სელინჯერი ჯერომ
გაზიარება

კანჯოში 

გვიანი შემოდგომის ნაშუადღევის ოთხი საათი იდგა, შუადღეს აქეთ მჭიდროდ პირმოკუმულმა სანდრამ, მოსამსახურე ქალმა, უკვე თხუთმეტი-ოცჯერ გამოიარა ტბისკენ გამავალი ფანჯრის წინ, ბოლო გამოსვლისას დაბნეულად გაიხსნა და შეიკრა წინსაფრის თასმები, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც უსაშველოდ განიერი წელი აძლევდა, შემდეგ კი მომინანქრებულ მაგიდას დაუბრუნდა და მისის სნელის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა ახალთახალ უნიფორმაში გამოწყობილი.
მისის სნელს სახლის დალაგება და თეთრეულის დაუთოება უკვე დაემთავრებინა და, ჩვეულებრივ, ერთ ფინჯან ჩაის მიირთმევდა, სანამ ავტობუსის გაჩერებისკენ ჩაუყვებოდა გზას, ქუდი უკვე დაეხურა, ფეტრის შავი საინტერესო თავსამკაული, რომელსაც მხოლოდ ერთი კი არა, უკვე სამი ზაფხული იყო, რაც ატარებდა, ნებისმიერი ტემპერატურის ან ცხოვრების წესის პირობებში, უამრავ საუთოო დაფასა და დუჟინ მტვერსასრუტს შორის, ქუდს შიგნიდან ისევ ეკრა ,,ჰეთი კარნეგის” გაცვეთილი, მაგრამ (აუცილებლად უნდა აღინიშნოს) დაუკუჭავი იარლიყი.
– უკვე აღარ მანერვიულებს ეს ამბავი, – განაცხადა სანდრამ, მეხუთედ თუ მეექვსედ, თანაც ისე, რომ თავის თავს უფრო უთხრა, ვიდრე მისის სნელს. – გადავწყვიტე, აღარ ვინერვიულო, რა აზრი აქვს?
– მართალი ხარ, – უთხრა მისის სნელმა, – აღარც მე ვაპირებ ნერვიულობას, ჩანთა მომაწოდე, გეთაყვა, ძვირფასო.
ტყავის ძალიან გაცვეთილი, მაგრამ ქუდივით მოდურ ეტიკეტიანი ხელჩანთა ბუფეტზე იდო, სანდრამ შეძლო ფეხზე წამოდგომის გარეშე მისწვდომოდა მას და მაგიდის იქით მდგარ მისის სნელს გადააწოდა, რომელმაც გახსნა და მენთოლიანი სიგარეტი ამოიღო ,,სთორქ ქლაბის” საფირმო ასანთთან ერთად.
მისის სნელმა სიგარეტს მოუკიდა და ჩაითი სავსე ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ იმ წუთშივე უკან, ლამბაქზე დადო.
– ეს ჩაი თუ დროზე არ შეგრილდა, ავტობუსი გამასწრებს, – თქვა და სანდრას გახედა, რომელიც დამთრგუნველი მზერით მიშტერებოდა კედელზე ჩამწკრივებულ სპილენძის ქვაბებს.
– ნუ ნერვიულობ! – უბრძანა მისის სნელმა, – რა განერვიულებს? ან გეტყვის, ან არა, ესაა და ეს, ნერვიულობას რა აზრი აქვს?
– სულ არ ვნერვიულობ, – უპასუხა სანდრამ, – ისედაც ბევრი მაქვს საფიქრალი, უბრალოდ, ის მაგიჟებს, ბავშვი რომ დაბანცალებს მთელს სახლში. ხმა ალბათ არ გესმის, არა? ვერც გაიგონებ, ისე უხმაუროდ დაიპარება. ამასწინათ ლობიოს ვარჩევდი ამ მაგიდასთან და კინაღამ ფეხი დავაბიჯე ციცქნა ხელზე, პირდაპირ მაგიდის ქვეშ იჯდა.
