სკამები ექსკლიუზივი
დედაჩემი მიდის-მოდის, მიდის-მოდის, ვერ ისვენებს.
რა მოასვენებს?!
სახლი ავაშენეთ? _ ავაშენეთ.
გავლესეთ-გავაწკრიალეთ? _ გავლესეთ-გავაწკრიალეთ.
გადათხრილი ეზო მოვასწორეთ, მოვაბალახეთ, მოვავარდტალავრეთ? _ დიახ! ეზოში ჩერებ-ყენებით დააბიჯებენ ჩვენი უკვე წამოყვინჩილებული წიწილები და კორტნიან სამოთხის ვარდის ფოთლებს. ბაია არ უყვართ _ ზედმეტად ქანაობს. ჩვენი ნაცრისფერი კატა, მზით გაზარმაცებული, გარედან უხმოდ გვეჭყანება, აქაოდა ვკნავი და ჩამეთვალოსო და სამზარეულოში შემოსვლის მოკლე-მოკლე მცდელობებით ცხოვრობს. როგორც დედა ამბობს, სამზარეულოში გავლა აქვს, გაჩერება არა. ერთი სიტყვით, ოჯახში სიმშვიდე მთლიანად აღდგა _ ჩვენ-ჩვენი ოთახები მოვიწყვეთ და ახალი სახლი ბოლოს და ბოლოს ჩვენს თავს დავიმსგავსეთ. Aაბა, რაღა?!
მაგრამ!...
დედაჩემი მიდის-მოდის, მიდის-მოდის.
თურმე და ფარული სამუნათო აქცია აქვს მამაჩემის წინააღმდეგ წამოწყებული.
აბა, მშენებლობის მერე ამდენი ლამაზად დაშალაშინებული ფიცრის გადანაჭერი და კოტა რომ დაგვრჩა სულ სხვადასხვა ზომისა და საგნებად ქცევის სხვადასხავა შინაგანი პოტენციის, აი მათგან რომ არ გაკეთებულა ნაირ-ნაირი რამე-რუმეები და არც კეთდება და არცა გვყავს ოჯახში ისეთი ჩხირკედელა კაცი, რომ ამ ნარჩენებს სათანადოდ მოეფეროს, დაახარისხოს, სახელოთი გააპრიალოს, იცხოვროს მათით, გაუთავებლად იჩოჩლაგოს სახელოსნოში ღიღინით, ხელიდან ვეღარ გამოვგლიჯოთ თარაზო და გელა, უთენია წამოფრინდეს, რათა ხის დიდ-პატარა ნაკეთობების ლოგინშივე მორთმევით გაგვახაროს დილით გაღვიძებული ცოლ-შვილი?
ო, ო!
არადა მამაჩემი თავს უკვე დამსახურებულ შვებულებაზე გასვლის ღირსად თვლის და კიდევაც გავიდა: გულზემოშვებით უსტვენს, მღერის, კითხულობს და სტეინიცის პარტიებს არჩევს. სახლი ააშენა! ისეთი პირი უჩანს, რომ მიღწეულით კმაყოფილია და შრომითი უკმარობის გრძნობა არ ქენჯნის.
და დედას რა მოასვენებს?!
აიღებს ფიცრის ერთ ნაჭერს, გაივლ-გამოივლის მამაჩემის თვალსაწიერის ფარგალში და მისი მიმართულებით, თუმცაღა ფიცრისკენ ხედვით, დანანებით წარსთქვამს.
_ ახლა ერთი კაი მარჯვე კაცი რო მოგვცა ვინმე, ამნაირ ლამაზ ფიცარს ხო აღარ დავწვავდით? გეკითხებით. ეეე, რავარი ფიცარი მიმაქ დასაწვავათ! _ და გაივლის არაკონცენტრირებული მზერით. ფიცარს სადმე ჩუმად დამალავს და ცოტა ხანში მეორე ფიცრის ნაჭრით ხელში გამოივლის.
_ახლა ერთი კაი მარჯვე კაცი რო ვინმე მოგვცა, ამისგან რამეს ხო გააკეთებდა?_ შეგვკითხავს მე და სოფოს მამაჩემის დამუნათების სავარაუდო რადიუსში და ხეს მოხიბლული შეატრიალ-შემოატრიალებს. _ შეხედეთ, რა ლამაზია, მთვარესავით ბზინავს!
მე და სოფო უკვე ვიცინით _ ვიცით რაც მზადდება. აი ასეთი, ერთი შეხედვით უიმედო აქციები, დედაჩემს ყოველთვის სრულ, თუმცა კია ხმაურიან გამარჯვებამდე მიჰყავს. მამაჩემმა ეს ან ჯერ ვერ გაიგო, ან არ უნდა აღიაროს, რომ გაიგო და თავიდან ჩვეულებრივ უდრეკად უჭირავს ხოლმე თავი, ვითომ არაფერი არ მზადდება მის წინააღმდეგ. შეუვალი სახით დადის და უსტვენს _ მას არ ეხება ეს:
_ სადა გვყავს ახლა ერთი კაი მარჯვე კაცი!
_ აბა, აბა!
