გრანელი ტერენტი
გაზიარება

პირადი წერილები 

ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!
მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე. ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, და - ბევრს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა თუ კარგად არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი.

ნუ გგონიათ, რომ დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ გეტყვი: ქვეშაგებელი სულ დახეული მაქვს, მჭირდება ლეიბი და ბალიში, საბანი მაქვს. თუ არ შეწუხდებით, გამომიგზავნეთ... ძალიან მადლობელი ვიქნები. სხვა როგორ ხარ.

წერილი მომწერე ამ მისამართით: თბილისი, სამხედრო ქუჩა N 3, ახვლედიანს, ტერენტი გრანელის გადასაცემად. მშვიდობით, შენი ძმა ტერენტი გრანელი.

მე მინდა მაშოსთან და შენთან სურათის გადაღება და მერე შეიძლება წიგნები დავბეჭდო. ამას ზაფხულში ვიზამთ.

მაშოს დიდი მადლობა და ძმური მოკითხვა. მომიკითხე ერმინე.

შენი ტერენტი გრანელი.

________________________________________
ძვირფასო მეგობარო აკაკი!
11 აგვისტოს, სამ საათზე გავდივარ თბილისიდან. მატარებლიდან ვუმზერ თბილისს და მიხარია, რომ მივჰქრი უხილავ სივრცისაკენ. მატარებელი მიჰქრის და მარცხნივ ტრიალებს მიწა. მივდივარ და მიმაქვს გული რუსეთისაკენ.

დღეა, ყარაიაზის ველზე დაფრინავენ მწვანე ფრინველები, რომელთანაც ვგრძნობ მეგობრულს და სულიერ კავშირს. დღეა და ვიღაც თათრის ბავშვი მიერეკება კამეჩს. ვხედავ, გრძელი მინდვრებია ირგვლივ და ყველგან მინდა დავაბიჯო ფეხი. მატარებლიდან ვხედავ სოფლებს, ძალიან მომეწონა დაბალი და პრიმიტიული სახლები. მინდა აქეთ ვცხოვრობდე, სადმე მიყრუებულ ადგილას და მიყურებდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანს.

მატარებელი მიჰქრის და ღამდება, ახლო სადგურიდან კრთის ელექტრონის შუქი. მე ვუმზერ ვარსკვლავებს; ვხედავ ლიანდაგის ახლო მდებარე სასაფლაოს, მარხია ვიღაც ადამიანები. დილა არის, შევდივარ ბაქოში.

საშინელია ეს რუხი ქალაქი. შესვლისთანავე ჩემს ყურადღებას იპყრობს ცამდე ამართული საყდრები. სადღაც ძინავს იდუმალებას. არის კვირა დღე, შევდივარ საყდარში. თითქოს მეორეჯერ დავიბადე, როდესაც ვუმზერ ჩემთვის სრულიად უცნობ მლოცველების სახეს. სწირავს ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი. ერთი მათგანი ძალიან ჰგავს ქართველს.

სრულიად უცნობი ხალხი დგას გარშემო და მიხარია. მესმის გალობა სხვანაირ და უცნობ ხმებისაგან შემდგარი. ''აქ რა გინდა შენ'', მეუბნება ვიღაც ქუჩაში მჯდომარე კაცი. მე ყურადღებას არ ვაქცევ. გავიარე უცნობი ბაღის კუთხეში. მესმის სხვა როიალის ხმა, ალბათ უკრავს ისეთი ქალი, რომელსაც ყავს მეგობარი და ვიღაც საყვარელი ადამიანი. ვიგრძენი სხვა ზარების აგონია.

ყველაფერი უცხოა ჩემთვის და ეს ქმნის სულ სხვანაირ განწყობილებას, რომლის ქაღალდზე გადატანა ძნელია. ხვალ საღამოს მივემგზავრები მოსკოვს; მე არაფერს ვამბობ იმ ჩემი დიდი განძის შესახებ, რომელიც შენ გაბარია.

ამ წერილს ვწერ ისეთ ოთახში, სადაც არასოდეს არ შევსულვარ.

მშვიდობით, მარადის შენი

ტერენტი გრანელი

ვნახე ზღვა, გემები დასცურავდნენ
როგორც გედები, და ზღვა შორიდან
შავად მოსჩანდა. ქარი აფრიალებდა აფრებს.

__________________________________________
ძვირფასო მეგობარო აკაკი!
შავი წამები მიჰქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ ვფიქრობ არყოფნაზე. დიდიხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი, მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა საყვარელია და თან საშინელი. ეხლა მინდა ჩემთან მოფრინდეს თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი.

მე მგონია ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შეიძლება მალე მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ, ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა, ძვირფასო! რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას.

ძვირფასო აკაკი! შენ თითქოს შორს ხარ და ამავე დროს ძლიერ ახლოს. ეს არის ის, რაც მეგობრობას ყოველთვის თან სდევს. მე ვის მივმართო, რომელ ადამიანს, სად არის ჩემი ხსნა! სხვა ვინ არის, ისევ საკუთარ სულში ვიხედები და ვგრძნობ ბედნიერებას.

ვარ მე და არის ეს ძვირფასი ქვეყანა, ქვეყანა როგორც ბუნება და არა როგორც მექანიკა. მე ყოველთვის ვგრძნობ შორეულ და მარადიულ, სამყაროსთან ახლობელ კავშირს.

აქ მოვიყვან ჩემი ლექსის ოთხ სტრიქონს:

"საიდან გაჩნდა ასეთი სევდა,
როდის ელავდა ჩემ წინ სანთელი.
იდგა საღამო და მე მომსდევდა
შავი ფიქრების კორიანტელი''.

ეს არის ჩემი ლექსის მეორე ტაეპი, დავწერე გუშინწინ, როცა დაღლილი ვბრუნდებოდი ოთახში.

ეხლა ზაქარია გარეთ ზის, მე ვარ მარტო ერთ პატარა ოთახში და მესმის გიტარის ხმა, და მღერის ჩემი მეზობელი ქალი; გიტარას აქვს თავისი მწუხარება და თავისი სევდიანი წარსული. გახსოვს ჩემი ლექსი:

"იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი,
ძვირფასო! ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას”.

შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ ვნახოთ ჩვენ ერთმანეთი, ეს იმიტომ, რომ შენ არ ხარ მარტო. ირგვლივ გახვევია ხალხი, რომლის მე მეშინია ძლიერ. ალბათ შენ ეხლა გარინდებული ზიხარ ოთახში და უკრავ როიალს. ალბათ კლავიშები შენი სამარეა. გადავიდეთ.

ასეთი ამბავი: საღამოა, ვარ ალექსანდროვის ბაღში, მოდის საშინელი წვიმა, გარბიან და ეძებენ თავშესაფარს. ამავე დროს ვხვდები ყოველთვის საყვარელ ადამიანს ირაკლი ტატიშვილს. ვესალმებით ერთმანეთს. გამიხარდა ფოტოგრაფს აპარატი რომ დაუსველდა, მეუბნება ირაკლი. მე ვგრძნობდი ამ სიხარულს, მხოლოდ არ მითქვამს. ვისაუბრეთ დიდხანს, გვქონდა შენზე ლაპარაკი. შემდეგ დავშორდით ერთმანეთს, ის განმარტოებით წავიდა ოთახისაკენ.

მე ეხლაც მახსოვს ის წვიმიანი საღამო, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება...

მშვიდობით, მარადის შენი

ტერენტი გრანელი.

??????