ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

მითი - ბედის წიგნში ერთად რომ გაგვხაზეს... ექსკლიუზივი

დაცურდა მინებზე მზის თეთრი ოვალი,
მე მაინც არასდროს არ მოვალ შორიდან,
ფანჯრებთან გაზაფხულს თვალი კვლავ მოვკარი,
რა საოცარია, ის მაინც მოვიდა.
პირჯვარს რომ გვსახავდა ის ღმერთი მოვკალით,
ის გრძნობა მოვკალით, ბოლოს რომ გვშველიდა,
და შენი თითების წაშალა დრომ კვალი,
ჩემი უკუნისფრად გაშლილი თმებიდან!..
ცრემლებს ყვავილივით ვაგროვებ მუჭაში,
ფურცლებზე რითმად და ლექსად რომ შეშრება,
უკვე მერამდენეს გამგვანე ქუჩაში,
უკვე მერამდენედ მითხრეს, რომ ''მეშლება.''
ვიწამე ართქმული სიტყვები და ბოლო
მითი - ბედის წიგნში ერთად რომ გაგვხაზეს,
ზეცამ მთელი ღამე მთვარე რომ აბოლა,
რიჟრაჟზე ღრუბლების არტყამდა ნაფაზებს.
ქარი რომ ჩადგა და ნება რომ მოიღო,
მე სულ სხვა ქარების ვიარე მხარ-და-მხარ,
იქნება გესმოდეს, ეს შენ არ მოგიხმობ,
ეს მხოლოდ ლოცვაა, როს ვამბობ - სადა ხარ...
ყოველი ლამაზი ოცნების დასასრულს,
ბრჭყვიალა ვარსკვლავი ვარდება შორიდან,
რა გამძლე ნერვები ჰქონია გაზაფხულს -
- შენ ასე შორს ხარ და ის მაინც მოვიდა.

??????