ინჯია ჯემალ
გაზიარება

პეტრიწონი 

გზაზე უსაშველო ავდარია,
გვიძღვის მშვენიერი ოფელია,
ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“,
ტონჩო ტონევი კი შოფერია.
ისმენს თხოვნას ჩვენსას ოფელია,
ვინმე ბულგარელის თეთრი ცოლი,
სადღაც, მაღალ მთაზე სოფელია,
უნდა ვინახულოთ პეტრიწონი.
ტონჩოც დავითანხმეთ, ოფელიაც,
წვიმამ გადაიღო უმიზეზოდ,
შარა ნეშოებით მოფენილა,
თითქოს შემოდგომას უმიზნებსო.
როგორც უცნობია მთვარის მაგმა,
კაცის ბედიც ასე რა რთულია,
მიწა ბულგარული არის, მაგრამ
ესე მონასტერი ქართულია.
თვალი ამ სიმწვანეს მიმოავლე,
ზემოთ რაკეტაა თუ სვეტია,
გრიგოლს, აბაზსა და იოანეს
ხამლი ამ ფერდებზე უცვეთიათ.
ღვინით ვიხსენიებთ წინაპრების
გმირულ სახელებს და ვიცრემლებით,
მე სხვას ვეღარაფერს ვინატრებდი.
მეყო ბულგარეთის სივრცეები,
თორემ ნოსტალგია მომეძალა,
ამ წყლულს ვერ აშუშებს მრავალძარღვა,
ბუჩქში შეფრთხიალდა ღობემძვრალა.
გორი გამახსენა მამაძაღლმა,
ჩქარა ავიბარგოთ როდოპიდან,
უკან წასასვლელი გზა წინ არის,
ფეხქვეშ გვეფინება ლორთქო პიტნა,
ცოტა ველური და ნაწვიმარი.
აღარც უსაშველო ავდარია,
არის მშვენიერი ოფელია,
ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“,
ტონჩო ტონევი კი შოფერია.

??????