ამირეჯიბი ჭაბუა
გაზიარება

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი წიგნია 

(„ლიტერატურული გაზეთი“. 12-25 ივნისი. 2009 წელი)
 
- ბატონო ჭაბუა, თქვენ რთული და მღელვარე ცხოვრება გამოიარეთ - პოლიტპატიმრობა, ციხეები, ბანაკები, გაქცევა, ისევ ციხე-ბანაკები... პროფესია და ხელობაც ბევრი გამოიცვალეთ. საინტერესოა, როდის შეამჩნიეთ, რომ თქვენ სულში მწერალი მწიფდებოდა, მომავალი დიდი ნაწარმოებების ავტორი?
- ბოდიშს გიხდით, უნდა შეგისწოროთ, „გაქცევა“ კი არა გაქცევები - რამდენიმე წარმატებული - სამი, რამოდენიმე წარუმატებელი, ანუ კიდევ სამჯერ ზონას კი თავი დავაღწიე, მაგრამ ან იმ დღესვე, ან ცოტა ხანში, კვლავ ბანაკებში ამოვყავი თავი. იცით რა?.. ჩემი სიცოცხლის სატრაბახო თავისებურებაც სწორედ ეს მიმაჩნია და არა პროზასა და პუბლიცისტიკაში გამოვლენილი შესაძლებლობები.
ახლა კი თქვენი შეკითხვის პასუხად მოგახსენებთ. შორეულ წარსულში გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ნაცვლად უკვე განახლებულ საქართველოში ახალგაზრდული გაზეთი რომ დაარსდა, რედაქციის თანამშრომელმა ინტერვიუს დაწყებამდე, ჩემდა გასაკვირად, გადმომცა ქაღალდის ფურცელი, რომელზეც ცალი მხრიდან ჩემს მიერ ადრეულ ბავშვობაში დაწერილი ლექსი იყო, ხოლო მეორე მხარეზე ბებიაჩემ სოფიო დადიანი-ნაკაშიძისას ხელით დაწერილი ასეთი ტექსტი, - „ეს ლექსი ჭაბუკამ დაწერა რვა წლისამ“ - ძალიან გამიკვირდა, რადგან ის კი მახსოვდა, რომ ლექსს ბავშვობიდანვე „ვეჯაჯგურებოდი“, მაგრამ რედაქციის მიერ გადმოცემული ლექსისა აღარაფერი მახსოვდა. ალბათ გასაგებია, რომ ეს ლექსი, რომელიც ჩემს არქივში დღესაც არსებობს, იმისთვის ვახსენე, რომ ჩემი მიდრეკილება მომეხსენებინა თქვენთვის.
და კიდევ ერთი შემთხვევა, რამაც თორმეტი თუ თოთხმეტი წლის ასაკში მაფიქრებინა, რომ ჩემი მომავალი მწერლობა იყო.
საიდანღაც შინ ვბრუნდებოდი. მაშინ ნინოშვილის ქუჩაზე (56)საკუთარ სახლში ვცხოვრობდით. ეზოში დიდი კაკალი იყო, რომელიც ვფიქრობ, ახლაც ცოცხალია. კაკალქვეშ მაგიდა და მოგრძო სკამი იდგა. სკამზე ჩემი და - როდამ ამირეჯიბი და მისი თანაკურსელი მეგობარი ლალი ივანეს ძე ჯავახიშვილი რაღაცას ჩაჰკირკიტებდნენ. მივედი, ლალის მივესალმე და დავინახე, რომ მათი ცნობისმოყვარეობის საგანი ჩემი რვეული გახლდათ. რვეული, სადაც მოთხრობების წერას ვლამობდი. და კარგა ბოლომდე სავსე იყო ის საერთო რვეული ჩემი ნაწერებით.
ლალიმ მითხრა - ბიჭო, შენ მწერალი ყოფილხარ, რაც წავიკითხე, ძალიან მომეწონაო.
