წიგნი მოწმობათა (მთარგმნელი: ნინო ქოქოსაძე)
დასაწყისი.
გადაეცით თქვენს შვილებს; მათ კი გადასცენ თავიანთ შვილებს, ხოლო მათ – შემდგომ თაობებს.
იოველი 1:3
წიგნი პირველი
პროლოგი
ეს წიგნი არა ჰგავს იმათ, რომელთაგანაც ვიგებთ ჩვენი შორეული წინაპრების შესახებ. თქვენ წაიკითხავთ თუ რა ბედი ეწიათ ჩვენს მამებს ან თავად ჩვენ – „აუსშვიტცის თაობას“.
აქ ისმის მოკლულ ებრაელთა ხმები ცოცხლად გადარჩენილთა მისამართით:
გულისყურით წაიკითხეთ ეს მოწმობები, შეეცადეთ გაიგოთ რა საშინელება იყო მსგავსი სიკვდილი. შეეცადეთ ჩასწვდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.
არ მოგიწოდებთ სიძულვილისკენ!
„ევროპის მდინარეთა ნაპირებზე ვიჯექით და მოვთქვამდით“ –სიკვდილის მოლოდინში.
მოგეძევებათ თავისუფალი დრო, დაფიქრდეთ ჩვენზე, უდანაშაულოდ მოკლულებზე?
დროის ათვლა დაწყებულია ანუ დაკარგული შანსი
30 იანვარი 1933.
ოტელ „კაიზერხოფის“ ეზოდან შავი მერსედესი გამოდის და გერმანიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფელდმარშალ გინდენბურგის აპარტამენტებისაკენ მიემართება. გინდენბურგი უკვე მოხუცია, მერსედესის უკანა სავარძელზე ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი ზის.
ჰიტლერი შედის სახლში როგორც ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ლიდერი და იქიდან გამოდის როგორც – გერმანიის ხელისუფალი!
ბერლინის გაზეთები ვრცელ რეპორტაჟებს ბეჭდავენ.
ქუჩებში მარშირებენ ლითონის ჩაფხუტიანი სამხედროები, მუნდირებს სვასტიკა უმშვენებთ. ფრიალებენ ფაშისტური დროშები...
ფეშენებელურ მარმარილოს შენობაში საგანგებო სხდომას იწვევს პრუსიის სახელმწიფო საბჭო.
ქალაქ ალტონის მერი, ვაიმარის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი, სავარძლიდან დგება, მიდის კომუნისტური ფრაქციის თავკაცთან და კოლეგა– მოწინააღმდეგეს ხმადაბლა ეუბნება: „ ამხანაგო ტროგლერ! მეთორმეტე საათმა ჩამოჰკრა! ხედავთ რა ხდება? ხომ არ დადგა დრო ჭკუას მოვუხმოთ და ერთად ვიმოქმედოთ?“
ტროგლერი – ინტელექტუალი. ბრწყინვალე ორატორი. გამოცდილი პოლიტიკოსი. ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის ლიდერი...
ის თავს გადააქნევს, წარბებს აზიდავს და უპასუხებს:
„ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ამხანაგო ბაუერ! ნაცისტები გაიმარჯვებენ, მაგრამ ხელისუფლებაში სამი–ოთხი კვირა დარჩებიან. შემდეგ კი, როცა ეს გაუგებრობა დამთავრდება,მთელი მუშათა კლასი ჩვენ გამოგვყვება“!
გონება შემღვრევია პარტიის ლიდერს! საათმა უკვე შუაღამისა ჩამოჰკრა... მსოფლიო უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას.
ებრაელთა კატასტროფა ყველაზე დიდი გენოციდია მათ შორის ,რაც აქამდე ახსოვს კაცობრიობას.
თითქმის ყველა საუკუნეში ადამიანის ბოროტ ინსტინქტებს ეწირებოდნენ უდანაშაულონი. ისტორიის ფიალა სავსეა სისხლით...
სისხლით – დამორჩილებულ ტომთა, პირველყოფილ ეპოქაში.
სისხლით – ხალხების, რომლებიც მთლიანად ამოშალეს ისტორიიდან მონღოლებმა.
შუა საუკუნოვანი სისხლის მდინარეებით.
სისხლით – რომელიც იღვრებოდა რელიგიურ ომებში.
სისხლით – მონათა და გლეხთა აჯანყებებიდან.
ინდიელთა სისხლით – რომლებიც „განათლებულმა“ ხალხებმა აღგავეს პირისაგან მიწისა.
სისხლის მდინარეები ზღვად გადაიქცა, მიწა წალეკა...და არ წყდება დღემდე: სამამულო ომები, რევოლუციები და კონტრრევოლუციები, მსოფლიო ომები და ეთნოკომფლიქტები.
...და მაინც, ებრაელთა კატასტროფის მსგავსი, თავისი მასშტაბებით და სისასტიკით არ უნახავს მსოფლიოს! კატასტროფასთან ახლოს ვერ მივა ებრაელთა დევნა და შევიწროება ვერც ერთ ეპოქაში.
კატასტროფა –
არ არის მშიერი მასების შურისძიება,
არ არის რელიგიური ფანატიზმი,
არ არის სოციალური რევოლუცია,
გეტო – სამხედრო ტყვეთა ბანაკი არ ყოფილა! არც აუსშვიტცში იწვოდა ოთხი წლის მანძილზე ადამიანთა სხეულები დაბომბვების გამო!
პირველად ისტორიაში სახელმწიფომ გასცა – მთელი ერის ამოჟლეტის
ბრძანება.
სახელმწიფომ შეიმუშავა გეგმა, გააკეთა ორგანიზება, ფინანსირება და კონტროლი, ხალხზე უპრეცენდენტო ნადირობისა – ყველგან და ყოველთვის. ატლანტიის ოკეანედან კავკასიის მისადგომებამდე. ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუამდე. ზამთარ–ზაფხულ, დღისით და ღამით...და ჩაითრია მასში თითქმის ყველა ქვეყანა, ყველა ენაზე მოლაპარაკე. მსხვერპლი კი გახდა მთელი ებრაელი ხალხი, გამონაკლისის გარეშე.
კატასტროფა გრძელდებოდა შეუჩერებლივ, ასი ათასი საათის განმავლობაში – 12 წელი, 3 თვე და ხუთი დღე.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჰიტლერმა წამოიწყო შეტევა ებრაელთა წინააღმდეგ.
ფიურერს ეჯავრებოდა ჩეხები, ფრანგები, ინგლისელები. ვერ იტანდა რუსებს. სძულდა პოლონელები, გულზე არც ბელგიელები, ჰოლანდიელები და იტალიელები ეხატებოდა.
ზემოდან უცქერდა ამერიკელებს, მაგრამ არავინ ეზიზღებოდა ისე, როგორც ებრაელები...
ებრაელები კი ჩეხეთში – ჩეხობდნენ, უნგრეთში – უნგრელობდნენ, პოლონეთში – პოლონელობდნენ...
–გერმანიაში?
გერმანიაში ყველაზე მეტად სთვლიდნენ საკუთარ თავს გერმანელებად!
ჰიტლერს არც მუშები უყვარდა, არც სოციალისტები. ებრძოდა კომუნისტებს.
დამცინავად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, პატივს არ სცემდა ხელოვნებასა და დემოკრატიას.
ებრაელები ყველა ფენაში იყვნენ. ჰიტლერს ისინი ორმაგი სიძულვილით სძულდა.
...და აღიმართა ათასი მსახვრალი ხელი: ეს ესი, გესტაპო, ეინზატცი, ჰიტლერიუგენდი, ვერმახტი...
და განივრცო:
„ლურჯი პოლიცია“ – პოლონეთში.
„იპატინგასი“ – ლატვიასა და ესტონეთში.
„ბიშისტები“ – საფრანგეთში.
„ნაცისტები“ –ავსტრიაში.
„ფაშისტები „– იტალიაში.
„რკინის გვარდია“ –რუმინეთში
„ჯვარედინი ისრები“ – უნგრეთში
ბელგიაში ებრაელების წინააღმდეგ დაგლერის მომხრეები გამოდიოდნენ, სკანდინავიის ქვეყნებში – კვისლინგის.
აფრიკაში – გესტაპოს იერუშალაიმიდან წარგზავნილი პალესტინელი ნაციონალისტები ეხმარებოდნენ. ათასობით ტუნისელი ებრაელი გაიგზავნა საკონცენტრაციო ბანაკებში.
