გაგცდი... ექსკლიუზივი
დრო დარახტული ცხენებივით ქუჩებს მიარღვევს,
დრო კადრებივით ერთმანეთზე დღეებს მიაწყობს,
ამ სიყვარულის განვიცადეთ ყველა სიმაღლე -
- სრული ზენიტი და ბოლოს კი სრული ფიასკო!
დღეს ჩემს ფიქრებში მოგონებამ თვალი მილულა,
მაგრამ ვერ ჩაქრა აღტაცება შენი ხსენების,
ვერ გადაიღო მონატრებამ კოკისპირულმა,
სული დატბორა და იწვიმა შეუსვენებლივ...
ვეღარ ვაერთებთ გზებს ათასგზის გადახვეულებს,
კვლავ განგიცადო ხელმეორედ, ბედი არ იზამს,
ზურგი ვაქციეთ ერთმანეთს და ჩვენს სუსტ სხეულებს,
აჰყვათ სევდა და განშორების მწველი ქარიზმა.
ერთი იმედით ვუღიმოდით ცას და მზიანეთს,
ამ გრძნობის მეტი არაფერი გვქონდა საერთო,
ერთმანეთისთვის ბევრი მარცხი გადავიტანეთ,
გადავიტანეთ უსიტყვოდ და უერთმანეთოდ.
გეტყვი, გპირდები, ძველებურად კვლავ თუ იწვიმებს,
შენი თვალები თუ ჩემ თვალებს ისევ შეხვდება,
ახსოვთ ჩემ თითებს დამიჯერე, ყველა სიცივე,
შენი თითების ახსოვთ ყველა თბილი შეხება.
გაგცდი და ახლა უშენობით მითრთის სხეული,
აღარ არსებობს არაფერი ის, რაც ჩვენია,
და გაზაფხული უცნაურად მზემილეული,
ხელში უთქმელი ბოდიშივით შემომრჩენია.