ჩვენს ახალ სახლში ხის, ცემენტის, საღებავის, ქაღალდის და სისუფთავის სურნელი დგას და ძალიან ბედნიერები ვართ. ზაფხული სახლში ვერ გვთენთავს, მე და სოფო პირდაპირ ხის ქათქათა იატაკზე ვსხდებით და ვკითხულობთ, მამაჩემი ჭადრაკის პარტიებს არჩევს, დედა ფიცრის ნაჭრებს დაატარებს აქეთ-იქით _ რა სიმშვიდეა! ჩვენს ტყავში ვართ ყველანი. ჩვენ-ჩვენს ტყავებში ცალ-ცალკე და კიდევ ერთ საერთო ჩვენს დიდ ტყავში ოთხივე ერთად. გაივლის დედა, ერთ ნაჭერს გაატარებს, მერე გამოცვლის, მეორეს გამოატარებს. ნეტავ რატომღა ცვლის, ვინ უკონტროლებს?!...
დედას რევოლუციური სიტუაციის შემწიფების ბელადური ალღო ხომ არასოდეს არ ღალატობს და აი ერთ დღესაც, როდესაც ალბათ იგრძნო, რომ ყველა და ყველაფერი უკვე საკმარისად მოგვამზადა, ქვეცნობიერად მამაჩემიც კი, პირდაპირ ოთახში შემოვიდა ფიცრის სამი ნაჭრით ხელში და კი აღარ გაიარა, არამედ ჭადრაკის დაფაზე დაკვირვებულ მამაჩემს ჯიქურ თავს დაადგა და თავისთვის კი აღარ ჩაილაპარაკა, არამედ ხმამაღლა გვკითხა მე და სოფოს:
_ ახლა ერთი კაი მარჯვე კაცი რო მოგვცა, მაგალითად, ბიკენტი, ამისგან არაფერს გააკეთებდა? აუცილებლად რამეს გააკეთებდა! _ უპასუხა თვითონვე, მაგრამ მამაჩემზე ამან ზუსტად ნული გრადუსი შთაბეჭდილება მოახდინა ეტყობა, რადგან სწორედ ამდენ გრადუსიანი კუთხით შემოატრიალა თავი ან რამე. ჩვენ სიცილი ჩავრთეთ: მამაჩემის ბიძაშვილი ბიკენტი მართლაც ძალიან მარჯვე და მრავალი წახნაგით მისათითებელი კაცია: სოფლიდან ქალაქში წავიდა თავისით, ისწავლა თავისით, ბინის რიგში იმდენხანს იდგა, სანამ მართლა არ მიიღო, მიწის ნაკვეთი საიდანღაც გამოითხარა, გაფურჩქნა-გამოფურჩქნა, ალუბალი უმწიფს, კიტრი, სულ თავისით, მიაშენ-მოაშენა, ჭადრაკს კი თამაშობს, მაგრამ იშვიათად საღამოობით, ხათრიანია თავისით, კომპარტია როგორც მიუთითებს, ისე იქცევა _ წესიერად, გიტარაზე არ უკრავს, სიგარეტს არ ეწევა და ხალხში მსჯელობს.
მამაჩემი კიდევ _ სულ, სულ პირიქით: არ მსჯელობს, ხალხს საერთოდ ვერ იტანს, ქალაქიდან სოფელში წამოვიდა და ბავშვები სოფლის სკოლაში შეგვყარა, რაჭული თექის ქუდი დაიხურა, გიტარაზე უკრავს, მდიდარი მშობლების ქონება გაფლანგა, ქალაქში სახლი მიატოვა, ორივე ინსტიტუტი მიატოვა, ლექტორს სამელნე ესროლა და მგონი თვალში გაარტყა, პოეტია, ტენისს და ფეხბურთს თამაშობს, სკანდალურ სიმღერებს წერს და სცენაზე გააქვს, ხან ფარდას დაუხურავენ, ხან რაიკომში იბარებენ, მაგრამ არ ცხადდება, სტვენით დადის და ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტებს ეძახის, დაღალა კომპარტია _ აბა სად ეს, და სად ბიკენტი! ხმები მოგვდის, რომ რაიკომში უმსჯელიათ ამ რაიონიდან მამაჩემის გასახლებაზე სხვა რაიონში, მაგრამ მამაჩემს არ ესმის, იმ სხვა რაიონმა რა დააშავა.
_ აბა მითხარით, ჰე! _ დედამ მაგიდაზე ჭადრაკის მოკლული ფიგურები მისწი-მოსწია, ფიცრის ნაჭრები შიგ ჩაალაგა და იმ ადამიანის საქმიანი სიჩქარით გავიდა ოთახიდან, რომელსაც კიდევ ახალი ნიმუშები აქვს წარმოსადგენად გამზადებული.
მამაჩემს თავი არ აუღია, ისე გვითხრა:
_ თვალ-ყური ადევნეთ მოვლენათა განვითარებას!
_ ტყუილად სუპერმენობ, მამიკო, მაინც გაგაკეთებინებს.
_ უკვე მეც ვგრძნობ, მარა იქნება ამ პარტიის დამთავრება მოვასწრო.