ებრაელები გადაჰყავდათ სპეც.მატარებლებით და არავინ იცოდა, ვინ რისთვის იყო განწირული...
დასაწყისისთვის აპატიმრებდნენ ებრაელ კომუნისტებს, შემდეგ სოციალისტებს, ამის შემდეგ ყველა ლიბერალური შეხედულების ებრაელს. დანარჩენები ჯერ კიდევ სთვლიდნენ, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ, მაგრამ სულ მალე დაიწყეს სახელმწიფო მოხელეთა დაკავება, რომლებსაც ერთი მესამედი ან ერთი მეოთხედი ებრაული სისხლი ერიათ, ამას მოჰყვა კაიზერის ომების ებრაელ ვეტერანთა დაპატიმრება. დადგა საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერთა, მწერალთა, ჟურნალისტთა და მხატვართა ჯერიც – დააკავეს ყველა, ვინც ვერ მოასწრო ქვეყნის დატოვება ან თვითმკვლელობა...გერმანიიდან არც თუ ისე შორს გადახვეწილებზეც მიუწვდათ ხელი.
მასიურ დაპატიმრებებამდე ყველა ებრაელი კანონგარეშედ გამოცხადდა. ოკუპირებულ სახელმწიფოებში ებრაელებს ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები. აეკრძალათ კათოლიკე ხელქვეითთა ყოლა და ყოველგვარი კონტაქტი არიელებთან. ებრაელები გამოყარეს საკუთარი ან მათი მამაპაპის აშენებული ფაბრიკებიდან და სახელოსნოებიდან, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც ფასეული გააჩნდათ. ხშირად, ჩამორთმეულ ნივთებზე მათი მფლობელების გვარ–სახელები ეწერა, მაგრამ მათი ტარებისა არავის შერცხვენია...
საკუთარი სახლებიდან გამოყარეს ყველა, განურჩევლად იმისა ღარიბი იყო თუ მდიდარი.
ჩაცმულობის მიხედვით ერთმანეთისგან იოლად გაარჩევდით პარიზიდან, ბუდაპეშტიდან, ამსტერდამიდან თუ სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილებს.
ევროპული სოფლებიდან უკვალოდ გააქრეს ფერმერი ებრაელები. ისინი, ვინც დილიდან საღამომდე თავაუღებლად შრომობდა, ვინც ხე–ტყეს ამუშავებდა...თითქოსდა არც არასოდეს არსებულან. მათ ჩექმებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შერჩენილი ახლადმოხნული მიწის კვალი.
განკითხვის ჟამმა ჩამორეკა მათთვისაც, ვინც სუფთად, უაქცენტოდ ლაპარაკობდა გერმანულად. პრაღის და ვენის ინტელიგენცია დაკავებულთა შორის გამოირჩეოდა მოდური პალტოებით, ხავერდის კანტებით გაწყობილი პერელინებით, ნატის და ლაკის ფეხსაცმელებით.
ოდნავ გვერდულად ეხურათ მსუბუქი ფეტრის ბერეტები მწერლებს და პოეტებს, მხატვრებს და მუსიკოსებს და როდესაც პირუტყვის გადასაზიდი ვაგონების საფეხურებზე ადიოდნენ, მათი სახეები უფრო გაოცებას გამოხარავდა, ვიდრე შიშს.
როდესაც იტალიურ ქალაქებში ებრაელებს საკუთარ სახლებში შეუცვივდნენ, ბევრს ეს ჯერ კიდევ გაუგებრობა ეგონა, მხოლოდ ზოგი მათგანი ხვდებოდა, რომ სამშობლომ ისინი ყველაზე მძიმე დროს გაყიდა!
...და სამხრეთ–დასავლეთიდან წამოსული ეშელონები ხვდებოდნენ სამხრეთ– აღმოსავლეთიდან წამოსულებს, ფანჯრებში ზოგჯერ კრთებოდა დასახლებულ პუნქტთა უცხო სახელები:
–ვესტერბორკი!
–დრანსი!
–რომანეშტე!
... ყველანი მოუსავლეთისაკენ მიდიოდნენ!
...და ამ მოუსავლეთს ერქვა – პოლონეთი!
საკონცენტრაციო ბანაკებში მათ ის უკანასკნელიც ჩამოართვეს, რისი სახლიდან წამოღებაც მოახერხეს. გადაპარსეს, დაზოლილ უნიფორმებში გამოაწყვეს. პირის ღრუდან ძვირფასი მეტალის კბილის გვირგვინები ამოაცალეს. ამ განსაკუთრებულ „ტვირთს“ ფაშისტები საგულდაგულოდ ფუთავდნენ, წონას და ნომერს აწერდნენ და ისე გზავნიდნენ გერმანიაში...
განწირულთა გულებში მაინც ღვიოდა იმედის ნაპერწკალი, სასწაულის მოლოდინში ლოცულობდნენ და ასე ეგებებოდნენ ყოველ ახალ დღეს.
მაგრამ საიდან უნდა მოსულიყო ხსნა? მათ საკუთარი ქვეყანა არ გააჩნდათ!
მათ ჩამოართვეს სიცოცხლის უფლება არა იმიტომ, რომ იყვნენ ცუდი მოქალაქენი იმ ქვეყნებისა სადაც ცხოვრობდნენ... და ამჯერად, არა იმიტომ, რომ განსხვავებულ რწმენას ატარებდნენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელებად დაიბადნენ!
და გამოტანილ იქნა საშინელი განაჩენი – ეცოცხლათ ებრაელებს უსაზღვროდ დამცირებულად და მომკვდარიყვნენ სასოწარკვეთილებაში.
ნუთუ არ შეიძლებოდა უბედურების წინასწარგანჭვრეტა? რაიმე საწინააღმდეგოს გაკეთება?
ბევრს არ ესმოდა, რომ საყოველთაო უბედურების წინაშე იდგა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ,ისინი საკუთარ ფესვებს მოწყდნენ. ძალიან ცოტას თუ ახსოვდა როგორ გამოიყურებოდა ებრაული ანბანი...და როდესაც სახლის კარებზე მიუკაკუნეს, საკუთარ ყურებს არ დაუჯერეს...ისინი ხომ თავს უფრო გერმანელებად სთვლიდნენ, ვიდრე ებრაელებად.
ტერეზინშტატდში სხვა ბერლინელ ებრაელებთან ერთად, ერთი მოხუცი ქალბატონი მიიყვანეს. ფაშისტები მას გამორჩეულად ექცეოდნენ, რადგან დიდი კომპოზიტორის, ლისტის შვილიშვილი და გერჰარდტ ჰაუპტმანის ბიძაშვილი გახლდათ.
მიუხედავად ამისა, მოხუცი ძალიან გაწვალდა და განუწყვეტლივ იმეორებდა : „აჰ, გერხარდმა რომ იცოდეს, როგორ მომექცნენ...“ ტერეზინშტადტის პატიმრებს ეცოდებოდათ მოხუცი, რადგან მძიმეა ცხოვრება სიკვდილის აჩრდილთან ერთად და უფრო ძნელია ცხოვრება აჩრდილების სამყაროში...
ნაცისტები ესწრაფვოდნენ ებრაელი ერის სრულ განადგურებას, მაგრამ მკვლელებს გამორჩათ, რომ მათ ჰყავდათ შესანიშნავი მასწავლებლები!
ჯერ კიდევ დიდი ტაძრის დარღვევამდე, ბრძენკაცნი იერუშალაიმისა ხალხს მოძღვრავდნენ, რათა არც ერთი ძე ისრაელისა – არ დარჩენილიყო განათლების გარეშე.
სამი წლის ასაკიდან ებრაელი ბავშვები იწყებდნენ სწავლას და არ იყო ებრაული ოჯახისათვის უფრო მნიშვნელოვანი მისწრაფება, ვიდრე შვილებისათვის განათლების მიცემა.
გეტოს კედლებშიც კი არ შეწყვეტილა სწავლება.
პატიმართა შორის იყვნენ მასწავლებლები. ისინი საიდუმლოდ აწყობდნენ მეცადინეობებს. შოულობდნენ ცარცს, რვეულებს, სანთლებს. აქ, სიკვდილის მიჯნასთან მდგარნი, მხოლოდ ცოდნის კი არა, სულიერი საყრდენის მიცემასაც ცდილობდნენ მოსწავლეთათვის.
