინონ, მაგრამ არც მისთვის მსჯავრის დადბის უფლება აქვთ...
- მუხლუხი?.. უკანონოდ დაპატიმრების წიააღმდეგ გამოცხადებულმა პროტესტმა რად მაქცია უცნაურ მუხლუხად?
- გულუბრყვილოთ ნუ მოგაქვს თავი... იაპონიაში, დიდი ტენიანობისა და ტემპერატურის ტიპიურ რაიონში, სტიქიურ უბედურებათა ოთხმოცდაშვიდი პროცენტი წყალდიდობების წილად მოდის და ამ პირობებში ქარის მიერ მიმოფანტული ქვიშით მოყენებული ზიანი პროცენტი მეათასედ ნაწილს შეადგენს. ამის გათვალისწინება ნიშნავს საჰარაში წყალდიდობებთან ბრძოლის საგანგებო კანონმდებლობა შემოიღო. სულელური ლაპარაკია!
- ამაზე არც ვლაპარაკობ. ლაპარაკია ჩემს ტანჯვაზე... უკანონო დაკავება ყველაგნ უკანონოა უდაბნოში იქნება ეს თუ ჭაობში!
- აჰ, უკანონო დაკავება... მერედა ადამიანის სიხარბეს ხომ საზღვარი არა აქვს... შენც სოფლის მცხოვრებთათვის გემრიელი ლუკმა ხარ...
- ნეხვიც საჭმელია! მაგრამ ჩემთვის არსებობის აზრი რაღაც უფრო მაღალი რამაა!
- ეს ყოველივე ასეა. მაშასადამე, მიგაჩნია, რომ შენმა სათაყვანო ქვიშამ არ გაგიმართლა?..
- არ გაგიმართლა?..
- გამიგონია, ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებმაც თითქმის ათი წელი II რიცხვის რამდენიმე ასეული ნიშნის სიზუსტით ძებნას შეალიეს... დიდებულია... ალბათ ესეცაა არსებობს აზრი... მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არსებობის ამგვარ აზრს უარყოფ, ბოლოს და ბოლოს თვითონ შემოხეტე ამ ადგილებში.
- ტყუილია! ქვიშასაც აქვს თავისი სრულიად სხვა სახე!.. მაგალითად, განა ის სხმულების ყალიბებისათვის არ იხმარება?.. შემდეგ - აუცილებელი ნედლეულია ბეტონისათვის სიმაგრის მისაცემად... სოფლის მეურნეობაში კვლევითი მუშაობისას იყენებენ აგრეთვე ქვიშის იმ თვისებებს, რომ მას ადვილად შორდება ბაქტერიები და სარეველები... დაბოლოს ჩატარდა ცდები ენზიმების მეშვეობით ქვიშის ნაყოფიერ ნიადაგად გადაქცევისა... ერთი სიტყვით, ქვიშაზე ასე უბრალოდ ვერ ილაპაარკებ...
- როგორ შეიძლება, შენ ყველაფერი თავგამოდებით გადაგყავს შენს ჭკუაზე... მაგრამ თუ შენს თვალსაზრისს უღალატებ, მაშინ აღარ ვიცი რაღა ვირწმუნო ბოლოს და ბოლოს.
- მეზიზღება ძაღლივით ჩაღძუვება.
- განა სულ ერთი არაა... ანკესს მოწყვეტილი თევზი ყოველთვის დაჭერილზე დიდი გვგონია.
- ეშმაკმა დაგლახვროს, ვინა ხარ ბოლოს და ბოლოს?
მაგრამ ნისლის ნაფლეთები მაღლა ავიდა და პასუხი ვერ გაიგონა. ახლა ძირს კონად ჩამოეშვა სინათლის სხივები. კაცი სინათლემ დააბრმავა. კბილი კბილს დააჭირა და დაღლილობას, ყელზე მომდგარი მწებვარე ჭვარტლის კოშტს გარეთ გამოჭრის ნება არ მისცა.
უცებ ყვავმა დაიყრანტალა. კაცს მახე გაახსენდა და გადაწყვიტა სახლის უკან თავისი „ბედისთვის“ დაეხედა. იმის იმედი თითქმის არ ჰქონდა, რომ ყვავს დაიჭერდა, მაგრამ ეს საქმე უფრო საინტერესო იყო, ვიდრე კარიკატურებიანი ჟურნალი.
სატყუარა წინანდებუარად ხელუხლებელი დახვდა. მისვლისთანავე ცხვირში აყროლებული თევზის სუნი ეცა. „ იმედის“ გაკეთების დღიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, შედეგი კი არ ჩანდა. მაინც რა იყო მიზეზი? მახის კონსტრუქცია არ ეეჭვებოდა. ყვავი რომ სატყუარას დაეძგერებოდა, ყველაფერი რიგზე იქნებოდა. მაგრამ ყვავები მისკენ არც კი იხედებოდნენ. აქ კი ვერაფერს გააწყობდი...
ყვავებს მაინც რა არ მოეწონათ „იმედისა“? რომელი მხრიდანაც არ უნდა შეგეხედა მისთვის, საეჭვოს ვერაფერს შეატყობდი. ყვავები საერთოდ იმით გამოირჩევიან, რომ ადამიანის მიერ დატოვებულ ნარჩენებზე ნადირობისას სულ მისი საცხოვრებლის გარშემო ტრიალებდნენ და მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენენ. ადამიანს თითქოს მოთმინებაში ეჯიბრებიან. ვიდრე მათ შეგნებაში ამ ორმოს აყროლებული თევზი რაღაც სავსებით ჩვეულებრივ რამედ არ იქცევა... ისე, თავშეკავება სრულიად არ ნიშნავს მარცხს... პირიქით, როცა მოთმინებას ისე აღიქვამ, როგორც მარცხს, ნამდვილი მარცხი სწორედ მაშინ იყწება. აკი ამიტომაც აირჩია სახელწოდება „იმედი“. კეთილი იმედის კონცხი გიბრალტარი კი არა, კეიპტაუნია...
კაცი ლასლასით შევიდა სახლში... ისევ დადგა ჟამი ძილისა.
