კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

ავტობიოგრაფია 

წვიმიანი ქალაქის არეული ფიქრები,
ჩვენს გაცოცხლებულ სიზმრების ბაღებს
დაულაგებელი ოცნებებითა და 
სევდის ცრემლით გვინამავს.
საით მივყავართ არგათქმის ხეივანს,
რომელი საიდუმლო სიმღერა წაგვიძღვება
მოხუცებულთა თვალების თეატრისკენ?
ვინ ჩამოივლის შემოდგომის ხასიათით 
და წყეული თებერვლის მისამართს, 
ვინ მიაწერს ჩვენს ბიოგრაფიებს?

ჩვენ ვხედავდით მთვარის ლაქებს;
იერუსალიმის წუხილს
და ვივსებოდით სიღრმეებიდან ამომავალი
ნესტისა და სიბნელის სურნელით;
შევსწრებივართ თვალებდათხრილი ფრესკების ტირილს;
გვამხილეს ძველმა ბარათებმა დავიწყებული სიყვარულისთვის
და აღარ ვსაუბრობთ ცხოვრების შესახებ;
რომ თავიდანვე ჩვენი ნატვრის ახდენა იყო განწირული;
რომ გავუჩნდით დედებს,
რომლებიც ჩვენსავით გაუჩდნენ თავიანთ დედებს, ყველაზე დიდ ტყუილში;
რომ მათი სულისმიერი ლოცვები
არასდროს მოსავდა, იდუმალების სამოსით, 
ღამეების საშიშ წყვდიადებს.

უცნობია ვარსკვლავთა ასაკიც,
უცნობია როგორ ბერდებიან გრძნობები,
როგორ თეთრდებიან ჩვენი და ვარსკვლავთა დედები,
წელიწადის ჩემი დრო კი არის შემოდგომა _
ვკვდები, ვკვდები
და ვერა და ვერ ჩავძაღლდი.
ეჰ, ჩემო სულო, რამდენ რამეს გვთხოვს ჩვენი ღმერთი
და მის მხილებებს როდემდე უნდა გავექცეთ?

გვესაჭიროებიან ამინდის წინასწარმეტყველები,
რომელთაც სწამთ პოეზია პოეტთა გარეშეც, 
მათი ლექსების გარეშე,
ფრაზების, სიტყვების, ბგერების გარეშე,
რომ ცხოვრება იღლება 
ყოველდღიური მისალმებებით და დამშვიდობებით,
რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში,
სოფელში,
დაბაშიც. . .
რომ უარესდება ცხოვრება ქალაქში!
გვესაჭიროებიან ამინდის წინასწარმეტყველები.

??????