ხე ექსკლიუზივი
დამტანჯველია ხედ ყოფნა, ალბათ,
როცა ვერ გამჩნევს შენ კაცის თვალი,
არავინ გკითხავს ერთხელაც ამბავს,
არვის შეხვდება წინ შენი კვალი.
შენთან მოდიან როცა სჭირდები,
ამბობენ, ეს ხე ვარგა ბურჯებად.
ვერ დაიკვნესებ, ვერ ატირდები,
სხვას გული როგორ ამოუჯდება.
მოვა გულგრილად, დაგცემს მიწაზე
და მიგატოვებს ბედის ამარა,
დიდხანს ხან ფესვებს, ხან ტანს გიწვავს მზე,_
რა გიჭირს, ბედმა თუ ეს გაკმარა . . .
დამტანჯველია ხედ ყოფნა, ვიცი,
გული მიტირის ხეზე ყურებით,
არ ვინანებდი ხედ გაზრდას, ვფიცავ,
თუკი ხალხს უკეთ ვემსახურები.