29
როცა ქალმა კაცი დაინახა, ლამპა ჩააქრო, თითქოს ეს ახლა გაახსენდაო, და კართან გადაჯდა. აქ უფრო მეტი სინათლე იყო. ნუთუ ქალი ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას? კაცს უცებ საოცრად მოუნდა რაღაცის გაკეთება. მივარდა ქალთან და მუხლებიდან მძივებიანი კოლოფი გადაუგდო. რომელიღაც მცენარის შავი ბურთულები სოხანეზე გაიფანტა და ერთ წამში ქვიშაში ჩაიმალა. ქალი სიტყვის უთქმელად, შიშნეულად უცქეროდა. კაცი გამოლენჩებული იდგა. მის დარბილებულ ტუჩებს ყვითელ ნერწყვთან ერთად საცოდავი კვნესა მოწყდა.
- უსარგებლო რამაა... ძალის ზედმეტი ხარჯვაა... სრულიად უსარგებლო ლაპარაკია... შენ უკვე მოწამლული ხარ...
ქალი წინანდებურად დუმდა. მშვიდად მარცვლავდა ძაფზე აცმულ მძივებს. მძივები ჟელეს ნაკუწებივით ბზინავდა. კაცს შეაცივა: კაკალი ქვემოდან, ფეხებიდან სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა.
- დიახ, ამას წყალი არ გაუვა. მალე უკვე რაიმეს შეცლა შეუძლბელი იქნება. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ სოფელში აღარავინ დარჩა ჩვენ გარდა... ჩემთვის ყველაფერი გადაგებია... მართალია... მართალია... ახლა ეს მოგველის, თანაც ძალზე ჩქარა... ხოლო როცა მივხვდებით, რომ გვიმუხთლეს, გვიან იქნება... ჩვენ მიერ დახარჯული მთელი ძალ-ღონე მათ ფეხებზე ჰკიდიათ...
ქალი თვალს არ აშორებდა ხელებში ჩაბღუჯულ მძივებს და ნელა აქნევდა თავს.
- არა, ეს არ მოხდება. როგორ იცხოვრებენ, აქედან რომ წავლენ; მაშინვე ხომ ვერ მოეწყბი სამუშაოზე?..
- კი, მაგრამ სულ ერთი არაა. განა აქ არსებობა თუნდაც რამეთი ჰგავს ცხოვრებას?
- მაგრამ არის ქვიშა, ამიტომაც...
- ქვიშა? - კაცმა კბილი კბილს დააჭირა, ნიკაპი ასწია. - ქვიშა რისი მაქნისია? მით გროშს ვერ იშოვი, მხოლოდ ცხოვრებას ამძიმებს.
- არა მას ჰყიდიან.
- ჰყიდიან?.. ვინ ყიდულობს?
- აი, იქ, მშენებლობაა თუ რაღაც.. ბეტონს უმატებენ...
- მოეშვი ხუმრობას! კარგი კი იქნება, თუ ამ ქვიშას ცემენტში ამატებენ, ის ხომ მთლად მარილიანია. ჯერ ერთი, ეს იქნება სამშენებლო კანონების თუ ინსტრუქციების დარღვევა...
- ჰო, რა თქმა უნდა, ალბათ საიდუმლოდ ყიდიან... ნახევარფასად მიაქვთ...
- რა ყველაფერს როშავ, რაც თავში მოგივა! საძირკველი ან კაშხალი რო ინგრევა, მათ ვერ უშველის ქვიშა ნახევარფასად შეიძინეს თუ მუქთად!
ქალმა მწყრალად შეხედა. შემდეგ თვალები დახარა, კილოზე უკვე მორჩილება აღარ ეტყბოდა.
- მერე ჩვენ რა, განა სულ ერთი არაა? ეს საქმე ჩვენ არ გვეხება და ცხვირი არ უნდა ჩავყოთ!
კაცი გაოგნდა. გასაოცარი იყო ქალში მომხდარი ცვლილება. მას თითქოს ნიღაბი ჩამოცილდა სახიდან. ეს იყო სოფლის სახე, ქალის სახით წარმომდგარი კაცის წინაშე. აქამდე კაცისთვის სოფელი იყო მხოლოდ ჯალათი, ანადა უგუნური მტაცებელი მცენარე, ღორმუცელა აქტინიუმი. ხოლო თავისი თავი უბედურ, შემთხვევით შეპრობილ მსხვერპლად მიაჩნდა. სოფლის მცხოვრებნი კი ფიქრობდნენ, რომ სწორედ თვითონ იყვნენ ყველას მიერ მიგდებულნი და მიტოვებულნი. ბუნებრივია, დანარჩენი სამყაროს მიმართ არავითარ მოვალეობას არ გრძნობდნენ. მაშასადამე, ვინაიდან კაცი მიეკუთვნებოდა ადამიანებს, რომელნიც სოფლელებს ზიანს აყენებდნენ, სოფელი ამიტომ მასთან იყო დანასისხლად. კაცს ასე არასოდეს უფიქრია მისი და სოფლის დამოკიდებულებაზე. გასაკვირი არაა, რომ სოფლელნი დაიბნენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უკან დახევა ნიშნავდა, თვითონ უარეყო საკუთარი სიმართლე.
- იქნებ მართლაც არ უნდა შეიწუხო თავი სხვების გულისთვის. - კაცი აღელვებული წამოიწია. - გაიძვერულ ვაჭროაში ხომ ვიღაც მაგრად იხვეჭს, ჰა?.. არ შეიძლება ამ ტიპებისთვის ისწავლო...
- არა, ქვიშის გაყიდვა არტელის საქმეა.
- კი... მაგრმ სულ ერთია, ბოლოს და ბოლოს ვისაც მეტი აქცია აქვს, ვინც მეტი ფული დადო, იგი...
- ვისაც სანდალის საყიდელი ფული ჰქონდა, კარგა ხანია აქედან წავიდა... მაგრამ ჩვენ ძალზე კარგად გვექცევიან... ასე ეს, არ გვატყუებენ... თუ გგონიათ, სწორს არ ვამბობ, იმათ უთხარით ჩანაწერები გიჩვენონ, და მაშინვე გაგიგებთ ყველაფერს.
კაცი დაბნეული, აღელვებული იდგა. უცებ საცოდავ და უმწეო არსებად წარმოიდგინა თავი. ოპერაციის რუკა, სადღაც შენი და მოწინააღმდეგის ჯარები სხადასხვა ფერით იყო აღნიშნული, გაურკვეველი ფერის რაღაც გამოუცნობ სურათად იქცა, რომელზეც არაფრის გარჩევა არ შეიძლება. არც ღირდა ამ კარიკატურებიანი ჟურნალის გამო ასე მოეშალა. აქ არავის აღელვებს, სულელური სიცილი აგვიტყდება თუ არა.. კაცი ალუღლუღდა, ძლივს აბრუნებდა ენას.