მათ განათლების სამინისტრო როდი უგზავნიდა ინსტრუქციებსა და სტანდარტებს, მაგრამ თითქმის ყველგან, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ერთი და იმავე გეგმით, იქმნებოდა არალეგალური კლასები.
როდესაც ერთ მასწავლებელს მოუსავლეთის გზას გაუყენებდნენ, დაუყოვნებლივ ჩნდებოდა შემცვლელი. ასწავლიდნენ ივრითზე, იდიშზე და ყველა იმ ენაზე, რომელიც საჭირო ხდებოდა.
დოქტორი მორგენშტერნი გერმანელებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის გეტოში მასწავლებლებისათვის სემინარს ატარებდა.
იმავე დღეს დააპატიმრეს ჩერნა, მისი ერთადერთი ქალიშვილი.
შემოდგომის ცივი ქარი ქროდა. დოქტორი და მისი ქალიშვილი იქამდე იდგნენ გალავანთან ხელიხელჩაკიდებული, სანამ შავი ტყავის ხელთათმანმა ერთმანეთს არ დააშორა.
თავი მეორე
იმედები სულ ბოლოს კვდებიან.
18 აგვისტო.1935.
დინსლაკენი
შვილო!
როგორ გაგიმართლა, რომ ახლა გერმანიაში არ ხარ!
მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე რა ხდება სამშობლოში. ჩვენი მეზობელი, დოქტორი ოსკარ ჰერმანი სამსახურიდან დაითხოვეს! ის ხომ 30 წლის მანძილზე მუშაობდა ვილჰელმის სახელობის გიმნაზიის დირექტორად. მთელს გერმანიაში ცნობილია ეს გიმნაზია. რამდენი თაობა გამოზარდა. ებრაელებიც და არაებრაელებიც. გარდა ამისა, ის ხომ მეცნიერია! მართალია რუსეთში დაიბადა, მაგრამ სრულყოფილად ფლობს გერმანულს. მისი ნაშრომები ბოტანიკაში სრულიად განსაკუთრებულია. ჰერმანი ჩვენი ენციკლოპედიის საბუნებისმეტყველო ნაწილს რედაქტორიც იყო... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოქტორი სოციალისტურ შეხედულებებს იზიარებდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.
თუ არ ვცდები, მან ტინენბერგის ბრძოლაში ფეხი დაკარგა, ამას წინათ კი, ტრამვაიში, ვიღაც ხულიგანმა მოსთხოვა ადგილი გაენთავისუფლებინა მისთვის და „ბინძური ებრაელი“ უწოდა. შენ წარმოიდგინე, წიხლიც კი უთავაზა და ტრამვაიდან ჩამოაგდო. კიდევ კარგი ტრამვაი ნელა მიდიოდა და არაფერი დაშავებია.
დოქტორს მოერიდა ცოლისთვის ამ ამბის გამხელა და ტალახში მოსვრილი პალტო შემთხვევით წაქცევას გადააბრალა.
ღმერთო! დღესდღეობით, ჩვენი საზოგადოება უარესადაა გასვრილი!
გწერს მამაშენი. სიყვარულით.
8 ნოემბერი. 1938.
დინსლაკენი.
ძვირფასო, შვილო!
ჩემს კაბინეტში უცნობი პირი შემოიჭრა. მე მყისვე მივხვდი, რომ ის ებრაელი იყო.
მითხრა: დიუსელდორფის ებრაული თემის თავკაცი ვარო. ღამე ვაგზალზე გაუთევია. მთხოვდა დროებითი თავშესაფარი მიმეცა ჩვენს ობოლთა პანსიონში.
ებრაელებს ყველგან დასდევენ და იჭერენ. სინაგოგებს წვავენ. თანდათან უფრო და უფრო მიპყრობს შიში...
კარებზე რეკავენ...წერას ხვალ გავაგრძელებ.
მამაშენი.
ძვირფასო, შვილო!
ძლივს შევძელი თავის დაჭერა! სამაგიეროდ ავიცილე პანიკა ბავშვებისა და აღმზრდელების მხრიდან.
გადავწყვიტე ბავშვები შემემზადებინა კარზე მომდგარი განსაცდელისათვის. საღამოს რვის ნახევარზე მე ისინი სასადილოში შევკრიბე. სულ 46 ადამიანი, აქედან 32 ბავშვი. ჩემი სიტყვა მათ წინაშე იყო მოკლე და მშრალი:
"გუშინ, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოკლეს გერმანიის საელჩოს თანამშრომელი ფონ რატტი. მკვლელობაში დადანაშაულებულნი არიან ებრაელები. ვფიქრობ, ჩვენს მიმართ გამკაცრდება ბოლო დროს ისედაც არასახარბიელო დამოკიდებულება. ვშიშობ, გერმანელი ებრაელებისათვის შუასაუკუნეებზე მძიმე დღეები დადგება. ევედრეთ უფალს, მოგანიჭოთ სულიერი სიმხნევე და გამძლეობა"
შემდეგ ყველას ვთხოვე ზემოთ ასულიყვნენ, არ გაეღოთ შემოსასვლელი კარი არავისთვის და დამორჩილებოდნენ მხოლოდ ჩემს განკარგულებებს.
9.30. თავშესაფრის კარზე დააბრახუნეს. კარი გავაღე. შენობაში ორმოცდაათამდე კაცი შემოიჭრა, დაიწყეო დარბევა.
ზემო სართულიდან შეშინებული ბავშვების ხმები გაისმა.
–ყველანი ქუჩაში! დავიყვირე ხმამაღლა, მეგონა იქ, ხალხის თვალწინ ვერაფერს გაუბედავდნენ ბავშვებს, ისინიც სათადარიგო კიბეებით დაეშვნენ, ზოგმა ჩაცმაც ვერ მოასწრო ბოლომდე, უპალტოოდ და უქუდოდ გამორბოდნენ სიცივეში. ვეცადე ისინი მერიის შენობის მიმართულებით წამეყვანა. ჩვენს პირდაპირ ასობით პოლიციელი იდგა.
უცებ, ჩემი კარგად ნაცნობი პოლიციის ოფიცერი ფრეიმანი დავინახე. მანაც შემნიშნა და შორიდან დამიყვირა: დახმარების იმედი არ გქონდეთ! ებრაელებს არავინ დაეხმარება! სასწრაფოდ წაეთრიეთ აქედან თქვენი ნაბიჭვრებიანად.
– მეც მომკალით ბავშვებთან ერთად! დამთავრდეს ეს კოშმარი! დავუძახე ფრაიმანს
–ნუ ჩქარობ! მაგის დროც მოვა! მიპასუხა ცინიკურად.
ბავშვები იქვე, სკოლის ეზოში შერეკეს. აქედან კარგად მოსჩანდა როგორ ანგრევდნენ ჩვენს შენობას. ფანჯრებიდან გადმოყარეს საწოლები, კარადები, მაგიდები, პიანინოს ნამსხვრევები, დავინახე როგორ „მოფრინავდა“ ჩემი პატეფონი...
10.15.
ქალაქი სირენების გამაყრუებელმა ხმამ შესძრა. დიდი სინაგოგა იწვოდა, მაგრამ მეხანძრეები მხოლოდ მაშინ მივიდნენ, როდესაც შენობა ჩამოინგრა. ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ არაებრაულ შენობა–ნაგებობებზე არ გადასულიყო ცეცხლი.
ჩვენ სხვა ებრაელი ლტოლვილებიც შემოგვიერთდნენ. ახლა 90 კაცამდე ვიქნებოდით. სკოლის ერთ –ერთ დარბაზში შეგვრეკეს და გამოგვიცხადეს, რომ 60 წლამდე ასაკის ხალხს დახაუში გადაგვიყვანდნენ, ხოლო მოხუცებს და ბავშვებს რა ბედი ეწიათ არ ვიცი...
ძვირფასო, შვილო!
იქნებ გახსოვს კიდეც, ჩვენთან ერთი ბიჭი ცხოვრობდა – მოგრძო სახით და დიდი შუბლით – ლეო. მე მას „ლეო დელ იუნგე“ შევარქვი. ყოველთვის მჯეროდა, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. ხომ ხვდები, მე ლეონ უფროსში, ლეონ ბლუმს ვგულისხმობდი და არა ტროცკის. ის პირველი წაიყვანეს...
ბატონი ჰიუგო ქოენი კი ნამდვილად გემახსოვრება. ყველა საზეიმო სხდომაზე იგი პრეზიდენტის მაგიდასთან იჯდა. მხოლოდ მას ჰქონდა ჩვენს ქალაქში პირველი ხარისხის რკინის ჯვარი – საბრძოლო მამაცობისთვის.
