იაშვილი პაოლო
გაზიარება

ფერადი ბუშტები ექსკლიუზივი

   თბილისში ბევრი მათხოვარი საზიზღარია.

   ერთი მათხოვარი ქუდს ისე მიხდის, როგორც ძველი ნაცნობი, შემდეგ ქუჩაში    

   გამოგენთება, ჩაგაცივდება, იკლაკნება, როგორც ცხრაფეხა.

   ის ყოველთვის იღიმება, თუ კარგად ჩაცმული დაგინახა.

   ღარიბებს არც ქუდს უხდის, არც უღიმის. საღამოთი ჩაჯდება ალექსანდრეს ბაღის მოაჯირთან და ხარბად ითვლის ფულს.

მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაც ისე ჰგეშავს მათხოვრობაში, როგორც მონადირე - ძაღლს.

   კიდევ არის მათხოვარი, რომელიც დედას იგინება, თუ ფულს არ მისცემ. თუ ამ დროს მიუბრუნდები, მიხვალ, აჩუქებ, უცბად გაიცინებს, ბოდიშ მოიხდის და გეტყვის: „წამომცდაო“.

   ერთი ყოველთვის ტირის, საღამოთი კი მიდისმეეტლეების სამიკიტნოშივორონცოვის ხიდთან სათრობელად, სვამს ასურეთის მჟავე ღვინოს და ზედ ატანს გამხმარი დოშის კუდს, რომელსაც მისთვის იმეტებს ვაჭარი დიდზურაბოვი.

   მაგრამ თბილისში ბევრი გულისდამწყველი მათხოვარია.

   მე მყავს მათ შორის ნაცნობები.

   მათთან შეხვედრა მახარებს, როდესაც მთვრალი ვარ, მიყვარს მათთან საუბარი, თუ ფული არა მაქვს, ვსესხულობ და მათ ვაჩუქებ.

   ერთ საღამოს ბრმა ახალგაზრდა მათხოვარს, რომელიც, სამწუხაროდ, ორი წელიწადია აღარ ჩანს თბილისში, მე შევუგროვე ფული ამნაირად:

მოვიხადე ქუდი და ვიძახდი:

აჩუქეთ ხელმოკლე პოეტს კვარტი ღვინისთვის!“.

   მე მთელი ქალაქი მიცნობს - ბევრმა მაჩუქა.

   სულ მალე ათი კვარტი შევაგროვე. მათხოვარი სულ იცინოდა, ხელებს ისრესდა სიხარულით. მაგრამ, როდესაც ფული ჩავაბარე, შეფიქრიანდა, დაეჭვდა, ფული ეცოტავა და დარწმუნდა, რომ გამოვრჩი.

   შეგროვილი ფულიდან ნაწილი მართლა დავიტოვე ჩემი ერთი ამხანაგის ჭკუიანი რჩევით და წავედიჭაჭასთან“, „ჭაჭავაჭრობდა მხოლოდ ღამით, ჰგავდა ჯალათს, დუქანი გამართული ჰქონდა სარდაფში ჩასავალ კიბეზე და, როდესაც მუშტარი არ ჰყავდა, ჰკვებავდა თაგვებს ყველის და პურის ნამცეცებით.

   ამ უკანასკნელ დროს თბილისში გაჩნდა ერთი ბრმა, თიანეთიდან ჩამოსული. ის უკრავს ფანდურზე და იმღერის არსენას ლექსს -

       წუხელის სიზმარი ვნახე,

       ინით ვიღებდი წვერსა.

   სოფლიდან ჩამოსული გლეხები უსმენენ მას და იცრემლებიან, როგორც არსენას დასაფლავებაზე.

   ყველაზე ორიგინალური თბილისის მათხოვრებში უსათუოდ ჩვენიკაპიტანია“. ექვსი წელიწადია, მას აცვია ერთი და იგივე ოფიცრის საზამთრო შინელი.   

   გარეგნობით ჰგავს ნიკოლოზ მეორეს, ლაპარაკობს ლექსებზე, სპორტზე და, თუ მოიწვიე კაფეში სავახშმოდ, მოითხოვს მაინცდამაინც ძვირ საჭმელს, ღვინოს მხოლოდ ერთ ჭიქას დალევს, ნაკლულ ბოთლს ჩაიდგამს მწვანე ტოპრაკში და თავაზიანად იტყვის: „ხვალ შეიძლება თქვენ ვერ გნახოთო - ეს ღვინო სადილად მეყოფა“.

   კაპიტანის ოცნება ახალი ჩექმების ყიდვა და ჰემრიელად ჭამა არის.

   მაგრამ მან იცის თავისი ფასი და სამზარეულოში არ შევა მზარეულის სამოწყალოდ.

   მას უყვარს სუფრა სუფთად გაშლილი, ხელსახოცის გულზე აფარება და საუზმის წინ არაყის დალევა.