ალბათ საკმარისი პასუხია იმაზე, თუ როდის შევამჩნიე, რომ „ჩემს სულში მწერალი მწიფდებოდა“. ამაზე არ შევჩერებულვარ - ვწერდი მაშინაც, როცა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის სტუდენტი ვიყავი, ლიტერატურაზე ვფიქრობდი მაშინაც, როცა პატიმრობის ვადებს ვიხდიდი და როცა განთავისუფლებისა და თბილისში დაბრუნების შემდეგაც, ვაწვალებდი კალამს, მაგრამ დიდ მწერლობაზე არასოდეს მიფიქრია და გამოგიტყდებით, არც ახლა მიმაჩნია თავი დიდ მწერლად.
- მწერალი წერს იმას, რაც იცის, რაც თავს გადახდენია, ან სხვისგან უსწავლია. ეს გასაგებია, მაგრამ წერის ტექნიკა, ოსტატობა? ამის მზამზარეული რეცეპტი ხომ არ არსებობს. როდის და როგორ გამოიმუშავეთ თხრობის სტილი, მანერა, კომპოზიციის გრძნობა?
- უნდა მოგახსენოთ, რომ სულ ადრეულ ბავშვობაში, ექვსიოდე წლისა, გამაბარეს, ანუ გამოსასწორებლად მიმაბარეს, ვფიქრობ, არაფერს გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, ქალბატონ მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანისას, უგანათლებულეს პიროვნებას და საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პედაგოგს.
ამ ქალმა, არამცთუ ჩემი ჭინჭყლი, ჭირვეული ხასიათის გამოსწორება შესძლო, არამედ იმ ორ წელიწადში, რაც მე მისგან აღზრდის გავლენას განვიცდიდი, ლექსისა და პროზის, მათ შორის ხალხური ზეპირსიტყვიერების, სიყვარული ჩამინერგა.
ვფიქრობ, იქიდანვე დავიწყე თხრობის სტილის, მანერისა და კომპოზიციის ჩხიბვა, არამარტო ლიტერატურულ ნაწარმოებებში, არამედ ადამიანის ფსიქიკასა და საქციელის ბუნებაშიც. შემდგომმა ჩემმა უკუღმართმა, თუ არ ვიცი, იქნება, სულაც წაღმართმა, ყოფიერებამ მდიდარი ცოდნა მომცა ყველაფრისა, რასაც ადამიანი, ხელოვნება და ლიტერატურათმცოდნეობა ჰქვია, ანუ ჩემში მჩხიბავი, მაძებარი, მაანალიზებელი და დასკვნების გამომტანი ჩამოყალიბდა.
ვფიქრობ, პასუხი თქვენს კითხვაზე გაცემულია.
- როდესაც „დათა თუთაშხია“ დაასრულეთ და „ცისკრის“ რედაქციაში მიიტანეთ, თუ წარმოიდგენდით, რომ ასე იოლად დაიბეჭდებოდა და, თანაც, ასეთ აღიარებას მოგიტანდათ?
- უნდა აღვნიშნო, რომ ამ ინტერვიუში ჩემი პასუხები სხვა დროს უკვე ნათქვამი და გამოქვეყნებულიც არის, მაგრამ რა გაეწყობა, თავს ვანუგეშებ იმით, რომ ეს პასუხები ერთობ დიდი ხნის არის და შესაძლოა, მკითხველი არ იცნობს, ან იმ დროს ახალგაზრდა იყო და ასაკის გამო წაუკითხავი დარჩა.
დიახ, მივიტანე მანქანით ნაბეჭდი უზარმაზარი ტომი და „ცისკრის“ მაშინდელ მთავარ რედაქტორს, ჯანსუღ ჩარკვიანს დავუდე მაგიდაზე, ვთქვი - ჯანსუღ, გენაცვალე, დღევანდელი მთავრობის ხელში, ვიცი, ამას ვერ დაბეჭდავთ, წყენა არავითარი არ მექნება, მაგრამ იქნება ცნობისმოყვარეობამ გძლიოთ, რომელიმე თქვენგანს და წაიკითხეთ წიგნი, რომელიც თხუთმეტი-ოცი წლის შემდეგ ყურადღების ღირსი უთუოდ გახდება.
