ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)
გაზიარება

„ან“-ზე სით მოხვალ 

ათინად სიბრძნის-შემკრები
აზიად ვმგზავრობ არესა; 
ამირბარს ვეყმე ავთანდილ, 
ამოდ რა ლმობიარესა! 
ალვისა მშვილდი შემშვენდა 
ისრად არყისა მხმარესა; 
არწივს აფსკასა შევაგენ, 
ჰაერს მოფრინვა-მკმარესა. 


ბაბილოვანით მრებელმან 
ბასრა ვიხილე, მსუროდა; 
ბარამის ქება მომესმა, 
ბეჟან ვემონე ყმუროდა. 
ბიისა მშვილდო ფიცხელო 
ბარდის-ისრისა მძმურო და, 
ბრანგვსა შეგტყორცე, ბაყვს ეცი, 
ვის ჩვევით სისხლი გწყუროდა! 

გულანშაროს მხილველს მგზავრსა 
გურიად მოსლვა მენება; 
გივსა ვეახლე გოდერძი, 
მაშვრალს მსუროდა სვენება; 
გრაკლი მშვილდად მაქვს და ისრად 
გია, გმირთ მოგეხსენება, 
გავაზსა გული განუპე, 
ვაკმავე სისხლად ცენება. 


დიგორის გარდამრებელმან 
დვინსა მივმართე ვანებად; 
დიმიტრის თავი ვამონე, 
დარისპან ვახლდი ყმა ნებად. 
დარიჩინისა მშვილდზედან 
დაფნის ისარი კმა ნებად. 
დევი შემაკვდა, დაყვშიგან 
დავასე დასანანებად. 


ევროპა მევლო სრულებით, 
ზღვით ერანს გაველ ცურვითა; 
ელისბარ ვნახე, მეკეთა, 
ევსუქი ვახლდი სურვითა. 
ეღატის მშვილდი უკვირდათ, 
ეკლის ისრისა ჭურვითა; 
ელქაჯს ვჰკრი, ენას დავასვი, 
გახდის სიცოცხლე-მდურვითა. 


ვლახეთი მოვვლე ყარიბმან, 
ვარ-ციხეს მოველ გვიანად; 
ვარამს ვესურვე, მიწოდდა 
ველისარიონს ჭკვიანად. 
ვარჯოვნის-მშვილდსა მიქებდნენ, 
ვაზის-ისარსა ფრთიანად; 
ვარას განვჰსწონდი ვეგზედან, 
მწვადი ცეცხლს მაქვნდის მცვრიანად. 


ზარღანს ვიყავ, ჭირ-ხილულმან 
დავაგდე და ზახას მოვე; 
ზალდასტანის მოყმეობა 
მე ზურაბმან ბედად ვჰპოვე 
ზეთის-ხისა მშვილდსა ისრად 
ხე ზმილაკი შეუგროვე; 
ზირაქას ვჰკარ ზურგსა ზედან, 
ხელთ სიმარჯვე დავახსოვე. 

თაბორის მთით ჩამოსრულმან 
თრიალეთი მოვიხილე; 
თარგამოსის მონამ თომამ 
კაცი ვინმცა შევიცილე! 
თელის მშვილდსა ისრის დარგად 
თამრი სწორი შეუკილე ; 
თახვსა თეძო შევალეწე, 
გული ცეცხლი განუგრილე. 


იამანეთით მოსრული 
იმერეთს ვახლავ მეფესა; 
იაკობისად დამიწოდს 
იოსებს სიბრძნის-მკრეფესა 
იასამანის მშვილდისთვის 
ელის ისარს ვჰსთლი სეფესა ; 
იადონს იდაყვ-მოლეწილს 
ჰპოებენ სისხლ-ნაჩქეფესა. 


კარნუთ კოლასა მრებელი, 
ვმოგზაურობდი მთნებელი; 
კვირიკეს ვახლდი კიკოლა, 
წარსვლისა დამვედრებელი. 
კიპარის-მშვილდის მკიდავი, 
კირკიტას ისრით მსრებელი, 
კოდალას კუჭსა დამსობი, 
სახელის ვიყავ მკრებელი. 

