დუმბაძე ნოდარ
გაზიარება

ქალაქში მიმინოს რა უნდა ექსკლიუზივი

(არჩილ ერგემლიძეს)
 
ზღვის სუნთქვა ყავახანამდე აღწევდა. ჰაერი იყო მძიმე, მლაშე და ნესტიანი. მე და აჩიკო მრგვალ მაგიდას ვუსხედით და ყავის მოლოდინში კონიაკს ვწრუპავდით სათითურებივით პატარა ჭიქებიდან.
რეპატრირებული მეყავე სომეხი ისე ოსტატურად ურევდა სპილენძის პატარა კათხებს გახურებულ სილაში, გეგონებოდა დოლზე ბლიუზის რიტმი გამოჰყავსო.
უზარმაზარი აყვავებული მაგნოლიის ქვეშ გამართული, დაშანთული ბამბუკის ერთი ციცქნა ყავახანა თავად ჰგავდა სანაპიროზე ყავის დასალევად გამოსულ დამსვენებელს.
სომეხმა ყავა ამოიტანა და ფინჯნები პირთამდე აგვივსო.
მე ქაფს დაჯდომა არ ვაცალე, ისე მოვსვი და ყავის დამათრობელი სურნელი ღრმად შევისუნთქე.
-მოკლული ხარ? - მკითხა აჩიკომ და საკუთარ ფინჯანს ცივად გაუშვა ხელი.
-არსად ისე არ ხარშავენ ყავას, როგორც ბათუმში, - ვთქვი კმაყოფილმა.
-სოხუმში!- თქვა არჩილმა და ფინჯანი პირთან მიიტანა, ოღონდ დალევა ვერ გაბედა, მხოლოდ ორთქლი შეისუნთქა ხარბად და სიამოვნებისაგან თვალები მინაბა.
ვიდრე აჩიკო ყავის სმას შეუდგებოდა, მე უკვე გამოვხვალე ჩემი ფინჯანი და მაგიდაზე პირქვე დავამხე, ისე, როგორც ამას ყავის ნახარშზე მკითხაობის მოყვარულნი აკეთებენ ხოლმე.
-იცი მკითხაობა? - გამომხედა აჩიკომ.
-ისე რა!
-ვინ გასწავლა?
-მეზობელმა, ляля  ჰქვია, საოცრად მკითხაობს, შარშან მიკითხავდა, კოდორზე სათევზაოდ წასვლის წინ, - ფრთხილად იყავი, გველი შეგხვდებაო...
-მდინარეზე სათევზაოდ წასულ კაცს რომ გველი შეხვდება, მაგას რა მკითხაობა უნდა? - გაეცინა აჩიკოს.
-რაც იყო, იმას გიყვები!
-მიდი! - ხელი ამიქნია აჩიკომ.
-ბადის პირველსავე სროლაზე მეტრა-ნახევრიანი გველი ამოვათრიე წყლიდან...
-სტყუი! - შემაწყვეტინა აჩიკომ.
-დედას გეფიცები! - აჩიკომ გაბმულად დაუსტვინა.
-მერე კიდევ მიმკითხავა...
-რაო?
-ვიღაცის საფლავზე გხედავ მუხლმოყრილს, გვირგვინით ხელშიო.
-მერე?
-დილით გულდა გარდაიცვალა...
-მიჰქარავ! - აჩიკოს ფინჯანი ხელში შეაცივდა.
საღამოს მოვიდა, სამძიმარი მითხრა:
-дура я, глупая, что я тебе нагадала, - ამბობდა, თან ტიროდა...
-შესაძლებელია, მაგრამ იმ დღიდან აღარ მიმკითხვინებია...
-სისულელეა, - გაიმეორა აჩიკომ და თავისი ფინჯანი პლასტმასის მაგიდაზე დაამხო. მე ხმა არ გავეცი, კონიაკი მოვსვი ისევ.
-აბა, მიმკითხავე, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ აჩიკომ და თავისი ფინჯანი მომაწოდა. მე ფინჯანი ჩამოვართვი და შიგ ჩავიხედე, ფსკერი მთლიანად დაფარული იყო ნალექით, გვერდებზე კი რაღაც უცნაური სხეულები და იეროგლიფები იყო გამოსახული.
-არ ვიცი მკითხაობა! - ვუთხარი და ფინჯანი დავუბრუნე.
-მიდი, მიდი! - წამაქეზა.
-ცუდი ფინჯანია, - ვუთხარი მე.
-მაინც რას ხედავ? - არ მომეშვა.
-ზღვას ვხედავ, გემს ვხედავ...
-კაპიტანს? - გაეცინა აჩიკოს.
-ჩიტს ვხედავ.
-იქნებ თვითმფრინავია? - გაეცინა ისევ.