– კარგი, ერთი, ან მაგაზე რა განერვიულებს?
– რა და არაფერს მოჰკრას ყური ამ ბავშვმა… ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვა მიწევს, აი, რა მანერვიულებს!
– კიდევ ვერ ვსვამ ამ ჩაის, – თქვა მისის სნელმა, – … რა საშინელებაა, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონვა.
– ჰო, პირდაპირ მაცოფებს ეს ამბავი! სანახევროდ გიჟი ვარ უკვე ამ ბავშვის ხელში, – სანდრამ კალთიდან უხილავი ნამცეცები ჩამოიფერთხა და ჩაიფრუტუნა: – არადა სულ ოთხი წლისაა!
– ძალიან ლამაზი ბავშვია, – თქვა მისის სნელმა, – რა დიდრონი თაფლისფერი თვალები აქვს!
სანდრამ ჩაიფრუტუნა, – ცხვირი კი მამამისს მიუგავს, – თამამად მიჰკიდა ხელი თავის ფინჯანს და ჩაი მოსვა. – ნეტავ, ოქტომბრამდე რატომ რჩებიან აქ? – თქვა უკმაყოფილოდ და ფინჯანი დადგა, – არც ერთი წყალს არ ეკარება, არც ქალი, არც ქმარი, არც ბავშვი, ის სულელური ნავიც აღარ გაჰყავთ ხოლმე ტბის სიღრმეში, ვერ გამიგია, რაში ყრიან ამდენ ფულს.
– ნეტავ, როგორ სვამ მაგ ჩაის, მე ერთი ყლუპიც ვერ მოვსვი ჯერ.
სანდრამ ღვარძლიანად შეხედა მოპირდაპირე კედელს. – რა სიამოვნებით დავბრუნდებოდი ქალაქში, დამიჯერე, არ ვხუმრობ, მეზიზღება ეს საშინელი ადგილი. – მისის სნელსაც არამეგობრულად შეავლო თვალი. – შენ რა გენაღვლება, მთელი ცხოვრება აქ გაატარე და მშვენივრად მოეწყვე, შენ რა…
– რომ მომკლას, მაინც უნდა დავლიო, – თქვა მისის სნელმა და ელექტროღუმელის საათს გახედა.
– ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი? – ჰკითხა სანდრამ მოულოდნელად, – რას იზამდი? სიმართლე მითხარი.
ეს ისეთი კითხვა იყო, რომელიც მისის სნელმა ყარყუმის ქურქივით აიტაცა და კიდევ ერთხელ დადგა ჩაის ფინჯანი. – ჰოოო, პირველ რიგში, – თქვა მან, – არ ვინერვიულებდი, მერე კიდევ სხვაგან მოვძებნიდი…
– სულაც არ ვნერვიულობ-მეთქი, – შეაწყვეტინა სანდრამ.
– ჰო, გავიგე, მაგრამ მე…
სასადილო ოთახის მხრიდან მბრუნავი კარი გაიღო და ბო ბო ტანენბაუმი, ამ სახლის დიასახლისი, სამზარეულოში შემოვიდა. ბო ბო ოცდახუთი წლის დაბალი თეძოჩამოქნილი გოგონა იყო, ფორმადაკარგული მყიფე უფერული თმა საკმაოდ დიდ ყურებს უკან გადაეწია, ეცვა მუხლებამდე ჯინსის შარვალი, ყელიანი პულოვერი, წინდები და ბრტყელძირიანი მოკასინები, სახელის უცნაურობას და ნაკლებმიმზიდველობას რომ თავი დავანებოთ, ბო ბოს ძალიან დასამახსოვრებელი მგრძნობიარე პატარა სახე ჰქონდა, განსაცვიფრებელი და საინტერესო.
ახალგაზრდა ქალი პირდაპირ მაცივარს მიუახლოვდა, გამოაღო, ფეხები განზე გადგა, ხელები მუხლებზე დაილაგა და შიგნით შეიჭყიტა, თან მელოდიის გარეშე კბილებსშუა უსტვენდა და შეუჩერებლად აქანავებდა იშვიათ უკანალს.
