რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ვაჟა-ფშაველა 

I
თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ვაჟა-ფშაველა – მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა “თანამედროვეობისა”. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა. უბრალო, თითქმის გაუნათლებელი, თანამედროვე კულტურის მიღმა მდგარი, ის ახდენს შთაბეჭდილებას რაღაც ველურის, ტყიურის, მითიურის. ცხოვრობს იგი თავისი საყვარელი ფშავის მთებში. იზიდავს მას, უპირველეს ყოვლისა, ბუნება და მისი ცხოვრების წესიც. მწყემსური ყოფისაგან დიდად შორს არ წასულა. მაგრამ მისთვის, განმჭვრეტი მწყემსისათვის, ჩუმ და იდუმალ ღამეში გადახსნილია ვარსკვლავთა ზეცა, და იგიც სამყაროს საერთო მდუმარების ჟამს გარდასახავს ცის ამ საიდუმლოთ თავისი ლერწმის სალამურის მომხიბლავ ხმებად.
ამ გამოუცნობი პოეტის შემოქმედებითი ცნობიერება ცნობიერება შესაძლოა განისაზღვროს – როგორც მითოლოგიური; ის – გრძნობა და აზრი პოეტისა – ყურს უგდებს ბუნების ყოველ მოვლენას და ინტენსიურად შეიცნობს რაღაც მახლობელსა და მშობლიურს, თუმცაღა გარკვეული სახით მოწყვეტილსა და დაკარგულს; ესმის მას – გულსა და გონებას პოეტისა – რაკრაკი მთის ნაკადულისა და ამაში თავის სულიერ მღელვარებათა რიტმის გამოძახილს გრძნობს. ცნობიერება (პოეტისა) თავის სახეს ჰქმნის ბუნებაში და ამით მას ასულიერებს, – და ბუნების ასარკვაში ქმნილი სახე ცნობიერებისა ხდება სიმბოლო მათი – ცნობიერებისა და ბუნების – ერთიანობისა. ასე იქმნება მითი მათ წინასამყაროულ მდგომარებაზე: რადგან ვ. ივანოვის შესანიშნავი თქმით: “მითი გახსენებაა მისტიური ამბისა, კოსმიური საიდუმლოსი”. სწორედ ამ ამოუხსნელ სამყაროს, სიმბოლოსა და მითის სამყაროს ბიოკლინის საღებავებით გადაგვიხსნის პოეტი ვაჟა-ფშაველა.
ყოველ პოეტს თავისი მუზა ჰყავს. ჩვენს პოეტსაც ჰყავს თავისი მუზა: ესაა დიდებულთმიანი “ალი” (მღვიმეთა ქალწული), რომლის იდუმალ მოვლინებასაც თრთოლვით ელის პოეტი. ჩუმ მთვარიან ღამეში, “მსოფლიო მდუმარების” ჟამს, გაისმის ვიღაცის ნარნარი ხმა თუ სიცილი: ეს მშვენიერი ალი გამოდის გამოქვაბულიდან, უახლოვდება მთის წყაროსა და მის გრილ ჩქერებში ჩაშლის თავის ხშირ თმას. შემდეგ, ზღაპრული არსება გაჰყურებს მომნუსხველ მთვარეს და დილამდე უმღერის სამყაროს სილამაზეს. მაგრამ, ოდნავ ინათებს თუ არა, დღის მოულოდნელი შემოხედვით შეშინებული, გამოქვაბულში მიიმალება იგი. ასე ხატავს ალს პოეტი თავის ლექსში. ფარული, იდუმალი წიაღებიდან რაღაც “მღვიმისეული”, “ღამეული” გამოაქვს ქალწულს და ამას ყოველს სიმღერით უმხელს თავის მომღერალს; აღტაცებულ პოეტს კი ეს სიმღერები საოცარ პოემებსა და ლეგენდებში გადააქვს. ერთი ამათგანია სიმბოლიური პოემა “გველისმჭამელი”, ვაჟა-ფშაველას ქმნილებათაგან ყველაზე მეტად ღრმა და მშვენიერი.