ქოენი დახაუსკენ მიმავალთა წინა რიგში მიაბიჯებდა და ამაყად მიჰქონდა პატარა ბალიშზე დასვენებული თავისი საპატიო ჯილდო.
„ებრაელო ღორო! ვის აწაპნე ორდენი?!“ დაუყვირა ესესელმა მოხუცს და ხელიდან გამოგლიჯა ჯვარი.
ქოენს სახეზე სისხლი მოაწვა , მაგრამ მაინც ისე განაგრძო სვლა, როგორც სამხედრო აღლუმზე.
რუხი და უსიცოცხლო დღე იდგა. იმ საღამოს პირველად მომინდა სიკვდილი.
შვილო ჩემო, ეს ყველაფერი ღამის კოშმარები არ გეგონოს! ეს – ჩვენს ბრძენ და კეთილ გერმანიის მიწაზე ხდება...
გწერს სიყვარულით – მამაშენი.
მესამე ცრემლი
ჩერნა – ზუსტად თვრამეტი წლისა და სამი დღის იყო, როდესაც საბარგო მანქანა გორაკზე შეფენილი პატარა ტყის პირას შეჩერდა. სანამ მანქანას ბრეზენტის სახურავს გადახდიდნენ, ჩერნამ მოასწრო თავისი მშვენიერი, შავი თმა ჩამოეწნა და კეფაზე მოეხვია...ისე, როგორც ყოველთვის უყვარდა ტარება.
–გაშიშვლდით! გაისმა ბრძანება.
ჩერნა დაუფიქრებლად დაემორჩილა, თითქოს სხვისი ხელებით მოქმედებდა. ლიფი და ქვედა საცვალი მაინც იქამდე ეჭირა მუჭში, სანამ არ დაუცვივდა...
119 დედიშობილა ქალი იდგა და ელოდა საკუთარ რიგს... შემოდგომის მზე უკვე ტირიფების მიღმა გადახრილიყო.
სულ ახლოდან გაისმა ავტომატის მოკლე ჯერი, ხოლო ბრძანება :„ადექით!“ თითქოს სადღაც შორს გახმიანდა. ჩერნას გააკანკალა...
–ეი, შენ, შავთმიანო! წინ გამოდი!
ეს ბრძანება ჩერნას მისამართით გაისმა.
ქალიშვილი გაშეშებული იდგა, თითქოს ვერაფერი გაიგო...
–შენ რა, სიცოცხლე არ გინდა, ებრაელო?! დაუყვირა ფაშისტმა ოფიცერმა.
გვერდით მდგომმა ქალმა მუჯლუგუნი გაჰკრა. ჩერნა გამოფხიზლდა.
–მინდა... ძლივს ამოილუღლუღა, თან მკერდს იფარავდა გადაჯვარედინებული ხელებით.
ჩერნა ხედავდა ოფიცრის სახეს, სამფეხზე შეყენებულ ტყვიამფრქვებს, რომელთა უკან ოთხი ლიტველი იდგა...
–რამდენი წლის ხარ? ეი, შენ გეკითხებიან!
ოღონდ არ აგეტიროს, საკუთარ თავს უბრძანა ჩერნამ.
–თვრამეტის, ბატონო.
–ლამაზი ხარ! თქვენ, ებრაელებმა, იცით საკუთარი თავის ფასი. მალე მთვარე ამოვა, დღეს შესანიშნავი საღამო გელოდებათ. გამოდი! დატოვე ეგ მწკრივი! გამოდი! შენ გელაპარაკებიან! წადი და უკან არ მოიხედო!
ჩერნა გაუნძრევლად იდგა, თითქოს ფეხები გაუქვავდა.
კეთილმა მეზობელმა ისევ გაკრა მუჯლუგუნი, ჩერნა გამოფხიზლდა და ადგილს მოწყდა... ასთვრამეტი წყვილი, დამფრთხალი და შენატრული თვალი მიაცილებდა...
ჩერნამ თითქმის მწკრივის ნახევარს ჩაუარა გვერდით, ფრიალოს ნაპირას მდგომ ბოლო ხემდე მივიდა...სწორედ იქ დაეწია ტყვია! ზურგში მოხვდა!
ქალებმა ოდნავ უფრო ადრე დაინახეს, როგორ დაეცა ჩერნა, ვიდრე მათ სმენას გასროლის ხმა და ფაშისტის გადახარხარება მოჰყვა...ჯერ კიდევ მბოლავი მაუზერის აქნევით, ოფიცერმა ტყვიამფრქვევთან მდგარ ხელქვეითებსაც ანიშნა...
სწორედ მაშინ, როდესაც ჩერნა მოკლეს, დაბაში, პანარიოვსკის ქუჩაზე გამართულ ჩვეულ ბაზრობაზე ჯერ კიდევ ზიმზიმებდა ბრბო.
საგალანტერიო დახლებთან მხიარულად მუსაიფობდნენ ახალგაზრდები. ჩაფართხუნებულ პალტოში გამოწყობილი გლეხის ქალი ყალბ მარჯნის მძივებს იზომებდა...ხან წითელს, ხანაც თეთრს.
–მომბეზრდა , ქალო! მხარზე ტომარა მოიგდო და ბრაზით შეუძახა გვერდით მდგომმა ქმარმა.
–მე წავედი!
ტომარაში გოჭი აჭყვიტინდა.
იმ დღეს, როცა ბაბი იარში 34 ათასი ებრაელი დახვრიტეს, ბრატისლავაში და ვილნოში
ჩვეული ბაზრობა გაიმართა. ადგილობრივი და ჩამოსული გლეხები ფორნებს ვეღარსად ტევდნენ. ცხენებს და გასაყიდად შემოტანილ ტვირთს აბინავებდნენ...
სლავური წარმოშობის, ზორბა მამაკაცები ერთმანეთს გულისწყრომას უზიარებდნენ:
–სად მიჰყავთ ჩვენი ფორნები? რისთვის?
–„მათი“ განკითხვის დღეა!
–ამ გერმანელებმაც სულ დაკარგეს სინდისი! ერთ ცხენზე 20 მკვდარ ებრაელს ტვირთავენ, სულ არ ებრალებათ პირუტყვი!
„სამი ჯვრის“ ხუტორის მცხოვრები, გვარად ბონდარჩუკი, დიდრონი ულვაშების ქვემოდან იფურთხება და ყვება, ახალთახალი ფორანი რა დღეში ჩაუგდეს ფაშისტებმა.
–სულ სისხლში და განავალში მოსვრილი დამიბრუნეს...
ოდესაში 19 ათასი დახვრიტეს, საერთო ჯამში ყირიმში – 25 ათასი. ბევრი დვინსკში და ბელგოროდში ამოწყვიტეს...და კიდევ ვინ იცის? ვინ დაითვალა? ვინ ნახა საკუთარი თვალით? ვინ შეაჯამა?!
პანარიოვსკზე ნივრის და ოხრახუშის სურნელი იფრქვევა, ქალები პიკულებს ამზადებენ, წელს კიტრის დიდი მოსავალია!
ზის უდარდელად გოგო, კიტრს ახრამუნებს, თორმეტი–ცამეტი წლისა გეგონება. სინამდვილეში სულ შვიდისაა...მამამისი იქვეა, რაღაც ბინძურ სიმღერას ღიღინებს...მოვაჭრე ქალები ქვეშ–ქვეშ იღიმებიან და დახლზე, ბოსტნეულთან ერთად, დიდ ძუძუებს ამზეურებენ.
–ზელინგის ახალთახალი ღუმელები სად წავიდა?
კითხულობს მოხუცი ვასილი, რომელიც გაღმა ნაპირზე ცხოვრობს.
–ეტყობა ებრაელის ღუმელებს ღმერთმა ღარიბი ადამიანების გათბობა დააბედა.
იკრიჭება ახმახი მამაკაცი.
ვილნოს ტყეებში – 50 ათასი დახვრიტეს.
კოვნოს მისადგომებთან, დანგრეული ციხესიმაგრის მახლობლად– 40 ათასი.
როდესაც ჩერნა მოკლეს, ვაგზლის მიმდებარედ ფარნები აინთო.
ადრე, როდესაც ბაზრობა მთავრდებოდა ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს მხარზე ხელის შემოკვრით და შეძახილით „ღმერთი შენსკენ“...და ეს სიტყვები ჟღერდა ლიტვური, პოლონური, ებრაული აქცენტით!