_ რას მოასწრებ, ვერ ხედავ რა ახლოს გამოილაშქრა? უკვე მოკლულ ფიგურებშია...
_ კი, მარა დაფაზე შემოჭრა ჯერ ვერ გაბედა და ვნახოთ, რამდენ ხანში შემოიმტკიცებს სამცხეს.
მამაჩემმა საათს შეხედა, მაგრამ ორის ნახევარმა არაფერი არ უთხრა.
დედა შემოვიდა და ხის ოთხი წვრილი და მოგრძო კოტა შემოიტანა.
_ აჰა, შეხედეთ! კუკლასავით სკამს გააკეთებდა ამისგან ბიკენტი!
ჩვენ სიცილს, რა თქმა უნდა, ერთი-ორად ვუმატეთ.
ამ დროს მამაჩემის პრინციპულად შეკუშტულ სახეზე უეცარი სიცილი მოიფინა და დედამაც ხმა აღიმაღლა პირდაპირი გაგებით:
_ აპა, რა არი, რა! ისე აკვირდები მა ჭადრაკს, ბორია, გეგონება შენ გამოიგონე...
_ რა გინდა, ლია? _ მშვიდად იკითხა მამაჩემმა და აი აქ შეცდა.
_ რა მინდა და ასეთ მასალას გადაყრის ბიკენტი, ან კაი ვინმე ოჯახის კაცი?
_ კი, მარა, არა გვყავს ეს კაი ვინმე ოჯახის კაცი და ან გადაყარე ახლა ეგ ფიცრები, ან წაიღე და მიეცი ბიკენტის.
_ შეკაცო, შენ დაჭრილი გაქ ხელები?
_ ლია, მაგას ქვია ნარჩენები, მასალა აღარ ქვია და, ამიტომ, უნდა აიღო და გადაყარო. მასალა რომ ერქვას, გავაკეთებდი რამეს.
_ შეკაცო, დაარქვი მასალა და გააკეთე...
_ ახლა მაგას მასალა აღარ ქვია, შეეგუე ამ აზრს! მაგას ქვია ნარჩენები და ნარჩენები საერთოდ, აი საერთოდ, უნდა აიღო და გადაყარო. _ ძაააალიან მშვიდად ჩამოაბელეტრისტიკა მამაჩემმა ნაცნობი, პირველი ეტაპის სიმშვიდით. მე კი გავიფიქრე: ,,აბა თუ არ გვხვდება ქართულ ფონეტიკაში ოთხი ,,ა” ერთად. Aაბა ეს რა არის?”
დედამ ბოლომდე მოუსმინა, მოსმენილი თვალებით გააანალიზა და მიუგო:
_ უიმე! მაგ აზრს რანაირად შევეგუო! შენ შეიძლება ჩვენც დაგვარქვა ნარჩენები და გადაგვყარო! შენ რას დაარქმევ, იმაზე კი არ არის. მა ჭადრაკს დაარქვი ნარჩენები, თუ კაია. ბიკენტი ამნაირებს სანთლით დაეძებს, რო, არიქა რამე გააკეთოს...
_ ჰოდა, აჩუქე ბიკენტის ჩემგან ნიშნად ბიძაშვილური სიყვარულისა და მარად მოგონებისა...
_ შეკაცო, ერთი პატარა სკამუკა ვერ უნდა გააკეთო, კაცი არა ხარ?
_ არა ვარ კაცი, უბრალოდ ბოხი ხმა მაქ და ეს ატყუებს ხალხს.
_ პატარა სკამუკეები რო გვქონდეს, ჩამოვჯდებოდით კარქათ, დაბლა. დავიღალე ამსიმაღლე სკამებზე, ასე მგონია, ცხენზე ვზივარ...
_ ქალო, მთელი მსოფლიო ამნაირ სკამებზე ზის. რა, ყველას გონია, რო ცხენებზე სხედან?
_ გონიათ, აპა! _ დედა აღმაშენებლურად ჯიუტია და რაკიღა ერთხელ შეუტევს, უკანდასახევ გზებსაც ჩაიხერგავს არგუმენტგაუმტარი სიპით. _ აპა არა გონიათ?
ყველას სიცილი აგვიტყდა. უფრო სწორად, თვითონ დედაც შემოგვიერთდა სიცილში, თორემ ჩვენ უამისოდაც წუთ დროს არა ვკარგავდით.
_ ლია დაბლა თუ გინდა დაჯდომა, წამოაქციე ტაბურეტკა და ჩამოჯექი.
_ რომელ წესიერ ოჯახში სხდებიან წამოქცეულ ტაბურეტკებზე? ბიკენტიც ეგრე არ ეტყვის ცოლს და შვილებს!
_ შვილებს თავი დაანებე, ამათ სულ არ ჭირდებათ სკამები. Pპოლზე დახოხავენ.
_ რატო დავანებო თავი, რა, ესენი ადამიანები არ არიან? ცოდვა არ არიან წამოქცეულ ტაბურეტკებზე? _ დედა ჩვენს გადმობირებას ცდილობს. _ კაი რამესაც ასწავლი, აი. ვინ დაგინახია ნორმალური, წამოქცეულ ტაბურეტკაზე მჯდარიყოს?