– სანდრა…
– გისმენთ, ქალბატონო! – გამოსძახა მისის სნელის ქუდს უკან მდგარმა სანდრამ.
– მწნილი აღარ გვაქვს? მას მინდა გავუტანო.
– შეჭამა, – უპასუხა სანდრამ – წუხელ შეჭამა სანამ დაწვებოდა, სულ ორი ცალიღა იყო დარჩენილი.
– კარგი, სადგურზე რომ წავალ, კიდევ წამოვიღებ რამდენიმეს, ვიფიქრე, ნავიდან მწნილით მაინც გამოვიტყუებ-მეთქი. – ბო ბომ მაცივრის კარი დახურა და ტბისკენ გამავალ ფანჯარაში გაიხედა.
– კიდევ გვინდა რამე? – იკითხა ფანჯარასთან მდგარმა.
– მხოლოდ პური.
– შემოსასვლელის მაგიდაზე ქვითარი დაგიტოვეთ, მისის სნელ, გმადლობთ.
– კარგით, – თქვა მისის სნელმა, – გავიგე, ლაიონელს წასვლა უნდაო, – ქალმა მოკლედ ჩაიცინა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ბო ბომ და ხელები გვერდითა ჯიბეებში ჩაიყო.
– ყოველ შემთქვევაში შორს მაინც ვერ წავა, – თქვა მისის სნელმა და ისევ ჩაიცინა.
ფანჯარასთან ბო ბომ პოზიცია შეიცვალა და ზურგი შეაქცია მაგიდასთან მსხდომ ქალებს.
– არა, – თქვა მან და ისევ გადაიწია რამდენიმე კულული ყურს უკან, შემდეგ კი დაამატა, – სულ ასე მიდის და გზას მიიკვლევს მას შემდეგ, რაც ორი წლის შესრულდა, მაგრამ შორს არასოდეს წასულა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა და ქალაქში ჩავიდა, ,,სენთრალ პარკის” სავაჭრო ცენტრამდე ჩააღწია, სახლიდან რამდენიმე კორპუსს იქით… თუ უფრო ახლოს… შენობის წინკარამდე მივიდა იქ გაჩერდა, უცებ მამასთან მოინდომა დამშვიდობება.
მაგიდასთან მსხდომ ქალებს გაეცინათ.
– მაგ სავაჭრო ცენტრში საციგურაოდ დადიან ხოლმე ნიუ-იორკში, – გულღიად უთხრა სანდრამ მისის სნელს, – ბავშვებიც და დიდებიც.
– ოჰ, – თქვა მისის სნელმა.
– ეს შარშან მოხდა, სამი წლის იყო მაშინ, – თქვა ბო ბომ, ჯინსის გვერდითა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა ასანთთან ერთად და მოუკიდა, ორივე ქალი ამ დროს მას მისჩერებოდა. – დიდი ამბავი ატყდა, მთელი პოლიცია ფეხზე დავაყენეთ ბავშვის მოსაძებნად.
– მერე იპოვეს? – იკითხა მისის სნელმა.
– რა თქმა უნდა, იპოვეს, – ზიზღით წარმოთქვა სანდრამ, – აბა თქვენ რა გეგონათ?
– ღამით იპოვეს, თორმეტს რომ აკლდა თხუთმეტი წუთი, თებერვალი იდგა… ო, ღმერთო… შუა რიცხვები იქნებოდა, პარკში ბავშვის ნასახიც აღარ იყო, იქაურობა ალბათ მხოლოდ მძარცველებითა და ნაირ-ნაირი მოხეტიალე იდიოტით იყო სავსე, ბავშვი ესტრადაზე იჯდა სანახევროდ გათოშილი, ბზარებს შორის მარმარილოს ბურთულას აგორებდა წინ და უკან…
– წმინდაო მაკერელ! – თქვა მისის სნელმა, – კი მაგრამ, ეს როგორ დაემართა? რატომ გაიქცა სახლიდან?