ლვის ვიყავ, ლაზეთს მოველ, 
ზღვა, ტყე, ველნი მომეწონნეს; 
ლეონ მიქეს, მასცა ვახლდი, 
ლომინ მიხმეს, შემაგონეს. 
ლიმონის-მშვილდს ლაფანის ხე 
ქარქაშს ისრად შემიკონეს; 
ლომთა ვჰფრეწდი, ლავიწს ვლეწდი, 
ცილი ვერ სით მომიგონეს. 


მარაღით მარანდისაკენ 
ჩავიქროლე ცხენ-მალობით; 
მანუჩარმა მიყმო მოსე, 
დამაკვირვა მასპინძლობით. 
მდგნარის მშვილდსა შევიბმიდი; 
მურყანს რა ჰსჯობს მასროლობით? 
მარჯანს მუხლსა განუხვრეტდი, 
არად ვიყვი განმჰსტროლობით 


ნიშაბურით მალ-მოსწრაფე, 
ნუნისს მოველ ცხენ-მაშვრალი; 
ნებროთს ვახლდი; „ნარიმანო“ 
ხშირად მხადდის არა წყრალი. 
ნარინჯისა მშვილდი მებნეს, 
ნარდიონის ისრით მთვრალი; 
ნიბლიასცა ნიკარტს სისვრით 
განუწონი სწორა კრკალი.

ონით წარსულს წარმყვა მანგი, 
ორბეთს მიმყვა დია დანგი; 
ოთარს ვეყმე გზით პირ-ზანგი, 
მე ორესტი, ლომის ჭანგი. 
ოლეს მშვილდი მოკლე თანგი, 
ოსტერა მჰყვა ისრად ფრანგი; 
ოყარს ორ-მხრივ გარდავლანგი, 
ისრის პირსა ვჰხოცი ჟანგი. 


პეტრე-ბრუხით პანკისს მოველ, 
ყინვის მჩივი ვარდ-ნაზრობით; 
პრიამს პართენ ვმსახურებდი, 
თქვენც გასმიათ მეფე თხრობით. 
პილპილს მშვილდი გამოვჰსთალე, 
ისრად პანტას რა სჯობს რობით! 
პილოს პირით განაკვეთსა 
მივართმიდი სისხლთა ღვრობით. 


ჟინვანს ყოფით მი-რა-მჭირდა, 
ჟამურს შევვლე ოსთა ნახვად; 
ჟურულს ვეთნე; ჟილბლაზ მარქვა, 
უცხოს სჯულთა გარდამსახვად. 
ჟვერსა ვჰსთლიდი მშვილდად, ჟოლა 
ისრად მეპყრა წანამახვად; 
ჟორჟორაკთა ჟრიალს ვსწყვეტდი, 
ვიყავ მთათა გარდამლახვად. 


რუს-თავს გიქებ მოსრული და 
რეხას მდგომი სანადიროს; 
როსტევანას მოყმე როსან 
ველსა გაველ განაპიროს. 
რაფინდის-მშვილდს თავი შესწონს, 
როდის ისრით განაღიროს; 
რქა-მარტოსა რიკად შეხვდა, 
ძვალნი მუსრვად გარდებიროს. 


სინდელთი ვნახენ არენი, 
სისტანს ვეახლე ქებულსა; 
საამის ყმობა დამშვენდა 
მე, სეფედავლედ ხლებულსა. 
სარვისა მშვილდი შეშვენდა 
სუმბულთ ისართა კრებულსა; 
სირინოზს სასტვენს უმზადე, 
ვაი, მით დაშავებულსა! 


ტრაპიზონს გიქებ რებული, 
ტანძიას სტუმრად გებული; 
ტროილის მოყმედ ხლებული 
ტერენტი, გმირად ქებული
ტრევინთოს მშვილდის თნებული, 
ტვიის ისრითა სრებული, 
ტეტერის ტუჩს კრვით მხრებული, 
ვარ თავის-იმედებული! 