   კაპიტანი განსაკუთრებული სიყვარულით მაფასებს მე და ჩემს ამხანაგებს. როდესაც მიადგება რომელიმე რესტორანს, ფრთხილად შეაღებს კარებს, გაიწმენდს სათვალეს, გადაათვალიერებს ხალხს და იკითხავს:

   - ერთი ეს მიბრძანეთ, ქართველი პოეტები ხომ არ არიან აქ? - და თუ უარს მიიღებს, მაშინ კერძოდ ჩემს გვარს დაასახელებს.

   თუ რესტორანის პატრონი ვახშმს არ მისცემს - კაპიტანი ჩამოივლის სუფრებს და თავაზიანად შეეკითხება სტუმრებს: „შეიძლება თქვენი ნებართვით მოვითხოვო პრეისკურანტი?“ კაპიტანს ხშირად აძლევენ ამის ნებას და ხანდახან მხიარული მოქეიფენი რესტორანის დაკეტვის შემდეგ ჩაისვამენ მას ეტლში... ამ შემთხვევაში კაპიტანი ყოველთვის კითხულობს: - „რა ამბავია, ქალებისაკენ?..“ სანამდის ეტლში მოეწყობოდეს, კაპიტანი ეუბნება მეეტლეს: „მე შეიძლება ღვინო მომეკიდოს, გთხოვთ, ჩაიბაროთ ჩემი ტოპრაკი და უსათუოდ გამახსენეთ მისი წაღება“. კაპიტანს ტოპრაკი არ ავიწყდება, რადგან იქ, როგორც თვითონ ამბობს, სანოვაგის მარაგის გარდა, ინახება მისი პირადობის მოწმობაც.

   კაპიტანს უყვარს ქალებზე ლაპარაკი, მაგრამ ყოველთვის უმატებს: „მე ჩემს ცოლს ვერ ვუღალატებ“, თუმცა მისი ცოლი, უკვე ორი წელიწადია, წავიდა ბაქოში ერთ ნაცნობთან და წერილსაც არ იწერება.

   რევოლუცია კაპიტანს მოსწონს, მაგრამ მაინც მოიგონებს დიდ მთავარს კონსტანტინეს ძეს: - კორპუსში ყოფნის დროს მას თავისი ლექსების კრებული აჩუქა.

   კაპიტანის ბინა თითქმის არავინ იცის მეზობლებს გარდა. ალბათ ის ყოველთვის ემდურის მეზობლებს, რადგანაც კაპიტანს კუდიანი დაარქვეს.

  ერთხელ კაპიტანი შემეკითხა: „არსებობენ თუ არა კუდიანები?“ მე, რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ როგორც განათლებულსა და სწავლულ კაცს, არ მჯერა კუდიანების არსებობა... „კიდოანები რომ არსებობდენ, მე ეს ვიცი,  - დაჯერებით მიპასუხა კაპიტანმა, - მაგრამ შეიძლება თუ არა, მე არ ვიცოდე, არ ვგრძნობდე და ისე ვიყო კუდიანიო“.

   თბილისის მათხოვრებს კაპიტანი არ უყვართ და მას დიდკაცს ეძახიან.

   საზოგადოდ, თბილისის მათხოვრებმა დაჰკარგეს ერთმანეთში თვისება. ძვირად შეხვდებით ჩვენს ქუჩებში ორ მათხოვარს ერთმეორესთან მოლაპარაკეს, ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთს ემუშტრებიან ქუჩებში, „გეზიანადგილებს ისევე ირჩევენ, როგორც ვაჭრები დუქნებს და დარაბებს.

   ყველაზე შემოსავლიანი იყო სასაფლაოსყელი“. მაგრამ ეს ადგილი მათხოვრებს რჩებათ მემკვიდრეობით. ხანდახან ხდებაგამოყიდვაც“. ზოგი შემოსავლიან ადგილზესართსართმევს მეორეს/

 

                                                ორი სიტყვა პარიზის მათხოვრებზე

 

   პარიზის მათხოვრები ბევრად მაღლა დგანან თბილისის მათხოვრებზე შეგნებით. ისინი შეკავშირებული არიან: მათ საერთო ჭერი სენის ხიდებია.

   პარიზში მათხოვარს ოთახი იშვიათად აქვს. მისი ბინა არის კათედრალების - ნოტრ დამის, სანსუპლისის - გალავნები, ღამე სძინავთ სენის ხიდებს ქვეშ.

   დღისით მათხოვრები აგროვებენ პაპიროსის ნამწვავებს. ქუჩაში დაფანტულ ქაღალდებს, ძონძებს.

   ქუჩებში აკრძალულია - მათხოვრობენ ეზოებში.

   ზოგი ატყუებს ქუჩის აჟანს, დაიჭერს ერთ ძველ გაზეთს - „ლა პატრის“, თითქოს გამყიდველია, და მხოლოდ საიმედო გამვლელს გაუმჟღავნებს თავის საიდუმლოებას.

   საღამოს სენის ნაპირები სავსეა მათხოვრებით.

   სენა მწვანედ არის ამღვრეული, როგორც აბსენტი, წყლის ზედაპირი ელვარებს ქონით, მაზუთით, თეთრი გედებივით მიჰჰქიან პატარა გემები და ნავები.