ბო ბომ ერთი ცალი მახინჯი კვამლის რგოლი პირდაპირ ჭიქისკენ გაუშვა, – ვიღაც ბავშვი მისულა მასთან შუადღისას პარკში, ყარხარო, უთქვამს, ალბათ ამიტომ გაიპარა, არც კი ვიცი, მისის სნელ, თავადაც ვერაფერი გამიგია.
– რამდენი ხანია, რაც ასე იქცევა? – იკითხა მისის სნელმა.
– ორწლინახევრიდან, – თქვა ბო ბომ, – ერთხელ გადაწყვიტა, სახლის პირსაბანის ნიჟარის ქვემოდან სამრეცხაოში ჩაპარულიყო, ნაომის, მის ახლო მეგობარს, უთქვამს, რომ თერმოსში მატლი ჰყავდა ჩასმული, ყოველ შემთხვევაში ამის მეტი ვერაფერი დავაცდენინეთ მაშინ. – ბო ბომ ამოიოხრა და ფანჯარას მოშორდა, სიგარეტს ფერფლის გრძელი ფენა დასდებოდა, ახალგაზრდა ქალი კარისკენ გაემართა, – ისევ უნდა გავიდე და დავხედო, – დაიბარა, ქალებს დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.
ქალებმა გაიცინეს.
– მილდრედ, – სიცილით მიმართა სანდრამ მისის სნელს, – თუ დროზე არ ადგები, ავტობუსი ნამდვილად გაგასწრებს.
ამასობაში ბო ბომ კარი გაიხურა, ზურგი შეაქცია დაბლა ჩამოსულ თვალისმომჭრელ გვიანი შუადღის მზეს და წინა გაზონის გადახუნებულ ზეტ ასოზე დადგა, მისგან ორასი იარდის მოშორებით ლაიონელი ჩამომჯდარიყო მამამისის კანჯოს ძელსკამზე, დაბმული ნავი, აფრებშემოძარცვული, ნავმისაბმელისგან მოშორებით, მარჯვენა მხარეს ტივტივებდა, მისგან ორმოცდაათიოდე ფუტის მოშორებით კი მიტოვებული თუ დაკარგული წყლის ამოყირავებული თხილამური ეგდო, თუმცა ტბაზე ახლომახლო არსად ჩანდა გასართობი ნავები; უკანა ხედზე მხოლოდ ლიჩის მხარეს გამავალი ჰორიზონტი მოჩანდა, ბო ბოს უჩვეულოდ გაუჭირდა ლაიონელი მყარად მოექცია თვალის ფოკუსში, არც მაინცდამაინც ცხელი მზე ისე თვალისმომჭრელად ანათებდა, რომ შორეულ სურათს საკმაოდ ამახინჯებდა, ბიჭისა და ნავის გამოსახულება ისევე ირხეოდა და გარდატყდებოდა ტბაზე, როგორც წყალში ჩაგდებული ჯოხი. ორიოდ წუთის შემდეგ ბო ბომ თვალი მოაშორა წინ გადაშლილ სურათს, ჯარისკაცულად მოისროლა სიგარეტი და ნავმისადგომისკენ გაემართა.
ოქტომბერი იდგა და ნავმისადგომის მორებიდან არეკლილი გავარვარებული ჰაერი თვალებში აღარ აჭყიტებდა, მიდიოდა და ,,კენტუკელი გოგონას” მელოდიას უსტვენდა გზადაგზა, როცა ნავმისადგომის კიდემდე მივიდა, ჩაცუცქდა და ქვემოდან გახედა ლაიონელს, ბიჭი ნიჩბის გაწვდენაზე იდგა დედისგან და მისკენ არც კი იყურებოდა.
– ჰეი, – გასძახა ბო ბომ, – მეგობარო, მეკობრევ, ბინძურო ძაღლო, დავბრუნდი!
ბიჭმა ისევ არ მოიხედა და სანაოსნო ოსტატობის ჩვენებას შეუდგა, გაუბედურებული კლივერი თავისკენ გადაქაჩა, შემდეგ კი ხელი უშვა და ადგილზე დააბრუნა, თვალს ნავის გემბანს არ აშორებდა.
