ნესინი აზიზ
გაზიარება

გიჟი მაღლა ავიდა! ექსკლიუზივი

-სახურავზე გიჟია, გიჟი!- დაიძახა ვიღაცამ.
მთელი უბანი ფეხზე დადგა.
ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო. ყველას სეირის ყურება საგუშაგოდან მოდიოდა, ზოგიც _ თვით სამმართველოდან, სახანძრო რაზმიც უცებ გამოიძახეს, არ დაუყოვნებიათ.
-ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! - ეხვეწებოდა დედა გიჟს.
-სოფლის თავად თუ არ ამირჩევთ, აქედან გადმოვვარდები!- პასუხობდა გიჟი.
მეხანძრეებმა თადარიგი დაიჭირეს და ქვევით დიდი ხალიჩა გაშალეს. ცხრა მეხანძრე გაშლილი ხალიჩით დარბოდა სახლის ირგვლივ - რა ვიცით, გადმოხტომა სად მოეპრიანებაო. იმდენი ირბინეს , არაქათი გამოელიათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ სახეზე.
-ძალიან გთხოვ, ძმობილო, ჩამოდი ქვევით! _ ეძახდა გიჟს კომისარი. მის ხმაში მუქარაც იგრძნობოდა და მუდარაც.
-სოფლის თავი გამხადეთ და ჩამოვალ, არა და თავს მოვიკლავ, ჩამოვვარდები,- პასუხობდა გიჟი.
ცუდად იყო საქმე,
-ჩამო ძმაო! ჩამო, თუ კაცი ხარ...
-ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ გინდათ, მე ჩამომიყვანოთ ძირს და თვითონ ახვიდეთ მაღლა?.. არ გამოვა.
-კარგი, კარგი, გირჩევთ სოფლის თავად! - დაიძახა ვიღაცამ.
-ტყუილია. გიჟი და სოფლის თავი?! ვერ მომატყუებთ, ვერა!
-ალაჰის მადლმა, მართლა აგირჩიეთ,- ასძახა ერთმა ხელჯოხიანმა მოხუცმა.
-არ მჯერა, მეხუმრებით.
-ჩამოდი, არ გეხუმრებით.
-არ ჩამოვალმ, ქვემოთ ჩამოსვლა ეგრე იოლი კი არ არის! სხვებს ხედავთ? ვინც მაღლა ავიდა, ძირს არც ერთი არ ჩამოსულა, ყველას მაღლა ყოფნა უნდა.
-კარგი ახლა, ჩამოდი!
-რად მინდა სოფლის თავობა! ქალაქის მეჯლისის წევრად თუ არ ამირჩევთ, თავს მოვიკლავ, აქედან გადმოვვარდები,
ბერიკაცები განზე გადგნენ.
-ახლა როგორღა მოვიქცეთ?
-შევუსრულოთ, რაც სურს.
-მაინც არ ჩამოვა, გიჟი თავიდანვე არ უნდა აუშვა მაღლა, თორემ ძირს ვეღარ ჩამოიყვან მერე.
მაინც დაუძახეს:
-გადავწყვიტეთ, ძმაო, ქალაქის მეჯლისის წევრად აგირჩიეთ... ჩამოდი, მეგობრებს ნუ ალოდინებ.
-არ ჩამოვალ, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ არ გამხდით.
-ხომ გითხარით. აი, სადამდე მივიდა! - თქვა გაბრაზებით ერთმა მოხუცმა. - მაგას რაღა ჩამოიყვანს.
-რა მოხდება, თავჯდომარედ რომ ავირჩიოთ? - იკითხა სახანძრო რაზმის უფროსმა, რომელიც გვარიანად გაოფლილიყო აქეთ-იქით სირბილით. მერე ტუჩთან ხელი მიიტანა და გიჟს ასძახა:
-ჩამოდი, ძმაო, მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ აგირჩიეთ, ჩამოდი და მოვალეობის ასრულებას შეუდექი.
გიჟმა მუცელი შეათამაშა და ცეკვა დაიწყო.
-არ ჩამოვალ, რა მინდა თქვენთან? რა საერთო მაქვს იმ ხალხთან, გიჟს რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ ირჩევს? არა, არ ჩამოვალ.
-კი მაგრამ, აბა რა გინდა?
-მინისტრობა მინდა. მინისტრი გამხადეთ და ჩამოვალ.
ქვემოთ ერთხანს ისევ ითათბირეს და შემდეგ ასე გადაწყვიტეს:
-იყოს ნება შენი, მინისტრი ხარ! ახლა მაინც ჩამოდი, ხომ ხედავ, რამდენი ხალხი გელოდება?
გიჟმა ხელი ცხვირთან მიიტანა, თითები გაშალა და დაიტრიალა:
-ვერ მოგართვით! რა საქმე მაქვს იმ ხალხთან, გიჟი რომ მინისტრი გახადა.
-ამაოდ ცდილობთ, არ ჩამოვა. მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგნაირ გიჟებს. მინისტრად კი აირჩიეთ, მაგრამ თავი ისე უნდა მოაჩვენოთ, თითქოს ჩამოსვლას არ სთხოვდეთ, - თქვა ისევ იმ მოხუცმა.