ბაზრობის შემდეგ, აბანოში მისულ მოხუც ვასილის იქ ებრაელები აღარ დახვედრიან...
„როგორი გოდება მოისმოდა მაგათი სინაგოგებიდან...ეტყობა წინდაწინ გრძნობდნენ“ –ფიქრობდა მოხუცი.
როდესაც ჩერნა მოკლეს... რიგის გეტოს მანქანების კოლონა მიადგა, იქიდან ჩამოვიდნენ კარგად ჩაცმული, მოკრძალებული ადამიანები. ბევრ მათგანს ხელში ჩემოდანი ეჭირა.
მართალია პალტოს ბოლოები ტალახით ჰქონდათ მოსვრილი, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდნენ.
ადგილობრივები გარს შემოეხვივნენ.
–საიდან ჩამოხვედით?
–ბერლინიდან!
–შტუტგარდიდან!
–ბრესლაუდან!
–კი მაგრამ, რისთვის ჩამოგიყვანეს გერმანიიდან ლატვიაში?
ჩამოსულთა უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა, რომ ამ ქვეყანას ასე ერქვა –“ლატვია“
–ჩვენ ჩამოგვასახლეს...გვითხრეს, რომ აღმოსავლეთში გვიპირებდნენ...
დამხვდურთაგან რომელიღაცამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ ჩაიცინა:
მეგობრებო! მიმართა მან ჩამოსულებს, უკვე 27 ათასი ჩვენიანი ჩამოასახლეს...გასაგებია?
ისინი ვერ მიხვდნენ...მაგრამ განა იერუსალიმში, ლონდონში ან სხვაგან ხვდებოდნენ რამეს?
იმ დღეებში, ნიუ–იორკში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი მარშირებისათვის ემზადებოდნენ.
მეისის ფირმის მაისურებიანი, ნატურალური ზომის – გამოჩენილ ფეხბურთელთა მულაჟები მაღაზიების ვიტრინებში გამოფინეს. ჰარვარდის ნაკრებმა იელის ნაკრებს სძლია. მატჩს 55 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.
ტელევიზორში ტანსაცმლის ახალი კოლექციების ჩვენებებს გადმოსცემდნენ. ნიუ–იორკი მსოფლიო მოდის ცენტრობას ჩემულობდა.
ფრედ ასტერის და რიტა ჰეივორთის შოუზე დასასწრებ ბილეთებზე, რადიო–სიდის სალაროებთან უზარმაზარი რიგები გაიჭიმა. გაზეთმა „პოსტმა“ სამხრეთ ამერიკას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა ტურიზმის სფეროში.
ინტელექტუალები ისევ კამათობდნენ თემაზე „არსებობს თუ არა ამერიკული ხელოვნება?“. ომის შემდეგ მთავარი პრობლემა განათლება იქნება, ასე თვლიდა „ნიუ–იორკ ტაიმსი“...
როდესაც ჩერნა მოკლეს, ქრისტიანული წელთაღრიცხვით ათას ცხრაას ორმოცდამეერთე წელი დასრულდა...
ლეო დელ იუნგეს დღიური
და ერთი წერილი ჩერნა მორგენშტეინისადმი
წარწერა სატიტულო ფურცელზე:
მე – ლეო დელ იუნგე ვარ, ვმუშაობდი ფირმა „კლაინ უნდ კერბერის“ კურიერად. აქვე, საწყობში ვტოვებ ამ რვეულს. მპოვნელს ვთხოვ, გადააგზავნოს იგი მისამართზე: პოლონეთი. ქ. ვილნო. შოპენის ქ. 3. ჩერნა მორგენშტეინს. ანდა: ერიკ ბედერს, სადღაც პალესტინაში.
წინდაწინ გიხდით მადლობას.
ვენა, 3 მარტი 1938
პირველი გვერდი:
მე, ლეო დელ იუნგე, ვიზრდებოდი გერმანიაში, დინსლაკენის ობოლთა სახლში, დღიურის წერა არასოდეს მომსვლია თავში აზრად, მაგრამ როდესაც ეს სქელტანიანი და სპილენძის აბზინდებიანი რვეული ჩამივარდა ხელში, მომაგონდა ჩემი ბიძაშვილი ჩერნა, თავისი განუყრელი ლურჯი ხავერდის ყდიანი რვეულით, რომელსაც ჩვენთან სტუმრობისასაც კი არ იშორებდა ხელიდან, იჯდა ფანჯარასთან და ყოველდღიურ ამბებს დიდი რუდუნებით იწერდა. მე არ მესმოდა თუ რა შეიძლებოდა ცხრა წლის გოგონას ცხოვრებაში მომხდარიყო ისეთი საინტერესო, რომელიც ამდენ წერა–კითხვად ღირდა და ერთხელაც ვკითხე ჩერნას, ხომ არ აპირებდა მწერალი გამოსულიყო.
ჩერნამ გამიღიმა და მიპასუხა: „მე უკვე მწერალი ვარ, ლეო“ . მაშინ ხუთიოდ წლისა ვიქნებოდი...ეს იყო ბერლინში გატარებული ჩვენი უკანასკნელი ზაფხული...მამამ მითხრა, რომ პატარა, სიმპათიურ ქალაქში გადავდიოდით საცხოვრებლად. მახსოვს ვიტირე.
მინდა ყველაფერი დავწერო, რაც ახლა ჩემს ირგვლივ ხდება, ოღონდ არ ვიცი რითი დავიწყო.
მეორე გვერდი.
სინამდვილეში ჩემი სახელია ლეო–არიელ მორგენშტერნი, „დელ იუნგე“ დისლაკენში შემარქვეს. იქ, ჩემს გარდა, კიდევ ორი ლეო ცხოვრობდა. ლეო შტიკი – ბოროტი ხუმრობების ოსტატი, ჩემი თანატოლი. რომელიც თავს უფლებას აძლევდა დავეჩაგრე, როდესაც დინსლაკენში ახალი ვიყავი.
მეორე – ლეო დერ გროსე. მას ყველანი პატივს სცემდნენ, ასაკით უფროსი გახლდათ, ერთი თავით ყველაზე მაღალი, უკვე ზედა ტუჩიც შეღინღლოდა მოწითალო ბალნით. ერთხელ, მათემატიკის გამოცდაზე, ამოცანის ამოხსნაში მივეხმარე. ამის მერე „აინშტაინა“ შემარქვა და თავისი მფარველობის ქვეშ ამიყვანა. მე ძალიანაც მიხაროდა ეს ამბავი, მაგრამ დოქტორმა მარტენმა აგვიხსნა, რომ ებრაელი მოზარდისათვის შეუფერებელია ისე გაყოყოჩდეს, თავი უდიდეს მეცნიერს გაუტოლოს, თუნდაც ხუმრობით.
ძალიან მინდა როცა გავიზრდები სპორტსმენი გავხდე, ისე ვირბინო, როგორც ლეო დერ გროსე დარბის.
მესამე გვერდი.
ჩვენს ოლქს „ფოლადის ჩაფხუტიანები“ აკონტროლებენ, მაგრამ პედაგოგები ახერხებენ შეინარჩუნონ პანსიონში სიმშვიდე და კეთილდღეობა. განსაკუთრებით ჩვენი დირექტორი, დოქტორი მარტენი ცდილობს. ის ახლა ჩვენთან ერთად დადის სასეირნოდ. ქუჩაში დოქტორს ხშირად ქუდის მოხდით ესალმებიან. მას ძველმოდური მონოკლი უკეთია, ამაყად და მხნედ უჭირავს თავი.
ბატონი მარტენი ჩემს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. იგი, პროფესორ ჰერმანს ჩემს გადაყვანას ურჩევდა თავისთან – გიმნაზიაში, ხოლო როდესაც ჩვენთან საოლქო ინსპექტორი ჩამოვიდა, ყური მოვკარი როგორ ეუბნებოდა: „ეს ბიჭი, მაღალი შუბლით, უთუოდ სახელოვანი მეცნიერი დადგება“
დოქტორმა მირჩია, სანამ საშიშროება გაივლის, იქნებ ვენაში წასულიყავიო. ჩვენს პანსიონში ხომ უკვე ორჯერ მოვიდნენ „კრიპოდან“.
მეოთხე გვერდი.
