ინგოროყვა ნატო
გაზიარება

სამყაროვ, მაინც რით გაგაოცო 

სამყაროვ, მაინც რით გაგაოცო, 
დედოფლის ფატა მახურავს ეკლის. 
მე ახლა ცის შუბლს მინდა ვაკოცო, 
რომელიც შენში ოდნავად შემცვლის. 

იქნებ ვაჭარბებ, იქნებ ვამეტებ, 
მზითევს მიგზავნის ზეცა მაღალი. 
მე ფრთხილად ვაშრობ სველ პერგამენტებს, 
რომ წავაწერო რამე ახალი. 

დამდევს ოცნება ცისფერფარცება 
და სურვილები, ლაშქრად კრებული. 
ან ჩაიწვება, ან გადარჩება 
სული- ფარულად ახანძრებული. 

ხშირად იდუმალ წრეში მახედებს 
და მათამაშებს გრძნობა მისანი. 
ვამტვრევ და ვაწყობ სულის ნატეხებს, 
რაც საკუთარი თავი ვიცანი. 

ყველამ თავისი არსი იპოვა, 
ვინც განვლო ცამდე გზა სიმწარეთი. 
მჯერა, ჩემიდან შენამდე მოვა 
ამოფრენილი ოქროს ბწკარედი. 

და მეც ვჯიუტობ, რომ ვნახო ქარში 
ხმაუცნაური ჩემი იგავი. 
ერთს გვედრი მხოლოდ, დამტოვე ბავშვი, 
ისეთი, როგორც ვარ და ვიყავი.

??????