ინჯია ჯემალ
გაზიარება

*** როცა ვარ რაღაც დაბოღმილივით 

როცა ვარ რაღაც დაბოღმილივით,
დანაც არ მიხსნის პირს,
შენ ჩემს ბაგეებს აპობ ღიმილით,
კოცნას მთავაზობ ტკბილს.
დაგძალავს ჟამი, ჟამს თუ შეები
და გაგიმწარებს სულს.
შენი მეხოტბე ეს ბაგეები
დადუმდებიან სულ.
დრო ბოლოს ყველას მიგვასიკვდილებს,
ვერვინ წაართმევს ცელს,
იტირე მაშინ, ბევრი იტირე,
რომ თავს ნუგეში სცე.
ჯერ კი ღიმილი შემომაშველე,
გლოვა ადრეა ჯერ,
სიყვარულის სახლს, ჩვენ რომ ვაშენებთ,
ნუ დავუდაბლებთ ჭერს.
სანამ მათრობელ ბურანში მხვევდე,
ნუ აღმიკვეთავ მთლად,
შენს, სალუტივით ატყორცნილ ხელებს,
რომ მედებიან მტლად.
ერთად ვიმღეროთ ჩვენი ალილო,
ოსანაც ერთად ვთქვათ.
შენი ძეგლისთვის ვთლი მარმარილოს -
კეთილშობილურ ქვას.

??????