_ რატო! იმ დღეს ბიკენტი დავინახე, ნორმალური, იჯდა!
_ სად იჯდა?
_ წამოქცეულ ტაბურეტკაზე.
_ თუ იჯდა, იმას მასალა არა აქ და ალბათ იმიტო იჯდა! შენ, შეკაცო, ამდენი მასალა გაქ...
_ ლია, უკვე გითხარი. მე არა მაქ მასალა. მე მაქ ნარჩენები და უნდა გადავყარო!
_ შენ გაქ მასალა და სკამუკეებს რო გააკეთებ და გადაგრჩება, ის იქნება ნარჩენები და მერე მე თვითონ გადაგიყრი, ჰე, რა გინდა!
_ აჰა, უკვე ,,სკამუკე-ები”, მრავლობითში!
_ ენიან მრავლობითშიც შემიძლია: სკამნი დაბალნი.
_ შენ მწკრივები და სერიებიც შეგეძლება... სკამნი დამწკრივებულნი.
_ რა უნდა შეკაცო ამის გაკეთებას. ეს ასე დადევი, ეს ასე დადევი, ეს თავზე დაადევი და მორჩა, სკამია! _ და მართლაც, ზედ ჭადრაკის დაფაზე მოყანყალე სკამი აუშენა.
_ სტეინიცის ფიგურები მაინც მოიხათრე, ჩემები, Hჰე, თუ გინდა, შინაურები არიან...
_ ო, ბიკენტიც ეგრე არ ეტყვის თავის ცოლს!
_ და შვილებს. _ შეახსენა მამაჩემმა.
_ ჰო, ჰო, შვილებს. თავის ცოლ-შვილზე ზედმეტი ფიქრით ისე არის დაბნეული, რო ზამთარ სოჩაში დაყავან დასასვენებლათ, ზაფხულ ბაკურიანში.
_ არ გამიკვირდა, რატო არიან ასე ლურჯები-თქო. თურმე მზეს ვერა ხედავენ.
_ კი, აპა, ლურჯები! იმხელა წითელი ფრჩხილები აქ მოშვებული იმის ცოლს, მარტო ხახვის დაჭრაზე იჭრის, ეგვიპტის დედოფალივითაა დახატული...
_ ბიკენტიტი!
_ ბიკენტიტია თუ შახრაზადა, არ ვიცი, მარა ბიკენტოვნას ქე გავს, ისეთი მოვლილია...
_ Oოჰ, ერთი ბიკენტის ჭკუაც რა ვთქვა და იმის ცოლ-შვილისაც და შენიც...
_ რა გინდა ბიკენტისთან, რა დაგიშავა! რას გვერჩი მე და ბიკენტის!
_ წარმოგიდგენიათ?! ვზივარ აქ ჩემთვის, ვაკვირდები სტეინიცის ტურას და ოფიცერს, ხოლო ვერჩი ლიანას და ბიკენტის...
_ მამიკო, ვეღარ გაიგე, რომ როგორც კი გეტყვის, იმ წუთში უნდა წამოხტე და გააკეთო?- ჩავერიეთ ერთ-ერთი შვილთაგანი. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი.
_ ერთი თქვენა ხართ კიდე! _ მოგვიბრუნდა დედა, _ სულ გაუსივეთ თავი.
_ იმ წუთში რო წამოვხტე და გავაკეთო, მერე მეორეს დამავალებს, მერე მესამეს, მერე მეოთხეს... ასე უფრო დროს ვიგებ და ჩემს საქმეებსაც გამოვაძვრენ ხოლმე, თუარა კიარ მეხალისება ამსიგრძე დიალოგები. ამას რო ვუსმინო, ბოლოს ჭადრაკის დაფისგანაც სკამებს გამაკეთებინებს და ფიგურებისგან კიდე _ სამარილეებს და ფოჩხის თითებს.
_ ფოჩხის თითებათ ეგენი არ ივარგებენ, თუარა დიაღაც დაგვიძველდა Fფოჩხები.
_ ე!
_ დედა, არ იცის სკამის გაკეთება და როგორ გააკეთოს?
_ რა უნდა ამის გაკეთებას, რო დამჭირდეს, მე გავაკეთებ.
_ ჰოდა, წადი, შენ ეგ გააკეთე და მე ამ პარტიას ბარემ გავარჩევ.
_ გაარჩემ, ახლა ეგეც ლობიო არ იყოს, ან ქინძი. ყველაფერი კიარ უნდა გაარჩიო. რას გამიკეთებს მაგას რო გაარჩემ?
_ ლია, ნუღა მაწუხებ. _ თქვა გადაჭრით მამაჩემმა და ისევ ჭადრაკში ვითომ ჩაღრმავდა.
_ გაწუხემ, რა მარტო ჩემთვის კიარ მინდა!
_ ქალო, შენთვისაც თუ არ გინდა, აბა ვიღას უნდა? მე არ მჭირდება, ესენი მაინც იატაკზე სხედან, ორი სართული სკამებით არის სავსე...
