ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

ვერხვის ფოთოლი, ფოტო და ლორკა. ექსკლიუზივი

იმ დღით, ჰო, იმ დღით, მზით გაუვსები,
ცა თეთრდებოდა ღრუბლების კვართით,
იმ დღით მდუმარი ავტობუსები,
დაატარებდნენ სიცივეს ზამთრის.
მე ვშლიდი ლორკას, ლექსებად ვწვიმდი,
მზით ივსებოდა ოცნების სურა,
ჩვენი ღიმილი ეხატა მშვიდი,
წიგნში ოდესღაც ჩადებულ სურათს.
იმ დღით მივხვდი, რომ ვერ შეცვლი ზენიტს,
იმით, რაც ზენიტს უბრალოდ მოჰგავს,
არ უხდებოდა სურათი ჩვენი,
ლექსების კრებულს, მით უფრო ლორკას.
ყინავდა გარეთ და სულში ხმები
აღწევდნენ თოვლის, ასულნი ცამდე,
ამოვაცალე სურათი კრებულს,
და ნაცვლად ვერხვის ფოთოლი ჩავდე...
მერე კი ქარებს ფანჯრებთან მოსულთ,
ვატანდი ფოტოს ისე, ვით გზავნილს,
თავი მოიკლა უსულო ფოტომ,
და ყველაფერმა მოიკლა თავი.
ჩემს და შენს გარდა, რადგანაც ვღლიდით
ერთმანეთს და მზეც სხვაგვარი გვსურდა,
დღეს ვცხოვრობთ მშვიდად, რადგანაც მივხვდით,
უერთმანეთოდ არა ვართ ცუდად.
იმ დღით კი თითქოს მზით გაუვსები,
ცა თეთრდებოდა ღრუბლების კვართით,
იმ დღით მდუმარე ავტობუსები,
დაატარებდნენ სიცივეს ზამთრის.
რა გითხრა, ხშირად მე ისევ ვუკრავ
ნოტებს სულში და ნოტებში მბორგავს,
დღეს ყველაფერი რიგზეა უკვე,
ჰო, ყველაფერი რიგზეა უკვე,
ვერხვის ფოთოლიც უხდება ლორკას.

??????