სულ ბოლოჯერ
მოდის ზამთარი ისე მძიმედ, ისე აშკარად,
ლამის ყინვებმა შეჭირხლული მინა გამოხრან.
ვარ ლენჩი მზერით მიყინული ჩემს კენტ ფანჯარას
და ვფიქრობ შენზე: ამინდივით როდის გამოხვალ..
დამაქვს წარსულში მოპარული, შენთვის, კოცნები,
ჰა-ჰა, ახალ წელს მივატანო ე, მაგ საგზალით,
შობას ღვთისმშობელს შევაწუხებ, მერე, ლოცვებით,
რომ გზაზე შეყრილს ერთი კოცნაც აღარ დაგზარდეს...
არ შეაფეთო ეგ თვალები ვინმე ბნედიანს,
რომ არ გამხადო მურმანვით ყველას საწყევად,
არ მათქმევინო, ყველაფერი, რომ სულ ერთია,
რომ დაგლეჯილი გული აღარც დაიკაწრება.
ნოემბრის ქარი ფოთლებივით მაცლის იმედებს,
წაიღებს მერე, სადაც უნდა იქ მიაქუჩებს.
განშორებამდე ვერ გითხარი... ვერ გაგიმეტე...
დღეს ვიცლი ქულა წიწილივით შიშის ნაჭუჭებს.
შუაღამემდე ვმარჩიელობ დამზრალ მინაზე,
ძველნაცნობივით მაშტერდება მთვარე ფანჯრიდან.
პეშვის წყალივით დამეღვარა შენი სინაზე.
ადრე თუ გვიან (ხომ გითხარი!)ღმერთი დაგვსჯიდა
და მარტვილივით მარტო ვხვდები ქრისტესშობისთვეს,
შენ ჩემი მარხვა დაიბედე ნამარიობევს.
მე უშენობას წყურვილივით ვეღარ მოვითმენ!
თუ სიკვდილია, ქაჯეთს მოვკვდე! ოღონდ, ვიომებ.
ოღონდ, პირველად დამიტირონ შენმა მერცხლებმა-
ვიდრე ბერდედა დაათოვებს თოვლთმას კერიას,
ვიდრე კივილი მთებს ყინულად შეევერცხლება
დების და ვიდრე... სისულელე ჩამიდენია,
მოდი, რომ შენი გაღიმებით ჩაქრეს ცისკარი,
სანამდე ღაწვზე სინანულის ცრემლი მოწყდება,
მოდი, რომ მართლა არ ამიხდეს ბოლო სიზმარი,
მოდი და მართლა სულ ბოლოჯერ წავიოცნებოთ...