   სენის ხიდებქვეშ დიდი ხმაურობაა, ზოგი მათხოვარი მშიერია, ადრე დაიძინებს, უმეტესობა კამათობს ომზე, რევოლუციაზე, ჟორესის მკვლელობაზე.

   ყველაზე ცნობილი მათ შორის არის გასტონ დელაროშ, რომელსაც მეჰობრებმაფალიერიდაარქვესჰგავს ყოფილ პრეზიდენტს.

   როდესაც ის დაინახავს უცხო სტუმარს, ხიდის ქვეშ ჩამოსულს, მივა და ეტყვის:

   - თქვენ ალბათ ნორვეგიიდან ჩამოსული ტურისტი ხართ, ან ესპანელი მომღერალი, გაინტერესებთ პარიზი და ჩვენი ცხოვრება, მე გახლავართ გასტონ დელაროშ, კეთილშობილი მათხოვარი, მცხოვრები სენის ნაპირას, დეპუტატ ჟორესის მეგობარი და მისი ამომრჩეველი.

   ამის შემდეგ ის დაგიმტკიცებთ, თუ რა ადვილია უეცრად გამათხოვრება. შემდეგ ამაყად იტყვის: ამაღამ სიცივე იქნება, გათენებისას აქ ყოველთვის ძალიან ცივა. მე თქვენი ფული არ მინდა, გაიარეთ აქედან კაფეპასკალშიდა დაუკვეთეთ ჩემთვის ორი ჭიქა პუნში, ხვალ დილით მივალ და თქვენს სადღეგრძელოს დავლევ.

   ფალიერი ყველაზე ბევრს კამათობს.

   ყოველდღე კითხულობს ლუმანიტეს, იცის პოლიტიკა, ეჯავრება როიალისტები და წინააღმდეგია ბერლინის უკუპაციის, კონკორდიის მოედანზე აღტაცებით უხდის ქუდს ელზასისა და ლორენის ძეგლებს და ზიზღით იხსენებს ბისმარკს, რომელმაცრკინის ყუთში ჩაჰკეტა ელზასისა და ლორენის აყვავებული ბაღები“. ის მეთაურობს კავშირსსენის მათხოვრებისასდა სასტიკად სდევნის ქურდებს მათხოვართ შორის.

   როდესაც ცივი ზამთარია, ბევრი მათხოვარი კვდება სენის ხიდებქვეშ.

   ავადმყოფები სიცივეს და შიმშილს ვერ უძლებენ, ღამე ადგება ავადმყოფი, გადაიძრობს გაზეთს, რომელიც მას საბნად ახურავს, მივა მდინარის პირას და წყალში გადავარდება. ამას ბევრი ხედავს, მაგრამ ადგილიდან ირავინ დაიძვრის. ავადმყოფი მათხოვარი გადავარდება წყალში და რადგან მას არავინ შველის, იხრჩობა.

   ერთ ღამეს მე, ილია ერენბურგი და გიიომ აპოლინერი ვეწვიეთ მათხოვრების ბანაკს ალექსანდრე მესამის ხიდის ქვეშ.

   მაშინ ომი დაწყებული იყო და ბანაკი ნამდვილ პარლამენტს ჰგავდა. იყო კამათი და თავმჯდომარეც იყო.

   ერთი მათხოვარი, ყოფილი კონსიერჟი ქიმიური ლაბორატორიისა. უხსნიდა დანარჩენებსმახრჩობელა გაზების მნიშვნელობას“. გაზების გამოგონება ყველას აბრაზებდა, რადგან ის ხელს შეუწყობდა მათხოვრების გავრცელებას საფრანგეთში.

   ღამის ორი საათი იყო, კამათი არ თავდებოდა.

   ყველას შიოდა.

   ათი მათხოვარი მე, აპოლინერმა და ერენბურგმა წამოვიყვანეთ კაფეალა როტონდაშისავახშმოდ. „როტონდაჩვენი მეგობრებით იყო სავსე და მათხოვრების დანახვამ აღტაცება გამოიწვია.

   მსხვილი რიბეირა, ესპანელი მხატვარი, ნახევრად ტიტველი იყო. რადგან სიცხე აწუხებდა, მან სათითაოდ დაჰკოცნა ჩვენი სტუმრები, მივიდა ცნობილი მხატვრების ერთ მეცენატთან, რომელიც დადიოდაროტონდაშიდა ცდილობდა ხელში ჩაეგდო ზანგის ქალი ჯელიკა, ლამაზი და თევზივით მოქნილი, რიბეირა მოვიდა მეცენატთან, მაგრად დაჰკრა ჯოხი კატელოკზე და უბრძანა ვახშმის გაწყობა. მეცენატს ეტკინა თავი, მაგრამ გაიცინა და ვახშამი გაამართვინა.

   მათხოვრები, პოეტები და მხატვრები მეცენატის სტუმრები ვიყავით. დიასახლისებად ავირჩიეთ ჯელიკა და მარევნა, მხატვარი ქალი, პარიზში თბილისიდან ჩამოსული.