- აბა... ჰო, რა თქმა უნდა... სხვისი საქმეები.. სწორია...
შემდეგ ისეთი სიტყვები წამოისროლა, მისთვისაც მოულოდნელი იყო და ადრე ნათვქვამს არ უკავშირებდა.
- ახლავე უნდა ვიყიდოთ ქოთანი რომელიმე მცენარითურთ... - კაცი თავად განცვიფრდა, მაგრამ ქალს უფრო მეტად შეფიქრიანებოდა სახე და კაცს უკვე არ შეეძლო უკან დაეხია. - ირგვლივ ყველაფერი ჩამკვდარია, თვალსაც კი ვერ დაასვენებ...
ქალმა მღელვარებით მიუგო:
- იქნებ ფიჭვი გვეყიდა?
- ფიჭვი?.. არა, ფიჭვი არ მიყვარს... საერთოდ, სულ ერთია რაც იქნება, თუნდაც რაიმე ბალახი იყოს... კონცხის მახლობლად ბევრი ხარობს, რა ჰქვია?
- მგონი, წყლის ბამბა. მაგრამ იქნებ პატარა ხე სჯობდეს, ჰა?
- თუ ხეს დავრგავთ, შეიძლება, ნეკერჩხალი ანდა წვრილტოტებიანი და დიდფოთლებიანი ხებუერა დავრგოთ... რომ ქარში ირხეოდეს...
ირხეოდეს... ფოთლების მთრთოლვარე კუნწულები. გაქცვა რომ მოინებო, ვერ გაიქცევიან - ზროს მაგრად არიან მიმაგრებულნი...
კაცმა წყვეტილად დაიწყო სუნთქვა, თუმცა საამისო არაფერი სჭირდა. ლამის ტირილი წასკდომოდა. სწრაფად დაიხარა სოხანესკენ, სადაც მძივები იყო მიმოფანტული, და ქვიშაში უგერგილოდ დაიწყო ხელის ფათური.
ქალი აჩქარებით წამოდგა.
- არა უშავს, არა უშავს. მე თვითონ... საცრით სწარაფდ გავცრი.
30
ერთხელ კაცი როცა საჭიროების გამო სახლის უკან გავიდა და ორმოს ნაპირას თავზე ჩამოკიდებულ ნაცრისფერ მთვარეს გახედა (მთვარე ისე ახლო ჩანდა, გეგონებოდა, ხელით შეწვდებიო), მოულოდნელად ძლიერ შეაცივა. იქნებ, გაცივდა?.. ო, არა, ეს გაციებას არ ჰგავდა. მისთვის ბევრჯერ შეუციებია სიცხის აწევამდე, მაგრამ ახლა რაღაც სხვა იყო: ჰაერი სუსხიანი არ მოსჩვენებია, კანი ხორკლით არ დაფარვია. კაკალს კანში კი არა, სადღაც ძვლებში გრძნობდა. კაკლი წყალში ჩაგდებული ქვის მიერ გაჩენილი ჭავლივით წრეებად იშლებოდა. ყრუ ტკივილი ძვლიდან ძავალს გადაეცემოდა და დაყუჩებას პირი არ უჩანდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სხეულში ქართან ერთად დაჯანგული თუნუქა შეეჭრა და იქ დახრიგინობდა.
ვიდრე ასე, ერთიანად აკანკალებული იდგა და მთვარეს უცქერდა, თავში სრულიად მოულოდნელი ასოციაციები გაუჩნდა. რას ჰგავს ეს ბრტყელი მთვარე? დაშარშული იარაა, რომელსაც აქა-იქ მსხვილი ფქვილი აყრია... გამომხმარი იაფფასიანი საპონი... ან იქნებ ალუმინის მრგვალი ობმოკიდებული სასაუზმე კოლოფია... ცენტრის ახლოს კი სრულიად წარმოუდგენელი სახეები ჩანს. თავისქალა... ყველა ქვეყანაში შხამის საერთო ემბლემა... მწერებისათვის განკუთვნილი ბოთლის ფსკერზე ფხვნილმიყრილი თეთრი კრისტალები... საოცრად ჰგავს ერთმანეთს მთვარის ზედაპირი და კალიუმციანიდის აორთქლების შემდეგ დარჩენილი კრისტალები. ეს ბოცა ალბათ ისევ დგას კართან ქვიშით დაფარული...
გული ჩოგბურთის გაბზარული ბურთივით წყვეტილად აუძგერდა. რა უბადრუკი ასოციაციებია, რატომ ფიქრობს ნიადაგ ასეთ ავბედით რამეებზე? ოქტომბრის ქარში ისედაც მწუხარება და სასოწარკვეთილება გამოსჭყივის და ქარი ზუზუნით დაქრის, თითქოს გამოღრუებული ჭოტისაგან გაკეთებულსალამურს უკრავსო. მთვარის მიერ ოდნავ განათებული ფლატის ნაპირისაკენ თვალმოპყრობილმა გაიფიქრა, იქნებ ჩემ მიერ განცდილი გრძნობა - თითქოს შიგნით ყველაფერი გამობუგული მაქვს, უბრალოდ შურიო. შური ყოველივე იმის მიმართ, რაც მაღლა დატოვა, - შური ქუჩების, ტრამვაების, გზაჯვარედინების შუქნიშნების, ტელეფონის ბოძების რეკლამის, მკვდარი კატის, სიგარეტებით მოვაჭრე აფთიაქის მიმართ. როგორც ქვიშამ შთანთქა სახლის კედლებისა და ბოძების გული, შურმა ასევე გამოღრღნა მისი შიგნეული და ანთებულ ღუმელზე დატოვებულ ცარიელ ქვაბად იქცა. ქვაბის ტემპერატურა წამისწამად იზრდება, სიცხე აუტანელი ხდება და შეიძლება ქვაბები აგერ-აგერ გადნეს. და ვიდრე იმედზე დაიწყებოდეს ლაპარაკი, დგება საკითხი: როგორ გადაილახოს ეს წამი და საჭიროა თუ არა მისი გადალახვა?
