ჩემს ქუთაისს
თეთრ ქვებს ალოკავს ურჩი ფაზისი,
ტანს ვერ იოკებს, სცდება ნაპირებს.
"პიკასოს ბიჭიც" ცურვას აპირებს,
(ყოვლის მომსწრეა ეს ოაზისი).
და რომ შეჰყრია ზეცას ფთილებად,
ბაგრატის ტაძრის ნაფიქრალია.
ქუთაისი კი, ძველი აია,
სამოსზე იკრავს ფიფქებს ღილებად.
აქ კვლავ ანცობენ ქარაშოტები
აკაკის, გალას, ორდენის ძმათა.
ყური მიუგდე, მუზების ხმათა
სიმფონიაში როკვენ ოდები.
ქუდმოხდით მდგარი ტაძრის ჩეროდან
წარსულს დავშორდი, ო, რამხელათი.
აქ მოწამეთა, იქ კი გელათი
შემოგვრჩა ძველი საქართველოდან.
მაქვს დიდი გული, მედიდგულება:
ვითარცა თეთრი ედელვაისი,
თოვლით ფენილი ეს ქუთაისი
ვარდობის თვეზე მეჩურჩულება...