– მე ვარ, – უთხრა ბო ბომ, – ვიცე ადმირალი ტანენბაუმი, ნი გლასი, მოვედი რომ სტერმაფორები შეგიმოწმო.
ამჯერად პასუხმა არ დააყოვნა:
– შენ არა ხარ ადმირალი, ქალი ხარ, – უთხრა ლაიონელმა, წინადადებებში ხშირად აკეთებდა პაუზებს და ამის გამო მის სიტყვებს ჟღერადობა კი არ ემატებოდა, თანდათან აკლდებოდა და ქრებოდა, ბო ბოს კი შვილის სიტყვები არ ესმოდა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით არჩევდა.
– ეგ ვიღამ გითხრა? ვინ თქვა, რომ მე ადმირალი არა ვარ?
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ გაურკვევლად.
– ვინ? – იკითხა ისევ ბო ბომ.
– მამამ.
ბო ბო ისევ ჩაცუცქული იდგა ნავმისადგომზე, მაგრამ ახლა ხელი დაატანა ფეხებს, იატაკს დაეყრდნო და სცადა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, – მამაშენი კარგი ჭაბუკია, – თქვა, – მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი ხმელეთის მოყვარულია ჩემს ნაცნობებს შორის, პორტში მართლაც რომ ქალი ვარ, ეს მართალია, მაგრამ ჩემი ნამდვილი საქმე ყოველთვის…
– შენ არა ხარ ადმირალი, – კვლავ გაუმეორა ლაიონელმა.
– უკაცრავად, რაო, რა თქვი?
– ადმირალი არ ხარ-მეთქი, უბრალოდ ქალი ხარ, ეგაა და ეგ.
ტბასთან ხანომოკლე დუმილმა დაისადგურა, რომელიც ცოტა ხანში ლაიონელმა კურსის შეცვლით დაარღვია და ორივე ხელით ჩააფრინდა კლივერს. ბიჭუნას ხაკისფერი შორტი და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, ძლივსღა აჩნდა მკერდზე სირაქლემა ჯერომის გამოსახულება, რომელიც ვიოლინოს უკრავდა, კარგა გვარიანად გარუჯულიყო, თმა კი ზუსტად ისეთი ფერისა და ხარისხის ჰქონდა, როგორიც დედას და ზედ მზის ციცქნა სხივი დასთამაშებდა.
– ბევრს ჰგონია, რომ ადმირალი არა ვარ, – წამოიწყო ისევ ბო ბომ, თან ვაჟს უყურებდა, – მხოლოდ იმიტომ, რომ ენა არ მაქვს წაგდებული და ყველას არ ვეუბნები. – ქალი ცდილობდა წონასწორობა არ დაერღვია, ისე ამოეღო სიგარეტი და ასანთი ჯიბიდან. – თითქმის არასოდეს ვაქცევ ხოლმე ჩემს ჩინს ხალხის გასარჩევ საგნად, განსაკუთრებით იმ პატარა ბიჭუნებთან ვიკავებ თავს, რომლებიც საუბრისას თვალებში არ მიყურებენ, ასე რომ არ მოვიქცე, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. – სიგარეტს აღარ მოუკიდა, უეცრად წამოდგა, წელში გასწორდა, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი მომრგვალებულ პირში ჩაიდო და ისე დასტვინა, ბუკის ხმა გეგონებოდათ. ლაიონელმა დაუყოვნებლივ მოიხედა, როგორც ჩანს, მართლა ბუკის ხმად ჩათვალა, მაგრამ მერე მიხვდა, რაც მოხდა და პირი დააღო გაოცებულმა. ბო ბომ ისევ დაუსტვინა, ამჯერად ,,მოსმენისა” და ,,წამოდგომის” ბრძანებების მოტივები