მინდა უფრო მსუბუქი ჰაერი! თუნდაც უფრო სუფთა, შეურეველი იმ ჰაერთან, რომელსაც მე ვსუნთქვ! შესაძლებელი რომ ყოფილიყო ფლატეზე ასულს დღეში ერთხელ ნახევარი სააათით მაინც მეცქირა ზღვისთვის, ო, რა დიდებული რამ იქნებოდა! ამის ნება კი შეიძლება მოეცათ.
სოფელი კაცს ძალზე მკაცრად დარაჯობს. მისი სურვილი სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს რომ აგერ კეთილსინდისიერად მუშაობდა უკანსკნელ სამ თვეს. რა მოხდა, პატიმარსაც კი აძლევენ სეირნობის ნებას.
- აუტანელია ასე, ქვიშაში ცხვირწარგულმა იცხოვრო მთელი წელიწადი. ეს ცოცხლად დაკონსერვებას ნიშნავს. ნუთუ ნებას არ დამრთავენ, თუნდაც ხანდახან გავისეირნო ორმოს მახლობლად?
ქალი პასუხს ვერ აძლევდა, დუმდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს არ იცოდა რა ექნა ბავშვისთვის, რომელმაც კანფეტი დაკარგა და ჭირვეულობდა.
- აბა ერთი თქვან არ შეიძლებაო! - კაცი გაბრაზდა. მან ისევე გაიხსენა საძულველი თოკის კიბე, აგრერიგად მწარე მოგონებებს რომ აღუძრავდა. - როცა იმ დღეს გავრბოდი, თოკის კიბეები საკუთარი თვალით ვიხილე... ჩვენს რიგშიც არის რამოდენიმე სახლი, სადაც კიბეებია ჩამოკიდებული!
- კი, მაგრამ... - ქალი გაუბედავად ლაპარაკობდა, თითქოს თავს იმართლებდა, - ამ სახლებში მერემდენე თაობა ცხოვრობს?
- რაო, მათ ჩვენი იმედი არა აქვთ?!
ქალმა მორჩილად დახარა თავი, თითქოს ყველაფრისთვის მზადმყოფი ძაღლი იყო. კაცს რომ მის წინ კალიუმციანიდი დაელია, ალაბთ ასევე მორჩილად დაიდუმებდა ენას.
- კეთილი, ვეცდბი თვითონ მოველაპარაკო ამ გათახსირებულებს!
თუმცა სულის სიღრმეში განსაკუთრებული იმედი არ ჰქონდა, რომ მოლაპარაკება კეთილად დამთავრდებოდა. გულგატეხილობა მისთვის ახალი ხილი არ იყო. ამიტომ, როცა იგივე ბერიკაცი ქვიშის მზიდავებთან ერთად მოვიდა და პასუხი მოიტანა, ცოტა არ იყოს დაიბნა კიდეც.
მაგრამ დაბნეულობა არასგზით არ შეედრებოდა იმის, რაც პასუხის გააზრების შემდეგ განიცადა.
- მაშ კარგი... - მოხუცი ლაპარაკობდა ნელა, ენის ბორძიკით, თითქოს გონებაში ძველ ქაღალდებს ფურცლავსო. - ეს, აი, საერთოდ, რომ სრულიად მართლაც არ შეიძლებოდეს მოლაპარაკება, ასე არაა... მე, მაგალითად, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ თქვენ ორნი გამოხვალთ სახლიდან და ჩვენ წინაშე, ყველას წინაშე,... გააკეთებთ ამას, ხოლო ჩვენ ვუყურებთ... ჰო, თორემ რასაც თქვენ ითხოვთ, ეს სწორია, ამის გაკეთება შეიძლება, კი ბატონო...
- მერედა, რა უნდა გავაკეთოთ?
- აი, ეს... როგორაო, დედალი და მამალი რომაა, ხომ? წყვილდებიან... აი, ასე.
ქვიშის მზიდავებმა უცნაურად გადაიხარხარეს. კაცი გაქვავადა, თითქოს ყელში წაუჭირეს. ძლივსძლივობით დაიწყო იმის მიხვედრა, რომ ნათქვამი ესმოდა, რას ეუბნებოდნენ. დაიწყო მიხვედრა, რომ ნათქვამი ესმოდა, და, როცა მიხვდა, წინადადება არც ისე საზარელი ეჩვენა.
ჯიბის ფარნის შუქმა ოქროს ფრინევლივით გაიფრინა კაცის ფეხებთან. ეს რაღაცის ნიშანი იყო. პირველი ფარნის კვალდაკვალ შვიდი თუ რვა ფარნის შუქი დატრიალდა ორმოს ფსკერზე. ზემოთ მდგომთა ამ მოუთმენლობით სულდამძიმებულ კაცს სიტყვები ვერ მოეძებნა წინადადების უარსაყოფად და თითქოს თვითონ გადაედო მათი სიგიჟე.
კაცი ნელა შემობრუნდა ქალისაკენ. ქალი ეს-ესაა თავის ნიჩაბს იქევდა აქ, მაგრამ ახლა სადღაც გამქრალიყო. იქნებ სახლში შევარდა? კაცმა კარებში შეიხედა და დაუძახა:
- რა ვქნათ?
კედლის მიღმიდან მოისმა დახშული პასუხი:
- ჯანდაბას მაგათი თავი!
- კი, მაგრამ ხომ უნდა გავიდეთ აქედან:
- ასე არ შეიძლება!
- ჰო, კარგი, ამ ამბავს უფრო მარტივად უნდა შევხედროთ...
უცებ ქალი სულშეგუბებული მიუახლოვდა.
- თქვენ, რა, შეირყიეთ?.. ნამდვილად გაგიჟდით... პირდაპირ ჭკუა დაკარგეთ! აბა, განა შეიძლება ასეთი რამის გაკეთება!.. მე ხომ შეშლილი არა ვარ!
შეიძლება, მართალიცაა!.. შეიძლება, ნადვილად გავგიჟდი?..
