აბუსელიძე როინ
გაზიარება

გაუგზავნელი წერილები (მე, შენ, ღმერთი) 

როცა ქუჩები ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ,
სახელდახელოდ, 
სანუგეშოდ, 
როცა ქუჩები
დაიცლებიან სიმშვიდით და 
სუსხის მიკრობებს,
ძრწოლის მიკრობებს გაფეთებენ 
და ეურჩები -
ქალაქს, 
რომელმაც შეიწირა შენი ლირიკა
დაუკითხავად, 
უსაფუძვლოდ, 
ამავე ქალაქს -
ვგონებ არ ახსოვს 
სიკვდილიც რომ მან გაგირიგა,
ან იქნებ ახსოვს 
და მეძავი ქალივით მალავს
პასუხებს, წარსულს, 
იმ კითხვებზე რომლებსაც სვამენ,
სულერთნაირად, 
სულიგივედ, 
დასულაგდებით,
მეც ჩემს პოეტში დიდი ხანი ვეძებდი 
სხვა მე-,
ახლა არ ვეძებ... 
მაგრამ ვერა და ვერ ვლაგდები
თიხაში, სადაც ჩაეტია ნაზარეველი,
მაშინ როდესაც დაათენდა 
ბოლო პროზელიტს,
იდგა ბოსელი სინათლეში 
და სარეველას
იცლიდა ზეცა, 
დედამიწა, 
ღამე,
ბოსელი...
და ზედმიწევნით დაიხვეწა 
ზიზღის ეთიკა,
ცოდვის ეთიკაც ზედმიწევნით, 
(
თუმცა ხარაკირს,
როგორც გმირობის უტყუარ და ბოლო ეტიკეტს) -
ისე ვხედავდი, 
ისე ვგრძნობდი, 
მწამდა! 
ახლა კი
გადავლილია ყველა მთა და 
ყველა ფერდობი,
სიზმრებით,
ხოხვით, 
ოცნებებით, 
ჭენებ- ჭენებებით,
ვიცი რთულია დაიჯერო 
კაცის ღმერთობა,
მაგრამ ჩვენ ღმერთის კაცობასაც 
არ ვიჯერებდით

II
და იმ დროს როცა ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ
ქუჩები და შენ ამ ხმაურში 
მარტივად ფიქრობ
ხალხზე, 
რომელიც ნოესავით შემოიგროვე
ირგვლივ და მიკრო-კიდობანიც არა გაქვს, 
მიკრო -
იმედს რომ თავი დავანებოთ, 
იმედს. არადა -
პასუხს ელოდნენ (ბავშვებივით) 
იმ დღეს კითხვები.
უფლის ენაზე გვესაუბრა დაგვეზარა და
თუ ვლოცულობდით, 
ვლოცულობდით, 
ჩვენი სიტყვებით.
ასე შევცვალეთ უნებლიედ 
მთელი ბიბლიაც,
ეს იგივეა დავივიწყოთ, 
არანაკლები -
ხელით დაწერილ სტრიქონებს რომ 
მეტი ხიბლი აქვთ,
ვიდრე სტრიქონებს - 
ძირითადად ვორდში აკრეფილთ.
აქ იკამათო, ეს იმდენად სისულელეა,
რომ ეკამათო მიცვალებულს, 
საფლავს, 
სახელებს
და სანამ სიტყვით დასერილი სასულეები
ხატებთან ბოლო "მაპატიეს" ამოახველებს,
ვიდგები მზესთან,
რომლის სხივიც იქცა პრიზმებად,
(
ერთ დროს თბილები, კეთილები და გულუხვები)
ჩვენც ამ ბოლო დროს 
არაფერი არ გვესიზმრება, 
თუ გვესიზმრება - 
შიში გვიპყრობს და წყალს ვუყვებით...

III

და ეს წერილიც იზრდებოდა თურმე შიშივით,
შემდეგ ეს შიში მაგ თვალებშიც
მარტივად იშვა,
შენ შეგიძლია რადიოთი ჩართო შიშინი,
რომ არ შეგიპყროს 
მარტოდმარტო დარჩენის შიშმაც.
ჩვენ ვთამაშობდით დიდობანას,
შემდეგ სრულიად
აუღელვებლად ვაჯავრებდით 
მკვდრებსა თუ მკვიდრებს
და რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ უფრო რთულია,
ჩვენი ბავშვობა ვითამაშოთ ძვირფასო, 
ვიდრე
ცხოვრებაში რომ არასოდეს 
არ ვითამაშოთ!...
რომ არასოდეს არ მოვირგოთ 
ერთი ნიღაბიც,
მაგრამ კაცი ხომ ვერ გაუძლებს 
ამდენ ქარაშოტს,
ამდენ ტკივილს და 
თუ ოდესმე ხალხი ვიყავით,-
ვეღარ ვიჯერებ, 
როცა ვხედავ როგორ ფატრავენ,
დღეები დღეებს, 
როცა ვხედავ...
(
უბრალოდ როცა
ლექსების წერა ავიჩემე ) წერაც ადრეულ
წარსულში უფრო მაგონებდა 
ძვირფასო ლოცვებს,
ლოცვებს რომლებიც ერთიანად 
გავიზეპირედ,
ვეღარ გავიგე ვის რა ვუთხრა, 
ვის რა ვედაო,
ჩვენ ამოვგმანეთ ის კედელი 
და ის ჯებირი,
რომლის გადაღმაც ქრისტე იყო საყოველთაო.
ასე სრულდება ეს ბარათი, 
გწამდეს, 
მომხედე,
თუმც ვერასოდეს მიპასუხებ 
შენ ამ წერილზე...
ოდამეერთე საუკუნე,
წელი თოთხმეტი,
გიორგობისთვე,
კვირა,
როინ აბუსელიძე.

??????