ომის ბალადა, ანუ ჩემი ჯარისკაცი ქმარი
1.
რაც შენ წახვედი, მე ვსვამ ყავას შენი ფინჯნიდან,
მაშინებს ყველა ქედმაღალი გადმოსახედი,
გაქაფულ ჭურჭელს ნიჟარასთან ვაწყობ მიჯრით და
ვტოვებ. დამჩემდა გულგრილობა, რაც შენ წახვედი.
რაც შენ წახვედი, მე დავდივარ შენი მანქანით
და შენებურად ვასიგნალებ თავგამეტებით,
ამეკვიატა უძილობა, ხელის კანკალი
და უსაშველოდ შევიძულე სენტიმენტები.
რაც შენ წახვედი, მე ვიძინებ სწორედ იმ მხარეს
შენ რომ გეძინა ჩვენს საწოლში და იმ მანძილებს,
ჩვენ რომ გვაშორებს, დიდი ხნის წინ როგორც მითხარი,
ვამოკლებ ფიქრით და ტკივილებს ჩვენსას ვაძინებ.
რაც შენ წახვედი, მაწუხებენ ჩუმი შიშები,
რომ სახლში ვიღაც დააბიჯებს და მემალება,
ზოგჯერ მგონია (არ ვაჭარბებ), ისე ვიშლები,
რომ ვერც კი ვხვდები. დავიღალე, ვიქეც თვალებად.
რაც შენ წახვედი, ამინდების ცვალებადობა
პირობითია და ჩვენს სახლში ქრიან ქარები,
ჩემი თვალები დაიწყებენ ცრემლად დადნობას
მალე და ცრემლებს მერე არსად შეიფარებენ.
რაც შენ წახვედი, ჯიბით დამაქვს შენი დანა და
ჩემთან მერცხლები დაბრუნებას აგვიანებენ,
მიჭირს, მჯეროდეს, რომ რატომღაც, მუდამ ავად ვარ
და არ მიხდება შენი შავი რეიბანები.
რაც შენ წახვედი, მე ვარ ორი, ასე მგონია
და თან, ჯამი ვარ ამქვეყნიურ სიმარტივეთა,
იქით, საითაც მარტოობა და სიშორეა,
არ შემიძლია, მაპატიე! ვერ მივიხედავ!
და გელოდები, სასაკლაოს სუნით გაჟღენთილს,
შენი სიცოცხლის და სიკვდილის ჩუმი მხლებელი,
წაუკითხავად მაგიდაზე დაგრჩა გაზეთი
და ახლა ისიც გელოდება ხელუხლებელი.
მე ისიც ვიცი, გესიზმრება ჩვენი ოთახი,
რომელსაც მთვარე მოკრძალებულ შუქით ანათებს,
ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ნაკვალევს როდის მონახავ,
თმიდან მდის წყალი და მაცვია შენი ხალათი.
რაც შენ წახვედი, შეიცვალა მთელი სამყარო
და ჩემს ბილიკებს აეკიდა ყველა თავხედი,
მე კი, უბრალოდ, გამოვტყდები და გაგახარებ,
რომ უფრო მეტად შემიყვარდი შენ, რაც წახვედი.
2.
ვხედავ,
ზეციდან ანგელოზები ცვივიან,
ფრთხილად!
სიკვდილებს ახლოს ფუთფუთი სჩვევიათ!
მე და
შენ გადავრჩებით. მიწა ისეთი ცივია,
ვერ მიგაბარებ, შენი სიცოცხლე ჩემია.
არა,
ცხედრებთან ნუ შეჩერდები მდუმარედ!
ფრთხილად!
სიკვდილმა არ მიგიყტუოს უჩუმრად,
მოვალ სიზმრებში, ვით სასურველი სტუმარი,
დავიწყებული გაზაფხულების ჩურჩულად.
ვხედავ,
იწვიან მიტოვებული სახლები,
ვხედავ,
ტირიან შვილებმოკლული დედები,
მე ყოველ დილით შენს მოლოდინში ვახლდები
და ყოველ ღამით მარტოობაში ვბერდები.