ქალის მძვინვარემ კაცი აიძულა ქედი მოეხარა, მაგრამ სულში რაღაც სიცარიელე ეზრდებოდა და უფართოვდებოდა... ის უკვე იმდენჯერ დაწიხლეს, რა აზრი ჰქონდა ახლა პატიოსნებას, ღირსებას?.. როცა გიცქერიან, შენ კი რაღაც სისაძაგლეს აკეთებ, ეს სისაძაგლე თანაბრად ლაფში სვრის მაცქერებლებსაც... შენ რომ გხედავენ და შენ რომ ხედავ, ამ ორ ცნებას შორის ზღუდის აღმართვა უაზრობაა... ისინი ერთმანეთისაგან, რა თქმა უნდა, ერთგვარად განსხვავდებიან, მაგრამ ეს განსხვავება რომ გაქრეს, სოფლელებს ამ პატარა წარმოდგენას მოვუწყობ... უნდა ვიფიქრო იმაზეც, რა ჯილდოს მივიღებ სანაცვლოდ!.. დედამიწაზე თავისუფლად სეირნობის უფლებას!.. მინდა თავი დავაღწიო აშმორებულ ჭაობს და ლაღად ვისუნთქო!
კაცმა განსაზღვრა რას იმყოფებოდა ქალი, და მულოდნელად ეცა. ქალის კივილს ერთანეთს გადანასკვული სხეულების ძირსდაცემის ხმას მაღლა სახლის კედლის მახლობლად ცხოველური აღტკინება მოჰყვა. გაისმა სტვენა, ტაშის ცემა, ავხორცული შეძახილები... ადამიანთა რაოდენობამ მაღლა მნიშვნელოვნად იმატა, მათ შორის მგონი ახალგაზდა ქალებიც იყვნენ. სახლის კარზე მორიალე ფარნების რიცხვი სამჯერ გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველად იყო.
კაცმა იმის წყალობით, რომ ქალს მოულოდნელად ეძგერა, იგი გარეთ გამოათრია. კისერში ხელი წაუჭირა და ქალი ტომარასავეთ მოიჩვარა. ორმოს თავზე ფარნების ნახევარწრე სადღესასწაულო ილუმინაციას ჰგავდა. თუმცა მაინც და მაინც არ ცხელოდა, კაცს იღლიებიდან ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა, თმა დაუსველდა, თითქოს ერთი გოვზა წყალი გადაასხესო. მაყურებელთა კივილი ექოსავით დაირხა ყურებში და ვეება შავი ფრთებით მოედო ცას. კაცს ეჩვენებოდა, რომ ეს მისი ფრთები იყო. ამ დაძაბულად მაცქერალ ადამიანებს ისევე ცხადად შეიცნობდა, როგორც საკუთარ თავს. მაღლა მდგომნი მისი ნაწილი გახლდათ. მათ მისი სურვილით სდიოდათ ნერწყვი და საკუთარი თავი უკვე მსხვერპლად კი არა, უფრო ჯალათების წარმოუდგენლად მიაჩნდა.
ბნელოდა, ხელები უკანკალებდა, თითებიც თითქოს ორჯერ დაუმსხვილდა. როცა ბოლოს და ბოლოს ქალს ხელები შემოხვია, ქალი მოიხარა და მარჯვედ დაუსხლტა. კაცი გაედევნა, ფეხები ქვიშაში ეფლობოდა, ქალმა კვლავ მოისროლა ფოლადის ზამბარასავით. ბოლოს კაცმა დაიჭირა და ვედრება დაიწყო:
- გთხოვ... გემუდარები... მე ხომ სულერთია არ შემიძლია... მოდი, ისე მოვიქცეთ, თითქოს ვაკეთებთ...
ქალს კი უკვე მისი დაჭერა არ სჭირდებოდა, ეტყობა, გაქცევის სურვილი დაეკარგა. უცებ კაცს ქსოვილის გახევის ხმა შემოესმა, იმავე წამს ქალმა იდაყვი მთელი ძალით ჰკრა მუცლის ქვემოთ, ამ დარტყმაში ჩააქსოვა მთელი თავისი ბოღმა, მთელი თავისი სხეულის სიმძიმე. კაცი უხმოდ მოიკაკვა და მუხლებზე ხელები მოივლო. ქალი მისკენ დაიხარა და მუშტები დასცხო სახეზე. ერთი შეხედვით თითქოს დონდლოდ მოძრაობდა, მაგრამ ისე მაგრად ურტყამდა, იფიქრებდით, მარილის დანესტიანებულ და დაზერგნილ გუნდებს უბათქუნებსო. კაცს ცხვირიდან სისხლი წასკდა. სისხლს ქვიშა მიეკრა და მისი სახე გუნდად იქცა.
ზემოთ აღტკინება ჩხირებმომტვრეულ ქოლგასავით დაიფუშა. ერთმანეთში აირია აღშფოთების, დაცინვის, გამხნევების შეძახილები, მაგრამ ეს იყო შეუწყობელი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი შეძახილები. არც მთვრალის უწმაწურ შეძახილებს შეეძლო მაყურებელთა განწყობილების გამოკეთება. ვიღაცამ ქვევით რაღაცა ესროლა, მაგრამ მეორემ მაშინვე გალანძღა. დასასრული ისევ მოულოდნელი იყო, როგორც დასაწყისი. შორიდან გაისმა ძახილი, რომელიც სამუშაოდ მოუწოდებდა ხალხს. სინათლეთა გრძელი კუდი ისე ინთქმებდა, თითქოს იგი მაღლა ასწიესო. და მხოლოდ ჩრდილოეთის მწუხარე ქარი უბერავდა და აღტყინების უკანასკნელ ნიშან-კვალს შლიდა.
ნაცემი და ქვიშით დაფარული კაცი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ეს აზრი სადღაც ცნობიერების კუნჭულში უბჟუტავდა. მისი ცნობიერება კი მოგაგონებდათ ოფლით გაჟღენთილ საცვალს, რომლის შიგნითაც მხოლოდ გულის ფეთქვა იყო მტკივნეულად მკაფიო. ქალის ცეცხლივით მწველი ხელები იღლიებში ეწყო და მისი სხეულის სუნი ეკალივით სცემდა ცხვირში. მოეჩვენა თითქოს ქალის ალერსიან ხელებში ისე იწვა, როგორც პატარა კენჭი მშვიდი მდინარის კალაპოტში.
31
გავიდა ქვიშისა და ღამის ერთფეროვანი კვირები.
