გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

შენთან გასაგზავნი წერილი 

შენ ჭიკჭიკებ ,,ავნანას“, ,,ვარდონანას“ ბწკარებს,
გარეთ ვაზი ყვავილობს და , –
მზე ხვარჩალებს გარეთ,
იმეორებ საქართველოს ისტორიის გვერდებს,
აბა გული სხვანაირად, როგორ უნდა ძგერდეს.
იმეორებ…
წინაპარი სისხლად რატომ ხარჯეს,
რა ზარები დაჰბღაოდა თავზე ტაო-კლარჯეთს…
რა ზავრები დაჰღმუოდა მესხეთსა და სამცხეს,
რა მირონით განათლულებს,
რა ტალახი წაგვცხეს.
ანდა ქართულ ყაბალახში რად მოგვკვეთეს თავი
სამ თვეს წითლად რად დიოდა მაჭახელას წყალი.
ფურცლავ ასე…
ღველფის ყლაპვით, ისტორიის გვერდებს,
აბა გული სხვანაირად, როგორ უნდა ძგერდეს.
ხედავ, –
ღადარს აჩაღებს და კეცს აყუდებს დედა,
დედის თვალში მშობლიური მთების ნაღველს ხედავ…
მაგრამ დახე,
ეს რა ხდება!
თავს იმართლებ რითი?
მამაშენი იკაზმება და მეჩეთში მიდის.

??????