ექვსისა ვიქნებოდი, როცა ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მომწონდა ფანჯრიდან მათი აღლუმებს ცქერა. მწყობრად მოაბიჯებდნენ ჩირაღდნებითა და გაშლილი დროშებით.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეიძლებოდა ჩემთვის ტყავის ფართოქამრიანი სასკოლო ფორმის ტარება. ვიცოდი, რომ ებრაელი ვარ და მეც, ისევე როგორც ჩვენი კლასის ოთხ სხვა მოსწავლეს, სწორედ მაგიტომ დაგვრთეს ნება შაბათობით არ გვემეცადინა. ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით ქრისტიან ახლობლებთან და არასოდეს გამიგონია მათგან ჩვენზე რაიმე ცუდი...ასე იყო იქამდე, ვიდრე ერთ ღამით, ქალაქის მეორე ბოლოდან, სადაც ებრაელი მღებავები ცხოვრობდნენ, საშინელი ხმები არ გაისმა.
მეორე დღეს, ოტო რაუხერი სკოლაში ერთიანად გაფითრებული და გასისხლიანებული ბინტით თაგადახვეული მოვიდა. მასწავლებელმა აგვიხსნა, რომ დარბევა მოაწყვეს არაადგილობრივმა ხულიგნებმა და რომ პოლიციამ ისინი უკვე მკაცრად დასაჯა. ამავე დროს, მასწავლებელმა გვითხრა, რომ სკოლიდან მიდიოდა რადგან ახალ თანამდებობას სთავაზობდნენ. მე ვკითხე, თუ რა თანამდებობას დაიჭერდა მომავალში ჩვენი საყვარელი პედაგოგი. „ქალაქის ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელი“ – მიპასუხა მან.
მოგვიანებით ოტომ მომწერა, რომ სწორედ ჩვენი ყოფილი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა ობოლთა თავშესაფრის დანგრევას...
მეხუთე გვერდი.
ღმერთო, მომიტევე თუ დაუნახავი ვარ...არ მიყვარს ძია არტური! თუმცა ეს მან მომაწყო მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, დინსლაკენის ობოლთა პანსიონში.
ძია არტური მამიდაჩემის, რიტას ქმარია. ისინი ვენაში ცხოვრობდნენ.
მამიდამ მიამბო, რომ მამაჩემი რუსეთში დაიბადა და სანამ გერმანიაში ჩამოვიდოდა , ცოტა ხნით პოლონეთში გაჩერდა, სადაც მოქალაქეობა მიიღო. მამა პროვიზორი გახლდათ და აფთიაქში მუშაობდა, მაგრამ მას უფრო იცნობდნენ როგორც მოხალისე მეხანძრეს. დაიღუპა ბლუმენპლაცში, როდესაც ცეცხლმოდებული სახლიდან მოხუცი ქალის და მისი კატის გამოყვანას ცდილობდა... ქალაქის მერმა თავის გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნა, რომ მამა იყო სანიმუშო მოქალაქის ბრწყინვალე მაგალითი. დედის წარმომავლობაზე არაფერი ვიცი, მხოლოდ ერთხელ წამიყვანა მამამ ვაისენზის სასაფლაოზე – ბერლინში, სადაც დედაა დაკრძალული. მამამ მის საფლავთან კადიში წაიკითხა და მითხრა, რომ მალე ბერლინიდან უნდა გავმგზავრებულიყავით და აქ ბოლოჯერ მოვედით, რათა გამოვემშვიდობოთ დედას.
მაშინ პირველად გავბედე და ვუთხარი: „მამა, მე ის საერთოდ არ მახსოვს...“
„ბუნებრივია“, – მიპასუხა მამამ, „დედა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც შენ დაიბადე“.
მე ვერ მივხვდი. მამამ ამიხსნა...
ამის შემდეგ გამუდმებით მაწუხებდა კოშმარები, მესიზმრებოდა თითქოს რვაფეხა ვიყავი და დედას ყელზე ვეხვეოდი, რათა მომეხრჩო...ეს საშინელება იყო...
როდესაც მამა დავკრძალეთ, მამიდა რიტამ გულში ჩამიკრა: „საწყალი ბიჭი, ის ახლა ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩა“.
მე ვერ გავიგე, რატომ დავრჩი ამქვეყნად სულ მარტო, როდესაც მამიდა და ბიძა ჯერ კიდევ მყავდა...
მეექვსე გვერდი.
ახლა გიამბობთ თუ რა დაემართათ მერიის ებრაელ დეპუტატს და ვენის მთავარ რაბინს.
საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მოსეირნობდნენ დეპუტატი და მისი ცოლი ტემპელგასეზე, კოხტად ჩაცმულ–დახურულნი. შენობის წინ შეიარაღებული დაცვა იდგა. მათ დეპუტატი შიგნით შეათრიეს, ცოლს კი კარები ცხვირწინ მოუჯახუნეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ დეპუტატი გამოვიდა. ხელში ჩვარი და წყლის ჭურჭელი ეჭირა, მას უბრძანეს ეზოში ასფალტი გაერეცხა...დეპუტატი შეყოყმანდა, მაგრამ როდესაც პანღური უთავაზეს, სასწრაფოდ ჩაიმუხლა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. გალავანთან სეირის მაყურებლები შეიკრიბნენ, ზოგი შეშფოთებას გამოსთქვამდა, უმრავლესობა მხარს უჭერდა ამ უმსგავსობას. ცოტა ხანში შენობიდან სამოცდაათი წლის მოხუცი რაბინი გამოიყვანეს. რაბინს სისიტი ჰქონდა მოხურული, ისე როგორც სინაგოგაში, ლოცვის დროს. მოხუცსაც მიაჩეჩეს ხელში ჩვარი, რაბინი საკუთარი ნებით დადგა მუხლებზე დეპუტატის გვერდით.
„დილა მშვიდობისა, ბატონო დეპუტატო“ – მიესალმა მშვიდად.
„დილა მშვიდობისა, ბატონო რაბინო“ – მშვიდადვე უპასუხა დეპუტატმა.
ნაცისტს აშკარად არ მოეწონა მისალმების ეს რიტუალი. რაბინის შესამოსელს ფეხი დააბიჯა და ასე წააძრო მუხუცს, რომელსაც ჭაღარა თმა, მაღალი შუბლი და შუბლზე სალოცავი ფილაქტერია გამოუჩნდა. ბრბოდან მოწონების შეძახილები გაისმა.
თითქოს ყელში რაღაცამ მომიჭირა.
ნაცისტი რაბინს მიუბრუნდა:
–ჰა, ხომ კმაყოფილი ხართ?
რაბინმა მხოლოდ თავი ასწია, ის ჯერაც ასფალტის წმენდას განაგრძობდა.
–მთავარია ჩვენი ზეციური მამა იყოს კმაყოფილი, მე კი მხოლოდ უბრალო მსახური ვარ მისი...
ქუჩის კუთხეში დეპუტატის ცოლი შევნიშნე. ხეს მიყრდნობოდა და ერთიანად ცახცახებდა.
–ფრაუ, თქვენი ქმარი ცოცხალია, თავად დავინახე, არსად ეცხო სისხლი.
–მართლა? ნუთუ...
აქვითინდა და მომეხვია.
მეშვიდე გვერდი.
გავიგე რომ კაფე „რაპოპორტში“ საიდუმლოდ უნაწილებენ დახმარებას ლტოლვილებს. მივედი, მაგრამ ვერ გავბედე ფული მეთხოვა.
მინდა ერთი კუთხე დავიქირავო და ცალკე გადავიდე. ძია არტურმა არ დამიჯერა, როდესაც ვუამბე რა შეემთხვათ რაბინს და დეპუტატს.
–შენც ამ ლტოლვილების მონაჩმახს აყოლილხარ! საიდან იცი, რომ რაბინი იყო, ან დეპუტატს საიდან იცნობ?
მე ვუამბე, როგორ გავიგონე საკუთარი ყურით მათი ურთიერთ მისალმება, სულ ერთია არ დამიჯერა...
ბიძაჩემი „კლაინ უნდ კერბერის“ ბუღალტერია. ეს – სწორედ ის ფირმაა, სადაც მე კურიერად ვმუშაობ.
სამსახურში ახალი მეგობარი მყავს – ერიკ ბედერი. შესვენებაზე სათადარიგო კიბესთან ვხვდებით და ვსაუბრობთ. ერიკი ამსტერდამში აპირებს წასვლას, იქ ერეც–ისრაელში დასაბრუნებლად ხალხს ამზადებენ. გუშინ მეც წამიყვანა კაიზერშტრასეზე, 42 ნომერში, სადაც ამ ორგანიზაციის აქტივისტები იკრიბებიან, მინდოდა სიაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ არასრულწლოვანების გამო უარით გამომისტუმრეს.