II
რთული და ღრმაა შემოქმედებითი ჩანაფიქრი ამ პოემისა. მთის შვილი მინდია ტყვედ ჰყავთ მითოლოგიურ არსებებს “დევებს”. მას უკუნი მარტოობა აღრჩობს. ამაყი კლდეები, თავშესაფარი ძლიერი და თავისუფალი არწივებისა, მთვლემარე ტყეები, რომელთა სიღრმეშიც იბადებიან ფიქრები და ზღაპრები, ყრუ ველები, თავიანთ წიაღში ადამიანთა კაეშანს რომ ინახავენ, ენით გამოუთქმელ სევდას იწვევს ტყვეში. თავისუფლებაში გაჩენილი მინდია ვერ ურიგდება მონის ცხოვრებას და სასომიხდილი თავის მოკვლას გადასწყვეტს. ის შეჭამს ნაჭერს გველის ხორცისა, რითაც “დევები” იკვებებოდნენ, იმ ფიქრით, რომ უსათუოდ მოიწამლება. მაგრამ მოხდება სრულიად მოულოდნელი: ის გარდაიქმნება სავსებით: სულით და ხორცით გახდება სხვაგვარი, გახდება განმჭვრეტი, გრძნეული. მხოლოდ ახლა ამოხსნის იგი საიდუმლოს საკუთარი ტყვეობისა, გასწყვეტს ბორკილებს მონობისა და სამშობლოში ბრუნდება თავისუფალი. ასე იწყება ეს მშვენიერი ლეგენდა.
ყოველ არსებას თავისი ენა აქვს. ადამიანს – ადამიანისა; მინდიას ყველასი ესმის, ის სამყაროს ენით მეტყვლებს. ის მისანია – და მსოფლიო ყოფის დაფარულ საიდუმლოებებს წვდება. ის გულთამხილავია – და გრძნობს უნატიფეს მოძრაობას ადამიანის სულისა. მისთვის ყოველივე გასაგებია: ფოთოლთა შრიალიც, ტყეთა გარინდებაც, მინდორთა ჩაფიქრებაც, ნაკადულთა რაკრაკიც; მისთვის არ არსებობს უსულო-უმეტყველონი: პირიქით, ყველაფერი მეტყველია, და მის შემოქმედებით წარმოსახვაში სამყარო აისახება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელშიც თვითეულ ნაწილაკს, თვითეულ ნომადას თავისი მნიშვნელობა აქვს, თავისი აზრი გააჩნია. და გენიალური უბრალოებით მიმოხაზავს პოეტი სამყაროს საიდუმლოში შეღწევის სურათს…

III
სამყაროში შესაგრძნობია მტკივნეული წყვეტა. ყოველი ნაწილაკი ბუნებისა მიილტვის სააკუთარი თავის დამკვიდრება-განმტკიცებისაკენ სხვათა გარეთ და სხვათა წინააღმდეგ. მაგრამ სამყაროს ნაწილაკებიდან არც ერთს არ ძალუძს სრული უარყოფა დანარჩენთა და საკუთარ განსაკუთრებულობაში ჩარაზვა. აქედან: უთანხმოება, შეუსმენლობა, შებორკილობა, დაცალკევება. რელიგიის მიზანი შინაგანი სასიყვარულო კავშირისა და გარეგანი თავისუფალი ერთიანობის აღდგენაა. ამისათვის აუცილებელია ყოველგვარი შეზღუდულობის ბორკილებიდან დახსნა. აუცილებელია წვდომა “სხვაგვარისა”, მიხვდომა “სხვანაირისა”, გადასვლა “განსხვავებულში”, “სხვად” ქცევა (იდეალურად). და მინდიაც ასეთია სწორედ – ნამდვილი