კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)
კაბარეთა ხმაური, ტროტუარის ტალახი,
გაძარცული ჭადრები - ქარისგან განალახი,
ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,
რკინის კორიანტელი, შლამით დანადორბლები,
ზანტად რომ მოჩანჩალებს წითელ-მწვანე შუშებით,
წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,
ცხვირწინ პოლიციელთა - პირში ჩიბუხ-ნაღვერდლით,
ნესტი, სახურავიდან, კედლებს ჩამონაღვენთი,
ქვაფენილი სრიალა და ზედ გუბე მრავალი,
აი, ჩემი შარაგზა - სამოთხისკენ მავალი.