ბედიანიძე დალილა
გაზიარება

ვარ ატეხილი სალექსოდ... 

«და ვით სურამის ციხეს _ ზურაბი,
მე თვითონ ლექსში დავეტანები».
ვ. გაფრინდაშვილი

ვარ ატეხილი სალექსოდ
და მტკივა ლექსის იარა.
სიტყვების გვირგვინს ვწნავ და ვქსოვ,
თან ვერა გამიგია რა.

საიდან მოდის, არ ვიცი,
ლექსი, ქცეული ვარდებად.
მანათობელი შავი ცის
ხელებში ამიყვავდება.

ჩამესმის უცხო ჰანგები
და უცხო ტალღა წამლეკავს.
სიტყვებში ჩავიკარგები,
ღმერთი ზარივით დამრეკავს.

ერთს ვიტყვი _ ვერ მოვისვენებ,
ათასი მრჩება სათქმელი.
რა ფიქრებს შემომისევენ
მინდვრები გადანათქერი.

რა ფიქრებს შემომისევენ
მკვდრეთით აღმდგარი ხეები,
ყვავილში _ ცრემლის სისველე,
სიზმრებში _ სამოთხეები.

კვლავ ლექსმა წამომიარა,
ჩამესმის იავნანები.
მოვიხდი მე ჩემს ტიარას
და ლექსში ჩავეტანები.

??????