გააერთიანა და სამჯერ სულმოუთქმელად გააჟღერა, მერე კი ცერემონიულად მიესალმა სანაპირო ზოლს, საბოლოოდ რომ მორჩა ყველაფერს, ჩაიცუცქა გემბანზე, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეს-ესაა შეთანხმება დაარღვია ან ისეთი რამ გააკეთა, რაც არ შეიძლებოდა, დიდი აუდიტორიისა და პატარა ბიჭებისთვის გაემჟღავნებინა და ამას ძალიან ნანობსო, მერე წამიერად თვალი გაუსწორა ტბის მომხიბლავ ჰორიზონტს, თითქოს მხოლოდ იმ წუთას გაახსენდა, ტბაზე მარტო რომ არ იყო, ჩუმად გახედა ლაიონელს, ბავშვს პირი ისევ ღია ჰქონდა, – ეს ჩვენი საიდუმლო სიგნალი იყო, რომელიც ბუკის ხმას წააგავს და მხოლოდ ადმირალებს აქვთ ნებართვა, ერთმანეთს გააგონონ, – ბო ბომ სიგარეტს მოუკიდა და ასანთს მიაბოლა წვრილი გრძელი კვამლის ნაკადი, – ერთი ვინმემ გამიგოს, სხვას რომ მოვასმენინე… – თავი გაიქნია დანანებით და კვლავ ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
– კიდევ დაუსტვინე.
– შეუძლებელია.
– რატომ?
ბო ბომ მხრები აიჩეჩა, – ძალიან ბევრი დაბალი რანგის ოფიცერია ახლომახლო,- ქალმა პოზიცია შეიცვალა, ახლა ფეხებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა ნავმისაბმელზე ინდიელივით და წინდები ზემოთ აიქაჩა, – გეტყვი, შენთვის რისი გაკეთება შემიძლია, – თქვა თავდაჯერებული ტონით, – ოღონდ ის მითხარი, რატომ გარბიხარ ხოლმე სახლიდან და ნებისმიერი საიდუმლო ბუკის მოტივს დავუსტვენ, კარგი?
ლაიონელმა ისევ გემბანს მიაპყრო მზერა, – არა, – თქვა მტკიცედ.
– რატომ არა?
– იმიტომ.
– რატომ იმიტომ?
– იმიტომ, რომ არ მინდა, – თქვა ლაიონელმა და მკვეთრი მოძრაობით ისევ კლივერს სტაცა ხელი.
ბო ბომ სახის მარჯვენა მხარე მზისგან მოიჩრდილა, – შენ ხომ მითხარი, აღარ გავიქცევიო, – უთხრა შვილს, – გახსოვს? შენს გაქცევებზე ვსაუბრობდით და შემპირდი, აღარ ვიზამო.
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ ხმა არ მივიდა ბო ბომდე.
– რაო? – გასძახა შვილს.
– მე არ შეგპირებივარ.
– არა, შემპირდი, ნამდვილად შემპირდი.
ლაიონელმა თვალი მოაშორა ნავს, – თუ ადმირალი ხარ, – იკითხა უცებ, – სადაა შენი ფლოტი?
– ჩემი ფლოტი? რა კარგია რომ მკითხე, – თქვა ბო ბომ და კანჯოში სცადა გადაძრომა.
– გადადი! – უბრძანა თავდახრილმა ლაიონელმა ოდნავ შერბილებული ტონით. – აქ არავის ვუშვებ.
– ვის არ უშვებ? – ბო ბოს ფეხი უკვე ნავს ეხებოდა, მაგრამ ჯერ ვერ ბედავდა მასში ჩასვლას, – არავისო რომ ამბობ, ყველას ეხება? – უკან დაიხია და ისევ ინდიელივით ჩაიცუცქა ნავმისადგომზე, – რატომ არ უშვებ?
ლაიონელმა უპასუხა, მაგრამ საკმაოდ ჩუმად და ბო ბომ ვერ გაიგონა.
– რაო?
– არ აქვთ ნავზე ამოსვლის უფლება.
