ინჯია ჯემალ
გაზიარება

*** მობრძანდი, მთავარანგელოზო მიქელ 

მობრძანდი, მთავარანგელოზო მიქელ,
შემიმოსე
ჩემი მოსე
ბაბუა სუდარით.
ქართული წესით და ადათით მიქე,
დაჩოქილი ვარ შენ წინ მუდარით.
ბერს დაანებე მირონცხება,
აღკაზმე სულეთის ეტლი,
ცარგვალზე მოაბნიე მურიცხებად
ადამისდროინდელი კოლხური თეთრი.
ატირე, აწივლე კოჩნი და ოსურნი,
სიმინდში გადარეკე კუტკალია,
მუხლებზე დაამხე სიკეთის მოსურნე
და გადააჯერე, რომ უკვდავია.
მე ნება დამრთე, დაისს როცა წვიმა მიმობანს,
თავშიშველი მივიდე სამარესთან წყეული
და საქართველოს მიწის ღია ჭრილობა
შევახორცო ბაბუას სხეულით.

??????