ქებურია ბელა
გაზიარება

ახლა ვწერ... ექსკლიუზივი

ზურაბ გორგილაძეს

ახლა ვწერ ჩემზე,
თქვენზე, სხვებზე,
თითქმის ყველაზე,
მძულს გულგრილობა
და ღალატი,
რადგან სიკეთე,
რომელსაც
ყველა ვქადაგებთ და...
მაინც ვივიწყებთ,
რაღაც
უცნაურ სახეს იღებს,
იმიჯს იკეთებს.
ღმერთო, როგორ მღლის
და მაწუხებს თვალთა ელვანი,
ფარისეველთა, იუდათა
ავნი მზერანი...
და რატომ გიკვირთ,
რატომ გიკვირთ,
თუ მეშინია,
ამ წუმპესა და
ტალახში არ
ჩამრჩეს მერანი.
შოთას, ვახტანგის,
სულხან-საბას
ტატოს რაშები,
აკაკის, ვაჟას
და ილიას
გულის ძგერანი,
ქართული სული
მზის სხივებთან
ნათამაშები,
რომელთა ღირსნი
ვაითუ, ვერ გავხდეთ
ვერავინ.
ეს გული ტკივილს
გაუგლიჯავს
გულისგულამდე,
სული ქართული
მე მაგონებს,
უხედნ ულაყებს,
რომელთაც
სივრცე-ნაგვალვარი
ტორით უპყრიათ,
მათთვის ლაგამი
თავისუფალ სულის ხუნდია.
ვარ მყვირალობას ხარ-ირემი
ყელგაღადრული,
გიხმობ, გეძახი
სისხლო ჩემო,
სულის ზიარო,
ღმერთო, ამქვეყნად
ნუთუ მართლაც
არავინ არი,
რომ ჩემთან ერთად
ამ გოლგოთის
გზით აიაროს.
ვარ გარჩენილი
ქარაფის-პირს,
ვით ორაგული,
და ხელთ მიპყრია
არა ჩემი _
სამშობლოს გული.
და ვეძებ ახლა
ნათელს,
ძლიერს,
ზნეკეთილს,
სუფთას...
ქართველს, რომელსაც
სულზე მეტად
სამშობლო უყვარს.
P.S. მე თუნდ გოლგოთას
ან ქარაფში
სიკვდილს არ ავცდე,
ოღონდ ეს გული
თითოეულ
ქართველს გადავცე.

??????