ერიკს საკუთარ ოჯახში „სიმშვიდის დამრღვეველი“ შეარქვეს. ის გამუდმებით ურჩევს მშობლებს სანამ დროა ამსტერდამში გადასახლდნენ, მითუმეტეს მამამისი ჰოლანდიის მოქალაქეა, მათ კი ამის გაგონებაც არ სურთ.
ძია მორგენშტერნმა ვილნოდან ღია ბარათი გამოაგზავნა. მოკითხვას მითვლის, ჩერნაზე არაფერს იწერება...მენატრება ჩერნა.
პოლონეთში ჰიტლერი არ არის, მაგრამ ანტისემიტები იქ ბლომად არიან. ბიძია მათთან ჩასვლას მთავაზობს -ვილნოში,
ფირმა, სადაც ვმუშაობ, უკვე მისი გერმანელი თანამფლობელის გვარზეა რეგისტრირებული, მაგრამ ყველამ იცის, რომ მისი ნამდვილი მფლობელი კლაინია.
ჩვენ, ებრაელები, სამსახურში სათადარიგო კარიდან შევდივართ. აქაოდა „ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ“...ერიკი ამბობს, რომ უფროსებს სიმართლისა ეშინიათ და ხანდახან ბავშვებივით იბნევიან.
მერვე გვერდი.
ბატონი კლაინი დააპატიმრეს! პირდაპირ დახაუში გადააგზავნეს!
ძია არტური სამსახურიდან მიტკალივით გადაფითრებული დაბრუნდა.
გავიგონე როგორ მოუყვა ცოლს ეს ამბავი. შემდეგ კი, მთელი საღამო, როცა გვეგონა რომ სხვა რამეზე ფიქრობდა, თავს ასწევდა და დაბნეული ერთთავად იმეორებდა :„ რისთვის შეიძლება დააპატიმრონ ისეთი წესიერი პიროვნება, როგორიც კლაინია?“
დახაუს გზას კიდევ ბევრი გაუყენეს...
შევნიშნე, რომ მამიდა რიტა, ბოლო პერიოდში რაღაც უცნაური გახდა. სახლიდან უზარმაზარ შალში შეფუთული გადის და შეშინებული სულ აუკან–უკან იყურება. ერთხელ, გაცილება შევთავაზე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე.
გუშინ ,გასვლისას, ტანსაცმელში დამალული ვერცხლის შანდალი დაუვარდა... როდესაც მივაწოდე, გაფითრდა და მთხოვა, ეს ამბავი საიდუმლოდ შემენახა.
მე შეუმჩნევლად ავედევნე უკან და დავინახე, როგორ გადაკვეთა მოედანი და იმ სახლში შევიდა, სადაც მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობდნენ...მამიდა ქმრის დაუკითხავად არასოდეს მოქცეულა ასე, ამიტომაც ძალიან გამიკვირდა.
არ მეგონა ამ ოჯახშიც თუ შემოაღწევდა შიში.
მეცხრე გვერდი.
ბიძაჩემი 20 წელია ვენაში ცხოვრობს და სიამაყით იხსენებს საკუთარ წინაპრებს, რომლებიც კრონპრინცის სამსახურში იდგნენ.
ის დიდი გერმანული კულტურის თაყვანისმცემელია. ჰყავს განათლებული და გერმანიისათვის თავდადებული ნათესავები ბერლინსა და ალტონში...და არ სჯერა ბიძაჩემს, რომ დღევანდელი სახელმწიფო მათ თავის მოქალაქეებად აღარ სთვლის!
ერთხელ დავინახე, როგორ ჩაუარა გვერდი ყოველდღიური განცხადებების დაფას და
თვალი აარიდა...
ლტოლვილების ხსენებაც არ უნდა. საკუთარ ცოლსაც უკრძალავს მათზე საუბარს. ყველაფერს „ბოროტ ხმებს“ მიაწერს.
ლტოლვილებს ანუ „ოსტ–იუდენს“ გალიცინოდან ჩამოსახლებულ ებრაელებს ეძახიან. მათ შორის ჩვენი ნათესავებიც არიან. ისინი გრენადირშტრასეზე ცხოვრობენ, ღარიბულ კვარტალში. ბიძაჩემის სახლში არასოდეს მინახავს ისინი.
ბიძაჩემს სჯერა, რომ ყველა სამთავრობო განკარგულება ებრაელებზე, მხოლოდ „ოსტ–იუდენს“ ეხება.
ერთხელ, შემთხვევით ძველ გაზეთს წავაწყდი, სადაც რედაქტორის სვეტში, შავით თეთრზე ეწერა : „გავწმინდოთ გერმანული ცივილიზაცია ებრაელი პარაზიტებისაგან“
ნუთუ აქ მხოლოდ „ოსტ–იუდენს“ გულისხმობენ? – ვიკითხე მოჩვენებითი მიამიტობით.
„მოეშვი ნაგავში ქექვას!“ – მისაყვედურა ბიძაჩემმა.
სირცხვილი და სიამაყე არ აძლევს ნებას სხვების თანდასწრებით შეჩერდეს განცხადებების სვეტთან...ძია არტური გვიან ღამით მიდის იქ, სრულიად მარტო, რათა შეიტყოს ახალ–ახალი საშიშროებების შესახებ...
მეათე გვერდი.
ფირმის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ბატონი კლაინის დახაუდან მოსალოდნელი განთავისუფლებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე მიმიწვიეს.
პოლიციის ინსპექტორი თავად მობრძანდა, რათა ქალბატონი კლაინისათვის ეხარებინა, რომ მისმა დაუღალავმა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და ბატონ კლაინს დღე–დღეზე გამოუშვებდნენ.
ქალბატონი კლაინის თვალებში ბედნიერების ცრემლი ბრწყინავდა. მოწვეულები რიგში იდგნენ, რათა მისთვის მხურვალედ ჩამოერთვათ ხელი და ეს ამბავი მიელოცათ.
მე და ერიკს დავალებული გვქონდა ინსპექტორის ცოლისათვის „მოკრძალებული“ საჩუქარი გადაგვეცა. ეს გახლდათ ბრწინვალე წავის ქურქი, რომელიც ასევე ბრწყინვალედ შეფუთეს.
ქურქი შინ მივართვით, ხოლო უკანა გზაზე, მარიახილფერშტრასეზე დავინახეთ, როგორ ჩამოაგდეს თავგატეხილი და გასისხლიანებული ებრაელი ტრამვაიდან.
ამ ამბავზე სახლში სიტყვაც არ დამცდენია.
როგორც იქნა ბინა ვიქირავე და გადავდივარ!
მეთერთმეტე გვერდი.
კვარტალი, სადაც გადავედი, დაარბიეს. გამიმართლა, სახლში არ ვიყავი.
ქალბატონმა კლაინმა ფოსტით შეტყობინება მიიღო:
„ გამოცხადით პოლიციაში და ჩაიბარეთ ურნა – თქვენი მეუღლის ნეშტით. კლაინი გარდაიცვალა დახაუში გულის შეტევისაგან. თან იქონიეთ 10 მარკა, გადმოსვენების ხარჯების დასაფარად“.
ქალბატონ კლაინს გული შეუწუხდა. ფირმამ მუშაობა შეწყვიტა.
ერთი დღით ადრე, ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება ტკბილეულის მაღაზიის მეპატრონის ცოლმაც მიიღო.
ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს? მხრებს იჩეჩავდნენ თანამშრომლები...
27 მაისი – იგივე გვერდი.
ერიკი ამსტერდამში გაემგზავრა. მამამისს არ გაუცილებია. რა საჭიროა ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ ?– სთქვა მან. სხვა ნათესავებმა ისე გამოიტირეს ერიკი, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე მიემგზავრებოდა, თუმცა არც ისინი გამოუშვა ოჯახის უფროსმა სადგურზე.
მე ვიდექი ბაქანზე და ცრემლად ვიღვრებოდი...ერიკმა დახმარება აღმითქვა.
მეთორმეტე გვერდი.
1938.ივნისი.
ადვოკატმა გ – მ მოახერხა დახაუდან გამოღწევა, ამბობენ ერთ–ერთ ჩინოვნიკს გვარიანი თანხა ჩაუთვალაო. ადვოკატმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დახვრიტეს დახაუში კლაინი.