-ჯიშებს ვერ ვარჩევ, - ვუთხარი და ფინჯანი დავუბრუნე.
ყავახანა გზის მხრიდან ზრდილობის გულისათვის მავთულის ღობით იყო შემოკავებული. უცებ ამ მავთულის ღობეზე  ბეღურა შემოსკუპდა.
-ჩირიკ! - დაიძახა ბეღურამ და ორივეს ცნობისმოყვარეობით შემოგვხედა.
-აჰა, აგისრულა, ჩიტი მოფრინდა, ახლა გემის კაპიტანზეა ჯერი, - დაიწყო ლაზღანდარობა აჩიკომ.
ბეღურამ ერთხანს გვიყურა, მერე შეფრთხიალდა, ღობიდან დაეშვა და პირდაპირ მაგიდაზე დაგვისკუპდა,.
-უყურე, რა თავხედია! - გაუკვირდა აჩიკოს, ბეღურა პურის პატარა ნაჭერს დაეძგერა. ერთი ციცქნა თათები და კლანჭები სასაცილოდ უსრიალებდა პლასტმასის მაგიდაზე, ბოლოს რის ვაი-ვაგლახით დაითრია პურის ნაჭერი და ისევ მავთულის ღობეზე წამოსკუპდა, ახლა პურით ნისკარტგამოტენილი გვიმზერდა ღობიდან, მერე ფრთა გაშალა და სადღაც გაუჩინარდა.
-ნახე, როგორ გაგვძარცვა ამ ყაჩაღმა? - შემომხედა გაკვირვებულმა აჩიკომ.
-გენიალურად შეარქვეს რუსებმა - воробей! - ვთქვი მე.
-ვითომ რათაო?
-вора бей, ესე იგი ქურდს დასცხეო...
-კარგი, თუ ძმა ხარ, შენი მოგონილია, თანაც ახლა მოიგონე, - თქვა აჩიკომ აგდებულად.
-მე კი არა, რუსებმა შეარქვეს, - ვიმართლე თავი.
-ისე ზედგამოჭრილი კია მაგათზე, - მოეწონა აჩიკოს. - ნახე, ისევ მოფრინდა, - თქვა უცებ და პურის ნაჭერი მაგიდის კიდეზე მიაჩოჩა.
ბეღურა ამჟამად პურს არ მიჰკარებია, იჯდა მავთულზე და გამომწვევად გვიყურებდა ყელმოღერებული. - ჩირიკ, ჩირიკ, - იძახდა, თან ადგილს ინაცვლებდა დროდადრო.
-დაგენიძლავები, ჩვენი ენა იცის და ყურს გვიგდებს! - თქვა აჩიკომ სერიოზულად.
-რამე არ წამოგცდეს, ბიჭო, თურქეთის ჯაშუში არ იყოს! - გავაფრთხილე აჩიკო და გულიანად გამეცინა.
-შენ ხუმრობ და ნახე როგორ გვიგდებს ყურს.
მართლაც საოცარი შესახედავი იყო ბეღურა, თავი ოდნავ მოეღრიცა და ცალი ყური ჩვენსკენ ჰქონდა მოპყრობილი.
-ჰაიტ, შე ჭორიკანა, შენ! - დაუცაცხანა აჩიკომ და ხელი აუქნია. ბეღურა ოდნავადაც არ გატოკებულა.
-რაო ბატონო, რა გინდა? - ჰკითხა უდარდელ ბეღურას.
ბეღურამ რაღაც უპასუხა,
-კი, ბატონო, ახლავე! - დაფაცურდა აჩიკო და თავისი ფინჯანი მიწაზე დადგა.
-რაო? - ვკითხე.
-ყავა მინდაო, ბატონო, თქვენ რომ მიირთმევთ, მე რა, კაცი არა ვარო? - ბეღურა მავთულიდან მიწაზე დაეშვა და ფინჯანს მიუახლოვდა ფრთხილად.
-მოდი, ნუ გეშინია! - გაამხნევა აჩიკომ. ბეღურამ ნისკარტი ჩაყო ფინჯანში და ყავის ნალექს კენკვა დაუწყო.
-გვეყოფა, გულს აგიჩქარებს! - გააფრთხილა აჩიკომ და ფინჯნის ასაღებად დაიხარა. ბეღურა ღობეზე შეჯდა. ახლა პურის ნამცეცები დაიყარა ხელისგულზე აჩიკომ და ბეღურას გაუსწორდა.