_ პატარა სკამუკა ოჯახში მაინც სხვა არის, სიმყუდროვე შემოაქ...
_ ჩემთვის შფოთი შემოაქ და იცოდე, ახლა გადავყრი ამ ფიცრებს! _ მამაჩემმა გაბრაზება დაიწყო.
_ გადაყრი, რა ფიცრების მეტი რა მაქ. სავსეა სართონეც და სახელოსნოც. იმათ გადაყრას სამი დღე მოუნდები და ჭადრაკიც გვერდზე დაგრჩება და სკამიც.
_ აჰა, და მთელი იმ სამი დღის ფიცრებისგან სულ პატარა სკამუკეები გინდა!
_ არა, შეკაცო, ჯერ ერთი გააკეთე, დავინახო. გადადევი ეგ პარტია, შენ თვითონ არ მიყვები ხოლმე, მთელი კვირა რო აქვთ გადადებული პარტიები ბოტვინიკებს და კაპაბლანკეებს. შენ ორი საათით რო გადადო, არ გეკადრება?
მაგრამ მამაჩემს ამ კაჟივით სიტყვის შესავალიც აღარ მოუსმენია. ჩართო სიბრაზის რეაქტიული ძრავა, ადგილიდან ღილივით აწყდა, ფიცრებს ხელი დაავლო და ოთახიდან გაიჭრა ლანძღვით და ღმუილით.
_ აჰა, რა ვუთხარი ახლა ასეთი გასავარდნი, ბიკენტიც ასე არ გავარდებოდა!
_ დედა, ამ ერთი პარტიის დამთავრება რო გეცლიოს, არ შეგეძლო?
_ ამას რო ვაცალო, სულ ასე ითამაშებს და არაფერს აღარ გააკეთებს.
_ სამაგიეროდ, როცა აკეთებს, ჩქარა აკეთებს.
_ ჩქარაც იმიტო აკეთებს, რო ჭადრაკს ეცეს. ვერა ხედავთ, ამხელა სახლი ოც დღეში ააშენა. ვის აუშენებია, ამის გარდა, რო არი ყველაფერში უკუღმართი. აიგერ, ჯიბომ ხრუშოვის დროს დაიწყო და ახლაც მოუთავებელი აქ, სახლს წლობითY უნდა შენება. მარტო ხალხისა მცხვენია. მეკითხებიან, ეს რა ქენით, ასე ხელათ სახლი რანაირათ ააშენეთო. რა ვუპასუხო, იმიტომ ააშენა, რო ჭადრაკის თამაში ეჩქარებოდა-თქვა? მორფის დაბადების დღე იცის ზეპირათ და შვილები რამდენი წლისა ყავან, ის ავიწყდება.
ჩვენ ვიცინოდით. დედა წარბებით გვიბღვერდა, თვალებით და ტუჩებით იცინოდა.
_ მითუმეტეს, _ უთხრა სოფომ, _ თუ ასე უყვარს ეს ჭადრაკი, აცალე რა. მამიკო არ არის ჩვენნაირი ჩვეულებრივი, ეს სხვანაირია...
_ რანაირია, სხვანაირი?...
_ რანაირია და ბევრი სხვა რამე აინტერესებს, არ შეუძლია სულ ერთნაირი საქმის კეთება, თავისი შინაგანი მოუთმენლობა აწუხებს, ხელოვანია, მერყევია. შენ ეს არ გესმის და სხვებს მაინც დაუჯერე. ნახე აი, რას ამბობს აკუტაგავა...
_ ეგ დაკუტა ჩემმა ცოდვამ, მაგან სულ გიღრძო ტვინი...
_ შენ, დედა, ბიკენტის ლანძღვას ვერ იტან და მე აკუტაგავას ლანძღვა გინდა რო ავიტანო?!
_ ბიკენტის კიარა, იმას წაატოლე ახლა აკუტაგავა! შემიდარა!...
_ სოფო, მაინც რას ამბობს აკუტაგავა? _ ვეღარ მოვითმინე. ერთი სული მაქვს ხოლმე, გავიგო, რას ამბობენ დიდი ადამიანები ჭკვიანურს და რეცეპტულს, იქნებ რამეში წამეშველოს. მაგრამ ჩემი ოთახის კუთხეში ჩუმად უნდა ვაღიარო, რომ თითქმის ვერასოდეს ვერაფერს ვერ ამბობენ.
_ ნახე რას ამბობს. _ და სოფომ წაგვიკითხა: _ ,,რიუნოსკე აკუტაგავა! რიუნოსკე აკუტაგავა! შენ ლერწამი ხარ ქართაგან რხეული”... _ და გაჩუმდა. ეჰე!
_ მერე?!
_ მერე მეტი რაღა თქვას! _ გადამიკეტა სოფომ ნუგეშის ლიანდაგები.
მე კი მეგონა, აწი იწყებოდა.
_ რა მაგარი რამე უთქვია! მაგას აკუტაგავა ამბობს, თუ აკუტაგავას ეუბნება აბო თბილელი?