   პირველად რიბეირამ ადღეგრძელა მეცენატი და უკანასკნელის ხარჯზე უბრძანა კაფეს პატრონს ხუთ-ხუთი ფრანკი გადაეცა თითო მათხოვრისთვის.

   ბრძანება შესრულდა.

   მეცენატს ეწყინა, მაგრამ ხელზე აკოცა ჯელიკას.

   შემდეგ კელიკამ თქვა: „ამხანაგები, ჩვენ გვეწვივნენ  „სენის მოქალაქენი:. ასეთი სურათი ჯერ ჩვენს როტონდას არ ახსოვს, ჩვენ შორის დღეს არ არის ის, ვინც გაოცდება ამ სურათით - მისცემს მას უკვდავებას. ჩემი წინადადებაა, გაეგზავნოს ავტომობილი პაბლო პიკასოს და ვთხოვოთ მას აქ მოსვლა“.

   აპოლინერმა ჯელიკას ტუჩებში აკოცა, მაგრამ ავტომობილი ცარიელი დაბრუნდა: წინა დღით პიკასო ფრონტზე წასულიყო.

   როდესაც მათხოვარ ელიმ ადერი ადგა სიტყვის სათქმელად, როტონდის მოხუებული და კეთილი გარსონი ლუი მივიდა მასთან, ატირდა და თქვა:

   - ბატონო ემილ, ნუთუ ვერ მიცანით, მე ვარ ლუი გარსონი კაფერიშიდან“. ბევრი ლუიდორი მახსოვს თქვენგან ნაჩუქარი. დიდი ხანია, გავიგე თქვენი დაცემა, გაღარიბება, მე უცოლო ვარ და კარგი ოთახი მაქვს. გადმობრძანდით ჩემთან ბინაზე.. და ახლა კი, ბატონებო, ნება მიბოძეთ,  - მოიწმინდა ცრემლები ლუიმ, - ბატონ ემის ადერის პატივსაცემად მოგართვათ ექვსი ბოთლი ბურგუნდიისა.

   ემილ ადერმა სიტყვა ვერარ თქვა, ენა დაება, ჩაეკრა მოხუცებულ, კეთილ ლუისს და ორივენი წავიდნენ მეორე ოთახში წარსულის დასატირებლად.

   ამ სურათის დანახვაზე ახალგაზრდა პოეტმა ალბერტ ჟანმა ლექსი დაწერა და გადასცა ერენბურგს რუსულად სათარგმნელად.

   როდესაც გათენდა, მე გამოვეთხოვე პარიზელ მეგობრებს და იმ დღესვე წამოვედი საქართველოში.

   როტონდის უკანასკნელი ღამე დღემდე არ დამვიწყებია, მახსოვდნენ სენის მათხოვრები.

   დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც შევხვდი ერთ რუს მათხოვარს, ლეონტი კაჩერგას, სოლოლაკში. მან მომაგონა როტონდის უკანასკნელი ღამე და სენის ხიდები.

 

                         როგორ ცხოვრობს მათხოვარი ლეონტი კაჩერგა

 

   ლეონტი კაჩერგა მაღალი და მოღუნულია. მისი დიდი ცხვირი ჰგავს მსხვილი, მწიფე ხენდროს, თმა აქვს ჭაღარა, როგორც გაურეცხელი თეთრი მატყლი, ტუჩებთან თმა ისეა გაყვითლებული თამბაქოს ბოლით, როგორც ოქრო.

   ლეონტი კაჩერგას სახე მდამ შეშინებულია, თვალებიდან ყოველთვის წყალი მოდის, ქუჩაში ფულს არავის სთხოვს. თუმცა დგას ქუჩაში სამათხოვროდ. მისი კისერი რბილი და ჩაჟანგებულია, როგორც ხეზე ამოსული აბედის სოკო.

   აცვია ძველი მაზარა, იღლიებქვეშ გამომწვარი და გამოხეული.

   ის ყოველთის დგას - არ დაკდება.

   მას ქუჩის ბავშვები არ აწუხებენ  - პატივსაც სცემენ.

   მას არ აქვს ტოპრაკი ხმელი პურის შესანახად. ფულს ის ძველ, რუხ ქუდში ინახავს და ხანდახან ქუდი გაბერილია ბონებით.

   ლეონტი კაჩერგა დგას უსიტყვოდ, ყოველთვის ჩაფიქრებული, სიცხიან დღეში ჩაფიქრება მის სახეზე ტანჯვად იქცევა და ის ქუჩაში მოჩანს, როგორც ჯვარზე გაკრული.

   ცხოვრობს მუხრანის ხიდის ყურთან, მის ეზოში რეცხავენ ტყავებს და ზაფხულში იქ შმორის სუნია.

   ეზო მტკვარზე გადადის.

   ოთახი აქვს ქვემო სართულში, ოთახის წინ პატარა აივანია უდერეფნოდ. იქ დგას ძველი დანგრეული ტახტი, რომელზედაც მას უხდება ძილი.

