აპოლინერი გიიომ
გაზიარება

არის 

არის ხომალდი ჩემი ძვირფასი რომ წამართვა და
შორს წაიყვანა
არის ჰაერში ექვსი “ძეხვი” * რომლებიც ღამით ცის ვარსკვლავებში
მატლებივით იქანავებენ
არის წყალქვეშა ხომალდი მტრისა რომლისაც ასე
ეშინოდა ჩემს უძვირფასესს
არის ათასი პატარა ნაძვი ჩემს ირგვლივ ჭურვით
დამსხვრეული და დალეწილი
არის ქვეითი ჯარისკაცი მხუთავი გაზით დაბრმავებული
და გაგუდული
არის გოეთე არის ნიცშე იქ ჩვენთან ერთად 
კელნის სანგრებში აჩეხილი და აკეპილი
არის წამება და მოლოდინი სანამ მოვა ბოლოს წერილი
არის იმედად ჩემს საფულეში უძვირფასესის
რამდენიმე ფოტოსურათი
არის სამხედრო ტყვე ორიოდე შეშფოთებულნი
დააბიჯებენ
არის სამხედრო ბატარეა და ქვემეხებთან ჯარისკაცები
ირევიან და ფუსფუსებენ
არის საველე ფოსტალიონი განმარტოებულ ხესთან გზაზე
რომ მორბის მკვირცხლად
არის ჯაშუში ამბობენ თურმე დაეხეტება უჩინარი
ვით ცისკიდური რომელსაც იგი შეერია და შეუერთდა
არის ძვირფასი მაღალი მკერდი აღმართული
როგორც შროშანი
არის დამფრთხალი კაპიტანი რომელიც ახლა შიშით ატლანტის
ოკეანიდან ტელეგრაფის ცნობას მოელის
არის წყვდიადი და წყვდიადში ჯარისკაცები საკუბოე
ფიცრებს ხერხავენ
არის მეხიკო სადაც ქალები დამხობილები კივიან და 
ევედრებიან ნაწამებ ქრისტეს მაისი მარცვალს
არის გოლფსტრიმი ასე თბილი და მწყალობელი
არის სულ ახლოს სასაფლაო გავსებული საფლავის ჯვრებით
იქამდე 5 კილომეტრია
არის ის ჯვრები ყველგან ყველგან აქაც და იქაც
არის ალჟირი ველური ლეღვი კაკტუსებზე
გახარებული
არის ძვირფასის მოქნილი და გრძელი ხელები […] 
არის სამელნედ გადაქცეული ჰილზა შინ რომ ვერ გავგზავნე
რადგან არ დამრთეს ამისი ნება
არის წვიმაში რომ უნდა დალბეს და უნდა დალპეს
ის უნაგირი
არის წყალუხვი მდინარეები რომ ვერასოდეს ვერ წავა
აღმა
არის ჩუჩულით მე რომ მიხმობს ის სიყვარული
იყო ტყვე ბოში რომელსაც დიდხანს ტყვიამფრქვევი
მოჰქონდა ზურგით
არის ამ ქვეყნად მრავალი კაცი რომ არ ყოფილა
ომში არასდროს
არის ინდუსი გაოცებული რომ შემოჰყურებს
ევროპის სოფლებს
და ნაღვლიანი ფიქრობს იმათზე ვინც შეიძლება
ვერასოდეს ვეღარ იხილოს
რადგან ამ ომში ხელოვნება კაცის გაქრობის
გაუმჯობესდა და შორს წავიდა

--------------------------
* "ძეხვი" - აეროსტატზე მისაბმელი ბალონი.
 
მთარგმნელი გეგეჭკორი გივი 

??????