ურბნისს ურვა შემომადგა, 
ურუმიად ვიმოგზავე; 
უშანგ მიხმეს, შევეახლელ, 
უთრუთ მიხმო, შევესწავე. 
უდის მშვილდსა შევიბმიდი 
ულპოლველის ისრითავე; 
უზაბარს ვჰკარ, უკანანი 
განმკვეთელმან გარდუტყავე. 


ფარფურეთით ფიცხლად მრებმან 
მი-ცა-ვმართე ფარიზიად; 
ფარად მიყმო კაცად კარგმან, 
ფარნავაზად მთქვიან დიად. 
ფათალოსსა ვერჩდი მშვილდსა, 
ფისტა ისრად მქონდა ღლიად. 
ფასკუნჯს ფრთეთა წავაკვეცდი, 
დავინებდი გულ-მაგრიად 


ქირმანს მხარნი ჩაუარენ, 
ქოისტნისა ვძიენ გზანი; 
ქაიყუბადს შევემონე, 
ქექაოზად შევეცანი. 
ქლიავისა მშვილდი მეთნეს, 
ისრად ქაცვი შევათხზანი; 
ქურციკს ვჰკვლიდი, ქედს უგლიდი, 
„შაბაშ“ იყვის ჩემთვის მზანი.

ღარს ღარიბობა მიმჭირდა, 
ღუდას გარდაველ საგებად; 
ღეკტორის ყმობა დამშვენდა 
ღამბარს ყმად დასაქადებად. 
ღერწითლის მშვილდსა ისარი 
ღოღნოშო უქმენ მზადებად; 
ღორთა ღლიანი შევფრინჩნი, 
მწვადი ცეცხლს მაქვნდის ნადებად. 


ყობანს აფხაზთ განაზარდი 
ყიზლარს მიველ ბიჭი მარდი; 
ყარანს ვახლდი, შეუყვარდი, 
„ყარამანად“, მთქვის თუ: „ჰკმარდი“. 
ყამბროს მშვილდად მოვიგარდი, 
ყავის ისრით შევაფარდი; 
ყარყანტს ყრონტად დავაკარდი, 
მაგრამ გითხრა სხვაცა დარდი! 


შირვანით მრები, 
მტერთა სამტრები, 
ზღვით მონამხრები, 
შირაზს ჩამჭრები; 
შაისა მხლები, 
თავ ქვისა მხლები, 
შაბურ შემძლები, 
აწ გითხრა რები? 
შილმის მშვილდ-მთლები, 
ისრად შქერ მთნები, 
თუ ვნახენ მტრები, 
მით შევეყრები; 
შვლის შუბლად მსრები, 
განმასისრები, 
სახელის მკრები, 
ალმას ისრები. 


ჩარგაზეთით ჩინეთს შეველ, 
მხილველთ მაქეს მიმდო ისრის; 
ჩაჩნაგირსა თავი ვაყმე, 
ჩითაღ გეტყვი ქებას მისრის. 
ჩქონის მშვილდი ჩინრის ისრით 
რასცა ვჰტყორცე, მოსრის, მისრის; 
ჩხართსა ვჰკლვიდი ჩახვსა ვჰკვრიდი, 
ჰამრი ვერ ჰყვეს მათის კისრის. 


ციმბირს ყინვა, ძაღლებრ ღრინვა, 
ვერ ვიგულე, - ცუცხვათს მოვე; 
ცერცვაძემან ციცი მნახა, 
ამოს ცეცხლით გამათბოვე. 
ცაცხვი მშვილდად გარე-მებნეს, 
ცირცელს ისრად შევეცნოვე; 
ციყვთა ვჰსვრიდი, ცხვირთ უძრვიდი, 
ტყავნი სყიდვად შეუგროვე. 