   შინ პატარა ორი წლის ბავშვით ცხოვრობს მისი 19 წლის ქალი კლარა, რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწევა.

   ოთახში ელექტრონის სინათლეა, სუფთად არის მორთული, იქ ყოველთისმარწყვის საპონისსურნელებაა, კედელზე ჰკიდია ემელიან პუგაჩოვის სურათი, სარათის ქვეშ ფიცრის სკამზე დგას ლურჯი ემალის ტაშტი.
  
ფანჯრის თაროზე ამრავი შუშაა.

   ლოგინთან კედელზე გაკრულია გაშლილი, ფერადი ქაღალდის მარაო, მარაოს გარშემო კი სურათებია ლინა კავალიერის, სობინოვის, მოჭიდავე პეტლერძინსკის და ვიღაც უნტერ-ოფიცრის, რომელიც ცხენს მიაჭენებს და ხელში აქვს შიშველი ხმალი, ერთ კუთხეში ფიცრის სკამზე გამართულია ლოგინი პატარა ბავშვისთვის.

 

                                          ლეონტი კაჩერგა - მამა

 

   დიით კაჩერგა ზის ოთახის წინ.

   იფხანს დაჟანგებულ და აბედივით დაჩვარულ კისერს და ეალერსება მუხლებზე დამჯდარ შვილიშვილს.

   უნდა გააცინოს ბავშვი და ლაფშებს აღებს ბაყაყივით. ბავშვს შია. დასუსტებულია და კნავის, როგორც ტურა.

   ბავშვი რომ დაამშვიდოს, პირში ჩაუდებს ბინძურ, დაუბანელ ნეკს სალოკავად, ერთი წუთით დამშვიდდება პატარა, მაგრამ უცებ სახე დაემანჭება, თითქოს ძმარი დალია.

   კაჩერგას ნეკი არ არის გემრიელი.

   ბავშვს მოსწყინდდება ტირილი, შიმშილი და ჩაისველებს კაჩერგას მუხლებზე, მათხოვარი იგრიხება, როგორც გველგადაყლაპუი. ჰაერში არწევს ბავშვს, რომლის პატარა და გამხდარ მუხლებზე ცხელი შარდი მოკრიალობს, როგორც მდუღარე ცრემლები.

   აულაგებელ ყავისფერ ლოგინზე დაასვენებს კაჩერგა ბავშვს, მზეზე გაიშრობს დასველებულ შარვლის ტოტებს, მივა კარებთან და როგორც შეშინებული, ხრინწიანი ხმით დაიძახებს:

   - კლარა, ბავშვს შია!

   შემდეგ ჩამოჯდება ლოგინზე, ზურგს მიუბრუნებს ოთახის კარებს, საიდანაც გამოდის მორიგი სტუმარი.

   კლარას სტუმრისა ყოველთვის რცხვენია უბედურ მამას.

   შეიყვანს, თითქოს შეასვენებს ბავშვს დედასთან.

   ოთახში სიმჟავის სუნია.

   ელექტრონს დააქრობს, გააღებს ფანჯარას და უსიტყვოდ გამოვა ოთახიდან, მიდის სოლოლაკში და დგება ქუჩაში, როგორც ჯვარზე გაკრული.

   იმ ქუჩაზე, სადაც კაჩერგა დგას, მე მიხდება ჩავლა ყოველ დღე.

   ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ჩამევლოს კაჩერგასთან და მისთვის არაფერი დამეტოვებინოს.

   შორიდან მოიხდის ქუდს, სახე უწითლდება, თითქოს რამე დააშავა, ფულს ფრთხილად მართმევს; ასეთის სიფრთხილით ანთებდნენ სანთელს ხატის წინაშე, უნდა რაღაც თქვას, მაგრამ ხმა უწყდება.

   ერთ დღეს შორიდან შევამჩნიე, რომ კაჩერგა სხვანაირ გუნებაზე იყო.

   ქუჩის ბავშვებს ეთამაშებოდა, იცინოდა, ამბობდა ყრუ რაღაც სიტყვას, მე მომაშურა და მითხრა:

   - დღეს ნუ მაჩუქებთ, დალეული ვარ, არაყი დავლიე ბევრი, მერე ჩვენმა მედუქნემ ბალი მომცა და ოთხი ირისი, ირისი და ბალი ამ ბავშვეს დავურიგე. მე დალეული ვარ, თქვენთან მინდოდა ლაპარაკი, აღარც არაყი მინდა, არც ღვინო, მინდა სადმე თქვენთან ლაპარაკი. მე ვიცი თქვენი დაწესებულება, იქ შესავალ კარებთან ბევრი დახატული მხეცია, თქვენი მეეზოვეც მიცნობს, მაჩუქეთ ნახევარი საათი.

   კაჩერგას თვალები ელავდნენ ისეთი სიგიჟით, თითქოს მისჩერებოდა ცეცხლს, რომელიც მის საკუთარ სახლს ან ქონებას წაეკიდა.