ყვავები წინანდებურად ზედ არ უყურებენ „იმედს“ სატყუარა გახმობილი თევზი - უკვე აღარ იყო გახმობილი თევზი. ყვავი ვერ მოხიბლა, მაგრამ ბაქტერიები ეტყობა ნაკლებ მომთხოვნი იყვნენ, და ერთ დილას, როცა კაცა სატყუარას ჯოხის ბოლო ჰკრა, დაინახა, რომ თევზისაგან მხოლოდ კანი დარჩენილიყო, დანარჩენი შავ მწებვარე ლაქად ქცეულიყო. კაცმა სატყუარა შეცვალა და გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეემოწმებინა თავისი მოწყობილობა - ხომ არ გაფუჭებულაო. ქვიშა გადასწია, კასრს სახურავი ახადა და გაოცებისაგან გაქვავდა. კასრის ფსკერზე წყალი დაგროვებულიყო, სულ ათიოდე სანტიმეტრი, მაგრამ თითქმის სრულიად გამჭვირვალე, იმ ჟანგიან წყალზე გაცილებით სუფთა, რომელიც ყოველდღე მოჰქონდათ მათთვის. განა ბოლო ხანებში წვიმდა?.. არა, სულ ცოტა ორი კვირა არ გაწვიმებულა.. მაშინ იქნებ წყალი ადრე მოსული წვიმისაა?.. კაცს უნდოდა ასე ეფიქრა, მაგრამ ის აცბუნებდა, რომ კასრს გასდიოდა. მართლაც როცა კასრი ამოიღო, წყალი ფსკერიდან გამოვიდა, ვინაიდან ასეთ სიღრმეზე არ შეიძლებოდა წყარო ყოფილიყო, ფიქრობდა, რომ კასრიდან გამავალი წყალი სულ საიდანღაც ნაზღაურდებოდა. ყოველ შემთხვევაში თეორიულად ასე იყო. მაგრამ საიდან ნაღაურდებოდა ამ საოცრად გამომშრალ ქვიშებში?
კაცი ძლივს იკავებდა სულ უფრო მზარდ მღელვარებას. პასუხად შეიძლება წარმოედგინა მხოლოდ ერთი რამ - ქვიშის კაპილარობა. ქვიშის ზედაპირი დიდი ხვედრით თბოტევადობის გამო ჩვეულებრივ გამომშრალია. მაგრამ ცოტას ჩააღრმავებ და იქ ყოველთვუს ტენი აღმოჩნდება. უთუოდ იმიტომ, რომ აორთქლება ქვიშის ზედაპირიდან ტუბოსავით მოქმედებს, ტენი ამოაქვს ქვედა ფენებიდან. თუ ამას წარმოიდგენ, ადვილად დიუნებიდან დილა-საღამოს რატომ წამოიშლება ხოლმე ბარაქიანი ნისლი, რატომაა უჩვეულო ტენი, რომელიც ხის კედლებს და დირეებს უჯდება და ალპობს მათ. ბოლოს და ბოლოს ქვიშის სიშრალე უბრალო წყლის უკმარისობის შედეგი კი არაა, არამედ უფრო იმისა, რომ ქვიშის მიერ კაპირალებით ტენის შეწოვა არასდროს არ უტოლდება აორთქლების სიჩქარეს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით წყლის შევსება ქვიშაში უწყვეტად ხდება, ოღონდ ეს ცირკულაცია ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რაც წარმოუდგენელია ჩვეულებრივ ნიადაგში. ალბათ იმედმა სადღაც დაარღვია წყლის ცირკულაცია. ეტყობა, კასრის მდებარეობა, კასრსა და სახურავს შორის არსებული ღიობის სიგანემ ქვემოთ ჩაჟონილ წყალს აორთქლების საშუალება არ მისცა და იგი ფსკერზე დაგროვდა. რას წამოადგენდა ეს მდებარეობა და ყველაფერი ეს როგორ უკავშირდებოდა ერთმანეთს, კაცს არ შეეძლო ზუსტად აიხსნა, მაგრამ გულმოდგინე შესწავლის შემდეგ უსათუოდ მოახერხებდა თავისი ცდის გამეორებას და გამორიცხული არაა, რომ წყლის მოსაგროვებლად კიდევ უფრო ეფექტურ ნაგებობას გააკეთებდა.
ცდები რომ კეთილად დასრულდეს, ქედს არ მოუხრის სოფლელებს, თუ წყლის მოტანას შეუწყვეტენ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა: ეტყობა, მთელი ქვიშა უზარმაზარი ტუმბოა. კაცს ეჩვენებოდა, რომ წყლის შემწოვ ტუმბოზე იჯდა და აბორგებული გულის დასამშვიდებლად ჩაიმუხლა, სული მოითქვა. ჯერჯერობით ამის შესახებ კრინტი არავისთან არ უნდა დაეძრა. რაიმე რომ მომხდარიყო, ეს ტუმბო მისთვის მნიშვნელოვანი იარაღი იქნებოდა.
კაცმა სიხარულის სიცილი ვერ შეიკავა. მართალია, „იმედის“ შესახებ კრინტი არ დაეძრა, მაგრამ გულის აღმვსები სიამაყის დამალვა ერთობ ძნელია და მოულოდნელად წვრილი ხმით დაიყვირა, ქალს, რომელიც ლოგინს შლიდა, უკნიდან ხელები შემოხვია, ქალი დაუსხლტა, თვითონ კი ზურგით დაეცა და სიცილი აუტყდა, ფეხებს აქანავებდა, თითქოს მსუბუქი გზით ავასებული ქაღალდის ბურთი მუცელზე უღიტინებდა. ეჩვენებოდა, რომ სახესთან მიტანილი ცალი ხელი თავისუფლად დაცურავდა ჰაერში.
ქალიც იცინოდა, მაგრამ როგორღაც ძალდატანებით, უბრალოდ იმიტომ, რომ კაცისთვის გუნება არ გაეფუჭებინა. კაცი გონებაში ქვიშის მარცვლებს შორის ვიწრო შუალედებში ვერხლისფერი ძაფებივით ზემოთ ამომავალი მიწისქვეშა ნაკადულების თვალუწვდენელ ანკარა ქსელს ხედავდა, ქალის ფიქრი კი სხვა რამეს - სქესობრივ აქტს, მისწვდა, რომელიც ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მაგრამ კარგი. მხოლოდ გემის დაღუპვისას სასწაულით გადარჩენილს შეუძლია გაიგოს იმ ადამიანის ფსიქოლოგია, ვისაც უკვე იმისთვის ეცინება, რომ სუნთქავს.