ვხედავ,
კვდებიან ფარაჯიანი ბიჭები,
მინდორს დანაღმულს შიშით გვერდს უქცევს მდინარე,
ვიღაც ეცემა,
ვიღაც გარბის და იჭრება,
არ მოიხედო!
ნუ შეჩერდები!
იარე!
3.
ღმერთო,
მაპატიე ჩემი ქალური უძლურება,
ჩემი ტკივილები ჩემსავე სიზმრებში დაატიე,
ღმერთო,
ამომივსე ხახამშიერი უფსკრულები,
და წამიერი გულისთქმანი მაპატიე.
ღმერთო,
დააპურე ჩემი მშიერი სარეცელი
და დამიბრუნე ის, ვინც არასდროს მომწყინდება,
ჩემკენ ჭორები თვალებს უსირცხვილოდ აცეცებენ,
მერე მზე მოდის და ჩემს სიზმრებზე ქორწინდება.
4.
შემოდი.
ღამეს მიაბარე შენი ფარაჯა,
და ფეხაკრეფით მოეახლე ნანატრ სარეცელს,
მწუხარებაში სიხარულის ცრემლიც დავხარჯე,
და მოცახცახე ხელს გაშველებ, რომ არ დაეცე.
შემოდი.
ისევ მხურვალეა ჩემი ტუჩები
და უძილობა _ ჭლექზე უფრო განუკურნელი,
როცა ტყვიებს და მოჩვენებებს გადაურჩები,
უფრო ტკბილია გრძელ ღამეში მიტკლის სურნელი.
შემოდი.
შავბნელ მოგონებებს „არა“ უთხარი,
ჩუმად შეგაბამ ჩემს შელოცილ ხატ-ავგაროზებს,
ნუ ფიქრობ მათზე, ვისაც მიწა ამოუთხარე
საკუთარ ხელით გუშინ ძმათა სასაფლაოზე.
ნუ ფიქრობ მათზე, ვინც ვერაფრით გადაარჩინე,
ვინც მხოლოდ უფალს და ქარიშხალს ემახსოვრება,
მომენდე,
ჯერაც არარსებულ სიზმარს გაჩვენებ,
იქნებ როგორმე შეგაყვარო ისევ ცხოვრება.
მოდი.
ძაღლივით აგილოკავ ყველა ჭრილობას,
და შევებმები შენს თვალებში მბორგავ ქარიშხლებს,
და თუ შენს ღიმილს დაუბრუნდა გულახდილობა,
ბედნიერ დღეებს ერთს ათასად ვიანგარიშებ.
შემოდი.
ჩვენს სახლს ვერ მოაგნებს ომი წყეული,
ვერც სატანჯველი,
ვერც შიმშილი,
სროლა,
ბრძოლები,
დაე, უკუნმა მიიბაროს ჩემი სხეული,
ქმრად მექცეს მიწა, თუკი გვერდით არ მეყოლები.
ჩემი მკლავები შენთვის მტკიცე არის სანგარი,
დღისით და ღამით,
ყოველ დილით,
ყოველ დილამდე,
შეჩერდი წამით,
ტკივილებმა თუკი დაგღალეს,
მოდი
და თავი საიმედო სანგარს მიანდე.
შემოდი.
სისხლში ამოსვრილი შენი ფარაჯა
ისევე მიყვარს, როგორც შენი კანი უხეში,
იძინე მშვიდად, მთელი ღამე დაგიდარაჯებ,
შენს ამოოხვრას შევიფარებ ფრთხილად უბეში.
შემოდი.
ცეცხლი ნაცრად იქცა, კარგა ხანია,
და ბალიშს დასწვდა ოქროსფერი ჩემი საყურე,
წავიდნენ სხვები, იყვნენ, მაგრამ აღარ არიან,
შენ კი დაბრუნდი და მძინარეს ჩუმად დამყურებ.
შემოდი.