   მეც მინდოდა მასთან საუბარი და წავედითხელოვანთა სასახლეში“, სადაც სპარსულ ოთახში მოვისმინე

 

                                                  კაჩერგას მონოლოგი

 

   - მე მაქვს პროგრესული დამბლა, წინათ ვმსახურობდი ბანკში ფულის დამთვლელად, ახლა ფულის თვლა აღარ შემიძლია - თითებმა დაკარგეს გრძნობიერება, ცოლი გამიქრა ოცდაოთხს საათში, ექიმებმა ვერ უშველეს, დამრჩა კლარა - ჩემი ერთადერთი შვილი. სამი წლის წინათ ის, სულ ბავშვი, მომტაცა ლოთმა დალაქმა, რომელიც არაყს ისე სვამდა, როგორც ჩაის. ის სცემდა ჩემს კლარას, არ აცმევდა, არაყს აძალებდა, ათახსირებდა.

   წელიწადზე მეტი ჰყავდა ჩემი ბავშვი, მერე გული გაუსკდა, მოკვდა და კლარა ორსულად დამიტოვა. ვერ მოვუარე ბავშვს.

   ლამაზი იყო.

   ორსულობაშივე გადაჰყვა ხელს.

   მეხორცეები ესეოდნენ ჩემს ბინას, როგორც სასაკლაოს.

   ერთ ყასაბს ვცემე, ჯოხი დავკარი სქელ მუცელზე, ისე მაგრად დავკარი, რომ ნაწლავების ანთება დაემართა.

   ყველას ვეჩხუბებოდი, მაგრომ მოხუცი ვარ და სუსტი.

   ჯერ მერიდებოდნენ, მერე ნახეს ჩემი უძლურობა. დამცინოდნენ, მახელებდნენ. კლარამ ჩხუბი დამიწყო, შენ მე ვერ მაცხოვრებო, გამიტყდა ხასიათი.

   დავიწყე მათხოვრობა.

   ქუჩაში კარას მამას მეძახდნენ.

   კლარამ ოთახი მოაწყო, ელექტრონით გაანათა.

   ბავშვი ეყოლა. ჯერ ერთი ჰყავდა საყვარელი, მერე მეორე. შემდეგ ყველა მისი საყვარელი იყო.

   ერთი ოთახი გვაქვს, მე შვილმა ვერ გამაგდო, უყვარს მაინც მამა. ბავშვს არავის ანდობს ჩემს გარდა.

   როცა ღამე სტუმარი ჰყავს კლარას, მე დერეფანში ვწევარ, ვერ ვიძინებს, არ მძინავს. შვილი მაწუხებს. ჩემს ლოგინთან ოთახის ფანჯარაა.

   ღამე კლარასთან სტუმრები მოდიან.

   ვინ არიან სტუმრები, რა სჯულის, რა ხელობის?

   ხშირად მესმის შვილის სიცილი, მაგრამ ის სიცილი ტყუილია, ის სიცილი კლარას მოგონილია.

   ერთხელ კლარა წავიდა, ჩემს ლოგინთან რომ ფანჯარაა, იქ შუშა ჩავტეხე ქვედა კუთხიდან შევიხედე, მთელი ოთახი დავინახე, მაწუხებდა შვილი.

   ერთ დღეს დალაქი მოვიდა, შავი, როგორც ნაგაზი, ზემო ტუჩი გახეთქილი ქონდა. ის ამხანაგი იყო კლარას ქმრის.

   ატირებდა ჩემს შვილს.

   მე ყველაფერს ვხედავდი. სასთუმალთან ნაჯახი მქონდა, ავიღე... მაგრამ ხელიდან გამივარდა.

   კაცის მოკვლა აღარ შემიძლია. კაცის მოკვლას ძალა უნდა, ნაგაზი გამოვარდა ოთახიდან... კლარას ხმა არ მესმოდა.

   შევედი შვილთან.

   გულწასული ეგდო, მეორე კუთხეში ბავშვი კნაოდა.

   დავუჩოქე ლოგინთან და შევევედრე: „შვილო, იღუპები, ახალგაზრდა ხარ, თავს უშველე, დედა ხარ, ბავშვზე იფიქრე, მამა შიცოდე“, - კარგი, კარგი, მამა! - მითხრა კლარამ. ბავშვს გადახედა და დაიტანჯა, მე დავინახე, რომ დაიტანჯა.

   ის დღე ჩემთვის ბედნიერი იყო.

   საღამოს კლარამ დამიძახა ოთახში, ბავშვი თეთრად გამოაწყო, ფეხის გულებს უკოცნიდა.

   - მამა, მე ვიმსახურებ. ბავშვზე ვიფიქრებ. ყოველდღე წავიყვან ბაღში. ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მითხრა, მალე ალექსანდრეს ბაღში ისევ ძველებურად გაყიდიან ფერად ბუშტებს, წითელს, მწვანეს და ცისფერს; ფერად ბუშტებს, მე რომ მიყვარდა ბავშვობაში. ყოველ კვირას ბუყიდი ჩემს ბავშვს ფერად ბუშტებს. ლოგინს გავუწყობ, მივუბამ ლოგინტან, დილით გაეღვიძება და გაუხარდება.