_ მთელი მოთხრობა უნდა წაიკითხო და აქამდე რომ მოხვალ, მაშინ გაიგებ, სულ დაგბურძგლავს. _ დაუდგა ჩემი და აკუტაგავას ადვოკატად.
_ მაგის გულისთვინ წავიკითხამ მთელ მოთხრობას? _ ტუჩი აიბზუა დედაჩემმა.
_ მეტს მართლა აღარაფერს აღარ ამბობს?! _ ვერ ვიჯერებდი მაინც.
დედამ ჩემში ალბათ მოკავშირე იგრძნო და მხარი დამიჭირა:
_ რა უნდა თქვას ახლა აკუტაგავამ ახალი! აგრე დინთოიჯათ ლაპარაკი იაპონიიდან ადვილია. აპა, მოვიდეს და გაუძღვეს ამნაირ ოჯახს. იქ ბორიას, აქით _ თქვენ...
საოცარია! ოცი წუთიც არ იქნებოდა მამაჩემის გავარდნიდან გასული, რომ ისევ შემოიჭრა, იატაკზე ახალთ-ახალი პატარა სკამი დაანარცხა და დაიყვირა:
_ აღარ შემაწუხო, ლია! _ მიუჯდა ისევ ჭადრაკის დაფას, შელანძღული პოზიცია აღადგინა და ჩაუკვირდა.
_ უი, პატარა სკამუკა! _ გაბრწყინდა დედა. _ რა ლამაზი სკამუკა! ე, შეკაცო, რასაც მოინდომებ, ძალიანაც კარგად შეგიძლია, მარა რო არ ინდომებ! რატო არ ინდომებ?
სკამი ხელიდან ხელში გადაგვივიდა და საცდელ ჩამოჯდომებსაც სანაქებოდ გაუძლო. ვეღარ დავტკბით მისი თვალიერებით და ფერებით. დედა ზედ ჩამოჯდა და ახლა იქიდან ჰკითხა:
_ თქვი, ბორია, რატო არ ინდომებ?
მერე ადგა, სკამი ამოაყირავა, დაათვალიერა. აშკარად დაწყნარდა.
_ ესენიც რა მარჯვეთ მიუჭედებია. მე რო ასეთი ხელობა ვიცოდე, სულ ჭედებაში ვიქნებოდი. ხო გითხარი, სკამის გაკეთებას რა უნდა-თქვა. რატო აქამდე არ მიჯერებდი, თქვი, ბორია!
_ ლია, დამანებე ახლა თავი!
_ მე, რო შენ ვიყო, მთელი იმ ფიცრებისგან რამეებს გავაკეთებდი...
_ ნეტავი იყო!
დედა ერთხანს ჩუმად იჯდა და სკამიდან ჯოკონდასავით გამოუცნობი და გასაიდუმლოებული გვიღიმოდა... ჩვენ ვკითხულობთ, მამაჩემი ჭადრაკს თამაშობს. ზაფხულის შუადღის სიჩუმეა, მკვდარი, მკვდარი... მხოლოდ სიცხისაგან აბოლებული მინდვრების ერთიანი, ცხელი ქირქილი ისმის რაღაცნაირი. არ იცი, მართლა ისმის, თუ გეჩვენება. თუ სმენას გააცოცხლებ და გაიხსენებ, რომ სადღაც ქვემოთ საკაურა მიდგაფუნობს ჩვენსა და სხარალებს შორის, მაშინ მის ყრუ შხუილსაც დაიჭერ და სიჩუმისგან გაჩნდება ხმაური, რომელიც ხმის სიმუდმივემ სიწყნარედ და განურჩევლობად აქცია. საკაურა, როცა ჩვენ გვინდა, მაშინ შხუის. ვერც გავიგეთ, დედა როდის ადგა და გავიდა ოთახიდან. ნეტა რას აკეთებს ამ სიცხეში! ქათმებს ნისკარტები დაუღიათ და ჩრდილებში დგანან გაოცებულები. ირგვლივ სიმწვანე ძალიან ბევრია, მაგრამ დღეს გრავიურასავით გაშეშებულია, არ აგრილებს...
უეცრად ამ გარინდებასა და საყოველთაო გამოთაყვანებაში გახარებული კარი შემოიღო (აკი კარებიც გახარებულია, როცა მას გახარებული ადამიანი აღებს) და დედამ მოზეიმე ფეხით შემოაბიჯა.
_ აი, ბორია, შეხედე! _ ხელში ექვსი ფიცრის ნაჭერი და ოთხი კოტა უჭირავს და ისე იწვდის მამაჩემისკენ, თითქოს ამ უკანასკნელს დაბადების დღე ჰქონდეს. _ კიდე მოგიძებნე!
_ ლია! აახლა და-მა-ნე-ბე თაავი!
_ შეკაცო, რას ირევი ყველაფერზე. მე ვთქვი, გაეხარება-თქვა.
_ არ გამეხარა, წაიღე!
_ დაინახე, რავარი ფიცრებია, მზესავით ანათებენ...
_ აჰა! ისინი მთვარესავით, ესენი მზესავით! ხო გაგიკეთე ქალო სკამი!