ბო ბო თვალს არ აშორებდა ბიჭს, მაგრამ ხმას არ იღებდა, ასე იყო რამდენიმე წამი, – ძალიან ვწუხვარ, – თქვა ბოლოს, – არადა ძალიან მინდოდა ნავში ჩაჯდომა, თავს მარტოსულად ვგრძნობ, ძალიან მენატრები, მთელი დღე დავხეტიალებ სახლში და ხმის გამცემი არავინ მყავს.
ლაიონელი კლივერს აღარ შეხებია, მაგრამ ხელით მოსინჯა ხის ნაჭერი, – შეგიძლია სანდრას ელაპარაკო, – უთხრა დედას.
– სანდრა დაკავებულია, – თქვა ბო ბომ, – თანაც არ მინდა მასთან ლაპარაკი, მე შენთან საუბარი მსურს, მინდა, რომ ჩამომიშვა შენს ნავში და მანდ ვილაპარაკოთ.
– მაგ ადგილიდან მელაპარაკე.
– რაო?
– მანდედან მელაპარაკე-მეთქი.
– არ შემიძლია, აქედან საკმაოდ შორს დგახარ, ახლოს მინდა მოსვლა.
– აქ ჩამოსვლის ნებას არავის ვაძლევ.
– რაო?
– აქ ჩამოსვლის ნებას არავის ვაძლევ-მეთქი.
– კარგი, კარგი, ის მაინც მითხარი, კიდევ აპირებ სახლიდან გაქცევას? – ჰკითხა ბო ბომ, – ხომ შემპირდი, აღარ გავიქცევიო?
კანჯოს ფსკერზე წყლის სათვალე ეგდო ძელსკამთან ახლოს, დედის საპასუხოდ ლაიონელმა სათვალის რეზინის სამაგრები მარჯვენა ფეხის თითებში მოიქცია და სხარტი მოძრაობით გემბანიდან გადააგდო, ნივთი უმალ გაუჩინარდა წყალში.
– შესანიშნავია, დიდებულია! – თქვა ბო ბომ, – ეს სათვალეები ხომ ბიძაშენის, უებისაა, ო, როგორ გაიხარებს. – ქალმა ნაფაზი დაარტყა, – … ოდესღაც ბიძაშენ სეიმორს ეკუთვნოდა.
– აი დარდი!
– ჰო, ვხედავ, რომ არ გადარდებს, – უპასუხა დედამ და სიგარეტი თითებს შორის კუთხეში ისე ცუდად მოიქცია, კინაღამ დაიწვა, სიმხურვალე უცებ იგრძნო და ახრჩოლებული ღერი პირდაპირ ტბის ზედაპირისკენ მოისროლა, შემდეგ კი გვერდითა ჯიბიდან შეკვრა ამოიღო, რომელიც ზომით ბანქოს კოლოფს ჰგავდა, თეთრ ქაღალდში იყო გახვეული და მწვანე ლენტით შეკრული.
– ეს გასაღების ძეწკვია, – უთხრა ბიჭუნას და იგრძნო, რომ ბავშვი იმ წუთას მას უცქერდა, – ზუსტად ისეთია, როგორიც მამაშენს აქვს, მაგრამ ამაზე მეტი გასაღები ჰკიდია, დაახლოებით ათი ცალი.
ლაიონელი წინ გადაიხარა, აფრას თავი დაანება და დედას ხელი გაუწოდა, – გადმომიგდე, რა, გთხოვ!
– იჯექი, იჯექი, ჩემო მზის სხივო, ცოტა უნდა დავფიქრდე… ეს გასაღების ძეწკვი, მე მგონი, ჯობია ტბაში ჩავაგდო.
ლაიონელმა პირი დააღო გაოცებისგან და დედას მიაშტერდა, – ეს ხომ ჩემია, – თქვა შეცბუნებულმა.
– აი დარდი! – ბო ბომ ისევ ჩაიცუცქა და შვილს გახედა.