   მე ცახახი დავიწყე სიხარულით.

   ერთი ახალი ხალათი მქონდა შენახული, ის ჩავიცვი, გავიკრიჭე და გავიპარსე. მაშინ მე მუხრანის ხიდთან ვმათხოვრობდი.

   მეორე დღით ვერავინ მიცნო.

   ერთი მეგობარი მყავდა, საპნის ქარხანა ჰქონდა ავლაბარში. ის ხშირად მძლევდა ფულს, ხანდახან იმდენს რომ სამი დღე მყოფნიდა.

   იმ დილით რომ ჩამომიარა, გავაჩერე. მან იცოდა ჩემი უბედურება, ვუამბე ჩემი სიხარული, არ გავუშვი, ვთხოვე ჩემთან წამოსვლა. შვილი გავაცანი, შვილიშვილს შუბლზე აკოცა. დაჯდა, კლარას დარიგება დაუწყო. აქებდა, მოეწონა, სამსახური თვითონ დაპირდა, ჩვენ მოვლას გვპირდებოდა. სტუმარს ხელზე ვაკოცე, ეს იყო პირველი დღე ჩემი ნამდვილი ბედნიერებისა.

   გავიდა ორი დღე.

   სიმშვიდე და ნათელი დაბინავდა ჩვენს ოჯახში, მე გული ამიცრუვდა მათხოვრობაზე. ერთ საღამოს დამპატიჟეს ჩემმა ძველმა ამხანაგებმა, სახალხო ბანკის ფულის მთვლელებმა.

   ყველას უხაროდა ჩემი გამოკეტება.

   ღვინოც ცოტა დავლიე, მაგრამ ამანთო და სახლში დავბრუნდი.

   უკვე ჭიშკრიდან ფეხაკრეფით წამოვედი ოთახისკენ.

   მეშინოდა სიმშვიდის დარღვევის, ძილი და სიჩუმე საჭირო იყო კლარასთვის. ოთახს მივუახლოვდი.

   ელექტრონის სინათლემ გამაკვირვა.

   შიშით მივედი ლოგინთან.

   ოთახიდან ლაპარაკი მომესმა. შევიხედე შუშის ამოტეხილ კუთხეში და სადღაც, სიღრმიდან გავიგონე კვნესა.

   კარას, ისევ როგორც ყასაბი, დალაქი, მიკიტანი, ჰკცნიდა ჩემი ძველი ნაცნობი, საპნის ქარხნის პატრონი.

   ის მპირდებოდა გამთელებას, მან არესად გაანადგურა ჩემი, სხეული, პატარა ოჯახი, ცხოვრება.

   ლეშივით დავეგდე ლოგინზე.

   იმ ღამეს ღრმად დამეძინა. აღარ მაწუხებდა შვილის ბედი, სიცოცხლე, მომავალი.

   ვიგრძენი დასასრული ჩემი ოცნების.

   გამოირკვა ყველაფერი.

   გათავდა.

   მეორე დილით შევხედე კლარას.

   მის სახეზე იყო ცბიერება, მწუხარებაც, მაგრამ ყველაზე უფრო მე დავინახე მის თვალებში სულის სამუდამო სიკვდილი.

   არაფერი შველოდა კლარას.

   რამდენჯერმე დაიჭირეს, მე ვიხრჩობოდი, არავინ შველოდა ბავშვს.

   ყველა მამა მეცოდება. ერთი მათხოვარი, ჩემი მეგობარი, ქართველია. რვა წლის ქალი ჰყავს, გიჟდება კარას მაგალითით.

   მისი შვილი მიიბარეს კამოს სასწავლებელში. ყოველდღე აწუხებს სკოლის უფროსს ჩემი ამხანაგი: „ბავშვი არ გამიფუჭდეს კლარასავით. თვალები არ აემღვრეს, კარგად მოუარეთ, მეტი არაფერი გამაჩნია!“

   ბატონო მწერალო, მე თუ წავიდე ამქვეყნიდან, მიხედეთ ამ მათხოვარს, ურჩიეთ, საცოდავია.

   გატავდა კაჩერგას მონოლოგი.

   მე თითქოს თეატრში ვიყავი და ვხედავდი საშინელ წარმოდგენას.

   ოთახში რაღაც სიბნელე ჩამოდგა.

   ლეონტი კაჩერგა სიკვდილის პირად ამბობდა თავის ნაღველით დამწუხრებულ სიტყვებს.

 

                                         პატარა ამბავის დასასრული

 

   კლარას პატარა ბავშვს მენინგიტი დაემართა.

   ავადმყოფობამ შესცვალა დედა.

   აღსდგა მკვდარი სული.

   ეჩხუბებოდა მთვრალ სტუმრებს, ოთახში აღარავის უშვებდა.

   ბავშვს სიცხე ადნობდა.