სხეულება რელიგიურ-გარდამქმნელი საწყისისა. მან თითქოს საკუთარ თავს გაუსწრო: სძლია თავის თავში ვიწრო-პირადულს, ადამიანურ-შემოზღუდულს; განასხეულა საკუთარ არსებაში შემოქმედებითი გენია ბუნებისა და მსოფლიო აზრით გენიალური გახდა. ის უკვე არა მხოლოდ უბრალო კაცია, არამედ ზეკაცი, მაგრამ არა ნიცშესეული ინდივიდუალიზმის, არამედ რელიგიური უნივერსალიზმის მნიშვნელობით. და, რა თქმა უნდა, ის პიროვნებაა, 
ინდივიდუალობა: მან არ მოკლა თავისი თავი “სხვაში”, არ გაითქვიფა “უნივერსალურში” და იგი – “ეს” – ხდება “სხვა” და ამით “ყველას” ცხოვრებას, სამყაროს ცხოვრებას შეერთვის. ამასთან, მის სულში მიმდინარეობს ძლივს შესამჩნევი, მაგრამ ღრმა პროცესი. წვდება რა ყოველივეს, ის ყველას უგებს: ხედავს “სახეს” თვითეული ნივთისა, ესმის “ენა” თვითეული მოვლენისა. მწვდომი ყოვლისა და მტყობი ყველაფრისა, მინდია მათ მიღებას იწყებს თანდათან: უახლოვდება მათ, მეგობრობს მათთან, შეეტრფის მათ. ბუნების გამოღვიძება-განახლების ჟამს ფრთაასხმულია ის: მიდის მინდორში, და მწვანე მდელოებთან ერთად ყვავილ-ბალახთა გაფურჩქვნა-აბიბინების განმცდელ-მოზიარეა, – სამყაროს სულს შერწყმული, იგი შეიგრძობს, როგორ იშლება ყვავილი და მის ყოველ ფურცელში სიცოცხლის სუნთქვას ისმენს. მან შეიყვარა ბუნება და ბუნებას უყვარს ის: “მინდიას გამარჯოსო”, – ყვავილები ხალისით ესალმებიან; მცენარეები სიხაარულით თავს ურავენ, და ისიც მათი წვენიდან უებარ წამლებს ამზადებს. ამგვარად, რა ამცნევს, მინდიას უყვარდება უთვალავი ფერით აღვსილი ქვეყანა: აქ უნებურად ტივტივდება ბრძენი და-ვინჩის სიტყვები: 
შეცნობა შობსო სიყვარულს.

IV
ასეთია პოემის ძირითადი მოტივი. შემდგომ იგი ტრაგიკულ სიმფონიაში გადადის. მინდია არამხოლოდ ცოდნითაა სრული, არამედ განცდითაც; ეს გახლავთ მისი სიყვარული და, აგრეთვე, მისი ტრაგიზმიც. ის ცხოვრობს ცხოვრებით ქვეყნისა, მისი სიხარულითა და მწუხარებით, მაგრამ სამყარო თავისი ყოფით ტრაგიკულია არსებითად, და გველის-მჭამელის ფაქიზი სული განიცდის მსოფლიო ტრაგედიას. იგი ხდება ნაღვლიანი, ჩაფიქრებული, მარტოსული. ულმობელი არჩევანი დგება მის წინაშე: ან განერიდოს ქვეყანას, გახდეს მწირ-განდეგილი და გადარჩეს ინდივიდურად; ან კიდევ დარჩეს ქვეყნად, მიიღოს იგი იმგვარი, როგორიც არის, და “ისტორიული” გაგებით კომპრომისზე წავიდეს მასთან. მინდია მეორე გზას ირჩევს, და სწორედ აქ იწყება მისი ნამდვილი დრამა, დრამა ღრმა განმჭვრეტელისა.
