დეკემბრის ჩალა
მოხუცი მოხუცს რომ ეტყვის სალამს,
რომ დგანან ერთად და უთრთით მხრები,
თავს რად მახსენებს დეკემბრის ჩალა,
ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.
თურმე რა "ახლო" ყოფილა "შორი",
წუთის კი არა, ყოფილა წამის
სოფლის სიმართლე და სოფლის ჭორი
ანუ ნიღაბი დღისა და ღამის.
დავღლილვარ, ნიშანს იძლევა მუხლი,
მაჯის ხმაური და გულის ცემა,
ეს ყველაფერი, ნეტავი თუ ღირს
ლექსის ტკივილად და ლექსის თემად.
აღარ ბრუნდება ნასროლი ტყვია,
წყალს წაყოლილი სილა და ხრეში,
მე ახლა სხივზე გამდგარი მქვია
და ბოლო ნერვი მიჭირავს ხელში.
ეს არის წრიდან ასხლეტის წუთი,
ყოფნა-არყოფნის ეს არის ჟამი;
მოჰყვება ხმელი ფოთოლი თუთის
გიორგობისთვის უფერულ ამინდს.
დავყურებ მთიდან უფერულ ჭალას,
ავსებულს ღამის იდუმალ ხმებით...
და თავს მახსენებს დეკემბრის ჩალა,
ნაღეჭი ხარის ბებერი ყბებით.