ბესელია ვასილ
გაზიარება

* * * "გათავდა..." 

გათავდა... 
შევრჩი დღეებს - წამებას, 
(ამ მრუმე დღეებს მტერმა უყუროს), 
შევყევი 
ავის მომასწავებლად 
ამოღამებულ ღრუბლის ფუღუროს. 

შევყევი მიწას, 
ცოდვით გალეშილს, 
რომ სიზმარს ჩემსას 
ზღვარი დავუდო, 
რომ გადავსახლდე 
ზამთრის ღამეში 
უთავბოლოდ და უვარაუდოდ. 

გათავდა, 
ვამტვრევ იმედის ბორკილს 
და ახლოს მოჩანს 
ჩემი ოჩხარი... 
მივდივარ ბოღმის 
ბებერი დროგით, 
(ტატოს ყორანი 
უკან მომჩხავის!) 

მივდივარ, თუმცა 
წასვლაც არა ღირს 
მკვდარი გზებით და 
მკვდარი ქუჩებით, 
ამ მოწამლული 
დროის კარნახით 
შხამსა და ტალახს 
ვერ გადვურჩები... 

“...გარჩენილი ვარ 
ქვებზე კალმახი 
და ახეული მაქვს ლაყუჩები...“

??????