ლაიონელი ნელ-ნელა წავიდა თავისი ადგილისაკენ, თან თვალს არ აშორებდა დედას, სანამ კლივერის ქვეშ არ გაძვრა. მის თვალებში შესაბრალისი მზერა ირეკლებოდა, დედამისმა წინასწარ იცოდა, ასე რომ იქნებოდა.

- აჰა, აიღე. – ბო ბომ შეკვრა ესროლა ბიჭს და პირდაპირ კალთაში ჩუგდო.
ბიჭმა დახედა, გახსნა, ხელში აწონა და წკიპურტის გაკვრით პირდაპირ ტბაში მოისროლა, შემდეგ კი ბო ბოს გახედა, თვალებში ახლა უტიფარი მზერის ნაცვლად ცრემლები ედგა, ორიოდ წამში პირი ჰორიზონტალურად დახატულ რვიანს დაამსგავსა და ღრიალი მორთო.
ბო ბო ფრთხილად წამოდგა, თითქოს თეატრში ზეზეულად ჩაძინებულ მაყურებელს ჩაუარა გვერდითო და კანჯოში ფრთხილად ჩაძვრა, წამში ჩამოჯდა ძელსკამზე, ნავის პილოტი კალთაში ჩაისვა, დაარწია, ყელში აკოცა და ჩასჩურჩულა, – მეზღვაურები არასოდეს ტირიან, პატარავ… მეზღვაურები იშვიათად ტირიან, მხოლოდ მაშინ, როცა გემი იძირება, ან რიფს ეჯახება, ანდა დასალევი აღარ აქვთ ღია ზღვაში…
სანდრამ… მისის სმელს უთხრა, რომ მამა დიდი… სულელი… ურიააო.
ბო ბომ თითქოს კარგად ვერ გაიგონა, ბავშვი კალთიდან ჩამოსვა, წინ დაიყენა, შუბლიდან თმები გადაუწია და ჩაეკითხა, – მართლა ასე თქვა?
აქვითინებულმა ლაიონელმა თავი დაუქნია და მიუახლოვდა, წინ დაუდგა დედას.
– კარგი, კარგი, ეგ არაფერი, – უთხრა ბო ბომ და გულში ჩაიკრა შვილი, – ამაზე უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, – მერე ნაზად გაჰკრა წკიპურტი ყურის ბიბილოსთან ბიჭს და ჩაეკითხა, – იცი, ურია რას ნიშნავს, პატარავ?
ლაიონელს არ შეეძლო ან იქნებ არც უნდოდა იმ წუთშივე ეპასუხა, ყოველ შემთხვევაში ჩუმად იყო, სანამ ცრემლები არ შეიშრო და ქვითინისგან ატეხილმა სლოკინმა არ გაუარა, შემდეგ კი ყელთან ახლოს მიუტანა თავი დედას და უთხრა, – ჰო, ვიცი, ეს ის ნივთი არაა, ჰაერში რომ ააფრენენ ხოლმე? გრძელი თოკი აქვთ გამობმული და ხელში უჭირავთ.*
შვილისთვის უკეთ რომ შეეხედა, ბო ბომ ბიჭი წინ გასწია, შემდეგ ხელი ჩაავლო შარვალში და ამოჩაჩული პერანგი ჩაუტანია, – იცი რა ვქნათ? – უთხრა შვილს, – წავიდეთ ქალაქში, მწნილი და პური ვიყიდოთ, მანქანაშივე ვჭამოთ, მერე სადგურში წავიდეთ, მამას დავხვდეთ და შინ რომ დავბრუნდებით, კანჯოთი გავისეირნოთ, შენ აფრები გაშალე, კარგი?
– კარგი, – მიუგო ლაიონელმა.
დედა-შვილი კი არ წავიდა, გაიქცა სახლისაკენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში… საბოლოოდ ლაიონელმა გაიმარჯვა.

* აქ სიტყვათა თამაშია, ინგლისურ ენაში სიტყვები, ურია (კიკე) და ფრანი (კიტე) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება და ოთხი წლის ბავშვმა განსხვავება ვერ შეამჩნია.

თარგმანი ნათია ჩუბინიძის

??????