-დააყოლეთ, ბატონო! - ბეღურამ ცოტა ყოყმანის შემდეგ ფრთა გაშალა და გამოწვდილი ხელისაკენ დაეშვა, ოღონდ არ დააჯდა. ჯერ რამდენიმე სასინჯი ირაო გააკეთა აქაოდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ჩაუქროლა და ჩამოუქროლა, ჩაუქროლა და ჩამოუქროლა. აჩიკო არ განძრეულა და ბეღურამ გაბედა. იგი დაეშვა ხელისგულზე, მაგრამ, ვიდრე პურის ნამცეცებს აკენკავდა, თვალებში შეხედა აჩიკოს, ძალაუნებურად მეც შევხედე. აჩიკოს თაფლისფერი თვალები სავსე იყო უზომო კმაყოფილებით, განცვიფრებითა და სიყვარულით. ბეღურა ენდო ამ თვალებს. და უზარმაზარი ხელისგულიდან დინჯად დაიწყო პურის ნამცეცების კენკვა. თავის საქმეს რომ მორჩა, ისევ ღობეზე დასკუპდა და ნისკარტი გამობერილ ჩიჩახვზე შეიწმინდა. მე სუნთქვაშეკრული ვუცქეროდი ამ საოცარ სანახაობას. ვინმეს შორიდან რომ დაენახა ეს სურათი, ცოცხალი თავით არ დაიჯერებდა, რომ ბეღურა გაწვრთნილი, ხოლო აჩიკო მისი მრწვთნელი არ იყო.
-ნაღდი დუროვი ხარ! - ვუთხარი აღტაცებით.
-დუროვვი მე კი არა, ეგ არის, ნახე რეებს მიშვრება, - თქვა აზარტში შესულმა აჩიკომ და ახლა თავზე გადაიყარა პურის ნამცეცები.
-მობრძანდი, ბატონო! - მოიპატიჟა გაშლილი ხელებით ბეღურა და მოხდა სასწაული... შემზარავი სასწაული. მაგიდას უზარმაზარმა ჯვარივით ჩრდილმა გაუარა და ბეღურა გაქრა... გაქრა ბეღურა.
-რა მოხდა? - იკითხა განცვიფრებულმა აჩიკომ და გაფითრდა.
-მიმინო! - ძვლივს მოვატრიალე ენა პირში.
-რა იქნა ბეღურა?! - იკითხა ისევ აჩიკომ გაბრაზებული ხმით. მე მხრები ავიჩეჩე და ძვლივს გადავყლაპე ნერწყვი, იგი უცებ გიჟივით წამოხტა და ყავის გამყიდველს ეცა.
-მიშველე!
-რა მოხდა?
-ბეღურა.
-რა ბეღურა?! - გადაირია ყავის გამყიდველი.
-მიმინომ, მიმინომ მოიტაცა ბეღურა!
-რას ამბობ, კაცო, ქალაქში მიმინოს რა უნდა?! - ხელი აუქნია სომეხმა და ხალხში შებრუნდა.
აჩიკო ახლა მე მომვარდა.
-რა იქნა ბეღურა?
-დაჯექი! - ვთხოვე მე.
-რა იქნა-მეთქი?!
-მიმინომ მოიტაცა!
-როგორ თუ მოიტაცა, სამნი ვიჯექით, ვსვამდით, ვჭამდით, ვიცინოდით, უცებ მოვარდა, მოიტაცა და მეტი არაფერი?!
-კარგი, აჩიკო?! - ვუთხარი მუდარით.
აჩიკო გიჟის თვალებით მიყურებდა, მერე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. დიდხანს იჯდა ასე.
-კარგი, გეყოფა!- ვთხოვე ისევ და მხარზე ხელი დავადე. იგი უცებ ადგა და უხმოდ წავიდა.
-სად მიდიხარ? - აჩიკომ არაფერი მიპასუხა... წავიდა და წავიდა...
ცოტა ხანს მარტო ვიჯექი. მერე ყავის გამყიდველი დამადგა თავზე.
-დათვრა? - მკითხა.
-ვინ?
-შენი ამხანაგი,
-არა, კაცო, არც კი დაგვილევია, ვისხედით სამნი, აი ასე, მე აქ, ის აქ და ის...
-ვინ სამნი? - ეჭვით გადმოგვხედა სომეხმა მე და ბოთლს, მაგრამ ბოთლს ორი თითის დადების მეტი არ აკლდა.
-...ბეღურა მავთულზე იჯდა, უცებ მიმინო მოფრინდა...
-თქვენ ხომ არ გაგიჟდით, მიმინოს ქალაქში რა უნდა?! - სულ გადაირია ყავის გამყიდველი.
-გეუბნები, კაცო, აი ასე, როგორც ახლა მე შენ გიყურებ...
-შენზე თუმანია!..- შემაწყვეტინა ყავის გამყიდველმა.
მე თუმანი გავუწოდე და ავდექი.
სასტუმროში რომ დავბრუნდი, არჩილი თავის საწოლზე ეგდო პირაღმა.
ტიროდა აჩიკო.

??????