ძიროვანით ძეგლევს მარე 
მოვისწრაფდი დღივ და მთვარე; 
ძამუასა შევეწყნარე, 
ძაღლუად მთქვა სიტყვა-მწარე. 
ძელ-ქვა მშვილდად შევიხარე, 
ძეწნი ისრად ვინაქმარე; 
ძერძერუკთა ძარღვნი ვჰბძარე, 
თავი ამით შევაყვარე. 

წინარეხს მყოფსა წირქვალი 
მიქეს; მიცაველ სწრაფითა; 
წერეთელს გული ვამონე, 
წეტად მთქვის ხმისა ხაფითა. 
წნორის მშვილდზედან წარო ვჰგე 
ისრად; რასცა ვჰკარ, დაფითა; 
წეროსა წვივთა მლეწელად 
დამთქმიდენ ხმა-დაფდაფითა.

ჭარი სრულად ვიალაფე, 
ავგვალე და დავჰსდეგ ჭართალს; 
ჭავჭავაძეს მივემოყვრე, 
მე, ჭაბუკ-მზე, გეტყვით მართალს. 
ჭანდრის მშვილდი ჯავარ-ჯილდი 
ჭკუტის ისარს ჰშვენდა ნათალს; 
ჭაროს ჭლიკსა შევაგლეჯდი, 
თუ ვინ მომცემთ ამით ფართალს. 


ხორასნით მალს ცხენს მჯდომელი 
აწ ხრესილს მოველ მდგომელი, 
ხვარაზმშას ყმობის მდომელი, 
ხოსროვ-შირ მე ვარ რომელი; 
ხეთ-უფლის მშვილდის მთრომელი, 
ხარ-თუთის ისრის მზომელი; 
ხაზიდს ვჰკარ ხელ-უკრთომელი, 
ხერხემალს შეუცდომელი. 


ჴადით მთიულ-მოხევეთა 
გამოვრიდე, ჴოფს მოვმართე, 
ჴონთქრის ყმობა აღვირჩიე, 
ჴვასრო სეხნად ვიწაღმართე. 
ჴადარბანის მშვილდსა ისრად 
ჴუმლა კილოდ მიუსართე; 
ჴოხობს ხშირად ჴაკადა ვჰკრი, - 
მნატრეს, ვისცა გავეწვართე. 


ჯანაბათს ინდნი 
ვნახენ პირ-ბინდნი, 
ფრანგეთს გავარენ ჯენევის თემად; 
ჯაანგირ ვნახე, 
ყმა კეკლუც-სახე, 
ჯამასპი მარქვა და მთქვის ძმად ჩემად. 
ჯონჯლის მშვილდითა, 
ყოვლგან ჯილდითა 
და ჯღარდლის ისრით დავვლიდი ლემად; 
ჯერანს მორბედსა 
უშლიდი ბედსა, 
ჯიღათ ვამსხვრევდი, მაქიან ქვე მად. 


ჰასურვთით ჰაერმონად 
მიველ, - მაკლდა, - იგიც ვნახე; 
ჰასრათს ვეყმე, კაცსა ტკბილსა, 
ჰარონობით გავეზრახე; 
დავრიშულად მოვიჩმახე, 
მშვილდსა ხელი აღარ ვახე; 
ზღვა-ხმელ-მთანი სრულ დავლახე, 
მიკვირს, შემრჩა კიდევ სახე! 


ჵოი სოფელო [!] 
პირ-დამყოფელო! 
ჵოი, დრკუო, ცრუო! ჵო, მოკლე-კუდო! 
ჵო, ვაჲ, ჰაი! 
ნეტარ, ხარ რაი!
ჵი გვარი-მწარი, ჵო მრუდო, ცუდო! 
ჵო, ოდეს გდევდეთ, 
გულს ქვე-გიფენდეთ! 
ჵო, შეხლტი, გვევლტი! ჵო, გვაგდებ, მრუდო! 
ჵო, შენსა პირსა 
ვინ ეტრფის, ტირსა! 
ჰაი, ჰაი, გიცან, ჵო, ეშმა ზღუდო!

??????