წინანდებურად ორმოს ფსკერზე მყოფ კაცს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მაღალ კოშკზე ავიდა. შეიძლება მთელი ქვეყნიერება ყირამალა დადგა და მაღლობებმა და დაბლობებმა ადგილები შეცვალეს. ასე იყო თუ ისე, ქვიშაში წყალი იპოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სოფლის მცხოვრებლები ასე უბრალოდ ვეღარ გაუსწორდებოდნენ. დაე, წყალს ნუ მოიტანდნენ, უიმათოდ იოლას წავიდოდა, რამდენი ხანიც უნდა ყოფილიყო და, როგორც კი წარმოიდგენდა, რარიგ აწრიალდებოდნენ სოფლელები, იმწამსვე დაუოკებელი ხარხარი აუვარდებოდა. მართალია, კვლავ ორმოში იყო, მაგრამ ეჩვენებოდა, თითქოს თავი დააღწია მას. შემდეგ კი, როა მიმოიხედა, მთელი ორმო თვალნათლივ დაინახა. ასეა. ძალიან ძნელია მოზაიკაზე მსჯელობა, თუ მას შორიდან არ უცქირეთ. ახლოს მისულს დეტალები დაგაბნევთ ერთ დეტალს მოაშორებთ თვალს და მეორეზე წაიბორძიკებთ. აქამდე მხოლოდ ცალკეულ ქვიშის მარცვლებს ხედავდა და არა ქვიშას.
კაცს იგივე შეეძლო ეთქვა იმ სხვა, მეორე ქალზე და თავის თანამშრომლებზე. აქამდე იხსენებდა მხოლოდ ცალკეულ უმნიშვნელო დეტალებს, მის წარმოსახვაში უჩვეულოდ გადიდებულს: გათქვირებული ცხვრის ნესტოებს... დაღმეჭილ ტუჩებს... სწორ, თხელ ტუჩებს... ბლაგვ თითებს... წვრილ თითებს... ვარსკვლავებს თვალებში... გრძელ მეჭეჭს ლავიწქვეშ... მკერდზე მოდებულ ლილისფერ ძარღვებს... პირდაპირ, ახლოდან რომ უცქერი, ეს ყველაფერი გულისამრევია, მაგრამ შორიდან პატარა გეჩვენება, პაწაწა მწერის ოდენა. აი, იქ, შორს, თანამშრომლები ფუთფუთებენ, ჩაის სვამენ სამასწავლებლოში, ხოლო იქ, კუთხეში ის ქალია, შიშველი წევს ნესტიან ლოგინში, თვალები მოუჭუტავს, არ ინძრევა, თუმცა სიგარეტიდან საცაა ფერფლი ჩამოუვარდება. კაცი ყოველგვარი შურის გარეშე ფიქრობდა ამ პატარა მწერებზე, თითქოს ესენი ნამცხვრის ყალიბები იყვნენ, რომელთაც გარსი აქვთ, მაგრამ შიგნით ცარიელნი არიან. და რა საჭიროა ისეთი ფანატიკოსი მეღვეზელე იყო, დაჟინებით აცხო ნამცხვარი, რომელსაც არავინ გთხოვს, აცხო მხოლოდ იმისთვის რომ ყალიბები გამოიყენო? თუ კაცს კიდევ ერთხელ მოუწევს სოფლელებთან ურთიერთობს გაბმა, სულ თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. ქვიშაში მომხდარი ცვლილებები იმავე დროს თვით კაცში მომხდარი ცვლილებებიც იყო. ქვიშაში წყალთან ერთად მან ახალი ადამიანი აღმოაჩინა.
ამრიგად, მის ყოველდღიურ სამუშაოს წყლის მოსაგროვებელ ნაგებობაზე მუშაობაც მიემატა. გროვდებოდა ციფრები და დიაგრამები, იძებნებოდა ადგილი, სადაც კასრი უნდა ჩაფლულიყო... იძებნებოდა კასრის მოყვანილობა... კავშირი მზის ნათების დროსა და წყლის დაგროვების სიჩქარეს შორის... რა გავლენას ახდენდა ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა ნაგებობის ეფექტურობაზე? ქალი ვერა და ვერ ხვდებოდა, ასე რატომ ეჯახირებოდა კაცი ყვავების დასაჭერ მახეებს. თავს ირწმუნებდა: ვერც ერთი კაცი რაიმე სათამაშოს გარეშე ვერ ძლებს და თუ ამას ჩხირკედელაობა კმაყოფილებას ანიჭებს, ჩინებულიაო. ამას გარდა კაცმა რატომღაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ქალის საოჯახო საქმიანობის მიმართ. აქაც ცუდი არაფერია, დაე, თავი გაირთოსო. მაგრამ კაცსაც ჰქონდა თავისი მოსაზრებანი და მოტივები მისი გამოკვლევა მოულოდნელად სერიოზულ დაბრკოლებას წააწყდა, მთელი რიგი პირობების შეპირისპირება, შეთანხმება მოითხოვა. თუმცა შეკრებილი მასალების რაოდენობა იზრდებოდა, ვერაფრით ვერ პოულობდა კანონზომიერებას, რომელიც ამ მასალებს მწყობრ სისტემაში გააერთიანებდა. ამასთანავე, ზუსტი მასალის მისაღებად აუცილებლად უნდა ჰქონოდა რადიომიმღები, რათა ამინდის ცნობები და პროგნოზები მოესმინა. ასე გახდა რადიომიმღები ორივეს საერთო მიზანი.
ნოემბრის დამდეგს კასრში ყოველდღიურად ოთხ-ოთხი ლიტრი წყალი გროვდებოდა, შემდეგ კი დღითიდღე უფრო ნაკლები. იქნებ ტემპერატურის გავლენით? მაგრამ ცდების მთელი სისრულის ჩასატარებლად, ეტყობა, გაზაფხულს უნდა დალოდებოდა. დადგა ხანგრძლივი მკაცრი ზამთარი და ჰაერში ქვიშასთან ერთად ყინულის ნამცეცებიც დატრიალდა. კაცმა შედარებით კარგი მიმღების ყიდვის მიღების მიზნით, გადაწყვიტა ქალს ცოტათი დახმარებოდა, ორმოსაც ჰქონდა თავისი უპირატესობა - შიგ ქარი არ ქროდა, მაგრამ არც მზე იხედებოდა თითქმის. ქვიშა იმ დღეებშიც კი, როცა იყინებოდა, ჰაერში ჩვეულებრივზე ნაკლები არ დაქროდა და დაუღალავად უნდა ეხვეტა - სახლისთვის მოეცილებინა. ხელებზე კანი დაუსკდა და სისხლი სდიოდა. ბოლოს დამთავრდა ზამთარი. დადგა გაზაფხული. მარტის დამდეგს მიმღებები იყიდეს. სახურავზე მაღალი ანტენა აღმართეს. ქალი მთელი დღე სიხარულით და გაკვირვებით ატრიალებდა სახელურებს. თავის დამლევს მან იგრძნო, რომ ფეხმძიმედ იყო. გავიდა კიდევ ორი თვე. ვეება თეთრი ფრინველები სამი დღე მიფრინავდნენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კიდევ ერთი დღის შემდეგ ქალმა დაიჩივლა, აუტანელი ტკივილი მაწუხებსო. ერთხელ დაინახა რომ სულ სისხლით იყო მოსვრილი. რომელიღაც სოფლელმა - ქალს ერთი ვეტერინარი ჰყავდა - დიაგნოზი დასვა: მუცელი მოეშალაო. გადაწყვიტეს ქალი პიკაპით წაეყვანათ ქალაქში, საავდმყოფოში, მანქანის მოლოდინში კაცი გვერდით დაუჯდა ქალს და ცალ ხელზე ხელი მოჰკიდა. მეორე ხელს კი მუცელზე უსვამდა დროდადრო.