-პრემიერ-მინისტრად მირჩიეთ, თორემ გადმოვვარდები და თავს მოვიკლავ, - აყვირდა გიჟი.
-კი, ბატონო, კი, ბატონო, პრემიერ-მინისტრი ხარ, ჩამოდი!
-არ ჩამოვა! - თქვა მოხუცმა.
გიჟმა კვლავ დაიწყო ცეკვა.
-მეფედ ამირჩიეთ. მეფობა მინდა. ამირჩიეთ და ჩამოვალ.
მოხუცის სიტყვები მართლდებოდა.
ისევ მოითათბირეს.
- აწი უკან დახევა არ შეიძლება. რახან ამდენს შეჰპირდით, მიჰყევით ბოლომდე. - თქვა მოხუცმა.
-აგირჩიეთ, მეფე ხარ!- ასძახეს გიჟს. - ახლა მაინც ჩამოდი.
გიჟმა კვლავ აათამაშა მუცელი.
-არ ჩამოვალ.
-რაღა გსურს, მეფე გაგხადეთ და მეტი რა გინდა?
-არა, არა. იმპერატორად თუ არ ამირჩიეთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვდგამ... თავს მოვიკლავ!
-მართლა გადმოვარდება, თქვა მოხუცმა.
-კარგი, ეგრე იყოს, - იყვირა ერთხმად ყველამ, - იმპერატორი ხარ, ჩამოდი.
-ჩემნაირ იმპერატორს თქვენისთანა გამოშტერებულ ხალხთან რა ხელი აქვს?
-კი მაგრამ, ეს მაინც გვითხარი, სხვა რა გსურს? გვითხარი და გავაკეთებთ.
-უკვე იმპერატორი ვარ, არა? - იკითხა გიჟმა.
-იმპერატორი ხარ, იმპერატორი!
-რახან იმპერატორი ვარ, როცა მომეპრიანება, მაშინ ჩამოვალ, თუ არ მომინდა, სულაც არ ჩამოვალ.
-გადმოვარდება და გადმოვარდეს, - გაბრაზდა კომისარი, - ერთი გიჟით ნაკლები იქნება ქვეყანაზე.
-ახლა როგორღა მოვიქცეთ? - მიუბრუნდა მეხანძრეთა უფროსი მოხუცს, - ეს გიჟი ქვევით ჩამოსვლას არ აპირებს.
-ჩამოვა, - უთხრა მოხუცმა.
-როგორ?
-მაცადეთ, ახლავე ჩამოვიყვან...
-ჩვენო დიდო იმპერატორო, - ასძახა მოხუცმა გიჟს, - იქნებ თქვენმა უპატივცებულესობამ მეექვსე სართულზე ჩამობრძანება ინებოს?
გიშმა თავი მოისერიოზულა.
-სიამოვნებით.
გიჟი კიბეზე დაეშვა და მეექვსე სართულის ფანჯრიდან ხალხს გამოხედა.
-ჩვენო დიდებული, ჩვენო მხსნელო, მეხუთე სართულზე ჩამოსვლა არ გნებავთ?
-რატომაც არა, უპასუხა გიჟმა.
ყველანი გაოცებული შეჰყურებდნენ მოხუცს. გიჟმა მეოთხე სართულის ფაბჯრიდან რომ გადმოიხედა, მოხუცმა ასძახა:
-თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენო იმპერატორო, იქნებ მესამე სართულზე ჩამობრძანება მოიწადინოთ?
-შეიძლება, - იყო პასუხი.
გიჟი უკვე მესამე სართულის ფანჯრიდან იხედებოდა. ახლა ისე აღარ ცეკვავდა, ისე აღარ ათამაშებდა მუცელს, როგორც სახურავზე ყოფნისას. ახლა მათკენ თითქოს ნამდვილი მეფე მიდიოდა.
-თქვენო უბრწყინვალესობავ, მეორე სართულზე ჩამოსვლას ხომ არ ინებებდით?
-სიამოვნებით.
ხოლო როცა გიჟი მეორე სართულზე ჩამოვიდა, მოხუცმა ასძახა:
-თუ თქვენი უპატივცემულესობა პირველ სართულზე ჩამობრძანდება, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება...
გიჟი ქუჩაში გამოვიდა. ხალხში შეერია. მერე მოხუცისაკენ გაემართა, მიუახლოვდა, ხელი მოჰხვია და უთხრა:
-ეი, ძმობილო, გეტყობა, ერთ დროს შენც გიჟი იყვი. გიჟის ენა გიჟმა იცის. - მერე კომისარს მიუბრუნდა და უთხრა:- აბა, ერთი ვნახოთ, როგორ ბრძანებ, შეჰკარით და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეთო! ახლა ხომ მაინც ისწავლე, როგორ უნდა მოუარო გიჟს?
გიჟის წასაყვანად შეკრებილი ცნობისმოყვარე ხალხი მოხუცს მოუბრუნდა:
-მოხუცო, როგორ მოახერხეთ, როგორ ჩამოიყვანეთ?
-ეეჰ, ეგ არც ისე იოლია. ორმოცი წელი პოლიტიკაში მედგა ფეხი!.. მერე ერთი ძლიერ ამოიოხრა და დასძინა: - ახლა რომ ძალა მქონდეს, მეც ავიდოდი მაღლა და აბა ნახავდით, თუ ვინმე ჩამომიყვანდა ძირს.
 
თარგმანი_ გურამ ბათიაშვილი.

??????