ბიძაჩემი საკუთარი სახლიდან გამოაგდეს. მას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ გაუგებრობის მსხვერპლია.
ივლისი.1938.
საავადმყოფოში ვიყავი.
ბიძაჩემს ოპერაციას უკეთებენ. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ქუჩაში სცემეს.
დოქტორი ოსკარ გრინბოიმიც იქ წევს და არაერთი ცნობილი და პატივცემული ებრაელი. ყველას თავ–ყბა აქვს დამტვრეული.
მეცამეტე გვერდი, 10 ნოემბერი 1938 წელი.
ერიკის სახლში მივედი წერილების მოსაკითხად. გაუკვირდათ, რომ ასეთ დღეს ქუჩაში გამოსვლა გავბედე ...
( 1938 წლის 9 - 10 ნოემბრის ღამით, გერმანიასა და ავსტრიაში მასშტაბურად დაარბიეს ებრაელები. დამსხვრეული ფანჯრებისა და ვიტრაჟების გამო, იგი ისტორიაში შევიდა „ბროლის ღამის“ სახელით.
მთარგმნელის შენიშვნა)
ბატონმა ბედერმა სახლში აღარ გამომიშვა. მთელ დღეს რეკავდა ტელეფონი. გვეკითხებოდნენ ვართ თუ არა ცოცხლები.
ერიკის მამა ცდილობდა სათვისტომოს ან პალესტინის ცენტრს დაკავშირებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, როგორც იქნა კომუტატორს დაუკავშირდა, მაგრამ ვერც მოასწრო რაიმე ეკითხა, ისე დაუხეთქეს ყურმილი.
ერიკის და - ანნა მოვიდა. მთელ ქალაქში სინაგოგები იწვის – გვითხრა აკანკალებულმა.
ზბონშინი, 18 დეკემბერი. 1938.
ძვირფასო ჩერნა!
ალბათ უკვე წაიკითხეთ გაზეთებში რა მოხდა 9 ნოემბრის ღამეს. მოგწერ მხოლოდ იმას, რაც თავად შემემთხვა.
ვაპირებდი დინსლაკენში დაბრუნებას, მაგრამ ვერ მოვასწარი. მეგობრის სახლში დამაპატიმრეს.
სანამ იოხგასეზე, პოლიციის განყოფილებაში მოგვიყვანდნენ, მთელი გზა, უკან ახალგაზრდები მოგვდევდნენ შეძახილებით: „ხეპ! ხეპ! იუდე–ფერრეკე“! ეს ნიშნავს: „ებრაელებო, ჩაძაღლდით!“. ქვებს და ათასგვარ სიბინძურეს გვესროდნენ. ვერ წარმოიდგენ რა ცოდვა დატრიალდა პოლიციის ეზოში. ცემა–ტყეპა, ქალებისა და ბავშვების წივილ–კივილი. შემდეგ სატვირთო მანქანებში შეგვრეკეს. გზად წყევლა–კრულვა და შეურაცხმყოფელი შეძახილები მიგვაცილებდა. ვენის მცხოვრებლები თითქოს ერთ ღამეში ველურ მხეცებად გადაიქცნენ. მთელი ღამე ვიდექით წვიმაში და სიბნელეში ღია ცის ქვეშ. გამთენიისას გაქცევა მოვახერხე. იმ ფირმის საწყობში დავიმალე სადაც ადრე ვმუშაობდი. იქვე დავტოვე ჩემი დღიური, რომლის წერაც სულ ახალი დაწყებული მქონდა...
ძია არტური დააპატიმრეს. მამიდა რიტა დუნაიში გადახტა. როგორც გავიგე ეს, უამრავი ადამიანის თანდასწრებით გააკეთა, მაგრამ მშველელი არ გამოსჩენია...
ასეთი ამბები აქ ახლა ყოველდღიურად ხდება.
27 ნოემბერს ისევ ამიყვანეს.
ესესელები სახლში შემომიცვივდნენ. არასდროს დამავიწყდება. თითქოს გავქვავდი, ჩაცმა ძლივს მოვახერხე. წამიყვანეს ვაგზალზე, სადაც უამრავი ებრაელი უკვე მიერეკათ. სატვირთო ვაგონებში შეგვყარეს. ყველანი ტიროდნენ, დიდებიც და პატარებიც. დაკარგული ბავშვები მშობლებს უხმობდნენ. ყველა ვიღაცას დაეძებდა. მე არავინ მყავდა...არც მიტირია,მხოლოდ გული მეწურებოდა სხვათა საცოდაობით.
მეორე დღეს, შაბათს, საზღვარს მივადექით. ორი დღე ვიდექით რომელიღაც სადგურში. გვიერთდებოდნენ მატარებლები მთელი გერმანიიდან, მესმოდა ნაცნობ ქალაქთა სახელები: ლეიპციგი, კიოლნი, ბერლინი, დინსლაკენიც კი...
შევხვდი პროფესორ ჰერმანს. შენ წარმოიდგინე, მამამისი გერმანიის რკინიგზის ერთ–ერთი პირველი მშენებელი გახლდათ, სწორედ ამ რკინიგზის, რომლითაც მისი შვილი ქვეყნიდან გამოაძევეს...
ამ დაწყევლილ ზბაშინში თუ ზბონშინში რომ ჩამოვედით, ჩვენი ვაგონის იატაკზე უამრავი გარდაცვლილი ადამიანი ეყარა. ზოგიერთები უგონოდ იყვნენ. ეტყობა გონება მეც დავკარგე, როცა თვალი გავახილე ბარაკში აღმოვჩნდი. თავზე ებრაელი მოწყალების და მადგა.
პოლონეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის ნება არ დაგვრთო. დაგვაბინავს იქვე, ბარაკებში, საშინელ პირობებში.
საოცარია და სწავლას აქაც ვაგრძელებთ.
იდიშის შემსწავლელ ჯგუფში ჩავეწერე. მასწავლებელი პოლონელი ებრაელია – რინგერბლუმი გვარად. მამაშენს იცნობს. სწორედ მას ვატან ამ წერილს.
კლასში წვნიანს გვაჭმევენ და ოდნავ უფრო თბილა ვიდრე ქუჩაში. ყოველდღე ჩამოდიან ახალ–ახალი შემადგენლობები ავსტრიიდან და გერმანიიდან.
შემეკითხნენ მყავს თუ არა ნათესავები პოლონეთში. მე თქვენი მისამართი მივეცი. შესაძლოა მალე გნახოთ კიდეც. გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო. 12 წლის გავხდი. არ ვიცი როგორ გაიგეს აქ. ბატონმა რინგერბლუმმა შალომ ალეიხემის წიგნი მაჩუქა. ჯერ გამართულად ვერ ვკითხულობ იდიშზე, მაგრამ იმედია ვისწავლი.
ჩერნა, ვშიშობ ვერ მიცნობ როდესაც მნახავ.
ვამთავრებ ამ წერილს. ჩვენთან პარალიზებული ქალი შემოიყვანეს. სიფრიფანა პიჟამო აცვია. სცივა და საცოდავად წკმუტუნებს...
ლეო მორგენშტერნი
მინაწერი:
ძვირფასო ჩერნა, ნეიტრალურ ზონაში უკვე თოვლი დადო. ცივი ქარი უბერავს და ძვლები მეყინება. მაინც უნდა ავდგე, რადგან ვიცი, შენ ლექსებს წერ...ჩემს მეზობელს, ბერლინელ სტუდენტს, აქვს ლექსების რვეული, იქ ერთი პოეტი ქალის ლექსია, მისი სახელი არ ვიცი, სამაგიეროდ ლექსი დამამახსოვრდა და სულ თან დამდევს:
„ო, ღმერთო, მთელ ღამეს
დაძრწიან მკვლელები...
შენ მომეშველები, შენ მომეშველები...“
მეორე ლექსში კი ასე წერს: „ო, ხალხო ჩემო, მე ასე ნაგვემი, მიყვარხარ მეტად“
სიმართლე გითხრა, აქამდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა „ჩემო ხალხო“...და აი, მე მასთან ვარ! ხოლო ის – ისეთი დაშინებულია, დამცირებული და დაბნეული, რომ ძალიან მინდა მეც ამ პოეტივით ვთქვა: „ო, ხალხო ჩემო, მიყვარხარ! მეტად მიყვარხარ!“
ლექსის სათაური მომაგონდა: „ამოძახილი მარადისობის სიღრმიდან“
სიყვარულით ლეო.