მაგრამ აი, ორმოსთან მოვიდა პიკაპი. ნახევარი წლის მანძილზე აქ პირველად ჩამოუშვეს თოკის კიბე. საბანში პარკივით გახვეული ქალი თოკით აიყვანეს მაღლა. იგი კაცს უკანასკნელ წუთამდე ვედრებით, ცრემლით სავსე თვალებით უცქეროდა. კაცმა ეს თითქოს ვერ შეამჩნიაო, თვალი მოარიდა.
ქალის წაყვანის შემდეგ თოკის კიბე ისევ ეკიდა, კაცი გაუბედავად მივიდა და თითის წვერი შეახო. როცა დარწმუნდა, კიბე არ ქრებოდა, ნელა დაიწყო ასვლა. ცა რაღაც ყვითელ-ტალახისფერი იყო. ხელ-ფეხი დაუმძიმდა წყლიდან ამოსულივით... აჰა, იგი, დიდი ხნის ნანატრი კიბე...
ქარი თითქოს ამონასუნთქს აცლიდა პირიდან. კაცმა ორმოს გარშემო შემოუარა და უფრო მაღლა ავიდა, საიდანაც ზღვა ჩანდა. ზღვასაც დაბინდული - ყვითელი ფერი ედო. კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ჰაერი მძიმე იყო, სულ არ ჰგავდა მის მიერ წარმოდგენილს. როცა შემობრუნდა, სოფლის განაპირას მტვრის კორიანტელი შეამჩნია. კორიანტელს ალბათ პიკაპი აყენებდა, რომლითც ქალი მიჰყავდათ... დიახ, ქალისთვის წასვლამდე ტყუილად არ უამბნია ყველაფერი მახის შესახებ.
ორმოს ფსკერზე რაღაც შეინძრა. ეს მისი ჩრდილი იყო. ოდნავ მაღლა წყლის შესაკრების ჩრდილები ჩანდა, ცალი თამასა გადავარდნილი იყო, ალბათ ფეხი დააბიჯეს, როცა ქალი მიჰყავდათ. კაცი საჩქაროდ დაბრუნდა უკან, რათა გატეხილი ადგილები შეეკეთებინა. წყალი, როგორც თვითონ ვარაუდობდა, მეოთხე ნიშნამდე ასულიყო. განატეხი არც ისე სერიოზული აღმოჩნდა. სახლში რადიო სიმღერას აკაკანებდა. კაცმა ხელები კასრში ჩაუშვა. ძლივს იკავებდა ცრემლს. წყალმა ყინულივით დასუსხა, მაგრამ არც განძრეულა, ისევე ისე იყო ჩაცუცქული.
გაქცევა მაინცდამაინც საჩქარო არაა. ახლა ხელთა აქვს იქითობის ბილეთიც და აქეთობისაც. ეს გახლავთ სუფთა ბლანკი და შეუძლია თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაწეროს ზედ გასვლის დროცა და დანიშნულების ადგილიც. ამასთანავე უსაზომოდ უნდა ვიღაცას თავისი წყლის შესაკრების შესახებ უამბოს და უკეთუ ამას გადაწყვეტს, სოფლის მცხოვრებზე უფრო მადლიერ მსმენელს სად იპოვოს. დღეს ან ხვალ ვინმეს ყველაფერს უამბობს.
გაქცევა? ამაზე ფიქრის დრო კიდევ ექნება.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ადამიანის დაკარგვის განცხადებასთან დაკავშირებით
დაკარგულის გვარ-სახელი -
ნიკი ძიუმპეი
დაბადების წელი, თვე და რიცხვი -
1924, მარტი, 7.
ვინაიდან ნიკი სინომ განცხადება შემოიტანა ზემოხსენებული ნიკი ძიუმპეის დაკარგვის გამო, ამ უკანასკნელს წინადადება ეძლევა 1962 წლის 21 სექტემბრამდე სასამართლოს აცნობოს თავისი ადგილსამყოფელი. თუ სასამართლო ასეთ ცნობას ვერ მიიღებს, დაკარგული გარდაცვლილად ჩაითვლება. ყველას, ვინც კი რამე იცის დაკარგულის შესახებ, სთხოვენ ზემოხსენებულ ვადამდე აცნობონ სასამართლოს.
1962, თებერვალი, 18.
ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო.
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
მ ო ს ა რ ჩ ე ლ ე - ნიკი სინო.
უ გ ზ ო-უ კ ლ ო დ დ ა კ ა რ გ უ ლ ი - ნიკი ძიუმპეი, დაიბადა 1924 წ, 7 მარტს.
ამით დასტურდება, რომ ზემოთ დასახელებული პიროვნების დაკარგვის განცხადებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოცხადების პროცედურის შესრულების შემდეგ, აღნიშნული პიროვნების შესახებ 1955 წლის 18 აგვისტოდან, ესე იგი შვიდ წელზე მეტი ხანი, არავითარი ცნობა არ შემოსულა. ზემოთქმულიდან გამომდინარე დგინდება შემდეგი: დაკარგული ნიკი ძიუმპეი ჩაითვალოს გარდაცვლილად.
1962, ოქტომბერი, 5.
მოსამართლის ხელმოწერა.
სამოქალაქო სასამართლო.