_ მერე ერთი სკამი გვეყოფა?
გადარეული მამაჩემი ჩვენ მოგვიბრუნდა:
_ თქვენ გინდათ სკამები?
ჩვენ ჩაბჟირებული მდგომარეობიდან, ბუნებრივია, ვერაფერი ვერ მივუგეთ. აზრი არ ჰქონდა და თან აზრიც არ გვქონდა.
_ მაგათ თუ არ უნდათ, ოჯახს ხო ჭირდება!
_ ვინღა გყავს ქალო ოჯახში, დამალული გყავს ვინმე?
_ ბოსელში ფეხმოტეხილი სკამი მიდგია. ძროხას რო ვწველი, თვითონ ძროხას ვეყუდები, წაქცევის მეშინია და ისე ვებღაუჭები ძუძუებზე, დავაწყვიტე საწყალ ძროხას ძუძუები. ვარდიას, ჰე, მაგარი ძუძუები აქ და აიტანს. მერცხალამ რა ქნას, გეკითხები?
_ ვათხოვებ ძუძუებს.
_ გამიკეთე ერთი წესიერი სკამი მერცხალას ხათრით...
_ ლია, ნუ გამომოყვან მოთმინებიდან!
_ რაში მჭირდება შენი მოთმინება, მე მჭირდება სკამი ბოსელში! ეგ თუ ამაცილებს საქმის კეთებას, მეც ქე გამოვალ მოთმინებიდან. ვაი საყვარელო, რამდენი საქმისგან გავთავისუფლდები.
_ ლია! _ მამაჩემს ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ოდნავ, _ ნუ გამომიყვან მოთმინებიდან, სულ გადაგიყრი მაგ ფიცრებს!
_ ჰე, მიდი, გადაყარე. შენ ეგენი გადაყარე, მე ძროხებს და ბოვშებს გადავყრი და გამოვიდეთ მოთმინებიდან და ვიყოთ. ბიკენტიც აგრე არ გამოდის მოთმინებიდან!...
_ ოჰ, ერთი ბიკენტის კარგიც... _ მამაჩემი წამოხტა და ,,ტ”-ების და ,,ყ”-ების ბურტყუნით გავარდა ოთახიდან.
_ აჰა, გადარეული, რა უნდა ბიკენტისთან!
_ მართლაცდა, რა უნდა ბიკენტთან?! _ ეს მე გავიოცე.
_ დედა, მოგწონს ახლა შენ შენი საქციელი? _ კითხა სოფომ. _ ერთი პარტიის ბოლომდე მიყვანა არ აცალე კაცს...
_ ამისთვის რო მეცლია, არც სახლს ააშენებდა, არც სამსახურში ივლიდა, არც თმას დაივარცხნიდა და არც თქვენ დაიზდებოდით კიდე. _ ამაზე თვითონაც გაეცინა.
დედას ქათქათა სიცილი აქვს, მზე-ავდარასავით ლაღი და მოულოდნელი.
_ ჩვენ რატომ აღარ გავიზრდებოდით?! _ ალალად დაინტერესდა სოფო.
_ იმიტომ, რომ ხან ფეხბურთის კარში აყენებდა ნინოს, ხან თოვლში დაგარბენიებდათ ტიტვლებს, დაკაჟდებიანო, ხან ჭადრაკს გასწავლიდათ. თუ გაძინებდათ და დაიკავებდა გიტარას და ჩამოგჯღიოდათ რაღაცა როკენროლებს თოთო ბოვშებს. რა დაგაძინებდათ, მშობელ მამას ვეღარა ცნობდით, დაფეთებული უყურებდით. იმიტო აქ ნინოს ასეთი უძილობა, იქიდან წამოყვა. ვეტყოდი, ქართული იავნანა უმღერე, ცოდვა არიან, ნერვიულები დაიზდებიან-თქვა _ ვის ეყურებოდა! ქეც ისეთები გაიზარდეთ...
_ რითი ცუდები გავიზარდეთ, შენს გარდა ყველას მოვწონვართ...
_ ახლა, სისუფთავე და წესრიგი ჩემგანა გაქვთ ნასწავლი, მარა, აი უთაურობები ბორიასგანა გაქვთ...
_ რა უთაურობები?! მე არა მაქვს უთაურობები, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ!
_ აი, მაგალითად, ნინო რო გაიღვიძებს და ლოგინშივე იწყებს გიტარის დაკვრას და შენ რო კატები და ძაღლები მოგყავს სახლში, ეგენი ბორიასგან ისწავლეთ. ერთხელ რო გველი შემოიყვანე ბალკონზე, ის მე გასწავლე აპა?
ამ დროს მამაჩემი შემოვარდა და ოთახში ოთხი პატარა სკამი შემოაბღრიალა. ,,ვაა!”, შევძახეთ ჩვენ და სკამები წამოვკრიფეთ, ,,რამდენი სკამებიი!”
_ აღარ შემაწუხო საღამომდე, ლია! _ მამაჩემი გულდაგულ მიუჯდა მაგიდას. აბა ვინღა შეაწუხებდა ახლა მას, ამდენი სკამების შემოქმედს და დაღლილს და დამსახურებულს და რეკორდსმენს და ყველაფერს!