წამოვედი და ორიოდ კვირის შემდეგ ნეტარხსენებულმა გივი გეგეჭკორმა დამირეკა (მაშინ მამიდაჩემ ცაცა ამირეჯიბის ბინაში ვცხოვრობდი, ტელეფონი მქონდა) და რედაქციაში მისვლა მთხოვა. მივედი და აღმოჩნდა, რომ არამცთუ რედაქციის ყველა თანამშრომელს ჰქონდა წაკითხული, არამედ დაბეჭდვასაც აპირებდნენ. ერთადერთი შენიშვნა მითხრა ტარიელ ჭანტურიამ, ციხის ეპიზოდის რამდენადმე შემცირება მთხოვა. შევამცირე და დაიწყეს ბეჭდვა.
„ცისკრის“ ორ ნომერში დაიწყო რომანის ბეჭდვა, მაგრამ იქვე შეწყდა „მთავლიტის“, ანუ კაცობრიობის ისტორიაში უსაზიზღრესი ცენზურის მითითებით.
ამ დროისთვის წიგნის ასლები გავრცელებული იყო. მახსოვს, თენგიზ ბუაჩიძემ მითხრა - მე და ოთარ ქინქლაძე შევარდნაძეს მივყვებით დასასვენებელ სახლში. ალბათ გაქვს ეგზემპლიარი, გაგვატანე, წავაკითხებთო. გავატანე, წააკითხეს - დაბრუნებისთანავე ბატონმა ედუარდმა ცკ-ს ბიუროს სხდომა მოიწვია დღის წესრიგით - „ჟურნალ ცისკრის მუშაობის შესახებ“. ბიურომ რედაქციის მუშაობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და ბეჭდვა განახლდა.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ „დათა თუთაშხია“ ჯანსუღ ჩარკვიანმა და ედუარდ შევარდნაძემ მიუტანეს ქართველ და არაქართველ მკითხველს.
იმ აკრძალვა-განახლებას მრავალი სხვა ეპიზოდიც ახლდა, რომლის ნაწილი დავიწყებული მაქვს სიბერის გამო და ნაწილიც დღესდღეობით ინტერესს მოკლებულია, ამიტომ თავს შევიკავებ, აღარას დავუმატებ.
- როგორ ფიქრობთ, მაინც რა არის „დათა თუთაშხიას“ ასეთი პოპულარობის მიზეზი, ასერიგად რატომ „გახალხურდა“ ეს ნაწარმოები, ამ საქმეში თავისი როლი წიგნის ჩინებულმა კინოვერსიამაც ხომ არ ითამაშა?
- დამეთანხმებით ალბათ, რომ „დათა თუთაშხია“ კინოვერსიამდე „გახალხურდა“, მაგრამ ფილმმა, რა თქმა უნდა, თავისი როლი შეასრულა, წიგნმა რომ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია.
- მწერალი საბოლოოდ მაინც ერთ წიგნს წერს, მთელი ცხოვრება ერთ დიდ წიგნს ჩაჰკირკიტებს. თქვენი რომანები თითქოს არ ჰგვანან, არ იმეორებენ ერთმანეთს, მაგრამ მათში მაინც შეიმჩნევა რაღაც უხილავი კავშირი. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“ ერთი დიდი წიგნის სამი სხვადასხვა ნაწილია?
- მგონია, ნებისმიერი, თუნდ საზოგადოებრივად ნაკლებმნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი წიგნია. ეს წიგნები ერთმანეთისგან იმით შეიძლება განსხვავდებოდეს, თუ როგორი იყო ადამიანის ცხოვრება. შეიცავდა თუ არა იგი მწერლისთვის საყურადღებო ეპიზოდებსა და დეტალებს. თქვენ უკვე გაიზიარეთ ჩემი შეხედულება, რომ „მწერალი წერს იმას, რაც იცის, რაც თავს გადახდენია, ან სხვისგან უსწავლია“. ჩემი წიგნები მართლაც სხვადასხვა სტილში გადაწყვეტილ პრობლემატიკას შეიცავენ და დაგეთანხმებით იმაში, რომ მათი ერთობლიობა, თქვენი თქმისა არ იყოს, „უხილავი კავშირით“ ერთიანდება ერთ დიდ წიგნად. ამაში ცუდსა თუ გამონაკლისს ვერაფერს ვხედავ. სხვა მწერლების თხზულებებიც ამგვარ ერთობლიობას არ წარმოადგენენ?..