ამ აზრის უკეთ გაშლა-გაგებისათვის პოეტს გველის-მჭამელის დაცოლშვილება სჭირდება. მინდია დაქორწინდა: გაჩნდნენ ბავშვები, შეიქმნა ოჯახი. პოეტის აღქმით, ოჯახური საწყისი სომბოლოა ვიწრო-პირადულისა, ჩაკეტილისა, შემოზღუდულისა. და აჰა, მიმდინარეობს ბრძოლა კერძო-პირადულსა და სასიყვარულო-მსოფლიო საწყისებს შორის. ოჯახს სჭირდება შეშა, – და მინდიამ უნდა მოჭრას ხეები; ოჯახს სჭირდება საკვები, – და მინდიამ უნდა მოკლას ნადირი. მაგრამ როგორ შემოჰკრას მან ცული ჭადარს, მოსიყვარულე ხე ასე ტკბილად რომ ესალმება? ანდა როგორ აღმართოს ხელი ფურ-ირემზე, მოალერსე არსება აგრე ნაზად რომ ეგებება? იტანჯება კაცი, მაგრამ ცხოვრებას თავისი გააქვს: მინდია თანდათან უთმობს უჯახის მოთხოვნებს. რომ არ შეიგრძნოს სხვათა ტანჯვა: მოთქმა ცხოველთა და ცრემლიანი გოდება მცენარეთა,პოეტის მშვენიერი თქმით: მან მკერდს “გული ჩაიდო ქვისა”. და რაღა? მინდიას უკვე აღარ ესმის სხვათა კვნესა-ჩივილი, მაგრამ სამაგიეროდ წაერთმის ენა ბუნებისა; ის კარგავს უნარს სამყაროს წვდომისა და მის იდუმალებათა შეცნობისა, “ცარიელდება ცოდნითა” საიდუმლოთამხილავისა, მაგრამ სულ მუდამ ახსოვს ამ 
ცოდნის ძალი, და, რა აღარ ძალუძს მეტყველება უწინდელის ენით, წვალობს და იტანჯება. გაჰხედა მან ერთხელ თავისი საყვარელი ფშავის მთებს, სქელი ნისლით შებურულთ და, როცა მსი მზერას მთებმა ცივი დუმილი შეაგებეს, მწარედ აქვითინდა. და იმ წამს იგრძნო მან, რომ სამუდამოდ ჩაწყდა და დადუმდა ყოველი ხმის შემხმიანე უნატიფესი სიმი მისი სულისა. ერთი სიტყვით, მინდიამ ჩაჰკლა საკუთარ თავში სიყვარული და მასთან ერთად დაჰკარგა შეცნობის უნარი. აქ ტივტივდება პავლე მოციქულის სიტყვები: სიყვარული შობსო შეცნობას. მინდიამ, რა შეიცნო, შეიყვარა და, რა ჩაჰკლა, დაჰკარგა ცოდნის ძალი, – ასეთია ინტუიცია პოეტისა. და მან, ამგვარად, შემოქმედებითი სინთეზით გააერთიანა ორი ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი: შეცნობა ჰბადებს სიყვარულს (და-ვინჩი) და სიყვარული ბადებს შეცნობას (პავლე მოოციქული), ან უფრო სწორად, ინტიუციურად აღმოაჩინა, რომ შეცნობა და სიყვარული არსებითად ერთი და იგივეა, რომ შეცნობა ერთგვარი სიყვარულია, ხოლო სიყვარული – ერთგავრი შეცნობა.
V
გველის-მჭამელის ცხოვრებისეული დრამის უკეთ გამოხატვისათვის ლეგენდის ფაბულას ართულებს პოეტი. მინდია, როგორც საიდუმლოთამხილავი, განთქმული იყო ბრძნულის რჩევა-დარიგებებით, განსაკუთრებით ომიანობის ჟამს. და სწორედ მაშინ, როცა მან დაჰკარგა სიბრძნე-გრძნეულება გველისა, მტერთან ბრძოლაა გასამართავი. ხალხი ხევისბერ ბერდიას წარგზავნის მინდიასთან. უკუნ ღამეში ხახმატის ხატთან ხვდებიან ერთმანეთს ისინი და ხევისბერი სთხოვს მინდიას, მიუთითოს დუშმანთან შებმის ადგილი. გველის-მჭამელი უარზეა, გასცეს რაიმე რჩევა. ხევისბერი განცვიფრებულია, მაგრამ მაინც თავისაზე