ტიციან, ტიტე...
„ჩემი საფლავი ძველ ქალდეას იქნება მზეზე“.
ტ. ტაბიძე
ვერ დავივიწყებთ იმ ტრადიციას,
რასაც ვუწოდებთ საფლავზე გასვლას,
მაგრამ ცხოვრებამ გიმტრო, ტიციან,
დემონის მსგავსმა
და ვერ გაწვეთებთ საფლავზე ღვინოს,
არც ადგას შენი ქანდაკი - ტანით.
ნუგეშს ვეტყოდით მხოლოდღა ნინოს,
მხოლოდღა ტანიტს.
უეჭველია, შენი საფლავი
ძველ ქალდეაში იქნება მზეზე,
ვერ აგაყენებს სევდა მზაფრავი
აჩრდილად ზეზე,
მაგრამ მოვა დრო ყვავილთა ფენის,
მანდ მომავალი გეწვევა ტიტე
და ბღუჯა-ბღუჯა დაგაყრის შენი
სისხლისფერ ტიტებს.