- ყველა თქვენს ნაწარმოებს ფარული თუ აშკარა ავტობიოგრაფიულობის ნიშანი აზის, მისი კვალი ამჩნევია. რა წილი უდევს, საერთოდ, ავტობიოგრაფიას მწერლის შემოქმედებაში და რამდენად განსაზღვრავს მას?
- თუ ბიოგრაფიას განვიხილავთ როგორც ცხოვრებისეული და ლიტერატურული გამოცდილების წყაროს, ანუ იმ ფაქტორად, რომელმაც ავტორის თხზულებებში უნდა მიიღოს ასახვა და სხვაგვარად, მდიდარი ბიოგრაფის გარეშე, ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ვერ შეიქმნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მწერლის შემოქმედებით მნიშვნელოვნობას სწორედ ცხოვრებისეული გამოცდილება განსაზღვრავს.
- ახლახანს საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო მოგენიჭათ. დამსახურებული პატივი და აღიარება არც აქამდე გკლებიათ. როგორ მიგაჩნიათ, მაინც რა არის მწერლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო?
- მკითხველის რაოდენობა, სხვა ენებზე გამოცემული თარგმანები, კრიტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის მიერ აღიარება და, რაც მთავარია, წიგნის სიცოცხლის ხანგრძლივობა. აგერ, ვეფხისტყაოსანი რვა საუკუნეა ინტერესის საგანს წარმოადგენს, მას არც მკვლევარი მოაკლო დრომ და ვერც მკითხველი. ამაზე დიდი ჯილდო წარმოსადგენია?
- რას ურჩევდა XX საუკუნის დიდი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი XXI საუკუნის ახალგაზრდა ლიტერატორებს?
- უპირველეს ყოვლისა, ის უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემს თავს „XX საუკუნის დიდ მწერლად“ არ მივიჩნევ. მწერალი ვარ და მორჩა, საკმარისი ღირსებაა. ახალგაზრდა ლიტერატორებს კი ვურჩევდი, ცხოვრების შინაარსის ჩხიბვა, კვლევა ისწავლონ და გამოტანილი დასკვნებით ანუ ასე მიღებული გამოცდილებით იხელმძღვანელონ ღმრთივ ბოძებული ნიჭის გამოყენებაში.
- ბატონო ჭაბუა, აგერ უკვე ოთხმოცდამერვე წელში ხართ გადამდგარი, შესაძლოა, ჯანი ისე ვეღარ მოგდევთ, მაგრამ ღვთის მადლით, მეხსიერებას და გონებას არ უჩივით. ერთიცაა, თქვენი სულიერი წყობის კაცი უქმად ვერ მოცდება, თქვენი უპირველესი მოწოდება კი - მწერლობაა. იქნებ გაგვიმხილოთ, რას წერთ, რაზე მუშაობთ ამჟამად?
- თქვენს კითხვაში მოყვანილ ყველა შეფასებას ვეთანხმები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო, - ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის პატრონს ვინმეს ღირებული რამ თუ შეუქმნია? ოთხმოცდამერვე წლისას ახალგაზრდობაში დაძლეული ამოცანების განმეორებას ჩემგან აღარავინ უნდა მოელოდეს, მაგრამ თქვენი თქმისა არ იყოს, ქაღალდსა და კალამს ვერა და ვერ შეველიე, რაღაცას ვცოდვილობ, მაგრამ ვიცი, რომ წარსულ გამარჯვებათა აჩრდილიც კი ვეღარ განმეორდება.
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.
 
ესაუბრა უჩა შერაზადიშვილი

??????