ეს ირემი ტყვიას უნდა გადაურჩეს ექსკლიუზივი
ეს ირემი ტყვიას უნდა გადაურჩეს
და მოესწროს აპრილსა და მყვირალობას,
არ დამიჭკნეთ,არ დამიჭკნეთ არ დამიჭკნეთ
აფხაზეთში დაკრეფილო გვირილებო.
შეკივლებამ გაიჟღერა მთათა მიღმა
ქართლის დედა ისევ ძაძით იმოსება
არ გამიხმეთ,არ გამიხმეთ,არ გამიხმეთ,
აფხაზეთში დაჩეხილო მიმოზებო...
ნაცარტუტით ავსებულა ცათა სიღრმე,
აკვნებისთვის სინათლეს არ იმეტებენ,
არ დამიდნეთ არ დამიდნეთ არ დამიდნეთ,
აფხაზეთში დარჩენილო იმედებო…
ჩვენი ყანა ისევ ჩვენი სისხლით ვირწყეთ,
ნატყვიარზე ყვავის ცეცხლის ზაფრანები,
არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ,
აფხაზეთში მომლოდინე საფლავებო...
დამცხრალია უკვე ფრთათა სიჩაუხე,
ვაი ლექსო იქნებ ხვალაც ვერ იკვერცხლო...
არ ჩამიქრე არ ჩამიქრე არ ჩამიქრე,
აფხაზეთში ძლივს მბჟუტავო კერის ცეცხლო...
ვახ, ხსოვნაში როგორ უნდა გავიბრწყინო,
თუ ვითმინე,სამარცხვინოდ ჩამუხლება,
არ მიწყინოთ,არ მიწყინოთ,არ მიწყინოთ,
აფხაზეთში დაცემულო ჭაბუკებო,
მოითმინეთ ეს დროებაც გავა ძნელი,
მერე ნახეთ მტერი თუ კვლავ ვათავხედო,
გაუძელი,გაუძელი.გაუძელი....
აფხაზეთში წამებულო აფხაზეთო...
მტრობის ღამე,ძმობის დილით გათენდება,
ურჯულოთა ბოდვით ვეღარ გადამთელონ...
აშენდები??? დიახ კვლავაც აშენდები
აფხაზეთში დანგრეულო საქართველო!!!