დგას, – და მინდია, წინააღმდეგ საკუთარი სურვილისა, მომხვდურთან შერკინების ადგილად “მოწამლულს ხევას” ასახელებს. ასეც მოიქცევიან. მთვარიან ღამეში ბრძოლა ჩაღდება. ერთ-ერთი მთის წვერზე ზღაპრული კოშკი აღმართულა, საიდანაც ფშაველი გმირების ცოლები ბრძოლის ველს გადმოსცქერიან. მათ შორისაა მზიაც, გველის-მჭამელის მეუღლე, რომელიც თვალცრემლიანი მოუთხრობს მეგობარ ქალებს თავისი ქმრის ყრუ ტანჯვათა ამბავს. უეცრივ მებრძოლთა შორის მინდია გამოჩნდება. რაღაც შემაძრწუნებელ-საშინელით გულშემოყრილი, ტანჯვა-წამებაშია იგი: როგორც ჩანს, ავს უგრძნობს გული. შემდეგ ის ხედავს ცეცხლის ალში გახვეულ სოფელს, ამით ყოველივე გადაწყვეტილია: მინდიას რჩევა ავი გამოდგა, მტერმა გაიმარჯვა. მინდია გადაჭრით იშიშვლებს ხანჯალს და გულში დაიცემს. ხოლო მშვენიერი მნათობი, ნაზი და ნაღვლიანი მეგობარი გველის-მჭამელისა, ლურჯი ზეციდან “მოზარე ქალის ფერით” იმზირება და მინდიას მკერდიდან “ჩქერით გადმოსულ” სისხლს ანათებს.

VI
ასე თავდება ცხოვრებისეული დრამა გრძნეული გველის-მჭამელისა. ჩნდება სურვილი ფშავის მთებში შობილი მინდიას შედარებისა ნორვეგიის ფიორდებში დაბადებულ პერ გუნტთან. გუნტის მხატვრულ სახეში, პირველ ყოვლისა, მოცემულია ადამიანი, ვის არსებაშიც ორი ძალა იბრძვის დასაბამიდან: ბუნებრივი და ზებუნებრივი. ბუნებრივი ყოფით შემოფარგლული, ყოველივესი არსებული სახით მიმღები, თვითკმაყოფილი, ხვდება იგი ტროლების სამეფოში, კარგავს თავის მეობას, რჩება საკუთარი თავის გარეშე; და რა მიილტვის იმისაკენ, რადაც შექმნა უზენაესმა, პოულობს კიდეც საკუთარ თავს, თავის საწყის არსს თვითნაბადი და თავისთავადი. ამ ძალთა ორთაბრძოლაა მთელი დრამა, საცა მტანჯველი პროცესია ასახული პიროვნულობის ჩამოყალიბება-ხორცშესხმისა. საკუთარი თავის ამ ძიება-მიგნების პროცესში ადამიანს (პერ გუნტს) უნათებს სოლვეიგის ტყის ქოხიდან გამომკრთალი ჩაუქრობელი ნაპერწკალი და მის სმენას აღწევს საუცხოო სიმღერა მშვენიერი ასულისა: “სამებობას გავიდარე; გელი ძვირფას და შორეულს”… და ქალწულისადმი სიყვარულში აცნაურებს იგი თავის ნამდვილ “მეს”, თავის სულიერ არსს, პოულობს თავის მეობას, “ერთიანი, მთლიანი, შუბლზე ღვთის ნიშნით”. მაგრამ ვაი, რომ ეს ყოველივე გუნტს სიცოცლის ფასად უჯდება: რა იგემებს სულ ერთის წამით თვითდამკვიდრების ბედნიერებას, კვდება კიდევაც. ასეთია ადამიანის ბედისწერა იბსენისეული გუნტის სახეში.
გველის-მჭამელის დრამა გარკვეულად სხვაგვარია. გუნტმა სოლვეიგისადმი ტრფიალში იპოვა თავისი თავი, მინდიამ სამყაროს მიმართ სიყვარულში ჰპოვა თავისი “მე”. გუნტი მოკვდა თვითგასრულების მომენტში; მინდია ისწრაფვის, იპოვოს თვითგასრულება სამყაროულ მთლიანობაში. იქ, სადაც გუნტის დრამა მთავრდება, იწყება მინდიასი და, ამ აზრით პოემა “გველის-მჭამელი” თითქოსდა გაგრძელებას წარმოადგენს პოემა “პერ გუნტისა”.

??????