   ორი დღე ლოგინში უფონოდ იდო.

   კვნესოდა და ძიგძიგებდა, როგორც ყვავის ბახალა.

   პატარა ტუჩები გაებერა, თითქოს პატარა ტუჩები უნდა გამსკდარიყვნენ.

   ცხვირი გაყვითლდა და იყო მოელვარე, როგორც ქარვა.

   მთელი სახე გაუშრა სიცხისგან.

   თვალებს ვერ ახელდა, ხანდახან გაიხსნებოდნენ შეკრული წამწამები და გამოჩნდებოდა თეთრი სინათლე, რაღაც მაგარი თეთრი სინათლე. როდესაც ბავშვს თმა გაკრიჭეს, სახემ დაჰკარგა სილამაზე, სახე სულ შეწუხებული ჰქონდა.

   წარბები ხანდახან შეინძრეოდნენ.

   მარჯვენა წარბის კამარა ცხვირს სათავესთან ცოტათი შეყვითლებოდა და მაშინ ყველა გრძნობდა, რომ მწუხარე ბავშვი შველას ითხოვდა.

   ყოველ წუთს იცლებოდა შუბლზე ცივი ტილო.

   კლარას შენახული ქონდა ორი ოქრო. დაახურდავა, ბავშვს არაფერს აკლებდა, ექიმს ტირილით ევედრებოდა, გასამრჯდელოს გადახდას ჰპირდებოდა..

   საღამოს ბავშვს სიცხემ უმატა.

   შუაღამისას კლარას კარებს ერთი საყვარელი მიადგა ამხანაგებით. კარები ძალით შეანგრია. კლარა კივილით მივარდა კარებს, სახეში ეცა საყვარელს, ჩამოპოტნა. მაგრამ მოსულები მთვრალები იყვნენ. შევარდნენ ოთახში გონდაკარგულები. დედა მივარდა ბავშვის ლოგინს ღრიალით: „მიშველე, მამა, ბავშვს მოკიდე ხელი!“

   მამამ ცაიკრა ბავშვი, კარებში გამოვარდა ქუჩა აავსო ყვირილით, მთვრალები გაიქცნენ.

   კლარა იატაკზე ეგდო გულწასული.

   ლეონტი კაჩერგას მიკრული ჰყავდა მკერდთან სახედატანჯული, გაციებული მკვდარი ბავშვი..

   ცხედარი ბაიშზე დაასვენა, შვილი მოაბრუნდა, ლოგინზე მიაწვინა.

   ბალიშიდან აიღო შვილიშვილის გაციებული და გამხდარი ცხედარი, მუნჯივით ატირდა და მიუტანა დედას ბავშვი.

   არაფერი თქვა, არც საყვედური, არც მწუხარება.

   დედაც არ კიოდა, ბავშვს თვალები დაუკოცნა.

   „მამა! მალე ალექსანდრეს ბაღში კიდევ გაჰყიდიან ფერად ბუშტებს. მე ვერ ვიყიდი მათ!.. ვისთვის?“

   მეორე დილით ლეონტი კაჩერგამ მხარზე გადაიდო თეთრი კუბო, არც მღვდელი იყო, არც ბადახინი. მამას უკან მისდევდა კლარა. სხვა არავინ. ავლაბრის სასაფლაოზე კაჩერგამ გათხარა მიწა და დამარხა იქ შვილიშვილი, უკანასკნელი სიმდიდრე.

   პირველ მაისს გავიარე იმ ქუჩით, სადაც ყოველთვის იდგა მათხოვარი ლეონტი კაჩერგა.

   იმის ნაცვლად დამხვდა უცნობი მათხოვარი და გამაცერა.

   „მე თქვენ გიცნობთ, მე კაჩერგას მეგობარი ვარ. ჩემი შვილი კამოს სასწავლებელში სწავლობს. კაჩერგა მტკვარში გადავარდნილა და ბარათი დაუტოვებია თქვენთვის, ინებეთ, მე დღეიდან აქ დავდგები უბედურის სამაგიეროდ“.

   ბარათში ძლივს წავიკითხე:  „ბატონო მწერალო, ჩემს ნაცვლად მიხედეთ ამ ბარათის მომტანს და მის ქალს.
  
თქვენი მადლიერი . კაჩერგა“.

   მივაშურე კაჩერგას ბინას. ოთახში არავინ იყო.

   ეზოს ბოლოში, მტკვრის ნაპირას, მიწაზე იჯდა კლარა. მას ამშვენებდა ვიღაც მსუქანი კაცი. ორ ნავზე იდგნენ მებადურები და ჩანგლებს ისროდნენ წყალშიგვამს ეძებდნენ.

   ქუჩები ხალხით იყო სავსე.

   შორიდან მოისმა ორკესტრის საგმირო მარში.

   სიცხე იდგა.

    ციციანოვის დაღმართზე ქალაქისაკენ მოდიოდა წითელწვერიანი მალაკანი და მოჰქონდა წითელი, მწვანე და ცისფერი ბუშტები.

??????