_ რანაირათ გააკეთე ასე ხელათ ამდენი სკამები?! _ შესძახა დედამ. _ დაინახე, რა ჩქარა გააკეთა. ახლა ამას ჭადრაკის თამაში რო ეჩქარებოდა, სკამებიც ჩქარა გააკეთა.
_ ლია, აღარ შემაწუხო, წაიღე და ბოსელში დაამონტაჟე სუყველა.
_ ამას წავიღებ ბოსელში, ამას სამზარეულოში, ეს ორი აქ იყოს, ერთი ეზოში. რა უცბათ გააკეთა. ეჰე! ამაზე ყვიროდი? რო ადვილი ყოფილა!
_ ლია, ნუ იწუხები!
_ აპა რა გაყვირებდა, შეკაცო, ასეთი სკამების კეთება რო ვიცოდე, სულ არ გავჩერდებოდი. ისეთი ლამაზებია, ქეც მენანება ბოსელში დასადგმელათ. სოფო, ეს ტრილიაჟთან დავდგათ, არ გინდა? Pპიანინოს არ შეწვდება, თუარა... ბორია, პიანინოს რო შეწვდეს, ისეთ სკამს ვერ გააკეთებ? ამ ორს წავიღებ ეზოში, კაკლის ქვეშ. თუ იწვიმოს, შემოვიტანოთ.
დედა გავიდა და ორი სკამი გაიტანა. უკვე კიბეზე გასულმა ღია სივრცეში გამოთქვა გვერდითი აზრი, რომ ისე, პიანინოს სკამის გაკეთებაც ქე შეიძლება.
ცოტა ხანს კიდევ ვიცინეთ და დავშოშმინდით. ჩამოვარდნილი სიჩუმით სასწრაფოდD თუ არ ვისარგებლებთ, სიჩუმე ბუტიაა, _ გვიწყენს და ხელიდან გამოგვეცლება უღირსებს.
ათიოდე წუთი გავიდა. მართლა აღარ გვეგონა...
დედა ჩუმად შემოიპარა ოთახში და ნაზად, თითქოს ცოტა ხათრიანადაც, დაბალი ხმით თქვა:
_ ბორია, აი! _ ჩვენ მივიხედეთ. დედა თავისი ქათქათა სიცილით იცინოდა და ხელში ფიცრის სამი ნაჭერი ეკავა.
მე და სოფო ჩავფიჩინდით. მამაჩემი მთელი ტანით შემობრუნდა ადგილზე, სკამის საზურგეს გადაჯვარედინებული მაჯებით დაეყრდნო და დედას დააკვირდა. ერთხანს უყურა ძალიან ფიქრიანი თვალებით, თითქოს ეს ქალი საიდანღაც ეცნობა და ვეღარ იხსენებსო. ბოლოს გაოცებულმა ჰკითხა:
_ ლია, რად გინდა ეგ ფიცრები?
_ ერთი პატარა სკამუკა მინდა! _ ისე ხათრიანად გამოუტყდა დედა, იფიქრებდი ცხოვრებაში პირველად და ძლივს გაამხილა გულში გამოტარებული და აქამომდე ფრფინვით შეფიფქული ნათმენ-ნაგუბები ნუკვა.
_ რად გინდა ამდენი პატარა სკამუკა?!
_ ბოსელში დავდგამ...
_ სულ რამდენი სკამუკა გჭირდება ბოსელში?
_ რაც მეტი იქნება, ის არა ჯობია?!
_ რატო? ძროხები უნდა ჩამოაჯინო?
_ იყოს, შეკაცო, რას გიშავებს, ნახე, რა ლამაზი ფიცრებია!
_ ეგენი რაებივით ბრწყინავენ, მზეებივით, თუ ვენერეებივით?
_ შეკაცო, რა მოგივიდა...
_ ამას სართონეში მთელი გალაქტიკა აქვს. მიწაზე უყრია კომეტები, კვაზარები და ცდომილები...
_ რა იყო, შეკაცო, ერთ პატარა სკამუკაზე ამდენი უნდა ილაპარაკო?
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მამაჩემს ისეთი უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს თავი გაუორდა ან გაუსამდა. მერე წყნარად დაიწყო:
_ ნინო, შენ მათემატიკა ხო გესმის?
_ ასე, რა.
_ საკმარისია. მე საათში ხუთი სკამი გავაკეთე და ვარ ბიკენტის გარე ბიძაშვილი. ამოცანა გვეკითხება: ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ ხუთ საათში უნდა გავაკეთო ოცდახუთი სკამი, ხოლო ოცდაოთხ საათში _ ას ოცი სკამი და ასე ყოველ დღე? _ თქვა და დედას შეხედა. _ და რამდენ სკამს გააკეთებდა თვით ის ეტალონ-ბიკენტი ერთ საათში? _ მერე უეცრად იყვირა. _ ამას რა გამოულევს ირმის ნახტომებს!
16 ოქტომბერი. 1999 წ. თბილისი